ელინური მითები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ელინური მითები
ავტორი: ალექსანდრე მიქაბერიძე


ე ლ ი ნ უ რ ი მ ი თ ე ბ ი I ნაწ. მოთხრობილი ალ. მიქაბერიძის მიერ საქ. ალკკ ცენტრალური კომიტეტი საბავშვო და ახალგაზრდობის ლ ი ტ გ ა მ ო მ ც ე მ ლ ო ბ ა თ ბ ი ლ ი ს ი 1 9 3 8 პ/მ რედაქტორი – შ. თაბუკაშვილი სტამბა გამომცემლობა „ბოეც რკკა–ს“ შეკვეთა N1236 მთავლიტი N2038 ტირაჟი 10 000

ო რ ფ ე ვ ი დ ა ე ვ რ ი დ ი კ ე[edit]

წყლის ღმერთის ეაგრის შვილი ორფევი ძველ დროში სახელგანთქმულ მომღერლად ითვლებოდა, ორფევის სამშობლო თრაკია სამართლიანად ამაყობდა თავისი სახელოვანი მომღერლით, ორფევის ნაზი, ნარნარი ხმა მთელ ქვეყანას ხიბლავდა. მთელი თრაკია სულგანაბული ყურს უგდებდა, როცა ორფევი სიმებს ჩამოკრავდა და გასაოცრად ააჟღერებდა ჩანგს. ორფევის მეუღლე ევრიდიკე მთელ თრაკიაში შესანიშნავი ლამაზი და ხასიათით სათნო ქალი იყო. ცოლ–ქმარს ერთმანეთი გაგიჟებით უყვარდათ. ერთხელ ევრიდიკე ამხანაგ ქალებთან მინდორში ყვავილებს აგროვებდა. უეცრივ მან ფეხი დაადგა ბალახებში ჩამალულ გველს, რომელმაც თავისი შხამიანი ენით დაკბინა ორფევის საყვარელი მეუღლე. ევრიდიკე მყისვე გარდაიცვალა. ამხანაგები გულამოსკვნით დასტრიალებდნენ უდროოდ გარდაცვალებულს და საცოდავი ქვითინით აწუხებდნენ ცასა და ბარს. ორფევის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა. ძვირფასი მეგობრის დაკარგვით ზარდაცემული ორფევი სრულიად განმარტოებულ ცხოვრებას შეუდგა და თავის უსაზღვრო მწუხარებას მხოლოდ ჩანგის სიმებს ამცნობდა. ყოველდღე, დილიდან დაწყებული საღამომდე, საღამოდან დილამდე, განმარტოებით იჯდა მდინარის ნაპირას საცოდავი მომღერალი და უნუგეშო მწუხარებას ჩანგის სიმებზე იქარვებდა ისეთი ნაზი და გულსაკლავი კილოთი, რომ მხეც–ნადირნი, ფრინველთა გუნდი და თვით პიტალო კლდეებიც კი მწუხარებას ეძლეოდნენ. კარგმა ხანმა განვლო, მაგრამ ორფევიმ სულის სიმშვიდე ვერ მოიპოვა, მას უევრიდიკეოდ სიცოცხლე შეუძლებლად მიაჩნდა. ამიტომ საბრალო მომღერალმა გადაწყვიტა თავისი უსაზღვრო მწუხარება „საიქიოს“ მბრძანებლისათვის შეეჩივლა და ძვირფასი მეგობარი „სააქაოს“ დაებრუნებინა. მართლაც, ორფევიმ თავისი განზრახვა სულ მოკლე ხანში შეასრულა. დიდის დაბრკოლებით და გაჭირვებით განვლო ორფევიმ „საიქიოს“ სახიფათო გზები და „მიცვალებულთა სამეფოს“ მბრძანებლის წინაშე სათხოვნელად გამოცხადდა. „ყოვლად შემძლებელო ღმერთო და „საიქიოს“ დიდებულო მპყრობელო! – დაბალის ხმით დაიწყო ორფევიმ: – გევედრებით, დამიბრუნეთ ჩემი გულითადი მეგობარი, ჩემი უძვირფასესი და უსაყვარლესი ევრიდიკე, რომელიც გველის გესლიანმა ენამ უდროოდ გამოასალმა სიცოცხლეს! სული და გული მეხუთება, გონება მეხშვის, სინათლე სიბნელედ მეცვლება, სულიერად ვიტანჯები, სიცოცხლე მეწამლება! გევედრებით შემიბრალოთ და დამიბრუნოთ ჩემი ძვირფასი მეგობარი, ჩემი ჭმუნვისა და მწუხარების თანამოზიარე ევრიდიკე!“ ამ სიტყვებით ემუდარებოდა ორფევი „საიქიოს“ მბრძანებელს და თან ჩანგის სიმებს საცოდავად აკვნესებდა, მიცვალებულთა აჩრდილები სიბრალულით აღივსნენ და უცეცხლოდ იწვოდნენ ორფევის მწუხარებით. „საიქიოს“ თვითმპყრობელი და მისი მეუღლე პერსეფონე გულამოსკვნით ტიროდნენ, ცრემლების ღაპაღუპით ისმენდნენ ორფევის ჩანგის სიმთა ჟღერის სამგლოვიარო ხმას. ღმერთებმა შეიბრალეს ორფევი და ნება დართეს ევრიდიკე წაეყვანა, მხოლოდ იმ პირობით კი, რომ ვიდრე იგინი „სასინათლო სამეფოში“ არ გავიდოდნენ, ორფევის უკან არ უნდა მოეხედა, წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთების წყალობა სამგლოვიაროდ შეიცვლებოდა, ევრიდიკე ისევ სიცოცხლეს გამოესალმებოდა. ორფევი და ევრიდიკე გახარებულნი დაბრუნდნენ „სააქაოსკენ“. ორფევი წინ მიუძღოდა სახიფათო ბილიკზე თავის საყვარელ ევრიდიკეს. მთელი გზა სახელოვან მომღერალს ფიქრიდან არ განუშორებია ღმერთებისათვის აღთქმული პირობა. მგზავრები ის იყო „სასინათლოში“ უნდა გამოსულიყვნენ, ორფევიმ ვერ მოითმინა და თავისი საყვარელი მეგობრისაკენ მოიხედა. ევრიდიკე მყისვე გარდაიცვალა. ორფევის ტანჯვასა და მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა. საბრალო მომღერალმა გადაწყვიტა ხელმეორედ ჩასულიყო „საიქიოს“, მაგრამ, საუბედუროდ, ღმერთებმა ეს არ ინებეს და „საიქიოს“ ჩასვლა ორფევის აუკრძალეს. ამნაირად ორფევი სამუდამოდ განშორდა საყვარელ მეგობარს, ძვირფას ევრიდიკეს. უსაზღვრო მწუხარებით მოცული ორფევი თრაკიაში დაბრუნდა და მთელი დღეები განმარტოებით თავს აფარებდა დაბურულ ტყეებს, სადაც ერთადერთი მანუგეშებელი იყო ჩანგი, რომლის სიმების საცოდავი გმინვა არემარეს ატყვევებდა. მთა, ბარი, კლდე და ღრეები მუდამდღე იხიბლებოდნენ ორფევის ჩანგის სიმთა საცოდავი ჟღერით. ერთხელ ორფევი ჩვეულებრივ იჯდა განმარტოებულ ბექობზე და მწუხარე ხმით აჟღერებდა სიმებს. ხეები ერთიანად იხიბლებოდნენ ჩანგის ნარნარი ხმებით და თავის ჩრდილს უხვად აწვდიდნენ დიდებულ მომღერალს. პიტალო კლდეები გულჩათხრობილნი შეჰყურებდნენ საცოდავი მომღერლის სიმთა ჟღერას. ფრინველთა გუნდებმა დატოვეს ბუდეები და დიდებულ მომღერალს გულნატკენად თავს დასტრიალებდნენ. მხეცებიც განშორდნენ თავის ხვრელებს და სულგანაბულნი ყურს უგდებდნენ საკვირველ ხმებს. ამ დროს მახლობელ მთებში თრაკიელი ქალები დიონისე ღმერთის პატივსაცემლად დღეობას იხდიდნენ. როგორც კი ორფევის ჩანგის სიმთა სამწუხარო ჟღერა შემოესმათ, მოდღესასწაულენი მოგროვდნენ და უშვერი სიტყვებით დაუწყეს ლანძღვა დიდებულ მომღერალს. თრაკიის ქალები მეტად გაჯავრებულნი იყვნენ, რომ ევრიდიკეს სიკვდილის შემდეგ არცერთი მათგანი დიდებული მომღერლის სიყვარულისა და მეგობრობის ღირსი არ გახდა. ორფევი თრაკიის ქალების ლანძღვათრევას ოდნავაც ყურადღებას არ აქცევდა. საბრალო თავისი ჭმუნვის განმაქარვებელ ჩანგის სიმებს მწუხარედ განუწყვეტლივ აჟღერებდა და ირგვლივ მთელ ბუნებას ერთიანად ხიბლავდა. თრაკიის ქალები კი უფროდაუფრო ბრაზდებოდნენ, ასეთი გულგრილობითა და უყურადღებობით გაჯავრებულებმა ბოლოს ძალმომრეობასაც მიმართეს და საბრალო მომღერალს ქვები დაუშინეს. ორფევი არც ახლა შედრკა, იგი ისევ საუცხოვო სიმთა ჟღერით თავისი საყვარელი, ძვირფასი ევრიდიკეს ხსოვნას შესტრფოდა და შეჰხაროდა. ქალები გარს შემოერტყნენ დიდებულ მომღერალს და შეუბრალებლად სცემდნენ, ქვებს ესროდნენ, ჯოხებს თავზე ამსხვრევდნენ, არაფერს, რაც კი ხელში მოხვდებოდათ, მისთვის არ იშურებდნენ. ორფევი სიმებს ხელს მაინც არ აშორებდა და თავისი საყვარელი ევრიდიკეს ხსოვნას მწუხარე ჰიმნებს უგალობდა. გააფრთებული თრაკიის ქალები კი განგაშითა და საოცარი ხმაურით თანდათან უფრო შეუპოვრად გარს ერტყმოდნენ, თავსა და პირისახეს უსისხლიანებდნენ და შეუბრალებლად განუწყვეტლივ ტანჯავდნენ ისედაც უსაზღვროდ მწუხარე დიდებულ მომღერალს. უდიერი ცემისაგან დაუდუმდა დიდებულ მომღერალს ის ბაგენი, რომელნიც სულ ერთიანად ატყვევებდნენ მთელ მეტყველ და უტყვ ბუნებას. ორფევიმ სამუდამოდ დახუჭა თვალები და განუტევა მრავალტანჯული სული. ორფევის სიკვდილმა დედამიწა მწუხარებით შეიპყრო. ფრინველთა გუნდი საცოდავად დასტიროდა უდროოდ გარდაცვალებულს. მხეცები თავჩაკიდულნი გლოვობდნენ საყვარელი მომღერლის დაკარგვას, პიტალო კლდეები ცხარე ცრემლებს აფრქვევდნენ დაობლებულ ჩანგის სიმებზე. თრაკიის ქალები კი ამ დროს უსირცხვილოდ ჰგვემდნენ და ამახინჯებდნენ ორფევის უგრძნობ გვამს. დაობლებული ჩანგი და ორფევის სხეულისაგან განშორებული თავი გააფთრებულმა თრაკიის ქალებმა მდინარე ჰებრის ზვირთებს შეუერთეს. მაგრამ მდინარის ზვირთებში მცურავი ჩანგი თავისთავად აჟღერებდა სიმებს, ნაზსა და გულის ჩამთუთქველ ხმებს წყლის ნაპირებს აწვდიდა. ენა კი მოკვეთილ თავში ოდნავ გასაგები ხმით ბუტბუტებდა და მომღერლის მწუხარებას ქვეყანას ამცნობდა. მდინარის ნაპირები მწუხარებით ბანს აძლევდნენ ზვირთებში ამონაკვნეს ჩანგის ჟღერას. ამნაირად, დაობლებული ჩანგი და ორფევის მოკვეთილი თავი განუყრელად მოგზაურობდნენ მდინარე ჰებრის ზვირთებში, ხოლო მრავალტანჯული მომღერლის სული გადასახლდა „საიქიოს“, სადაც შეუერთდა თავისი ძვირფასი მეგობრის ევრიდიკეს სულს და მას შემდეგ ერთმანეთს არ განშორებიან.

დ ე დ ა ლ ე დ ა ი კ ა რ ე[edit]

მთელს საბერძნეთში ათენის მკვიდრთა შორის დედალე საუკეთესო მოქანდაკედ და ხელოვნად იყო მიჩნეული. ამ დიდბუნებოვანი ხელოვნის თითოეულ უბრალო ნაწარმოებსაც კი აღტაცებაში მოჰყავდა დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი. მარმარილოს ქვებიდან გამოქანდაკებული ნაწარმოებნი მნახველთა თვალში ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, თითქო ცოცხალი ხორცი შეუსხამთ, ადამიანებივით სუნთქავენ, იხედებიან და მოძრაობენო. დედალეს სახელი და დიდება დღითიდღე იზრდებოდა. თითოეული ქალაქი და დაწესებულება, შორეული და მივარდნილი სოფელიც კი დიდად აფასებდა ბუნებით დაჯილდოვებულ ჭეშმარიტ ხელოვანს და თავის მოვალეობად თვლიდა შეეძინა ამ იშვიათი მოქანდაკის ხელოვნური ნაწარმოებნი. დიდებულმა და უკვე შორს სახელგანთქმულმა ხელოვანმა მოწაფედ აიყვანა თავისი დისწული ტალი, რომელსაც იგი დღითიდღე წვრთნიდა, ასწავლიდა და ამცნებდა თავის ხელოვნებას. ნიჭიერმა მოწაფემ სულ მოკლე ხანში შეითვისა მასწავლებლის ხელობა. ტალის მიერ გაკეთებულ თითოეულ ნაწარმოებს განცვიფრებაში მოჰყავდა მნახველი, რომელიც დიდ მომავალს უქადიდა ჯერ კიდევ ჭაბუკ ხელოვანს. დედალე შიშობდა, რომ ტალი თავისი ნიჭითა და შემოქმედებით სულ მოკლე ხანში დაჩრდილავდა თავისი მასწავლებლის სახელს და ამიტომ შურის თვალით დაუწყო ცქერა თავისი დისწულის ხელოვნების ასპარეზზე წარმატებას. ახალგაზრდა ხელოვანის უტყუარი ნიჭის გაფურჩქნა დედალეს მოსვენებას არ აძლევდა და ამიტომ თავისი მეტოქის თავიდან მოსაშორებლად გადაწყვიტა მისი მოკვლა. ერთხელ დედალე და ტალი ათენის სიმაგრეების მაღალ მწვერვალზე ისხდნენ და ირგვლივ მდებარე მიდამოებს ათვალიერებდნენ. ბიძა და დისწული მარტოდმარტონი ისხდნენ ამ მაღლობ ადგილას. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იყო გამეფებული. არსაიდან ხმა, არსაიდან ძახილი. ყველაფერი თითქო რაღაც საიდუმლოებას მოეცვა. შეუბრალებელმა დედალემ ამ მოხერხებულ დროს უეცრივ ხელი ჰკრა ახალგაზრდა ხელოვან ჭაბუკს და თვალუწვდენელი სიმაღლიდან ძირს ჩააგდო თავისი ნიჭიერი მოწაფე, თავისი ღვიძლი დისწული. საბრალო ტალი უსულოდ დაეცა ათენის სიმაგრეების ქვემო კალთებზე, და სამუდამოდ გამოეთხოვა წუთისოფელს ბუნებით უხვად დაჯილდოვებული ნჭიერი ხელოვანი. დედალე დაუყონებლივ ჩამოვიდა სიმაგრეების მწვერვალიდან და ფარულად შეუდგა საფლავის გათხრას, რომ ამნაირად დაემალა თავისი ბოროტმოქმედება. მაგრამ ათენელებმა ყველაფერი გაიგეს და თავის სახელოვან მოქანდაკეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს იმ ბოროტმოქმედებისათვის, რომელიც მან ასე უსირცხვილოდ ჩაიდინა. დედალე, სიკვდილით სასჯელი რომ თავიდან აეცილებინა, კუნძულ კრეტას გაიპარა, საცა იმ დროს მეფედ იყო ღმერთების მამამთავრის ზევსის და ფინიკიელთა მეფის აგენორის მშვენიერი ასულის ევროპის ვაჟიშვილი მინოსი. კუნძულ კრეტას ძლევამოსილმა მეფემ დიდის ლმობიერებით და სიყვარულით მიიღო მთელ საბერძნეთში სახელგანთქმული დიდებული მოქანდაკე და თავის მფარველობას, თავის მზრუნველობას არ აკლებდა. დედალე დიდის გულმოდგინებით შეუდგა მუშაობას და სულ მოკლე ხანში მთელი კუნძული გაამდიდრა თავისი ხელოვნური ნაწარმოებით. მეფე მინოსი დიდად აფასებდა საბერძნეთიდან გადმოხვეწილი დიდებული ხელოვანის ნიჭს და საშუალებას არ აძლევდა, რომ დედალე კუნძულ კრეტას საზღვრებს თუნდ ერთი წამით გასცილებოდა. მეფეს ჰსურდა, რომ დიდებული ხელოვანის შემოქმედებითი ნაწარმოებნი მხოლოდ და მხოლოდ მის და მისი სამეფოს კუთვნილებად დარჩენილიყო. საბერძნეთის სახელგანთქმულ ხელოვანს მეფის ასეთი თავისებურება და ძალდატანება სრულიადაც არ მოსწონდა და ამიტომ იგი დღითიდღე სასოწარკვეთილებას ეძლეოდა, აწუხებდა თავისი განმარტოებული მდგომარეობა და სულ თავის სამშობლო მხარეს დაბრუნების ოცნებაში იყო. სამშობლოში დაბრუნების სურვილი თანდათან უფრო იპყრობდა დიდბუნებოვანი ხელოვანის მთელ არსებას, იგი ვერ შერიგებოდა იმ აზრს, რომ მისი შემოქმედებითი ნიჭის ნაწარმოები მხოლოდ და მხოლოდ კუნძულ კრეტას კუთვნილებად იყო მიჩნეული, და ამიტომ სულით ობლობას, გულით მარტოობას განიცდიდა. დიდებულმა ხელოვანმა საბოლოოდ გადაწყვიტა კუნძული კრეტა სამუდამოდ დაეტოვებინა და ამრიგად თავისი ტყვეობისათვის ბოლო მოეღო. – თუ მინოსის ბრძანებით ხმელეთისა და ზღვით ჩემი მოგზაურობა აკრძალულია, ჰაერით რომ გადავფრინდე, ეს ხომ მოსახერხებელია? – სიხარულით წამოიძახა დედალემ. – დიახ, ტყვეობას შემიძლია თავი დავაღწიო მხოლოდ ჰაერში მოგზაურობით! აი ერთადერთი ჩემი მხსნელი გზა! ყველა გზა, მინოსის ბრძანებით, ჩემთვის შეკრულია. დარჩა მხოლოდ ჰაერი, ცის სივრცე, რომელზედაც მინოსის ძლევამოსილი უფლება არაა გავრცელებული. აი, ეს გზაა ჩემთვის სრულიად საიმედო, და აი, ამ მხრივ უნდა ავამოძრაო ჩემი ნიჭი და შემოქმედება, რომ უვნებლად დავაღწიო თავი კუნძულ კრეტას და მის ძლევამოსილ მეფე მინოსს, რომელიც აგრე ვიწრო ფარგლებით ზღუდავს ჩემს ხელოვნებას. ამ გადაწყვეტილების მიღებისათანავე შეუდგა დედალე მუშაობას. დიდებულმა ხელოვანმა გადაწყვიტა გამოეგონა ისეთი საფრენი მანქანა, რომ მისი საშუალებით უვნებლად გადაელახა ცის სივრცე და თავისი გულითადი მისწრაფება განეხორციელებინა. დედალემ მოაგროვა ფრთები, სელის ძაფებით შეკრა ეს ფრთები და წმინდა სანთლით გასანთლა მხრებზე მისამაგრებელი ადგილები, ფრთები ოდნავ მოღუნა და ფრინველთა ფრთების სახე მისცა. სწორედ იმ დროს, როცა დედალე ამ ახალს, ჯერ ყველასათვის სრულიად უცნობ გადასაფრენ მანქანას ამზადებდა, იქვე მამის გვერდით მხიარულად თამაშობდა მისი პატარა ვაჟიშვილი იკარე. ცნობისმოყვარე პატარა იკარე მამის მუშაობის დროს ხან ხელით იჭერდა ქარის გატაცებულ ფრთის ბუმბულს, ხან ხელით ჭყლეტდა დარბილებულ წმინდა სანთელს და ამრიგად უდარდელად ერთობოდა მამის მუშაობის დროს. დედალემ უკვე დაამთავრა გასაფრენი მანქანები. მანქანების ერთი წყვილი მარჯვედ მიიმაგრა ზურგსა და მხრებზე და წყნარად, ხელოვნური მხრების ქნევით დაიძრა დედამიწიდან. მძლავრად მოქნეულმა ხელოვნურმა მხრებმა მოაშორეს ეს დიდებული ხელოვანი დედამიწას და გააფრინეს შორს, ჰაერის თვალუწვდენელ სივრცეში. განცვიფრებით შესცქეროდა პატარა იკარე თავის საყვარელ მამას, რომელიც ცის სივრცეში უზარმაზარ ფრინველივით მოხდენილად დანავარდობდა. როცა დედალე ჰაერში დიდი ხნის ნავარდობის შემდეგ დედამიწაზე ჩამოეშვა, პატარა იკარე მამას ყელზე მოეხვია და დაჟინებით მოსთხოვა მისთვისაც გაეკეთებინა ასეთი ხელოვნური მხრები და ჰაერში მოგზაურობის დროს ისიც თან წაეყვანა. დედალე ხან უჯავრდებოდა, ხან ალერსიანად ამშვიდებდა თავის პატარა პირმშოს, მაგრამ როცა ამ გზით ვერას გახდა, დასთანხმდა მისთვისაც მოემზადებინა ხელოვნური მხრები, ხოლო ამასთანავე თავისი საყვარელი პატარა ვაჟიშვილი ასე გააფრთხილა: „ჩემო საყვარელო, ძვირფასო იკარე, მე მზადა ვარ აგისრულო ასე დაჟინებული თხოვნა! მე გადაწყვეტილი მაქვს კუნძულ კრეტადან გადავფრინდე ჩვენს სამშობლო ათენში და, რასაკვირველია, შენც თან უნდა წაგიყვანო. მაგრამ წინასწარ გაფრთხილებ: როცა ჩემ მიერ მომზადებულ ხელოვნურ მხრებს შემოისხამ, დიდის დაკვირვებით და სიფრთხილით უნდა იფრინო ჰაერში! ჰაერით მოგზაურობა, კარგად უნდა იცოდე, ჯერჯერობით მეტად საშიშო და სახიფათოა! გაფრთხილებ, ფრენის დროს ძლიერ ქვემოთ არ დაეშვა, თორემ ზღვის ზვირთები დაასველებენ შენს ფრთებს და ზღვაში ჩაგძირავენ, მაგრამ არც ძალიან მაღლა უნდა აფრინდე! იცოდე, რომ მზის სხივები, როცა მიუახლოვდები, დაადნობენ წმინდა სანთელს, რომლითაც ფრთები მიმაგრებულია მხრებზე, და სამუდამოდ დაიღუპები! ცის სივრცის შუა ადგილას უნდა იფრინო და არც ერთ წუთს მე არ ჩამომშორდე! გახსოვდეს ეს ჩემი დარიგება, თუ გსურს მშვიდობიანად იმგზავრო ჰაერში და უვნებლად დავაღწიოთ თავი ამ სულისშემხუთავ საზარელ კუნძულს!“ ამ სიტყვებთან ერთად დედალემ მხურვალედ ჩაიკრა გულში თავისი საყვარელი პატარა შვილი და ალერსიანად დაუკოცნა ლამაზი ტუჩები. მამის მდუღარე ცრემლები ნამივით ეპკურებოდა იკარეს პირისახეს. მაგრამ ვერც საბრალო მამა და ვერც საბრალო მისი შვილი ვერა გრძნობდნენ, რომ ეს მხურვალე ამბორი, უსაზღვროდ მოსიყვარულე მშობლის გულის სიღრმიდან ამონახეთქი, უკანასკნელი გამოსათხოვარი „მშვიდობით“ იყო. მამამ საფრენი ხელოვნური მხრები ჯერ შვილს მიუმაგრა ზურგსა და მხრებზე და შემდეგ თვითონაც მოიმარჯვა თავისი ხელოვნური მანქანა. დედალე და პატარა იკარე მსუბუქად და მოხდენილად მოწყდნენ დედამიწის ზურგიდან და მწყობრად შეცურდნენ მტრედისფერი ცის თვალუწვდენელ სივრცეში. მეთევზე, რომელსაც ანკესი თევზის დასაჭერად წყალში შორს გადაესროლა, მწყემსი, თავის სამწყესო ყავარჯენზე დაყრდნობილი, და მეგუთნე, რომელიც დედამიწის წიაღში ღრმა კვალს ავლებდა, განცვიფრებით შესცქეროდნენ ჰაერში ფრინველებივით მონავარდე მამა–შვილს და სრულიად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ცის თვალუწვდენელ სივრცეში უბრალო მოკვდავნი კი არ დაფრინავენ, არამედ თვით ყოვლად შემძლებელი ოლიმპოს მბრძანებელი ღმერთები. შორს, დიდ მანძილზე, მამა–შვილმა მარცხნივ დატოვეს კუნძულები სამოსი, დელოსი, და პაროსი, ხოლო მარჯვნივ კი ლებინფოსი და თაფლით უხვი კლიმნე. ელვის სისწრაფით მიფრინავენ შორს, შორს, სულ მაღლა, მწყობრად და მოხდენილად, ცის სივრცეში ჩვენი მოგზაურები. აი, ელადის მშვენიერი ნაპირები კიდევაც გამოჩნდა, და დედალეს სიხარულს საზღვარი არა აქვს, იგი გამალებით მიისწრაფის საყვარელი სამშობლოსაკენ თავისი საყვარელი პირმშო შვილის თანხლებით. იკარე აღტაცებაში მოდიოდა თავისი გაბედული მოგზაურობით. ამ უსაზღვრო აღტაცებამ დაავიწყებინა ახალგაზრდა მფრინავს მზრუნველი მამისა და მასწავლებლის დარიგება და გაფრთხილება. იკარემ განიზრახა ცას უფრო მიახლოვებოდა და ამიტომ უეცრივ ჩამოშორდა საყვარელ მამას და გაბედულად შეცურა ცის მახლობლივ სივრცეში. მზის მხურვალე სხივებმა პირველი მიახლოვებისთანავე დაადნეს წმინდა სანთელი, რომლითაც მიმაგრებული იყო იკარეს მხრებზე ხელოვნურად გაკეთებული საფრენი ფრთები. დედალეს პირმშო მყისვე შურდულივით დაეშვა ცის თვალუწვდენელი სივრციდან და სამუდამოდ განუტევა სული ზღვის აბობოქრებულ ზვირთებში. საბრალო მამამ, როცა უკან მოიხედა და თავისი საყვარელი შვილი მახლობლად ვერ დაინახა, შიშისაგან თავზარდაცემულმა საცოდავად შეჰყვირა: „იკარე! იკარე! ჩემო საყვარელო შვილო, სად ხარ? ხმა გამეცი, ჩემო ძვირფასო პირმშო, ჩემო მუდამჟამს გულის სიღრმიდან განუყრელო, ჩემო მარადის და ყველგან სათაყვანებელო შვილო!“ სამწუხაროდ, იკარე არსადღა ჩანდა და პასუხსაც არავინ არ აძლევდა, ხოლო ამ დროს ზღვის გააფთრებული ზვირთები ერთიმეორეს მძლავრად ეხეთქებოდნენ და ზღვის ზედაპირზე უთავბოლოდ აქანავებდნენ საბრალო იკარეს მხრებიდან ჩამოცვენილ ხელოვნურად მომზადებულ საფრენ ფრთებს. საბრალო დედალე მხოლოდ ახლა მიხვდა თავის უბედურების სამწუხარო ამბავს და თვალთაგან ცრემლები ნაკადულებრ წასკდა. ზღვის აბობოქრებული ტალღები კი ისევ მედგრად და შეუბრალებლად ეხეთქებოდნენ ერთი–მეორეს და აინუნშიაც არ მოსდიოდათ ის დიდი, უსაზღვრო მწუხარება, რომელიც გულს უკლავდა მთელს ელადაში სახელგანთქმულს დიდებულ ხელოვან – მოქანდაკეს. აბობოქრებულმა ზღვის ტალღებმა საბრალო იკარეს გვამი შორეული კუნძულის ნაპირას გარიყა. მწუხარებით აღსავსე მამამ თავისი პირმშო შვილი ამ კუნძულზე დაასაფლავა და საყვარელი შვილის სახელის აღსანიშნავად ამ შორეულ კუნძულს იკარია უწოდა. შვილის დასაფლავების შემდეგ დედალე სიცილიაში გადასახლდა. ამ კუნძულის მეფემ კოკალმა სთხოვა დიდებულ ხელოვანს სამუდამოდ სიცილიაში დარჩენილიყო და თავის მხრით დიდი დახმარება აღუთქვა. დედალემ სიამოვნებით მიიღო მეფის საპატიო წინადადება და მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება, მთელი თავისი დიდი ნიჭი სიცილიელთა საბედნიეროდ და საკეთილდღეოდ აამოძრავა. დიდებულმა ხელოვანმა სიცილიის ერთერთ თვალსაჩინო ადგილას გამართა ისეთი ხელოვნური ტბა, რომ სიცილიის მთელი მოსახლეობა აღტაცებაში მოდიოდა. დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი, ყველანი ამ თვალწარმტაცი ტბის მშვენიერებით იხიბლებოდნენ და უზომოდ აღტაცებულნი სიხარულის ცრემლებს ღვრიდნენ. ციცაბო კლდის თავზე, საცა გარეულ ნადირსაც კი უჭირდა ფეხის მოკიდება, დიდებულმა ხელოვანმა აღმართა საუცხოვო კოშკი, რომელიც მთელ კუნძულს ამაყად თავს დასცქეროდა. დიდის ხელოვნებითა და მხატვრული შემოქმედებით გამართა დედალემ კოშკის ყელამდე მიმავალი გზები. მეფე კოკალს ისე მოეწონა დიდის გემოვნებით გამართული კოშკი, რომ თავისი სასახლე ამ საუცხოვო კოშკში გამართა. დიდებულმა ხელოვანმა სიცილიაში აფროდიტე ქალღმერთის სახელობაზე ააგო მშვენიერი ტაძარი და ქალღმერთს შესწირა ისეთი ხელოვნებით მომზადებული ოქროს ფიჭა, რომ კაცს ასე ეგონებოდა თითქო ნამდვილი თაფლი გადმოღვენთსო. კუნძულ კრეტას მეფემ, მინოსმა, დედალეს მოღვაწეობის ამბავი შეიტყო და დაუყონებლივ თავისი სამხედრო ამალით გაემგზავრა სიცილიაში, რომ დიდებული ხელოვანი ისევ თავის სახელმწიფოში დაებრუნებინა. მეფე მინოსის საუბედუროდ, კოკალის ქალიშვილებმა სთხოვეს მამას მინოსის მოთხოვნა შეესრულებინა, და მართლაც, მინოსი ისე მიიღეს სასახლეში, როგორც სტუმარი. მაგრამ კოკალის ქალიშვილებმა ცბიერება იხმარეს: როცა მინოსი აბაზანას ღებულობდა, მდუღარე წყალი თავზე გადაასხეს, და მინოსი საშინელი ტანჯვით მოკვდა. ამის შემდეგ დიდებული დედალე სიკვდილამდე სიცილიაში დარჩა. დიდბუნებოვანმა ხელოვანმა მთელი სიცილია გაალამაზა და გაამშვენიერა, სიცილიელ მკვიდრთა ყოველდღიური ცხოვრება ბედნიერი და ლამაზი გახადა. სიცილია ბედნიერი, სიცილია ლამაზი და საამური კარგად გრძნობდა ხელოვნების დიდი ოსტატის უდიდეს ღვაწლს და კიდევაც ამიტომ იყო, რომ დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი მწუხარედ იცრემლებოდნენ, როცა ამ დიდბუნებოვან ხელოვანს საუკუნოდ განსასვენებელ ადგილისაკენ მიაცილებდნენ.

