1656 წ. - სადროშოს სარდლობის წყალობის წიგნი როსტომ მეფისა ანდუყაფარ ამილახორისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი Hd-2127

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 78


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, ღმრთივ-აღმართებულმან, ღმრთივ-დამყარებულმან და ღმრთივ-გვირგვინოსანმან, ორისავე საბატონოსა მპყრობელმან, მეფეთ-მეფემან, პატრონმან როსტომ, და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან, პატრონმან მარიამ, ესე ამიერით უკუნისამდის ჟამთა და ხანთა გასათავებელი, მტკიცე და შეუცვალებელ-მოუშლელი წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერთგულთა იმედთა და მოსანდოთა და მრავალგუარად თავდადებით ერთგულად ნამსახურთა ყმათ ამილახორს ანდუყაფარს, ძმასა თქუენსა გივსა და დემეტრეს, და შუილთა და მამავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე;

მას ჟამსა, ოდეს ამილახორნი სულკურთხეულნი მამა-ბიძანი თქვენი წესისაებრ ამიერ სოფლით გარხდეს, თქუენ ჩუენგან და მამა-პაპათა ნათესავთაგან ნაბოძები დროშა და ხმალი მოგუართუი და აზნაურშვილები მოგვისხით.

ჩვენ შეგიწყალეთ და გიბოძეთ მკვიდრი, ნათესავთა თქუენთა ნაქონი დროშა ამილახორობისა, საამილახოროს მამულიან, აზნაურიშვილიან, გლეხებიანად; და შემოგარტყით ხმალი მებრძოლთა ჩუენთა დასაჩაგრავათ, და გაგიახლეთ სიგელი სამოთხეშიგან მსხდომარისა მამა-პააპ-ძმა-ნათესავთა ჩუენისა ნაბოძები, გიბოძეთ და დაგიმტკიცეთ მოურაობა გორისა.

და სამართალი მათი არა იკითხოდეს უთქვენოდ: ვერცვის გაჰყრიდეს თქუენად შეუკითხავად მამასახლისი და ვერცვის შეჰყროდეს; ვერცვის მამულს მისცემდეს და ვერცავის გამოართუემდეს; არც ჰქონდეს მამასახლისს ქალის გათხოვების საჩექმესთან ხელი და არცა თევზის ბაჟთანა - სათქუენოდ იყოს, როგორაცა ძუელს სიგელში გეწეროს.

ჯურუმისაცა და ყოვლის ფერის იქიურის მოსავლის ათისთავის სათო და რაც სამოურაო წესი ყოფილიყოს, უკლებლად გვიბოძებია.

აგრევე ზემო ქართლის თქუენის დროშის სარდრობა: ლაშქრობა, ნადირობა, კაცის დაყენება, სამართალი და ან გარიგება ძველის სიგლით გაგვერიგებინოს, იმავ წესით დაგვიმკვიდრებია და დაგვიმტკიცებია თქუენ, ანდუყაფარ ამილახორისათუინ, შვილისა თქუენისა იოთამისა და ავთანდილისათვინ, ძმისა თქუენისა გივისა, დემეტრესა, ბარძიმისა და პაატასათვინ, შვილთა და შვილიშვილთა მამავალთა სახლისა თქუენისათვინ.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ორგულთა და მებრძოლთა ჩუენთა ჩუენსა ფეხთა ქუეშე მოსაქცევრად და ჩუენსა ერთგულობასა და სამსახურსა შიგან. არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩუენგან და არა შემდგომად სხუათა მეფეთა და მეპატრონეთაგან.

აგრეთვე, თქუენად უკითხავად ვერც დადგან კოკა, ვერც ლიტრა და ვერ ადლი.

დაიწერა მტკიცე და მოუშლელი ბრძანება ესე ჩუენი ქორონიკონსა ტმდ (1656), ხელითა კარისა ჩუენისა ვაყა ფეშქაშნივისის მდივნიშვილის სულხანისითა.

ვერცავინ მებაჟე დააყენონ უთქუენოდ.

და სომხის ყმებმა რომ დააშაოს რამე, იმისი ჯურუმიც თქუენ გამოართვით.

სანამდის გივის უფროსი ძმა ანდუყაფარ მიიცულებოდა, ეს სიგელი მანამდის გვებოძებინა მისთუის, ანდუყაფარ უფროსად თავათ დავსწერეთ. და სანამდის გათავების ბეჭედს სიმტკიცისას დავსუემდით, სულკურთხეული ანდუყაფარ ამიერ სოფლით მიიცვალა.

და ამგვარად დავბეჭდეთ სიგელი საბოლოოდ გასათავებელი ესე , რომე უფროსად ამილახორად, დროშისა მქონებლად და ჯარის გამძღოლად გივი გვიბრძანებია.

და გაუთაოს ღმერთმან ჩუენსა ერდგულობასა და სამსახურსა შიგან.

როსტომ მარიამ

პუბლიკაცია და ლიტერატურა[edit]