ნინო ჭავჭავაძე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ნინო ჭავჭავაძე
ავტორი: ტიციან ტაბიძე


ძველად, ქართულ პრესაში, დიდი დავა ატყდა იმის შესახებ, თუ რატომ არ იწერება ქართული ცხოვრების რომანი. ამ კამათში, როგორც მახსოვს, ბევრი ჭკვიანიცა და ბევრი არამკითხეც იღებდა მონაწილეობას, მაგრამ მე ყველაზე უფრო დამამახსოვრდა არჩილ ჯორჯაძის აზრი; ის ამტკიცებდა, რომ საამისოდ მასალას თვითონ ჩვენი სინამდვილე არ იძლევაო.

მე მგონია, რომ ეს მოსაზრება სრულ გაუგებრობაზე არის აშენებული. და ყველაზე უფრო საწყენია, რომ ამ აზრს ემხრობოდა არჩილ ჯორჯაძე, რომელმაც პირველმა დაიწყო წერა ქართული ინტელიგენციის ისტორიისა.

შეუძლებელია მოინახოს უფრო მეტი მასალები რომანისათვის, რასაც იძლევა საქართველო მე-19 საუკუნეში. ეს არის უდიდეს გარდატეხათა ეპოქა. განა ლევ ტოლსტოიმ ამ ეპოქას არ უძღვნა თავისი „ჰაჯი-მურატი” (აუარებელ მასალებს ამ რომანისათვის ტოლსტოის აწვდიდა სიმონ ესაძე). და განა პირველად არ არის აქ მწერლობაში გამოყვანილი მანანა ორბელიანი, რომელიც მარტო ერთი დაამშვენებდა ერთ რომანს!

თუნდაც უბრალო მოხელე ბოროზდინი თავის მოგონებებში სამეგრელოსა და სვანეთის შესახებ იძლევა აუარებელ მასალებს: მარტო ერთი მენიკი შერვაშიძე რად ღირს მხატვრული პროზისათვის, ანდა გაგარინის მკვლელობა დადეშქელიანისაგან; და კიდევ ვინ მოსთვლის!

ყველა ამ მასალების ფონზე გადაიხსნებოდა ტოლსტოის „ომისა და მშვიდობის” შესადარი რომანი.

აი თუნდაც ნინო ჭავჭავაძის სიყვარულის ისტორია.

მორის ბარესი, აკადემიაში შესვლისას, ასე ამთავრებდა თავის სიტყვას ხოზე მარია ერედიაზე, რომელიც მან შესცვალა:

„ხოზე მარია ერედიამ დაგვიტოვა ჩვენ უკვდავი ნაწერები და პოეტების მთელი ოჯახ; იმ პოეტებს შორის ერთი ახალგაზრდა ქალის სახეში ყველას სურს დაინახოს სახე თვითონ პოეზიისა”.

აქ ბარესს მხედველობაში ჰყავდა ხოზე მარიას ქალი, ფრანგი პოეტის ანრი დე რენიეს ცოლი. მეორე ქალი ცოლად ჰყავდა მეორე გამოჩენილ ფრანგ პოეტს - პიერ ლუისს.

საქართველოში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში აკადემია რომ ყოფილიყო, იმ პოეტს, რომელიც დაიჭერდა ალ. ჭავჭავაძის ადგილს, შეეძლო სრული ანალოგიით ასევე დაემთავრებია თავისი სიტყვა, პოეტის შესაქებად ნათქვამი.

ალექსანდრე ჭავჭავაძემ, თავისი მართლაც უკვდავი ლექსების გარდა, სადაც მოცემულია ქართული რომანტიზმის სურნელება, დასტოვა აგრეთვე ორი ქალიშვილი, რომელთა რომანტიკული თავგადასავლითაც სავსე იყო მეცხრამეტე საუკუნე.

პირველი არის ნინო ჭავჭავაძე, რომელიც შემდეგ რუსი პოეტის, ალექსანდრე გრიბოედოვის ცოლი გახდა და მეორე - ეკატერინე, დედოფალი სამეგრელოსი, დავით დადიანის ცოლი, რომელიც აგრეთვე დიდხანს დარჩება ქართული ლიტერატურის ისტორიაში, რადგან მისი სახელი შეერთებულია პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელთან.

ნინო ჭავჭავაძეს ლექსები არ უწერია და მხოლოდ ერთხელ, უბედური სიყვარულით შთაგონებულმა, დაწერა უკვდავი პოემა, თავისი ქმრის ალ. გრიბოედოვის საფლავის ქვაზე:


Ум и дела твои бессмертны

В памяти русской,

Но зачем пережила тебя

Любовь моя.


