ოქტომბრის სიმფონია

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ოქტომბრის სიმფონია
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


ქუჩებში ქუხდნენ ორატორები:
დრო დადგა... ტყვიის სუნთქვა გროვდება,
და ჩვენს ცხოვრებას არალეგალურს
აღფრთოვანება უახლოვდება.
გვინახავს ციხე, დევნა, კატორღა,
ბორკილის ჟღერა, ბრძოლების ზვავი,
მაგრამ ვერ სძლევენ ორგანიზატორს...
აი, რა არის თავი და თავი!
როცა გრიგალი მოეჩვენება
სხვა რომელიმეს, უქმად მოვლენილს, -
ზოგს შიშით სძინავს, ზოგს მართლა სძინავს!
ბევრს სძინავს, მაგრამ არ სძინავს ლენინს!
ჩვენ ვიყოთ ფხიზლად, მსოფლიო მალე
საბედისწეროს გაიგებს ხმასა, -
ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენა ვართ
მებრძოლი მასა,
მშრომელი მასა!
თვალწინ იშლება სხვა ჰორიზონტი,
იმავე ღელვით გუგუნებს ფრონტი:
ფრონტების სიწითლემ ქვეყანა შეღება.
ომს მკაცრს და საზიზღარს ბოლო არ ეღება.
ვინ ნაღვლობს მუშისა და გლეხის რუხ შინელს!
რომელი იყენებს სისხლის ღვარს საშინელს?
- იყენებს ამ ბრძოლას ბურჟუა ჯალათი,
ჩვენ კი ვართ ამ ომში ჩაბმული ძალათი!
რა ვიცი - თხრილიდან ვინ დავსჭერ, ვინ მოვკალ?
ჩემივე კლასის წინ რად მინდა ვინტოვკა?
- მოვა დრო - იმ ტყვიას ირგუნებს ჯალათი,
რომელმაც ამ ომში ჩაგვაბა ძალათი!
ჩემი და მონაა, ის ქუჩის ქალია,
დედ-მამა სადღაა? შიმშილმა დალია!
- ეს არის გაყიდვა, ეს არის ღალატი,
რომელმაც ამ ომში ჩაგვაბა ძალათი!
მოდისო ლენინი - ამბობენ - ლიდერი
პარტიის, რომელსაც არ უყვარს მდიდარი,
მდიდარი - რომელსაც სძულს მუშის ხალათი;
მუსრი მტერს, ომში რომ ჩაგვაბა ძალათი!
- ამდენი ჩაგვრა და მონობა გვეყოფა, -
საუბრობს ღარიბი გლეხობა.
სოფელს გულმა ღარიბის ირგვლივ ბევრი უარა,
ყველას ვეკითხებოდი: “საშველია თუ არა?”
- გვეშველება, - მცინოდნენ, - როცა დაგვძლევს შეგნება
და სიცოცხლეს არაფრის ხალისი არ ექნება!
სოფლად, სადაც თარეშობს ათასი მატყუარა,
მეც შენებრ ვკითხულობდი: “გვეშველება თუ არა?”
- რა შველასა მოელი გამვლელ-გამომვლელიდან,
თუ რამ მემამულეებს არ წაართვი ხელიდან?
ბევრმაც ჩემი წუხილი ასე გაიზიარა:
- შეიძლება გვეშველოს, მაგრამ მალე კი არა!
გზით წამოველ ღარიბი, გარს მინდვრები უხვია -
გულმა - კარგა ხანია - იმ გზას გადაუხვია:
არ მსურს სხვის სატიელო ნახნავი და ნათესი...
მივალ, სადაც ხრამია ბნელი, უწყვდიადესი...
მარჯვნივ კლდეა საზარი, მარცხნივ ტყის ღერებია,
ციხე უზარმაზარი ლაჟვარდს შესჩერებია.
ვუვლი ამ მიდამოებს, ჟრჟოლამ ტანს დაუარა,
როცა კვლავ გავიფიქრე: “გვეშველება თუ არა?”
ამ დროს რაღაც ხმაურმა სმენას შორით უწია.
