ოვანეს თუმანიანი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ოვანეს თუმანიანი
ავტორი: ტიციან ტაბიძე


(ნაწყვეტი მოგონებიდან)


ოვანეს თუმანიანი დღევანდელ სინამდვილეში იყო ბრწყინვალე პიროვნება. ვინც პირადად არ იცნობდა ოვანესს, მას ჰიპერბოლად მოეჩვენება მასზე ყოველი ნათქვამი. მის პიროვნებაში იყო დიდი ადამიანური განათება, რომელიც სამუდამო მეგობრად ხდიდა ვისაც ის დაელაპარაკებოდა.

ეს იყო ზაფხული, 1917 წელი. ტფილისში ახალი ჩამოსული ვიყავი მოსკოვიდან. ჩემთან ერთად ჩამოვიდა კ. ბალმონტი.

იყო დრო სიხარულისა და რევოლუციის.

ქართული კლუბის ბაღში სანდრო ყანჩელთან ერთად ვახშამზე, რომელიც გაუმართეს ბალმონტს, მე პირველად ვნახე ოვანეს თუმანიანი.

მას სრულიად დამოუკიდებლად ეჭირა თავი, ასე რომ, რუსულადაც ამბობდა ექსპრომტებს ბალმონტთან ერთად. საგანი ექსპრომტებისა იყო ფაცა ამირეჯიბი, „ცისფერი პანტერა“.

ერთი თვის შემდეგ „რუსსკოე სლოვოში“ დაიბეჭდა ბალმონტის ლექსი: „Тебе, Ованес Туманян“.

პირველი ადამიანი, რომელსაც ყველაზე უფრო აწვალებდა ფიქრი სომხეთისა და ქართველების ძმობაზე, იყო ოვანეს თუმანიანი. და მისი გულწრფელობაც სწამდა ყველას საქართველოში და ამის მოწამე იყო ტფილისი მის 25 წლის იუბილეს დროს.

დიდი პატრიოტობა არ უშლიდა ოვანესს ყოფილიყო ქართველების ორიენტაციისა.

საქვეყნოდ ცნობილია, რომ ოსმალეთთან ომის დროს, სადაც დაიღუპა მისი უფროსი ვაჟი, ოვანეს თუმანიანმა შვიდი ქალიშვილი გაგზავნა ფრონტზე მოწყალების დებად, და როცა ქართველ-სომეხთა ომი დაიწყო, ზოგი მის შვილებთაგან მოხვდა ერევანში, ოვანეს თუმანიანმა უბრძანა შვილებს არ მიეღოთ მონაწილეობა ომში, თორემ ის მათ დასწყევლიდა - ეს იყო დიდი სიყვარულის აქტი.

აქვე უნდა ითქვას, რომ ოვანეს თუმანიანს ნამდვილი ძველი პატრიარხის გავლენა ჰქონდა სომხის ერზე. მას უსმენდა არა მარტო ხალხი, არამედ ხალხის მეთაურნიც, რომელნიც თითქმის ყოველთვის დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ სიყვარულში.

ოვანეს თუმანიანის ასეთი გავლენა თავის ხალხზე მე მაგონებდა ილია ჭავჭავაძის ავტორიტეტს, რომელიც მხოლოდ გადმოცემით სჯერა ჩვენს თაობას.

იშვიათი იყო აგრეთვე განწყობილება ოვანესისა ჩვენს პოეტებთან. არ ყოფილა არც ერთი ჩვენი გამოსვლა, რომ ოვანესი არ ყოფილიყო ჩვენთან და არ მოენახა საკუთარი სიტყვა.

მე მახსოვს, ჩემს საღამოზე 1919 წელის 2 აპრილს მან წაიკითხა პოემა, რომელიც მთლიანად მიძღვნილი იყო საქართველოსა და ქართველი პოეტებისადმი. თუ იქნებოდა იუბილე ქართველი მწერლის, ოვანესს ვერავინ მოასწრებდა მოსვლას და უთუოდ მოიტანდა დაწერილ პერგამენტს.

1920 წელს საქართველოს მწერალთა კავშირმა გადაწყვიტა 7 მაისს გაემართა პოეზიის დღე.

განზრახული იყო ამ დღეს მისცემოდა დიდი ზეიმის ხასიათი. მე მახსოვს, ყოველდღე დადიოდა ჩვენთან მაშინ ოვანესი, კითხულობდა ყოველ წვრილმანს და ბოლოს გამოჩნდა, რომ მას უფრო მეტი გაეკეთებინა ამ საქმისათვის, ვინემ ყველა ქართველ მწერლებს ერთად.