კ ა დ მ ო ს ი დ ა თ ე ბ ე ს დ ა ა რ ს ე ბ ა[edit]

ფინიკიელთა მეფის აგენორისა და მისი მეუღლის ტელეფას შვილს კადმოსს მამაცი ვაჟკაცის სახელი ჰქონდა დამსახურებული მთელ სახელმწიფოში. ახალგაზრდა ვაჟკაცს მხარს უმშვენებდა მთელს ფინიკიაში სილამაზით სახელგანთქმული ღვიძლი და, მეფე აგენორის მშვენიერი ასული ევროპა. სახელმწიფოს მკვიდრნი, დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, ყველანი სიხარულით შესცქეროდნენ ევროპას და მისი კალმით აუწერელი სილამაზით, მისი სიმშვენიერით ტკბებოდნენ და იხიბლებოდნენ. ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა სადღაც თვალი მოჰკრა ევროპას და ისე მოიხიბლა მისი სიმშვენიერით, რომ გადაწყვიტა მეფის ასულის მოტაცება. ოლიმპოს მბრძანებელმა თავისი გადაწყვეტილება მყისვე განახორციელა. ყოვლად შემძლებელი ზევსი გადაიქცა ხარად, რომელსაც ჯერ კიდევ უღლის სიმძიმე არ ეგრძნო, ზურგზე წამოიკიდა და გაიტაცა მეფის საყვარელი ასული. მეფე აგენორის და დედოფლის ტელეფას მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. სახელმწიფოს მკვიდრნი სასოწარკვეთილებას ეძლეოდნენ მეფის ასულის ასე უგზოუკვლოდ დაკარგვის გამო და ყველანი გულმტკივნეულად მდუღარე ცრემლებს აფრქვევდნენ. ჯავრითა და მწუხარებით თავზარდაცემულმა აგენორმა მოიწვია შვილები და უბრძანა: „საყვარელო შვილებო, გაფრთხილებთ: თუ ჩემს ძვირფას ასულს, მშვენიერ ევროპას არ მოსძებნით და არ დამიბრუნებთ, გახსოვდეთ, რომ ვერცერთი თქვენგანი ჩემს სასახლეში ფეხს ვერ შემოდგამს. ჩემი საყვარელი ევროპა უნდა მომიძებნოთ და თავის მშობლიურ სახლში დააბრუნოთ!“ კადმოსი საყვარელი დედის ტელფას თანხლებით დაუყოვნებლივ გაემგზავრა თავისი დის, მშვენიერი ევროპის საძებნელად. დედამ და შვილმა მრავალი ქალაქი და ქვეყანა შემოიარეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ზევსის მიერ ასე ანაზდეულად გატაცებული ასულის კვალს ვერსად მიაგნეს. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, კადმოსი და დედამისი ტელფა მივიდნენ თესალიაში, საცა, სამწუხაროდ, მოგზაურობით დაღლილი ტელფა ავად გახდა და გარდაიცვალა. კადმოსის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. საყვარელი დედის ასე მოულოდნელად დაკარგვამ და დის უნაყოფო ძებნამ ახალგაზრდა გმირი დიდ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. საბრალომ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, მამასთან დაბრუნებას ვერ ბედავდა და გატაცებული დის პოვნის იმედიც გაუცრუვდა. ამ გამოურკვეველი და მძიმე მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად, კადმოსმა გადაწყვიტა დელფში წასულიყო და აპოლონ ღმერთის გულთმისანს შეჰკითხებოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო და რა გზას დასდგომოდა. გულთმისანმა დელფში კადმოსს ასე უპასუხა: „დის ძებნას თავი დაანებე. მახლობელ მინდორში შენ დაინახავ ძროხას, რომელსაც კვალდაკვალ უკან უნდა გაჰყვე. გააშენე ქალაქი იმ ადგილას, საცა ეს ძროხა დაწვეს“. კადმოსმა, როგორც კი აპოლონ ღმერთის გულთმისნის გამოქვაბულიდან გამოვიდა, ფოკიდის ფართოდ გადაშლილ ველზე მართლაც დაინახა პელაგონის ჯოგს ჩამორჩენილი ძროხა. კადმოსი დაუყონებლივ უკან გაჰყვა მწვანე ბალახით აბიბინებულ ველზე მიმავალ ძროხას. ახალგაზრდა ჭაბუკის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა დაინახა, რომ ძროხა ბეოტიის ერთერთ საუცხოვო ადგილას, არესის წყაროს მახლობლად, შეჩერდა და ხავერდივით ამწვანებული ბალახებით დაფარულ ველზე წამოწვა. აპოლონ ღმრთის წინასწრმეტყველება აღსრულდა. კადმოსმა სწორედ იმ ადგილას, საცა ძროხა ველზე ბალახებში დაწვა, საბოლოოდ გადაწყვიტა ქალაქის გაშენება. სიხარულით აღსავსე კადმოსმა გადწყვიტა ყოვლად მფარველი ღმერთისათვის სამადლობელი მსხვერპლი შეეწირა, ძროხა დაკლა და წყლის ამოსატანად წყაროზე ამხანაგები გაგზავნა. არესის წყაროს იმ დროს სდარაჯობდა საოცარი გველეშაპი, რომლის საშინელი უზარმაზარი ტანი, მუდამ ფართოდ დაღებული პირი, თავზე გადაყოლებული სისხლივით წითელი გრეხილები და პირში სამ წყებად დალაგებული კბილები რაღაც საშინელ სანახაობას წარმოადგენდნენ. საზარელი ცხოველი გამოქვაბულში იწვა და საშინელი სისინითა და ქშენით ირგვლივ მთელ მიდამოს შიშის ზარს ჰგვრიდა. არესის წყაროს ეს ფხიზელი დარაჯი ელვის სისწრაფით თავს დაესხა წყლის წასაღებად ჩამოსულ ფინიკიელებს და ყველანი შეუბრალებლად გამოასალმა სიცოცხლეს. როცა ფინიკიელებს შეაგვიანდათ, ხმლითა და ისრით შეიარაღებული კადმოსი დაუყოვნებლივ გაემართა წყაროსაკენ ამხანაგების ამბის შესატყობად. კადმოსის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა ახალგაზრდა გმირმა წყაროს გარშემო თავისი ერთგული ამხანაგების უთავბოლოდ დაყრილი გვამები დაინახა. შურისძიებით აღვსილმა ახალგაზრდა გმირმა მყისვე ხელი დასტაცა კლდის უზარმაზარ ნახეთქს და ისეთი ძალით სტყორცნა საზარელ გველეშაპს, რომ კაცს ასე ეგონებოდა, საშინელ ცხოველს ნაფლეთ–ნაფლეთად აქცევსო. მაგრამ ქერტლით სქლად დაფარულმა შხამიანმა კანმა სიკვდილს გადაარჩინა საზარელი ცხოველი, რომელიც ცოფებისა და შხამის ნთხევით საშინლად მძვინვარებდა და ახალგაზრდა გმირისაკენ საბრძოლველად მოიწევდა. ძლევამოსილი ჭაბუკი არ შედრკა, დროზე მოიმარჯვა ხელში ალმასივით მჭრელი ისარი და ისეთი ძალით სტყორცნა, რომ საშინელი ცხოველის სქელი ტყავის უჯრედები ისარმა მთლიანად შეანგრია და შიგ სხეულში მაგრად გაიჭედა. გველეშაპი აუტანელი ტკივილებისაგან საშინლად სისინებდა, იკლაკნებოდა, სხეულის მთელი სიმძიმით მიწას ეხეთქებოდა და ჭრილობიდან ისრის ამოგლეჯას ცდილობდა. კადმოსმა ამ საშინელი ბრძოლის დროს თავისი ბასრი ხმალი მოიშველია და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გველეშაპს კისერში დაჰკრა. მწვავე ტკივილებისაგან გაცოფიანებული გველეშაპი მთელი სხეულით შოლტივით წელში გაიმართა და ის იყო მტერს მთელის საშინელებით თავს მედგრად უნდა დასხმოდა, რომ ახალგაზრდა ჭაბუკმა თავი უშიშრად შეაფარა მახლობლად მდგომ ხის დაბურულ ტოტებს და ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა გველეშაპს, რომელიც მწარე ტკივილებისაგან საზარლად იკლაკნებოდა. სწორედ იმ დროს, როცა გველეშაპი მწვავე ჭრილობებს თავისი შხამიანი ენით ილოკავდა, კადმოსმა ხელმეორედ სტყორცნა ისარი, რომელმაც სრულიად გაცოფებულ ცხოველს კისრის შუაგულში ელვის სისწრაფით გაუარა და ეს საზარელი ცხოველი მახლობლად მდგომ უზარმაზარ ხეს სვეტივით გააკრა. საშინელი ტკივილისაგან გამწარებული გველეშაპი გარს შემოერტყა ხის ვეებერთელა ტანს და ისე მძლავრად ეხეთქებოდა ხის ტანსა და მის მაღალ ტოტებს, რომ ეს უზარმაზარი ხე საშინელი გრიალით მოწყდა ადგილიდან და თავს დაეცა საზარელ ცხოველს, რომელიც ველურის ღრიალით სამუდამოდ გამოესალმა სიცოცხლეს. სწორედ იმ დროს, როცა კადმოსი ათვალიერებდა გველეშაპის საზარელ ლეშს, ოლიმპოს მწვერვალიდან სასწრაფოდ ჩამოეშვა ათენა პალასი და გამარჯვებულ გმირს წინადადება მისცა გველეშაპის კბილები ფხვიერ მიწაზე დაეთესა. კადმოსმა დაუყოვნებლივ შეასრულა ქალღმერთის ბრძანება. გველეშაპის კბილები რომ დათესა, მიწიდან უეცრივ თავები ამოყვეს მძიმედ შეიარაღებულმა მეომრებმა, რომლებიც იარაღის ჟღარუნით ახალგაზრდა გმირს მრისხანედ ემუქრებოდნენ. კადმოსი უკვე მზად იყო სამკვდრო–სასიცოცხლოდ შებრძოლებოდა მიწიდან ასე ანაზდეულად მოვლენილ მტერს. ძლევამოსილმა გმირმა იძრო ბასრი ხმალი და ის იყო მრისხანე მტერზე იერიში უნდა მიეტენა, რომ უეცრივ იგი ერთერთმა მეომარმა შეაჩერა და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჩააგე ხმალი ქარქაშში! ჩვენ საქმეს თვითონ გამოვასწორებთ, ერთი–მეორეს თვითონ გავუმკლავდებით!“ ამ სიტყვებთან ერთად მიწიდან ამოსული შეიარაღებული მეომრები ერთი–მეორეს დაერივნენ და სასტკი ბრძოლა გააჩაღეს. მეომრები თავდავიწყებით ეკვეთებოდნენ ერთი–მეორეს და მოწინააღმდეგეს შეუბრალებლად ასალმებდნენ სიცოცხლეს. ამ ცხარე, შეუბრალებელ ბრძოლაში სიკვდილს გადარჩა ხუთი საუკეთესო მეომარი: ეხიონი, უდეოსი, ხთონი, პელორი და პიპერენორი. სიკვდილს გადარჩენილმა მეომრებმა იარაღი დაყარეს და კადმოსს სთხოვეს ზავი ჩამოეგდო. ახალგაზრდა გმირს მოეწონა მეომრების წინადადება და ამიტომ კიდევაც სიამოვნებით დასთანხმდა. ძლევამოსილმა გმირმა ამ ხუთი რჩეული მეომრის დახმარებით ააშენა ციხე კადმეა, რომლის ძირში შემდგომ ფართოდ გაიშალა ქალაქი თებე. კადმოსი გულმოდგინედ ზრუნავდა ახლადდაარსებული ქალაქის კეთილდღეობაზე. ხალხის თქმულებით, ფინიკიიდან მოტანილი ანბანით კადმოსმა ბერძნებს წერაკითხვა შეასწავლა, ლითონისა და მადნეულობის დამუშავებას შეაჩვია. ძველი საბერძნეთის მკვიდრნი ამიტომ ყოველთვის დიდის პატივისცემით იგონებდნენ ქ. თებეს დამაარსებელ გმირს და მის დაუვიწყარ სახელს შარავანდის სხივებით მოსავდნენ.

ა რ ა ქ ნ ე[edit]

არაქნე, ერთერთი სამღებროს პატრონის იდმონის ქალიშვილი, მთელს ლიდიაში სახელგანთქმული იყო ქსოვა–ქარგვის ხელოვნების საუკეთესო ცოდნით. არაქნეს საუცხოვოდ დამზადებულ ქსოვილებს ყველანი განცვიფრებაში მოჰყავდა. შორეული ქვეყნებიდან მოდიოდნენ ახალგაზრდა ქალის ნაწარმოების სანახავად და ყველანი გაკვირვებით შეჰყურებდნენ ძვირფას, ხელოვნურად ნაქარგ ნივთებს. არაქნე იმდენად დახელოვნებული იყო ქსოვა–ქარგვაში, რომ ასე გეგონებოდათ თვით ქალღმერთ ათენას შეუსწავლებია ეს ხელობაო. ახალგაზრდა ქალს ყველანი ქებათა–ქებას ასხამდნენ თავისი ხელობის ასე ზედმიწევნით ცოდნისათვის. არაქნე, როცა ამგვარ ქებას მოჰკრავდა ყურს, ხშირად იტყოდა: „მე იმდენად დახელოვნებული ვარ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში, თვით ქალღმერთი ათენა რომ ჩამოვიდეს ზეციდან, ისიც კი ვერ გამიწევს მეტოქეობას! ჩემი ცოდნა, გამოცდილება და გამჭრიახობა ყოვლად შეუდარებელია! დიახ, თვით ქალღმერთი ათენაც კი ვერ შემედრება ქსოვა–ქარგვის საქმეში!“ ქალღმერთი ათენა ისმენდა მოკვდავის ამ საამაყო, წრესგადასულ სიტყვებს და ძლიერ ჯავრდებოდა. ქალღმერთს ჰსურდა რჩევითა და დარიგებით გავლენა მოეხდინა თავგასულ ამაყ ქალზე. ერთხელ ათენამ მოხუცებული ქალის სახე მიიღო და არაქნეს ესტუმრა. – არაქნე, – ასე დაიწყო მოხუცმა: – ხანშესულებთა რჩევა–დარიგებას ნუ უკუაგდებ, ერთგვარი ანგარიში გაუწიე შენი საქმიანობის დროს! მოხუცებულები ცხოვრებაში უკვე საკმაოდ გამოცდილნი არიან, და დარწმუნებული იყავი, რომ ცუდს არასოდეს არ გირჩევენ. იცი, არაქნე, რა უნდა გითხრა? რასაკვირველია, ეცადე ყველა მოკვდავს წაუსწრო ქსოვა–ქარგვის ხელოვნებაში, ხოლო ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ქალღმერთს ათენას არ უნდა გაეჯიბრო, ხელოვნებაში ქალღმერთის თანასწორადაც ნუ გამოაცხადებ თავს და შენს ამაყ სიტყვებს ნურასოდეს ნუ გააგონებ! პირიქით, მე გირჩევ ყოვლად მოწყალე ქალღმერთის წინაშე ბოდიშიც კი მოიხადო და პატიება სთხოვო, დღემდე რაც შეგიცოდავს! ღრმად დარწმუნებული ვარ, ყოვლად შემძლებელი და ყოვლად მოწყალე ქალღმერთი შენს შეცთომას და დანაშაულს გაპატიებს!“ არაქნემ ამ სიტყვების გაგონებაზე სიბრაზით ხელიდან გააგდო დგიმ–სავარცხელი და მრისხანედ შეჰყვირა უცნობ სტუმარს: „ვგონებ, ჭკუაზე შემცდარხარ! – მღელვარებდა არაქნე: – მე სხვისი ჭკუით არ მიცხოვრია და არც მომავალში ვიცხოვრებ. რასაც კი ვლაპარაკობ ქალღმერთ ათენას შესახებ, სრული ჭეშმარიტებაა! თუ ჩემი სიტყვები მას საეჭვოდ მიაჩნია, დეე საქმით შეამოწმოს, ჩამოვიდეს ამ ქვეყნად და გამეჯიბროს! აი, ეს შეჯიბრება ყველაფერს გამოააშკარავებს!“ – აი, კიდევაც მოვედი! – თქვა ქალღმერთმა ათენამ და თავისი ნამდვილი სახე მიიღო. არაქნეს სახელოსნო ოთახში მომუშავე ქალებმა შესაფერი პატივი სცეს ქალღმერთს, არაქნე კი ამაყად იდგა და სრულ უპატივცემულობას იჩენდა ქალღმერთისადმი. ახალგაზრდა ქალი ხელობაში შეჯიბრებას მოითხოვდა ქალღმერთისაგან, თითქო თავის გამარჯვებაში წინასწარ დარწმუნებული იყო. ქალღმერთი ათენა და არაქნე მიუსხდნენ დგიმ–სავარცხელს და გააჩაღეს მუშაობა. ათინა პალადამ მოქსოვა მშვენიერი წამოსასხამი, რომელზედაც ფერადი ძაფებით გამოხატული იყო ქ. ათენის სიმაგრეები და თვითონ ათენას პოსეიდონ ღმერთთან დავა ათენის დაპყრობის შესახებ. ქსოვილის შუაგულს თორმეტი ღმერთი იჯდა სათათბიროდ. ღმერთებს შორის შუა ადგილი ყოვლად შემძლებელ ზევსს დაუჭერია. პოსეიდონ ღმერთს თავისი სამთითით კლდიდან წყალი გამოჰყავს, ხოლო ქალღმერთი ათენა შუბის წვერით მიწიდან აწვდის ატიკის ზეთისხეს. ღმერთების სათათბიროს წევრები გამარჯვებას ქალღმერთ ათენას ერთხმად ულოცავენ. ქსოვილის კუთხეებში ხელოვნურად ამოფერადებულია სურათები, რომლებზედაც გამოხატულია, თუ როგორ სასტიკად სჯიან ყოვლად შემძლებელი ღმერთები ადამიანებს თავგასულობისა და ამაყობისათვის. არაქნემ იშვიათის ხელოვნებით ამოაფერადა თავის ქსოვილზე ის მომენტი, თუ როგორ მოიტაცა ყოვლად შემძლებელმა ოლიმპოს მბრძანებელმა ევროპა. ზევსმა ხარის სახე მიიღო. ღმერთების მამამთავარი ზურგზე იკიდებს მოტაცებულ ქალს და მედგრად მიცურავს ზღვის თვალუწვდენ სივრცეში. ამავე დროს ტილოზე ამოკერილი იყო ისეთი სურათებიც, რომლებიც ღმერთების ნაკლოვანებას ცხადადჰყოფდნენ. შესანიშნავი ხელოვნებით იყო მოქსოვილი არაქნეს დაფერადებული სურათები, თვით დაუძინებელ მტერსაც არა ეთქმოდა რა. არაქნეს ქსოვილი ათენა პალასის ქსოვილს სრულიად არ ჩამოუვარდებოდა. ქალღმერთ ათენასაც კი დიდად აკვირვებდა არაქნეს ასეთი ხელოვნება. არაქნეს ქსოვილის გრეხილები ისე ხელოვნურად იყო ამოწყობილი ტილოზე, რომ ადვილად გამოსაცნობი იყო არაქნეს განუსაზღვრელი ზიზღი ღმერთებისადმი. ათენა ქალმერთმა, როგორც კი ეს შენიშნა, დაუყოვნებლივ ნაფლეთ–ნაფლეთად აქცია ეს მშვენიერი ნაქსოვი და საქსოვი მაქო რამდენჯერმე თავში ჩასცხო ახალგაზრდა ქალს. არაქნემ ვერ მოითმინა ასეთი შეურაცხყოფა, დაუყოვნებლივ ჩამოაბა თოკი ხეზე და თავი ჩამოიხრჩო. ქალღმერთ ათენას შეეცოდა ახალგაზრდა ხელოვანი ქალი, ჩამოხსნა იგი ხიდან და უთხრა: „შენი სიკვდილი მე სრულიადაც არა მსურს! სიცოცხლე მინდა გაჩუქო, მხოლოდ იმ პირობით, რომ ჰაერში უნდა იქნე მუდამ ჩამოკიდებული! დეე, ეს სასჯელი სამარადისოდ მიენიჭოს მთელ შენს ჩამომავლობას!“ ქალღმერთმა სასწაულმოქმედი ბალახის წვენი აპკურა ახალგაზრდა ნიჭიერი ქალის გაცივებულ გვამს. საბრალო ქალს თავიდან თმა გასცვივდა და საზიზღარ ობობად გადაიქცა. ლიბიელი ქალები, თუმცა სწამდათ არაქნეს ნიჭი და ქსოვა–ქარგვაში დიდი დახელოვნება, როცა ახალგაზრდა ხელოვანი ქალის თავგასულობა, სიამაყე და სხვისი შრომის შეუფასებლობა მოაგონდებოდათ, ქალღმერთ ათენას განაჩენს სრულიად სამართლიანად თვლიდნენ.

ლ ი კ ი ი ს მ კ ვ ი დ რ ნ ი[edit]

ლიკიის თვალუწვდენ ვაკეზე გადაჭიმულია ანკარა წყლით სავსე ტბა. ტბის შუაგულს ამობურთულია პატარა კუნძული, რომლის მშვენიერი მიდამოები ახოვანი ლერწმის ხეებითაა დამშვენებული. კუნძულის თვალსაჩინო ადგილას გამართულია ელინთა ქალღმერთის ლატონას სახსოვრად კოპწია საკურთხეველი. ელინთა ღმერთების მამამთავრის ზევსის მეუღლეს ჰერასა და ლატონას შორის კარგახანია დიდი უსიამოვნება იყო ჩამოვარდნილი. ოლიმპოს მბრძანებელი ზევსი, სანამ ქალღმერთს ჰერას შეირთავდა, ფარულად ქალღმერთ ლატონასთან ცხოვრობდა, რომლისგანაც ორი შვილი შეეძინა – აპოლონი და არტემიდე. ამ საიდუმლოდ შენახულ ამბავს ქალღმერთმა ჰერამ, როცა იგი ყოვლად შემძლებელ ღმერთს ზევსს შეუუღლდა, ყური მოჰკრა და კიდევაც ეს იყო მიზეზი, რომ ამაყი ქალღმერთი ჰერა მუდამ სდევნიდა და ავიწროებდა საბრალო ლატონას. დიდად შევიწროებული ლატონა თავისი ორი პაწია ქალ–ვაჟით იძულებული შეიქნა დაეტოვებინა სამშობლო დელოსი და სხვა ადგილას მოეძებნა უფრო მყუდრო თავშესაფარი. ზაფხულის გულშემზარავი პაპანაქება დედამიწას ანადგურებდა, როცა ქალღმერთი ლატონა ლიკიის საზღვრებს მიუახლოვდა. ლიკიის ფართოდ გადაშლილ მინდვრებზე ლატონამ უპირველეს ყოვლისა დაინახა ანკარა წყლით სავსე ტბა, რომლის გარშემო ლიკიელები ლერწმის ხეებს ჭრიდნენ და ერთ ადგილას ეზიდებოდნენ. ელინთა ქალღმერთსა და მის პაწია ქალ–ვაჟს, გზაში ძალზე დაღლილთ და დაქანცულთ, წყურვილისაგან ხახა უშრებოდათ. წყლის დანახვისთანავე ლატონა ტბისაკენ გაეშურა ფეხაკრეფით, მაგრამ დახეთ ლიკიელების გულქვაობასა და შეუბრალებლობას: ლატონას არა თუ წყლის დალევის ნება არ მისცეს, პირიქით, დამუქრება და ლანძღვა–გინება დაუწყეს. ელინთა ქალღმერთმა თავაზიანი კილოთი შესჩივლა ბრაზმორეულ ლიკიელებს: „რა დაგიშავეთ, რატომ გვიკრძალავთ დამაშვრალთ წყლის დალევას? წყალი ხომ საზოგადო კუთვნილებაა, ისე, როგორც ჰაერი, მზე და სინათლე. ჩვენ ხომ ტბის ანკარა წყალში ბანაობა არ გაგვიზრახავს! ჩვენ გვინდოდა მხოლოდ წყალი დაგველია. ლამის აუტანელმა წყურვილმა შორის გზით დაქანცულთ სიცოცხლე მოგვისპოს! ლაპარაკის ილაჯი გვიწყდება, ერთი ცვარი წყალი მაცხოვნებელ ნექტარად გადაგვექცევა, სიცოცხლეს დაგვიბრუნებს. გევედრებით, მე თუ არა, ეს საცოდავი ყმაწვილები მაინც შეიბრალეთ! ხედავთ, საწყლები წყურვილისაგან როგორ საცოდავად გმინავენ, რა მუდარებით შემოგცქერიან და შველას გთხოვენ!“ ლიკიელების გულქვაობა ვერც ამ თხოვნამ მოალბო. ლიკიელები ისევ გაბრაზებითა და სასტიკი მუქარით ერეკებოდნენ ტბის ნაპირებიდან საცოდავ ბავშვებს და მათ ერთიანად მოქანცულ საბრალო დედას. ლატონასა და მისი შვილებისათვის რომ წყლის დალევის შესაძლებლობა სრულიად მოესპოთ ლიკიელებმა შესტოპეს წყლის სიღრმეში და ტბის ფსკერზე ნადები ტალახითა და სილით ერთიანად აამღვრიეს ანკარა წყალი. ლატონამ ლიკიელების ასეთი თავხედობა და სტუმართმოყვარეობის სრული უგულებელყოფა, ახლა კი ვერ მოითმინა, ზეცას ხელები აღაპყრო და ყოვლად შემძლებელ ზევსს ლმობიერად შესთხოვა: „ყოვლად შემძლებელო მაღალო ღმერთო, გევედრები, ეს სამარცხვინო ადამიანები თავისი საზიზღარი, შემაძრწუნებელი მოქმედებისათვის სასტიკად დასაჯო, სამუდამოდ დასტოვო მათ მიერ აფორიაქებული წყლის წუმპეში!“ ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა შეისმინა ქალღმერთ ლატონას ვედრება. მართლაც, ლიკიელები ამ დღიდან წყალს არ მოშორებიან და ტბაში ცხოვრება თითქო კიდევაც გაუტკბათ. ზოგჯერ ეს რაინდი ვაჟბატონები ტბის სიღრმეში ჩაეშვებიან, ზოგჯერ წყლის ზედაპირზე ამოცურდებიან, ამოსკუპდებიან ტბის ნაპირას და ისევ წყალში ჩაეშვებიან. ძველებური ჩვეულება წყალშიაც ვერ დაკარგეს, მუდამ ერთი–მეორეს ლანძღავენ და ათრევენ. ახლა მხოლოდ ხმა გამოიცვალეს: უხეიროდ და ულაზათოდ დღედაღამ განუწყვეტლივ ყიყინებენ. მუდამ წყლის წუმპეში ყოფნისგან ლიკიელებმა სახე და შეხედულება გამოიცვალეს, კისერი დაუმსხვილდათ და დაუმოკლდათ, ზურგი მწვანე ზოლებით დაესერათ, ხოლო მუცელი გაუმსხვილდათ და გაუთეთრდათ. დღესაც ეს ვაჟბატონები ლიკიის ტბის წუმპეში იმალებიან, ხოლო ლიკიელების მაგივრად ბაყაყების სახელს ატარებენ.

მ ე ფ ე მ ი დ ა ს ი[edit]

ფრეგიის მეფის მიდასის საბრძანებელში მხიარულების ღმერთს დიონისეს ჩვეულებრივი ნადიმობის დროს თავისი გულითადი მეგობარი და მასწავლებელი სილენე სადღაც დაეკარგა. მეგობრის ასე მოულოდნელად დაკარგვამ დიონისე მეტად შეაწუხა. სილენე დიონისე ღმერთის ნადიმისა და დროსგატარების სული და გული იყო და კიდევაც ამიტომ წუხდა იგი თავისი მეგობრის ასე უგზოუკვლოდ დაკარგვას. ფრიგიელები შემთხვევით წააწყდნენ ტყეში მოხეტიალე სილენეს და დაუყოვნებლივ მეფე მიდასს მიჰგვარეს. მიდასმა პირველ შეხედვისთანავე იცნო დიონისეს გულითადი მეგობარი და მყისვე დიდის თავაზიანობით სასახლეში მიიპატიჟა. მეფე დიდის პატივისცემით დაუხვდა სილენეს, დიდი ნადიმი და წვეულება გაუმართა. მთელი ათი დღის განმავლობაში მეფე მიდასის სასახლეში განუწყვეტელი ლხინი იყო გამართული. სილენე სულითა და გულით კმაყოფილი დარჩა მეფე მიდასის ასე გულუხვი მასპინძლობით. მეთორმეტე დღეს სილენე და მეფე მიდასი დიონისე ღმერთს ესტუმრნენ. დიონისე სილენეს ასე მოულოდნელად პოვნამ დიდად გაახარა და, ნიშნად ღრმა მადლობისა, მეფე მიდასს დაჰპირდა, ყველაფერს შეგისრულებ, რასაც კი მოისურვებ და მთხოვო. – მოწყალეო და ყოვლად შემძლებელო ღმერთო, – მოკრძალებით შეჰკადრა მეფე მიდასმა დიონისე ღმერთს: – თუ კეთილ ინებებთ და ჩემზე მოწყალებას მოიღებთ, გთხოვთ შემდეგი შემისრულოთ: რასაც მე ხელს შევახებ, ოქროდ აქციეთ! დიონისე ძლიერ გააკვირვა ფრიგიის მბრძანებლის ასეთმა კადნიერებამ, მაგრამ სიტყვის შეუბრუნებლად შეიწყნარა მეფე მიდასის ახირებული თხოვნა. მეფე მიდასი სიხარულით ფეხზე არ იდგა, მან არ იცოდა, როგორი მადლობა უნდა გადაეხადა ასეთი უხვი საჩუქრისათვის. მეფის აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა. თითოეული ნივთი, თითოეული საგანი, რომელსაც მეფე მიდასი ხელს ახლებდა, მყისვე ოქროდ იქცეოდა. მეფე ბედნიერად თვლიდა თავისთავს. სიხარულით გატაცებულმა მიდასმა მეგობრებს და რჩეულ კარისკაცებს დიდი წვეულება გაუმართა, რომელზედაც ჰსურდა თავისი უსაზღვრო ბედნიერება ყველასათვის შეეტყობინებინა. სამეფო სუფრა სასახლის დახელოვნებულმა მზარეულებმა ათასნაირი სასმელითა და საჭმელით შეამკეს. მხიარული სტუმრები მადიანად შეექცეოდნენ ნუგბარ სადილს, მეფე მიდასი კი გულდაწყვეტილი შესცქეროდა მდიდრულად გაწყობილ სუფრას. როგორც კი რომელსამე საჭმელს მეფე ხელით შეეხებოდა, პირთან მიტანამდე იგი ზოდ ოქროდ იქცეოდა და მისი შეჭმა, რასაკვირველია, ყოვლად შეუძლებელი ხდებოდა. მეფე ყოველ ცისმარე დღეს ამგვარად იტანჯებოდა და მუდამ ოქროებში ჩაფლული სიკვდილს ნატრობდა. მეფე მიდასმა, როცა ძალზე გაუჭირდა და ამასთანავე ნათლად შეიგნო თავისი თხოვნის სრული უგნურება, ისევ მოკრძალებით შეჰკადრა დიონისე ღმერთს: „ყოვლად მოწყალეო ღმერთო, მაპატივე, დამნაშავე ვარ შენს წინაშე! შემიბრალე, ყოვლად შემძლებელო, მაპატიე ჩემი შეცდომა და გამათავისუფლე ჩემი დამღუპველი ოქროებისაგან!“ დიონისემ შეიწყალა მეფე მიდასის თხოვნა და ამნაირად იხსნა ფრიგიის მბრძანებელი აუცილებელი სიკვდილისაგან, რომელიც მას მოელოდა თავისი უგნურებისაგან. მეფე მიდასი ამის შემდეგ დიდი ზიზღით შეჰყურებდა ოქროებს და საზოგადოდ ყოველგვარ სიმდიდრეს, რაც კი კაცის კეთილგონიერ ცხოვრებას მუდამ ხელს უშლიდა და აფერხებდა. მართალია, მეფე მიდასმა ამჟამად თავი დააღწია სასტიკსა და შეუბრალებელ სასჯელს, მაგრამ მეფის წინდაუხედავობამ და უგნურებამ ერთხელ კიდევ იჩინა თავი და იგი ამ წინდაუხედაობისა და უგნურებისათვის სამუდამოდ სასტიკად დაისაჯა. ერთხელ ღმერთები პანი და აპოლონი ერთმანეთს გაეჯიბრნენ აბა ვინ უფრო დახელოვნებულია მუსიკის ცოდნაშიო. ყოვლად შემძლებელმა ღმერთებმა მოიწვიეს გამოცდილ მსაჯულთა კრებული, რომელსაც უნდა შეეფასებინა შეჯიბრებაში მონაწილეთა მუსიკალური ცოდნა და ხელოვნება. მსაჯულთა კრებულის ერთერთ წევრად მეფე მიდასიც მიიწვიეს. აპოლონ ღმერთმა ისეთის ხელოვნებით ააჟღერა კითარის სიმები, რომ მთელი უტყვი და მეტყველი ბუნება ერთიანად მოხიბლა. საუცხოვო საკრავის სიმთა ნარნარი ჟღერა მარგალიტებს აბნევდა ცის თვალუწვდენელ სივრცეში და მსმენელთ ნეტარების გრძნობას ღრმად უნერგავდა გულში. აპოლონის შემდეგ მსაჯულთა კრებულის წინაშე წარსდგა ღმერთი პანიც, რომლის საუცხოო საკრავის სიმთა ჟღერა მთელ არემარეს ფიანდაზად ეფინებოდა. მსაჯულთა კრებულმა მცირე თათბირის შემდეგ პირველობა მუსიკის ზედმიწევნით ცოდნაში აპოლონ ღმერთს არგუნა. მაგრამ მეფე მიდასი არ დაეთანხმა მსაჯულთა კრებულის ასეთ განაჩენს. ფრიგიის მბრძანებლის აზრით, პირველობა შეჯიბრებაში პანს ეკუთვნოდა. აპოლონ ღმერთი ძლიერ განრისხდა და, რომ საგრძნობლად დაესაჯა თავისი უსამართლო მსაჯული, მეფე მიდასს ვირის ყურები გამოაბა. მეფე მიდასი ძლიერ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. აბა, ვირის ყურებით შემკობილი სად ან ვისთან გამოჩნდებოდა! მეფემ დაუყოვნებლივ აიხვია სამარცხვინო გრძელი ყურები და გადაწყვიტა არავისათვის არ გაემჟღავნებინა ეს თავისი უბედურება. მაგრამ ამ საიდუმლოების ადფარვა შეუძლებელი იყო სასახლის კარის დალაქის წინაშე, რომელიც მეფე მიდასს მუდამ წვერულვაშს და თმას ჰკრეჭდა. მწუხარებით სასოწარკვეთილმა მიდასმა თავის დალაქს უბრძანა, რომ მეფის ამ უბედურების შესახებ არავისთან კრინტი არ დაეძრა. მართლაც, დალაქმა დიდხანს ინახა მეფის საიდუმლოება, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოითმინა, გავიდა ქალაქგარეთ, ამოთხარა დიდი ორმო და შიგ ჩასძახა: მეფე მიდასს ვირის ყურები გამობმიაო, და მყისვე მიწით მაგრად დამარხა მეფე მიდასის სამარცხვინო ამბავი. რამდენიმე წლის შემდეგ სწორედ იმ ადგილას, სადაც დალაქმა მეფე მიდასის საიდუმლოება ჩამარხა, სწორი და მაღალი ლერწმის ხეების ხშირი ტყე გაშენდა. როცა ქარი ამოვარდებოდა და შოლტივით ავარდნილი მაღალი ლერწმები იხრებოდა, ქარის დროს აშრიალებული ნაზი ლერწმები რხევის დროს ერთი–მეორეს წასჩურჩულებდნენ მათ ფესვებქვეშ დამარხულ საიდუმლოებას: მეფე მიდასს ვირის ყურები გამობმიაო. გამვლელ–გამომვლელი ისმენდა ლერწმების საიდუმლო ჩურჩულს, და ამნაირად ვრცელდებოდა ფრიგიის მკვიდრთა შორის მეფე მიდასის სამარცხვინო ამბავი.