და შემდეგ მთელი მისი სიცოცხლე ერთ თავგანწირულ პოემად იქცა მარადი სიყვარულისა.

ნინო ჭავჭავაძის შესახებ ყველა თანამედროვენი ამტკიცებენ, რომ ის იყო ულამაზესი ქალი თავისი დროისა. თვითონ გრიბოედოვს სიტყვა არ ჰყოფნიდა მისი სილამაზის აღწერისათვის და მას ადარებდა მურილიოს მადონას.

გრიბოედოვის ბიოგრაფი ნ. პიკნასოვი წერს: „1827 და 1828 წელს ნინო ალექსანდრეს ასული იყო ბრწყინვალე სილამაზისა, რომელსაც სახელი ჰქონდა განთქმული თბილისში აგრეთვე თავისი მომხიბლაობით. მას ჰყავდა ძალიან ბევრი შორით მოტრფიალე, მისთვის რომ ოხრავდნენ”.

მუდამ გულდახურული მურავიოვი, სანამდის შეირთავდა სონია ახვერდოვას, ძალიან გატაცებული იყო ნინოთი (მურავიოვი ცოტა ხნის შემდეგ გახდა მეფის მოადგილე კავკასიაშია); ასევე იყო ს. ნ. ერმოლოვი (ცნობილი გენერლის, ალექსეი პეტრეს ძე ერმოლოვის ნათესავი) და ნ. დ. სენიავინი. ერმოლოვისა და გრიბოედოვის საქმე ლამის დუელამდე მივიდა. სენიავინი ჭკუიდან შეშალა მშვენიერი ქალის სიყვარულმა. დარჩენილია სენიავინის წერილები ბ. ჭილაშვილთან, რომელნიც მომხიბლავი არიან გულწრფელობით და კეთილშობილი ტონით, სადაც ის ააშკარავებს თავის სიყვარულს ნინო ჭავჭავაძისადმი. აი ერთი ამონაწერი:

„გინახავს განა ამისგვარი რამე? არა, ქვეყანაზე არ შეიძლება არსებობდეს ამგვარი სრულქმნილება! სილამაზე, გული, გრძნობები, აუხსნელი გულკეთილობა. ღმერთო, როგორი ჭკვიანია! დავიფიცებ ყველაფერს, რომ ქვეყანაზე მას ვერავინ შეედრება”.

და როცა გრიბოედოვი გახდა ბედნიერი მეტოქე, სენიავინი საშინლად იტანჯებოდა.

დაქვრივების შემდეგაც სულ უკანასკნელ ხანებამდე შეინარჩუნა ნინო ჭავჭავაძემ თავისი სილამაზე. გრიგოლ ორბელიანი სამუდამოდ უცოლოდ დარჩა ნინოს გულისათვის. პოეტი მხოლოდ ლექსებში ოხრავდა:


წინანდლის ვარდო, არ დამაგდო,

ვარ შენი მონა.


ხოლო მაშინდელ თბილისში სილამაზით ვისიმე გაკვირვება ძალიან ძნელი იყო. ეს იყო ეპოქა მანანა ორბელიანისა და თბილისი მაშინ ნამდვილი ჰურიებით იყო დასახლებული. ამის შესახებაც მოიპოვება ცნობები.

ნინოსადმი შორიდან ტრფიალით გამსჭვალულნი იყვნენ ალბათ კიდევ აურაცხელი ქართველები, რომელთა გრძნობების შესახებ მწერლობამ არაფერი იცის, ზოგი ალბათ არც თვითონ ნინოს ეცოდინებოდა. ბერჟე, რომელსაც დაწერილი აქვს მისი მოკლე ბიოგრაფია, ”რუსსკაია სტარინას“ (ტ. XXX, 1883 წ.) ფურცლებზე აღნიშნავდა:

„ნინო ალექსანდრეს ასულმა არ უღალატა თავის პირველ სიყვარულს, თუმცა მას ჰქონდა რამდენიმე შემთხვევა ახალი ქორწინებისათვის.

მისი ხელის მთხოვნელთა შორის ასახელებენ სხვათაშორის, გენერალ-ადიუტანტს ა. ი. ნეიდგარტს, რომელიც შემდეგ მთავარმმართველი გახდა, ლეიბ-გვარდიის დრაგუნის პოლკის როტმისტრს კოზლოვსკის და თავად ბაგრატიონ-იმერეტინსკის“.

