მთათ ძილი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მთათ ძილი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1887 წელი


ხევებში ჩაწვა ნისლები,
განზედ დაყრილან მთანია,
ერთურთზე მიქადლებულნი,
როგორც ერთგულნი ძმანია.
მთვარე ცას შემოსწყრომია,
წყალი ჩაჰხუის შორადა,
ტირილად მესმის ჩხრიალი
მისი ხევიდამ ორადა.
აგერა, კიდევ იშხივლა,
სული ამოჰხდა სწორადა!
ნამი უმცვრევად მწვანეზედ
ნისლებს ნასტუმრალთ, მრრავალთა,
თან ნამის, სიოს მზიდველთა,
შავთა, შავფერად მავალთა.
შეჰკედლებიან მთათ სამზღვრებს
ორბნი, არწივნი ფრთიანნი;
გავსილა ფრინველებითა
მთების ლოგინი კლდიანი.
იმათაც დასძინებიათ
ნისკარტდაშვებით, მხრებითა,
წყნარად ჩამოდის ჯიხვები
ვიწრო ბილიკებ-გზებითა;
ბულულა გარინდებულა
ერთად პირნათლის ძმებითა.
შავის მანდილით შეკრულა
ხევხუვი, მთისა ყელები,
ცის ტატნად მისდევს მთის წვერებს
ნელსვივნი, როგორც გველები.
აღარსად ცეცხლი ანთია
მწყემსის ფარეხის პირშია…
შორს სამ აყმუვლდა ნადირი
ხშირის ჩონჩხების ძირშია.
აღარსად გუშაგები ჩნან
მთისპირთ დარაჯად მდგომარედ,
აღარც ნაკვანძი ბალახი,
მტრისა ნავალის მხსომარედ.
ვარსკვლავნი მთის წვერთ სწვევიან,
ეუბნებიან ნანასა:
„თქვენს მტერსმაც მაჰკლავს სიკვდილი,
ყელშიმც დასცემენ დანასა!
თქვენს მეტი არვინ გვიამბობს
ხმელეთის, წყლეთის ამბავსა.”
მარცხნით გერგეტი ამდგარა,
მეფე მეფურად მზირალა,
მარჯვნით ბორბალა ერყევა,
როგორც ობოლი მტირალი…
აგერ, ნისლებიც დაიძრა,
როგორც სულები მკვდრებისა,
ცაზედ ვარსკვლავნი დაბნელდენ,
დაბლა - თავები მთებისა.
აღარა გამიგია-რა
აქ გასავალის გზებისა!..
მთათ სძინავთ, არ იღვიძებენ,
შიში არა აქვსთ მტრებისა!..