(არ მინდა საგნის დასახელება...)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
არ მინდა საგნის დასახელება
ავტორი: ტერენტი გრანელი


არ მინდა საგნის დასახელება,
ის არის მგზავრი ამნაირ დილის.
იქით მთებია, აქეთ ღელეა
და მინდორს ფარავს ხეების ჩრდილი.

ჩემი იღბალი მუდამ ასეა,
ფიქრი არ წყდება და მზე არ იცდის.
ეს დღევანდელი დღე ძვირფასია,
ასე უზომო ხეტიალისთვის.

ბაღში ფოთლები ისევ გროვდება,
ფოთლები, ასე შორს დაფენილი,
და ახლა გვიან მე მაგონდება,
ფიქრი, მოსული და გაფრენილი.