ერეკლეს სიზმარი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ერეკლეს სიზმარი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1909 წელი


ომ-გადახდილსა პატარა კახსა
 ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა,
 თავი მიეყრდნო უნაგირზედა,
 ტანზე ნაბადი გადაეფინა.
 აღარ სჩანს მტერი - ბრძოლის საგანი,
 თორემ გმირს ძილსა ომი ერჩივნა.
 დარაჯად ადგან შვიდნი ხევსურნი,
 ერეკლეს ცხენიც ბალახსა სძოვდა:
 მიგდებ-მოგდებით ყოფნას ჩვეული,
 თივას და ქერსა არავის სთხოვდა.
 ერეკლეს თავით უზის ხევსური,
 იმ ბრძოლის გმირი ხიმიკაური,
 ომის ფიქრებში არის გართული,
 არც სწყურა წყალი, არც ჰშიან პური.
 გამაძღარია იმ დღის მტრის ჟლეტით,
 ასუყული აქვს სული და გული.
 რამდენი მოჰკლა ლეკი, ოსმალო,
 გუნებაში სთვლის, ვარაუდს სწევდა:
 “ოცი... ორმოცი...
 კიდევაც მეტი,
 მხოლოდა ხმლითა”, თან ჩიბუხს სწევდა,
 ხმალს დაჰხაროდა ბაწარეულსა,
 ვადას ხელს სჭიდებს, თან ამოსწევდა.

 ერეკლე ჰბორგავს ძილში, ქვითინებს.
 “რა ესიზმრება? ვაი ჩვენს თავსა!”
 სწუხან ხევსურნი, თუმცა ვერც ერთი,
 რომ გააღვიძოს, ვერ ჰბედავს მასა.
 თვით გაიღვიძა, არ დააყოვნა,
 ლომმა ლომურად წამოიწია,
 დარაჯთ ჩურჩულსა, ვიშვიშ-კურკურსა
 იმავე წუთში ყური მოსწია.
 “ვინა ხართ მანდა?” წარმოსთქვა გმირმა,
 რა თვალი გარსა მიავლ-მოავლო.
 - “ჩვენ ვართ, ერეკლევ, შენი ხევსურნი”, -
 ხიმიკაური მივიდა ახლო, -
 “მადლობა ღმერთსა, რომ გაიღვიძე!
 დავღონდით: ძილში ძალიან სწუხდი...
 შეჰშურდა, ალბათ, დღეს გამარჯვება
 ჩვენი და მიტომ ეშმაკი - ქურდი
 მოგაჩვენებდა სადარდოს რასმე,
 დავლათიანთა ჰშურობს, ცხადია;
 გული-გონება ჰსურს მოგვიწამლოს
 ღვთისგან წყეულმა, მისი ფანდია”.

 - “ეგ ღმერთმა უწყის, - ამბობს ერეკლე, -
 მაგრამ სიზმარი კარგი ვერ ვნახე”.
 ამოიოხრა გულიდან ღრმადა
 და კაეშანით აღევსო სახე.
 - “მაინც რა ნახე, ჩვენო ერეკლევ,
 თავს შემოგევლე, ჭირი მოგპარე!
 შენს ყმათაც გვინდა გულით ვიცოდეთ,
 რაც შაგემთხვევა ტკბილი თუ მწარე;
 შენი სვე-ბედი იგივ ჩვენია,
 სიზმარი ჩვენაც გაგვიზიარე”.

 - “რატომ?! იცოდეთ, რა დაშავდება,
 ღვთის განჩინება ყველამ გაიგოს
 და მომავალი ჩვენის ქვეყნისა
 დიდმა, პატარამ ადრე შაიგნოს.
 გაიგეთ, შვილნო, და ვაი ჩემს თავს,
 ვაი შენ, ჩემო დიდო ამაგო:
 როს დაინგრევი, ტურფავ ტაძარო,
 რა მოვაგვარო, სითღა ავაგო?!
 მე ის მესიზმრა, რომ საქართველოს
 თავით ბოლომდე ცეცხლი ეკიდა,
 თვით ჩემს სრა-სახლსა, სამეფო ტახტსაც...
 მტერი სთელავდა ხალხსა ფეხითა.
 ჩემი ლაშქარი აბჯარ-აყრილი
 იდგა უძრავად და არა სწუხდა,
 თუმცა ვიძახდი: “აბა, ბიჭებო,
 უჭირს ქვეყანას!” ხმა ჩემი ჰქუხდა.

 გაქვავებულან, თითქოს სტკბებიან,
 რომ საქართველო ცეცხლშია სდუღდა”.

