ცრუპენტელა აღმზრდელი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ცრუპენტელა აღმზრდელი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1908 წელი


I

ტანზე თხის ტყავი ეცვა, თავზე წოწლოკინა თხისავე ტყავი ეხურა, სახე მოღუშული ჰქონდა, არადროს არ გაიცინებდა. რამდენიმე თხა-ცხვარი ჰყვანდა, იმათა ჰმწყსიდა. ჩვენკე მოდიოდა, თან მოლაპარაკობდა თავისთვინ: “შვილები, შვილები, ჩემი შვილები! შენის შვილების დარდი მაქვს? არ გაგიშვებთ, არა, ჩემთან უნდა იყო. არა, ყურცქვიტავ, თავს ნუ იწუხებ”. რამდენიმე ტოლი ბიჭები ერთადა ვთამაშობდით. ციხელის სიტყვები კარგად, გარკვევით გვესმოდა.

- ვინ გაგაჯავრა, ძიავ, ვინ? - ვკითხეთ ჩვენ ციხელს.

- ვინა? - მოიბრუნა იმან პირი ჩვენკენ, თითქოს ეხლა-ღა დაგვინახა:

- ოჰო, ბიჭებო, თქვენც აქა ჰყოფილხართ? ოთხმოცის წლის კაცი ვარ და ჯერ ეგრე არაფერს, არავის დაუღონებივარ, როგორც იმან დამაღონა - გამიშვიო და გამიშვიო, მეხვეწება. - წარმოსთქვა ციხელმა და მწვანეზე შემოწვა.

- რა არის? ვინ არის? - ვკითხეთ ჩვენ უფრო გულმოდგინედ.

- არაფერი, განა დიდი ვინმეა! კურდღელმა გამაჯავრა. - წარმოსთქვა ციხელმა და თან სახე უფრო მოიღუშა.

- სად არის კურდღელი? ვინ მოგცა? - ვკითხავდით ჩვენ კვალად.

- იმ დღეს ყანაში განაბულს წავადეგ თავზე. დამინახა და უფროც გაინაბა. როგორც ფიცარს ტყლაპი, ისე გაეკრა დედამიწას. იმას ეგონა, ვერ დავინახავდი, მაგრამ ჯერ ისეც არ დავბერებულვარ. ბალახი, ქვა, მიწა და კურდღელი ერთი მეორისგან ვერ გავარჩიო. დავტაცე ხელი, დაიჩხავლა, გაიფხლაკნა. უნდოდა გამსხლტომოდა ხელიდან, მაგრამ ვერ მიართვეს. წავიყვანე და ეხლაც შინა მყავს. არავის კი არ უთხრათ. ეხლა მეხვეწება, მემუდარება: “შენი ჭირიმე, გამიშვიო, შვილები დამრჩა ობლადაო, ელიან ჩემსა მისვლასაო”. წუხელისაც იჯდა კერის პირას დაყუნთებული და მოსთქვამდა, მწარედა ტიროდა:


სად ხართ, შვილებო,

კარგო, ტკბილებო,

პაწაწკინტელა, ფუნჩულეებო?!

ვაი თქვენს დედას,

თქვენ ვერა გხედავს,

ჯერ უმეცარნო, ყურცქვიტეებო!

ძუძუს ჰკითხულობთ,

უცქერთ ჩემს გზასა,

ჩემს ხმასა...

დაგბრუნავთ თავზე,

დაგიჭერსთ ქორი.

დამეკარგება

შვილები ორი.


- უი საწყალი, საცოდავი! - წამოვიძახეთ თითქმის ყველამ ერთად.

- აი ამისთანა ლექსით მოსთქვამდა და ვერ გამიბედნია გაუშვა, მინდა შინა მყვანდეს. არ ვიცი, თქვენ რას მირჩევთ? - სთქვა ციხელმა. - თქვენ რას იტყვით? გაუშვა, თუ გავასუქო და დავკლა?

- ნუ, ნუ, დაკვლა ცოდოა, მე მაჩუქეო, - სთქვა ერთმა. სხვანი ერთმანერთს შევჩერებოდით და ველოდით ერთი მეორისაგან პასუხს. შაგვეცოდა ყველას კურდღელი, შაგვეცოდა იმის შვილები, ობლად დარჩენილნი, მაგრამ გაშვება, განთავისუფლება მაინც ვერ ვურჩიეთ ციხელს.

- გვაჩვენეთ, ძიავ, ვნახოთ და მერე გეტყვით, რაც უნდა უყო. - ეს იყო საერთოდ ჩვენი განაჩენი.

- ძალიან კარგი, პატიოსანი, - წარმოსთქვა კვალადა ციხელმა: - განა კურდღელი მყავს მარტო? ერთი კაკაბიც მყავს. ისიც იმას მეხვეწება, რასაც კურდღელი: გამიშვი, ჩემი წიწილები ვნახო, ვინ იცის, გადამიჭამა ალალმა; ვინ იცის, სად წივიან და ტირიანო. ორივე რომ გავუშვა, ხომ დავიღუპე? თქვენ რომ მითხრათ გაუშვიო, მე არ გავუშვებ. რადა და ამადა, რომ ავაზაკები არიან: გაპარვა უნდათ. წუხელის ჩუმად ყური დავუგდე და იცით რას ლაპარაკობდნენ? მე ნისკარტით თოკს გავწყვეტო, - ეუბნებოდა კაკაბი კურდღელს, - და, როცა გაგანთავისუფლებ, შენ კიდე კალათას, რომელშიაც მე ვზივარ, ფეხებით ფლასი გადააგდებინე და გავკურცხლოთო. კიდევ კარგი, რომ ყური მოვკარი იმათ თათბირს, თორემ ნამდვილად გაიპარებოდენ. ავდეგ მეც და რა მოვუხერხე: კურდღელი ჯაჭვით დავაბი, კაკბის კალათა ზევიდან წნელით გავწან-გამოვწან ისე, ბუზიც ძლივს გაძვრება შიგა. მაააშ!.. მე ვერ მიცნობენ ისინი კარგად... დიაღაც ჩემი ალი რო მყვანდეს, ორივესაც გავათავისუფლებდი, მაგრამ, ეჰ, სადღა მყავს, გამიწყრა და გამექცა ჩემი ძვირფასი შვილობილი. - სთქვა რა ეს ციხელმა, ცრემლები მოიწმინდა. ალი რომ ახსენა, ჩვენ ყველამ ყურები ვცქვიტეთ, ხოლო, რაც ციხელმა გვიამბო ალზე, ბევრით განსხვავდებოდა იმისაგან, რაც ჩვენ გაგვეგონა მშობლებისაგან. ვეხვეწებოდით, ყელს ვუწევდით, ეამბნა ალის ამბავი. იმანაც დაიწყო.


II


მე გამოჩენილი მონადირე ვიყავი, რაც ნადირი დამიხოცნია, იმდონი თმა არა მაქვს თავზე: დათვი, ღორი, ირემი, ჯიხვი, მგელი, ტურა, ჯერანი და სხვ. ერთი ზამთრის განმავლობაში ასი მგელი მოვკალი. ყველას უკვირდა, გაოცებულები იყვნენ. სხვებს განა არ უნდოდათ მოეკლათ, მაგრამ არ შაეძლოთ და რატომ? იმიტომ, რომ ოსტატობა აკლდათ. ბრიყვი, გამოუცდელი მწყემსი, როცა მგელი გამოერევა ცხვარში, ყვირილს მოჰყვება, კივის, ძაღლებს უტევს. ნადირიც გარბის. მე მუდამ გავჩუმდებოდი, დავაცლიდი, ვიდრე ცხვარს არა სტაცებდა პირს და თუ სტაცებდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ ტყავსაც გასძაბავდა, თოფს მოვიმარჯვებდი, მივეპარებოდი ახლო, მგელი ნადავლს არ აშორებდა თვალს, მე საიდან უნდა დავენახე? ამ დროს - ჯაახ! მგელი დაბლა ეგდო.

