თოფურიძეთა სასისხლო სიგელი (გამოკვლევები)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ნაშრომები საქართველოს ისტორიაში




გამოკვლევები ქართული საბუთების შესახებ






თოფურიძეთა სასისხლო სიგელი (გამოკვლევები)[edit]

თოფურიძეთა სასისხლო სიგელი პირველად გაზეთ "ივერიაში" გამოაქვეყნა ექვთიმე თაყაიშვილმა. მას შემდეგ საბუთი რამოდენიმეჯერაა გამოქვეყნებული და არაერთი გამოკვლევაცა აქვს მიძღვნილი.

1891 წ. - ექვთიმე თაყაიშვილი
[edit]

1891 წელს გაზეთ "ივერიაში" დაიბეჭდა ექვთიმე თაყაიშვილის სტატია ნიმუშები სამეგრელოს სიგელ-გუჯრებისა: I. სიგელი თოფურიძეთა. II. გუჯარი რატიანითა. III. სიგელი ჩიჩუასი.


სწორედ ამ სტატიაშია პირველად გამოქვეყნებული თოფურიძეთა სასისხლო სიგელი, რომელიც ე. თაყაიშვილისათვის გადაუცია ნიკო ტარიელის ძე დადიანს.

ე. თაყაიშვილს გამოქვეყნებული აქვს საბუთის აღწერილობა, სრული ტექსტი და დართული აქვს შენიშვნები.

საბუთის აღწერილობა ე. თაყაიშვილის მიხედვით: "ეს სიგელი დაწერილია ეტრატზედ, რომელიც შესდგება ორის ერთი ერთმანეთზე მიკერებულის ნაჭერისაგან. სიგძე ორისავე ნაჭერისა არის ორი არშინი და ორი გოჯი, განი 5 1/2 გოჯი. სიგელი ნაწერია მრგვალისა და თავისებურის მხედრულის ხელით, რომლის ასოთა შორის "ჩ"-ს ჯერ კიდევ ხუცურის ხასიათი აქვს. პირველი ათი სტრიქონი სიგელისა ძლიერ გადასულია და მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გავარჩიეთ, დანარჩენი-კი სრულია."

ე. თაყაიშვილმა, ცხადია, უარყო სიგელის ქორონიკონი ცხრაას სამოცდა რვა და იმის გამო, რომ საბუთში იხსენიება ივანე ათაბაგი, თაყაიშვილმა საბუთი ყოველგვარ ეჭვს გარეშე მიაკუთვნა ალექსანდრე I-ს და შესაბამისად დაათარიღა 1413-1442 წლებით. აქვეა აღსანიშნავი, რომ ე. თაყაიშვილს არავითარი ეჭვი არ გამოუთქვამს საბუთის ნატყუარობის შესახებ.



1897 წ. - თედო ჟორდანია
[edit]

თოფურიძეთა სასისხლო სიგელის შემდეგი გამოცემა, უკვე თედო ჟორდანიას ეკუთვნის, რომელმაც თავისი "ქრონიკების" II ტომში 1428-1430 წლების ქვეშ გადმობეჭდა საბუთი "ივერიის" გამოცემიდან, თუმცა მისი დათარიღება თვითონვე დააყენა ეჭვქვეშ:

"სიგელი მიცემულია მეფის ალექსანდრეს მიერ და მასში მოხსენებულნი არიან ათაბაგი ივანე (1391-1444) და კათალიკოზი დავით, რომელიც ჩვენს საბუთებში სჩანს 1426-1430 წლებში, და ამით საგულისხმებელია, რომ სიგელი უნდა იყოს მიცემული მეფე ალექსანდრე I-ისგან 1426-1430. მაგრამ ამ სიგელს ბევრი ნიშნები აქვს იმისი, რომ იგი ანუ ყალბია და ანუ იმერთა მეფეს ალექსანდრე II-ს უნდა ეკუთნოდეს: 1) ქორონიკონი უწერია 968, რაიცა სრულიად არ იხმარებოდა ქართულს მწერლობაში; 2) მასში მოხსენებულია მაწყვერელი სვიმონ, რომელიც ცხოვრობდა ყვარყვარეს ძის მზეჭაბუკის დროს და მაშასადამე მე-XV საუკუნის დასასრულს, როდესაც მართლა კათალიკოზობდა დავით III (1447, 1472, 1451, 1488 წლებში), 3) მანუელ 1534 წელს დადგენილ იქმნა ნიკორწმინდელად და შეიძლება იგი წინედ იყო ქუთათელი; 4) აქ მოხსენებულნი ეპისკოპოსნი და ციციშვილ-ბარათიანნი არც ერთს ჩვენგან ცნობილ საბუთებში არ სჩანან."