ც ე ი ს ი დ ა ა ლ ც ი ო ნ ა[edit]

ტრახინის ახალგაზრდა მეფის ცეისის და მისი მეუღლე ალციონას კეთილგანწყობილება და ერთი–მეორის სიყვარული ყველასაგან სამაგალითოდ იყო აღიარებული. ცეისი მთელი თავისი არსებით ალციონას ეკუთვნოდა, ალციონა კი ცეისს. ტრახინის მკვიდრნი, დიდი და პატარა, კარგად გრძნობდნენ სამეფო ოჯახის კეთილგონიერ განწყობილებას, ამიტომ ყველანი დიდის სიყვერულითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ ახალგაზრდა ცოლ–ქმარს. თითოეული ტრახინელი ოჯახის უფროსი თავის კერძო ცხოვრების კეთილდღეობას სამეფო ოჯახის მაგალითის მიხედვით აწესრიგებდა. ახალგაზრდა მეფე სული და გული იყო თავისი მოსიყვარულე ერისა, იგი მუდამდღე საერთო წარმატების ზრუნვაში იყო, მთელ თავის ძალღონეს საზოგადო საქმეს ახმარდა. მეფემ ერთხელ გადაწყვიტა კლაროსში გამგზავრება ზღვით. ცეისს ჰსურდა აპოლონ ღმერთისაგან გაეგო, ტრახინის სამეფოს მომავალში თუ რაიმე განსაცდელი მოელოდა. მეფემ ეს გადაწყვეტილება გამოუცხადა თავის საყვარელ მეუღლე ალციონას. ცეისის გადაწყვეტილებამ დედოფალს თავზარი დასცა. მეფის უსაზღვროდ მოსიყვარულე დედოფალი შეშინდა და მთელი სხეულის ცახცახით საზარლად ქვითინი მორთო. ალციონას თითქო გულმა უგრძნო, რომ მეფის გადაწყვეტილებას ცუდი შედეგი მოჰყვებოდა, და ამიტომ იგი მეტად შეაწუხა ცეისის შორეული გზით გამგზავრებამ. – ჩემო ძვირფასო, ჩემო კარგო მეგობარო! – ცრემლების ღაპაღუპით, საცოდავად ქვითინებდა საბრალო ალციონა. – განა შევძლებ უშენობას, განა ერთი წამითაც შევურიგდები შენს განშორებას, ჩემო უძვირფასესო მეგობარო?! მე გულს მიკლავს, სულს მიხუთავს შენი ასეთი სამძიმო გადაწყვეტილება, მე მაშინებს შენი შორეული გზა, და ისიც ზღვით! განა არ იცი, ჩემო კარგო, რარიგ საშიშია მოგზაურთათვის ზღვის შეუბრალებელი ზვირთები! ზღვის გაუმაძღარი უფსკრული გვირგვინოსნებსაც არ დაინდობს, და სამუდამოდ გულში ჩამიკლავს უსაზღვრო სიყვარულს, სამუდამოდ გულიდან ამომგლეჯს ჩემს ძვირფასს მეგობარს, ჩემს ძვირფასს მესაიდუმლეს! ჩემო კარგო, თუ წაუსვლელობა მაინცდამაინც შეუძლებელია, მეც თან წამიყვანე, მეც შენთან ერთად გავიზიარებ შენი შორეული მოგზაურობის ჭირსა და ლხინს! დეე, შეუბრალებელმა ზღვის ზვირთებმა შენთან ერთად მიმიბაროს თავის გაუმაძღარ უფსკრულში! დეე, მეც იქ დავიმარხო, სადაც ჩემი ერთგული მეგობარი სამუდამო მყუდრო ბინას მოსძებნის! ცეისი მეტად ჩააფიქრა ალციონას გულსაკლავმა სიტყვებმა, მაგრამ თავისი გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა. ცეისს ღრმად სწამდა, რომ შორეული გზით ზღვაზე მოგზაურობა საშიში იყო, და კიდევაც ამიტომ ვერ ბედავდა ალციონას წაყვანას. ახალგაზრდა მეფემ დიდის გაჭირვებით დაარწმუნა დედოფალი, სულ მოკლე ხანში უვნებლად დავბრუნდები სამშობლოშიო. საგზაოდ გამზადებული გემი ზღვის ნაპირას იდგა. ტრახინის რჩეული მეზღვაურები გამგზავრებას მოუთმენლად მოელოდნენ. გემის დანახვაზე ალციონას თვალთ ცრემლების ნაკადული წასკდა და მწარე ქვითინი მორთო, თითქო თავისი უბედურება წინათვე იგრძნოო. ცეისი დიდხანს სიყვარულის კილოთი ეალერსებოდა დედოფალს. ალციონა სრულიად უხმოდ ამცნობდა საყვარელ მეგობარს თავის უღრმეს მწუხარებას და გულამოსკვნით საცოდავად იცრემლებოდა. დადგა განშორების საათიც. მეფე–დედოფალმა უკანასკნელი „მშვიდობით“ უთხრეს ერთი–მეორეს და განშორდნენ. მეზღვაურებმა ერთგულად მოუსვეს ხოფები წყლის ზვირთებს და ტრახინელი მეფის სამგზავრო ხომალდი ზღვის აბობოქრებულ ტალღებში შეაცურეს. ხომალდი ელვის სისწრაფით მიქროლავდა ზღვის თვალუწვდენ სივრცეში. ალციონა დიდხანს, დიდხანს მწუხარედ გასცქეროდა ზღვის აზვირთებულ ტალღებს, რომელნიც ასე გამალებით მიაქროლებდნენ ტრახინელ მეფე ცეისს შორეული უცხო ქვეყნისაკენ. მეზღვაურების მძლავრად მოქნეული ხოფების ჯარასავით ტრიალმა ხომალდი სასწრაფოდ მოაცილა სამშობლო ნაპირებს. მთელი დღის განმავლობაში ზღვას საამური ნიავი დაჰქროლავდა. ცა ერთიანად მოწმენდილი იყო. ხომალდი მარდად მისრიალებდა დაწყნარებულ ზღვის ზედაპირზე. მოახლოვდა საღამო. უეცრივ დასავლეთით ამოვარდა მძლავრი ქარი. ზღვა ერთიანად შეშფოთდა, შეტორტმანდა, ელვა და ჭექა–ქუხილი ერთიანად თავს დაატყდა მოგზაურებს. დასავლეთის ქარი შესაზარად ზუზუნებდა, ტალღები ერთი–მეორეს მძლავრად ეჯახებოდნენ. ზღვა საშიშრად შფოთავდა, მღელვარებდა, ზვირთებს ზვირთებზე ცის სიმაღლეზე ერთი–მეორეს ახლიდა. მამაცი მეზღვაურები აბობოქრებულ ზღვის ტალღებს თავდავიწყებით ეომებოდნენ, მაგრამ შეუბრალებელი ზღვის სტიქიონი ტრახინელ მოგზაურებს ოდნავაც არ ინდობდა. გამხეცებული ზღვის ტალღები უფროდაუფრო მეტის სიმძლავრით ეჯახებოდნენ ხომალდის კედლებს და ყოველ წუთს სრულ განადგურებას უქადოდენ. ზღვაოსნები შიშმა აიტანა და გამძვინვარებულ სტიქიონთან ბრძოლაში დაღლილებმა გადარჩენის იმედი სრულიად დაკარგეს.ხომალდის მძლავრი კედლები შეირყა, დაზიანდა, და ზღვის შეუბრალებელმა ტალღებმა სისწრაფით დაიწყეს დენა ხომალდის კუნჭულებში. დადგა უკანასკნელი გულსაკლავი წამი. მეზღვაურებმა ცისაკენ აღაპყრეს ხელები და ღმერთებეს საზარელი ქვითინით დახმარებას შესთხოვდნენ. თითოეული მეზღვაური ამ საშინელი განცდის დროს გულში მაგრად იკრავდა ძმის, დის, საყვარელი დედ–მამის, მეუღლისა და ნაცნობმეგობრების ხსოვნას. ცეისიც ამ საშინელ წამს თავის ძვირფას ალციონას იგონებდა და გულამოსკვნით ქვითინებდა. დასავლეთის მძლავრმა ქარმა ერთი კიდევ მძლავრად დაჰბერა, ტრახინელი მოგზაურები გამძვინვარებულ ტალღებში შეაცურა და სამუდამოდ ზღვის უფსკრულში ჩამარხა. ალციონამ საყვარელი მეუღლის დაღუპვის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა, იგი მუდამ წამს ღმერთებს მხურვალე ლოცვას სწირავდა ცეისის სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებისათვის. ალციონამ თავის საყვარელ მეუღლეს ძვირფასი ქსოვილების ტანსაცმელი მოუმზადა, რომელიც ცეისს დაბრუნების შემდეგ უნდა ჩაეცვა. დედოფალი უკვე დღედღეზე მოელოდა თავის საყვარელ მეუღლეს. ამგვარ ლოდინში ატარებდა ალციონა ყოველ ცისმარე დღეს. ერთ ღამეს დედოფალმა მეტედ საზარელი სიზმარი ნახა: ალციონას საწოლის წინ იდგა მკვდარივით ფერმიხდილი და სრულიად ტიტველი ცეისი. მეტად საშიში სახე ჰქონდა ცეისს, წვერები და ულვაშები დასველებოდა და თმიდან წყალი განუწყვეტლივ წვეთ–წვეთად ჩამოსდიოდა, – „საბრალო ალციონა, იცანი შენი საყვარელი მეუღლე ცეისი? ვერა ხედავ, როგორ გამოუცვლია მისი პირისახე შეუბრალებელ სიკვდილს?“ ასე ელაპარაკებოდა სიზმრად საბრალო ალციონას მისი საყვარელი მეუღლე ცეისი. „ შენ საყვარელ მეუღლეს, შენ საყვარელ ცეისს კი არა ხედავ, არამედ მის აჩრდილს. ვერა მიშველა რა ვერც შენმა ლოცვა კურთხევამ, ვერც შენმა განუსაზღვრელმა სიყვარულმა და აღთქმამ. შენი მეუღლე არ დაგიბრუნდება. ეგეოსის ზღვის შუაგულში უეცრივ ამოვარდა მძლავრი ქარი, რომელმაც ერთიანად დაამსხვრია ჩვენი ხომალდი, და შეუბრალებელმა ზღვის ტალღებმა დამიდუმეს ტუჩები სწორედ იმ დროს, როცა ჩემი საყვარელის, ჩემი ძვირფასი ალციონას სახელს ვახსენებდი. აღსდექ, საცოდავო, შეიმოსე ძაძებით და ცრემლების ფრქვევით პატივი ეცი ჩემი სახელის ხსოვნას, რომ საიქიოს დაუტირებელი არ ჩავიდეს.“ ამ სიტყვებზე ალციონამ ძილში ღრმად ამოიოხრა და ოთახიდან გამავალ მეუღლეს მოსახვევად სასწრაფოდ გაუწვდინა ხელები. – დარჩი, ჩემო ძვირფასო, სად მიეშურები, ერთად წავიდეთ! ასე ბუტბუტებდა ალციონა, როცა გამოეღვიძა. საბრალო შეშლილივით წამოიჭრა ლოგინიდან და საზარელი, გულისგამგმირავი ქვითინი მორთო. „ჩემო ძვირფასო, ჩემო კარგო, ჩემო მშვენიერო ცეის, განა შენს შემდეგ შენი ალციონა ცოცხალი უნდა დარჩეს! არა და არა, მეც შენთან ერთად უნდა დავიმარხო, თუ ერთ კუბოში არა, ერთ საფლავში მაინც, რომლის წარწერა ყველას ამცნებს ორი გულითადი მეგობრის, ცეისისა და ალციონას, სახელთა ხსოვნას“. მშვენიერი, დაწყნარებული დილა იყო, დილის საამური ცხოველმყოფელი ნიავი ნაზად დაქროლავდა დედამიწაზე. ყველაფერი ლხინობდა, ყველაფერი ხარობდა, ყველაფერს სიხარულის ელფერი ედო. საცოდავი ალციონა კი მწუხარებით გულს იშხამავდა და ხელებდაკრებილი მწუხარედ იჯდა ზღვის პირას, სწორედ იმ ადგილას, საიდანაც ამ რამდენიმე დღის წინათ საბრალო ცეისი ხომალდით კლაროსს გაისტუმრა, და თვალცრემლიანი გასცქეროდა ზღვის თვალუწვდენელ სივრცეს. უეცრივ ზღვის ნაპირის მოშორებით ალციონამ დამხვრჩალი კაცის გვამი დაინახა. ამ სანახაობამ უფრო მეტად დაამწუხრა საცოდავი დედოფალი. „საბრალოვ, მეცოდები! განსაკუთრებით კი – თუ ამასთანავე მეუღლეცა გყავს“. ცრემლების ღაპაღუპით, შეშლილივით ესაუბრებოდა საბრალო ალციონა ზღვის ტალღებში მცურავ უცნობის გვამს. ტალღები დამხრჩვალის გვამს უფრო და უფრო უახლოვებდა ზღვის ნაპირს. აი, ტალღებმა უცნობის გვამი ალციონას მახლობლად შემოაცურეს. „ისაა“ – გიჟივით შეჰკივლა ალციონამ და ელვის სისწრაფით ტანსაცმელი ერთიანად შემოიგლიჯა: „აგრე დამიბრუნდი, ჩემო ძვირფასო, ჩემო კარგო მეგობარო?!“ – გულსაკლავად შეჰყვირა ალციონამ და დაუყოვნებლივ აზვირთებულ ზღვის ტალღებში შეიჭრა. მაგრამ უეცრივ ალციონას ფრთები გამოესხა, იგი ჭარლად გადაიქცა და საცოდავი ჭყივილით ზღვას თვალუწვდენელ სივრცეზე მწუხარებას ჰგვრიდა. ალციონამ ცეისის გაციებული გვამი დაუყოვნებლივ მაგრად ჩაიკრა ფრთებში და თავისი ნისკარტით მეუღლის დადუმებულ ტუჩებს მძლავრად ჩაეკონა. ცეისის უსულო გვამმა კარგად იგრძნო საყვარელი მეგობრის ტკბილი ამბორი. ცეისიც ღმერთებმა ჭარლად გადააქციეს. ცეისი და ალციონა ამის შემდეგ ერთმანეთს არ განშორებიან და ისევ კვლავინდებურად ტკბილად უყვართ ერთმანეთი.

ე ა კ ი[edit]

ოინოპიას კუნძულზე მდინარის ღმერთის ასოპეს ქალს, ეგინას, ღმერთების მამამთავრის ზევსისაგან მიეცა ვაჟიშვილი, რომელსაც ეაკი დაარქვეს, როდესაც ეაკი დავაჟკაცდა, იგი გამეფდა ოინოპიას კუნძულზე, რომელსაც მეფის დედის ეგინას პატივსაცემლად ეგინა ეწოდა. ეაკი თავისი სათნოებით, სისწორით, მართლმსაჯულებითა და სიმშვიდით მთელს საბერძნეთში კიდით-კიდემდე სახელგანთქმული იყო. სახელმწიფოს მთელი მოსახლეობა, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველა დიდი პატივისცემით ეპყრობოდა ახალგაზრდა მეფეს. ეაკიმაც მხურვალედ შეიყვარა სახელმწიფოს მკვიდრნი და მთელ თავის ძალღონეს საყვარელი ერის საკეთილდღეოდ სწირავდა. ღმერთებიც დიდის სიყვარულით ეპყრობოდნენ ეგინას მფლობელს. ეაკის მართლმსაჯულება და სისწორე ისე სწამდათ ღმერთებს, რომ თავიანთი უთანხმოების დროს მეფეს ძლიერ ხშირად მსაჯულადაც კი ირჩევდნენ. ერთხელ, როდესაც მთელი საბერძნეთი გვალვამ თითქმის მთლად გაანადგურა, დელფოს მისანმა უწინასწრმეტყველა საბერძნეთის მკვიდრთ: სანამ ღვთისნიერი ეაკი არ შეევედრება ღმერთებს, უბედურების თავიდან აცილება ყოვლად შეუძლებელიაო. ეაკი ხალხის თხოვნით შეევედრა ღმერთებს, და, მართლაც, ღმერთების მამამთავარმა, ყოვლად შემძლებელმა ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა, საბერძნეთს მოუვლინა ჟუჟუნა წვიმა, რომელმაც იხსნა მთელი სახელმწიფოს მკვიდრნი დიდის განსაცდელისაგან. ყველა ღმერთს უყვარდა ღვთისნიერი ეაკი. მხოლოდ ქალღმერთი ჰერა სდევნიდა ყველასგან საყვარელ ეგინას მფლობელს. ჰერას თვალის დასანახავად ეჯავრებოდა ეაკი: ღმერთების მამამთავრის მეუღლეს სწყინდა, რომ ეაკი ზევსის შვილის სახელს ატარებდა და ამასთანავე დიდის პატივისცემით და სიყვარულით იხსენიებოდა ყველგან და ყველასაგან. ქალღმერთი ჰერა ყოველგვარი ღონისძიებით ცდილობდა, რომ ეგინას მფლობელი დაესაჯა. ეაკის სამფლობელოს, მთელ კუნძულ ეგინას, ჰერამ მოუვლილნა საშინელი უბედურება: მთელი ოთხი თვით კუნძული დაბურა სქელმა, ერთიანად მოშხამულმა ნისლმა. როდესაც ნისლი გაიფანტა, მთელს სამეფოში, მდინარეებსა და წყაროებში, ზღვასა და ხმელეთზე ათასობით გაჩნდნენ სხვადასხვა შხამიანი ქვეწარმავალნი, რომლებიც უბრალო შეხებითაც კი შხამავდნენ ყველაფერს. საქონელი, შინაური და გარეული ფრინველები საცოდავად გმინავდნენ მოწამლული ჰაერით და სამუდამოდ ეთხოვებოდნენ წუთისოფელს. ტყე, მინდორ–ველები და მკვიდრთა მთელი კარმიდამო აივსო დახოცილ ცხოველთა ლეშებით, და ისედაც მოწამლული ჰაერი კიდევ უფრო მეტად იწამლებოდა. სახელმწიფოს მკვიდრიც ვერ გადურჩა ამ საშინელ განსაცდელს. მოწამლულმა ჰაერმა ხალხს მუსრი გაავლო. შეუბრალებლად ესალმებოდნენ სიცოცხლეს დედა, მამა, შვილები. ოჯახები დღითიდღე ცარიელდებოდა. შეშინებული ხალხი სახელმწიფოს ერთი კუთხიდან მეორე კუთხეს აფარებდა თავს, მაგრამ შველას კი ვერსად პოულობდა. ეგინას მფლობელი ღვთისნიერი ეაკი მწუხარებით შეჰყურებდა საყვარელი ერის დღითიდღე განადგურებას, მაგრამ დახმარებას ვერ უწევდა, ვერას შველოდა. აქა–იქ ცოცხლმკვდრად დარჩენილი მკვიდრნი ღმერთებს შესავედრებელ მსხვერპლს სწირავდნენ, მაგრამ მკვიდრთა ამ საყოველთაო უბედურებას ბოლო არ ეღებოდა. განადგურდა მთელი სახელმწიფო, დაიხოცნენ ერთიანად ქალი, კაცი, დიდი და პატარა, მთელ სახელმწიფოში გადარჩენ მხოლოდ თვითონ მეფე ეაკი და მისი სამი შვილი. ხალხის უბედურებით თავზარდაცემულმა მეფე ეაკმა ცისკენ მწუხარედ აღაპყრო ხელები და ღმერთების მამამთავარს მხურვალედ შეევედრა: „მაღალო ღმერთო ზევსო, თუ მე შენი შვილობის სახელის ტარების ღირსი ვარ, იხსენ ჩემი სამეფო საშინელი განსაცდელისაგან, დამიბრუნე ჩემი საყვარელი, უდანაშაულოდ დასჯილი ერი, და თუ ეს შეუძლებელია, მეცა და ჩემ შვილებსაც მოგვივლინე სიკვდილი, რათა უკან არ ჩამოვრჩეთ ჩვენ საყვარელ ერს. ღმერთების მამამთავარო, შენ ჩემზე კარგად უწყი, რომ მეფე ერის საკეთილდღეოდაა გაჩენილი, და არა ერი მეფის საკეთილდღეოდ“. ეგინას მფლობელმა ამ სიტყვებთან ერთად მიაპყრო თვალები იქვე მდგომ მაღალ მუხას, რომლის ტოტებზე ჭიანჭველების მთელი გროვა ათასნაირად ფუსფუსებდა და გულმოდგინე შრომას ეწეოდა. „ღმერთების მამამთავარო – კვლავ შეევედრა მეფე ეაკი ზევსს: მომეც სახელმწიფოს იმდენი მკვიდრი, რამდენიც ამ მუხაზე ჭიანჭველაა, რათა სრულიად დაცარიელებული ჩემი სახელმწიფო კვლავ აღვადგინო“. დაღამდა. დამწუხრებულ მეფეს ჩაეძინა. ძილში ეაკმა გრძელტორებიანი მუხა ნახა და იმ მუხაზე ის მშრომელი ჭიანჭველები, რომელნიც საქმიანად ფუსფუსებდნენ ცხადად ნახულ მუხის ტოტებზე. უეცრივ მუხის ტოტები შეინძრა, და ჭიანჭველები ყველანი ერთიანად ძირს ჩამოცვივდნენ. მეფე ეაკი სიზმრად ხედავს, რომ ჭიანჭველები სიგამხდრესა და სიშავეს თანდათანობით კარგავენ, ტანი უმსხვილდებათ და ადამიანის შეხედულებას ღებულობენ, კაცებად იქცევიან. ეაკი სიხარულისაგან ფეხზე არა დგას. იგი კვლავ თავის საყვარელ მკვიდრთა შორის არის. მეფეს გამოეღვიძა და, როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერი ეს სიზმარი იყო, მეტად დაღონდა. გული მწუხარებით აევსო. დადარდიანებული მეფე ღმერთების მამამთავარს უჩიოდა, რომ ამოდენა ხანს დახმარებას არ აწვდიდა. უეცრივ მეფეს გარედან რაღაც ხმაურობა შემოესმა. ეაკს გარკვევით ესმოდა ხალხის ხმამაღალი ლაპარაკი და ჩოჩქოლი, რასაც იგი რამდენი ხანია გადაჩვეული იყო. „ნუთუ ესეც სიზმარია?“ – ფიქრობდა და გონს ვერ მოსულიყო. მეფეს ამ დროს შემოესმა თავისი შვილის, ტელამოს, მხიარული ხმა: „ჩემო ძვირფასო, საყვარელო მამავ! იცი, რა უნდა გახარო! მე მინდა გახარო ისეთი სასიამოვნო ამბავი, რომელიც შენ სულიერად და ხორციელად დაგამშვიდებს! აბა, ჩემო საყვარელო მამავ, თუ გამოიცნობ, რა სასიხარულო ამბავი მოგიტანე?“ მეფე მიდის სასახლის კარებთან და განცვიფრებული ხედავს იმ მამაკაცებს, რომელთაც რამდენიმე წუთის წინათ სიზმრათ ხედავდა. მამაკაცები მოკრძალებით მიუახლოვდნენ ეაკს და თაყვანი სცეს, როგორც თავის საყვარელ მეფეს. სიხარულისაგან ცრემლებმორეული ეაკი გულმხურვალედ მიესალმა თავის ქვეშევრდომ მამაკაცებს. როცა მეფე მეტის აღელვებისაგან ცოტათი დამშვიდდა, მან დიდის სასოებით მხურვალე მადლობა შესწირა ღმერთების მამამთავარს ზევსს ასეთი დიდი წყალობისათვის. „მეფე მკვიდრთათვის, და არა მკვიდრნი მეფისათვის“ – მუდამჟამს ასე იმეორებდა მეფე ეაკი და ამ ცნების მიხედვით აწესრიგებდა მკვიდრთა შორის სახელმწიფოს მართვა–გამგებლობის საქმეებს. მკვიდრნიც კარგად გრძნობდნენ მეფის ამ სიტყვების გულწრფელობას და ამიტომაც იყო, რომ ეაკი მთელ სახელმწიფოში სათაყვანებელ გმირად ჰყავდათ მიჩნეული.

მ ი ნ ა ი ს ი ს ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ე ბ ი[edit]

მხიარულების ღმერთის ბახუსის დღეობა იყო. ორქომენის ქუჩებს სადღესასწაულო ელფერი ედვა. დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი დაკაცი, ყველანი სადღესასწაულოდ მორთულნი მახლობელი ტყისაკენ მიისწრაფოდნენ ღმერთის სადიდებლად. ყველას დაეტოვებინა თავისი ჩვეულებრივი სამუშაო და საერთო მხიარულების ფერხულში ჩაბმულიყო. სიმღერა, სიცილი, ჩანგის სიმთა საამური ჟღერა მთელს ქალაქს კიდით–კიდემდე მხიარულების საუცხოო, საოცნებო მოედნად ხდიდა. ყველა ზეიმობდა საერთო დღესასწაულს, გარდა ორქომენის მეფის მინაისის სამი ასულისა, რომელნიც მოსამსახურე ქალების დახმარებით დგიმ–სავარცხელზე ძვირფასი ქსოვილებისათვის ძაფს ართავდნენ. მეფე მინასის ასულებს არ სწამდათ ბახუსის ღვთაებრივი ჩამომავლობა და კიდევაც ამიტომ საერთო დღესასწაულში მონაწილეობას არ ღებულობდნენ. მთელი დღე, საღამომდე, მეფის ასულები ჩვეულებრივ სამუშაოს უსხდნენ. საღამოს ჟამს მეფის ქალიშვილები მოსვენებას უნდა მისცემოდნენ, როცა სამუშაო ოთახში გაისმა სალამურის საოცნებო ხმა. მთელი ოთახი საამური სურნელებით გაიჟღინთა. ძაფის სართავი ჯარა და დგიმ–სავარცხელი მწვანე სუროთი და დაგრეხილი ვაზის ფოთლებით შეიმოსა. ძვირფასი ქსოვილებისათვის დართული ძაფები ყურძნის ვაზებად გადაიქცა. ამ დროს სახლის კედლები ერთიანად შეირყა და ყველა ოთახში თვალწარმტაცი სინათლე გაჩაღდა. მინაისის ასულები შიშის ზარმა აიტანა და ოთახების ბნელსა და მივარდნილ კუნჭულებში გამალებით დაეძებდნენ თავშესაფარს, ერთი კუთხიდან მეორე კუთხეს აწყდებოდნენ, მაგრამ თვალის მომჭრელ სინათლეს ვერსად ემალებოდნენ. მაგრამ დახეთ საკვირველებას! მინაისის ქალიშვილებს უეცრივ გამოესხათ ფრთები, სმივენი ღამურებად გადაიქცნენ და ოთახს ფრენით ირგვლივ თავს დასტრიალებდნენ. ღამურები დღემდისაც ადამიანთა ბინას თავს არ ანებებენ, მათ ჭირივით სძულთ ტყე და განსაკუთრებით ბრწყინვალე მზის სინათლე, რომელსაც ისინი ყველგან და მარადის გაურბიან.