 - “ღმერთმ ნუ ამყოფნეს! - ამბობს ძაღლიკა, -
 ნუმც გაუთენოს მშვიდობის დილა...
 მეც თუ იქ ვიყავ გაურჯელადა,
 მითხარ, ერეკლევ, თავი მოვიკლა?”
 - “ჩვენც იქ ვიყვენით ხელ-გაუნძრევლად?” -
 აღელვდენ მასთან ხევსურნიც სხვანი:
 - “თუ გაურჯელად იქ ვეყარენით,
 რადღა გვინდანან წვერ-ულვაშ-თმანი?
 მოგვისპოს ღმერთმა სამუდამოდა
 სახევსურეთოს სავალნი გზანი!
 როგორ შავუდგეთ არაგვის ჭალას,
 როგორ-ღა ვნახეთ ჩვენ ჩვენი მთანი?!
 - “თქვენ ვერ შეგნიშნეთ ვერც ერთი იქა”, -
 ამბობს ერეკლე, ღიმილი მოსდის,
 მოურჩა გული ნამტირალევი,
 ფიქრები მწარე, გრძნობები გლოვის. -
 “რომ ვერ ვასმინე ვერავის სიტყვა,
 ვიმუქრებოდი, ვსწუხდი, ვყვიროდი.
 “რამ მომიხიბლა ერი ერთგული?”
 თავსა ვკითხავდი, დიდად ვკვირობდი.
 რომ ვერას გავხდი, ბრაზ-მორეულსა
 გამომეღვიძა... თურმე ვსტიროდი”.

 - “ეგ არ იქნების, არ შაიძლების!
 დაწვა ტაძრისა რა სათქმელია?
 რა დავაშავეთ განა ისეთი,
 ღმერთმა აიღოს ჩვენზე ხელია,
 ეგრეც აღმოგვფხრას, გაგვანადგუროს
 და გაალაღოს ჩვენზე მტერია?!
 არ შაიძლების, ეგ არ იქნების!” -
 ურჩნი ხევსურნი ამას ჰყვირიან.
 - “რაც ჩვენ არ ვიცით, ძვირფასო ყმანო,
 ის დაწვრილებით ცაში იციან”, -
 უთხრა ერეკლემ, ორივე ხელი
 მაღაღადებლად აღაპყრო მაღლა:
 “მადლობელნი ვართ, ღმერთო ძლიერო,
 რასაც მოგვივლენ ჭია-მღილთ დაბლა.
 გებარებოდეს შენ საქართველო,
 დაუსრულებლად მტრისგან გვემული!
 მეტი ვერ შევსძელ, ვით ხორციელმა,
 მტკიცედ დამეცვა ერი და რჯული.
 შენ უპატრონე ტანჯულს ქვეყანას,
 არ მოჰკლა მასში გმირული სული,
 აზრი მიეცი მაღალი, მტკიცე,
 სიცოცხლე მყუდრო, მოსვენებული!”

 იქვე ხევსურნიც პირჯვარს იწერდენ,
 აძლევდენ ბანსა ერეკლეს ლოცვას.
 გადაეხადათ თავის ჩაჩქნები,
 უერთდებოდენ თვით მეფის მოთქმას.

 ამ დროს აღმოჩნდა აღმოსავლეთით
 შვენება ცისა - დილის ცისკარი,
 დაბანაკებულს ქართვლისა ჯარსა
 ესროლა სხივი, როგორც ისარი.
 ცისკრის ამოსვლა ერეკლეს წესით
 ჯარის აშლისა ნიშანი არი.

 გასცა ბრძანება... აძრახდა ბუკი,
 ლაშქრის აყრასა მოსთქვამს ნაღარა.
 წამოიშალა ერთს წამს ლაშქარი,
 აასხეს ცხენებს აღვირ-ავშარა;
 აჰკიდეს ჯორებს და აქლემებსა,
 დავლად კოხტამა რაც ჩააბარა,
 თავი შეაკლა მეფე ერეკლეს
 და ქართველები მით გაახარა.
 ან რას გვერჩოდა საბრალო გმირი,
 ჩვენთან მას ბრძოლა ვინ დააბარა?
 მოჰყავთ ტყვეები ლეკ-ოსმალისა,
 ქართველმა ჯარმა ვინც ასაპყარა.


 დარაზმდა ჯარი, ალმებს ასწიეს,
 ბაირახტრები დაუდგნენ წინა.
 უხარის ყველას: კმაყოფილია,
 გამარჯვებული ბრუნდება შინა.
 წინ მიუძღვებათ მეფე ერეკლე,
 დიდებულები არტყიან გარსა;
 შვებით სულს ითქვამს მთელი ბუნება,
 ლხენა ეტყობა მთასა და ბარსა.


 ცოტა გზა გავლეს, ჯარი აყვირდა,
 ასტყდა სიმღერა, დააგუგუნა.
 “ვაშა ქართველ ჯარს!” - ამოთქვა დაფმა,
 მობანედ ზურნამ დაიჭუჭყუნა.
 ჯარის ამაყსა გულის ძგერასა
 ბანს ეუბნება აბჯრისა ჟღერა.
 მიდამოსა სძრავს ცხენთა ჭიხვინი,
 რახტ-უზანგისა და ტოტთა თქერა.
 დღეს ამას ვხედავთ. ხვალ რა იქნება?
 რას გვიანდერძებს ბედისა წერა?
 მოჰღელავს ჯარი როგორც ზღვის ტალღა.
 ოდნავ-ღა ბჟუტავს ცაზე ცისკარი.


 როდის ახდება, არავინ იცით,
 მეფის ერეკლის ნეტავ სიზმარი?!