1909 წ. - ექვთიმე თაყაიშვილი
[edit]

1909 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა თავისი "საქართველოს სიძველენის" II ტომში კიდევ ერთხელ გამოსცა თოფურიძეთა სასისხლო სიგელი. აქაც საბუთი კვლავ ალექსანდრე დიდის მეფობით, კერძოდ კი 1413-1444 წლებითაა დათარიღებული და წარმოადგენს "ივერიის" გამოცემის ხელახალ პუბლიკაციას.

1413-1444 წწ. სასისხლო სიგელი თოფურიძეთა, დაწერილია ეტრატზედ, რომელიც შესდგება ორი ერთმანეთზე მიკერებული ნაჭერისაგან. სიგრძე ორთავე ნაჭერისა არის ორი არშინი და ორი გოჯი. განი აქვს 5 1/2 გოჯი. სიგელი ნაწერია მრგვალი მეთუთხმეტე საუკუნის მხედრულის ხელით, რომლის ასოთა შორის "ჩ"-ს ჯერ კიდევ ხუცურის ხასიათი აქვს. პირველი ათი სტრიქონი სიგელისა ძლიერ გადასულია და მათში მხოლოდ რამდენიმე სიტყვა განირჩევა. ნიშნებათ არევით იხმარება სამ-სამი, ორ-ორი და თითო წერტილი. თარიღში აშკარა შეცთომაა, მაგრამ სიგელი ალექსანდრე მეფეს ეკუთვნის, მცხეთის მაშენებელს, რომლის დროსაც სცხოვრობდენ ზოგიერთი სიგელში მოხსენიებულნი პირნი.

ე. თაყაიშვილის განმარტებით საბუთის ტექსტში მოხსენიებული ივანე ათაბაგი ცხოვრობდა მეფე ალექსანდრეს დროს (1391-1444), ხოლო დავით ცხეთელი უნდა იყოს დავით კათალიკოზი, რომელიც იხსენიება ალექსანდრე მეფის დროს.




1920 წ. - სარგის კაკაბაძე
[edit]

1920 წელს სარგის კაკაბაძემ თავის ნაშრომში "აფხაზ-იმერეთის სამეფოს წესწყობილებისათვის მე-XV-XVI საუკუნეში", რომელის გამოქვეყნდა მისივე კრებულში სარგის კაკაბაძე - კვლევა-ძიებანი საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ კიდევ ერთხელ გადაბეჭდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გამოცემული თოფურიძეთა სასისხლო სიგელი და დაურთო მას ვრცელი გამოკვლევა.

საბუთს სარგის კაკაბაძე იმერეთის მეფე ალექსანდრე II-ს მიაკუთვნებს და მისი ზეობის ხანით, ანუ 1484-1510 წლებით განსაზღვრავს. ხოლო ივანე ათაბაგად მას მიაჩნია კათალიკოს ბასილისათვის მანუჩართან ერთად ბოძებული სიგელის გამცემი ივანე ათაბაგი (იხ. ქრონიკები II - გვ.346).

საბუთში მოხსენიებული კიდევ ერთი პირი სვიმონ მაწყვერელი, სარგის კაკაბაძის აზრით მაწყვერლად დასვეს იაღუბ ყაენის მიერ აწყვერის ღვთისმშობლის ხატის დატყვევების (1485 წ.) შემდეგ და მაწყვერლად იყო მზეჭაბუკ ათაბაგის დროსაც (იხ. ქრონიკები II - გვ.321).