ფ ი ლ ო მ ე ლ ა და პ რ ო კ ნ ა[edit]

დიდი ხანია, რაც ათენელების მეფე პანდიონსა და თებელებს შორის ამტყდარი ომი ორივე სახელმწიფოს მკვიდრთ შეუბრალებლად ანადგურებდა. ომი თებელების გამარჯვებით უნდა გათავებულიყო, რომ პანდიონისათვის დახმარება არ აღმოეჩინა თრაკიელების მძლავრ მეფეს ტერევის. მართლაც, ტერევის დახმარებით, ათინელებმა სამშობლოზე მოსული მტერი დაამარცხეს. ნიშნად ღრმა მადლობისა, პანდიონმა თავისი უფროსი ქალი პროკნა ტერევის მიათხოვა. ათინელებმა დიდის ამბით და აღტაცებით გადაიხადეს სამეფო ქორწილი. ტერევიმ და პროკნამ, დაქორწინების შემდეგ, სამადლობელი მსხვერპლი შესწირეს ღმერთებს და სამშობლო თრაკიაში დაბრუნდნენ. ახალდაქორწინებული მეფე და დედოფალი თრაკიელებმა დიდის აღტაცებით მიიღეს. ადგილობრივ მკვიდრთა სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. ხუთი წლის განმავლობაში ტერევი და პროკნა ბედნიერად ცხოვრობდნენ, ახლადდაქორწინებულების ერთი–მეორესთან დამოკიდებულება არაფრით არ შელახულა, არაფრით არ შერყეულა. პროკნას დიდი ხანია თავისი სამშობლო ქვეყანა არ უნახავს, დიდი ხანია, რაც იგი თავის მოხუც მამას და საყვარელ დას ფილომელას მოშორდა. პროკნას სამშობლო ქვეყნის და საყვარელი მშობლების ნახვის სურვილი დღითიდღე უფრო და უფრო უძლიერდებოდა. პროკნამ გულმხურვალედ სთხოვა საყვარელ მეუღლეს, მეფე ტერევის: სამშობლოში გამისტუმრე მშობლების სანახავადო. მეფემ სხვადასხვა საპატიო მიზეზის ჩამოთვლით დედოფალი დაარწმუნა, რომ ამჟამად შორეულ სამშობლოში, და ისიც ზღვით, მისი გასტუმრება მოუხერხებელი იყო. მხოლოდ, რომ დედოფალი უფრო დარწმუნებულიყო და მშობლების უნახაობით მწუხარება არ დასჩემებოდა, ტერევიმ აღუთქვა ფილომელას მოგიყვან სულ მოკლე ხანში თრაკიაშიო. ტერევი, მართლაც, რამდენსამე დღის შემდეგ ზღვის აბობოქრებულ ტალღებს აპობდა და თავისი სიმამრის სამეფოსაკენ მიისწრაფოდა. პანდიონი და ფილომელა დიდის სიხარულით შეხვდნენ თავის საყვარელ სიძეს. ტერევიმ ჩვეულებრივი მისალმების შემდეგ გამოუცხადა მოხუცებულ პანდიონს პროკნას სურვილი ფილომელას თრაკიაში წაყვანის შესახებ. პანდიონისათვის მეტად სამძიმო იყო, განსაკუთრებთ ამ სიბერის დროს, ფილომელას მოშორება, მაგრამ ტერევისა და პროკნას მუდარებით თხოვნას წინ ვერ აღუდგა. მეფე პანდიონმა ლოცვა–კურთხევით გაისტუმრა სიძე და მთელ სახელმწიფოში სილამაზით სახელგანთქმული თავისი საყვარელი ასული ფილომელა. მოხუცი მამა თვალცრემლიანი ემუდარებოდა სიძეს, გაფრთხილებით მოპყრობოდა მის საყვარელ ფილომელას და რაც შეიძლება მოკლე ხანში დაებრუნებინა სამშობლოში. ზღვის საამური ნიავი გამალებით მიაქროლებდა მგზავრებს შორეული თრაკიისაკენ. ფილომელა მთელი არსებით ზღვის მშვენიერებით ტკბებოდა, მომხიბვლელი პირისახე ერთიანად უბრწყინავდა. ტერევი კი ფილომელას დიდებული სახის სიმშვენიერით ერთიანად იხიბლებოდა. თრაკიის მეფე მთელი გზა ახლა სულ იმის ფიქრში იყო, რომ ამ მშვენიერებათა მშვენიერებას კანონიერად შეუღლებოდა, მაგრამ ამ განზრახვის გამომჟღავნებას ფილომელას ვერ უბედავდა. რამდენიმე დღის მოგზაურობის შემდეგ ტერევის ხომალდმა თრაკიის ნაპირებს მიატანა. ხომალდის მოსამსახურენი თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. ტერევიმ, იმის მაგივრად, რომ ფილომელა სასახლეში მიეყვანა, იგი ერთერთ შორეულ ციხეში მოათავსა და მცველებად ურიცხვი დარაჯი მიუჩინა. ფილომელამ მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ ტერევიმ იგი რაღაც სხვა აზრით მოაცილა სამშობლო ქვეყანას. ფილომელა თვალცრემლიანი ემუდარებოდა ტერევის ჩემ საყვარელ პროკნასთან წამიყვანეო. თრაკიის მეფემ ფილომელას მწუხარებით გამოუცხადა, პროკნა დიდი ხანია გარდაიცვალაო. მეფემ ამასთანავე გაუმჟღავნა ცოლიდას მასთან კანონიერად შეუღლების სურვილი. ტერევი მჭევრმეტყველურად და თავდავიწყებით უმტკიცებდა თავის ცოლიდას, რომ პროკნას გარდაცვალების შემდეგ თრაკიის დედოფლის ადგილი ღირსეულად მას ეკუთვნოდა. ფილომელას მეფის სიტყვები ძლიერ აკვირვებდა, იგი ეჭვის თვალით უყურებდა ტერევის თითოეულ სიტყვას. თუკი პროკნა მართლა გარდაიცვალა, – ფიქრობდა ფილომელა,– რა საჭირო იყო, რომ ტერევიმ ციხეში მომათავსა და არა თავის სასახლეში? ფილომელას ეს ფიქრები შეუბრალებლად სტანჯავდნენ. საბრალო თვალცრემლიანი ემუდარებოდა თითოეულ მცველს თავისი საყვარელი დის ნამდვილი ამბის მოთხრობას. მართლაც, ერთი მცველი გამოუტყდა ფილომელას, პროკნა ცოცხალიაო. ფილომელამ ამ ამბის გაგონების შემდეგ უშიშრად, გაბედულად მიმართა თრაკიის მეფეს: მე იძულებული ვარ საჯაროდ გამოვაცხადო ჩემი ტყვეობის ამბავი, საჯაროდ ვამცნო ადგილობრივ მკვიდრთა საზოგადო კრებას შენი ტყუილები და ბოროტი განზრახვაო. ტერევი ძლიერ შეაშინა ფილომელას გაბედულმა სიტყვებმა, რომ ეს ბოროტი განზრახვა მართლაც საქვეყნოდ არ გამჟღავნებულიყო. ბრაზმორეულმა მეფემ გაელვარებული ხმით ენა ამოსჭრა საცოდავ და სრულიად უდანაშაულოდ დატყვევებულ ქალს. ტერევი ახლა დამშვიდდა, ჩემი ბოროტი განზრახვა საქვეყნოდ არ გამომჟღავნდებაო, და, როცა სასახლეში დაბრუნდა, დედოფალს მწუხარებით მოახსენა ფილომელა გარდაიცვალაო. საცოდავი პროკნა დის სიკვდილის გაგების ამბავმა ძლიერ შეაწუხა. დედოფლის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა. ნაცვლად ოქრომკერდით ნაქსოვი ტანსაცმელისა, დედოფალი მძიმე ძაძებით შეიმოსა. ფილომელა ციხეში საცოდავად ატარებდა დროს და თავისი გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ ვერავისთვის ხმა ვერ მიეწვდინა. ათასგვარ შევიწროებას ითმენდა საცოდავი ქალი, მაგრამ მეფეს ცოლქმრობაზე მაინც არ სთანხმდებოდა. ფილომელა ახლა სულ იმის ფიქრში იყო, რომ პროკნესათვის ემცნო როგორმე თავის გაჭირვებული მდგომარეობა. დიდის ფიქრის შემდეგ, ახალგაზრდა პატიმარმა მოქსოვა თეთრი წამოსასხამი და შიგ ფერადი ძაფებით ჩააქსოვა თავისი გაჭირვების ამბავი. ფილომელას თხოვნით, მსახურმა ეს წამოსასხამი დედოფალ პროკნას ფარულად გადსცა. პროკნამ საიდუმლო წამოსასხამის ფერადი ქსოვილების საშუალებით ყველაფერი გაიგო. საყვარელი დის გაჭირვებული მდგომარეობის ამბავმა პროკნა ერთიანად შეაშფოთა. დედოფალმა გადწყვიტა თავისი გამხეცებული მეუღლის სამართლიანად დასჯა. პროკნამ ერთ დღეს მოიწვია სამეფოს წარჩინებული მანდილოსნები და მათთან ერთად გაემგზავრა ვითომდა ღმერთებისათვის მსხვერპლის შესაწირავად. როცა დედოფალი თავისი თანმხლებლებით ციხეს მიუახლოვდა, სადაც ფილომელა იყო დამწყვდეული, პროკნამ მხლებლებს გააცნო საქმის ნამდვილი ვითარება და დახმარება სთხოვა ციხიდან უდანაშაულო საყვარელი დის გასათავისუფლებლად. დედოფალი და სახელმწიფოს წარჩინებული მანდილოსნები ერთბაშად შეიჭრნენ ციხეში. ციხის მცველებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაუბედეს დედოფალს და სახელმწიფოს წარჩინებულ მანდილოსნებს. საბრალო ფილომელა გაათავისუფლეს. პროკნამ ახლად განთავისუფლებული პატიმარი სასახლეში წაიყვანა. საცოდავი სანახავი იყო უენო, ფერმიხდილი და ძალზე გამხდარი ფილომელა. დები ერთმანეთს გულში მაგრად ჩაეკონენ და დიდხანს გულამოსკვნით ქვითინებდნენ. სასახლეში მყოფი მანდილოსნები ცოდვისაგან იწოდნენ და თავის მწარე ცრემლებს დების მდუღარე ცრემლებს უერთებდნენ. პროკნას მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, იგი იტანჯებოდა დის კალმით აუწერელი საცოდაობით, დედოფლის მგრძნობიარე გული მეუღლისადმი უსაზღვრო სიძულვილით ივსებოდა. – „შეუძლებელია, ყოვლად შეუძლებელია ტერევის სიმხეცე ასე დაუსჯელად ჩავატარო! ცეცხლით გადავბუგავ მთელ სასახლეს, გულს ბასრი ხმლით შუაზე გავუპობ ჩემი საყვარელი ფილომელას ენის ასე შეუბრალებლად ამომკვეთელს, თვითონვე მას ენას ამოვჭრი, თვალებს დავთხრი! ყოვლად შემძლებელო ღმერთებო, მიხსენით ამ საშინელი უბედურებისაგან! ვფიცავ ოლიმპოს მბრძანებლის, ღმერთების მამამთავრის ზევსის დიდებულ სახელს, რომ რაღაც საშინელებას ჩავიდენ!“ პროკნა ამ სიტყვებს ხმამაღლივ გაიძახოდა და რაღაც საშინელი საქმისათვის ემზადებოდა. სწორედ ამ დროს სასახლის დარბაზში შემოვიდა ტერევის პირმშო პატარა ვაჟიშვილი იტისი. პროკნამ შეშლილივით საზარლად შეჰყვირა: „ღმერთო ჩემო, რარიგად ჰგავს ეს საზიზღარი თავის გამხეცებულ მამას!“ ამ სიტყვებთან ერთად საბრალო დედა და ფილომელა დაუყოვნებლივ, სრულიად დაუფიქრებლად, მიიჭრნენ უდანაშაულო მსხვერპლთან და ნაკუწნაკუწად აკეპეს საცოდავი ბავშვი. ტერევი სასახლეში დაბრუნდა. მეფემ ფილომელას განთავისუფლებისა და იტისის მკვლელობის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი არ იცოდა. სასახლის დარბაზში შემოსვლისთანავე მეფემ თავისი პირმშო შვილი მოიკითხა. – „შვილო იტის, სად ხარ?“ – ჩვეულებრივ სიყვარულის კილოთი შეეხუმრა ტერევი თავის საყვარელ პირმშო იტისს. ამ დროს დარბაზში უეცრივ შემოვიდა ფილომელა და საბრალო მშობელ მამას იტის გასისხლიანებული თავი თეფშზე დადებული მიართვა. ტერევიმ ამ საშინელი სურათის დანახვაზე ერთი საზარლად შეჰყვირა და ამოღებული ხმლით მეფე პანდიონის ქალებს მოსაკლავად უკან დაედევნა. მაგრამ დახეთ საკვირველებას! ფილომელას და პროკნას უეცრივ ფრთები გამოესხათ და ერთი ტყისაკენ გაეშურა, ხოლო მეორე კი ბანზე შეფრინდა. ფილომელა მერცხლად გადაიქცა, პროკნა კი ბულბულად. ნიშნად იმ დანაშაულობისა, რომელიც მეფე პანდიონის ქალიშვილებმა ჩაიდინეს, ბულბულისა და მერცხლის ფრთები დღესაც სისხლისფრადაა შეღებილი. თრაკიის გამხეცებული მეფე ტერევი ოფოფად გარდაიქცა. ბულბულს, მერცხალსა და ოფოფს შორის ამის გამო მუდამ დაუცხრომელი შუღლი და სიძულვილია ჩამოვარდნილი. ოფოფი აქამდე განუწყვეტლივ სდევნის ბულბულსაც და მერცხალსაც.

კ ა ლ ი დ ო ნ ი ა შ ი ნ ა დ ი რ ო ბ ა[edit]

ერთხელ კალიდონიის მეფემ ოინევიმ ღმერთებს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა. თითოეული ღმერთის საკურთხეველზე იკმეოდა მიწის ის ნაყოფი, რომლის მფარველად ესა თუ ის ღმერთი იყო ქვეყნად მოვლენილი. დემეტრეს, ბახუსის, ათენას და სხვა ღმერთების საკურთხევლები უხვად იყო შემკული მიწის ნაირნაირი ნაყოფიერებით: ღვინით, ზეთისხილით და ათასი სხვა ხილეულობით. მსხვერპლის შეუწირავად დარჩა მხოლოდ ქალღმერთ არტემიდეს საკურთხეველი. არტემიდე ამგვარი უპატივცემლობით მეტად შეურაცხყოფილი დარჩა. ქალღმერთი ძლიერ განრისხდა და მეფე ოინევისათვის რომ სამაგიერო გადაეხადა, კალიდონიის სამეფოს მეტად სშინელი გარეული ღორი მოუვლინა. მთელი სამეფო გარეული ღორის შიშით ძრწოდა. უზარმაზარი ხარის ტოლი ტანის, ცეცხლისმფრქვევი ჩასისხლებული თვალები, ისარივით გრძელი და მაგარი ჯაგრისა და ყურებამდე მოღერებული ეშვების მქონე გარეული ღორი მეტად საშიშარი იყო. ღორის ერთი ამოსუნთქვით ამწვანებული ბალახი, კალიდონიის მინდვრებზე ერთიანად იბუგებოდა, ხეების მაღალ ტოტებზე ფოთლები ხმებოდა და ძირს ცვიოდა. გარეული ღირი დიდად აზარალებდა კალიდონიის მთელ სამეფოს. ჯეჯილები, ყანები, ბაღები, ვენახები ერთიანად აოხრებული იყო ამ საშინელი მხეცისაგან. ეშვის ერთი მოქნევით გარეული ღორი ძირიან–ფესვიანად თხრიდა მიწიდან ზეთისხილის უზარმაზარ ხეებს და ბაღის სხვა სასარგებლო ხეხილს. კალიდონიის მწყემსები გარეული ღირის შიშით იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ საძოვარი მინდვრები და თავშესაფარი ეძებნათ ქალაქების გალავნის შიგნით. სამეფოს მკვიდრნი თავის ქონებას უზრუნველად ვერა თვლიდნენ და არ იცოდნენ ხვალინდელი დღე რას მოუტანდათ. ამ საშინელი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ოინევის მემკვიდრემ, მელეაგრამ, კალიდონიაში მოიწვია მთელი ელადის რჩეული, მამაცი მონადირეები სამეფოს საშიშარი მტრის წინააღმდეგ გასალაშქრებლად. ელადის სხვადასხვა კუთხიდან კალიდონიაში მოიყარეს თავი რჩეულმა მონადირეებმა. ამ სახელგანთქმულ მონადირეებს შორის მელეაგრეს არკადიიდან ესტუმრა მზეთუნახავი, ლამაზთა ულამაზესი ქალწული ქალი ატლანტაც. ცხრა დღის განმავლობაში მელეაგრე დიდის გულუხვობით უმასპინძლდებოდა სტუმრებს, ხოლო მეათე დღეს კი მთელმა შეიარაღებულმა მონადირეთა რაზმმა სტუმარ–მასპინძლებისა გაილაშქრა სამეფოს მტრის წინააღმდეგ. მონადირეები მივიდნენ კალიდონიის ერთ დაბურულ ტყეში, საცა თვალუწვდენელი ხეების ტანზე მკვიდრთა ცულს ჯერ ერთხელაც არ გაეხმაურა. მონადირეებმა მოხერხებულ ადგილებზე დააგეს ხაფანგები და შემდეგ შეუდგნენ გზაწვრილებისა და ტყის სხვადასხვა ბილიკების გამაგრებას. მონადირეები მოუთმენლად მოელოდნენ საშიშარი მხეცის თავშესაფარიდან გამოგდებას და მასთან სამკვდრო–სასიცოცხლოდ შებრძოლებას. სულ მოკლე ხნის განმავლობაში მონადირეები მიადგნენ ისლითა და ლერწმის ხეებით დაფარულ დაბლობს, საიდანაც უეცრივ ელვის სისწრაფით გამოიჭრა გარეული ღორი. მონადირეებმა ხმა მისცეს საშიშარ მხეცს და ერთბაშად დაუმიზნეს თავისი ბასრი მშვილდ–ისრები. მხეცი სრულიადაც არ შედრკა, მეხივით მძლავრად მიქროლავდა და თავისი ბასრი ეშვებით შეუბრალებლად ანაკუწებდა თავდავიწყებით მიმდევარ ძაღლებს. მონადირეებმა ამ დროს დაუშინეს მშვილდ–ისრები, მაგრამ ვერც ერთმა ისარმა ვერა დააკლო რა გარეული ღორის მაგარი ჯაგრით შემოსილ ტყავს. მონადირეები მაინც არ ეშვებოდნენ გარეულ ღორს. მათმა თავგასულობამ მხეცი მეტად გაააფთრა, იგი უეცრივ შემოტრიალდა და ტყვიასავით ეკვეთა მონადირეებს. სამი მონადირე თვალის დახამხამებაზე შეუბრალებლად გაგმირა და ის იყო მეოთხეც უნდა ემსხვერპლა, რომ ამ უკანასკნელს თავი არ შეეფარებინა მახლობელ მაღალ მუხაზე. ამ საშინელი ბრძოლის ადგილას მოგროვდნენ დანარჩენი მონადირეებიც და მათ შორის მონადირე ქალი ატლანტაც. მონადირეები თავდავიწყებით ებრძოდნენ მთლად გამხეცებულ გარეულ ღორს, მაგრამ მათი მშვილდ–ისრები ვერას აკლებდნენ კალიდონიის გამძვინვარებულ საშინელ მტერს. გარეული ღორი თავისი საშინელი ბასრი ეშვებით კაფავდა ელადის მონადირეთა რჩეულ რაზმს. გმინვა, ვაება, წუხილი და განწირულება, ერთიმეორესთან შეერთებული, ბრძოლის ველს მეტად საზარელ სურათს ჰფენდა. ამ დროს ქალწულმა ატლანტამ მოიმარჯვა მშვილდ–ისარი და დაუმიზნა გამხეცებულ მტერს. ატლანტას მიერ მარჯვედ ნატყორცმა ისარმა ყურის ძირში დაჭრა გამხეცებული მტერი. ეს იყო გარეული ღორის პირველი ჭრილობა, საიდანაც სისხლი ნაკადულივით გადმოჩქეფდა და ღორის გამაგრებულ ჯაგარს სისხლის გუბეში ხვევდა. ღორის ჭრილობა ყველაზე უწინ მელეაგრემ შენიშნა და საჯაროდ გამოუცხადა ატლანტას: „დიდებულო მონადირე ქალწულო ქალო, ჭეშმარიტად, ეს ბრწყინვალე გამარჯვება შენ უნდა გეკუთვნოდეს“. ელადის გამოჩენილი მონადირეები სირცხვილისაგან იწვოდნენ რომ მტერზე გამარჯვების პირველობა ამ შესანიშნავ და საზარელ ბრძოლაში სხვას რჩებოდა, და ისიც უცხო ქვეყნის ქალს. ამ სიტყვებთან ერთად მელეაგრე კვალდაკვალ გამოუდგა დაჭრილ გარეულ ღორს. მელეაგრეს ბასრმა ისარმა გზადაგზა კიდევ რამდენსამე ადგილას დაჭრა სამეფოს დაუძინებელი მტერი და ერთი უკანასკნელად მძლავრად ნატყორცნი ისრის შემდეგ მხეცი უსულოდ დაეცა მიწაზე. მონადირეების სიხარულს საზრვარი არ ჰქონდა. ყველანი გამარჯვებას ულოცავდნენ მელეაგრეს. კალიდონიის ტახტის მემკვიდრემ დაუყოვნებლივ გააძრო ტყავი გარეულ ღორს, მიართვა იგი ატლანტას და თან დასძინა: „ინებე, არკადიის ქალწულო, ეს ჩემი კუთვნილი ნანადირევი. ჭეშმარიტად, რომ შენ სავსებით ღირსი ხარ გაიზიარო მტერზე ჩემი გამარჯვება“. თავმომწონე ატლანტამ დიდის სიხარულით ჩამოართვა მელაეგრეს ძვირფასი საჩუქარი. მონადირეებს არ მოეწონათ მელეაგრეს ამგვარი საქციელი. მელეაგრეს დედით ბიძებმა, პლექსიპმა და ტოქსეიმ, ბრაზმორეულად შეჰყვირეს ატლანტას: „დაუყოვნებლივ დასტოვე ნანადირევი, ნუ ითვისებ იმას, რაც ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს! კარგად იცოდე, რომ არ გიშველის არც შენი სილამაზე და არც მელეაგრეს გამოსარჩლება!“ მელეაგრემ ვერ მოითმინა ბიძების ასთი თავგასულობა და ორთავენი იქვე ბასრი ხმლით სასიკვდილოდ დაჭრა. საშინელ მტერზე გამარჯვებით გახარებული მელეაგრეს დედა, ალთეა, ტაძარში მიდიოდა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირავად. სწორედ ამ დროს ალთეას წინ ჩამოატარეს პლექსიპისა და ტოქსეის გაცივებული გვამები. ძმების ასე შეუბრალებელმა სიკვდილმა საბრალო დედას თავზარი დასცა. ალთეას მწუხარება ერთიორად გაორკეცდა, როცა უამბეს, რომ პლექსიპი და ტოქსეი სასიკვდილოდ დაჭრილ იქმნენ მისი ღვიძლი შვილის მელეაგრეს ბასრი ხმლით. ალთეას მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა, იგი იტანჯებოდა როგორც დედა, იგი იტანჯებოდა, როგორც უდროოდ დაკარგული ძმების განუსაზღვრელად მოსიყვარულე და. დიდი ფიქრისა და ტანჯვის შემდეგ, მწუხარებით თავზარდაცემულმა ალთეამ საბოლოოდ გადაწყვიტა ძმების ვერაგულად მკვლელი შვილი მელეაგრე სასტიკად დაესაჯა. მელეაგრეს დაბადების დღეს ალთეას საწოლ ოთახში ოლიმპოს მთის მწვერვალიდან ჩამოვიდა სამი ქალღმერთი, რომლებმაც გაჩაღებულ ცეცხლის კერაში ჩააგდეს მუგუზალი და ერთხმად დაადგინეს: ვიდრე მუგუზალი არ დაიწვის, ახლადდაბადებული ბავშვიც ცოცხალი უნდა დარჩესო. ალთეა სახლიდან ქალღმერთების გასვლისთანავე სასწრაფოდ მიიჭრა აგიზგიზებულ კერასთან, დაუყოვნებლივ აიღო საბედისწერო მუგუზალი და სრულიად უვნებელ ადგილას გადამალა. ამრიგად გადაარჩინა მოსიყვარულე დედამ თავისი პირმშო შვილი აუცილებელ სიკვდილს, რომელიც ახლადდაბადებულ მელეაგრეს მუგუზალის დაწვისთანავე მოელოდა. აი, ახლა ალთეამ, როცა შვილის დასჯის სურვილი აღეძრა, მოუფიქრებლად წამოავლო ხელი დიდი ხნის შენახულ საბედისწერო მუგუზალს და შეშლილივით მიიჭრა გაჩაღებულ კერასთან. საბრალო დედის გული ორგვარი სიყვარულით იტანჯებოდა: შვილისა და ძმებისა. ალთეამ არ იცოდა, რომლის სიყვარული რომლის სიყვარულისათვის ენაცვალებინა. გონებამიხდილი, სრულიად გაფითრებული ალთეა მუგუზლით ხელში დიდხანს დასცქეროდა აგიზგიზებულ კერას და ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, როგორ უნდა მოქცეულიყო. დიდის ტანჯვის შემდეგ, ალთეამ ცრემლების ღაპაღუპით ერთი საზარლად შეჰყვირა და საბედისწერო მუგუზალი გაჩაღებულ კერაში გადაისროლა. მუგუზალს ერთბაშად მოედო ალი. საბრალო მელეაგრე კი, როცა საბედისწერო მუგუზალს ცეცხლის ალი თანდათან ეკიდებოდა, მეტად აუტანელ ტკივილებს განიცდიდა. რამდენადაც უძლიერდებოდა ცეცხლი მუგუზალს, იმდენად მელეაგრე მწვავე ტკივილებისაგან თანდათან იწვოდა და იტანჯებოდა. კალიდონიის ტახტის მემკვიდრე, საცოდავი მელეაგრე, უცეცხლოდ იწვოდა და იტანჯებოდა. საბრალო ყველას დახმარებას სთხოვდა, ყველას ემუდარებოდა, მაგრამ მშველელი კი არსაიდან ჩანდა. მელეაგრე საცოდავის ხმით შველას სთხოვდა მოხუც მამას, დებს და, უეჭველია, დედასაც, მაგრამ აბა რას მოიფიქრებდა, თუ მშობელი დედა თავისი ხელით სწვავდა თავის პირმშო შვილს. საბედისწერო მუგუზალი დაიწვა, და კალიდონიის სათაყვანო გმირმაც განუტევა სული. მთელი კალიდონია დაამწუხრა მელეაგრეს სიკვდილმა. დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი გულწრფელად ნაკადულებრ აფრქვევდნენ ცხარე ცრემლებს საბრალო მელეაგრეს საფლავზე და ირგვლივ არემარეს მდუმარედ რწყავდნენ. მიხუცი მამა, დები, ძმები ყოველ ცისმარე დღეს გულსაკლავად ქვითინებდნენ. გამვლელ–გამომვლელნი მწუხარებით შეჰყურებდნენ საცოდავი მშობლების მწუხარებას და მათ მწარე ცრემლებს თავის ცრემლებსაც უერთებდნენ. საცოდავი გმირის მელეაგრეს დედამ ალთეამ ახლა კი იგრძნო თავისი დანაშაული და თავისივე ხელით გაიგმირა ბასრი ხმლით ის გული, რომელიც ასე შეუბრალებლად მოექცა და ღვიძლი შვილი მელეაგრე სასიკვდილოდ გაამეტებინა.

ფ ი ლ ე მ ო ნ ი დ ა ბ ა ვ კ ი დ ი[edit]

ფრიგიის ერთერთ მაღლობ გორაკზე განმარტოებით დგას დაბერებული მუხა და მის მახლობლად ცაცხვის ხე. ხეებს გარშემო არტყია პატარა ბუჩქნარი. ამ ხეების შორიახლოს მოჩანს დიდი ტბა, რომლის ადგილას ოდესღაც სოფელი ყოფილა გაშენებული. ერთხელ ღმერთების მამამთავარი ზევსი და შვილი მისი ჰერმესი ესტუმრნენ ამ სოფელს. სტუმრებს უნდოდათ გაეგოთ, სოფლელები რამდენად სტუმართმოყვარე და პურმარილიანი ხალხი გამოდგებოდნენ. ღმერთებმა თითქმის მთელი სოფელი შემოიარეს, მაგრამ კარი არცერთმა მოსახლემ არ გაუღო. ბოლოს, მთელ სოფელში აღმოჩნდა ერთადერთი ღარიბი სახლობა, რომელმაც დიდის თავაზიანობით და სტუმართმოყვარეობით მიიპატიჟა კაცის სახით მოვლენილი ღმერთები. ოჯახის უფროსები – უკეთილმსახურესი მოხუცნი ფილემონი და მეუღლე მისი, ღვთისმოყვარული ბაკვიდი, სიხარულით მიეგებნენ სტუმრებს და საპატიო ადგილი დაუთმეს თავის ღარიბ ქოხში. ბავკიდმა დაუყოვნებლივ ცეცხლი დაანთო კერაში და წყლით სავსე სპილენძის ქვაბი შემოდგა. ფილემონმა ჩამოჭრა ღორის ხორცის მოზრდილი ნაჭერი, ჩადო კერაზე წამოდგმულ სპილენძის ქვაბში და შეშა ბლომად შეუკეთა. სადილობამდე სტუმრებს რომ არ მოსწყენოდათ, უკეთილმსახურესი ცოლ–ქმარი ღმერთების ფეხთით ჩამოსხდნენ და, როგორც კი ეხერხებოდათ, ართობდნენ მუსაიფით თავის ძვირფას სტუმრებს. ამ სასიამოვნო ბაასის დროს სადილიც უკვე დამზადდა. ბავკიდმა მარდად გაშალა სუფრა, მოიტანა ლამაზად გარჩეული მწვანილი, ზეთისხილი, კვერცხები, შარბათივით ტკბილი ღვინო, პური, მარილი და ცხლად მოხარშული ღორის ხორცის დიდი კერძი. სტუმრები მადიანად შეექცეოდნენ კეთილის გულით გაშლილ უხვ სუფრას. უკეთილმსახურესნი მოხუცებულნი თავს დასტრიალებდნენ სტუმრებს და გულმოდგინედ ემსახურებოდნენ. ღმერთები მადიანად შეექცეოდნენ სულითა და გულით მიძღვნილ სადილს, მაგრამ დახედ ფილემონისა და ბავკიდის გაკვირვებას: სასმელი და საჭმელი სუფრას არა თუ აკლდებოდა, პირიქით, თანდათან ემატებოდა. ფილომენი და ბავკიდი ახლა მიხვდნენ, თუ ვინ იყვნენ მათი სტუმრები, თუ ვინ გააბედნიერა მათი ღარიბი ქოხი, და მოკრძალებით ბოდიში მოიხადეს ღმერთებთან მცირე მასპინძლობისათვის. ღმერთებმა დიდი მადლობა შესწირეს სტუმართმოყვარე მოხუც მასპინძლებს და ამასთანავე გამოუცხადეს: „ჩვენ ღმერთები ვართ, ჩვენ გადავწყვიტეთ სასტიკად დავსაჯოთ ღმერთებისა და კაცის დამგმობი თქვენი მეზობლები, ამიტომ დაუყოვნებლივ დასტოვეთ ეს თქვენი ქოხი და თავი შეაფარეთ მაღალი მთის მწვერვალს“. უკეთილმსახურესნი მოხუცნი, ფილემონი და ბავკიდი, ხმაამოუღებლივ დაემორჩილნენ ღმერთების ბრძანებას და მყისვე მთისაკენ გაეშურნენ. როცა მოხუცებულები მთის მწვერვალზე ავიდნენ და უკან მოიხედეს, დაინახეს, რომ მთელი სოფელი აზვირთებული ტბის მორევში ცურაობდა. მთელი სოფელი წყლის ტალღებს წაელეკა, მხოლოდ ტბის შუაგულში უვნებლად იდგა ფილომენისა და ბავკიდის ქოხი, რომელიც ყოვლად შემძლებელ ღმერთებს მდიდრულად მორთულ ოქროებით შემკულ ტაძრად გადაექციათ. ფილომენი და ბავკიდი, ცაში ხელებაპყრობილნი, განცვიფრებით დასცქეროდნენ წყლის აზვირთებული ტალღებით განადგურებულ სოფელს. ამ დროს მოხუცებულებს შემოესმათ ყოვლად შემძლებელი ზევსის მეგობრული ხმა: „უკეთილმსახურესო ფილემონ და შენ, ღირსეულო მისო მეუღლევ ბავკიდ, თქვით, რაიცა გსურთ, და ყველაფერს აგისრულებთ!“ „თუ კეთილს ინებებთ და გაგვაბედნიერებთ“ – შეჰკადრა ფილემონმა ღმერთების მამამთავარს: „ ნება გვიბოძეთ თქვენს ტაძარში სიკვდილამდე ვიმსახუროთ, ხოლო მოვკდეთ კი ერთსა და იმავე საათს, რომ ერთი–მეორეს სიკვდილს არ შევესწროთ!“ ოლიმპოს, მბრძანებელმა ზევსმა შეისმინა უკეთილმსახურესი მოხუცებულების ვედრება. ფილემონი და ბავკიდი დიდხანს ერთგულებითა და სასოებით მსახურობდნენ ზევსისაგან დანიშნულ ტაძარში. ერთხელ ფილემონი და ბავკიდი ტაძრის ზღუდესთან იდგნენ და თავისი სოფლის დაღუპვის ამბავს მწუხარებით იგონებდნენ. მოხუცებულები ერთმანეთს შესცქერიან და ხედავენ, რომ ისინი მწვანე ფოთლებით იმოსებიან. მოხუცებულები ტკბილად და სასიამოვნოდ ესაუბრებიან ერთი–მეორეს, მათი სხეული ამ დროს კი ხის ქერქით იმოსება და ტოტები ესხმის. ფილემონისა და ბავკიდის აღსასრულის დღემაც მოაღწია. „მშვიდობით, ფილემონ!“ „მშვიდობით, ბავკიდ!“ – ერთსა და იმავე დროს უკანასკნელად შესძახეს უკეთილმსახურესმა მოხუცებულებმა და მყისვე მათი ბაგენი ხის ქერქით დაიფარნენ და სამუდამოდ დადუმდნენ. ყოვლად შემძლებელმა ოლიმპოს მბრძანებელმა ფილემონი მუხად აქცია, ბავკიდი კი ცაცხვის ხედ. ხალხმა კარგად იცის ამ მუხისა და ცაცხვის ამბავი და კიდევაც ამიტომ ასე უხვად ამკობს ამ ხეების ტოტებს გვირგვინითა და თაიგულებით.

