მიყვარდა ჰანგი გრძნობით გამთბარი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მიყვარდა ჰანგი გრძნობით გამთბარი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


ყვავილებივით ნაზი და ჩუმი,
ხან მოშრიალე, ვით აბრეშუმი,
ხან მოთამაშე, ვით ნიავ-ქარი -
სიმღერა გულში დაგუბებული
ხან ნიავივით, ხან შეშლილივით
როს სიღრმეში ვერ იტევდა გული,
გადმოდიოდა ფერად ლივლივით.
ვმღეროდი დამთვრალ ყვავილთა მტვერში,
ვმღეროდი ტრფობის ან მტრობის ხმაზე,
მსურდა ყოველში და ყველაფერში
მუსიკა, გრძნობა და სილამაზე.
მუსიკა იგი, ჰოი, მგოსნებო,
მართალი არას იგი თქმულება,
რომ უფრო დიდი და საოცნებო,
უფრო მაღალი დანიშნულება -
არ არის, როგორც განწმენდის ხმაში,
ვით ცეცხლის ალში დააცხრო ვნება,
რასაც არ ჰქვია რითმათა ტაში
და განცდათ ტანჯვა-მშვენიერება.