ამასთან ერთად ს. კაკაბაძის აზრით, თოფურიძეთა სიგელი უფრო XV საუკუნის ბოლოსაა გაცემული, ვიდრე XVI საუკუნის დასაწყისში, რადგან სამცხის ათაბაგად აქ ივანე ჩანს და არა მზეჭაბუკი და მისი აზრით საბუთის თარიღი 968 ანუ შჲჱ შესაძლებელია ყოფილიყო გადამწერის შეცდომა 178 ანუ როჱ ქორონიკონის ნაცვლად, რაც მოგვცემდა 1490 წელს.

ამის შემდგომ სარგის კაკაბაძე მიმოიხილავს რა საბუთში ჩამოთვლილ დიდებულებს, გამოჰყოფს მათ შორის ათაბაგ-დადიან-გურიელთან ერთ ჯგუფში დასახელებულ ფარიჯანიანს, ჭილაძეს, ამირეჯიბის და ციციშვილს. ეს უკანასკნელი. მიუხედავად იმისა, რომ ქართლის თავადს წარმოადგენს, რადგან ამ პერიოდში იმერეთის სამეფო კარის ხელისუფლება ქართლის გარკვეულ ნაწილზეც ვრცელდებოდა, ამდენად ს. კაკაბაძის აზრით ციციშვილის დასახელება იმერეთის წარჩინებულთა შორის არც ისე უცნაურია. ასევე მკვლევარი ყურადღებას მიაპყრობს, რომ დიდებულთა შორის მხოლოდ ფალავანდიშვილებია ორი პირით წარმოდგენილი და ასკკვნის, რო საქმე გვაქვს ფალავანდიშთა ორ შტოსთან: იმერეთი და ქართლის შტოებთან.




1973 წ. - ოლღა სოსელია
[edit]

1973 წელს ოლღა სოსელია გაკვრით შეეხო თოფურიძეთა სიგელის დათარიღების საკითხს და აღნიშნა, რომ სარგის კაკაბაძის დათარიღებაზე (1490 წ.) უფრო სწორად ე. თაყაიშვილისეული დათარიღება (1413-1444 წწ) მიაჩნდა.




2014 წ. - დარეჯან კლდიაშვილი
[edit]

2014 წელს დარეჯან კლდიაშვილმა "ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის" III ტომში ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული დედნის K-1608 საფუძველზე კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა საბუთის ტექსტი, დაურთო მას დედნის ფოტოპირი და ვრცელი გამოკვლევა, რომელიც უცვლელად მოგვყავს:

თ ა რ ი ღ ი : საბუთში მითითებულია ალექსანდრე მეფის მეფობის "ჟამი" და უჩვეულო ქორონიკონი - ცხრაას სამოცდარვა, რაც იძლევა 2280 წელს. თვისა და დღის აღსანიშნად მითითებულია 17 მაისი. საბუთი პალეოგრაფიული ნიშნებით აშკარად ძველია - მისი გრაფიკული თავისებურებები თავსდება XV-XVI საუკუნის პირველ ნახევარში, მაგრამ უცნობია, ამ პერიოდიდან რომელ ალექსანდრეს მიეწერება საბუთის გაცემა. მწიგნობრის მიერ ქორონიკონის მითითებისას დაშვებულმა უხეშმა შეცდომამ გამოიწვია საბუთში მოხსენიებული ალექსანდრე მეფის სხვადასხვაგვარი იდენტიფიკაცია. თ. ჟორდანია სიგელს 1426-1430 წლების ქვეშ ათავსებს, თუმცა თვითვე გამოთქვამს ეჭვს დათარიღების სისწორეში და აღნიშნავს, რომ სიგელი, შესაძლებელია, იმერთა მეფე ალექსანდრე II-ს ეკუთვნოდეს (თ. ჟორდანია, 233. ე. თაყაიშვილმაც სიგელი ალექსანდრე I-ს მიაკუთვნა და იგი 1413-1444 წლებით დაათარიღა (ე. თაყაიშვილი, 35). ს. კაკაბაძემ საბუთი ალექსანდრე II იმერთა მეფეს მიაკუთვნა და იგი 1490 წლით დაათარიღა.

