ნუგეში მგოსნისა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ნუგეში მგოსნისა
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1894 წელი


ვნუგეშობ, სწორედ სანუგეშოცა:
გულზე მედება ცეცხლის გენია,
ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულს
ავი მე არა ჩამიდენია;
ვინ რას გაიგებს, ან ვინ რა იცის,
რამდენჯელ ცხარე ცრემლი მდენია?!
ვნუგეშობ ამით: მიწას მიწურად
და ცას ციურად მივეთავაზი,
არ მიბობღნია დაბლა ქვემძრომად,
მაღლა დავფრინავ, როგორც გავაზი;
ჩემს ტურფა მხარეს მკერდს დავაკერე
სიტყვა საგმირო, სიტყვა ლამაზი,
და ამ ჩემს მღერას ყურს რომ უგდებენ
ქართლელ-კახელი, იმერ-აფხაზი.
მამა-პაპათა აკლდამებიდან
გამოვიწვიე გმირთა აჩრდილი
და დავუკოცნე იმათ მკლავები,
სახე შუბის წვრით და ხმლით აჩრჩნილი;
მე გავაცოცხლე ხელის შეხებით
ლეში მდუმარე, ლეში გახრწნილი.
თავზე დავადგი დაფნის გვირგვინი,
წელი შევუმკე ისევაც ხმლითა,
ნოყიერად ვქმენ ნაგვალი მიწა,
როგორაც წვიმამ, მოსულმა ცითა.
არ დაუძველდა ჩემს გულს თვის სატრფო,
როგორაც სხვისას, ვნუგეშობ მითა.
მე არ ვუთხარე მოძმესა ორმო,
მთხრელი შევმურე კუპრით და ლაფით;
არვის გავტაცე მე ლუკმა-პური,
სხვასაც გავუყავ ნაშოვნი ჯაფით,
და სიყვარული ჩემს თანამოძმეთ
ვაუწყე მედგრად ნაღარით, დაფით.
უსულო საგნებს სული ჩავბერე,
ავასაუბრე ლოდები კლდისა
და, როგორც მეფე, გავათამამე
მწირი ბალახი, ის ქუჩი მთისა.
მადლი მფენია მარჯვენაზედა
იმ შემომქმედის, მაღალის ღვთისა!