1620 წ. 04.15. - განჩინება სვიმონ II-ისა დიდი მოურავისა და ქაიხოსრო ჯავახიშვილის სასისხლო საქმეზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: Hd-6259.

პირი: Hd-10037.

საბუთის შინაარსი[edit]

შაჰაბასის ხელმწიფობაში და პატრონის სუიმეონის მეფობაში ბეჟან მდივანბეგმა, გიორგი ბარათაშვილმა, მეღვინეთუხუცესმა ღაზნელ ღაზნელიძემ და კარის მდივანმა ნასრ თუმანიშვილმა გაარჩიეს ბატონ მოურავის და ქაიხოსრო ჯავახიშვილის დავა.

მოურავი ქაიხოსროს უჩიოდა: ქაიხოსრო მოყვრად და მოსამართლედ მინდოდა და მისი გულისათვის შვილივით გაზრდილი ბერუკა გავუშვი და ქაიხოსროს დავემოყვრეო. ჩემი მოყვარე გახდა და ქალიც მთხოვაო და სამი წლის განმავლობაში ვმფარველობდიო, შემდეგ მე რომ წამახდინეს, ქაიხოსროც მოსისხლედ გადამეკიდაო. თუ ცალქალამანიძემ აწყენინა, მისთვის მოეთხოვა პასუხიო. არაგვის ერისთავი, მუხრანის ბატონები, ქსნის ერისთავი, ფალავანდიშვილი, ციციშვილიდა ბარათაშვილის ყველა ჩემი მოყვრები არიან, მაგრამ ამ საქმეზე არავინ მოვიყვანე, მარტო ჩემი ყმებით გაგებრჭეო. ამაზე ქაიხოსრომ უპასუხა, რომ ცალქალამანიძე ვერაფერს დამაკლებდა, მაგრამ მოურავის მეუღლე გადამკიდა და სამაგიერო ვერ მივუზღეო.

მოურავი ქაიხოსროს აბრალებდა ბერუკასთან ურთიერთობის გაფუჭებას: ბერუკა შვილივით გავზარდე, მაგრამ როდესაც ქაიხოსროს დავუმოყვრდი, ბერუკა გამიწყრა და ლუარსაბ მეფესთან დამიწყო ბეზღობა. სწორედ ამის გამო გამიწყრა ჩემი მწყალობელი ბატონი: "ამ ალაგიდამა ცოლითა და შვილით დამკარგა, სასაფლაო და მონასტერი დამაკარგუინა და რჯულიდამ შემცუალა", სახლ-კარი და ყმა-მამული ამიკლეს, ხოლო დედაჩემი კი შვილითურთ და მოახლეებიანად ლიხთ-იმერეთში გამიგდესო. ამის შემდგომ კი ქაიხოსრო ისევ ბერუკას მიუდგა და მე მიღალატა და ყველაფერი ქაიხოსროს მომხრობის გამო გამიკეთა ბერუკამო.

ქაიხოსრომ ბრალდება არ მიიღო და განაცხადა, რომ ბერუკას მოურავის მამულებს შეპირდნენ და იმის გამო უღალატა მოურავსო. ბჭეთა გადაწყვეტილებით ქაიხოსროს სამი დასახელებული და ოთხი დაუსახელებელი კაცით უნდა შეეფიცა, რომ მისი მოყვრობის გამო არც მოურავის მამული არ აუკლიათ და არც მისი ძმის სიკვდილში ერია. თუ ვერ დაიფიცებდა ან რვა კუამლი გლეხი ან ოთხმოცი თუმანი თეთრი უნდა მიერთვა მოურავისთვის.

ქაიხოსროს მინდორიდან მოურავის ნოსტური, ახალშენური და სომეხთ ნახირი წაუსხავს, მაგრამ მოურავის ყმებს ხოვლედან თავისი ნახირიც დაუბრუნებიათ და ქაიხოსროს ყმების ნახირიც წამოუყვანიათ. მაგრამ რადგან ქაიხოსრო პირველი მიუხდა, ბჭეებმა მისი ზარალის პასუხი მოურავს აღარ მოსთხოვეს.