ნ. ბოროზდინი, რომელიც პირადად იცნობდა ნინო ჭავჭავაძეს და იყო მისი დის, სამეგრელოს დედოფლის ეკატერინეს შვილების აღმზრდელი, კიდევ რამდენიმე პიროვნებას უმატებს ამ სიას; ამას გარდა, მას აწერილი აქვს როგორი დიდებით და ზეიმით შეხვდნენ ნინო ჭავჭავაძეს ყირიმის კამპანიის შემდეგ ორივე სატახტო ქალაქში - მოსკოვსა და პეტერბურგში.

ჯერ კიდევ მოსკოვში, სტუდენტობის დროს, ვფიქრობდი დამეწერა წიგნი „ქართველი ქალები“, იმ სტილით, როგორც ძმები გონკურების წიგნია „XVIII საუკუნის ქალები”. მე მაშინვე ვფიქრობდი ნინო ჭავჭავაძეზე და უმთავრესად მხიბლავდა მისი თავდავიწყებული სიყვარული; მაგრამ მაშინ, საჭირო მასალების უქონლობის გამო, გადავდე ამაზე ფიქრი. შემდეგ, როცა მე თბილისში ჩამოვედი, რევოლუციის ქარიშხალში თანდათან მავიწყდებოდა ის, რაზედაც წინათ ვფიქრობდი. ჭეშმარიტად, ეს არ იყო დრო სხვაზე ფიქრისა: ეს წლები თვითონ არის სიცოცხლის პოემა, რომლის შესადარი ექვივალენტი ბაირონსაც არ შეეძლო მოეცა.

ოციან წლებში თბილისში ცხოვრობდნენ ნიკოლოზ სოკოლოვი და მხატვარი სერგეი სუდეიკინი. ნინო ჭავჭავაძე ხშირად ყოფილა ჩვენი საუბრის საგანი; მაშინ სოკოლოვმა მე მთხოვა დამეწერა მონოგრაფია ნინო ჭავჭავაძეზე. ის თავის თავზე იღებდა გამოცემას, ხოლო მხატვარ-აკადემიკოს ლანსერეს ილუსტრაციები უნდა შეესრულებინა. როგორც მახსოვს, მაშინ განზრახული იყო დიდი ალბომის შედგენა და წინანდლის მიდამოებიც უნდა შესულიყო მასში. იმ ხანებში მომიხდა მე ყოფნა კახეთში. ყვარელში ვნახე სრულიად უცნობი სურათები ნინო ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანისა. მე მაშინ თან არ წამომიღია ეს სურათები და, როგორც ეტყობა, მათი კვალი უკვე გაქრა.

როცა ამ რამდენიმე ხნის წინათ შევუდექი მუშაობას, რომ შამილის ცხოვრება შემესწავლა (პოემას ვწერდი ამ თემაზე), კვლავ შემხვდა წინანდლის ისტორია (ამბავი შამილთან ჭავჭავაძის ქალების ტყვეობისა) და ხელმეორედ მომივიდა აზრი, დამეწერა ეს წიგნი.

რასაკვირველია, ამ ნაშრომში არ არის გამოყენებული ყველა ის მეთოდი, რომელიც დღეს აქვს ლიტერატურის ისტორიას, არც ის მასალები, რომელთა შოვნაც თბილისში შეიძლებოდა; ეს არ არის დამთავრებული კრიტიკულ-ისტორიული ცდა მონოგრაფიისა, ამას ისიც უშლის ხელს, რომ მე არა მაქვს დრო მეტი მუშაობის, მაგრამ მაინც მინდა გავუზიარო თანამედროვეთ ის ფიქრები და მოსაზრებანი, რომელიც თუნდაც უსისტემოდ, მაინც მაღელვებდნენ.

ამის გარდა, თვითონ საგანი ამ მოთხრობისა - ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა თავისი უკვდავი სიყვარულით იმდენად მიმზიდველია, რომ ამ შემთხვევაში თვითონ თემა არის თავისთავად ნაწარმოების გამართლება.