საბუთის დამწერი, გარდა ქორონიკონში დაშვებული შეცდომისა, უხეშად არღვევს დიპლომატიკური ფორმულების შედგენის წესებს, რაც დამახასიათებელია სასისხლო სიგელებისათვის. საბუთის sanctio-ში, სადაც, ჩვეულებრივ, სამეფო კარის მოხელეთა ჩამონათვალი უნდა იყოს, არის ვრცელი ნუსხა დამწერისათვის ცნობილი დიდგვაროვნებისა და საეკლესიო იერარქებისა, რომელთა შორის ერთად არიან მოხსენებულნი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლები. ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ საბუთი შედგენილია საქართველოს ერთიანობის ხანაში (ასეც ფიქრობდნენ თ. ჟორდანია და ე. თაყაიშვილი, როდესაც საბუთს ალექსანდრე I-ის დროს აკუთვნებდნენ), მაგრამ ამგვარ დასკვნას წინ ეღობება ქართლის თავადების გვარსახელთა ფორმები - "ციციშვილი" და "ბარათაშვილი", რომლებიც უცნობია ალექსანდრე I-ის დროისათვის. ეს გვარსახელები დამოუკიდებლად, მათივე წინამორბედი გვარსახელების (ფანასკერტელი, ქაჩიბასძე) გარეშე, XV საუკუნის მიწურულს ჩნდება. "ციციშვილის" შეუთავსებლობას ალექსანდრე დიდის ეპოქასთან ყურადღება მიაქცია ს. კაკაბაძემ. საბუთის დასათარიღებლად მანვე მიუთითა ალექსანდრე II-ის თანამედროვე ისტორიულ პირებზე, სვიმონ მაწყვერელსა და ივანე ათაბაგზე, რომლებიც საბუთის sanctio-ში არიან მოხსენიებული. ს. კაკაბაძის მოსაზრებით, საბუთის sanctio XV საუკუნის მიწურულის ვითარებას უფრო ასახავს, ვიდრე XVI საუკუნის დასაწყისისას, როცა სამცხის ათაბაგი მზეჭაბუკი ხდება (ს. კაკაბაძე, 75). "პირთა ანოტირებულ ლექსიკონში" საბუთი ალექსანდრე II იმერთა მეფის ზეობის წლებით (1484-1510) დათარიღდა ("პირთა ანოტირებული ლექსიკონი" - ტ. I, 219). რასაკვირველია საბუთის დასათარიღებლად მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ საბუთის შემდგენისათვის დასაშვებია იმერეთის სამეფო კარზე ერთდროულად ქართლისა და იმერეთის თავადთა მოხელეობა. ასეთი შერეული შემადგენლობა იმერეთის სამეფო კარის დარბაზისა მოსალოდნელია XV საუკუნის 80-იან და XVI საუკუნის პირველ ათეულ წლებში, როცა ალექსანდრე II-სა და კონსტანტინე II-ს შორის ცვალებადი უპირატესობით მიმდინარეობდა ბრძოლა ამ ორი სამეფოს ერთიანობის შესანარჩუნებლად. ამდენად, საბუთის გამცემი ალექსანდრე მეფე შეიძლება იყოს მხოლოდ იმერთა მეფე ალექსანდრე II, რომლის ზეობის (1484-1510) წლები "კორპუსში" მიჩნეულია მოცემული საბუთის სავარაუდო თარიღად.