ქაიხოსროს მტკიცებით, მოურავის კაცი ცალქალამანიძე სახლში მიუხტა მას, სახლ-კარი დაურბია, ქაიხოსროს სასიკვდილოდ გამოუდგა და ცოლ-შვილით გარდახვეწა. ამაზე სასამართლომ მოურავს ქაიხოსროსათვის ორმოცდაათი თუმნის გადახდა და წაღებული ქონების დაბრუნება დაავალა.

მოურავი ქაიხოსროს აბრალებდა, რომ ერთაწმინდიდან ნახირის წაასხა და მამული და სასაფლაო დაურბია. ქაიხოსრომ უპასუხა, რომ "ბედნიერ ყაენის" ქართლში ყოფნისას ბერუკას აქ ყოფნაში წაასხეს ნახირი და მე შუაში არ ვარო. სასამართლომ ეს ეპიზოდი ჩაატარა.

ასევე მოურავის თქმით, ქაიხოსროს დავალებით, მანაგაძემ თეძმის პირიდან ბატონის თამარის კუთვნილი ორი პირი ცხვარი გაუტაცებია. სასამართლომ ამ ცხვრის დაბრუნება ქაიხოსროს დაავალა.

მოურავი ქაიხოსროს ფელის ციხის დარბევას აბრალებდა. ქაიხოსროს მტკიცებით ფელელებს ბერუკას ყმის გორგაძის ცხენი ემართათ და მან თავისი ცხენი წამოიყვანაო. სასამართლომ ეს საქმეც ბერუკაზე გადავიდა.

მოურავის მტკიცებით, ქაიხოსრომ მისი ხუთი მსახური და აზნაურიშვილი: ცალქალამნიძე, ჩივაძე მახარებელი, ხოსიტა, ადოლა და ქულივიძე მათია დააბეზღა თეიმურაზ მეფესთან, დაარბია და დააჭერინა ცოლ-შვილით. ქაიხოსრომ ამ საქმეში თავისი დანაშაული იუარა და განაცხადა, რომ ავადმყოფობის გამო დაეთხოვა არდაშელაშვილს, რომელმაც მსახურები კავთისხევამდე თან გამოატანა. დილით ჩივაძემ საჭმელი მაჭამა და მე სახლში წავედი, ხოლო ისინი ჯულფანისშვილმა ბატონთან წაასხაო. რადგან მოურავის ხალხს არაფერი დაშავებია, ამ საქმეზე ქაიხოსროს ექვს მსახურს უნდა დაეფიცა და თუ ვერ დაიფიცებდნენ, ქაიხოსროს ასი მარჩილი უნდა გადაეხადა თარჯიმანად.

მოურავის მტკიცებით, ქაიხოსრომ მას ასული სთხოვა, მაგრამ შემდეგ თავის შვილს სხვა ცოლი უთხოვა, ჩემი შვილი კი დამიგდოო. თუ ეს ჩემს ყაენთან წასვლის გამო მოხდა, "ბევრი საბატიოს კაცის შუილი სხუაც წავიდა ბედნიერს ყაენთანაო, დღესცა სრულ საბატიოს ქართუელთ კაცის შვილებიც იქ არიანო" და ამის გამო ცოლი და დანიშნული არავის მიუტოვებია, ხოლო ჩემი ასული დღესაც გაუთხოვარიაო.

ამაზე ქაიხოსრომ უპასუხა: "ღმერთმან ჩემმან გამიგონოსო, რომ კახის ბატონისა, ქართუელის ბატონისა და იმერლის ბატონის ქალიც ჩემის შვილისათუის ვისმე მოეცაო, მაშინც ბატონის მოურავის ქალი მერჩივნაო და მისის მოყრობის მონატრეც ვიყავო." ჯერ ბატონი აღათანგი მივუგზავნე და ქალი ვთხოვეო, მერე აღათანგი ბატონ თამართან მივგზავნეო, შემდეგ უკვე ერისთავს ვთხოვე და ის დამპირდა თავის სიძესთან შუამდგომლობას, მაგრამ ის უფროსი ქალი გაათხოვესო. ორი წლის შემდეგ მეც ჩემს უფროს შვილს ცოლი ვუთხოვეო. ამის შემდეგ მახარებელ ჩივაძეს ვთხოვე შუამავლობა, რომ მოურავს თავისი უმცროსი ასული ჩემი უმცროსი შვილისათვის მოეცა, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეო. სასამართლომ ამ საქმეზე ქაიხოსროს დაფიცება დააკისრა.

