ლაურა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ლაურა
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


ჟამსა სევდისას, მარტოობის, ჟამსა მწუხარეს,
ოდეს არსაით თანაგრძნობის ხმა არ მომესმის,
მე კვლავ ვოცნებობ ლაურაზე, იმ ლაურაზე,
რომელმაც სხივით გააშუქა სიცოცხლე მგოსნის.
სიყმაწვილიდან ვზრდიდი გულში მე იმის სახეს,
თავს ვევლებოდი ტკბილ ოცნებას, როგორც ფარვანა,
და როს პეტრარკას ნაზ სონეტებს ვიზეპირებდი,
ჩემთვის ლაურა იყო შორი, უცხო ქვეყანა:
მე არ მინახავს მისი სახე ჩემს სამშობლოში
და ვერცა ვნახავ ვერასოდეს ლაურას სახეს,
ასე უმიზნოდ, უალერსოდ სულს დავლევ ბრბოში
ასე მოვკვდები ჩემს საყვარელ საქართველოში,
ისე დამიგებს მე სიკვდილი აუცლელ მახეს,
რომ ვერ ვიხილავ ვერასოდეს ლაურას სახეს.