პ ი რ ა მ ე დ ა თ ი ს ბ ე[edit]

მთელს დედამიწის ზურგზე პირამესთანა ვაჟკაცი და თისბეზე სიმშვენიერით სახელგანთქმული ქალიშვილი იშვიათად თუ სადმე მოიძებნებოდა. პირამესა და თისბეს სილამაზე, ახოვანი ტანის მოყვანილობა ყველას ერთხმად სამაგალითოდ ჰქონდა მიჩნეული. ახალგაზრდა ჭაბუკთა სამშობლოს მკვიდრნი, დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, ყველანი საოცნებო, სანატრელ არსებად ატარებდნენ გულში მეგობრების სახელის ხსოვნას. პირამე და თისბე მეზობლად ცხოვრობდნენ. ახალგაზრდები ყმაწვილობიდანვე მეგობრულად იყვნენ დაკავშირებულნი. პირამესა და თისბეს ერთმანეთი გაგიჟებით შეუყვარდათ. პირამე მთელი თავისი არსებით თისბეს ეკუთვნოდა, თისბე კი პირამეს. რაც უფრო გადიოდა დრო, ახალგაზრდების სიყვარული და მეგობრული განწყობილება თანდათან ძლიერდებოდა. ახალგაზრდების მეგობრულმა კავშირმა ისე მძლავრად გაიდგა ფესვები, რომ პირამეს უთისბეოდ და თისბეს უპირამედოდ სიცოცხლე შეუძლებლად მიაჩნდათ. გულითადმა მეგობრებმა, დიდის ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტეს თავისი მჭიდრო მეგობრული კავშირი დაქორწინებით დაეგვირგვინებინათ. მაგრამ, დახეთ უბედურებას, ორივე ახალგაზრდის მშობლები წინააღმდეგნი გახდნენ ამდენი ხნის გულითადი მეგობრების დაქორწინებისა. მშობლების ამგვარმა წინააღმდეგობამ პირამე და თისბე მეტად დააღონა, დიდ საგონებელში ჩააგდო. მშობლები ისე სასტიკად მოექცნენ ერთმანეთისათვის თავგანწირულ მეგობრებს, რომ ერთი–მეორის ნახვასაც კი უკრძალავდნენ. რაც უფრო სასტიკად ეპყრობოდნენ მშობლები მეგობრებს, მეგობრული კავშირი პირამესა და თისბეს შორის მით უფრო ძლიერდებოდა. პირამესა და თისბეს ოთახებს მაღალი სქელი ქვის კედელი აშორიშორებდა. ამ უზარმაზარ კედელში შემთხვევით დარჩენილიყო პატარა ჭუჭრუტანა, რომელიც თავის დღეში არავის შეუმჩნევია. პირამემა და თისბემ ისარგებლეს კედელში დარჩენილი პატარა ჭუჭრუტანით და მთელი დღე და ღამე განუწყვეტლივ ერთი–მეორეს ეხმაურებოდნენ და სიყვარულის კილოთი ჩიტებივით ჭიკჭიკობდნენ და ჭიკჭიკობდნენ. მეგობრები ერთი–მეორეს ნახვის სურვილით იწვოდნენ, ერთი–მეორის შეხვედრას, პირისპირ აზრების გაზიარებას ნატრობდნენ, ხოლო მათ შორის ამართულ უხმო და უგრძნობ ქვის კედელს, თითქო განგებ ცათამდე თავი მიუბჯენიაო, აზრადაც არ მოსდიოდა გულითადი მეგობრების უსაზღვრო მწუხარების შემსუბუქება. ერთ დილას პირამემა და თისბემ შეჰკრეს პირობა, რომ საღამოხანს ქალაქგარეთ გასულიყვნენ და საბოლოოდ რაიმე მოესაზრებინათ მომავალი დაქორწინების შესახებ. ქალაქგარეთ ერთერთი ბექობის კალთებზე საამურად გადმოჩუხჩუხებს ანკარა წყარო. ამ წყაროს თავს დასცქერის მაღალტოტებიანი თუთის ხე, რომლის ძირას უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს გულითადი მეგობრები პირამე და თისბე და პირისპირ მოლაპარაკებით გადაეწყვიტათ მათი ასე გამოურკვეველი მდგომარეობა. ღამის წყვდიადმა მოიცვა არემარე, როცა გულაძგერებულმა თისბემ ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და მეგობრის მიერ დანიშნული ადგილისაკენ ფეხაკრეფით გაეშურა. მეგობრის განუსაზღვრელმა სიყვარულმა თისბეს თითქოს ფრთები გამოასხა, იგი ელვის სისწრაფით მიიჭრა დანიშნულ ადგილას, თუთის ძირას ჩამოჯდა და თავის მეგობარს მოუთმენლად, გულის ძგერით ელოდებოდა. არ გასულა ერთი წამიც, და მოჩუხჩუხე ანკარა წყაროს უეცრივ თავს წამოადგა უზარმაზარი ლომი, რომელსაც ამ რამდენიმე წუთის წინათ ხბოები გაენადგურებინა და წყაროზე წყლის დასალევად წამოსულიყო. ნადირთა სამეფოს ძლიერი მეფის ასე ანაზდეულად გამოჩენამ თისბეს თავზარი დასცა. საბრალო ფეხაკრეფით ჩამოშორდა საბედისწერო ადგილს და საჩქაროდ უღრან ტყეს შეაფარა თავი. მაგრამ შიშისა და სიჩქარის გამო თისბეს წყაროს თავზე შემთხვევით დარჩა თავისი მშვენიერი მოსასხამი. ნადირთა ძლევამოსილმა მეფემ, როცა ანკარა წყლით წყურვილი მოიკლა და ის იყო უღრან ტყეში დაბრუნებას აპირებდა, უეცრივ წყაროს თავზე შენიშნა თისბეს მოსასხამი. გაუმაძღარმა ტყის ნადირმა თავისი გასისხლიანებული კბილებით ნაკუწნაკუწად აქცია საბრალო თისბეს ძვირფასი მოსასხამი. პირამე თისბეზე ცოტა უფრო გვიან გამოვიდა ქალაქიდან. საბრალო ყმაწვილი დაუყოვნებლივ მიიჭრა დანიშნულ ადგილას, მაგრამ დახეთ მის განუსაზღვრელ თავზარდაცემას: პირამემ თუთის ხის მახლობლად დაინახა ნაკუწნაკუწად ქცეული, სულ ერთიან სისხლში ამოსვრილი თისბეს მოსასხამი. „ღმერთო ჩემო!“ გაგიჟებით, სრულიად გონებადაკარგული დრტვინავდა საბრალო პირამე: „ნუთუ ეს საბედისწერო ღამე უკანასკნელი ღამეა ორთავესათვის! ჩემო გულითადო მეგობარო, ჩემო ძვირფასო, ჩემო კარგო თისბე! მე ვარ შენი უდროოდ სიკვდილის მიზეზი, მე ვარ შენს წინაშე დამნაშავე, რომ ამ უდაბნოში გამოგიპატიჟე და თან კი არ გამოგყევი! ჩამქოლეთ მე ბედშავი, მე უბედური!“ ასე მწარედ მოთქვამდა საბრალო პირამე და თვალთაგან ცხარე ცრემლები ნაკადულებრ გადმოსჩქეფდა. გასისხლიანებული თისბეს მოსასხამის ნაგლეჯები პირამემ ერთად მოაგროვა. საბრალო პირამე ამ ნაგლეჯებს გულში იკრავდა, ჰკოცნიდა და ცხარე ცრემლებს აბკურებდა. გონებადაკარგულმა და ნადირივით გააფთრებულმა პირამემ უეცრივ საზარლად შეჰყვირა: „ჩემო ძვირფასო, გონებიდან განუყრელო თისბე! განა შენი სახელის სამარადისო ხსოვნას მარტო ჩემს ცრემლებს ვაკმარებ! განა შენს ჩემთვის ძვირფას ტანსაცმელს ჩემი სისხლით არ ვაბკურებ!“ ამ სიტყვებთან ერთად პირამემ ბასრი ხმლის ერთი მოქნევით შუაზე განიგმირა თავისი მგძნობიარე გული. საბრალო პირამე უგრძნობლად დაეცა თუთის ხის ძირას წყაროს თავზე. საბრალოს მკერდიდან ამონახეთქი სისხლის შადრევანი თუთის ხის მაღალ ტოტებს სწვდებოდა და წითლად ღებავდა ალმასივით მოელვარე თუთის ხის მომწიფებულ ნაყოფს. როცა ნადირთა სამეფოს ძლევამოსილმა მეფემ თავი დაბურულ ტყეს შეაფარა, თისბე დაუყოვნებლივ გამობრუნდა თუთის ხის ძირას მოჩუხჩუხე წყაროსაკენ. თისბე გაფაციცებით დაეძებდა თავის გულითად მეგობარს, რომ მისთვის ეხარებინა, ასეთ უბედურებას რომ თავი უვნებლად დააღწია. თისბე აი კიდევაც მივიდა საბედისწერო ადგილას, მაგრამ დახეთ მის განცვიფრებას! საბრალო ამ ადგილს ვერ ცნობილობს, თუთის ხე სულ სხვა ფერად შეღებილა, წყარო თითქო ძველებურად არ ჩუხჩუხებს. – ნუთუ დანიშნულს ადგილს ავცდი? – ფიქრობს საბრალო თისბე და დაკვირვებით ათვალიერებს თუთის ხის მახლობლად მდებარე მიდამოებს. მაგრამ წარმოიდგინეთ საცოდავი თისბეს მდგომარეობა, როცა მან ბასრი ხმლით განგმირული მეგობრის გვამი დაინახა იქვე ახლოს მდებარე! თისბე შიშის ზარმა ერთიანად აიტანა. საბრალო პირისახეს იკაწრავს, თავიდან თმებს იგლეჯს, საზარელი ხმით ქვითინებს და თვალთაგან ჩამოდენილი ცრემლების ნაკადულით ასველებს თავისი ძვირფასი მეგობრის სამუდამოდ დადუმებულ ტუჩებს. თისბემ მძლავრად ჩაიკრა გულში პირამეს გაცივებული გვამი და დიდხანს, დიდხანს მხურვალედ ჰკოცნიდა და ჰკოცნიდა. „პირამე, ჩემო ძვირფასო მეგობარო!“ გულსაკლავად ბუტბუტებდა თისბე: „გამიგონე, ერთის თვალით მაინც გადმომხედე! შენი თისბე, შენი კარგი გულითადი მეგობარი გელაპარაკება! არ მისმენ, ჩემო ძვირფასო, ჩემო მარადის გონებიდან განუყრელო მეგობარო! გევედრები, გემუდარები, ერთი წუთით მაინც გაახილე ჩემთვის ყველგან და მარადის ძვირფასი შენი მშვენიერი, ვარსკვლავივით მოელვარე თვალები!“ დიდხანს, დიდხანს ჩასძახოდა ასე გულსაკლავად საბრალო თისბე თავის გულითად მეგობარს, მაგრამ პირამეს გაცივებული გვამი ვერას გრძნობდა, მას სამუდამოდ დაეხუჭა თვალები, რომელნიც ამ ერთი წუთის წინათ ასე ელვარებით ანათებდნენ. საბრალო თისბემ პირამეს გაცივებული გვამის მახლობლად დაინახა თავისი გასისხლიანებული მოსასხამის ნაფლეთები და მეგობრის ხმლის დაცარიელებული ქარქაში. საბრალო თისბე ახლა კი მიხვდა, თუ რამ აიძულა საცოდავი პირამე ასე გაეწირა სიცოცხლე. „საცოდავო, ჩემმა უსაზღვრო სიყვარულმა გაიძულა თავი სასიკვდილოდ გაგემეტებინა! ჩემო ძვირფასო, ჩემო კარგო მეგობარო, შენი სიყვარული მეც მომცემს ძალას და მხნეობას შენთან ერთად მოვისპო სიცოცხლე! თუმცა სიკვდილი ამ ქვეყნად გაგვაშორებს, სამაგიეროდ იგივე სიკვდილი საიქიოს შეგვაერთებს, სულიერად სამუდამოდ შეგვაკავშირებს! დეე, ჩემო ძვირფასო, მეც შენთან ერთ საფლავში დავიმარხო, მეც შენთან ერთად განვისვენო! მე სრულიად ბედნიერად ჩავთვლი ჩემ თავს, თუ ჩვენი მშობლები ჩემ უკანასკნელ სურვილს მაინც აღასრულებენ! შენ, თუთის ხევ, შეიფარე შენი მაღალი ტოტების ჩეროს ქვეშ ერთ კუბოში ჩასვენებული ორი გვამი, სიცოცხლეში განუსაზღვრელად მოსიყვარულე მეგობრებისა! შენ იყავ საიდუმლო მოწამე ჩვენი სიკვდილისა! დეე, ჩვენი სისხლით წითელ–ყვითლად შეღებილმა შენმა ფოთლებმა ყველას ამცნოს ორი გულითადი მეგობრის ასეთი საბედისწერო თავგანწირულობა!“ თისბემ ამ სიტყვებთან ერთად მძლავრად დაიცა გულმკერდში საბრალო პირამეს სისხლით ჯერ კიდევ სველი ბასრი ხმალი და სიცოცხლეს გამოესალმა თავისი გულითადი მეგობრის გაცივებული გვამის გვერდით. საბრალო მშობლებმა ერთ კუბოში ჩასვენებული პირამე და თისბე სწორედ იმ ადგილას დაასაფლავეს, საცა ამ ორმა გულითადმა მეგობარმა უკანასკნელად სამუდამოდ დახუჭა თვალები და თვისი უმწიკვლო, ფაქიზი სიყმაწვილის საუკეთესო გრძნობები სამარეში ჩაიტანა. თუთის ხის მაღალი ტოტები გულმოდგინედ უჩრდილებენ უდროოდ სიცოცხლეს გამოსალმებულთა საფლავს და ყველა გამვლელ–გამომვლელს სისხლისაგან გაშავებული ფოთლების შრიალით გასაგებად ყურში ჩასჩურჩულებენ საბრალო პირამესა და თისბეს თავგანწირული მეგობრობის სამწუხარო ამბავს. გულსაკლავია თუთის ხის ფოთლების ამგვარი შრიალი და აბა რომელი გულქვა გამვლელ–გამომვლელი აუხვევს გვერდს მეგობრობისათვის ამ თავდადებულ გმირთა სავანეს, რომ თვალთაგან ცხარე ცრემლების ნაკადული არ წასკდეს....

კ ვ ი პ ა რ ო ს ი[edit]

კეოსის კუნძულის თვალუწვდენელ და ლამაზად დაფენილ მინდვრებ–ჭალებში გამვლელ–გამომვლელის ყურადღებას მუდამდღე უნებლიედ იპყრობდა ღმერთების სახელობაზე შეწირული საკვირველი ირემი, რომელიც სრულიად უშიშრად სძოვდა ნოყიერს, ყელამდე მოღერებულ ამწვანებულ ბალახს. ყოველი სულდგმული ირმის სიკეკლუცე–სიმშვენიერით იხიბლებოდა. ირმის ტანისა და თავის მომხიბლავ, მეტად ლამაზ მოხაზულობას ყველანი შესტრფოდნენ და შეჰხაროდნენ. ფართო და მაღალტოტებიანი რქები კოპწია და მოხდენილ თავზე საამურად გადაგრეხოდა. ლამაზი რქების შუა წვრილ, ოქროსფერ თასმაზე ჩამობმული ვერცხლის პატარა ზარი წამდაუწუმ საამურად წკარუნებდა, ძვირფასი ქვებით მორთული ლამაზი, მოხდენილი კისერი და ალმასის თვლებით შემოსილი ძვირფასი საყურეები ერთიორად ამშვენებდნენ ირმის ისედაც ლამაზი თავისა და ტანის წარმტაც მოხაზულობას. ირემმა დიდი ხანია დაკარგა თავისი ველური თვისება, იგი მოშინაურდა, უშიშრად, მოურიდებლად შედიოდა სახლებში, ყველას თავაზიანად ეპყრობოდა, ყველანი ეალერსებოდნენ, ყველას ეალერსებოდა. კუნძულის მკვიდრნი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი სიყვარულით შეჰყურებდნენ მოშინაურებულ თვინიერ ცხოველს. კუნძულის მკვიდრთა შორის საკვირველი ირემი ყველაზე უფრო ძლიერად, ყველაზე გადამეტებით უყვარდა კუნძულ კეოსის მეფის ვაჟს კვიპაროსს. ირემი და კვიპაროსი განუყრელი ერთგული მეგობრები იყვნენ. ტახტის მემკვიდრე დიდი ალერსითა და სიყვარულით ეპყრობოდა თავის მეგობარს, საძოვრად დაჰყავდა იგი ნოყიერი ამწვანებული ბალახით შემოსილ მინდორ–ველებზე. ყმაწვილი ათასი სხვადსხვა ფერადი ყვავილებით უმკობდა ირემს ფართოტოტებიან, ლამაზად გადაგრეხილ რქებს. კვიპროსი ზოგჯერ კიდევაც შეაჯდებოდა ზურგზე თავის ერთგულ მეგობარს და ისე დასეირნობდა კუნძულის მთაგორიან ადგილებზე, საცა თვალწარმტაცი ანკარა წყაროები და მთაგრეხილებიდან მოწყვეტილი შფოთიანი მდინარეები ირგვლივ ატეხილ ჭალა–მინდვრებს საამურად ანოყიერებდა. ერთხელ ირემი, ერთერთი გასეირნების დროს, სიცხისაგან მოღლილი და მოქანცული ლაღად იწვა ამწვანებულ ხავერდისფერ ბალახებში და სასიამოვნო სიგრილით ტკბებოდა. შემთხვევით ამ ადგილის მახლობლად ნადირობდა ირმის გულითადი მეგობარი კვიპაროსი. ტახტის მემკვიდრის მიერ ნატყორცნმა შორსმსრბოლმა ისარმა სასიკვდილოდ დაჭრა ბალახში განცხრომით მწოლიარე ირემი. კვიპაროსმა იგრძნო თავისი საბედისწერო შეცდომა და მყისვე თავისი საყვარელი მეგობრის საწოლ ადგილას მიიჭრა. კვიპაროსის დანახვაზე საბრალო მომაკვდავი ირემი საცოდავად შეტორტმანდა, უკანასკნელად გადაატრიალა მეგობრისაკენ ცრემლით აღსავსე, მაგრამ კიდევ მოსიყვარულე თვალები. უცაბედად ნასროლმა ისარმა ულმობლად გამოასალმა სიცოცხლეს ყველასათვის საყვარელი, მშვიდი, უწყინარი ირემი. კვიპაროსის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, იგი ტიროდა, ცხარე ცრემლებს აფრქვევდა, სასოწარკვეთილებას ეძლეოდა. საბრალო ყმაწვილს ცხარე ცრემლები თვალთაგან ნაკადულებრ მოსჩქეფდა და მახლობლად მდებარე მიდამოებს რწყავდა. კვიპაროსი გულამოსკვნით დასტიროდა უდროოდ დაკარგულ თავის გულითად მეგობარს და საცოდავი ქვითინით მთელ დედამიწას აყრუებდა. სასოწარკვეთილი, მწუხარებისაგან თავზარდაცემული კვიპაროსი ღმერთებს სიკვდილს შესთხოვდა, მაგრამ ყოვლად შემძლებელი ღმერთები ყმაწვილის გულითად ვედრებას უგულებელყოფდნენ. პირიქით, კვიპაროსის გულითადი მეგობარი და მფარველი აპოლონ ღმერთი ნუგეშს სცემდა მეფის საბრალო მემკვიდრეს და ყოველმხრივ ცდილობდა ყმაწვილისათვის ასე ანაზდეულად თავს დატეხილი უსაზღვრო მწუხარება მცირედად მაინც შეემსუბუქებინა. მაგრამ, საუბედუროდ, უსაზღვრო მწუხარებით ზარდაცემული საბრალო კვიპაროსი სიმშვიდეს ვერ პოულობდა, საბრალო ყმაწვილის მოსიყვარულე გული დღითიდღე მდუღარებით ივსებოდა და მის სასოწარკვეთილებას საზღვარი არ ედებოდა. „ყოვლად შემძლებელო ღმერთებო! ჩემს მწუხარებას ნურასოდეს ბოლოს ნუ მოუღებთ! მე ღირსი ვარ სასტიკი სასჯელისა! მხურვალედ გევედრებით, გემუდარებით, ღირსეულად დამსაჯეთ ჩემი საუკეთესო, გულითადი მეგობრის სიცოცხლის სრულიად უდანაშაულოდ მოსპობისათვის!“ საბრალო კვიპაროსი დღედაღამ ამ სიტყვებით განუწყვეტლად ემუდარებოდა ყოვლადშემძლებელ ღმერთებს. მაგრამ დახეთ საკვირველებას! ტირილისა და მწუხარებისაგან დაღლილი და ფერმიხდილი საბრალო კვიპაროსის სხეული თანდათან ხევდებოდა, ხის ფოთლებითა და ტოტებით იმოსებოდა, ხის სახეს ღებულობდა. ერთი წამიც–და კუნძულ კეოსის მეფის ტახტის საბრალო მემკვიდრე სიცოცხლეს გამოესალმა და მაღალ კვიპაროსის ხედ გადაიქცა. – „მშვიდობით, მეგობარო!“ – მწუხარებით გამოეთხოვა აპოლონ ღმერთი თავის გულითად მეგობარს: „მუდამ ვიგლოვ და მდუღარე ცრემლებს ვაფრქვევ შენი უმანკო სახელის ხსოვნას!“ კვიპაროსის ხე კი ამ დროს მწუხარედ იცრემლებოდა და მდუღარე ცრემლების ფრქვევით ასველებდა იმ სამწუხარო ადგილს, საცა მისმა ერთგულმა და განუსაზღვრელად საყვარელმა ირემმა სამუდამოდ დახუჭა თვალები და ასე უდანაშაულოდ სიცოცხლეს გამოესალმა.

ა ქ ტ ე ო ნ ი[edit]