ერთხელ სანადიროდ წავედი. ხარ-ირემს თოფი ვესროლე. დაჭრილი წამივიდა, გამოვუდექი, იმის დევნაში ერთს დათვს წავაწყდი. დაიწყო ბურტყუნი, შედგა ყალხზე, უნდა მცემოდა, მაგრამ ყოჩაღად დავუხვდი, დავეცი გულში თოფი; დაიღრიალა საშინლად, უზარმაზარი იყო, ადგა და დაეცა, რაც მოხვდა, ტოტით ჰლეწავდა, კბილებით ჰგლეჯდა. იმისი ტყავი ორმა კაცმა ძლივ-ძლივობით მოვიტანეთ სახლში, ჩემი სახლის ბანზე გავფინე, მთელი ბანი დაფარა. დათვს თავი გავანებე, ან კი სად-ღა გამექცეოდა? ირემს გამოვეკიდე. ცოტა აღაჯი გავიარე, ახლა უზარმაზარი გარეული ღორი, ტახი იყო, არ შემეხეჩა! ეშვები მტკავლის სიგრძედ ეტყობოდა გარეთ და ისე ანათებდენ, როგორც ბნელ ღამეში კელაპტრები. კბილებს ილესავდა, პირიდან მუშტის სიმსხო ქაფს ქაფზე ისროდა, ეტყობოდა, გაჯავრებული იყო. მე რას შემაშინებდა, ისე ვიდეგ, როგორც კლდე, მაგრამ ვიცოდი, ერთი ტყვია ვერ მოერეოდა და უსათუოდ ბრძოლა მოგვიხდებოდა. მე ხანჯრის იმედი მქონდა. დალოცვილს ბევრჯელ დაუხსნივარ სიკვდილისაგან. დათვსაც უნდოდა ერთხელ გადავეგდე კლდეზე, მაგრამ შემოვკარ კისერში და, როგორც ქათამს, გავაგდებინე თავი. ტახს თოფი ვესროლე, დაიჭრა და, როგორც შურდულის ქვა, გამოქანდა ჩემკენ, მე მაშინვე ხანჯარი გავიწვადე, მოვიმარჯვე, როგორც მოვიდა ჩემთან და გაიმრუდა კისერი, უნდოდა შემოესვა ჩემთვის ეშვი, მე ხანჯარი დავუსვი და ორივე ყბები ეშვებიანად ჩავასხვიპე. მივაყოლე და მივაყოლე თავში და წელში. როგორც იყო, მოვკალი. დავტოვე ადგილობრივ და გამოვუდეგ ისევ ირემს. როგორც იყო, იმასაც დავეწიე და დავიმორჩილე. ამასობაში დამიღამდა. ცას შავი ღრუბლები გადაეკრა და კოკისპირული წვიმა დაუშვა. ირმის გატყავება ძლივს მოვასწარი. შინ დაბრუნება არ შაიძლებოდა. ახლო ერთი გამოქვაბული კლდე იყო და იქ შევაფარე თავი. ცეცხლი დავანთე, მწვადები დავაფიცხე. პური მშიოდა და შევუდეგ პურის ჭამას. რაღაც წუწუნის, ტირილის ხმა შემომესმა იქვე ახლოს. უნდა სიმართლე გითხრათ, მშიშარა არა ვარ, მაგრამ შევკრთი, განა იმიტომ - თოფს ვინმე მესროდა, ხმალს და ხანჯარსა მცემდა? არა. მეც არ ვიცი, რად შევკრთი. მაინც გული გავიმაგრე, გამოვძვერ ეხიდან და კარგად ყური დავუგდე: “ვაჰ ჩემი ბრალი, რა მეშველება მე საწყალსა?!” - ისმოდა ხმა ადამიანისა. დავიდე ხანჯარზე ხელი და წავედი იქითკენ, საიდამაც ეს ხმა მოისმოდა. მივედი და რა ვნახე? წიფლის ძირას მიმჯდარა პატარა ბალღი და ტირის; სამი წლის გოგოს ტოლა იყო. ყვავილებისა და ფოთლების კაბა ეცვა, ისეთი მშვენიერი, იმაზე კარგს ადამიანის თვალი ვეღარაფერსა ჰნახავდა. გრძელი, ხშირი, ოქროსფერი თმა კოჭებამდე სცემდა, მსხვილი, ლურჯი თვალები ვარსკვლავებივით უნათებდა. მე მაშინვე მივხვდი, უნდა ალი ყოფილიყო. წავიყვანე გამოქვაბულში, გავათბე, ვაჭამე პური. შენ მამა, მე შვილიო, მითხრა. მიამბო თავის თავგადასავალი: გამომდევნეს ალებმა თავის წრიდან, რადგან ცუდ საქმეებს ბევრსა სჩადიოდენ და მე ვუშლიდიო. შენთან უნდა ვიცხოვრო და, იცოდე, ბედსა გწევო. მე რა ძალა შამეძლო, პირიქით, ღმერთს მადლობასა ვწირავდი, რადგან გაგონილი მქონდა, რომ ალს თუ დაუზავდებოდა ადამიანი, იმის ბედს ძაღლი აღარ დაჰყეფდა. წამოვიყვანე შინა. გავმდიდრდი, ისე გავმდიდრდი - ჩემი ცხვარი და ძროხა დედამიწას ამძიმებდა; ფულით - ოქრო და ვერცხლით სავსე ქვევრები მქონდა. მეორე დღესვე თავის უნარი მაჩვენა. მითხრა: “მამობილო, არ გინდა მოსახილებელი სურათები?” - რატომ, ძალიან კარგი იქნება-მეთქი.

ვნახე და რა ვნახე? ალი გაჰქრა უცბად და ჩვენს ეზოში იქვე კარებს წინ ვნახე ტურფა ბაღი, რა ხილს იტყვის ადამიანის ენა, იქ არ იყო: ვაშლი, მსხალი, ატამი, ბალი, ალუბალი, შიგ ხეივნები იყო გამართული, დაბრაწული მტევნები ეკიდა ისეთი მსხვილი, თითო მტევნისა ადამიანს გაუჭირდებოდა ტარება. რიგი მწიფდა ხილი, რიგი ჰყვაოდა. ნაირნაირი ფრინველები დაფრთხიალებდენ და გალობდენ. ბაღში შვლები დაკუნტრუშობდენ. მე გაშტერებული შავცქეროდი და მიხაროდა, რომ ამისთანა ბაღის პატრონი გავხდი მოულოდნელად. მინდოდა დიდხანს მეცქირა ბაღისთვის და დავმტკბარიყავი იმის სიტურფით, მაგრამ მოულოდნელად გაჰქრა ეს სანახაობა, თვალწინ სულ სხვა სურათი წარმომიდგა: დიდი მინდორი, ზედ მოდიოდა მძიმე ცხვრის ფარები. ორასზე მეტი მწყემსი მოსდევდა, მე წინ მოვუძღვებოდი, ლურჯს, ბედაურს ცხენზე ვიჯე, ოქროსა და ვერცხლში ჩამჯდარი; ხმალი, ხანჯარი, თოფი, დამბაჩა, რახტი ცხენისა, უნაგირი და უზანგოები სულ ოქრო-ვერცხლით იყო მოჭედილი. ყველანი, ვინც წინა მხვდებოდენ, ქუდებს მიხდიდენ, მეფის საკადრისს სალამს მაძლევდენ. ჩემს წინ, ცოტა მოშორებით, გამოჩნდა დიდი სასახლე, ოქროთი შაღებულის სვეტ-კედლებით. პირდაპირ იქ მივედი, გამომეგება ოცამდე მსახური, დაფაცურებულნი, არ იცოდენ როგორ ეცათ ჩემთვის პატივი. შავედი სახლში, მომეგებნენ ნაზირ-ვეზირნი, ცივ-ცივად ამწიეს და დამსვეს სამეფო ტახტზე, თავს მიკრავდენ, ჩემს ბრძანებას ელოდენ: “დიდებულო, ჩვენო მეფევ, რას გვიბრძანებო?”