- რა, რა მოხდა? - ვკითხულობ. მითხრეს: - რევოლუცია!
მაგრამ რევოლუცია იგი სხვისთვის გამოდგა:
შედგა მავნე მთავრობა, როცა მეფე ჩამოდგა.
არც ზავია, არც პური და არც თავისუფლება;
ისევ ბურჟუაზიას დარჩა ხელისუფლება.
კარგი დაპირებები იქნა მხოლოდ უარად...
“გვეშველება თუ არა?”
“გვეშველება თუ არა?”
უფრო დიდმა ხმაურმა
სმენას ახლო უწია.
- რას ელით, ქალაქებო?
- ნამდვილ რევოლუციას!
მოგვცეს ზავი და პური
და კაცური უფლება,
შრომის უფლებებისთვის
ერქვას ხელისუფლება!
და გლეხობა: - ეს ხსნაა
ტიტველის და შიშველის!
ის გვიშველის ღარიბებს, -
სხვა ვერავინ გვიშველის!
ამგვარად -
ომით გაპარტახებული,
აღარ მქონე თმენის,
მრავალმილიონიანი
მასა უცდის ლენინს!
წითელ დროშის ქვეშ
საომრად მდგარი
მომსწრე მრავალის დღეების ბნელის,
ფაბრიკათ რიგი, ქარხნების ჯარი -
უცდიან ლენინს.
მილიონობით - დამშეულ რიგებს
ამაოდ ხელი არ გაუწვდიათ,
არ მოელიან არვისგან შველას -
ლენინს უცდიან.
რასა ჰგავს ყანა და ფარეხები!
რამ დაგვიშხამა სიცოცხლის დღენი?
ღარიბ-ღატაკი სოფლის გლეხები
უცდიან ლენინს.
ფრონტიც მზად არის,
შეატრიალოს ტყვია სიზუსტით
კლასობრივ მტერზე იერიშისთვის -
ჩვენ ლენინს ვუცდით.
ეროვნებათა დაჩაგრულთ ბედი,
ბარიკადები ქუჩების ვრცელის,
ჩიხში მოქცეულ რუსეთის ბედთან
უცდიან ლენინს.
ლენინი მოდის!
პროლეტარიატს ექნება გეზი,
სად გამოვიდეს, ვისთან და როდის, -
იმ მატარებლით ქოხთა მშვიდობა
და სასახლეთა გოდება მოდის!
ლენინი მოდის!
მოდის სიკვდილი ბურჟუაზიულ
ციხე-ბორკილის და ეშაფოტის!
იმ მატარებლით მოდის ნამგალი,
იმ მატარებლით ჩაქუჩი მოდის!
ლენინი მოდის!
თავისუფლება და ზავი მოდის!
ამხანაგებო, ლენინი მოდის!
ლენინი მოდის!
წინ, ამხანაგო, ჯერარნახული
ცეცხლის დანთება გვაქვს განზრახული,
წინ! გადაუდექ ბურჟუებს თოფით,
არ დაგავიწყდეს: ამ ნებისყოფით
სამუმებს შევქმნით ჯერარგაგონილს.
გასწი - იდეას მიჰყევი გმირულს!
გადააბიჯე მტერს გულგანგმირულს!
გადააბიჯე მოკლულ ამხანაგს!
ბრძოლის სიმწვავე აღწევს უაღრესს...
ჩვენს მაღალ დროშას ვერავინ დახრის -
იგი მიუძღვის ოქტომბრის ხანას,
დაღლილო მხარევ,
ჩვენ გავიმარჯგებთ, აბა შეხედე -
როცა მსოფლიოს ერთ მეექვსედზე
გაშლილ ოქტომბერს შევსძახებთ: ვაშას!
დაჰკა სასახლეს, დაჰკა სასახლეს,
ჰეი, დაჰკარი!
გადმოანგრიე ძველი ლოდები
ნიადაგარი!
ახალს ააგებს მშრომელებისთვის
მკლავი მაგარი...
დაჰკა სასახლეს, დაჰკა სასახლეს,
ჰეი, დაჰკარი!
