ეს მშობლიური ქარია

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ეს მშობლიური ქარია
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე
1922 წელი


I

შავმა ნისლმა დანისლა
მთები დაღესტანისა,
აიმართნენ კოშკები
ცისა და ნესტანისა.
გახსოვს? ტოტი ქარისა
აქანებდა მთვარესა...
“ნეტა ახლა სადა ხარ
და რომელსა მხარესა”.
მგლოვიარე ბინდებით
იბურება ყვარელი,
ვაზით და სიმინდებით
მიდის გზა საყვარელი;
ჩანს შორეულ ჩრდილების
კიდეებზე მონთება
და ომგადახდილების
ოხვრა მომაგონდება.
შავმა ნისლმა დანისლა
მთები დაღესტანისა,
ეცემიან კოშკები
ცისა და ნესტანისა.

II

ეს მშობლიური ქარია.
ეს სოფელია მძინარე.
არ ვიცი, რად მიხარია:
ვაზი, ყანები, მდინარე.
დღემ ნისლი შემოიხვია,
გზაც სიარულმა დალია,
ის - ძველისძველი ციხეა,
იქ კიდევ წინანდალია.
წინანდალს ვაზი ამშვენებს,
ახმეტას - ვაშლი წითელი.
როგორ რთავს, როგორ აშენებს
აკიდოების მკიდელი.
იქ ტყეა მთვარით ქსოვილი,
ვით ლოენგრინეს სიზმრი,
ლაჟვარდით გადათოვილი
და ვერცხლით ნათილისმარი.

III

შუქი გაიშალა,
წყალი დაიფერა,
სიო დაიბერა,
ჩალა გაიჩალა,
სიზმარს აბარია
ველი შენაფერი...
ახლა ყველაფერი
ოქროს ზღაპარია.
არც ხმა, არც ჩურჩული,
ბინა - მინაგნები,
თვალებდალურჯული
თრთიან იალქნები.
ძილი მეგონება:
უცებ ქაოსიდან
მთვარემ ამოზიდა
ლურჯი მოგონება.



#licence info
Public domain
This work is in the public domain in the United States because it was first published outside the United States prior to January 1, 1929. Other jurisdictions have other rules. Also note that this work may not be in the public domain in the 9th Circuit if it was published after July 1, 1909, unless the author is known to have died in 1953 or earlier (more than 70 years ago).[1]
This work might not be in the public domain outside the United States and should not be transferred to a Wikisource language subdomain that excludes pre-1929 works copyrighted at home.
According to the copyright law of Georgia this text will be in the public domain by January 1st 1930.

მოცემული ნამუშევარი საზოგადოებრივ საკუთრებაშია ამერიკის შეერთებული შტატების საავტორო უფლებების შესახებ კანონის თანახმად, რადგანაც თავდაპირველად იგი დაიბეჭდა 1929 წლის 1 იანვრამდე. სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოს კანონმდებლობების თანახმად შესაძოლა ეს ნამუშევრები დღემდე დაცულნი იყვნენ საავტორო უფლებებით.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ეს ნამუშევარი გადავა საზოგადოებრივ საკუთრებაში 1930 წლის 1 იანვარს.