მოურავი ედავებოდა ქაიხოსროს, რომ მის მოყვარე ზურაბს შეუჩნდა და "მოყრობიდან გამყარაო, იმისი ქალი ითხოვაო და ჩემი ქალი დამიგდო". როცა მოურავი ყაენიდან დაბრუნდა, ქაიხოსრო შურისძიების შიშით აიყარა და სურამისკენ წავიდა, მაგრამ მოურავმა ბიძინა მისწია და ქაიხოსრო ცოლ-შვილით უკანვე დააბრუნა, შემდეგ კი საციციშვილოც ხელთ ჩაუგდო. ეს საქმეც ბჭეებმა წინა დაფიცებასთან გააერთიანეს.

ქაიხოსრო, მოურავის შურისძიების შიშით, აყრილა და ცოლ-შვილით სურამისკენ წასულა. მოურავს კაცი დაუდევნებია, დაბრუნდი, არას გერჩიო და თან საციციშვილოს ხელში ჩაგდებაშიც მიშველებია.

მოურავი ჰყვება, რომ, როდესაც თეიმურაზი ქართლში ჩამოვიდა და სურამში დადგა, ვითონ, ყაენისგან დაბრუნებული, თავის მამულში, ნოსტეში მდგარა. ჯერ არავინ არ იცოდა, "ქართველის ბატონის საყმოდ" იყო იგი მოსული, თუ "ბედნიერის ყაენის საყმოდ". ამ დროს ქაიხოსროს ფარსადანისთვის სამასი კაცი უთხოვია მოურავზე თავდასასხმელად და მის სასიკვდილოდ. მოურავისთვის ეს ამბავი შეუტყობინებიათ და იგი ხანდაკში გადასულა. ქაიხოსრომ ამ ბრალდებაზე უარი განაცხადა და მოურავთან ამბის მიმტანი ხმალში გამოიწვია. სასამართლოს გადაწყვეტილებით ქაიხოსროს ოთხი კაცით უნდა დაეფიცა და თუ ვერ დაიფიცებდა, მაშინ ხუთი კომლი გლეხი ან ორმოცდაათი თუმანი უნდა მიეცა მოურავისთვის.

მოურავის მტკოცებით, როცა ის გაგდებული და დაკარგული იყო, ხოლო მისი შვილი ლიხთ-იმერით ტყვედ იყო და მისი აზნაურები და მსახურები შევიწროებული, ქაიხოსროს კაცი მიუგზავნია და თეიმურაზ მეფისთვის უთხოვია, მოურავის ნაცვლად მისი დედა "გამაბრჭეო". თეიმურაზს მანუჩარი მიუგზავნია მოურავის დედისათვის, მაგრამ მას უარი შეუთვლია: "რა საკადრისი საქმე არისო, რომ დედაკაცი ლაშქარში საბრჭოდ ვიარებოდეო". ამ უარის გამო გადაუწყვეტიათ, რომ "თუ არ გაებრჭოსო, ხელთ მივსცეთო და როგორც ერჩივნოს, მისი საქმე იმრიგად გარდუიწყუიტოსო". მიტრაპოლიტს, შერმაზანს და ნოდარს დაუშლიათ - "ეგ როგორ იქნებისო, ახლა ერთი საბატიო დედაკაცი დაგუეჭიროსო და სატყოდ ხელთ მიგუცესო". ქაიხოსრო ამ საქმეს უარყოფდა. სასამართლოს გარიგებით, ქაიხოსროს უნდა დაეფიცა, რომ თეიმურაზისთვის კაცი არ მიუგზავნია, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი კომლი გლეხი ან ორასი მარჩილი უნდა გადაეხადა.

ქაიხოსროს დაბეზღებას და მისი ენით წახდენას და ქონების წართმევას უჩიოდნენ მოურავის აზნაური ცალქალამანიძე და ოთხი მსახური. ამაზეც ფიცი დაადეს ქაიხოსროს და არ დაფიცების შემთხვევაში ნახევარი ქონების ზღვევა დააკისრეს.

"დაიწერა განაჩენი ესე ქორონიკონსა ტჱ, აპრილის იე."