- რას გიბრძანებთ და იმას გიბრძანებთ, - წარმოვსთქვი მრისხანედ: - ჩქარა სუფრა გაშალეთ, მოიტათ არაყი და ღვინო ბლომად. ხინკალი, ჩქარა ხინკალი მოხარშეთო! - ვუბრძანე! ისინიც ასრულებდენ უარის უთქმელად ჩემს ბრძანებას. გავმართე მეჯლისი, ვსვამდი და ვმღეროდი. მოვიდენ მოსაკრავენი და უკრავდენ სხვადასხვა საკრავებს. ვკმეჭდი წვნიანს ხინკალს და თან არაყს ვაყოლებდი. მეფე ვიყავ, ნამდვილი მეფე. სამი წიწანი არაყი გადავკარ წინწანაქარი, - მიყვარს კიდეც, ღვთისა წინაშე, ცოტა არ იყოს, მომეკიდა. მერე ძილი მოვითხოვე: დამიგეს ბუმბულის დოშაქი ოქროს ტახტზე, დამხურეს ძვირფასი ფარჩა-ატლასის საბნები და დავიძინე. როცა გავიღვიძე, ვნახე, რომ ჩემს მჭვარტლიანს სახლში ვიყავი, ისევ ის ეზო, რაც გუშინ იყო... ჩემს წინ ალი იდგა და იცინოდა...

- როგორ მოგწონს, მამობილო?! - მკითხა ალმა.

- ოჰ, შე უსამართლოვ! - ვუთხარი მე, - ნეტავი არ მოგეჩვენა ჩემთვის ეგ სანახავი და თუ მაჩვენე, გამართლებულიყო კიდევაცო.

- ყველაფერი ნამდვილად იქნებაო, - მიპასუხა ჩემმა ალმა: მე იმიტომ გაჩვენე ეგ სანახავი, მოგეწონებოდა თუ არა, რომ ნამდვილად მეფედ გაგხადო და დიდი დოვლათი მოგანიჭოვო.

- აბა, თუ ღმერთი გწამს, მაგაზე მეტი რაღა უნდა მოვინდომო?

დანაპირები ამისრულა კიდეც. სანამ ალი მყვანდა, მეფე ვიყავი და დოვლათიც დიდი მქონდა. ეხლა მის მოგონებით-ღა ვსულდგმულობ. ეჰ, რაღა ვსთქვა, შვილებო, ალის სახსოვრად მხოლოდ იმის ლოგინი-ღა მაქვს: დეკასი და ბრაწისა, მოწნული იმისვე ხელით. ეჰ, რა ვთქვა და რა ვქნა... ღმერთმა მომცა ბედი და ისევ წამართო. დიდება იმის სახელს. ეხლა ალის მაგივრად კურდღელი და კაკაბი-ღა მყავს.

- ნეტავი ლოგინი მაინც გვაჩვენა ალისა! - წამოვიძახეთ ჩვენ.

- ჰნახავთ იმასაც, როცა კურდღლისა და კაკბის სანახავად მოხვალთ. - წარმოსთქვა ციხელმა. - მეორე დღეს, - განაგრძო ციხელმა, - ტყეში წავედით, მე ერთი კონა ფიჩხი შევკარი წამოსაღებად. ალმა მითხრა: “ეგ რა არის? მაგის გულისთვის უნდა მოსცდე? მოსჭიდე ხელი აგერ იმ წიფელს და მოსწიე”, - მიმითითა ერთს უზარმაზარ წიფელზე, სულ ცოტა, ათი ურემი შეშა გამოვიდოდა, მე ყოყმანი დავიწყე. “რას ყოყმანობო?” - შემომიტივა და რა მეტი ღონე იქნებოდა, ამოვწიე და ძირ-ფოჩვიანად ამოვწვადე წიფელი; გავიდე მხარზე, ისე მსუბუქა, მეგონა სახრე მქონდა გადებული მხარზე, და გამოვწიეთ შინისკენ. რომ მოვდიოდით, ხეზე ჩიტები სხდებოდენ და გალობდნენ: ჩხიკვები, ტრედები, ყვავებიც-კი ბრიყვდებოდენ, ვერა მხედავდენ ალბათ. ერთი კოდალა მოფრინდა და ზედ ჩემს თავზე მიეკრა წიფელს, დაუწყო ნისკარტით თავისებურად კაკუნი. მე ნელ-ნელა ხელი ავაპარე, ვწვდი. დავიჭირე. დამიწყო ხვეწნა: ხორცი არ გამოგადგება ჩემი და ტყავი, რად მიჭერ? რისთვის? გამიშვი, თუ ღმერთი გწამსო. მეც ავდექი და გავუშვი. ან კი რა უნდა მექნა, თხილის ტოლა ცრემლები ჩამოსდიოდა და ნისკარტის წვერზე ეკიდებოდა.


III


მესამე დღეს სათიბს წავედი, მთაში. “მამობილო, მეც თან წამიყვანე, თუ ვერა ვთიბ, წყალს მაინც მოგიტანო”. - მითხრა ჩემმა შვილობილმა. მეც დავთანხმდი. ჩავიდე გუდაში საგძალი, გავიდე მხარზე ცელი და გავწიეთ. თიბა რომ დავიწყე, ჩემი ალიც იქვე იჯდა და ალერსიანს თვალებს მადევნებდა; მე რაც შემიძლიან უსვამ ცელს, ვაწვენ ნაფთევზე ნაფთევს. მწვანე ბალახი, ათასნაირი ყვავილებით აჭრელებული, საამურად დაეწყო ერთი მეორის გვერდზე და მახალისებდა. “ცოტა ხანს დაისვენე, მამობილო, თავს რად იკლავო?! - მითხრა ალმა. მე არ გავუგონე. ჯიბრზე, ალბათ, ამოიღო უბიდან სალამური, დააწკრიალა, დაუკრა და რა დაუკრა. ცაში წავედი, ისე საამურად უკრავდა. თავბრუ დამესხა. ვხედავ და რას ვხედავ: დაიწყო ცეკვა მთა-ბარმა, თამაშობდენ ბალახნი, ხეები - დიდრონი მუხები, გორის ფხაზე ჩამწკრივებულნი არყები, ვერხვები. მეც ძალაუნებურად ავყევი, ვროკავდი ხელცელიანი. ცაზე მომფრინავი სვავები, ძერები, მთის ქორები ჩამოსხდენ დაბლა, ჰროკავდენ ისინიც, სვავები ბობღავდნენ. კაკბებს, გნოლებს, როჭოებს ხომ რაღა თქმა უნდა. გამოჩნდა საითღაც მელია - კუდაფშეკილი ხტოდა, ცეკვავდა. მეცინებოდა ამ სურათის დანახვაზე. სად-ღა იყო ჩემთან დაღლა? როცა მოიჯერა გული სალამურის დაკვრით, ჩემმა შვილობილმა ჩაიდო უბეში სალამური; გონებაზე მოვედი. მივიხედ-მოვიხედე - ყველაფერი თავის წესზე იყო. მხოლოდ ჩემი შვილობილი იცინოდა: “აი, თუ არ დაისვენებ, ეგეც შენ! რად სწუხდები, შენ მოხუცებული კაცი ხარ, მომეცი აქ ცელიო”, - მითხრა და წამგლიჯა ცელი ხელიდან. როგორც ცეცხლი ისე დატრიალდა და რასაც მე ორს კვირას ძლივს გავთიბდი, იმან ერთს წუთში გათიბა. მე სიხარულით აღარ ვიცოდი, რა მექნა, რომ ასეთი შვილობილი გამომადგა... კიდევ რასმე გეტყოდით, მაგრამ, ვაჰ მე, რომ გამცეთ? უთხრათ ვისმე; მაშინ რაღა ვქნა?

