ღამე მთაში

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ღამე მთაში
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1890 წელი


დაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი
აყვავდენ, დასხდენ ცაზედა;
მთვარე კი ჯერ არსადა სჩანს,
არ დაგვნათოის თავზედა,
ჯერ თუ არ გაუღვიძნია,
ისევ თუ სძინავს მკლავზედა!
ჯერ გამარჯობა არ უთქვამს
შემომჯდარს გორის ფხაზედა,
სხივნი არ დაუგზავნია
პირის საბანად წყალზედა.
მგზავრს უჭირს ბნელით გამოსვლა,
დადგომა სწორეს გზაზედა.
მთებს ჩაუცვიათ შავები,
ჭმუნვით დასცქერენ ხევებსა;
ცივს ნიავს შესთავაზობენ
უფსკრულს მოარულს დევებსა;
ტყისთვისაც ძაძა ჩაუცვამს
სიბნელეს დანატევებსა.
გორით-გორს ბუვი გასძახის,
თრთიან ყვავილნი მთებისა,
ქოჩორს უვარცხნის ნიავი,
დარაჯად დაადგებისა.
მითამ იციან ღავღუვი,
რად არ ჰყეფს ჯოგი მგლებისა?!
წყალი სჩქეფს, ხევი ჩატირის,
განა ერთი და ორია:
აქაც, იქ, იმას იქითაც,
საცა ფერცხალა გორია,
ლამაზის მთების ასულთა
ხმა ხმისთვის შაუწონია.
მადლი შენ, ყველა ერთმანეთს,
უფალო, დაუმონია;
ამაზე ტურფა და კარგი
მე სხვა აღარა მგონია!..
ხევი მთას ჰმონებს, მთა - ხევსა,
წყალნი - ტყეს, ტყენი - მდინარეთ,
ყვავილნი - მიწას და მიწა -
თავის აღზრდილთა მცინარეთ
და მე ხომ ყველას მონა ვარ,
პირზედ ოფლ-გადამდინარედ!
ეხლა ცა წყნარობს… სოფელსაც
გულწყნარად დაეძინება.
უეცრად შუაღამისას
ცას ჯანღი დაეფინება,
შავი ზღვის შავი ვეშაპი
პირღია დაგვეღირება,
ჩვენ, მოსვენებით მძინარეთ,
საჭმელად დაგვეპირება.
მოჰსქდება ქარი და ღვარი,
სდგას ლეწა-მტვრევა ბრძოლისა;
დროება ჩამოვარდნილა
დიდი შიშის და ძრწოლისა.
მთელი მთა-ბარი იქცევა,
მეორ-მოსვლაა სწორედა!
მოჰკაწრავს ღვარი ტყე-კლდეებს,
მოაქვს და მოსდგამს ყორედა.
ბუნება მბრძანებელია,
იგივ მონაა თავისა,
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,
ზოგჯერ მქნელია ავისა;
ერთფერად მტვირთველი არის
საქმის თეთრის და შავისა;
საცა პირიმზეს ახარებს,
იქვე მთხრელია ზვავისა…
მაინც-კი ლამაზი არის,
მაინც სიტურფით ჰყვავისა!..