ორნამენტი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ორნამენტი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


ფანჯრის მინებზე ქარბუქივით ატყდა ტყეები -
გლედიჩიები, ზამბახები, ორხიდეები,
გადარეული ორნამენტით მოირთო მინა.
გარეთ ყინვაა. ყვავილებიც გადაიყინა.
ორხიდეების მშვენიერი ლამაზი წრეა,
რომელსაც თბილი შეიფარებს ორანჟერეა.
დე, გარეთ ქარი თარეშობდეს - ოთახში თბილა,
და ორხიდეაც ოცნებათა ბაღში შეჭრილა.
ამბობს: ოცნებავ! რა ამაოდ დიდხანს გევედრე,
რომ შეგენახა ერთი ფერი: მშვიდი სითეთრე,
სითეთრე თოვლის, სისპეტაკე მხარეთ ზემოთა,
რომ მას უმანკო ბავშვის ცრემლი არ დასცემოდა.