ამქრები ამ დღეს მოვიდნენ დროშებით, ყველა სომხური გიმნაზიის მოწაფეები თავს იყრიდნენ ყოფილ ალექსანდრეს ბაღში და ყველა სომეხი მწერალი და არტისტებიც უნდა მოსულიყვნენ იქ, მხოლოდ წვიმამ შეგვიშალა ხელი და ცერემონიალი არ შემდგარა.

მაშინდელ „პოეზიის დღეში“ დაბეჭდილია ოვანესის წერილი საქართველოზე, რომელიც აგრეთვე ჩაითვლება სიყვარულის და პატივისცემის დიდ დოკუმენტად.

უფრო ადრე კიდევ, ოვანეს თუმანიანმა გაზეთ „სლოვოში“ დაბეჭდა წერილი კავკასიაზე, სადაც საქართველოს ეძახდა „კავკასიის საფრანგეთს“, ერს კეთილშობილი რევოლუციონერების და პოეტებისას. ეს წერილი ყოველ მხრივ არის ისტორიული.

თუ ასეთი იყო ოვანესი უფრო ოფიციალურ გამოსვლებში, მასთან, ოჯახში ინტიმობას არ ჰქონდა საზღვარი. მისი დიდი ბინა, დიდი ბუხარი და აღმოსავლური სურნელება ქმნიდა ინტიმს და იყო დაუსრულებელი იმპროვიზაცია პოეზიისა.

ყოველი ჩვენი მისვლისას ოვანესთან თავშეყრილი დაგვხვდებოდა მთელი სომხური მწერლობა.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა ოვანეს თუმანიანის იუბილეს დღე „ტარტოს“ დარბაზში. ხალხით გაჭედილია თეატრი. სიტყვა თქვა პაოლო იაშვილმა. სიტყვა ნათქვამი იყო ისეთი პათოსით, რომ თეატრი ზანზარებდა ტაშისცემით.

იუბილარის ლოჟიდან სიტყვით მიმართა პაოლო იაშვილს მაშინდელმა სომხეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ.

სიტყვები იწვევდა აღტაცებასა და მადლობას, რომ ოვანეს თუმანიანსა და ქართველ პოეტებს შორის ასეთი დიდი მეგობრობა არსებობს.

ამ იუბილეს შემდეგ იყო ბანკეტი, ფეიერვერკი აღტაცების, სიყვარულის და პოეზიის, რომლის გამოც სერგეი გოროდეცკიმ დაწერა ფელეტონი გაზ. „სლოვოში“.

ოვანესს სურდა, რომ მეზობელ ერთა შორის ყოფილიყო ურყევი სულიერი კავშირი, მის სახლში ხშირად შეხვდებოდით მუსულმან პოეტებსაც, განსაკუთრებით უყვარდათ ამ უკანასკნელთაც ოვანესი.

ნამდვილი საიდუმლო სერობა იყო, როცა საქართველოდან ქართველ მწერალთა მოთხოვნით ოვანეს თუმანიანს დაენიშნა პენსია, რასაც ოვანესისათვის მხოლოდ მორალური მნიშვნელობა ჰქონდა, რის გამოც ოვანესმა თავის ბინაზე გამართა ბანკეტი, რომელსაც დაესწრო მთელი ქართული და სომხური მწერლობა.

სამუდამოდ სამახსოვროდ დარჩება ეს ღამე და განსაკუთრებით წარმოთქმული სიტყვები: ვასილ ბარნოვის, შიო არაგვისპირელის, კოტე მაყაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის და პაოლო იაშვილის. მართლაც, ის იყო საიდუმლო სერობა და ოვანესისათვის უკანასკნელი საჯარო თქმა, რაც მოასწრო იმ ღამეს.

მე ვერ წარმომიდგენია უკანასკნელი წუთები ოვანესის სიცოცხლისა, მხოლოდ მწამს, რომ მაღალი, ჭაღარა და განათებული სახით, რომელმაც მთელი ცხოვრება გაატარა სიყვარულის ქადაგებაში, უკანასკნელადაც როგორც ცრემლიანი და ღვთიური მეტყველი დაასრულებდა სიყვარულით და სამუდამო დაჯერების სიტყვებით, როგორც ღვთისმეტყველი იოანე, რომელიც უკანასკნელად გამოიყვანეს მოწაფეებმა ხალხის წინ სიტყვის სათქმელად და ცრემლებით თქვა ასე:

- გიყვარდეთ ერთმანეთი...

მე არაფერს ვამბობ ოვანესზე, როგორც პოეტზე, არც იმ შეხვედრებზე, რომელიც მე მქონია მასთან - ეს იყოს საგანი შემდეგი მოგონების - როცა სიკვდილი უფრო მაგრძნობინებს, რომ ოვანესი აღარ არის, და როცა მოვცილდები მის კუბოს...