- არა ზიარების მადლმა.- იყო საერთო ჩვენი პასუხი.

- მაშ გეტყვით. ალის სალამური მე მაქვს, მაგრამ ვერ იქნა, ვერ დავუკარ, ბევრისგან ბევრი ვეცადე. არ იქნა! - სთქვა ციხელმა.

- მე დავუკრავ, ძიავ, მე. კარგად ვიცი სალამურის დაკვრა. - სთქვა ერთმა.

- არა, მე უფრო კარგად ვიცი. - იძახოდა სხვა.

- ჰოდა ვნახოთ. ვინც დაუკრავთ, იმის ფეშქაში იყოს. - სთქვა ციხელმა და კვალად განაგრძო: - ამ სალამურით ჩემი ალი დიდ ოინებსა შვრებოდა. ვნახოთ, მოდიან დამწკრივებული წეროები. ოჰ, როგორ მიყვარს იმათ ცაში დანახვა! დაუკრავდა ჩემი შვილობილი თავის სალამურს თუ არა, მაშინვე, როგორც პანტა, ჩამოცვივდებოდენ დაბლა. ვიჭერდი, რამდენიც მინდოდა, და ვინახავდი სახლში, - აგრეთვე თუ სავათებს, გარეულ ბატებს, იხვებს, ტრედებს და სხვ.

კიდევ უკეთესი გითხრათ: ერთხელ არაგვზედ წავედით სათევზაოდ. ამოიღო სალამური წყლის პირას და დაუკრა. შევხედე და თავბრუ დამესხა: გამოდის მდინარიდან ორაგულები - აღებენ პირებს - ხაააპ, ხაააპ, შვრებიან. კალმახები - თითო ორი-სამი მტკაველი, ჭანრები, კაპუეტები. უკრავს სალამურს ჩემი შვილობილი - მოდის და მოდის თევზის ქარავანი რიყეზე. კარგი-მეთქი, რად გვინდა ამაზე მეტი, წაღება აღარ უნდა? - ვუთხარი მე. მართლაც, რაც გარეთ თევზი გამოვიდა, იმის ნახევარი ძლივს წამოვიღეთ სახლში, დანარჩენი, როცა სალამურის ხმა მისწყდა, შეცურდა ისევ წყალში. კიდევ კარგი, რომ ცხენი მყვანდა თანა, თორემ ვინ წამოიღებდა იმოდენა თევზსა? მე კიდევ იმედი მაქვს, იქნება მოვიდეს და მოიკითხოს თავის სალამური. რა ვიცი, იქნება ღმერთმა მომხედოს. ნეტავი ერთხელ კიდევ მაჩვენა თვალით, როგორ შავეხვეწებოდი, მუხლებზე მოვეხვეოდი. იქნება თავს აღარ დამანებებდა. თუ მოვიდა ჩემთან, უსათუოდ თქვენც გაჩვენებთ, შვილებო, ჩემს შვილობილს.

ჩვენც ვეხვეწებოდით, როგორც კი შაგვეძლო ხვეწნა, ყელს ვუწევდით. ერთხმად ვსთხოვეთ კურდღელი, კაკაბი და სალამური მაინც ეჩვენებინა. ყველანი ვემზადებოდით იმ დღესვე თან გავყოლოდით. მაგრამ ციხელმა დაგვითხოვა: - დღეს მე შინ არ მივალო და დანაპირების ასრულება შემდეგისათვის გადასდო.

მზე გორის ფხას გაება და ციხელიც გაემზადა შინ წასასვლელად. გაუქეჩა ცხვარს, წინ გაუმძღვარა დიდრონი ვაცი, რომელსაც ხმლის სიგძო რქები ჰქონდა, წვერის ცანცარით ცხვარს წინ მიუძღვებოდა დინჯად, ამაყად. უკან ციხელი მისდევდა ჯოხის ბჯენით და ნელის სტვენით: ნტრიეეე, ქსიეეე! - ჩვენ შურის თვალით გავცქეროდით ამ ბედნიერს ადამიანს... ციხელის ნაუბარი მე ღრმად ჩამებეჭდა გულში. ალი შემიყვარდა შემიყვარდა, რადგან ციხელის ალი სულ სხვა ჯურის ალი იყო და არა იმათ მსგავსი, როგორიც მსმენოდა... “ნეტავი მაჩვენა თვალით! - ვამბობდი ჩემთვის. - ნეტავი ჩვენსა მოიყვანა, მამაჩემს აპოვნინა. მე და ის დავმეგობრდებოდით. რამდენი ცხვარი და საქონელი გვეყოლებოდა ეხლა მაშინ! ეხლა კი რა მყავს! სამი ხბო, სამი ცხვარი. ერთად სალამურს დავუკრავდით. რაკი ისეთი გულკეთილია, მეც მასწავლიდა სალამურის დაკვრას. რა გაიგება, იქნება მაჩუქებდა კიდევაც? მაშინ ხომ ვეღარც გზირი შეგვაწუხებდა, ვერც ნაცვალი, ვერც მამასახლისი და ჩაფარი? გირაოს ვეღარ წაგვართმევდა ვერავინ, და მომაგონდა ის სურათი, მამაჩემს რომ მამასახლისმა სილა გაარტყა და რაღაც საკრეფ-ხარჯებში ერთადერთი ჩალხანი ქვაბი წაგვართო და წაიღო... მამაჩემმა ხმა არ გასცა... ააახ! ამ ფიქრებში გართულმა გამოვრეკე შინ ჩემი საწყემსო... იმ ღამეს დამესიზმრა: ალი ჩვენსა იყო. მე მშვენივრად ვიყავი მორთულ-მოკაზმული. აუარებელი ცხვარი და ძროხა გვყვანდა. მე და ალი ვმწყსიდით, სალამურს ერთად ვუკრავდით და, ვინ მოსთვლის, რამდენს თევზსა და ფრინველს ვიჭერდით! ვენახი გვქონდა დიდი, თვალგადუწვდენელი, დავდიოდი, ვკრეფდი ყურძენსა და ვჭამდი, რამდენიც მინდოდა... ჩვენი სახლის სიტურფეს ხომ ენა ვერ ასწერდა. მოაჯირის წინ იდგნენ ქუდმოხდილი მამასახლისი, გზირი და მამაჩემს ყელგადაგდებული რაღაცას სთხოვდენ. დედაჩემსაც ჭრელი კაბა ეცვა და წუღების ბაკა-ბუკით დადიოდა...”

- ეფრემს არ გაუღვიძნია, ადამიანო?! გააღვიძე, ადგეს, რა ხანია გაუთენდა, - შემომესმა ძილში მამიჩემის ხმა.

“ადე, ბიჭო, ადე, შვილო, გაიღვიძე, ყველამ წაასხა საქონელი!” - წამჩურჩულებდა დედაჩემი. გავიღვიძე, მაგრამ, ნეტავი არ გამეღვიძოს, წარმოვსთქვი, როცა სიზმარი გაჰქრა და სინამდვილე დამიდგა თვალწინ.