ფინიკიელთა მეფის კადმოსის შვილიშვილი აქტეონი მთელს სახელმწიფოში იშვიათ მონადირედ იყო მიჩნეული, ახალგაზრდა მონადირის მშვილდ–ისარი დედამიწის ზურგზე სახელგანთქმული იყო, სახელმწიფოს მონადირეები პირველობას მუდამ კადმოსის ახალგაზრდა შვილიშვილს უთმობდნენ. თითოეულ დახელოვნებულ მონადირეს სასახელოდ მიაჩნდა, როცა აქტეონი თავისი მშვილდ–ისრით ნადირობაში მონაწილეობას იღებდა. ყველას ღრმად სწამდა ახალგაზრდა აქტეონის ნადირობის ნიჭი და უნარი, ყველანი აღტაცებაში მოდიოდნენ აქტეონის შეუდარებელი ნადირობით. სწორედ ამიტომაც იყო, რომ მთელ სახელმწიფოში თუ ვინმე კი ნადირობას განიზრახავდა, ახალგაზრდა მონადირის მოპატიჟებას თავის მოვალეობად სთვლიდა. ერთხელ, აქტეონი დილაადრიან თავისი თანამონადირეებით კითერონის მაღალსა და დაბურული ტყით დაფენილს მთაგრეხილებზე ნადირობდა. მშვენიერი დილა იყო. მზის სხივები ცის მაღალ სივრცეში ათასნაირად ბრწყინავდა და მარგალიტებრ ცვიოდა კითერონის მთაგრეხილზე გაშენებული თვალუწვდენი უღრანი ტყის მწვერვალებზე. ჩიტების ჟრიამული და სტვენა მთა და ბარს ერთიანად მოსდებოდა და შორს, ქვემოთ დაფენილ ჭალა–მინდვრებს ფიანდაზად ეფინებოდა. ნადირთა გუნდი მთის კალთებს შეჰფარებოდა და გულის ფანცქალით თვალყურს ადევნებდა მონადირეთა და მწევარ–მეძებრების თავდავიწყებით ატეხილ ხმაურობას. ცხრათვალა მზე თანდათან უფრო უხვად ჰფენდა თავის ცხოველმყოფელ სხივებს კითერონის მთაგრეხილების მიდამოებს. მხდალ ნადირთა გუნდი, შიშით თავზარდაცემული, მთაგრეხილების მიუვალს და საშიშ ადგილებს ეტანებოდა, მონადირენი კვალდაკვალ მისდევდნენ შეშინებულ ნადირს და შეუბრალებლად სტყორცნიდნენ მშვილდ–ისრებს. საცოდავი ნადირნი ერთი ადგილიდან მეორე ადგილას აწყდებოდნენ, ეგების სადმე თავი უვნებლად შევაფაროთო, მაგრამ ყოველი ცდა ამ მხრით უნაყოფო იყო: აქტეონის მახვილი ისრები შეუბრალებლად ასალმებდნენ წუთისოფელს უდანაშაულო ნადირთა გუნდს. ტყის ცხოველნი ნაკადულივით აფრქვევდნენ ცრემლებს და გულამოსკვნით ქვითინებდნენ. „რატომ, რისთვის, რისთვის, ვის რა დავუშავეთ!“ – თვალცრემლიანნი უხმოდ ეკითხებოდნენ შეშინებული ნადირები თავიანთ თავის, და რაც ძალი და ღონე ჰქონდათ ტყის შუაგულისაკენ გარბოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც აქ პოულობდნენ თავშესაფარს. მონადირეთა შეუბრალებელი მშვილდ–ისარი აქაც მარჯვედ ჰგმირავდა საბრალოებს და უხმოდ უკლავდა გულში საბედისწერო საკითხს: „რატომ, რისთვის, რისთვის, ვის რა დავუშავეთ!“ ნადირობამ ჩინებულად ჩაიარა, შედეგებით კმაყოფილი მონადირეები სიხარულისაგან ფეხზე არ იდგნენ, უკვე შუადღემაც მოატანა. მზემ თავისი სხივების სიძლიერე გააორკეცა. ნადირობისაგან დაღლილი მონადირეები ჩრდილებში ჩამოსხდნენ და მოსვენების თავდარიგს შეუდგნენ. აქტეონი თავის ამხანაგებს ჩამოშორდა და მთის მახლობელ მიდამოებში უფრო მყუდრო თავშესაფარის ძებნას შეუდგა. დიდხანს დაეძებდა ახალგაზრდა მონადირე უფრო მყუდრო და განმარტოებულ მოსასვენებელ ადგილს. დიდი ხნის ძებნის შემდეგ აქტეონი სრულიად შემთხვევით მიუახლოვდა ერთს კვიპაროსისა და არყის ხეებით დაფენილ ჭალას. ეს ბუნების მშვენიერი წალკოტი მონადირე ქალღმერთის არტემიდეს თავშესაფარ მოსასვენებელ ადგილად იყო თურმე მიჩნეული. ჭალის შუა ადგილას ხელოვნურად გაშენებული იყო ლამაზი გამოქვაბული. მარჯვნივ, იქვე, ბალახებით ამწვანებულ ნაპირებზე ანკარა მთის წყარო გადმოჩუხჩუხებდა. ხშირად ქალღმერთი არტემიდე ნადირობის შემდეგ ისვენებდა ამ გამოქვაბულში და მთის ანკარა წყაროს დაღლილ–დაქანცული უხვად ეწაფებოდა. სწორედ იმ დღეს, როცა აქტეონი სრულიად შემთხვევით ამ მშვენიერ გამოქვაბულს მიუახლოვდა, მონადირე ქალღმერთი თავისი მხლებელი ქალებით ამ ტურფა ადგილას ჩრდილში განისვენებდა. მხლებელი ქალები წყაროდან ანკარა წყალს ოქროსა და ვერცხლის თასებით ეზიდებოდნენ და უხვად აბკურებდნენ მონადირე ქალღმერთის სიცხისაგან დაოსებულ სხეულს. აქტეონის დანახვაზე არტემიდეს მხლებელმა ქალებმა ერთი უეცრივ შეჰკივლეს და უმალვე მონადირე ქალღმერთს ირგვლივ შემოერტყნენ, რომ ამნაირად დაეფარათ თავისი მბრძანებლის ტანხალვათობა. აქტეონის დანახვაზე მონადირე ქალღმერთს სიწითლემ პირისახეზე ერთიანად დაუარა. ქალღმერთს არტემიდეს რომ ამ დროს მშვილდ–ისარი ხელთ ჰქონოდა, ახალგაზრდა მონადირეს, ასე ძალზე გაკადნიერებულს, გულმკერდს შეუბრალებლად გაუგმირავდა, სიცოცხლეს გამოასალმებდა. ქალღმერთს სირცხვილისაგან სიწითლის ალმური ასდიოდა მთელ პირისახეზე. ახალგაზრდა მონადირე ქალღმერთმა, შეასწრო თვალი თუ არა, დაუყოვნებლივ ოქროს თასიდან ამოიღო ერთი პეშვი წყალი და ერთბაშად მიასხურა ელვის სისწრაფით უკან გაბრუნებულ აქტეონს. „წადი და ახლა ყველას უამბე, მთელ ქვეყანას კიდით–კიდემდე მოსდე, რომ შენ ტანჩაუცმელი, სრულიად ტიტლიკანა დამინახე, თუ კი, რასაკვირველია, შენი ბაგენი რისამე თქმას მოახერხებენ!“ – აღელვებული კილოთი გასძახა მონადირე ქალღმერთმა უკანვე სასწრაფოდ გაბრუნებულ მეფე კადმოსის შვილიშვილს, ნადირობაში სახელგანთქმულ თავმომწონე აქტეონს. აქტეონი თავისი ამხანაგებისაკენ ფეხაკრეფით მიეშურებოდა, მაგრამ, დახეთ საკვირველებას, კადმოსის ახალგაზრდა შვილიშვილს თავზე ირმის რქები ეზრდებოდა, საბრალოს კისერი თანდათან უგრძელდებოდა, ხელები ფეხებად ექცევა, ჩლიქები შესამჩნევად ეზრდება. მთელი სხეული თმებით ემოსება, ფეხებში სიმარდე და მოქნილობა ემატება. სახელგანთქმული მონადირე, ყველგან და მარადის თავმომწონე აქტეონი ირმად გადაიქცა, მხოლოდ ჭკუა–გონება კი ისევ თავისი შერჩა. როცა ახალგაზრდა მონადირემ თავისი აწინდელი სახე წყლის სიღრმეში დაინახა, ერთი გულამოსკვნით ამოიოხრა და თვალთაგან ცხარე ცრემლების ნაკადული წასკდა. საბრალო აქტეონი, ამჟამად ირმად ქცეული, ყელმოღერებული ირემი მწუხარედ დგას კითერონის მთაგრეხილების ტყის შუაგულში და არ იცის, როგორ უშველოს თავს. გული დარდისაგან უფრო და უფრო ეთანაღრება და თვალთაგან ცხარე ცრემლები ნაკადულებრ გადმოსჩქეფს. წუხს საბრალო აქტეონი, არ იცის, შინ დაბრუნდეს, თუ ტყის კალთებს შეაფაროს თავი, საშინელს, აუტანელ მდგომარეობას განიცდის. უეცრივ აქტეონმა თვალი მოჰკრა თავის მწევარ–მეძებრებს. სიხარულისაგან საბრალოს თვალები ვარსკვლავებივით გაუბრწყინდა: ჩემი ერთგული მწევარ–მეძებრები გამომიხსნიან ამ უბედურებისაგანო, – გაიფიქრა ირმად ქცეულმა აქტეონმა და ლმობიერად მიაპყრო ცრემლიანი თვალები იქითკენ, საიდანაც ყეფა–ყიჟინით მისი მწევარ–მეძებრები გამალებით მოქროლავდნენ. მაგრამ მოტყუვდა საბრალო აქტეონი. მწევარ–მეძებრებმა, დაინახეს თუ არა ტყის შუაგულს ყელმოღერებული ირემი, საშინელი ყეფა–ყიჟინი ატეხეს, უკან დაედევნენ შიშისაგან ზარდაცემულ ირემს და მთის მიუვალ კლდე–ღრეებში მიიმწყვდიეს ირმად ქცეული საბრალო აქტეონი. საბრალო აქტეონი! იგი თავისი ერთგულის მწევარ–მეძებრებისაგან მოელოდა შველას, და აბა იმას როგორ მოიფიქრებდა, რომ იმათგანვე განსაცდელს ეწეოდა. გააფთრებულმა ძაღლებმა შეიპყრეს საცოდავი ირემი და შეუბრალებლად ჩასჭიდეს გვერდებში ბასრი კბილები. საბრალო ირემი მწვავე ტკივილებისაგან ოდნავ–ღა სუნთქავდა და მწუხარე თვალების მოძრაობით თითქო ემუდარებოდა თავის მწევარ–მეძებრებს, აბა რას ჩადიხართ, ნუთუ თქვენს მოჭირნახულე პატრონს ვერა სცნობთ და ასე უდიერად, შეუბრალებლად ექცევითო. მწევარ–მეძებრებს აქტეონის ხვეწნა–ვედრება აინუნშიაც არ მოსდიოდათ და, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, ბასრი კბილებით მედგრად უცარავდნენ გვერდებს საცოდავ ირემს. მწევარ–მეძებრების ყეფა–ყიჟინზე აქტეონის თანმხლებელი მონადირეებიც შემოერტყნენ გრძნობამიხდილ ირემს და ერთიორად ამხნევებდნენ ისედაც გააფთრებულ მწევარ–მეძებრებს. საბრალო აქტეონს გული უკვდება, სული ეხუთება, იგი ხედავს, რომ ყველა მის წინააღმდეგ თავდავიწყებით ამხედრებულა, ყველას მის წინააღმდეგ მიაქვს იერიში და არცერთი სასიკვდილოდაც არ ინდობს. ირემი–აქტეონი აცრემლებული თვალებით ლმობიერად შესთხოვდა თავის მეგობარ–ამხანაგებს. ნუ გამწირავთ, თქვენი ერთგული მეგობარი აქტეონი ვარო. მაგრამ ვინ იყო ამ განწირული სულისკვეთების გამსჯელი და გამკითხველი! მეფე კადმოსის საბრალო შვილიშვილმა, მწარე ტკივილებისაგან დაუძლურებულ–დაოსებულმა, ერთი უკანასკნელად მწუხარედ გადახედა თავის მეგობარ–მტარვალებს და სამუდამოდ დახუჭა ცხარე ცრემლებით აღვსილი თვალები. ასე სამწუხაროდ დაამთავრა თავისი სახელოვანი სიცოცხლე თავმომწონე აქტეონმა, მონადირე ქალღმერთის არტემიდეს წყალობით. იმ ადგილას, საცა ქალღმერთის არტემიდეს გამოქვაბულია, ფინიკიელებმა აღმართეს შესანიშნავი ძეგლი, რომელიც გამვლელ–გამომვლელს მჭერმეტყველურად მოუთხრობს საბრალო აქტეონის დაღუპვის სამწუხარო ამბავს, და აბა რომელი გამვლელ–გამომვლელი ჩაუვლის გულგრილად ამ ძეგლს, რომ თვალთაგან ცრემლების ნაკადული არ წასკდეს! ნ ა რ გ ი ზ ი დ ა ე ხ ო მდინარის ღმერთის კეფისესა და ქალღმერთის ლეირიონის ვაჟიშვილი ნარგიზი იშვიათი სილამაზით იყო სახელგანთქმული მთელს დედამიწის ზურგზე. ყველანი, დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, თაყვანს სცემდნენ ნარგიზის კალმით აუწერელ სიმშვენიერეს. მთელი სულიერი და უსულო ბუნება იხიბლებოდა ყმაწვილის სილამაზით. მხეცნი, ფრინველთა გუნდნი, ტყე–ველები და თვალუწვდენელი პიტალო კლდეები მოწიწებით თავს უხრიდნენ სილამაზით სახელგანთქმულ ახალგაზრდას და ნეტარების ფიალას ეწაფებოდნენ ყმაწვილის დანახვაზე. ნარგიზი კარგად ხედავდა თავისი სილამაზის სიდიადეს და ამიტომაც ძალიან მოჰქონდა თავი, მეტისმეტად ამაყობად. ნარგიზის გარეგნობას მომხიბვლელი შინაგანი სიმშვენიერე და გულწრფელობაც რომ თან შეზრდოდა, ახალგაზრდა ყმაწვილის გულში სიამაყის მაგივრად სიყვარულსა და სათნოებას უფრო ფართო ადგილი სჭეროდა, ნარგიზზე უბედნიერესი ახალგაზრდა ძნელად თუ სადმე მოიძებნებოდა. ერთხელ ნარგიზი კითერონის უზარმაზარი მთის კალთებზე ნადირობდა. დაბურული ტყის მიდამოებში ნარგიზს თვალი მოჰკრა ქალღმერთმა ეხომ და დანახვისთანავე ყმაწვილის სილამაზით ერთიანად მოიხიბლა. ქალღმერთი კვალდაკვალ გამოუდგა ყმაწვილს. ეხოს მგრძნობიარე გულში თანდათან უფრო იღვიძებდა ყმაწვილის სიყვარული, ქალღმერთს სულითა და გულით სწადდა გამოლაპარაკებოდა ნარგიზს, მაგრამ ვერ ახერხებდა. ქალღმერთს ჰერას ეხო ოდესღაც რაღაც დანაშაულისათვის დაესაჯა. ეხოს პირველად არავისთან არ შეეძლო გამოლაპარაკება, ხოლო თუ ვინმე ლაპარაკს დაუწყებდა, გაჩერებას ვერ ახერხებდა. ეხოს სულითა და გულით სურდა სიყვარულის კილოთი გამოლაპარაკებოდა ნარგიზს, მაგრამ აბა როგორ უნდა მოეხერხებინა, როცა პირველად გამობაასება არ შეეძლო. ახალგაზრდა ყმაწვილმა ნადირობის დროს ტყეში გზა დაკარგა და თანმხლებლებს შესძახა: „არის ვინმე აქა?“ – „არის ვინმე აქა?“ – გაისმა დაუყოვნებლივ პასუხად ქალღმერთის ეხოს ხმა. ნარგიზი გააკვირვა ასეთმა პასუხმა. „აქეთ!“ – კვლავ განაგრძო ნარგიზმა „აქეთ!“ – უპასუხებს იდუმალი ხმა. – „რათა მდევნი?“ – ხმამაღლა ეკითხება ნარგიზი. – „რათა მდევნი?“ – ჰაერში გაისმის იდუმალი ხმა. – „თვალთ დამენახეთ, დავძმობილდეთ!“– განაგრძობს განცვიფრებული ახალგაზრდა. – „თვალთ დამენახეთ, დავძმობილდეთ! – ლმობიერად და სიყვარულის კილოთი უპასუხებს ისევ იგი იდუმალი ხმა. ამ სიტყვებთან ერთად ქალღმერთი ეხო ნარგიზის წინ წარსდგა და სიყვარულის გამოცხადების ნიშნად ხელები ლმობიერად გაუწვდინა ყმაწვილს. – „შორს, შორს!“ – დაუყოვნებლივ შესძახა ნარგიზმა ქალღმერთს: „უმალ სიკვდილს ვარჩევ და შენ კი არ დაგიძმობილდები!“ –„არ დაგიძმობილდები!“ – განიმეორა ქალღმერთმა და დარცხვენილი ფეხაკრეფით ტყის ამწვანებულ ფოთლებში მიიმალა. ნარგიზის სიამაყით აღსავსე გულმა გადაჭრით უარჰყო ქალღმერთის უსაზღვრო მეგობრული სიყვარული. ამ დღიდან დარცხვენილი ეხო იმალება თვალუწვდენელ ტყესა და განმარტოებულ გამოქვაბულებში. მართალია, ნარგიზმა თუმცა ზიზღით უარყო ქალღმერთის მეგობრული სიყვარული, მაგრამ ეხოს ნარგიზი მაინც თავდავიწყებით უყვარს, ნარგიზისათვის ქალღმერთი თავს გასწირავს, ყმაწვილის სახელის ხსოვნას ყველაფერს, თვით სიცოცხლესაც კი, ანაცვალებს. სწუხს ქალღმერთი ნარგიზის ასე შეუბრალებლად, ასე უხეშად მოპყრობას, აუტანელი მწუხარება დღითიდღე უღრღნის გულს. ქალღმერთის სილამაზემ, სიმშვენიერემ და ახოვანმა ტანადობამ წინანდელი ელფერი დაკარგა. ქალღმერთი მწუხარებისაგან ერთიანად ჩამოხმა, მთელი სხეული და მშვენიერი პირისახე შემოაჭკნა, შერჩა მხოლოდ ძველებური ხმა და მარტოდმარტო ძვლები. ქალღმერთის ხმას წინანდელი სიძლიერე არ დაუკარგავს. ქალღმერთის ეხოს ძვლები კლდედ გარდაიქცა. ამჟამად ეხოს ცხოველმყოფელი ხმა მხოლოდ ტყისა და გამოქვაბულთა სივრცეში შეგიძლიათ გაიგონოთ. ქალღმერთის ხილვა შეუძლებელია, ხოლო მისი ძლიერი ხმის გაგონება მსურველს ადვილად შეუძლია. უგულო ახალგაზრდა ნარგიზის სიყვარულისა და ყურადღების ღირსი ყოვლად შემძლებელი ქალღმერთებიც კი ვერ გახდნენ. ამაყი ნარგიზის გულს სიყვარული არ ათბობდა, იგი ყველას ზიზღის თვალით უყურებდა. საბრალო ეხოს გარდა სილამაზით სახელგანთქმული მრავალი ქალღმერთიც უნუგეშოდ იხიბლებოდა ნარგიზის განუსაზღვრელი სიყვარულით, მაგრამ ამაყი ახალგაზრდა ყმაწვილის გული სიყვარულის ნაზსა და სათუთ სხივებს არ აჟღერებდა. ერთხელ ნარგიზი გელიკონის მთაგრეხილებზე ნადირობდა. მთელი დღის განმავლობაში ყველაფერს ალმური ასდიოდა. დაღლილ–დაქანცული ნარგიზი მთის მოჩუხჩუხე წყაროს წააწყდა და მხურვალედ დაეწაფა ანკარა წყალს. ნარგიზმა მთის წყაროს სიღრმეში დაინახა კალმით აუწერელი ლამაზი ყმაწვილი. ყმაწვილმა თვალი თვალში გაუყარა მშვენიერ ახალგაზრდას და მხოლოდ ახლა იგრძნო სიყვარულის ცხოველმყოფელი მანუგეშებელი ძალა. ნარგიზი თვალს ვერ აშორებდა ანკარა წყაროს სიღრმიდან ნაზად მომზირალ ყმაწვილს. ნარგიზის მთელი არსება იხიბლება, იგი დღეს ბედნიერია, ნარგიზი პირველად გრძნობს სიყვარულის საოცნებო სითბოს, ფრთებშესხმული ახალგაზრდის მგრძნობიარე გული სიყვარულის ნაზმა, სათუთმა სხივებმა დაიმონეს, ურყევლად დაიმორჩილეს. ნარგიზი გაგიჟებით შეჰყურებს ახალგაზრდა ყმაწვილს, ჰსურს ერთბაშად გადაეხვიოს, გადაჰკოცნოს მეგობრულად, დასტკბეს მისი ცქერით. ნარგიზი ერთი წუთითაც ვერ შორდება მთის მოჩუხჩუხე წყაროს, განუწყვეტლივ შეჰყურებს ანკარა წყლის სიღრმეს და სულ იმას ცდილობს საოცნებო პირისახეს თვალი არ მოაშოროს. ნარგიზი დღედაღამ გიჟივით თავს დასცქერის მთის ანკარა წყაროს, ძილი სულ ერთიანად გაუტყდა, ჭამის მადაც დაეკარგა. საბრალოს წყლის სიღრმეში ვარსკვლავივით მოციმციმე საუცხოო ყმაწვილი უყვარს მთელი თავისი არსებით, უყვარს უსაზღვროდ, ის კი ფიქრადაც არ მოსდის, რომ ანკარა წყლის სიღრმაში თავისივე პირისახეს ეალერსება, ეთაყვანება. – „ჩემო ხატო, ჩემო ღვთაებრივო ქმნილებავ!“ – სიყვარულის კილოთი ლმობიერად ჩასჩურჩულებს ანკარა წყაროს ნარგიზი: „განა ვერა ხედავ ჩემს უსაზღვრო მწუხარებას! განა ასე ძნელია დასტოვო შენი მყუდრო ბინა და შენს თაყვანისმცემელს მეგობრულად ხელიხელს მომცე და სულიერად დამიკავშირდე! თვალუწვდენი ზღვის სივრცე და უზარმაზარი მთის კალთები ხომ არ გვაშორიშორებენ, ჩემო უსაყვარლესო ქმნილებავ, ჩემო სანატრელო და საოცნებო ღვთაებავ! განა ვერა ხედავ, მთის ანკარა წყლის მცირე ნაკადი გვაშორიშორებს! ამოდი ჩემთან, ჩემო მშვენიერო ჭაბუკო, და დასტკბი ჩემი მოხდენილი სილამაზით! შენც ხომ მშვენიერებაზე უმშვენიერესი ხარ! შენს კეთილგანწყობილებას კარგად ვგრძნობ და არ ვცდები, რომ ჩვენ შორის მჭიდრო მეგობრობის ხიდია გადებული. როცა მე ხელებს გიწვდი ლმობიერად, შენც ხომ ხელებგაშლილი მეგებები! მე ვიცინი, ვიღიმები, – შენც იცინი და იღიმები! მე ვტირი, ცრემლებს ვაფრქვევ, – შენც სტირი და თვალთაგან ცრემლების ნაკადული გადმოგჩქეფს! შენს ყოველ მიხვრა–მოხვრაში მეგობრულ და ამხანაგურ გულწრფელ განწყობილებას ვხედავ! დიახ, მეგობრულ განწყობილებას! სიყვარულის ცხოველმყოფელ ძალას პირველად გრძნობს ჩემი გული! მაგრამ ვაგლახ, ვგონებ, ჩემი სათაყვანო გმირი თვით ჩემი პირისახის გამოხატულებაა ანკარა მთის მოჩუხჩუხე წყაროს სიღრმეში! დიახ, ვგონებ, კიდევაც არ ვცდები! ვაგლახ, რომ ჩემი თავის სიყვარულის მეტი არ შემძლებია!“ ნარგიზი დიდხანს და დიდხანს ეჩურჩულებოდა ამ სიტყვებით თავის სათაყვანო გმირს და დღითიდღე უსმელ–უჭმელი, სრულიად უძილო თანდათან სუსტდებოდა და ძალღონეს, მხნეობასა და გამჭრიახობას კარგავდა. ნარგიზი კარგად გრძნობდა, რომ სიკვდილის აჩრდილი უახლოვდებოდა, მისი სიყვარულით აღგზნებული გულის ძგერა შეწყდებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოჩუხჩუხე მთის წყაროს თავს გიჟივით დასცქეროდა და ერთი წუთითაც თვალის მოშორებას ვერ ახერხებდა. ბოლოს და ბოლოს, სრულიად დაუძლურებული, გონებამიხდილი და ძალღონეს მოკლებული ნარგიზი სასოწარკვეთილებით ჩამოშორდა საბედისწერო მთის წყაროს და თავისი მრავლად ტანჯული სული იქვე მობიბინე ხავერდისფერ ბალახებში განუტევა თავისი თავის ასე უსაზღვროდ ტრფიალების შემდეგ. მთელი სულიერი და უსულო ბუნება დაამწუხრა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში სიყვარულით აღგზნებული ჭაბუკის სიკვდილმა. ტყის ნადირნი, ფრინველთა გუნდები ყველანი ერთხმად დასტიროდნენ ახალგაზრდა ვაჟის სიცოცხლის უდროოდ მოწყვეტას და ცხარე ცრემლების ღაპაღუპით დედამიწას გულამოსკვნით ასველებდნენ. მაღალი ხეების მწვერვალნი მწუხარედ დასცქეროდნენ საბრალო ნარგიზის გაცივებულ გვამს და გულსაკლავად ცრემლების ნაკადულს აფრქვევდნენ. უზარმაზარი პიტალო კლდეები საერთო მწუხარებას სამგლოვიარო ბანს აძლევდნენ და საერთო ფერხულში განუწყვეტლივ იცრემლებოდნენ. მწუხარებით მოცულია მთელი ის მიდამო, საცა ჭაბუკმა აბიბინებულ ბალახებს შორის უკანასკნელად სამუდამოდ დახუჭა თვალი. საბრალო ჭაბუკის განმარტოებულ საფლავზე აღმოცენებულია თეთრფოთლებიანი, უსიცოცხლო სილამაზით შემკული ნარგიზის ყვავილი, რომელიც მწუხარებით თავს დასცქერის ჭაბუკის დაობლებულ სავანეს და თავის უსაზღვრო გულისტკივილს უზიარებს იქვე ლამაზად მოჩუხჩუხე ანკარა მთის წყაროს.

პ ი კ ი[edit]

ლათინთა ახალგაზრდა მეფე პიკი მთელს სახელმწიფოში სახელგანთქმული იყო იშვიათი გმირობით. ამ სიკეთესთან ერთად მეფე კალმით აუწერელი ლამაზი და ტანადი კაცი იყო. პიკის სილამაზეს სახელმწიფოს მთელი მკვიდრნი, დიდი და პატარა, ქალი და ვაჟი, ახალგაზრდა და მოხუცი, ყველანი დიდს აღტაცებაში მოჰყავდა. მეფეს განუსაზღვრელად უყვარდა თავისი სახელმწიფოს მკვიდრნი, იგი მუდამ სახელმწიფოს მკვიდრთა კეთილდღეობაზე ზრუნავდა. მთელი ერი აფასებდა თავდადებული მეფის სიყვარულსა და ხალხისათვის ზრუნვას და ამიტომაც სახელმწიფოს მკვიდრნი ყველგან და ყოველთვის დიდის პატივისცემით იხსენიებდნენ თავის საყვარელ მეფეს. ახალგაზრდა მეფის მეუღლე კანენტა მთელს სახელმწიფოში გამოჩენილ მომღერლად იყო მიჩნეული. დედოფლის ნაზი, საამური და მომხიბვლელი ხმა მთელ დედამიწას ფიანდაზად ეფინებოდა. პიტალო კლდეები, ხეები, ტყის ნადირნი სულგანაბულნი უგდებდნენ ყურს საოცნებო სიმღერას და განუწყვეტლივ ტკბებოდნენ დედოფლის ნაზი ხმის მოსმენით. როცა კანენტას სიმღერის საამური ნაზი ხმა უტყვი და მეტყველი ბუნების ყურთასმენას სწვდებოდა, მდინარეები წყალთა დენას აჩერებდნენ, ფრინველები ჰაერში უმოძრაოდ ეკიდნენ და დედოფლის საუცხოო ხმით ტკბებოდნენ. ახალგაზრდა მეფეს დედოფალი უსაზღვროდ უყვარდა. დედოფალიც სამაგალითო მოსიყვარულე მეუღლე იყო და მთელი თავისი არსებით თავის საყვარელ და ძვირფასი ხასიათის მეუღლეს ეკუთვნოდა. მეფე–დედოფლის კეთილგონიერი განწყობილება მთელი სახელმწიფოს მკვიდრთათვის სამაგალითო და საგულისხმო იყო. ერთხელ მეფე თავისი მრავალრიცხოვანი მხლებლებით მახლობელ დაბურულ ტყეში ნადირობდა. პიკი ამაყად იჯდა ბედაურზე და მარცხენა ხელში ორი საუცხოო მშვილდ–ისარი ეპყრა. ძვირფასი სანადირო ტანსაცმელი ახალგაზრდა მეფეს ერთიორად ამშვენებდა. სწორედ იმ დროს, როცა ახალგაზრდა მეფემ თავისი მხლებლებით უდაბნო ტყეში ფართოდ გაშალა ბრწყინვალე ნადირობის ქსელი, იქვე მახლობლად ბალახ–ბულახებს კრეფდა ჰელიოს ღმერთის ქალიშვილი საუცხოო კირკე. ახალგაზრდა მეფის კალმით აუწერელმა სილამაზემ ერთბაშად მოხიბლა სილამაზითვე სახელგანთქმული მშვენიერი კირკე. კირკემ როგორც–კი თვალი მოჰკრა ლათინთა ახალგაზრდა მეფეს, მყისვე განუსაზღვრელი სიყვარულით აღიგზნო და გადაწყვიტა: აუცილებლად ახალგაზრდა მეფის მეუღლე უნდა გავხდეო. ქალღმერთის კირკეს თხოვნით, ყოვლად შემძლებელმა ოლიმპოს მბრძანებელმა დაბურული ტყე, საცა ლათინთა ახალგაზრდა მეფე თავისი მხლებლებით ნადირობდა, სქელი ნისლით დაფარა. მეფის მხლებლებმა ბურუსით მოცულ ტყეში გზა დაკარგეს და მეფე პიკს ჩამოშორდნენ. მშვენიერი კირკე ფეხაკრეფით მიიჭრა ლათინთა ახალგაზრდა მეფესთან და თავისი გულისთქმა გაუმჟღავნა. – „ახალგაზრდა მეფევ, ნუ გასთელავ ჩემს უსაზღვრო სიყვარულს! ჩემო გონებიდან განუყრელო ღვთაებავ, სულითა და გულით შენ გეკუთვნი! მთელი ჩემი არსებით მიყვარხარ! მიყვარხარ ისე, რომ უშენოდ ჩემი დარჩენა წარმოუდგენლად მიმაჩნია! ჩემო ძვირფასო და საყვარელო მეგობარო, იცოდე, რომ უშენოდ ჩემი სიცოცხლე განუწყვეტელი ტანჯვა და წამება იქნება კიდევაც ამიტომ ვკადნიერდები და მსურს გადაგიშალო ჩემი გულის საიდუმლო კუნჭულები და სამუდამოდ მეგობრად, სამუდამოდ განუყრელ მეუღლედ გაგიხდე! ამასთანავე ნუ დაგავიწყდება, ჩემო ტკბილო და საოცნებო მეგობარო, რომ სიმამრად ბრწყინვალე მზის ღმერთი, ყოვლად შემძლებელი ჰელიოს ღმერთი გეყოლება!“ ლათინთა ახალგაზრდა თავმომწონე მეფემ ზიზღით უარყო ქალღმერთის კირკეს ასე აშკარა და გაბედული წინადადება. „ჩემთვის სულერთია, ვინ ან ვისი ქალიც არ უნდა იყო!“ – გადაჭრით უპასუხა პიკმა სიყვარულით აღგზნებულ ახალგაზრდა კირკეს: „ჩემი მგძნობიარე გული სხვას ეკუთვნის, სხვას ემორჩილება! მე სულ სხვა მიყვარს, მე სულ სხვა ვისმეს ვეთაყვანები! სანამ პირში სული მიდგას, მე ჩემს ძვირფასს, ჩემს გონებიდან განუყრელ კანენტას, ჩემს გულითადს მეუღლესა და მეგობარს ვეკუთვნი!“ კირკე მეტად გააბრაზა ლათინთა მეფის გადაჭრილმა უარმა. – „მაშ ასეა?“ – სასოწარკვეთილებით მწუხარედ ამოიკვნესა საბრალო ქალღმერთმა: „იცოდე, სამუდამოდ გახსოვდეს, მეფეო, რომ იაფად არ დაგიჯდება ჩემი ასეთი შეურაცხყოფა! გარწმუნებ, რომ ამიერიდან შენ ვერ იხილავ შენს გულითად მეგობარს, შენს კანენტას! ახლავე თვითონვე დარწმუნდები, თუ რა შესძლებია მწარედ შეურაცხყოფილ დედაკაცს, რომლის წმინდათა წმინდა გრძნობები შენ ასე შეუბრალებლად, ასე უხეშად დაჰგმე და ფეხქვეშ გასთელე!“ ამ სიტყვებთან ერთად კვერთხით შეეხო ლათინთა მეფეს. პიკი ფეხაკრეფით ჩამოშორდა უსაზღვროდ განრისხებულ ქალღმერთს და თავის გზას გაუდგა. მაგრამ დახეთ საკვირველებას! ლათინთა ახალგაზრდა მეფეს მთელი სხეული ფრთებითა და ბუმბულით შეემოსა, თავი დაუპატარავდა, ზედ გრძელი ყვითელი ნისკარტი გამოება. მეფე პიკი კოდალად გადაიქცა და თავის გრძელ და ყვითელ ნისკარტს დაბურული ტყის ხეების ტოტებს განუწყვეტლივ უნისკარტებდა და უნისკარტებდა. პიკის მხლებელნი ამაოდ დაეძებდნენ თავის საყვარელ მეფეს. მზემ და ქარმა გაფანტეს სქელი ნისლი, რომლითაც დაფარული იყო მთელი ტყე. მეფის მხლებლებმა დაინახეს თუ არა ქალღმერთი კირკე, უმალვე გარს შემოერტყნენ და იარაღით ხელში მუქარით მოსთხოვეს თავისი საყვარელი მეფის დაკარგვის შესახებ უტყუარი ცნობების მოცემა. მაგრამ დახეთ საკვირველებას! მზე ერთბაშად დაბნელდა. ტყეები შეინძრნენ და ახმაურდნენ. ხეების მწვანე ფოთლები ჩამოხმენ, მცენარეები სისხლის ღვარებით დაიფარნენ, ძაღლებმა საზარლად ატეხეს ყეფა, ქვემძრომნი ბალახებში გულსაკლავად სისინებდნენ. უძრავი ლოდებიც ჩაბმულიყვნენ ამ საერთო ფერხულში და საზარელი გმინვით დედამიწას მწუხრის ზეწარს ჰფენდნენ. ქალღმერთი კირკე თავისი გრძნეული კვერთხით შეეხო ლათინთა მეფის მხლებლებს და ყველანი ტყის ნადირებად გადააქცია. მზე უკვე დიდებულად ჩაესვენა დასავლეთით, ახალგაზრდა პიკი კი არ დაბრუნებულიყო. დედოფალი კანენტა მოუთმენლად მოელოდა თავისი ძვირფასი მეუღლის დაბრუნებას. კიდევაც დაღამდა, მეფე კი არსად ჩანდა. სასახლის კარისკაცები დედოფლის ბრძანებით მოედვნენ ფარნებით ტყესა და ველს, მაგრამ თავისი საყვარელი მეფის შესახებ ვერაფერი გაიგეს. დედოფლის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა, საბრალო მოსიყვარულე მეუღლე ტიროდა, ქვითინებდა, პირისახეს იკაწრავდა, თმებს შეუბრალებლად იგლეჯდა. მთელი ექვსი დღის განმავლობაში საბრალო დედოფალი სასახლეს არ მოჰკარებია, იგი უსმელ–უჭმელი დაეძებდა თავის გულითად მეგობარს, თავის ერთგულ მეუღლეს. ბოლოს და ბოლოს დაღლილი, დაქანცული, სრულიად გონებამიხდილი საბრალო კანენტა ტიბერისის ნაპირას მწუხარედ ჩამოჯდა და სულ განმარტოებული საცოდავად შესტიროდა წყლის აზვირთებულ ტალღებს თავისი გულითადი მეგობრის უგზოუკვლოდ დაკარგვის სამწუხარო ამბავს. სამწუხარო და გულსაკლავი იყო საბრალო დედოფლის ამგვარი დღისითა და ღამით გულის აღმაშფოთებელი გმინვა და წუხილი და ვერავინ გვერდს ვერ აუხვევდა ამ მწუხარებით მოცულ ადგილს, რომ გულამოსკვნით არ აცრემლებულიყო. პ ი გ მ ა ლ ი ო ნ ი ძველი დროის მხატვარ–მოქანდაკეთა შორის პიგმალიონს მეტად საპატიო ადგილი ეჭირა. დიდებული მხატვრის სამშობლო კუნძულ კვიპროსის მკვიდრნი, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი ყველანი განცვიფრებაში მოდიოდნენ პიგმალიონის ნიჭითა და ხელოვნებით. მხატვარი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მაგრამ მისი ხელოვნური ნაწარმოებნი კიდით–კიდემდე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. ახალგაზრდა მხატვრის თითოეულ ნაწარმოებს ერთიორად ჰმატებდა ღირსებას შინაგანი და გარეგანი სილამაზის ხელოვნურად შეკავშირება. ყველგან და ყველაფერში დიდდებული მხატვარი საჭიროდ თვლიდა შინაგანი და გარეგანი სიმშვენიერის ჰარმონიულად შეზავება–შეკავშირებას. მხატვრის სწორედ ასეთი შეხედულებით აიხსნებოდა ის გარემოება, რომ ახალგაზრდა პიგმალიონს კიპროსის მკვიდრთა ქალიშვილებს შორის მეუღლეც კი ვერ მოეძებნა: სილამაზე–სიმშვენიერის თაყვანისმცემელს კიპროსის მოკვდავ ქალებს შორის ვერცერთი ლამაზად ვერ დაესახა. ერთხელ დიდებულმა მხატვარმა სპილოს თეთრი ძვლებისაგან გამოაქანდაკა ისეთი სილამაზით შემკული ახალგაზრდა ქალი, რომლის მსგავსი მთელს დედამიწის ზურგს არასოდეს, არასოდეს არ მოვლინებია. ძნელია კალმით ახალგაზრდა ქალის ქანდაკების სილამაზე–სიმშვენიერისა. თითოეული მნახველი, კაცი თუ ქალი, განცვიფრებით შეჰყურებდა ახალგაზრდა ქალის ქანდაკებას და ასე ეგონა, აი, საცაა ხმას ამოიღებს ეს უმშვენიერესი ქმნილება და თავისი ადგილიდან დაიძვრისო. თითოეული მნახველი უხმოდ, უსიტყვოდ იდგა ქანდაკების წინაშე და ერთ წუთსაც თვალს ვერ აშორებდა დიდებული ნაწარმოების დიად სიმშვენიერეს. ახალგაზრდა ქალის სურათი ისე ცხოველმყოფელი, ისე თვალისა და გულის წარმტაცი იყო, რომ სრულიად გავიწყდებოდათ, უსულო ქანდაკებას შეჰყურებდით, თუ სიცოცხლითა და სიმშვენიერით აღსავსე ახალგაზრდა ქალს. თვით დიდებული მხატვარიც კი აღტაცებაში მოდიოდა თავისი ნაწარმოების სიმშვენიერით და განსაზღვრულად ტკბებოდა დიადი სურათის ცქერით. პიგმალიონი მთელი დღე გარს უვლიდა ახალგაზრდა ქალის ქანდაკებას და დროგამოშვებით ეჭვიც კი ებადებოდა, ცოცხალი ქალის სურათის ხილვით ტკბებოდა, თუ სპილოს ძვლებიდან გამოქანდაკებული უსულო ქმნილებით. მხატვარი დიდის მოკრძალებით შეეხო ახალგაზრდა ქალის ქანდაკებას და ასე ეგონა, თითქოს სპილოს ძვლების მაგივრად ხორცშესხმულ, სიცოცხლით და ძალღონით სავსე ახალგაზრდა ქალს ხელის შეხებით ეხმატკბილებოდა. მხატვრის აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა. პიგმალიონს ასე ეჩვენებოდა, თითქო ახალგაზრდა ქალი კიდევაც ტკბებოდა და ნაზად ესაუბრებოდა. პიგმალიონმა, ნიშნად ღრმა პატივისცემისა, უხვად შეამკო ახალგაზრდა ქალის ქანდაკება სხვადასხვა სურნელოვანი ყვავილითა და თაიგულებით. ძვირფასი მდიდრული ტანსაცმელით შემოსა ახალგაზრდა მხატვარმა ქანდაკების სხეული, ხელების თითები ერთიანად მოუჭედა ძვირფასთვლებიანი ბეჭდებით და ლამაზად მოღერებული ყელი კი ასეთივე თვლებით მოჭედილი ფარღულით. კუნძულ კვიპროსის ქუჩებს სადღესასწაულო სახე მიეღო. ყველანი მორთულ–მოკაზმულიყვნენ და ქალღმერთ აფროდიტეს საკურთხევლისაკენ მიეშურებოდნენ მსხვერპლის შესაწირად. კვიპროსელები ამ დღეს ქალღმერთ აფროდიტეს სახელწოდების დღეს დღესასწაულობდნენ. სხვა მრავალ მლოცველს შორის აფროდიტეს საკურთხევლის წინაშე პიგმალიონიც წარსდგა და მოკრძალებით, მაგრამ გულმხურვალედ შესთხოვა ქალღმერთს: „მოწყალეო ქალღმერთო! თუ ყოვლად შემძლებელი ღმერთი ხარ, მოიღე მოწყალება და ჩემს მეუღლედ დასახე ის ახალგაზრდა ქალი...“ – დიდებულ მხატვარს უნდოდა ეთქვა ცოლად დამისახე ის ქალი, რომელიც სპილოს ძვლებიდან გამოვაქანდაკეო, მაგრამ ამის გამოთქმა ვერ გაბედა. ბოლოს, როგორც იქნა, თუმცა დიდის გაჭირვებით, პიგმალიონმა ასე დაამთავრა თავისი გულწრფელი ვედრება: „ჩემს მეუღლედ დასახე ჩემი ქანდაკებისავე მსგავსი ქალი“. ქალღმერთმა აფროდიტემ შეისმინა პიგმალიონის გულმხურვალე ვედრება და ნიშნად თავისი ღვთაებრივი მოწყალებისა სამჯერ ააღვივა ცეცხლი საკურთხეველზე. მსხვერპლის შეწირვის შემდეგ დიდებული მხატვარი შინ დაბრუნდა. პიგმალიონი თვალმოუშორებლივ შესცქეროდა თავის სათაყვანო ახალგაზრდა ქალის საუცხოო ქანდაკებას და უსაზღვრო აღტაცებაში მოდიოდა. მაგრამ დახეთ საკვირველებას! სპილოს ძვლებისაგან გამოქანდაკებულ დიდებულ სურათს სხოველმყოფელი სხეული შეუსხამს, ახალგაზრდა ქალი ტკბილად, საოცნებო ხმით მიესალმა მხატვარს და ლმობიერად ხელი გაუწოდა. პიგმალიონს ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ მის წინაშე ხორცშესხმული ახალგაზრდა ქალი იდგა, იგი კიდევ ეჭვის თვალით შეჰყურებდა, ეგების თვალი მატყუებს და ვცდებიო. მაგრამ დახეთ პიგმალიონის აღტაცებას, როცა იგი ნამდვილად დარწმუნდა, რომ სრულებითაც არა ცდებოდა. დიდებულმა მხტვარმა ლმობიერადვე და მეგობრულად გაუწვდინა თავისი მადლიანი ხელი ახალგაზრდა ქალს და გულმხურვალედ შესთხოვა სამუდამოდ დამეგობრებოდა, განუსაზღვრელი და გულწრფელი სიყვარულის ნიადაგზე საფლავის კარამდე მჭიდროდ შეკავშირებულიყვნენ. დიახ, ნათქვამია, სული სულს იცნობს და გული გულსაო, და მართლაც ასე მოხდა. პიგმალიონმა სულ მოკლე ხანში დიდებული, ბრეყინვალე ქორწილი გააჩაღა. მრავალ მოპატიჟებულ სტუმარს შორის ქალღმერთს აფროდიტეს უპირველესი ადგილი ეჭირა. ყველანი დიდის აღტაცებით, დიდის პატივისცემით შეჰყურებდნენ ახალგაზრდა ქალის ბედნიერებას, ყველანი გულწრფელად ულოცავდნენ ახალგაზრდა მხატვარს ასეთ სიმშვენიერესთან სულიერად დაკავშირებას. დიახ! მეტად დიდებული და ბრწყინვალე იყო ეს ქორწილი. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ყველანი შესტრფოდნენ და შეჰხაროდნენ ახალგაზრდა ქალის სიმშვენიერეს, რადგან ეს მშვენიერება, ეს კალმით აუწერელი სილამაზე დიდებული მხატვრის დიადი ნიჭის მადლიანი ნაწარმოები იყო.