საერთოდ ქართული მწერლობის განხილვის დროს ჩვენ გვაკვირვებს ერთი გარემოება, რომლისთვისაც ჯერ ჩვენში არავის ყურადღება არ მიუქცევია: დაწყებული იმთავითვე ქართულ მწერლობაში აღნიშნულია ქართველი ქალის კეთილშობილება და უდიდესი გრძნობა სიყვარულისა. მარტო ამ აზრით რომ გავარჩიოთ „ვეფხისტყაოსანი“, შეიძლება დამტკიცება მისი უაღრესად ქართული ეროვნული ხასიათისა. „ვეფხისტყაოსანში” ნაჩვენებია ეს უდიდესი მიკერძოება სიყვარულისა: თინათინი თავსა სდებს, რომ გაიგოს ამბავი ნესტანისა და დაეხმაროს მას. მათ შორის შუღლი ყოვლად წარმოუდგენელია და არავითარ ქალურ ინტრიგას აქ არა აქვს ადგილი. ამის მშვენიერი მაგალითი არის ასმათი; ამ პოემის ქალებში ჩვენ გვხიბლავს სრულქმნილი სიყვარულის მზეობა და სიხარული. მათთვის წარმოუდგენელია შუღლი, ღალატი, ინტრიგა, ქვენაგრძნობა - ისინი მუდამ თავდადებულნი არიან. ცალკე ეპიზოდად იჭრება ფატმანი, მაგრამ აქაც განელებულია ეს გრძნობა; ყოველ შემთხვევაში, ავთანდილი მალე ერკვევა, და თუ ფატმანი არ დაინდობს ჩაჩნაგირს, ეს პოემის უმთავრეს მოქმედ პირებს არ ეხება.

რუსთაველის ტრადიციის მიხედვით, მე-19 საუკუნის დიდ ქართველ მწერლებს ქალები ყოველთვის გმირებად გამოჰყავთ; უდიდესი გამოხატვა ამ შეუდრეკელი და მარადიული სიყვარულისა თვითონ ხალხმა მოგვცა „აბესალომ და ეთერის” ლეგენდით, რომელიც ერთი ამღერებული გულია გაუთავებელი სიყვარულისა. ასეთები არიან ალექსანდრე ყაზბეგის ყველა რომანის ქალები, ასევეა აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას პოემებში, ილია ჭავჭავაძის პროზაში; აქ თქვენ გხვდებათ სიყვარულის თავდადება და არც ერთხელ არ არის ინტრიგის ქსელი გატანილი ბოლომდე. ასეთივეა ზეინაბი ა. სუმბათაშვილის, „ღალატში“; ეს პიესაც უნდა ჩაითვალოს ეროვნულ დრამად; ასეა ეგ. ნინოშვილის და თითქმის ყველა მისი თანამედროვე ბელეტრისტის ნაწარმოებებში ზოგიერთის გამოკლებით; შიო არაგვისპირელი, რომელიც მოწამლული იყო მოპასანის სკეპტიციზმით, უკანასკნელად ჰქმნის უდიდეს ეპოპეას „გაბზარული გული“, რომელიც უაღრესად ეროვნულ ნაწარმოებად ჩაითვლება და რომელშიაც ამ ნიჰილისტმაც იწამა უდიდესი ძალა გამარჯვებული სიყვარულისა. ყველაზე უდიდესი გრძნობით ამას უმღერა ნ. ბარათაშვილმა თავის პოემაში „ბედი ქართლისა“:


ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო,

კურთხევა თქვენდა, ტკბილ სახსოვარნო.


ჩვენ ორნაირად გვაინტერესებს ნინო ჭავჭავაძის ცხოვრება. პირველ ყოვლისა, ამ ქალში მოცემულია ქართული ხასიათი და მისი ისტორიული მომხიბვლელობა და მეორეც ის, რომ მისი ცხოვრებით შეიძლება ზუსტად წარმოვსახოთ საქართველოს მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ეპოქა. ორივე მხრივ ქართულ მწერლობაში თითქმის არაფერი არ არის გაკეთებული: ჯერ არავის არ მიუღია თავის თავზე უკეთილშობილესი შრომა, რომ ანალიზი გაეკეთებია ქართველი ქალის ხასიათისათვის ისტორიულ წარსულში და ისიც, თუ რა გამოხატულება ჰპოვა ამ ხასიათმა ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში.

აქ ორივე შემთხვევაში უთუოდ დიდი განძი იქნებოდა გათხრილი. ამ ნარკვევში შეუძლებელია შევეხოთ ამ დიდ საგანს. ეს იქნება თემა უფრო დიდი მონოგრაფიისა ქართველ ქალებზე, დაწყებული მითოლოგიიდან და გათავებული ჩვენი დღეების მწერლობით, მაგრამ გაკვრით უნდა ითქვას, რომ ქართველ ქალს ჩვენს ისტორიაში მაგარი კვალი დაუჩენია.