მშრომელი კლასი ლენინის დროშით
მთელ მსოფლიოში,
მთელ მსოფლიოში დაირაზმება
ლენინის დროშით.
ყოველი ქვეყნის პროლეტარების
გული აქ არი!
მშვიდობა ქოხებს, ომი სასახლეთ,
ჰეი, დაჰკარი!
ყოველ კუთხეში, ყოველ მხარეში,
და ყოველ დროში,
განმტკიცდეს ძალა მუშის და გლეხის
ლენინის დროშით.
კომუნა იყოს ამ ოქტომბერის
ნაამაგარი -
დაჰკა სასახლეს, დაჰკა სასახლეს,
ჰეი, დაჰკარი!
არ დახვედრია ოქტომბერს
არც ოქრო, არც განძეული,
დახვდა ოქტომბერს ქვეყანა
ცივი, პარტახი, ნგრეული.
არ ჰქონდა რამე საზღვარი
შიმშილს და გამათხოვრებას,
ამიტომ შრომა მიეცეს
შენებას, ცოცხალ ცხოვრებას.
კილოვატებში გაეშვას
მილიონთ მძლეთამძლეობა,
ახლა ჩვენ უნდა ვიკისროთ
ეს დიდი მოვალეობა.
ხე-ტყე, თლილი ქვა, აგური
ცემენტში, კირში ეფლობა.
ქვეყანას უდიდესი
მოედო აღმშენებლობა.
ახალი ხუროთმოძღვარი
დასძლევს ხე-ტყეს და ხარაჩოს,
რომ ქალაქს მისწვდეს ხმა
და სოფელს დაუდარაჯოს.
კარგია შრომით ნთებული
ქურების ცეცხლთან სახება
და შემდეგ გამარჯვებული
სიმღერის შემოძახება!
არის საბჭოთა მახვილი -
ნებისყოფა და ძალ-ღონე,
ბევრი ქარიშხლის მნახველი,
ბევრი გრიგალის გამგონე.
იმისი ომი ამჟამად
ქვეყნის აღდგენის ომია.
საკეთებელი ბევრია
და ხმა გაისმის: აკეთე!
მანქანებს რომ ეფერება
შრომის გუგუნი ზვიადი,
ეს არის ბედნიერება,
განუსაზღვრელი, დიადი.
თუ, როგორც ტოტი ქარისა,
მიღელავს შრომის დროება,
იმისი შესადარისი
ჯილდო არ მოიპოვება.
სოფელშიაც ვთესოთ
გაზაფხულის თესლი!
დე, ბობოლას ჰკლავდეს
სიყვითლე და გესლი,
დარჩეს ოხრად ყანა,
ერგოს ხრამი ეზოდ,
ჩვენ კი თავდადებით
ვთესოთ, ვთესოთ, ვთესოთ.
წინსვლა როდი ხდება
ხელაღების წესით, -
საქმე საქმეს აგავს
მხოლოდ ერთგულ თესვით.
არც მანქანა მოდის
მისით, უმიზეზოდ,
უნდა დროზე მოვხნათ,
უნდა დროზე ვთესოთ.
ხედავ მატარებელს, -
აღმართს როგორ უხვევს,
შორი ქალაქიდან
ესალმება მუხებს,
ლეჩაქივით ბოლი
ბუჩქს ედება ლურჯად...
საიდან - სად მოდის
ასე მძლედ და ურჩად?
მატარებელს მოაქვს
იარაღთა ჯარი,
არ აშინებს სიცხე,
არც წვიმა და ქარი.
მოიფინა მხარე
რკინიგზების ქსელით,
ქალაქის და სოფლის
შეერთებას ველით.
ორთქლმავალი მოდის...
როგორც ჩვენი გული,
იგიც ბევრჯერ იყო
ტყვიით დაცხრილული.
შიმშილი და ტიფი
მასაც გადაჰქონდა,
მიდიოდა, სანამ
ცოტა ძალა ჰქონდა.
ვის არ სჭირდა ჩვენი
ორთქლმავალის ჟინი,
სცემდა ინტერვენტი,
ხვრეტდა დენიკინი.
