1608 წ. 07.12. - წყალობის წიგნი ლუარსაბ მეფისა გიორგი სააკაძისდმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

ქ. ღ(მრ)თივ-გვირგვინოსანმა მეფეთ-მეფემან, პატრონმა ლუარსაბ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა, სააკაძესა, ქალაქის ამირათ-ამირასა გიორგის და ძმასა თქუენსა ქეიხოსროს და შვილსა თქვენსა ავთანდილს, და მომავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთავე, მას ჟამსა, როდეს მოგიდეგით კარსა და მამულის წყალობას გვიაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, და შეგიწყალეთ და გიბოძეთ სა[ბარა]თიანოში სოფელი კრწანისი მისის სამართლიანის სამძღვრითა და საქმითა, მთას აქეთ – ჯავახიშვილის გამრეკლის კერძი, ცხირეთს - ურუმბეხაშვილი გოჩია, კუამლი ერთი, საჯავახიანოს ხანდაკსჯავახიშვილის გამრეკელის კერძი მამული, რისაც მქონებელი ყოფილიყოს, მისის სამართლიანის საქმითა და სამძღვრითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა, ვენაჴითა, საჴნავითა, სათიბრითა, ყოვლის მისის სამჭმოთა, – თქუენთჳს გვიბოძებია, {მ}კვიდრათ და სამამულეთ. გქოდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგა.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხვანო მოსაქმენო, ვინ გინდა-ვინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღმა ვინ გინდა-ვინ იქ[ნებო]დეთ, მერმე, ბრძანება და ნიშანი თქვენც ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევსა ფარვანაში ეწეროს, ნუ შეუცლით და შე{ე}ცილებით.

დაიწერა ნიშანი და ბ(რძანე)ბა ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს სჟვ, მკათათვესა იბ, ჴელ[ითა კა]რისა ჩუენისა მწიგნობრის რევიშვილის ქუმსისათა.

ხელრთვა ხვეულად: ლუარსაბ


დედანს ჰქონია ოთხი ბეჭედი: ოთხკუთხედი, გაურკვეველი ლეგენდით; ოვალური, სპარსული ლეგენდით.



გვიანდელი მინაწერები verso-ზე:

კრწანისისა.
ურუბიხაშვილისა ხანდაკის.
ამაში იხსენება ურემბეხაშვილი ერთ კომლად და ცხირელად. დიდი მოურავის შვილ{ი} ავთანდილ არის პირველი
ურუმბეხიშვილის და ჯავახიშვილის გამრეკელის წილის.
კრწანისისა და ურუბეხაშვილისა.
ჩაიწერა იბ.

საბუთის დათარიღება[edit]

თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟვ (296), მკათათვის იბ (12), რაც გვაძლევს 1608 წლის 12 ივლისს.

შენიშვმები[edit]