პირველი ქალი, რომლითაც ჩვენ გვინდა ამ შემთხვევაში დავიწყოთ ქართველი ქალის ისტორია - არის ბერძნების მითოლოგიის ტრაგიკული გმირი მედეა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მითოსი მედეასა და ოქროს ვერძზე ბერძნებისაგან არის შექმნილი, მაინც აქ ჩვენი სინამდვილეა მოცემული. ლეგენდა ოქროს ვერძზე აქამდე დარჩა სიმბოლოდ ქართული მიწის სიმდიდრისა და მიწის წიაღის უამრავი განძისა. აქ როდია ის ოცნება ოქროზე, რომლის ციებ-ცხელებითაა შეპყრობილი და გაგიჟებული კაპიტალისტური სამყარო. აქ თვითონ მიწისა და მისი წიაღის სასიცოცხლო ძალაა და ამ აზრით წინანდელი და ახლანდელი კოლხიდა იყო და დარჩა ნატვრის თვალად.

რაც შეეხება თვითონ მედეას ხასიათს, ესეც აქამდე დარჩა ქართველი ქალის უმთავრეს ხასიათად. რა გრძნობა უფრო ამოქმედებს მედეას - სიამაყე თუ შურისძიება?

აქ ორივე გრძნობა ისე არის ერთიმეორეს გადაბმული, რომ შეუძლებელია მათი გამოცალკევება. სიყვარულით გათანგულია მედეა, მისი სიყვარული არ არის ბერწი; მედეა არ არის ის მშვენიერი ელენე, რომლისთვისაც ინგრევა ილიონი. ჩვენ არ ვიცით მშვენიერ ელენეს მემკვიდრეობა, მედეა კი უკვე დედაა შვილებისა; აქაც მოცემულია მისი ქალობა. შემდეგ იაზონი უღალატებს მედეას და სხვა მეფის ქალზე უნდა დაიწეროს ჯვარი, მაგრამ მედეა არ არის მორჩილი თავისი ბედისა, მას უნდა საშინელი შურისძიება; და მართლაც მისი მოქმედება აქამდე მსოფლიოში რჩება როგორც უმაგალითო შემთხვევა შურისძიებისა. რა არის თუნდაც შექსპირის მავრის შურისძიება მედეასთან შედარებით: ჯერ კიდევ გაციებული არ არის დეზდემონას სხეული, რომ მავრი გონს მოდის, მაშინ როცა, ცეცხლის ეტლი მედეასი აქამდე ცეცხლმოკიდებულია.

ამ სიამაყისა და პირადი მამაცობის მომასწავებელია აგრეთვე მითოსი ამორძალებზე და აქაც აღებულია შავი ზღვის ჩვენი ნაპირი.

ქალს მუდამ დიდი და განსაკუთრებული როლი ჰქონდა დაკისრებული ჩვენს ისტორიაში, მის ყოველ ეპოქაში. თვით სახელმწიფოებრივი აპოგეა საქართველოსი დაკავშირებულია თამარ მეფესთან და თითქმის ყველა მოგზაური გაკვირვებულია, რომ ყოველი კოშკისა და ტაძრის დანახვაზე მათ ესმით თამარ დედოფლის სახელი.

ვინ მოსთვლის, რამდენი ქართველი ქალი ეწამა საუკუნეთა მანძილზე სამშობლოსათვის. ეს ხშირად ყოფილა საგანი პოეტების შემოქმედებისათვის, მათ შორის ყველაზე უფრო მაინც აკაკი წერეთლისათვის.


დავუბრუნდეთ ისევ ნინო ჭავჭავაძის ცხოვრებას. 1828 წლის 24 ივლისს ალ. გრიბოედოვი თურქეთის საზღვრიდან, მოქმედი არმიიდან სწერდა პეტერბურგში თავის მეგობარს:

„ეს იყო თექვსმეტს ივლისს. ამ დღეს მე ვიყავი სადილად ჩემს ძველ ნაცნობთან - ახვერდოვას ქალთან. სუფრაზე ვიჯექი ნინო ჭავჭავაძის პირდაპირ. სულ იმას ვუყურებდი; დავფიქრდი და გულმა აჩქარებით ცემა დამიწყო; და არ ვიცი, რამ მომცა უჩვეულო გამბედაობა, იქნება სამსახურმა, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შეიქმნა, შეიძლება კიდევ სხვა რამემ. როცა სუფრიდან ვდგებოდით, მე მოვკიდე მას ხელი და ვუთხარი: „გამომყევით. მე მინდა რაღაც გითხრათ“. ნინო, როგორც ყოველთვის, დამთანხმდა, ალბათ ეგონა, რომ მას ფორტეპიანოსთან მივიყვანდი. მაგრამ ასე არ მოხდა. სახლი მისი დედისა ახლო არის, ჩვენ იქით გადავუხვიეთ, შევედით ოთახში და მე მაშინ ლოყები ამენთო, სუნთქვა შემეხუთა, არც კი მახსოვს, რაზე დავიწყე ლუღლუღი და, ამასთან, უფრო და უფრო აღგზნებაში შევედი. იმან დაიწყო ტირილი, შემდეგ გაიცინა; მე ვაკოცე მას და შემდეგ წავედით მის დედასთან, ბებიასთან და მის მეორე დედასთან - პრასკოვია ნიკოლოზის ასულ ახვერდოვასთან.

ჩვენ დაგვლოცეს, მე დავეწაფე მას ტუჩებზე. ეს ასე გრძელდებოდა მთელ დღე და ღამეს. გავგზავნეთ შიკრიკი მის მამასთან ერევანში, გავატანეთ მას წერილები ჩვენ ორივემ და აგრეთვე ნათესავებმაც. ამასობაში ჩემი ბარგი უკვე შეეკრათ, ჩემოდნები გაემზადებინათ და ყველაფერი სამხედრო ყაიდაზე გაეწყოთ. მეორე ღამეს, თითქმის ცნობადაკარგულმა ამ ამბებისაგან, კვლავ რაზმისაკენ გავსწიე და უკანაც კი არ მომიხედავს.

გუმბრში მომეწია პასუხი მისი მამის ალექსანდრე ჭავჭავაძისა ერევნიდან. ის გვლოცავდა მე და ნინოს და შეჰხაროდა ჩვენს სიყვარულს. განა კარგად არ მოვიქეცი? ჰკითხე ჩემს ძვირფას ვარვარა სემიონის ასულს და ანდრეის, მაგრამ ნურაფერს ეტყვი როდოფინიკინს. მას ეგონება, რომ სიყვარულს შეუძლია ჩაახშოს ჩემში სხვა მოვალეობათა გრძნობა.

სისულელეა. მე ორჯერ უფრო მუყაითი გავხდები, ჩემს და მის მაგივრადაც ვიშრომებ, რომ ვიშოვნო რამე, რითაც შეიძლება შვილები ვარჩინო“.

მოქმედი არმიიდან გრიბოედოვი მალე ისევ თბილისში ბრუნდება.

9 სექტემბერს ახალჯვარდაწერილები გაემგზავრნენ თბილისიდან ირანისაკენ. მათი მარშრუტი ასეთი იყო: კოდა, შულავერი, ერევანი, თავრიზი. ეჩმიაძინიდან გრიბოედოვი სწერდა თავის მეგობარ მწერალ ქალს ვარვარა მიკლაშევიჩს:

„ჩემო მეგობარო, ვარვარა სემიონის ასულო! ჩემი ცოლი ჩვეულებრივ მიყურებს თვალებში და მიშლის წერას - იცის, რომ ვწერ ქალს და ეჭვიანობს.

ნუ გამკიცხავთ დიდი ხნის სიჩუმისათვის... მე ახლა ცოლიანი ვარ და ვმოგზაურობ უზარმაზარი ქარავანით - 110 ცხენით და ჯორით. ღამეებს ვათევ კარვებში, მთების მწვერვალებზე, სადაც ნამდვილი ზამთრის სიცივეა, ჩემი ნინუცა არ სწუხს, ყველაფრით კმაყოფილი, მხიარული და პირმცინარეა. ხანდისხან ჩვენ გვიმართავენ დიდებულ შეხვედრებს. ცხენოსანი ჯარი მოჰქრის, მტვრის კორიანტელს აყენებს. მხედრები დაიქვეითებენ ხოლმე და გვილოცავენ მშვიდობით და ბედნიერად ჩამოსვლას აქ, სადაც ჩვენ, მართალი რომ ვთქვათ, სრულიადაც არ გვინდოდა მოსვლა. ახლა ჩვენ მიგვიღო ეჩმიაძინში მთელი მონასტრის სამღვდელოებამ ჯვრებით, ხატებით, ბაირაღებით, საკმევლის კმევით. და აქ, ამ უძველეს სავანის თაღებს ქვეშ პირველი ჩემი ფიქრი იყო ფიქრი თქვენზე და ანდრეიზე. შეურიგდით ჩემს სიზარმაცეს.