ოო, საზიზღარო,
როგორ მწარედ კბენდი!
მოვსპეთ თეთრი ძალა,
მოვსპეთ ინტერვენტი!
დაგვრჩა ორთქლმავლები,
როგორც ჩვენი გული -
გამხეცებულ მტრების
ტყვიით დაცხრილული.
გაჩერებულ ტრანსპორტს
აღარ ჰქონდა ღონე,
როგორც ქაღალდის ფულს,
ფასდაკარგულ ბონებს.
მატარებელს ჩიხით
ვინ დასძრავდა, სანამ
მოაღწევდა ჩვენი
აღდგენისა ხანა.
მხოლოდ ოცდახუთში -
ვით შეგვწევდა ღონე -
აღვადგინეთ ომის
წინა დროის დონე.
მატარებელს დაჭრილს
მოეხვია ჯარი,
განუკურნეს სრულად
წყლული მრავალგვარი.
აწი მოდის, მოაქვს
მას სალამი ძმური,
მოაქვს ჩვენთან რკინა,
მოაქვს ჩვენთან პური.
როგორც ხის რტოებს
აპრილის დღემდე
ჩამოშორდება თოვლი და ყინვა...
ქვეყნის ხელახლა
აღდგენის შემდეგ
სხვა ლოზუნგების გაისმა გრგვინვა...
ახალ ცხოვრებას
ვაწყობდით ახლად
და ეს დაწყება თუმც იყო ძნელი,
ქარხნებში ისევ იქუხა ხალხმა,
რომ ეს ბრძოლაა უკანასკნელი!
მხარეს უცებ ვერ
გადააკეთებს
სხვა ვერ-რა ძალა, ვერარა ნიჭი, -
ცვლის ფაბრიკებს და მიწის ნაკვეთებს
რევოლუციის
მტკიცე ნაბიჯი...
ძველებურად ქარს არ ატანს
არვინ - თავის შრომას,
რკინასა სჭედს, თუ თხრის მადანს,
არ ივიწყებს, რომ მას
ურჩევს კლასი გაფრთხილებით
მანქანასთან დგომას,
ხელი უწყოს ხარისხების
გადიდების ზომას.
აფრიალდეს დროშა მშვენი,
ძირს ჯვარი და ხატი,
სხვა კულტურას ითხოვს ჩვენი
პროლეტარიატი.
აი, ჩვენი მინდორ-ველი,
იქ აღარ ჩანს მრავალი,
ფეოდალი ძველისძველი,
მეფეთ შთამომავალი!
და გაისმის შორით-შორი
იდუმალი ქუხილი.
მოსდებია ველს ტრაქტორი,
არის შრომის დუღილი!..
მორჩა ოთხწლედში გიგანტის მსგავსი
ჩვენი ხუთწლედი,
ეს არის ჩვენი და მთელი ქვეყნის
მშრომელი კლასის იმედი, ბედი.
ხუთწლედი იყო ბურჟუაზიულ
ქვეყნებისათვის რისხვა და მეხი!
თავგანწირულად იბრძოდა მისთვის
საბჭოთა ქვეყნის მუშა და გლეხი!
სოციალიზმის საძირკვლის ჩაყრა,
აი, რა იყო ხუთწლედის ხაზი.
ამ გენერალურ ხაზზე იბრძოდა
პარტია - მტკიცე და ბუმბერაზი.
“ჯერ დავეწიოთ, მერე გავუსწროთ”,
ძველი ევროპა მუდამ მტერია...
ხუთწლედის ფრონტზე თავდადებულად
იბრძოდა ჩვენი ინჟენერია!
აგრონომები, ტრაქტორისტები,
კოლმეურნეთა მაგარი რაზმი,
და დამკვრელების გაისმოდა ხმა,
როგორც მქუხარე ენთუზიაზმი.
ჩვენი ერთგული მასწავლებელი
იყო მანქანა და მისი ტემპი,
ჩვენი ფაბრიკა, ჩვენი ქარხნები,
ჩვენი ეპოქის მონუმენტები.