2016 წ. - გონელი არახამია
[edit]

უკანასკნელად თოფურიძეთა სასისხლო სიგელის დათარიღების საკითხს შეეხო გონელი არახამია თავის ნაშრომში "სასისხლო სიგელთა დათარიღებისათვის". ნაშრომში მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს საბუთში მოხსენიებულ გიორგი ერისთავზე, რომელიც მას რაჭის ერისთავ გიორგი აფხაჭელიძედ მიაჩნია და რადგან 1488 წელს რაჭის ერისთავი უკვე ივანე ჩხეტიძეა, ამის გამო სიგელის გაცემის ზედა თარიღად იგი 1488 წელს მიიჩნევს და საბუთსა 1484-1488 წლებით ათარიღებს. ქვემოთ მთლიანად მოგვყავს გ. არახამიას გამოკვლევა თოფურიძეთა სიგელის შესახებ:

თოფურიძეთა სასისხლო სიგელი. შემონახულია საბუთის ეტრატზე დაწერილი პირი (მხედრულად), რომელიც დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში (ქიმ 1508). ეს ხელნაწერი 1853 წ. ეგნატი და თეიმურაზ თოფურიებს, როგორც აზნაურობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წარუდგენიათ სამეგრელოს სამთავროს სუჯუნის მაზრის მდივანბეგ ტ. ჩიქოვანისთვის[1]. საბუთის ტექსტი გამოცემულია ხუთჯერ: ე. თაყაიშვილის[2], თ. ჟორდანიას[3], ს. კაკაბაძისა[4] და დ. კლდიაშვილის მიერ[5].

საბუთის მიმღებნი არიან კაციბერ, შერგილ, გიორგი და იოვანე თოფურიძეები. გამცემია მეფე ალექსანდრე.

საბუთის ბოლოს მითითებულია გაცემის თარიღი: "დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჟამსა ალექსანდრეს მეფობისასა ქორონიკონსა ცხრაასსამოცდარვასა, თვესა მაისსა ა(თ)ჩვიდმეტსა".

ქრონიკონის რიცხვითი მაჩვენებელი 968, როდესაც მისი სრული ციკლი მხოლოდ 532 წელიწადს მოიცავს, ცხადია, მცდარია. ს. კაკაბაძე ვარაუდობდა, დედანში ქრონიკონის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო როჱ, რომელიც გადამწერმა არასწორად გაიგო. ამ სავარაუდო აღდგენით, საბუთის დედნისეული თარიღი იყო 178 ანუ 1490 წელი.

საბუთის გამცემ მეფე ალექსანდრეს ე. თაყაიშვილი აიგივებს ალექსანდრე I-თან და სიგელსაც მისი ზეობით, 1412- 1442 წლებით ათარიღებს151. აღნიშნულ იდენტიფიკაციას იზიარებს თ. ჟორდანიაც, ოღონდ საბუთში მოხსენიებულ "დავით ცხეთელს" კათალიკოსად მიიჩნევს და აიგივებს სხვა წყაროებით 1426-1430 წლებში ცნობილ დავით კათალიკოსთან, აქედან გამომდინარე, საბუთსაც ამ წლებით ათარიღებს[6]. ამავე დროს თ. ჟორდანია წერს: "ამ სიგელს ბევრი ნიშნები აქვს იმისა, რომ იგი ან ყალბია, ან იმერთა მეფეს ალექსანდრე II-ს უნდა ეკუთვნოდეს". თ. ჟორდანიას აზრით, ამ მეორე ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს სიგელშივე მოხსენიებული სვიმონ მაწყვერელისა და საქართველოს კათოლიკოსის დავით III-ის მოღვაწეობის ხანა - XV ს. ბოლო[7].

სიგელში მოხსენიებული ივანე ათაბაგისა და სვიმონ მაწყვერელის მოღვაწეობის ხანის მიხედვით ს. კაკაბაძეც საბუთის გამცემ მეფე ალექსანდრეს იმერთა მეფე ალექსანდრე II-სთან (1484-1510) აიგივებს[8]. ამის გათვალისწინებით აღადგენს ის, როგორც ვნახეთ, საბუთის გაცემის სავარაუდო დედნისეულ თარიღს. ივანე ათაბაგისა და სვიმონ მაწყვერელის მოღვაწეობა კი 1486-1515 წლებში თავსდება[9]. ს. კაკაბაძის არგუმენტაციას იზიარებს დ. კლდიაშვილი[10].