პ ე რ ს ე ვ ი[edit]

არგიველთა მეფეს აკრისის ღმერთებმა უწინასწრმეტყველეს: შენ ქალს, დანაის, შეეძინება ვაჟიშვილი, რომელიც მშვილდ–ისრით სასიკვდილოდ დაგჭრისო. აკრისი ძლიერ შეაშინა ღმერთების ამ წინასწარმეტყველებამ. სიკვდილი რომ თავიდან აეცილებინა, მეფემ თავისი ღვიძლი ქალიშვილი, დანაი, საპყრობილეში ჩაამწყვდია. საბრალო დანაის საპყრობილეში შეეძინა შესანიშნავი ვაჟიშვილი, რომელსაც პერსევი დაარქვეს. მეფის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა. ღმერთების წინასწარმეტყველება რომ არ გამართლებულიყო, აკრისიმ გადაწყვიტა თავისი ქალისა და შვილიშვილის დაღუპვა. მეფის ბრაძანებით, დანაი და პერსევი დიდ ყუთში ჩაამწყვდიეს, მაგრად დაუჭედეს ამ ყუთს თავი და საბრალო დედა–შვილი ყუთში ჩაკეტილები ზღვის უფსკრულში შეაცურეს. დანაი და მისი საყვარელი ახლადშეძენილი შვილი დიდხანს დაცურავდნენ ზღვის აბობოქრებულ ტალღებში. ბოლოს, დიდი გაჭირვების შემდეგ, აზვირთებულმა ზღვის ტალღებმა მაგრად თავგადაჭედილი ყუთი სერიფის კუნძულის ნაპირებზე გარიყა. ზღვის ნაპირას გარიყული ყუთი შენიშნა სწორედ ამ დროს სათევზაოდ ჩამოსულმა სერიფის კუნძულის მეფის პოლიდექტის ძმამ დიქტოსმა, რომელმაც ყუთს დაუყოვნებლივ თავი ახადა და საბრალო დედა–შვილი ზღვის ნაპირას გადმოიყვანა. დიქტოსმა დედა–შვილი დაუყოვნებლივ მეფეს მიჰგვარა. პოლიდექტი დიდის აღტაცებით მიეგება ასეთ მოულოდნენლ საჩუქარს. დანაი და პერსევი მეფემ სასახლეში დააბინავა და მზრუნველობით შეუდგა მათ მოვლა–პატრონობას. მეფემ შვილივით შეიყვარა პერსევი და საფუძვლიანი სწავლა–განათლება მისცა. პერსევი დავაჟკაცდა, მთელ სახელმწიფოში უკეთესი ვაჟკაცი იშვიათად მოიძებნებოდა. პერსევი დიდის სიყვარულით ეპყრობოდა თავის აღმზრდელ მეფეს, მაგრამ ეს სიყვარული, სამწუხაროდ, ხანგრძლივი არ გამოდგა. მეფე პოლიდექტიმ განიზრახა დანაიზე ჯვარი დაეწერა. პერსევიმ მეფის ეს განზრახვა ითაკილა და ყოველგვარ ზომებს ხმარობდა ეს საქმე როგორმე ჩაეშალა. მეფემაც თავისი მხრით განიზრახა პერსევის თავიდან მოშორება და ამიტომ მას დაავალა მედუზას თავის მოკვეთა. პოლიდექტი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ პერსევი მედუზას თავის მოკვეთას ვერ შესძლებდა. ვინც კი მედუზას თავის მოსაკვეთად გაკადნიერდებოდა, სიკვდილს ვერ ასცდებოდა. მეფესაც სწორედ ამის იმედი ჰქონდა, როცა პერსევის ასეთ შეუძლებელ საქმეს ავალებდა. სფეინო, ევრიალა და მედუზა, ეს სამი საშიშარი გველეშაპი ქალები, დასავლეთით ცხოვრობდნენ, ჯოჯოხეთის სამეფოში. მეტად საშიში, გულის შემზარავი შეხედულება ჰქონდათ. ვინც კი თვალს მოჰკრავდა ამ საშინელი გველეშაპი ქალების პირისახეს, ყველანი მაშინვე ქვებად იქცეოდნენ და ამრიგად, სიცოცხლეს ესალმებოდნენ. გველეშაპ ქალებთან მიმავალ გზას იცავდა სამი მეტად საშიში მოხუცი ქალი, რომელთაც მხოლოდ თითო თვალი და თითო კბილი ჰქონდათ. პერსევი უშიშრად გაემგზავრა საშინელ გველეშაპ ქალებთან. ჭაბუკს საბოლოოდ გადაწყვეტილი ჰქონდა ან სიკვდილი, ან გამარჯვება. ძლევამოსილ გმირს ღმერთებიც ხელს უმართავდნენ ამ სამძიმო საქმის კეთილად დაგვირგვინებში. ჰერმესმა თავგაწირულ გმირს ალმასივით ბასრი ხმალი მიუძღვნა, ათენა–პალადამ – ბროლივით მოელვარე ფარი, წყლის ქალღმერთმა – ფრთებით შემკული საფეხურები, რომლის საშუალებით ჰაერზე სიარულიც კი შესაძლებელი იყო. ამრიგად მძიმედ შეიარაღებული პერსევი გველეშაპი ქალების სამფლობელოს მიუახლოვდა. იმ დროს, როცა პერსევი ჯოჯოხეთის სამეფოში მივიდა, საზიზღარ გველეშაპ ქალებს ეძინათ. ახალგაზრდა ძლევამოსილმა გმირმა ბასრი ხმლის ერთის მოქნევით დაუყოვნებლივ თავი მოჰკვეთა მედუზას და ქალღმერთებისაგან გამოტანებულ ტომარაში სასწრაფოდ გადისროლა. გველეშაპი ქალების პირისახე რომ არ დაენახა და ქვად არ გადაქცეულიყო, პერსევი მედუზის თავის მოკვეთის დროს ათენა პალადის მიერ ნაჩუქარ ფარს იშველიებდა. პერსევიმ ამის შემდეგ მოიმარჯვა ფეხებზე ფრთიანი საფეხურები და დაუყოვნებლივ უკანვე გამობრუნდა. როცა ძლევამოსილი გმირი ლიბიის უდაბნოს უახლოვდებოდა, გზაში მედუზას თავიდან სისხლის რამდენიმე წვეთი მიწაზე დაეცა. ამ დროს მთელ ლიბიაში ბლომად გაჩნდნენ შხამიანი გველები და გველეშაპები, რომლებიც ყოველ ფეხის გადადგმაზე საზიზღრად სისინებდნენდა მთელ ამ მხარეს შიშის ზარს ჰგვრიდნენ. საღამოს ჟამს ახალგაზრდა გმირმა მიაღწია მეფე ატლანტის სახელმწიფოს, საცა იგი ჰაერიდან დედამიწაზე ჩამოეშვა. მეფე ატლანტის სიმდიდრე მთელ სახელმწიფოში კიდით–კიდემდე განთქმული იყო. უთვალავი ჯოგი დაუდიოდა მეფეს მთელ სახელმწიფოში. ატლანტის მშვენიერად გაშენებული ბეღები თვალუწვდენელ სივრცეზე გადაჭიმულიყვნენ. განსაკუთრებით შესანიშნავი იყო ერთი ბაღი, რომელშიაც ხარობდა ოქროსტოტებიანი, ოქროსფოთლებიანი და ოქროსნაყოფიანი ვაშლის ხე. მეფე ატლანტს ძველად ჰქონდა გაგონილი, რომ ოდესმე ამ ბაღს ესტუმრება ღმერთების მამამთავრის ზევსის შვილი და ამ ოქროვაშლას ხიდან ოქროს ვაშლებს დაკრეფსო. მეფეს ძალიან ეშინოდა ამ წინასწარმეტყველებისა და ამიტომ მთელი ბაღი მაღალი და მიუვალი კედლებით შემოაზღუდვინა. ამ ბაღის უმთავრესი მოვლა–პატრონობა ჩაბარებული ჰქონდა უზარმაზარ გველეშაპს, რომელიც გარეშე პირს ოქროსვაშლებიან ხეს ახლოსაც არ აკარებდა. მეფე ატლანტმა როგორც კი გაიგო პერსევის მის სახელმწიფოში მოსვლა, გადაწყვიტა, სწორედ ახლა აღსრულდა ძველი თქმულებაო, და პერსევის გადაჭრით უარი უთხრა, ჩემ სამეფოში ბინას ვერ მოგცემ, ღამეს ვერ გაგათევინებო. საქმე ისე გამწვავდა, რომ მეფე ატლანტმა თავის სამეფოდან პერსევის გასაძევებლად ძალდატანებასაც კი მიმართა. პერსევმა დაუყოვნებლივ ამოიღო ტომრიდან მედუზის თავი და დაანახა მეფეს, რომელიც მყისვე გარდაიქცა უზარმაზარ ქვიან მთად. მეფის თავი მთის მწვერვალად გადაიქცა, მხრები და ხელები – მთაგრეხილებად, ხოლო წვერ–ულვაში და თმა – მიუვალ უღრან ტყეებად, ამ უზარმაზარი მთის უმაღლესი მწვერვალნი ცას ებჯინებიან. მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ატლანტის მთის თვალუწვდენ მწვერვალს თავს ბრწყინვალედ დაჰკაშკაშებს. ამიერიდან ეს უზარმაზარი მთა თავისი მთაგრეხილებით დასაყრდნობ საიმედო ბურჯად გამხდარა მნათობთა მთელი სამყაროსათვის. მეორე დღეს, დილაადრიან, პერსევიმ კვლავ განაგრძო ჰაერით მოგზაურობა. მშვენიერი ამინდი იდგა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ პერსევი მიფრინდა ეთიოპიაში, მეფე კეიფისის სახელმწიფოში. მეფე კეიფისის მეუღლემ კასიოპეამ ერთხელ, თურმე, დაიკვეხა: მე წყლის ყველა ქალღმერთზე ულამაზესი ვარო. კასიოპეას თავგასულობამ მეტად განარისხა წყლის ქალღმერთები და ამიტომ ისინი ყოველგვარ ღონისძიებას ხმარობდნენ, რომ მოკვდავთა ამაყი შვილი სასტიკად დაესაჯათ. ქალღმერთებმა პოსეიდონ ღმერთს შესჩივლეს თავისი მწუხარება. პოსეიდონმა კეიფისის სახელმწიფოს დასასჯელად მოუვლინა უზარმაზარი გველეშაპი, რომელიც დროგამოშვებით გამოდიოდა ზღვის ნაპირად და არ ინდობდა არც ადამიანს და არც ცხოველს. ხალხი მეტად შევიწროვდა. შიშის ზარი ტრიალებდა მთელს სახელმწიფოში. ხალხი რომ განსაცდელს გადარჩენოდა, ღმერთების სურვილით, კეიფისს თავისი პირმშო ქალიშვილი ანდრომედა გველეშაპისათვის მორიგ საჭმელად უნდა გაემეტებინა. ხალხმა, გაიგო თუ არა ღმერთების ასეთი სურვილი, დაუყოვნებლივ აიძულა მეფე და დედოფალი ეს სამძიმო მსხვერპლი შეეწირათ. საბრალო ანდრომედა ზღვის ნაპირას პიტალო კლდეზე მიაჯაჭვეს. როგორც კი დაინახა პერსევმა კლდეზე მიჯაჭვული ანდრომედა, დაუყოვნებლივ მიიჭრა ზღვის ნაპირას საბრალო ქალის ვინაობის გასაგებად. ანდრომედას კალმით აუწერელმა სილამაზემ პერსევი ერთბაშად მოხიბლა. საბრალო ქალი უზომოდ იცრემლებოდა და მთელი სხეულის ცახცახით ყოველ წუთს მოელოდა გაუმაძღარ გველეშაპს. პერსევმა გამოიკითხა ანდრომედას კლდეზე მიჯაჭვის მიზეზი და, როცა ყველაფერი დაწვრილებით გაიგო, გადაწყვიტა გველეშაპთან შებრძოლება და უდანაშაულო საბრალო ქალის განთავისუფლება. უეცრივ ზღვის ნაპირას გაისმა წყლის ზვირთების საზარელი შხუილი. ტალღები მთებივით იბურთებოდნენ. ზღვის ნაპირს ელვის სისწრაფით უახლოვდებოდა უხზარმაზარი, ტანში ჟრუანტელის მომგვრელი გველეშაპი. სახელმწიფოს მკვიდრნი მთლიანად შიშის ზარმა მოიცვა. საბრალო ანდრომედა ვერხვის ფოთოლივით თრთოდა. მწუხარებით ზარდაცემული მშობლები ფეხაკრეფით გაეშურნენ თავის პირმშო ქალთან, მაგრამ განა შველა შეეძლოთ! პერსევმა მოიმარჯვა ბასრი ხმალი და ისე მძლავრად დაჰკრა საზიზღარ ცხოველს მკერდში, რომ შავი სისიხლის შადრევნები ცაში აზიდულ მთების მწვერვალებს სწვდებოდა. გველეშაპმა ერთი საზარლად დაიგრგვინა და მთელი თავისი სიმძიმით ზღვაში ზღართანი მოიღო. ზღვა ერთბაშად შავი სუდარით დაიფარა. ერთი წამიც – და ეს ჯოჯოხეთის საზიზღარი ცხოველი სამუდამოდ ზღვის უფსკრულისკენ დაეშვა. აუწერელი იყო მთელი სახელმწიფოს მკვიდრთა განცვიფრება და აღტაცება, – ყველანი ჟივილ–ხივილით ულოცავდნენ ქვეყნისათვის თავდადებულ გმირს სასახელო გამარჯვებას. აუწერელი იყო განსაკუთრებით მეფე კეიფისისა და დედოფალ კასიოპეას სიხარული მათი პირმშო ქალიშვილის, მშვენიერი ანდრომედას, სიკვდილისაგან გადარჩენის გამო. პერსევმა მიულოცა კეიფისსა და კასიოპეას ქალიშვილის სიკვდილისაგან გადარჩენა და ამასთანავე მშვენიერ ანდრომედასთან შეუღლების სურვილი გაუმჟღავნა მშობლებს. მეფე–დედოფალი და მთელი სახელმწიფოს მკვიდრნი დიდის აღტაცებით მიეგებნენ პერსევის განზრახას და სულ მოკლე ხანში ბრწყინვალე ქორწილი გააჩაღეს. მეტი სიხარულისაგან ანდრომედა ტიროდა, იცინოდა და თვალთაგან ცრემლების გუბე ჩამოსდიოდა ბროლივით უმტვერო გულმკერდზე. საკრავის საამური ხმები სტუმრების ყურთასმენას ატკბობდა. სიმღერა, ცეკვა, თამაში და განუსაზღვრელი მხიარულება იყო საქორწილო დარბაზში. სტუმრები მხიარულად უსხდნენ მდიდრულად გამართულ სუფრას და ტკბებოდნენ პერსევისა და მშვენიერი ანდრომედას უსაზღვრო ბედნიერებით. უეცრივ საქორწილო დარბაზში ატყდა მეომრების საშინელი ხმაურობა: მეფის ძმა, ფენივი, რამდენიმე შეიარაღებული მეომრით შეიჭრა სასახლეში ანდრომედას მოსატაცებლად. ფენივსს დიდი ხანია უყვარდა ანდრომედა, კიდევაც გადაწყვეტილი ჰქონდა ცოლად შეერთო, და აი სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ასე ძალდატანებით შემოიჭრა სასახლეში მეფის მშვენიერი ასულის მოსატაცებლად. საქორწილოდ თავმოყრილი სტუმარ–მასპინძლები მეტად შეაშფოთა ფენივის სამარცხვინო საქციელმა. თავმომწონე პერსევმა ვერ მოითმინა თავისი მოწინააღმდეგის კადნიერება, მედგრად შეებრძოლა თავდამსხმელებს და მედუზას მოკვეთილი თავის საშუალებით ყველანი ქვებად აქცია. ამ გამარჯვების შემდეგ პერსევი ახლადჯვარდაწერილ მეუღლესთან ერთად სერიფის კუნძულისაკენ გაემგზავრა, საცა მეფე პოლიდექტი ქვად აქცია და თავისი საყვარელი დედა დანაი გაათავისუფლა. სერიფის კუნძულის მართვა–გამგებლობა პერსევიმ დიქტოს გადსცა და თვითონ სამშობლო არგოსში დაბრუნდა. აკრისი, როგორც კი თავისი შვილიშვილის სამშობლოში დაბრუნება გაიგო, დაუყოვნებლივ ტახტიდან გადადგა და სულ უცხო ქვეყანაში გადაიხვეწა. სამწუხაროდ აკრისს მაინც არ ასცდა ღმერთებისაგან ნაწინასწარმეტყველები. ერთხელ ლარისის ქალაქის მეფემ ბრწყინვალე ნადიმი გამართა ამ ნადიმზე პერსევიმ ისრით უცაბედად მოჰკლა აკრისი. როცა სახელოვანმა ძლევამოსილმა პერსევმა აკრისის ვინაობა შეიტყო, შესაფერისის პატივისცემით დაასაფლავა არგიველთა ყოფილი მეფე. არგიველთა სამეფო ტახტი პერსევმა ერთერთ თავის ნათესავს გადასცა, თვითონ კი ტარინოფეას სამეფოს მართვა–გამგეობას შეუდგა.

მ ე ხ ო მ ა ლ დ ე ე ბ ი[edit]

ტირენელი მეხომალდეები ახალგაზრდა აკოითის წინამძღოლობით კუნძულ დელოსს მიემგზავრებოდნენ. მთელი დღის განმავლობაში მოგზაურები მხიარილად, თანხმობით, სიამტკბილობით, გამალებით მიცურავდნენ ზღვის თვალუწვდენელ, სივრცეში. ყველანი ერთის აზრით, ერთის მისწრაფებით იყვნენ გამსჭვალულნი, ყველას ჰსურდა, რაც შეიძლებოდა მალე და მშვიდობიანად მისულიყო დანიშნულ ადგილას. საერთო სურვილის განხორციელებას ყველანი ხელს უწყობდნენ, და შორეული გზა დღითიდღე მოკლდებოდა, შორეული დელოსი დღითიდღე ახლოვდებოდა. ერთ საღამოს მეხომალდეები კუნძულ ხიოსის ნაპირზე დაბინავდნენ ღამის გასათევად. მეორე დღეს, ალიონმა რომ დაჰკრა, აკოითმა ბრძანება გასცა წყაროს წყალი მოეტანათ, ხოლო თვითონ მახლობელ ბექობზე ავიდა, რომ დანამდვილებით შეეტყო, საიდან ქროდა ქარი, ან როგორი ამინდი დაუდგებოდა იმ დღეს მოგზაურებს. თუ კარგი ამინდი იყო მოსალოდნელი, მოგზაურებს შეეძლოთ ხომალდი ზღვაში შეეცურებინათ და თავისი გზა განეგრძოთ. ბექობზე მდგომმა აკოითმა, როცა ზღვის ნაპირისაკენ მომავალი რამდენიმე კაცი დაინახა, ხმამაღლა შეუყვირა: ვინა ხართ ან საიდან მოდიხართო? – „ჩვენა ვართ, შენი თანამგზავრები!“ – შესძახა თავის წინამძღოლს ერთმა მეხომალდემ, რომელსაც მახლობელ მინდორში ახალგაზრდა კაცი დაეტყვევებინა და თან მოჰყავდა. ახალგაზრდა ტყვე ძლივსღა მოსდევდა მეხომალდეს, იგი წამდაუწუმ ბარბაცებდა, თითქო მთვრალია ან ეძინებაო. როგორც კი თვალი მოჰკრა მეხომალდეების წინამძღოლმა ახალგაზრდა ტყვეს, დაუყოვნებლივ მიუბრუნდა თავის თანამგზავრებს და დაბეჯითებით უთხრა: „ეს ყმაწვილი უბრალო მოკვდავი ვინმე არ გეგონოთ! მე ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ ამ ყმაწვილის სახით რომელიმე ღმერთთაგანი მოგვევლინა, ხოლო რომელი, ამის გამოცნობა არ შემიძლია“. ამ სიტყვებთან ერთად აკოითი მიუახლოვდა ახალგაზრდა ყმაწვილს და მორიდებით უთხრა: „ვინც არ უნდა ბრძანდებოდეთ, გთხოვთ მოწყალე თვალით შემოგვხედოთ და მოგზაურობის დროს დახმარება აღმოგვიჩინოთ! ამასთანავე გთხოვთ აპატიოთ თქვენს დამტყვევებელთ დანაშაული!“ – ჩვენს მაგივრად სათხოვნელად ნუ სწუხდებით! – გაბრაზებით შეჰყვირეს მეხომალდეებმა. – „მე ნებას არ მოგცემთ ეს ღვთის კაცი ხომალდზე შემოიყვანოთ და თქვენი ბოროტი განზრახვა განახორციელოთ. თქვენი სურვილი აშკარაა. თქვენ გინდათ ტყვე წამოიყვანოთ და სადმე შორეულ კუნძულზე გაჰყიდოთ! მაგრამ, კარგად გახსოვდეთ, ასეთი უსამართლობისათვის ღმერთები დაგსჯიან, გზაში რამე უბედურებას მოგივლენენ!“ მეხომალდეებმა იწყინეს აკოითის ამგვარი მუქარა და ერთბაშად ატეხეს საშინელი განგაში და ხმაურობა. გაბრაზებული მეხომალდეები წინ აღუდგენ აკოითის განკარგულებას და ძალმომრეობით შეიყვანეს ტყვე ხომალდზე. – რა ამბავია, რა ხმაურობაა, ვინ მომიყვანა აქ, ან საით მიგყავართ? – იკითხა ბოლოს ვითომ გონზე მოსულმა ახალგაზრდა ტყვემ. – ნუ გეშინია, – უპასუხა ერთმა მეხომალდემ: შენ მხოლოდ გვითხარი, რომელ ნავსადგურში გწადია ჩამოხტე, და ჩვენც იქ გადმოგსვამთ ზღვის ნაპირას. – ჩემი სამშობლო კუნძული ნაქსოსია, – უპასუხა ყმაწვილმა, – და სწორედ რომ სამშობლოში მსურს დავბრუნდე. მეხომალდეები უსირცხვილოდ ეფიცებოდნენ ახალგაზრდა ყმაწვილს, სურვილს უთუოდ შეგისრულებთო. ნაქსოსი მარჯვნით მდებარეობდა. მეხომალდეებმა სწრაფად ააფრიალეს იალქანები. აკოითი ცდილობდა კუნძულ ნაქსოსისაკენ მოემართა იალქანი, მაგრამ გაბრაზებული მეხომალდეები ნებას არ აძლევდნენ და სულ სხვა ადგილისაკენ მიაქროლებდნენ ახალგაზრდა ტყვეს. ღმერთი ბახუსი, რომელსაც ახალგაზრდა ყმაწვილის სახე მიეღო, ვითომ ახლა მიხვდა მეხომალდეების სიცრუეს და განზრახ ტირილით შესჩიოდა: „ეს ის ქვეყანა როდია, საცა მე უნდა წაგეყვანეთ! რა დაგიშავეთ ასეთი! თქვენ რა შეგემატებათ, მე რომ დავიღუპო, ჩემ საყვარელ სამშობლოს სამუდამოდ მოვსწყდე! გევედრებით, ნუ დააობლებთ ჩემ მშობლებს და ნურც მე მასმევთ სიმწარის სამსალას სამშობლოს უნახაობით! ჩემზე ძალადობის გამოჩენა აბა რა გმირობაა! მე ერთი ვარ და თქვენ კი აი რამდენი!“ მეხომალდეებმა სიცილით ქოქოლა დააყარეს საცოდავ თვალცრემლიან ახალგაზრდა ტყვეს, ხოფები უფრო მარდად მოუსვეს და ხომალდს ელვის სისწრაფით მიაცურებდნენ ზღვის ტალღებში. ელვასავით სწრაფი ხომალდი უეცრივ შედგა და ერთსა და იმავე ადგილიდან არ იძროდა. მეხომალდეებმა უფრო მარჯედ მოიმართეს იალქნები და უფრო მძლავრად მოუსვეს ხოფები, მაგრამ ხომალდი ოდნავაც წინ ვერ წასწიეს. ყველანი შიშის ზარმა აიტანა. მეხომალდეებს შიში ერთიანად გაუორკეცდათ, როცა დატყვევებული ყმაწვილის თავზე დაინახეს ვაზის ფოთლების გვირგვინი. მთელი ხომალდი ვაზის ფოთლებით შეიმოსა. ბახუსმა მრისხანედ დაჰკრა კვერთხი ხომალდზე. უეცრივ მთელი ხომალდი ტყის ნადირებით გაივსო. მეხომალდეები შიშისაგან ერთი–მეორეს აწყდებოდნენ და არ იცოდნენ სად დამალულიყვნენ. მაგრამ დახეთ საკვირველებას! მეხომალდეებს მთელი სხეული და პირისახე ეცვლებათ. საბრალონი ერთი–მეორეს გაკვირვებით შეჰყურებენ და სრულებით ერთმანეთს ვერ სცნობენ. მეხომალდეები ზღვის ღორებად გადაიქცნენ და დაუყოვნებლივ ზღვის სიღრმეში გადაეშვნენ. აკოითი შიშისაგან ცახცახებდა და ყოველ წუთს ამხანაგების ბედს მოელოდა. მაგრამ ამ დროს აკოითს ბახუსის სასიხარულო ხმა შემოესმა: „აკოით, ნუ გეშინია, კუნძულ ნაქსოსისაკენ მოატრიალე ხომალდი! მარადის და ყველგან გახსოვდეს, კეთილო წინამძღოლო, რომ სიმართლე და სისწორე კაცს არასოდეს არ დაჰკარგავს!“ ერთის ხოფის მოსმით ხომალდმა მართლაც შეცურა ზღვის ტალღებში და სულ მცირე ხნის განმავლობაში კუნძულ ნაქსოსის ნაპირებს უვნებლად მიადგა. აკოითმა კუნძულ ნაქსოსზე ღმერთებს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა გადარჩენისათვის. ბახუსის საგულისხმიერო სიტყვები – ” სიმართლე და სისწორე კაცს არასოდეს არ დაჰკარგავსო“, აკოითმა გულის ფიცარზე დაიწერა და თავის მომავალს მუდამ ამ ცნების მიხედვით აწესრიგებდა.

