(გვადალკვივირი...)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
გვადალკვივირი...
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


 რომ გაქრა სხივის
ალერსი ძვირი, -
შფოთავს და ჩივის
გვადალკვივირი:
“რად მინდა ვაზის
ნაზი ოცნება,
ან სილამაზის
გაჯადოსნება,
ანდა ჩრდილები
მძიმე მტევნების,
ან ყვავილები
ძველ ხეივნების,
ზვირთების სუნი,
მეთევზის მღერა,
ფუტკრის ზუზუნი,
ნიავის ბგერა,
ლაჟვარდი ელვით
მშუქარე ტბები,
ზურმუხტის ველით? -
ვერა, ვერ ვტკბები!
მე მფარავს ისლის
შავბნელი სვეტი.
ჩემს ზვირთებს სისხლის
დაეცა წვეთი.
მას შემდეგ მეტი
არ მეფერების,
თუნდ ერთი წვეთი
ბედნიერების!”
ხშირი ზეფირი
ტირის, ვით სირი,
ჩივის და ოხრავს
გვადალკვივირი.