ვფიქრობთ, საბუთის გამცემი მეფის გაიგივება იმერთა მეფე ალექსანდრე II-სთან სავსებით ნათელია. ამასთან დაკავშირებით, სვიმონ მაწყვერელისა და ივანე ათაბაგის მოღვაწეობის ხანის გარდა, ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ საბუთში მოწმეებად დასახელებული შიოშ ფალავანდიშვილი, დავით ციციშვილი, საყან მაჭუტაძე, დიმიტრი ბერიძე, ლომინი მახაძე[11] ნამდვილად ალექსანდრე II იმერთა მეფის თანამედროვენი და მისი გარემოცვის წევრები არიან. ამას ადასტურებს ალექსანდრე II-ის სიგელი ფალავანდიშვილებისადმი ბოძებული 1488 წ. 1 ივლისს. სიგელის ერთ-ერთი ადრესატია სიაოშ იგივე შიოშ ფალავანდიშვილი, მოწმეებად დასახელებულნი არიან დავით ციციშვილი, აგრეთვე, მაჭუტაძე, ბერიძე, მახაძე (სახელების გარეშე)[12]. აშკარაა, რომ თოფურიძის სასისხლო სიგელში წარმოდგენილი ალექსანდრე მეფისა და 1488 წ. სიგელში წარმოდგენილი ალექსანდრე II იმერთა მეფის გარემოცვა იდენტურია, რაც, ბუნებრივია, ამ ორი მეფის იდენტურობის მაჩვენებელიცაა.

ასე რომ, თოფურიძეთა სასისხლო სიგელი უნდა დათარიღდეს ალექსანდრე II იმერთა მეფის ზეობის ანუ 1484- 1510 წლებით, მაგრამ შესაძლებელია თარიღის დავიწროებაც. ამის შესაძლებლობას გვაძლევს სიგელში დასახელებული გიორგი ერისთავის ვინაობა. გიორგი ერისთავი, ცხადია, რაჭის ერისთავია. რაჭის ერისთავი გიორგი, გვარად აფხაჭელიძე, იხსენიება მაღნარაძის სასისხლო სიგელში (ამაზე ქვემოთ), აგრეთვე, წარწერებში.

1488 წ. სიგელში რაჭის ერისთავია ივანე ჩხეტიძე[13]. აქედან მოკიდებული რაჭის ერისთავები ამ გვარის წარმომადგენლები არიან, სანამ მათ საგვარეულოს სოლომონ I დაამხობდა[14].

აშკარაა, რომ გიორგის ერისთავობა წინ უსწრებდა ივანე ჩხეტიძის ერისთავობას და, შესაბამისად, თოფურიძის სასისხლო სიგელის შედგენა ფალავანდიშვილების სიგელის გაცემას (1488 წ.). აქედან გამომდინარე თოფურიძეთა სიგელი გაცემულია 1484-1488 წლებს შორის.

მაღნარაძეთა სასისხლო სიგელი. შემონახულია ეტრატზე გადაწერილი პირი, რომელიც დაცულია საქართველოს საისტორიო არქივში (1448-5040). საბუთის შინაარსი რუსულ ენაზე გამოაქვეყნა დიმ. ფურცელაძემ[15]. გასული საუკუნის 20-იან წლებში ქუთაისის არქივში ს. კაკაბაძემ მიაკვლია

  1. იხ. ჭუმბურიძე, ჩიქოვანი, სიჭინავა 2013: 89.
  2. თაყაიშვილი 1891: №213; თაყაიშვილი 1909: 35-38.
  3. ჟორდანია 1897: 233-235.
  4. კაკაბაძე 1920: 73-75.
  5. საბუთების კორპუსი 2014: 261-264.
  6. ჟორდანია 1897: 233.
  7. ჟორდანია 1897: 233.
  8. კაკაბაძე 1920: 75-76.
  9. გურგენიძე 2013: 84, 86.
  10. საბუთების კორპუსი 2014: 261-262.
  11. თაყაიშვილი 1909: 37.
  12. კაკაბაძე 1924: 25.
  13. კაკაბაძე 1924: 25.
  14. სოსელია 1973: 74, 102; მეტრეველი 2013: 94, 104.
  15. ფურცელაძე 1881: 36-37.