როგორ მოხდა ყველაფერი ეს? სად ვარ და ვისთან? ჩვენ ვიცხოვრებთ სამუდამოთ და არასდროს არ მოვკვდებით.

გესმით? ახლა მე ცოლმა სრულიად უმიზეზოდ მითხრა, რომ მას მხოლოდ თექვსმეტი წელიწადი უსრულდება“.

თავრიზიდან გრიბოედოვი სწერდა იმავე მიკლაშევიჩს:

„მთელი შფოთიანი დღის შემდეგ საღამოს განვმარტოვდები ჩემს ჰარემში, სადაც მე დაც მყავს, ცოლიც და ქალიშვილიც. და ყველა ესენი განსახიერებულია ერთ ლამაზ სახეში... შეიყვარეთ ჩემი ნინიკო! გინდათ იცნობდეთ მას? ერმიტაჟში, შესავალთანვე, მარჯვენა მხარეს დგას მურილიოს ღვთისმშობელი მწყემსი ქალის სახით. ნინო აი სწორედ ისეთია“.

კორნელი ბოროზდინს დაწერილი აქვს მშვენიერი მოგონებები სამეგრელოს და სვანეთის შესახებ. ეკატერინე დედოფალთან სტუმრობის დროს ნინო გრიბოედოვა მას პირადად უნახავს და ალბათ უსაუბრია კიდეც მასთან. ის დაწვრილებით აგვიწერს ნინო ჭავჭავაძეს. ეს უკვე 1854 წელია. მხოლოდ თავის დასთან, დედოფალთან სტუმრობამ გადაარჩინა ნინო გრიბოედოვა შამილის ტყვეობას, თორემ აშკარაა, წინანდალში რომ ყოფილიყო, ისიც უთუოდ მოჰყვებოდა ლეკების ხელში და გატაცებული დარჩებოდა. კ. ბოროზდინი წერდა:

„ჩვენ არ შეგვიძლია ორიოდე სიტყვა არა ვთქვათ რუსეთის გამოჩენილი მწერლის მეუღლის შესახებ, მით უფრო, რომ არსად არაფერი წაგვიკითხავს ამ შესანიშნავ და მეტისმეტად ძვირფასი ადამიანის შესახებ.

ნინო ჭავჭავაძე მეტისმეტად ტანადი იყო, შავგვრემანი და მშვენიერი თვალები ჰქონდა. ის თექვსმეტი წლისა მისთხოვდა ცოლად ა. გრიბოედოვს თავის მომაჯადოებელი სილამაზის აყვავების დროს.

როცა გრიბოედოვი წავიდა თეირანში, საიდანაც ის შემდეგ არც დაბრუნებულა, ნინო მან დატოვა თავრიზში, ხუთი თვის ფეხმძიმე.

თავრიზის ევროპულ წრეში მისი ყველაზე ახლობელი ნაცნობები იყვნენ ინგლისის კონსულის ოჯახის წევრები, მისი ცოლი და ქალიშვილები. ამას გარდა, მასთან სტუმრად იყო მისი ნათესავი თავადი რომან ჭავჭავაძე, რომელიც მამამ გამოგზავნა ნინოსთან.

როცა მოვიდა კატასტროფის ამბავი, რომელიც გრიბოედოვს შეემთხვა თეირანში, ნინო ალექსანდრეს ასულს ეს დაუმალეს. მას მხოლოდ გადასცეს, რომ მის ქმარს დრო არ ჰქონდა წერილი მოეწერა და სიტყვით დააბარა, რომ ის ძალიან დატვირთულია საქმეებით, რომელნიც აიძულებენ დიდხანს დარჩეს თეირანში და ამიტომ სთხოვს ცოლს დაბრუნდეს თბილისში, თავის დედასთან და იქ ელოდოს მის ჩამოსვლას.

