მწოლარე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მწოლარე
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე
1919 წელი


იყო ის მწუხარება — ბალახებში მწოლარე
და ეფინა ალვათა ხეივანის სუმბული,
მიდიოდა მდინარე, როგორც ლურჯი ოლარი,
და მახლობლად კიოდა მეთორმეტე ბულბული.
და ფოთლების შრიალი იყო, როგორც ოპერა,
შორეული ბაღები, მედეას ხნის კამარა,
უცებ ქარმა ზვირთები დასავლეთით მობერა,
მიეფარა დაღალულს და ზღვებს გადააბარა.
კითხულობდა პოეტებს: ედგარს, ჰანრი რენიეს
და ლანდები ჩქარობდნენ ოცნებების კიდეზე
და ვერ წარმოედგინა ბედნიერს და მშვენიერს
ცა — უფრო უმაღლესი, ცა — უფრო უდიდესი.