შალვა კარმელი (ესე)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
შალვა კარმელი (ესე)
ავტორი: ტიციან ტაბიძე


ყოველი სიტყვა პოეტზე,რომელიც ტუბერკულოზით მოკვდება,უსათუოდ უნდა დაიწეროს ლაფორგით.არის ამ შემთხვევაში მიმსგავსება: როგორც არ იცვლება ტექსტი სახარების და სიტყვები პანაშვიდის მიცვალებულზე,როგორც ხშირი გამეორება არ უკარგავს ამ რიტუალს პირველ ატირებას და უდიდეს მწუხარებას ,ისე კანონისტიკური დარჩება პოეტებისთვის ლაფორგი ,როცა მას დაადგება თავს ,,ტუბერკულოზი ჯესტიკულააციით“...სულ ერთია როდის იქნება ეს ,,პატარა უძლურება“-,,მაისში“ თუ ,,აგვისტოში“.

შალვა კარმელიც ჰგავდა პანსიონიდან სასეირნოდ გამოყვანილ ქალწულს, რომელსაც წვიმის დროს დაავიწყდა მუფტა...,, იმასაც შესცივდა და ამიტომ მოკვდა“... ასე ატირებდა მისს ლე ლუკ ლაფორგს და ასეთი იყო თვითონ მისი ეპიტაფია.

შალვა კარმელი ჯერ სულ ბავშვი იყო, თუ ტუბერკულოზს არ მიეცა მისთვის სიკვდილის დაფიქრება და ელაზარის დაწყევლა მაშინ ის ვერც კი მოასწრებდა პოეტად გახდომას. მაგრამ თვითონ ეს სენი თავის მსხვერპლს მაინც აძლევს საშუალებას ფიქრით გაიაროს ადამიანის ცხოვრება... ეს არის რომ თოვლის ფიფქი დასუსხავს ჯერ გაუშლელ ყრმას... ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ, კარმელი უთუოდ დასრულებული პოეტი იყო... თემით, ხმის დამწიფებით და თავის ბედის გამოტირებით. მე მესმის ამაღამ ეს ატირებული ჭიანური პატარა ბავშვის, რომელიც თვითონ მისტირის თავის თეთრ კუბოს.

რაც არ უნდა მისტიური იყოს სიკვდილი და საშიში პარადოქსული შედარება, მაინც მართალია პოეტი, რომელმაც აღიარა პოეტის კარიერად ეს ტრირემა.-,,თავის მკვლელობა, ჭლექი და სიგიჟე“...ტუბერკულოზი აკეთილშობილებს სიკვდილს, ეს გულგრილი გადასვლა ყოფნის გადაღმა _ თვითონ თემაა პოეზიის... და არის გამართლება იმაში, როცა დადგება წამი, შენ თვითონ შეგეშინდება გულგრილობის და სკეპსისის და ცრემლები თვითონ მოდიან. და ან ვინ დაიზოგავს ცრემლებს ამ ბავშვისთვის, რომელიც ადრე გადაფრენილ ბარტყივით ერთხელ სიზმარივით მოევლინა ტფილისის ქუჩებს, რომ გვჩვენებოდა ჩვენ, პოეტებს, და შემდეგ სამუდამოდ დავემწუხრებინეთ თავის სიკვდილით. თვითონ მიაგნო შალვა კარმელმა თავის სასაფლაოსავით მდუმარე “მკვდარ ბრიუგეს“ და ბავშვი, რომელიც ყოველი წამი თავისი მოკლე სიცოცხლის ყველაზე უფრო ნაწვალები იყო პოეტის სახელით... მოკვდება ისე, რომ ერთი პოეტიც რ ესწრება მის სიკვდილს... არ შეიძლება შეცოდება პოეტის, რომელიც დამწვარია შემოქმედების ცეცხლით, მაგრამ ეს არის სხვა შეცოდება, აქ შენი თავი უფრო გეცოდება.

მე მაგონდება პირველი მისი ლექსები, რომელიც მე დავბეჭდე “საქართველოში“. მე მაშინვე გამაკვირვა მისმა სინაზემ და ფორმის სისრულემ. შემდეგ ჩემი შეხვედრები უფრო აღრმავებდნენ ჩემს სიყვარულს ამ მოკრძალებულ და უნაზეს ბავშვისადმი, რომელსაც ერთი საყვედური არასდროს არ წამოსცდენია, და რომელმაც იცოდა ჩვენი ლექსები, როგორც შეიძლება არც თვითონ ავტორებმა იცოდნენ. იმიტომ იყო, რომ თუმცა ის დაცილებული იყო ხნით “ცისფერ ყანწელებს“ მაინც შემოვიდა ამ ორდენში... თო “ცისფერ ყანწების“ გამართლება როგორც ორდენის, არის მისტიური სიყვარული, სამუდამო მეგობრობა და ძმობა, მაშინ შალვა კამელი იყო უმცროსი და საყვარელი ძმა ბენიამინ... და ჩვენ ვწუხვართ ყოველი იმ დღისთვის, რომლის მიმატებაც შეიძლებოდა მისი სიცოცხლისთვის, თუმცა განწირვა ალბათ მას დაებედა ისე, როგორც პოეტობა. იყოს კურთხეული ამ “ბავშვის მოგზაურობა“ ანთებულ სულით და “განაწამებ ლაყუჩებით“ იმ ქვეყანაში, სადაც პოეტები კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს სულის ატირებით, მისი სპეტაკი სულის ატირებით. მისი სპეტაკი სული და უცოდველი ყრმის ცხოვრება სამუდამო მოგონება პოეზიის სიწმინდის... და გამართლება ამ სტრიქონების იყოს ის ცრემლები, რომელიც დაედინება პირველს დაღუპულ მართლა ხორციელ ძმას ჩვენი ორდენისას, რომელმაც კარმელი მონოზონის სიწმინდით გაიარა გზა პოეზიაში და წუთიერ ჩვენებით დაღალა ჩვენი სული სამუდამო სიყვარულით და სამუდამო ატირებით.

“რუბიკონი“, №3, 1923 წელი.