დიდი მოხერხება იყო საჭირო, რომ მისთვის სიმართლე დაემალათ, წინათგრძნობა თითქოს ეჩურჩულებოდა, რომ მას რაღაც ამბავს უმალავენ. ამ ხანებში მან მიიღო წერილი თავის მამისაგან, ალექსანდრესაგან, რომელიც მაშინ სომხეთის ოლქის მმართველი იყო. მამაც იმასვე სწერდა და ატყობინებდა - შენს შესაგებებლად ჯულფაში წამოვედი, გელიო. ნინოც დათანხმდა წასვლას და მართლაც მშვიდობით იმგზავრა თბილისამდე. მაგრამ აქ კიდევ უფრო ძნელი შეიქნა მისგან სიმართლის დამალვა; დრო მიდიოდა და მას გრიბოედოვიდან ერთი სტრიქონიც არ მოსდიოდა, რაც მას არაბუნებრივად ეჩვენებოდა, რადგან იცოდა, როგორ გაგიჟებით უყვარდა ქმარს.

მისი იდუმალი შიში თანდათან იზრდებოდა და ბოლოს მან ყველაფერი გაიგო. ერთხელ მას ესტუმრა პასკევიჩის მეუღლე, გრიბოედოვის ბიძაშვილი. ნინოს დედა არ იყო სახლში, სტუმარს წამოსცდა გრიბოედოვის სიკვდილის ამბავი და შემდეგ იძულებული გახდა ყველაფერი ეამბნა.

ნინოს დაემართა საშინელი ისტერიკა და მეორე დღეს ეყოლა უდღეური ბავშვი. და ამნაირად, იმ საშინელმა ამბავმა, რომელსაც მას ასეთი გაფაციცებით უმალავდნენ, ერთდაიმავე დროს წაართვა ორივე ბედნიერება - ცოლისა და დედისა.

ამ თექვსმეტი წლის ქვრივის მწუხარება დიდი იყო და მთელ თავის სიცოცხლეში ის დარჩა თავისი ქმრის ხსოვნის ერთგული, თუმცა ოცდაათი წლით მეტი იცხოვრა მასზე.

ამ დროს არა ერთ ბრწყინვალე და ვნებით შეყვარებულ სასიძოს უთხოვია მისი ხელი, მაგრამ არაფერს არ შეეძლო, დაერღვია ერთხელ დადებული აღთქმა ქვრივობისა, რომელიც მან ბოლომდე შეასრულა. გრიბოედოვის ცხედარი მან გადმოატანინა თბილისში და დამარხა მთაწმინდაზე.

იმ დღიდან მოყოლებული ნინომ თავის სიცოცხლე სულ სხვაზე ზრუნვაში გაატარა, სულ იმას ფიქრობდა, ვის რა სიკეთე ვუყოვო. სხვათა გაჭირვებას ის მუდამ თავისად მიიჩნევდა ხოლმე.“

ეს რაღაც უჩვეულო ამბავი როდია. ეს ჩვეულებრივი ქართველი ქალია და ჩვენც ამიტომ ავიღეთ ეს თემა, რომ ამ მაგალითზე გვეჩვენებინა მისი სულის მთელი სილამაზე. ეს არის შარავანდედი დიდი გმირობისა, და ეს გამოიხატა ცხოვრებაშიც და მწერლობაშიც.

სრულიად არ არის შემთხვევითი, რომ პუშკინს თავის პოემაში - „ბაღჩისარაის შადრევანი“ - ქართველი ქალი ჰყავს გამოყვანილი, როგორც უაღრესად მოსიყვარულე და პირდაპირი მოქმედი.

პუშკინი თავის ნაცნობ ქალთაგან შარავანდედით მოსავდა სათნოებით განთქმულ მარია ნიკოლოზის ასულ რაევსკაიას, რომელიც შემდეგ შეიქმნა დეკაბრისტ ვოლკონსკის ცოლი და გაჰყვა თავის ქმარს ციმბირში.

ეს თავგანწირვა იყო.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თავგანწირვა ნინო ჭავჭავაძისა, რომელმაც თექვსმეტი წლის ბავშვმა დატოვა ადამიანური ცხოვრება, რომ სამუდამოდ შეერთებოდა უდიდეს სიყვარულს, რომელიც მან განიცადა ქმართან ცხოვრების სამი თვის პერიოდში და ისიც სამხედრო ბანაკის პირობებში.

იქნებ ეს იმითაც აიხსნება, რომ ქართული ხასიათი ქალისაგან მოითხოვს მეტ გმირობას და მეტ სიამაყეს. ყოველ შემთხვევაში, ქართულ მწერლობაში ეს ასე არის ასახული და აქ იმდენად მოსატანია, რამდენადაც ნინო ჭავჭავაძე ხორცი ხორცთაგანია ქართული ისტორიული ცხოვრებისა და მისი ბუნებისა.