ცოტა ხანს შემდეგ ფეხშიშველა, კონკებში გამოხვეული, ხელში სახრით მივერეკებოდი ჩემს საწყემსოს - სამ ხბოს და სამ ცხვარს - იქითკენ, საცა გუშინ შევხვდით ციხელს. ის-ღა დამრჩა ნუგეშად, რომ მოხუცებული კიდევ რასმე გვიამბობდა ალზე.

- ერთხელ დილაურის საქონელი მოვლალე, - განაგრძო ციხელმა: - უცბად თვალი მოვკარი, ეზოში რაღამაც გაირბინა, ქათამს ჰგავდა, ჭროღა ფერისა იყო. კარგად დავაკვირდი: ტყის პირს რომ მიაღწია, ცოტა ხანს დაეყუდა. ოღონდაც კაკაბია... ვიფიქრე: შარშან მყვანდა სხვა კაკაბი, იმასთანავე კურდღელიც ერთი, მაგრამ გამეპარნენ; - იქნებ ის იყოს? საით და როგორ? რადღა მოვიდა, რა მოიტანა, ან რა მიაქვს? ალბათ მოვიდა ჩემს გამოსაჯავრებლად, - ჰე, შენი ტყვე ვიყავი, გაგეპარე და რა ყურებზე ხახვი დამათალეო! - აბა რაკი ეგრეა და ახლა მე ვიცი, თუ შენი ჯავრი შავჭამო, კაკაბო, და მეც კაციმც ნუ ვიყო, ქუდიმც ნუ მხურებიაო, ვსთქვი და დავეტიე. ხელში ჯოხის მეტი არაფერი მეჭირა; არც თოფი ჩემთან, არც ხმალი, არც ხანჯარი, და არც დამბაჩა. გამოვუდეგ: შამიძვრა ჯაგებში, შავყევ მეც; გაიქცა მუხრიანაზე, - მივსდევ. თვალს არ ვაშორებდი - თავადაც როდი ცდილობდა თვალიდგან დამმალვოდა, თუმცა არც ისე ახლო მიშვებდა, დამეჭირა, ან ქვა მესროლა, ჯოხი დამერტყა. გავათავეთ ტყიანი, გადავედით სარაყდრის გორაზე. დააკრა იმ დასაქცევმა სარაყდრის გორას და გასწია პირდაპირ აღმა, მირბის, მიგოგავს, ერთხელაც არ გაფრენილა. მივსდევ მეც თან. ღმერთო, რა მუხლადი ვიყავ! არ ვიცოდი დაღალვა, დამახეთქა ოფლმა შუბლზე და მკერდზე. მაინც არ გავტყდი. კაკბის ჯავრი როგორა ვჭამო, - ვამბობდი ჩემთვის. - უნდა დამცინოს, გავხდე იმის გულისთვის? არა. მირბის, - მივსდევ. გავათავეთ ეს გორაც, მოვებენით ტყეს. გადირბინა გოდორა კლდის თავზე, გახდა მოწამლულთ ხევზე, გავიარეთ საგულებელზე, გადავედით წითელჩი, გასწია პირდაპირ საშავარდნეთ თავისაკე, მოდის დოსტოღრივ. მოება ჭიუხებს, ოღრო-ჩოღროებს. დრო და დრო შემოუბერავდა ნიავი და აბურძგნიდა ნაცარა ბუმბულს, თეთრის თვლებით მოწინწკლულს. უხდებოდა იმ დასაქცევს, მაგრამ მე კი ბრაზი მომდიოდა. რამდენჯერმე ქვა ვესროლე. მინდოდა მომეკლა, მაგრამ ავაცდინე, კაკაბი აინუნშიაც არ იგდებდა ჩემს ქვის სროლას.

გადავედით ქოფჩი. ისეთს კლდეებზე მომინდა ბღოტვა და ცოცვა, რომ ფეხებისა და ხელების ფრჩხილები დამცვივდა, მაგრამ არ შევდრკი და არც უკან დავიხიე. თუნდა მოვკვდე, სული ამომხდეს, უნდა მივსდიო კაკაბს. ზღვაში შევა, შევყვები, მიწაში ჩაძვრება, ჩავყვები, - ვამბობდი ჩემთვის: - უნდა გავიგო, რა სწადია, რა უნდა ჩემთვის. უნდა შემამთხვიოს ხიფათს რასმე, ჩემი სიკვდილი უნდა? დაე უნდოდეს, დაე მოვკვდე. გატყდეს და ვინ, ციხელი? აფსუს!.. რაღა ბევრი გავაგრძელო, ჩემო შვილებო, დააკრა შუა გორას კაკაბმა და როგორც ცისაკე გატყვარცნილი ისარი, წავიდა სასვეეთ თავისაკე. მივყევ მეც თან, ცოტა არ იყო, დაღალვა დამეტყო, მოვიკრიბე რაც ძალი და ღონე მქონდა... იარა კაკაბმა. ვიარე მე. დადეგ, შე უღმერთო, საცამდე უნდა იარო და მავლოვო? - დავუძახე. ის-იყო მთის წვერს მივატანეთ, საღამომაც მოატანა. კაკაბმა ჩემს ძახილზე ბალღივით დაცინვის კილოთი გაიკასკასა, აფრინდა და ცაში დაიკარგა. ხოლო ჩემს წინ დაერჭო მიწაში ფრთა. რაღას ვიზამდი, დავრჩი ხახამშრალი, გულს ვიმჯიღავდი, აქეთ-იქით გიჟივით ვხტებოდი. რა დაგიკარგავ, რას ეძებ, ჩემო თავო? ნუთუ ეს ერთი ფრთა უნდა ვიკმავო? ამოდენა ტანჯვამ ჩამიაროს ტყუილად?! ეჰ, რაც არის, ეს ფრთა მაინც შავინახოვო, ვიფიქრე. თუ მკითხა ვინმემ კაკბის ამბავი, ვეტყვი: მოვკალი და შევჭამეო. დავჯე, სული მოვიბრუნე. მაღლა ვიყავ ძალიან, ძაფით ცაში ჩამოკიდებული მეგონა ჩემი თავი. მიბერავდა ცივი მთის ნიავი; ირგვლივ ჯაჭვით, გაუტეხელის ჯაჭვით გადაბმული, ბუმბერაზი მთების ხროვა-ხროვა ეყარა, ზოგი მწვანედ, სხვა შავად. ზოგი დაგლეჯილ-დაფლეთილი და ზვავ-ღვარებისაგან ჩამოღადრულ-ჩამოკაწრული. ზოგები დაბლა არაგვისაკე ჩაწვდილიყვნენ და შავად ჩაცმულ მოზარეებსა ჰგვანდენ, სატირელზე მტირალთა; ისინი მე ვერა მხედავდენ, ჩემი ამბავი იმათ არ გაეგოთ. მაგრამ აქ სხვები იყვნენ, მაღლა ქედაწვდილები, პირმოღუშულნი, მე დამცინოდენ. ბრაზმორეული დავბრუნდი უკან, მომაგონდა თავდანებებული ძროხები, სახლი, გამოვწიე შინისკენ. ხელში, გამწარებული, კაკბის მიერ მოძღვნილს ფრთას ვატრიალებდი...

