ხმა სამარიდამ

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ხმა სამარიდამ
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1893 წელი


ხმალი გალესე, ძმობილო,
მტერი გადმოდგა მთაზედა;
აგვიოხრებენ ქვეყანას,
დაგვეცემიან თავზედა;
გალესე, ისე გალესე,
პირს იკიდებდეს თმაზედა;
მადლია, კიდევ ეღირსოს
გორდას მტრის სისხლი ფხაზედა!
აგერ მოდიან წყეულნი
მწყობრად, უშიშრად გზაზედა.
საცაა, თოფი იჭექებს,
კვამლი შაჯდება კვამლზედა…
აგვიოხრებენ ქვეყანას,
დას ატირებენ ძმაზედა!..
გალესე, კარგად გალესე,
არ ილეოდეს ძვალზედა.
უფლის კურთხევა ანთია
სამშობლოს მცველის ფარზედა…
თამარ-დედოფლის ნაკოცნი
ბეჭდად უსვია ხმალზედა.
მხნედ იყავ, ძმაო, ნუ ჰკრთები,
ნეტავ ყოყმანობ რაზედა?
ერთხელ სჯობია სიკვდილი
შავს ყოფნას ქვეყანაზედა!