მაგრამ მე რა ვქნა?

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მაგრამ მე რა ვქნა?
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე
1916 წელი


მაგრამ მე რა ვქნა. მე. ვისაც სული
მაქვს დაწეწილი მწარე ქარებით,
ვინც აღტაცება არ ვიცი სრული
არც სიყვარულით, არც მწუხარებით.
მე. ვისაც მტანჯველი აზრად გაუარს -
დაკმაყოფილდეს ისევ თბილისით,
ვინც ღამით დასწვავს შოპენგაუერს,
რომ უფრო მძაფრად იცხოვროს დღისით.
გადია. მე ხომ ღამის ლანდები
მიგვიანებენ საყვარელ ნდომას,
სიკვდილში როდი ვეჭვიანდები,
ვხედავ შეცდომას.
მე დემონები ქროლვით მარადით
მომაგონებენ დაფარულ შხამით,
რომ უიმედოდ მივქროდი ღამით
გატეხილ შუბით და მუზარადით.