2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.76-78
1. ამირათ-ამირა - ამირას სახელო არაბობის დროს დამკვიდრდა საქართველოში და მათი ბატონობის დასრულების შემდეგ ქართულ ენაში ქალაქის მმართველის სახელწოდებად დარჩა. დიდი ქალაქის მმართველებს გაორმაგებული ტერმინი ამირათ-ამირა ეწოდებოდათ. თბილისის მმართველს ქალაქის სახელის მოუხსენიებლად "ქალაქის ამირათ-ამირა" ეწოდება. XV საუკუნიდან მას თანდათანობით ჩაე77 ნაცვლა ქართული სამოხელეო ტერმინი მოურავი ამირა/მოურავი იყო ქალაქის ადმინისტრაციული უწყების ხელმძღვანელი, საქალაქო მეურნეობის მმართველი და ზედამხედველი. მას ევალებოდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მეფისა და ცენტრალური ორგანოების განკარგულებების აღსრულება, ასევე სამოქალაქო სამართლის საქმეების გარჩევა, გადასახადების აკრეფა, მეთვალყურეობა პროდუქტის ფასებზე, წონისა და სხვა საზომების სიზუსტეზე (მუსხელიშვილი 1966: გვ. 199-213, სურგულაძე, რედ. 2017: გვ. 102-104; 241-243).
2. გიორგი სააკაძე - ქალაქისა (თბილისის) და ქართლის (ცხინვალი, დვალეთი, სომხითი) მოურავი. თბილისის ამირათ-ამირა. მსახურობდა ქართლის მეფეების: სვიმონ I-ის, გიორგი X-ისა და ლუარსაბ II-ის კარზე. 1612 წლიდან სპარსეთის შაჰის კარზეა. 1619 წელს დაინიშნა სვიმონ II-ის ვექილად. 1625 წელს აუჯანყდა ყილიზბაშებს, ხოლო 1626 წელს დაუპირისპირდა თეიმურაზ I-ს და ოსმალეთში გადაიხვეწა, სადაც დაინიშნა კონიის ვილაიეთის მმართველად. 1629 წელს დიდი ვეზირის ხუსრევ ფაშას ბრძანებით იგი სიკვდილით დასაჯეს მის მხლებლებთან ერთად.
3. სააკაძეები მამულებს ფლობდნენ შიდა ქართლში, ატენის ხეობის ზემო წელზე. მათი საგვარეულო ციხეები იყო ფელი და კიკანათბერი. სააკაძეთა სამფლობელოს გაფართოება მოხდა მეზობელი ფეოდალების ხარჯზე. მათ შორის იყვნენ ჯავახიშვილებიც. სააკაძეები ქართულ საბუთებში ჩნდებიან 1462 წლიდან: დედოფალმა გულშარმა ივანე სააკაძეს ჭანჭახის მამული ნოსტეს მამულებზე გადაუცვალა. 1588 წელს სიმონ I-მა სიაუშ სააკაძეს უწყალობა სოფ. ნოსტესა და ერთაწმინდაში გლეხები და მამულები, ასევე შალვა ჯავახიშვილისა და მისი ძმებისთვის ჩამორთმეული მამული სოფ. ოძისი. სააკაძეები ცდილობდნენ დამკვიდრებას სოფ. ცხირეთის (მეფეთა საზაფხულო სასახლე და რეზიდენცია) მახლობლად სოფ. ოძისსა და ერთაწმინდაში, რომლებიც უფრო ადრე ჯავახიშვილებს ეკუთვნოდათ. ჯავახიშვილები მატერიალური გაჭირვების გამო მამულებს ჰყიდდნენ. 1590 წელს მასურ და ბეჟან ჯავახიშვილებისაგან ზურაბ სააკაძეს შეუძენია ქვემო და ზემო ცხირეთი, ცუცუბანი, ნასოფლარები: ცხავერი, კაჟათუბანი, ჯვარა და მადლა. 1597 წელს ივანე სააკაძემ ცოლად შეირთო გამრეკელ ჯავახიშვილის ასული შამანდუხი, რომელმაც სააკაძეების ქონებას შემატა მზითვში მიღებული ცხირეთის მამულები. 1607 წელს დედოფალმა ნესტანდარეჯანმა ზურაბ სააკაძეს უწყალობა ფეზია ჯავახიშვილისეული მამულები სამებასა და ცხირეთში. გიორგი სააკაძემ განაგრძო სამფლობელოს გაფართოების პოლიტიკა საჯავახიანოში. 1607 წელს მან მამულები იყიდა ფარსადან ჯავახიშვილისაგან. 1608 წელს ზემომოყვანილი საბუთით მან მიიღო საბარათიანოს სოფ. კრწანისი ჯავახიშვილების სამფლობელოების მახლობლად, ასევე გამრეკელ ჯავახიშვილისეული გლეხები ხანდაკსა და ცხირეთში 1609 წელს გიორგი სააკაძემ შანშე ჯავახიშვილისგან იყიდა "არჯევნული სასახლე, მამული და ვენახი”. 78 სააკაძეების მხრიდან ჯავახიშვილების მამულების დაუფლება გახდა ერთ-ერთი მიზეზი ქაიხოსრო ჯავახიშვილსა და გიორგი სააკაძეს შორის მტრობის ჩამოვარდნისა (ჯამბურია 1964: 28-32; სურგულაძე (რედ.) 2007: გვ. 92-95, 99). ქაიხოსრო ჯავახიშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სააკაძეებისთვის მამულის დათმობის საკითხს, თუმცა ჯავახიშვილთა მეორე შტო (იესე და ზაქარია), რომელსაც ქაიხოსროს თავგასულობა მობეზრებული ჰქონდათ, მშვიდად ურიგდებოდნენ ჯავახიშვილთა სოფლების სააკაძეებისთვის გადაცემის ფაქტს (ოთხმეზური, 1999: გვ. 75).
4. რევიშვილი ქუმსი - მეფე ლუარსაბ II-ის (1606-1614) კარის მდივან-მწიგნობარი. სავარაუდოდ, მისი მამა უნდა იყოს ზილფიყარ რევიშვილი, რომელიც სიმონ I-ის (1556-1600) კარის მწიგნობარი იყო. სხვა მწიგნობარი რევიშვილების საგვარეულოში არ გვხვდება.

პუბლიკაცია[edit]