გაბოროტებულს, იქნება, ფრთა კიდეც გადამეგდო, როგორც ხმელი ჯოყარი, უბრალო ჩხირი, ღამეს რომ არ ესწრო. ღამემ რა გამოაჩინა? ისა, ჩემო კარგებო, რამდენიც დაბნელდა, ფრთამ სინათლე გამოსცა, აენთო, როგორც ჩირაღდანი, ანათებდა, არც იწვებოდა, არცა მწვავდა. გამიხარდა, გამიხარდა, სიხარულით ცას დავეწიე. ვიწერდი პირჯვარს, ღმერთს მადლობას ვწირავდი, უსწორმასწორო გზებზე, ფრთის წყალობით, როგორც დღისით-მზისით, ისე მოვდიოდი.

ეს ფრთაც შინა მაქვს შენახული, სანთლად მუდამ იმასა ვხმარობ. დავსდებ კიდობანზე და მთელი ღამე ჩემი სახლი სამოთხესავით განათებულია.

ჩვენ ამოვიოხრეთ და ერთი-ერთმანერთს გადავხედეთ იმის ნიშნად, როდის მოვესწრებოდით ყველა ესენი ვნახოთო.

არ გაიარა ერთმა კვირამ, - განაგრძო ციხელმა, - შუადღე იქნებოდა, ძროხებს ვასაგრილებდი, მე დერეფანში მხარ-თეძოზე ვიყავ წამოწოლილი. საითაც იყო და არ იყო, ჩემ წინ ეზოში ყურდაცქვეტილი კურდღელი გაჩნდა, შეხტა და შემოტრიალდა, დაიწყო კუნტრუში.

მაშინვე წამოვფრინდი. ჩემი კურდღელი იყო, შარშან რო გამეპარა. შენ ნახავ, თუ ამანაც ბედს არა მწიოსო, ვიფიქრე. მივეტანე დასაჭერად, გამექცა. გამოვუდეგ. გაიქცა პირდაპირ ხოდისაკე - მირბის ჯაგიანზე. მივსდევ მეც. სულ გადავიკაწრე თვალ-პირი. კარგა გზა მარბენინა. ბოლოს აფხუშოურს ნანგრევებში შეიჭრა და დასკუპდა ერთ ადგილას. გაშეშდა, აღარც იქით მიდის, აღარც აქეთ. მეც თამამად მივედი. მივეწვადე, უნდა დამეჭირა, მაგრამ მაგარი ის არი, კურდღელი გადახტა, გამექცა, ხოლო ადგილმა, სადაც ის იჯდა, ფამფალი, ზანზარი დაიწყო და წამოდგა საფლავიდან უზარმაზარი ტანის კაცი, მშვენიერი სახისა, მხარ-ბეჭი ორი ადლი ექნებოდა, თავით ფეხამდე იარაღში იყო ჩამჯდარი, ტანზე ჯაჭვი ეცვა, მუხლებზე ოქროთი დაზარნიშული საჩერნეები, საგანგებოდ მოვარაყული სამკლავეები, თავზე მუზარადი ედგა, წელზე დიდრონი ხმალი ერტყა, ფარი მხარ-იღლივ ჰქონდა გადაგდებული და ხელში ლახტი ეჭირა. მეტისმეტად ლამაზი, საამო სანახავი იყო, თუმცა მე შემზარა ასე უცბად იმის ადგომამ. უკან გადმოვხტი. “ნუ გარბიხარო”, - მითხრა ლმობიერის, გმირულის ხმით, - “რაკი ჩემამდის მოაღწიე, როგორიც მოჰსულხარ ისეთს ვეღარ გაგისტუმრებ, ძმობილო! მე ცხოვრებაული ვარ, ჩემი სახელი დაკარგულია, აღარც ხალხს ვახსოვარ და აღარც ქაღალდს და საწერ-კალამს, მაგრამ ჩემს ვინაობას მე გაგაცნობო... დიდხანს ვიბრძოლე, დიდხანს ვეომე საქართველოს მტრებს, ბოლოს მაჯობა მტერმა, ლაშქარიც გამიწყდა და მე ცოცხალი დამმარხეს. დაილოცოს ღვთის მადლი და სამართალი, სჩანს, ჯერ არ მომკვდარვარ, ისევ ცოცხალი ვყოფილვარ, ხოლო ღვთისაგან აი ამ იარაღისა, რასაც ჩემს ტანზე ჰხედავ, ხმარების ნება არა მაქვს. ეს შენ უნდა გიანდერძო და შენ იცი, როგორც მოიხმარო.” აიხსნა მთელი აბჯარი და გადმომიყარა. “აიღეო!” მითხრა. მე კანკალი მომივიდა. ღირსად არ მეჩვენებოდა ჩემი თავი იმ დიდებული ვაჟკაცის აბჯრით დამეშვენა ჩემი უძლური ტანი. ვერ ვბედავდი აღებას. შემატყო მოკრძალება და უფრო რიხიანად დამიყვირა: “მე შენ გეუბნები, აიღე და მოიხმარე იმის წინააღმდეგ, ვინც საქართველოს ებრძვის და სჩაგრავსო”. მეტი რა ღონე იყო, დავეწვადე გმირის იარაღებს, თან ხელები მიცახცახებდა. როცა გავსწორდი წელში, ავიხედე მაღლა - ჩემს წინ მხოლოდ დიდრონი იფნები და მუხები იდგა. აღარსად გმირი, აღარც კურდღელი. გადვიწერე პირჯვარი, შევწირე ღმერთს მადლობა. და წამოვედი შინ აბჯარ-აბგრით დატვირთული. წელი მოვიწყვიტე, ძლივს მოვიტანე იმოდენა რკინეულობა. ხმალი გამოდგა ისეთი, რომ კამეჩებს შუაზე გაჰკაფავდა. სახელოვანი ომებში მე იმ ხმლით და ცხოვრებაულის აბჯრით ვიყავი. როგორც გველის თვალს, ეხლა იმ იარაღებს ისე ვინახავ და ვუფრთხილდები. ვინ მოსთვლის, სად შემიძლიან გიამბოთ სად რა ომებში ვყოფილვარ და მიტრიალებია ცხოვრებისეული ფრანგული.

თქვენ ძოღან საცდელადა გკითხეთ, გავათავისუფლო თუ არა კურდღელი და კაკაბიო. თქვენ რო კიდეც გეთხოვათ და შამხვეწნიყავით - გაუშვი, გაანთავისუფლეო, მაგას არ ვიზამდი... თუ გავუშვებ, იმ პირობით გავუშვებ, მარგონ რამა, როგორც წინათ ურგია ჩემთვის კაკაბს და კურდღელსა. ვიცი, რო ესენიც ბედსა მწევენ...

ჩვენ უფრო და უფრო ცნობისმოყვარეობა აგვეძრა და ვსთხოვეთ კვალად ეჩვენებინა ჩვენთვის ყველა ის ნივთები, რითაც ციხელმა აღძრა ჩვენში ცნობისმოყვარეობა და საღერღელი თვალით ნახვისა აგვიშალა: ალის ლოგინი, მისი სალამური, კაკბის ფრთა, სანთელივით მანათობელი, გმირის ნაანდერძევი იარაღები და სხვ. ციხელიც უარს როდი გვეუბნებოდა, პირობას გვიდებდა, მაგრამ არ იქნა, ერთხელ არ დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა. იმის შემდეგ რამდენჯერ კიდევ შევხვდით და ათასი რამ გვიამბო, სხვათა შორის ისაც, როგორ მოსტაცა გველს თვალი. ხოლო თან ფიცს გვართმევდა, არავისთვის არ გვეთქვა, არსად გაგვემხილა. ჩვენც ვეფიცებოდით და გულდასმით ვისმენდით ციხელის მიერ მოთხრობილს ამბებს. სხვა საუნჯეს ციხელმა გველის თვალიც მიუმატა. ჩვენ ამ ამბების სმენით თავბრუ გვესხმოდა.

არაგვის ჭალაზე მოვდიოდიო, - განაგრძობდა იგი. - დაღამდა, დაუკუნეთდა. თოფი მხარზე მკიდია - მგონია ნადირობიდან მოვდიოდი. ჩარგლის კარს რო შამოვჩნდი, დავინახე ზევით, ჭალის თავში თითქოს ცეცხლის ნაკვერჩხალს რაღაც ისვრის. ხან ჩაქრება, ხან გამოჯელავდება, მაშინვე გულში მომხვდა, რო გველი უნდა ყოფილიყო. გავეკარ ჭალის ყურეს. შავეხვეწე ღმერთს, ჩვენს სალოცავებს, ზოგს კურატი აღუთქვი, სხვას ჭედილა და სამღთო, მოემართათ ჩემთვის ხელი, გავეხადე ღირსი გველის თვალის მოტაცებისა. გაგონილი მქონდა, რომ არ იყო ადვილი. მაგრამ, როცა კაცს ყისმათი უჭრის, ყველაფერი ადვილია. ჰო, იმას გიამბობდით. გავეკარ ჭალის ყურეს და ამოვყევ მურყნიანს, თან ვუთვალთვალებ. მართლაც ფიქრმა არ მიმტყუნა. გავარჩიე კარგად, რო გველია, საყურიანი; გამოჰკრავს პირით თვალს და ტყვიასავით დაეტაკება. აიღებს პირში, ახლა კიდევ, ახლა კიდევ.

ეჰ, რაც უნდა მომივიდესო, ვსთქვი. ჩავიმალე ფლატეში, იპრიანა ღმერთმა და პირდაპირ იქითკენ დაიწყო გველმა თვალის სროლა, საცა მე ვიყავი ჩამალული და მესამედ რო გამოისროლა, ისე ახლოს დაეცა გველის თვალი, რო ხელის გაწვდის და დავლების მეტი არაფერი დამჭირებია. დავტაცე ხელი და დავიძარ, ნიავქარივით გადავიქე, ისე მოვრბოდი. გველმა საშინლად დაიწივლა და გამომეკიდა, მორბოდა და მოწიოდა... ვირბინე, ვირბინე ძალზე, კინაღამ გული ამოვიგდებინე სირბილით. წივილი გველისა თანდათან მისწყდა, შორს-ღა ისმოდა, ზარის ხმასავით ძლივს-ღა აღწევდა ჩემს ყურამდი. მოუკელ ნაბიჯს, გველის თვალი კი მაგრა მიჭირავ ხელში დაბღუჯვილი. ცახცახებდა, კანკალებდა, როგორც ცოცხალი არსება. თითქოს ენანებოდა ძველი პატრონის გაშორება. სიმართლე რო გითხრათ. დავიღალე, წყალი მომწყურდა. მაშინ ჯეილად ვიყავ და ეხლა რო ულვაშები მაქვს, ესეთი ულვაშები კი არა მქონდა, ყურებზე კი არა, უკან კეფაზე ვინასკვამდი და იმ დროს, რა ვიცი, თუ აღარა მქონდა შეკრული, თუ გამეხსნა. წყალი მწყუროდა, დავეწაფე არაგვს, გველისა აღარ მეშინოდა, ძალიან შორს დარჩა და მწარედ ტიროდა და გლოვობდა თავის უბედურებას. დავეწაფე წყალსა, დავლიე და კარგა ხარბადაც დავლიე პირქვე წაწოლილმა. ავიწიე, მაგრამ ვეღარ ვიწევ, შიგნით წყალში რაღაც მეზიდება. მე გავჯავრდი და რაც ძალი და ღონე მქონდა ავწიე თავსა. ვნახო და რა ვნახო! იმაზე საკვირველს რაღასა ვნახავდი? ორივე ულვაშის ტოტზე თითო ორაგული მომბმია და ორივე გამოვთარე. გველის თვალმა თავისი ძალა მაშინვე მაჩვენა. ისეთები იყო, თითოს ძლივა ჰზიდავდა კაცი. ცას დავეწიე სიხარულით, ოთხიც სხვა რო ყოფილიყო, რას ვერასა ვზიდავდი, ლომივით ვაჟკაცი ვიყავ. წამოვიკიდე ორივე ზურგზე და გამოვწიე გამარჯვებულმა შინა. იმ ორაგულის ლაჩა ყბებს გველის თვალთან ერთად ვინახავ...

თვითეული ნაამბობის შემდეგ ჩვენი თხოვნა საერთო ის იყო, რო ერთხელ ეჩვენებია ყველა ესენი ჩვენთვის, მაგრამ ციხელის მხრით დაპირების მეტი არაფერი გვესმოდა.

როცა არ იქნა და ვერაფერი შევასმინეთ, პირობა პირობად რჩებოდა, ასრულება დანაპირებისა არსად იყო, ჩვენ გადავწყვიტეთ, ბალღებმა, ერთად წავსულიყავით ჩვენ თვითონ, რაც უნდა მოგვსლოდა და მთელი ციხელის სახლი გადაგვეჩხრიკა და ყველაფერი თავის თვალით გვენახა.

ციხელმა საღამოზე ჩვეულებრივად გაუმძღვარა დარბაისელი ვაცი ცხვრებსა, თავადაც თავის წოწლოკინა ქუდით გაჰყვა თავის საწყემსოს და გაურიალა: “ჩიეე, ნტრიეეე!” ჩვენ კიდევ ზურგს უკან მუქარა მივაყოლეთ: მოიცა, მოიცა, ციხელო, არ გინდა შენ გვაჩვენო შენი ძვირფასი სალარო, მაგრამ ჩვენ თვითონ ვნახავთ, თუნდ ცხრაკლიტულში გქონდეს დამალული.

ციხელის სახლი თითქმის ყველამ ვიცოდით საცა იდგა, ხოლო სახლში ნამყოფი არც ერთი ჩვენგანი არ აღმოჩნდა. გადავწყვიტეთ ხვალვე იერიში მიგვეტანა ციხელის სახლზე ისეთ დროს, როცა ის ცხვარში იქნებოდა. ფიქრი და ასრულება ერთი იყო.

მეორე დღეს, შუადღის ხანს, ჩვენ უკვე ციხელის სახლის კარებთან მოვიყარეთ თავი-თავს. თავთავიანთი საწყემსო უპატრონოდ დავტოვეთ, ისე გაგვიტაცა ცნობისმოყვარეობამ. ციხელის სახლი თითქმის არა სჩანდა გარშემო აყვირებულს შამბში. ანწლი, ჭინჭარი, დიყი და ლემხურა ტყესავით ჰქონდა გარს შემორტყმული, ბანზედაც, გაუზვეპავობით, ბალახი ამოსულიყო. ორგან ჭერი იყო ჩამონგრეული. სახლის კარები ადვილად გავაღეთ. მე თავად შევყავი კედელში სარკმელივით გამოჭრილს ფიცარში ხელი და გამოვუგდე ურდული. სახლის კარმა, ორის დაფუტურებული ფიცრისაგან შეთანთხილმა, საბრალოდ ჭრიალი მოიღო... ჩვენ თულებივით შევიჭრენით სახლში და რა ვნახეთ? ვნახეთ ის, რის ნახვამაც მთლად წელები მოგვწყვიტა და თავზე ცივი წყალი გადმოგვასხა. კაცს აეტირებოდა, სახლში ისეთი საცოდაობის სუნი ტრიალებდა. როგორც იტყვიან, სახლში ეკლის ჯაგი რომ გექნია მთელი დღე, არაფერს მოედებოდა. არსად ხმალი, არსად ფარი და აღარსად გველის თვალი. განა, ვისაც გველის თვალი აქვს, ასეთი საცოდაობა ტრიალებს იმის ოჯახში?! თითებზე ჩამოგითვლით ციხელის მთელს ავლადიდებას: მარჯვენა კედლის წინ იდგა ფეხებ გვერდზე მიწვენილი, ფეხებდამტვრეული კიდობანი. წინდაწინ ამ კიდობანს მივმართეთ, რადგან ის უფრო თვალებში გვეჩხირებოდა. ავხადეთ თავი და რა ვნახეთ? ერთი პირმოტეხილი ყურიანი ქილა დაგვიხვდა, შიგ ყველის წვენი, თუ გათქვეფილი ხაჭო იყო, ღმერთმა უწყის, იდგა ქილაში მწაკე და მწკლარტე. რაღა ბევრი გავაჭიანუროთ, წაკა იდგა ქილაში, რომელსაც ალბათ ციხელი შაექცეოდა. ეგდო შიგ ერთი გალეული ნამგალი, ცელის ნამტვრევი, ერთი ხარის რქა და ერთი წყვილი თუ სამი ცალი ქალმის ჯღანი, თაგვებისაგან ოთხგან თუ ხუთგან ძირგახვრეტილი და ნახრავი... თაროზე ორი ჯამი იდგა, ორი კოვზი და ერთიც ქიტურა ხისა, ტარმოკლე, თაგვების ნახრავ კაჩხაზედ ცალის სახელით გვერდგამოჭრილი თხის გუდა ეკიდა. კიდობნის გვერდით იდგა პატარა საფქვილე კოდი, შიგ ნახევარი თუ ერთი ლიტრა ქერის ფქვილი ეყარა; კიდობანზე ეკიდა პირებ-ჯაუღლილი ნაჯახი. კარების მარჯვნივ, წინა კედლის სისწვრივ. ციხელს ჰქონდა გამართული ლოგინი. ეს ადგილი საწოლად იმიტომ აერჩია, რომ აქ წვიმის წყალი ისე არ ჩამოდენილიყო, ეტყობოდა, როგორც სხვაგან. რკინის საკიდლის მაგივრად, კერაზე ხის საკიდელი ეკიდა. მოგრეხილი წნელი, მაღლა დამაგრებული, წნელში გაყრილი თავ-ბოლომოხრილი თხილის ხე-კაკაჩუნა. თავის ლოგინისთვის თავსა, გვერდზე და ბოლოს ნახჩები შემოევლო წიფლისა. შიგ შამბი ჩაეგო და სახურავად კი ხუთგან თუ ექვსგან გაგლეჯილი, ჭვარტლისაგან გაყვითლებული ნაბადი ჰქონოდა, სათავითურად - ხის კუნძი.

კედლებს, ყორით აგებულს კედლებს ვათვალიერებდით. ვუსვამდით ხელს და იქ სხვა არაფერი შეგვხვდა, გარდა ქვებ-შუა შეტანებული ხის ლურსმნებისა, მხოლოდ ზემო კედელში, უფრო ვითომ მოფარებით, ჟანგისაგან შეჭმულს შუბის წვერზე პატარა ჩალხანა ქვაბი ეკიდა და შიგ ჩოხის შალის ნაჭერში დაფქული მარილი იყო გამოკრული. რა დაგიკარგავ, რას ეძებ? ოჰ, რა ცუდია გაცრუებული იმედი?! რას მოველოდით და რა ვნახეთ? ღმერთო! ღმერთო! სადა ხართ, სადა, ალის სალამურო, გველის თვალო, ფრთავ, ჩირაღდნად მანათობელო? ჰაერში თუ ციხელის გონებაში? მოგვწყდა წელები, მოგვეკვეთა მუხლები... აღარ ვიცით, რა ვქნათ. უნდა გავლანძღოთ ციხელი, უნდა შეურაცხვყოთ მოხუცებული. რად მოგვიწამლა იმედი, რად მოკლა ასე უღმერთოდ ჩვენი აღფრთოვანება?!.. უნდა, უნდა უეჭველად ვუთხრათ, რაც უნდა მოხდეს, უნდა შევუძახოთ ერთხმად ასე: ჰაი, შე მატყუარავ, ცრუო, გცხვენოდეს, გცხვენოდეს! ვერ შევხვდებოდით თუ?

ჩვენ და ციხელი მეორე დღესვე შევხვდით ერთმანეთს. ციხელმა არჩეულს გეზზე მორეკა თავისი საწყემსო და შორიდან დაგვიწყო ცქერა, ჩვენ შორიდან ვუცქეროდით მგლის თვალით და წინანდებურად აღარ გავრბოდით სხვადასხვა ამბების მოსასმენად. უკვირდა ციხელს ჩვენს მხრით ასეთი გულცივობა. იმან არ იცოდა, რომ ჩვენ უკვე გაჩხრეკილი და გადაქექილი გვქონდა მისი უბადრუკი ქოხი, ციხელი ამაყად იცქირებოდა, ჩვეულებრივ მხარ-თეძოზე შემოწვა, ჩვენ ადგილიდან არ ვიძროდით. ბოლოს ალბათ მოთმინება გაუწყდა და თავად მიგვიწოდა თავისთან. ჩვენც ეს გვინდოდა. დაუყოვნებლივ გავწიეთ ციხელთან.

სახეალესილები წარვსდეგით ციხელის წინაშე. იმან ჩვენი სულიერი განწყობილება ვერ გაიგო, რადგან ეჭვი არაფრისა ჰქონდა და ისევ ძველებურად, თავისებურად დაიწყო.

- ჰოო, იმას გიამბობდით, ბალღებო. - წარმოსთქვა ციხელმა.

- რაც გვიამბე, ისიც სულ ტყუილია, - წამოვიძახეთ ჩვენ ერთხმად და მოულოდნელად გადავუსხიპეთ შუაზე დაწყებული სიტყვა. ციხელი ამას არ მოელოდა; არც ერთხელ ამისთანა პასუხი ჩვენგან არ ჰსმენია და ცოტა არ იყოს შეკრთა.

- როგორ თუ ტყუილი? - სთქვა ციხელმა.

- ტყუილია, ტყუილია! - ვყვიროდით ჩვენ და თან უკან-უკან ვიხევდით...

- რა იცით, რო ტყუილია? ვინ გაგაბრიყვათ? - წარმოსთქვა ციხელმა.

- ვნახეთ, ვნახეთ, გავსინჯეთ შენი სახლი. ვეღარ მოგვატყუებ, ვეღარ. რაც მოგვატყუე, ისიც გვეყოფა. - ვამბობდით ამას თუმცა, მაგრამ გულში კი გვინდოდა კიდევ რამ ეამბნა ჩვენთვის ციხელს საკვირველი და საოცნებო. რა გაგვეწყობოდა, ერთხელვე ჩათრეულები ვყავდით.

- როგორ? - წარმოსთქვა ციხელმა დთავი. - მერე იქ რას იპოვნიდით ან ჰნახავდით, თქვე საწყლებო, გიჟი ვარ განა თქვენსავით,ა ცბიერად გაიღიმა. - ჩემი სახლი გასინჯეთ? - და გადაიქნ-გადმოიქნია კარ-ღია, თავ-ღია სახლში შევინახო იმისთანა ძვირფასი რამეები? - სთქვა რა ეს ციხელმა, ნაძალადევის სიცილით ჩაიცინა. - იმეებს თქვენ ვერ იპოვით, ათიათასი წელიც რომ ეძებოთ.

ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ და თვალებით ვეკითხებოდით, იქნებ მართალი იყოს? იქნება არა სტყუის ციხელი! შაიძლება, შაიძლება.