კ ე ფ ა ლ ე დ ა პ რ ო კ რ ი დ ე[edit]

ათენის მეფის ერეხფეას ქალი პროკრიდე მთელს სახელმწიფოში სახელგანთქმული იყო თავის სილამაზითა და სათნოებით. მთელი სახელმწიფოს მკვიდრნი, ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, ყველანი დიდის აღტაცებით შესტრფოდნენ მეფის ასულის კალმით აუწერელს სილამაზეს. სახელმწიფოს წარჩინებულნი პირნი, მრავალი სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრენი ერთი–მეორეს ეცილებოდნენ მეფის ასულის გულის მოგებას, მაგრამ ყოველივე ცდა ამ მხრით უნაყოფოდ რჩებოდათ. პროკრიდეს მთელი აზრი და გონება სულ სხვას ეკუთვნოდა. მეფის ასულს უყვარდა ღმერთის ჰერმესის ვაჟიშვილი კეფალე. პროკრიდე კეფალეს ეკუთვნოდა, კეფალე კი პროკრიდეს. განუსაზღვრელი იყო ქალ–ვაჟის მეგობრობა და სიყვარული. ახალგაზრდებმა შეუღლება გადაწყვიტეს და ეს გადაწყვეტილება მშობლებს გაუზიარეს. მშობლები დიდი აღტაცებით მიეგებნენ ახალგაზრდების სურვილს და დაქორწინების ნებაც დართეს. პროკრიდე და კეფალე მთელს დედამიწის ზურგზე უბედნიერეს მეგობრად, უბედნიერეს ცოლ–ქმარად თვლიდნენ თავის თავს. განუსაზღვრელი სიყვარული და ერთი–მეორეს გულწრფელი პატივისცემა აკავშირებდა ახალდდაქორწინებულთ. პროკრიდესა და კეფალეს ბედნიერებას მრავალი შენატროდა. ახალგაზრდათა ურთიერთგანწყობილება მრავალთათვის სამაგალითო და საგულისხმიერო იყო. სამწუხაროდ, ახალგაზრდების ბედნიერება ხანგრძლივი არ გამოდგა. ერთხელ კეფალე, დილით ადრე, გიმეტის მთის აყვავებულს მწვერვალზე ირმებზე ნადირობდა. დაბურულსა და მიუვალს ტყეში ახალგაზრდა მონადირეს შეხვდა ქალღმერთი ეოა. მონადირის სილამაზემ ერთიანად მოხიბლა ქალღმერთი. სილამაზით სახელგანთქმულმა ქალღმერთმა მიიპატიჟა კეფალე თავის ფაიფურის სასახლეში. ეოამ გაუზიარა ახალგაზრდა მონადირეს თავისი გულისნადები სიყვარულისა და მეგობრობის შესახებ. კეფალემ გადაჭრით უარი განუცხადა ახალგაზრდა ქალღმერთს: მე არავის სიყვარული და მეგობრობა არ შემიძლია, რადგან ჩემი გული, ჩემი მთელი არსება მთლიანად პროკრიდეს ეკუთვნისო. ქალღმერთი ეოა სრულიად არ მოელოდა კეფალესაგან ასეთ კანდიერებას. იგი სიბრაზისაგან ცოფებს ყრიდა, თავზე თმებს იგლეჯდა და პირისახეს საზარლად იკაწრავდა. – „გასწი, კეფალე, შენს პროკრიდესთან, მხოლოდ გახსოვდეს, ჩემი შეურაცხყოფა ძვირად დაგიჯდება! დრო მოვა და ინანებ! ამ სიტყებით გამოისტუმრა შეურაცხყოფილმა ქალღმერღმა კეფალე შინ. დიდად შეურაცხოფილი ეოა გეგმებს აწყობდა, რომ სამაგიერო გადაეხადა კეფალესათვის. გაბოროტებულმა ქალღმერთმა შინისაკენ მიმავალ კეფალეს ეჭვები აღუძრა პროკრიდეს გულწრფელი ერთგულების შესახებ. კეფალემ გზაში უცნობის სახე მიიღო და ისე დაბრუნდა თავის სახლში მეუღლესთან. პროკრიდემ სრულიად ვერ შეიცნო შინ დაბრუნებული საყვარელი მეუღლე. უცნობმა გულწრფელი სიყვარული და მეგობრობა გამოუცხადა პროკრიდეს და თანაც მასთან კანონიერი შეუღლების სურვილი გამოთქმა. პროკრიდემ გულწყრომით უარყო უცნობის წინადადება. „არა და არა“ – გადაჭრით უპასუხა პროკრიდემ. – „ მე არასოდეს არ გავთხოვდები! ჩემი სიყრმითვე საყვარელი მეგობარი კეფალეა! მე სამუდამოდ მას ვეკუთვნი! სანამ გონება შემრჩენია, სანამ კიდევ პირში სული მიდგა, კეფალეს სახელის ხსოვნას ვენაცვალები, სადაც კი უნდა იყოს ეს ჩემი სათაყვანო მეგობარი! მე ყველგან და მარადის მისი ერთგული მეგობარი დავრჩები!“ პროკრიდეს სიყვარულით აღსავსე გული სწორედ იმას გრძნობდა, რასაც მისი ბაგები სიტყვიერად ასე გულწრფელად აღიარებდნენ. უცნობი სტუმრისათვის სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო პროკრიდეს გულწრფელი აღსარება, მაგრამ ქალღმერთის ეოას შთაგონებით კეფალე ამ გულწრფელი აღსარებით როდი დაკმაყოფილდა. უცნობი თავდავიწყებით ეფიცებოდა პროკრიდეს განუსაზღვრელ სიყვარულსა და მეგობრობას, დარწმუნებით უმტკიცებდა, კეფალე დიდიხანია მკვდარიაო. პროკრიდეს, არა სწამდა უცნობის სიტყვები კეფალეს სიკვდილის შესახებ, თუმცაღა ასეთი რწმუნების შემდეგ, ცოტათი არ იყოს, ეჭვი შეეპარა. როცა უცნობმა სტუმარმა შენიშნა პროკრედეს ასეთი დაეჭვიანება, მრისხანედ შეჰყვირა: „საზიზღარო! ვხედავ, კარგად ვხედავ შენს ერთგულებას! მე უცნობი სტუმარი კი არა ვარ, მე შენი მეუღლე კეფალე ვარ, შენი გულგრილობისა და უერთგულობის პირისპირი მოწმე!“ კეფალეს ასეთმა უსამართლო და უმართებულო საქციელმა საშინლად შეაწუხა უდანაშაულო პროკრიდე. ის დიდად შეურაცხყოფილად თვლიდა თავისთავს. სინდისი მეტად ჰქეჯნიდა მგრძნობიარე ახალგაზრდა, ძალღონით სავსე ქალს, მან სამარცხვინოდ მიიჩნია ამის შემდეგ კეფალეს ოჯახში დარჩენა. შეურაცხყოფილი პროკრიდე კრიტის კუნძულზე გადასახლდა, სადაც იგი სევდის გასაქარვებლად არტემიდე ქალღმერთთან ერთად კრიტის მაღალი და მიუვალი მთების კალთებზე თითქმის ყოველდღე დადიოდა სანადიროდ. პროკრიდეს მგრძნობიარე გულში კეფალეს სიყვარული და მეგობრობა კიდევ ღრმად იყო დამარხული, უფრო და უფრო და დღითიდღე ეს სიყვარული და მეგობრობა უმტკიცდებოდა და უძლიერდებოდა. ქალღმერთმა არტემიდემ თავის საყვარელ მეგობარ ქალს პროკრიდეს აჩუქა ქარივით მალი და სწრაფი მწევარი და საუცხოო სანადირო მშვილდ–ისარი, რომელიც არასოდეს მიზანს არ ასცდებოდა და ყოველი გასროლის შემდეგ მსროლელს თავისთავად უკანვე ხელში უბრუნდებოდა. ერთხელ პროკრიდე თავისი საკვირველი მშვილდ–ისრით და ფეხმალი მწევრით კრიტის მთების კალთებზე ნადირობდა. მახლობლად იქვე უღრან ტყეში კეფალეც სანადიროდ გამოსულიყო. პროკრიდემ უცნობის სახე მიიღო და კეფალესთან ფეხაკრეფით მივიდა. ფეხმალმა მწევარმა და საკვირველმა მშვილდ–ისარმა გააოცა ნადირობის მოტრფიალე კეფალე. ახალგაზრდა მონადირე მზად იყო დიდი სასყიდელი გაეღო, ოღონც კი ეს საკვირველი მშვილდ–ისარი და ფეხმარდი მწევარი მისთვის დაეთმოთ. პროკრიდემ თანხმობა გფმოუცხადა კეფალეს, მშვილდ–ისარს და მწევარს დაგითმობ,თუ ჩემი მეუღლე გახდებიო. კეფალე დიდი სიამოვნებით დასთანხმდა პროკრიდეს მიერ წამოყენებულ პირობაზე. პროკრიდემ ახლა კი შეუმჩნევლად მოიხსნა პირბადე და თავისი ნამდვილი პირისახით კეფალეს წინაშე წარდგა. პროკრიდეს დანახვაზე კეფალე უნებლიედ შეკრთა, მაგრამ იმავე წამს ლმობიერად ხელი გაუწვდინა თავის ერთგულ საყვარელ მეგობარს – პროკრიდეს. ამ მოულოდნელი შემთხვევის შემდეგ ახალგაზრდა ცოლ–ქმარი კეფალე და პროკრიდე, დიდხანს და დიდხანს ბედნიერად და უდარდელად ცხოვრობდნენ, მით უფრო, რომ არცერთ მათგანს ახლა ნება არ ჰქონდა მეორისათვის რაიმე ესაყვედურა. კეფალე დიდად აღტაცებული იყო, რომ ასეთი საუცხოო მშვილდ–ისარი და ასეთი იშვიათი მწევარი საჩუქრად მიიღო. ახალგაზრდა მონადირეს ყველანი ეპატიჟებოდნენ სანადიროდ. ერთხელ ბეოტიის მხარეს განრისხებულმა ღმერთმა დიონისემ მოუვლინა საზიზღარი მელია, რომელიც ყველაფერს ანადგურებდა და ადგილობრივ მკვიდრთ დიდ ზარალს აყენებდა. ბეოტიის სახელგანთქმული მონადირეები გარს ერტყმოდნენ ბეოტიის თვალუწვდენელ მინდვრებს, რომლებზედაც არხეინად ნავარდობდა ფეხმალი მელია, მაგრამ დაჭერას – კი ვერასგზით ვერ ახერხებდნენ. ფეხმალი მელია ელვის სისწრაფით დაქროლავდა ფართოდ გადაშლილ მინდორზე დაგებულ ხაფანგებზე და მარდად გაურბოდა დაგეშილ გააფრთებულ ძაღლებს. ბეოტიელებმა მელაზე სანადიროდ კეფალე მიიწვიეს და დახმარება სთხოვეს გააფრთებული საზიზღარი ნადირის დასაჭერად. კეფალეს ფეხმარდი მწევარი ჯარასავით ტრიალებდა ფეხების ფრჩხილებზე და მოუთმენლად მოელოდა იმ დროს, როცა მას მიუსევდნენ ბეოტიის გამანადგურებელ მელას. დადგა ეს სანატრელი წამიც. კეფალემ შეურჩია მოხერხებული დრო და ფეხმარდი მწევრის საყელოს ხელი ერთბაშად შეუშვა. მწევარი ელვის სისწრაფით დაედევნა ფეხმალ და გაიძვერა ნადირს. მონადირეები სულგანაბულნი შესცქეროდნენ მწევრის სიმარდეს და მელიის თავგანწირულ სულისკვეთებას. კეფალე მთის მწვერვალიდან გულაძგერებული ჩამოჰყურებდა თავის ფეხმალ მწევარს, რომელიც, აი ესაა მელიას უნდა მისწევნოდა და კუდში მაგრად ჩაეჭირა ბასრი კბილები. მაგრამ როცა მწევარი მელიას პირის სატაცებლად მოიმარჯვებდა, ეს გაიძვერა ნადირი ეშმაკურად დაუსხლტებოდა და ყოველთვის თავს აღწევდა განსაცდელს. მელიასა და მწევარს მარტოოდენ ერთი მტკაველი მიწა აშორიშორებდა. გაიძვერა მელიის დაჭერა შეუძლებელი შეიქნა. ამ გაჭირვებულ მდგომარეობაში კეფალემ უკანასკნელ საიმედო საშუალებას მიმართა: მონადირემ მოიმარჯვა თავისი საკვირველი თვისების მშვილდ–ისარი და მელიას დაუმიზნა, მაგრამ საზიზღარი და ვერაგი მელია უეცრივ გაუჩინარდა. როცა სახელგანთქმულმა მონადირემ თვალუწვდენელ ველს კვლავ თვალი გადაავლო მშვილდ–ისრის დასამიზნებლად, დახეთ საკვირველებას, კეფალეს თვალწინ სანადირო ველის შუაგულზე ორი თოვლივით უმტვერო მარმალილოს ქანდაკება აღიმართა, ერთი იყო გაიძვერა და ვერაგი მელიის ქანდაკება, ხოლო მეორე კი კეფალეს ფეხმარდი მწევრისა, რომელიც მელიის ქანდაკებიდან ერთი მტკაველის სიშორეზე იყო ამართული. ნადირობით სახელგანთქმულმა კეფალემ კარგად გაითვალისწინა ამ ორი მარმარილოს ქანდაკების მნიშვნელობა. განრისხებულ ღმერთს – დიონისეს, უეჭველია, არა ჰსურდა რომელიმე მოპირდაპირე მხარეს საბოლოო გამარჯვება დარჩენოდა. პროკრიდე და კეფალე ამის შემდეგ დიდხანს და დიდხანს ბედნიერად და თანხმობით ცხოვრობდნენ. თვით ღმერთებსაც კი სწამდათ, რომ პროკრიდესა და კეფალეს ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარდათ, ერთმანეთს დიდისა და დიდის პატივისცემით ეპყრობოდნენ, მათი საერთო გზა ია–ვარდებით იყო მოფენილი. კეფალე მუდამდღე მაღალი მთების მწვერვალზე დადიოდა სანადიროდ თავისი საუცხოო მშვილდ–ისრით და თავისი ფეხმალი მწევრის თანხლებით. სიცხისა და ნადირობისაგან მოღლილი და მოქანცული ახალგაზრდა მონადირე შუადღისას ყოველთვის მაღალტოტებიანი ხის ჩრდილში ისვენებდა. სიცხისაგან გარინდებული კეფალე დასვენების დროს ხშირად ხმამაღლა გაიძახოდა: „ავრა, ჩემო სიხარულო, ჩემო ნუგეშის მომცემო, შენა ხარ ჩემი მაცოცხლებელი ძალა! მარტოოდენ მხოლოდ შენით ვცოცხლობ ამ დაბურულ ტყეში! მოდი, მოდი, ჩემი ჭმუნვისა და დარდის გამქარვებელო! გამკურნებელ მალამოდ დაედე ჩემს სიცხისაგან დაოსებულ გულს! მოდი, მოდი, მოუთმენლად მოგელი!“ ვიღაც ბოროტგამზრახველმა შემთხვევით ყური მოჰკრა კეფალეს ამ სიტყვებს და გადაწყვიტა: „ავრა“, რომელსაც კეფალე ასე ხშირად გულმოდგინედ ეპატიჟება და თავისკენ იწვევს, რომელიმე ქალღმერთიაო. ბოროტგამზრახველი დაუყოვნებლივ პროკრიდესთან მივიდა და ყველაფერი დაწვრილებით უამბო. პროკრიდეს ღრმად სწამდა კეფალეს ერთგულება, მისი გულწრფელი სიყვარული, მაგრამ ბოროტგამზრახველის სიტყვები მაინც შეურაცხყოფად მიიჩნია. ცილს სწამებენ ჩემს ერთგულ მეგობარს, – გაიფიქრა პროკრიდემ, – და ამიტომ თვითონვე პირისპირ უნდა შევამოწმო ასეთი ცილისწამების უსაფუძვლობაო. მეორე დილით, სანამ დიდებული მზე თავის ცხოველმყოფელ სხივებს დედამიწას უხვად მოჰფენდა, კეფალე უკვე მთის მაღალ კალთებზე ჩვეულებრივ ნადირობდა. მშვენიერი დილა იყო. ჩიტების ჟრიამული დაბურული ტყით დაფენილ მაღალ მთაგრეხილებს ფიანდაზად ეფინებოდა. მზე თანდათან თავისი სხივების სიმძლავრეს იჩენდა. შუადღეც მოახლოვდა. კეფალემ შეწყვიტა ნადირობა და მაღალტოტებიანი ხის ჩრდილში წამოწვა მოსასვენებლად. ახალგაზრდა მონადირემ ჩვეულებრივად შესძახა თავის გამამხნევებელ და გამოცოცხლებულ ავრას: „მოდი, ჩემო ნუგეშო, ჩემო სიხარულო!“ სწორედ ამ დროს მახლობელ ბუჩქნარში უეცრივ რაღაცამ გაიხმაურა. კეფალემ გაიფიქრა, ბუჩქნარში უთუოდ ნადირი იმალებაო, და თავისი საკვირველი მშვილ–ისარი ბუჩქნარისაკენ მძლავრად სტყორცნა. „ვაიმე!“ – ერთი საშინლად შეჰყვირა პროკრიდემ: საცოდავს მშვილდ–ისარი შიგ გულში მოხვედროდა. კეფალემ უმალვე იცნო თავისი ერთგული მეგობრის ხმა და ელვის სისწრაფით ბუჩქნართან მიიჭრა. ცოცხალ–მკვდარი პროკრიდე ოდნავ–ღა სუნთქავდა. მკერდიდან საბრალოს სისხლის შადრევანი გადმოსჩქეფდა. საცოდავი სანახავი იყო ამ დროს გონებადაკარგული კეფალე. საბრალო მონადირემ დაუყოვნებლივ შეუხვია თავის ერთგულ მეგობარს ჭრილობები. კეფალე ბავშვივით დაჰქვითინებდა თავის მომაკვდავ პროკრიდეს, სთხოვდა, ემუდარებოდა: გონს მოდი, ერთი კიდევ ლმობიერად გადმომხედე, მაგრამ საბრალო კეფალეს ხვეწნა–მუდარა არას შველოდა. საცოდავი პროკრიდეს უკანასკნელი წუთები თანდათან ახლოვდებოდა. პროკრიდეც კარგად გრძნობდა საყვარელ მეგობართან განშორების ჟამს. გონებამიხდილს, მწვავე ჭრილობებისაგან დასუსტებულს თვალთაგან მარგალიტის ცრემლები გადმოსჩქეფდა. მოახლოვდა თავზარდამცემი უკანასკნელი წუთიც. პროკრიდემ მისუსტებული, ცრემლიანი თვალები თავის საყვერელ მეგობარს შეაშტერა. მძიმედ, მხოლოდ მუდარებისა და ხვეწნის კილოთი, საბრალომ საცოდავი ხმით უკანასკნელად ამოიკვნესა: „კეფალე, ჩემო კარგო, ჩემო საიქიოსაც გამამხნევებელო, ძვირფასო მარგალიტო! გთხოვ, უკანასკნელად გემუდარები, ჩემთვის კიდევ ძვირფას და მუდამ საყვარელ შენ გულს ავრას ნუ გადუშლი, ჩემს მოვლილს და ნაპატრონევს კარმიდამოს ნუ დაუსაკუთრებ! გევედრები, გევედრები, ჩემო ძვირფასო მეგობარო, უკანასკნელად გევედრები!“ კეფალე მხოლოდ ამ სიტყვების შემდეგ მიხვდა, თუ რა სამწუხარო შეცდომის მსხვერპლი გახდა მისი ერთგული და საყვარელი მეგობარი პროკრიდე. კეფალემ დაუყოვნებლივ აუხსნა მომაკვდავ პროკრიდეს: „ავრა“ გულის გამაგრილებელი ნიავია, რომელიც სიცხისაგან დაღლილს ძალასა და მხნეობას ჰმატებსო. ამიტომ, როცა პაპანაქებაში დაღლილი და დაქანცული ნადირობის შემდეგ ჩრდილში წამოვწვებოდი ხოლმე, ყოველთვის ავრას გულმოდგინედ ვიხმობდი და განკურნებას დაღლილობისაგან მუდმივ შევსთხოვდი. კეფალეს მიერ გულწრფელად ნათქვამმა სიტყვებმა პროკრიდეს მწვავე ჭრილობები ერთბაშად დაუამა. საბრალომ ერთჯერ კიდევ გადახედა და სამუდამოდ, მხოლოდ მშვიდად კი, დახუჭა სისუსტისაგან მილულული ცრემლიანი თვალები. საბრალო კეფალე გულზე ხელებდაჭდობილი დასცქეროდა პროკრიდეს გაცივებულ გვამს და საზარლად ქვითინებდა. გულსაკლავი იყო ეს ქვითინი. ყველას მწუხარებას ჰგვრიდა საცოდავი კეფალეს უბედურება. ტყის ნადირებსაც კი გული ეჩუყებოდათ და ცხარე ცრემლებს აფრქვევდნენ. ჩიტები ჟივილ–ხივილით თავს დასტრიალებდნენ სამწუხარო ადგილს და მდუღარე ცრემლებს აფრქვევდნენ პროკრიდეს გაცივებულ პირისახეს. კეფალე ისევ ხელებდაჭდობილი დასცქეროდა თავის გულითად მეგობარს და გულამოსკვნით ქვითინებდა. კეფალეს გულსაკლავი ქვითინის ხმა შორეული მთის მწვერვალებსაც კი სწვდებოდა და სევდიანი სამოსლით ბურავდა. მთელი სულიერი და უსულო ბუნება ცრემლის ღვარებად იწურებოდა და მთელ იმ მიდამოს, საცა საცოდავმა პროკრიდემ სამუდამოდ დახუჭა თვალები და საბრალო კეფალე ასე უცეცხლოდ იწვოდა, მწუხარების შავ სუდარას აფარებდა. ტ ა ნ ტ ა ლ ო ს ი ღმერთების მამამთავრის ზევსის შვილი, ლიდიის მეფე ტანტალოსი თავისი ძლევამოსილებით მთელ სახელმწიფოში დიდად სახელგანთქმული იყო. ოლიმპოს მბრძანებელი ღმერთები დიდის პატივისცემით ეპყრობოდნენ მეფე ტანტალოსს. ახალგაზრდა ტანტალოსი, თავისი ღვთაებრივი მამის დახმარებით, ხალხმა ლიდიის მეფედ აირჩია. მეფის საუცხოო სასახლეს, მის უთვალავ სიმდიდრეს და ძვირფას განძეულს მთელი ლიდია და მახლობელი სახელმწიფოები განცვიფრებაში მოჰყავდა. ლიდიის მკვიდრნი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი დიდად აფასებდნენ მეფის მამობრივ განწყობილებას და გულკეთილობას, ყველანი გულწრფელი სიყვარულით იხსენიებდნენ თვის გულუხვ და შემბრალე მეფეს. ოლიმპოს ღმერთები ისეთი პატივისცემითა და ნდობით ეპყრობოდნენ ლიდიის ამ სახელოვან მეფეს, რომ ხშირად ღმერთების თათბირზედაც კი იწვევდნენ და საქვეყნო საქმეების გარჩევის დროს ტანტალოსის აზრსა და რჩევას დიდ ანგარიშს უწევდნენ. ტანტალოსი ფართოდ სარგებლობდა ღმერთების ამ კეთილმეგობრული განწყობილებით და ამიტომ ხშირად ღმერთებთან ერთად ატარებდა დროს, მათთან ერთად სადილობდა და ისმენდა და გებულობდა ოლიმპოს მბრძანებელთა საიდუმლოებას. ტანტალოსი მთელ დედამიწის ზურგზე მოკვდავთა შორის უბედნიერესი მეფე იქნებოდა, რომ ამ ზეციერი და მიწიერი ბედნიერებით დაკმაყოფილებულიყო. სამწუხაროდ, ტანტალოსმა ღირსეულად ვერ დააფასა ხალხისა და ღმერთების სიყვერული და პატივისცემა და სულ მოკლე ხანში თავისი უმსგავსი მოქმედებით, თავისი გადამეტებული პატივმოყვარეობით, რაიცა მას უკანასკნელ ხანებში დასჩემდა, სრულიად დაკარგა თავისი წარჩინებული და ბედნიერი ცხოვრება როგორც ოლომპოს მბრძანებელ ღმერთებს შორის, ისე ლიდიის მკვიდრთა შორისაც. პატივმოყვარეობით გატაცებული ტანტალოსი ისე გაკადნიერდა, რომ ღმერთებს სუფრიდან ღვთაებრივ ნექტარსა და ამბროსიას ჰპარავდა და თავისი მოკვდავი მეგობრებისათვის მიჰქონდა, ხშირად ღმერთების საიდუმლოებას ხალხს უმჟღავნებდა და ამრიგად ყოვლად შემძლებელი ღმერთების მხრით წინანდელ პატივისცემას და სიყვერულს თანდათანობით კარგავდა. კუნძულ კრეტაზე ზევსის ტაძრიდან მილეტელმა პინდარეოსმა ბაჯაღლო ოქროსაგან გაჭედილი ძაღლი მოიპარა და შესანახად თავის მეგობარ ტანტალოსს მიაბარა. ტაძრის ქურუმმა, როცა ეს ამბავი შეიტყო, დაუყოვნებლივ მოსთხოვა ტანტალოსს ოქროს ძაღლის დაბრუნება, მაგრამ კადნიერმა მეფემ ქურუმის ასეთი მოთხოვნა იუკადრისა და ყოვლად შემძლებელი ზევსის ტაძრის მსახურს გადაჭრით, უსირცხვილოდ უარი განუცხადა, პინდარეოსს შესანახავად ჩემთვის არაფერი არ მოუბარებიაო. ერთხელ მეფე ტანტალოსმა ბრწყინვალე ნადიმი გამართა რომელზედაც ოლიმპოს მბრძანებელი ღმერთებიც მოიწვია. ტანტალოსმა მოისურვა ამ ნადიმზე ყველაფრის მცოდნე ღმერთები გამოეცადა, ამიტომ მზარეულებს დააკვლევინა თავისი შვილი პელოპი და ღმერთებს ერთერთ კერძად მისთავაზა, აბა თუ გამოიცნობენო. ყოვლის მცოდნე ღმერთებმა მაშინვე შენიშნეს ტანტალოსის ბოროტი განზრახვა და კერძს ხელი არ ახლეს. მხოლოდ ქალღმერთმა დემეტრამ, რომელიც თავისი საყვარელი ქალიშვილის პერსეფონეს მოტაცების გამო ღრმა ფიქრებში იყო გართული, ბეჭის თავს უნებლიედ ჩამოსჭრა პატარა ნაჭერი და შეჭამა. პელოპის სხეულის ნაწილები ღმერთებმა ერთად მოაგროვეს, ქვაბში ჩაყყარეს და თავისი ღვთაებრივი უკვდავი სული ჩაბერეს. პელოპი ქვაბიდან ამოვიდა სრულიად გამოცვლილი და მომხიბვლელი სილამაზით გაბრწყინებული. მხოლოდ ის ადგილი, საცა ქალღმერთმა დემეტრამ ხორცი ჩამოჭრა, სპილოს საუცხოო ძვლით ჰქონდა შეცვლილი. განრისხებულმა ღმერთებმა საშინელი ბოროტების მოქმედი ტანტალოსი ჯოჯოხეთში გაგზავნეს იმ დანაშაულის მოსახდელად, რომელიც მან ასე უსირცხვილოდ ჩაიდინა. ტანტალოსი დღედაღამ მდინარეში იდგა და წყალი ნიკაპამდის სწვდებოდა. მაგრამ როგორც კი მეფე წყურვილის მოსაკლავად მდინარეს დაეწაფებოდა, წყალი მყისვე ქვემოთ ეშვებოდა, და მრავალტანჯული მეფე წყლის დალევას ვერ ახერხებდა. გაბოროტებული ტანტალოსი მუდამჟამს წყალში იდგა, წყურვილი სულსა და გულს უხუთავდა, მაგრამ წყალს ვერ სწვდებოდა და განუწტვეტლივ ასე იტანჯებოდა. ბოროტ მეფეს საშინელი შიმშილი მუდამდღე გულს უღრღნიდა. მდინარის ნაპირას გაშენებულ ხილის ხეებს სხვადასხვა ნუგბარი ხილით დატვირთული ტოტები მოეღერებინათ და ტანჯული მეფის თავის მახლობლად მოხდენილად ჩამოეშვათ. საბრალო მეფე ხარბად შეჰყურებდა მის თავზე ჩამოშვებულ ხეხილის გრძელ ტოტებს, რომელზედაც ათასფრად ლაპლაპებდნენ გემრიელი ვაშლები, მსხლები, ატმები და სხვა უკვე დამწიფებული ხილეულობა. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც კი მეფე ხელს გაიწვდიდა ხილის მოსაწყვეტად, ხის ტოტები მყისვე ზემოთ იწეოდა, და ტანტალოსი ხის ნაყოფის მოწყვეტას ვერ ახერხებდა. მდინარის ნაპირას ცამდის აზიდულ მთის მწვერვალს ჩამოჰკიდებოდა ვეებერთელა კლდე, რომელიც ყოველ წუთს გასრესას ემუქრებოდა საბრალოს. მეფე შიშისაგან კრთოდა, ცახცახებდა და მუდამჟამ სიკვდილს მოელოდა. ასე შეუბრალებლად იტანჯებოდა მთელი საუკუნეების განმავლობაში მეფე ტანტალოსი, რომელმაც თავისი ძლევამოსილების დროს ბოროტად გამოიყენა ყოვლად შემძლებელი ღმერთების ნდობა და სამუდამოდ დაკარგა ოდესღაც შარავანდით მოსილი სახელი და დიდება. ლიდიის მკვიდრნი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი იწონებდნენ ღმერთების სამართლიან განაჩენს, თავის ყოფილ მეფეს, მიუხედავად მისი მრავალი სიკეთისა, მაინც სამართლიანად დასჯილად აღიარებდნენ და ერთხელაც არ იგონებდნენ გულისტკივილით.

პ ე ლ ო პ ი[edit]

ღმერთების მამამთავრის ზევსის შვილიშვილი, ლიდიის მეფის ტანტალოსისა და ტიტანი ატლანტის ასულის დედოფალ დიონას ვაჟიშვილი პელოპი ღმერთების პატივისცემითა და კეთილმსახურებით, თავისი ყოველდღიური სამართლიანობით დიდად სახელგანთქმული იყო მთელ სახელმწიფოში. სახელმწიფოს მკვიდრნი ყველანი დიდის პატივისცემით ეპყრობოდნენ თავის საყვარელ მეფეს და სრულ იმედს გამოთქვამდნენ, რომ ყველგან და მარადის გულკეთილი, ყველას შემბრალე და გამკითხავი მეფე მკვიდრთ უნუგეშოდ არ დატოვებდა და მათი მომავალი ცხოვრების გასაუმჯობესებლად შრომასა და ენერგიას არ დაზოგავდა. ყოვლად შემძლებელი ღმერთებიც დიდად აფასებდნენ პელოპის უაღრესად კეთილშობილურ მისწრაფებებს და ყოველ კერძო შემთხვევაში დახმარებას არ აკლებდნენ. სწორედ იმ დროს, როცა ყოვლად შემძლებელმა ღმერთებმა ტანტალოსი ჩადენილი დანაშაულის მოსახდელად საიქიოს სამეფოში გაგზავნეს, პელოპს მახლობელ სახელმწიფოს ტროადის მეფე ილისთან მოუხდა შეტაკება. ამ ბრძოლაში ძლეული პელოპი იძულებული შეიქნა დაეტოვებინა თავისი სახელმწიფო და საბერძნეთის სხვადასხვა მხარეში ხანგრძლივ მოგზაურობას შესდგომოდა. სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს პელოპმა შეირთო ელიდის მეფის ენომაოსის ასული, სილამაზით მთელ სახელმწიფოში სახელგანთქმული, მშვენიერი ჰიპოდამია. მაგრამ იმ დროსა და პირობებში ჰიპოდამიას ცოლად შერთვა მეტად სამძიმო საქმე იყო, რომლის შესრულებაც პელოპს გარდა ვერც ერთმა საბერძნეთის წარჩინებულმა გმირმა ვერ შეძლო. მეფე ენომაოსს ორაკულმა ოდესღაც უწინასწარმეტყველა: როგორც კი შენს ასულს ჰიპოდამიას გაათხოვებ, დაუყოვნებლივ მოკვდებიო. მეფე მეტად შეაშინა ორაკულის ამ წინასწარმეტყველებამ და ყოველი საშუალებით ცდილობდა მომავალი სასიძოები ჩამოეშორებინა და ჰიპოდამია არ გაეთხოვებინა. მეფე ენომაოსი ასეთ პირობას უდებდა მომავალ სასიძოებს: მეფე თავის ქალიშვილს მხოლოდ იმას მიათხოვებდა, ვინც ეტლებით შეჯიბრებაში მეფეს სძლევდა. თუ სასიძო ამას ვერ შეძლებდა, მეფის ბრძანებით იგი სიცოცხლეს უნდა გამოსალმებოდა. შეჯიბრებაში მონაწილე სასიძოები ოთხცხენიანი ეტლით უნდა გამოსულიყვნენ დანიშნულ ადგილას. როგორც კი მსხვერპლის შეწირვას მორჩებოდა, მეფე მეეტლე მირტილის თანხლებით ოთხცხენიანი ეტლით უნდა გამოსულიყო შეჯიბრებისათვის დანიშნულ მოედანზე და გამოსდევნებოდა სასიძოს ეტლს. თუ მეფე ენომაოსი გზაში დაეწეოდა სასიძოს ეტლს, მეეტლე მირტილს სრული უფლება ჰქონდა თავისი ისრით გაეგმირა სასიძო. მრავალი წარჩინებული გმირი ცდილობდა შეჯიბრებაში გამარჯვებას და მშვენიერი ჰიპოდამიას შერთვას. სასიძოები დიდის სიამოვნებით თანხმდებოდნენ მოხუცი მეფის მიერ წამოყენებულ პირობებზე იმ იმედით, რომ შეჯიბრებაში გაიმარჯვებდნენ. სასიძოები განუწყვეტლივ მოდიოდნენ ელიდაში და მეფე ენომაოსს შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღების ნებართვას სთხოვდნენ. მეფე დიდის თავაზიანობთ ეგებებოდა თითოეულ მათგანს და სიამოვნებით უთმობდა ეტლისა და ცხენების მთელ მორთულობას. სასიძო ამაყად თავმომწონედ ჯდებოდა საუცხოოდ გამართულ ეტლში და დანიშნული ადგილისაკენ ცხენებს ელვის სისწრაფით მიაქროლებდა. მეფე ენომაოსი ჯერ ღმერთებს შესწირავდა მსხვერპლს და შემდეგ ეტლში შებმული თავისი ფეხმალი ცხენებით დაედევნებოდა შეჯიბრებაში მონაწილე სასიძოს. შეჯიბრება ყოველთვის მეფე ენომაოსის გამარჯვებით თავდებოდა. მეეტლე მირტილი ხელში მაგრად იმარჯვებდა ბასრ ისარს და, დადებული პირობის მიხედვით, თავმომწონე სასიძოს სიცოცხლეს ასალმებდა. ამრიგად მირტილმა ელიდის მრავალ წარჩინებულ გმირს მოუსპო სიცოცხლე. მეფე ენომაოსი ყოველთვის დიდის აღტაცებით ეგებებოდა თავის ასეთ გამარჯვებას, რადგანაც მოხუც მეფეს ერთი წუთითაც არ ავიწყდებოდა ორაკულის საბედისწერო წინასწარმეტყველება. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ პელოპი ელიდაში მივიდა და, როგორც კი მშვენიერ ჰიპოდამიას მოჰკრა თვალი, გადაწყვიტა მეფე ენომაოსთან შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება და გამარჯვების შემდეგ მშვენიერი ჰიპოდამიას შერთვა. პელოპმა, სანამ იგი შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებდა, თავის მფარველ ღმერთს პოსეიდონს ასეთი სიტყვებით მიმართა: „ყოვლად შემძლებელო, ზღვათა და ოკეანეთა მბრძანებელო, დიდო პოსეიდონ ღმერთო! თუ ჩემი მსხვერპლი შენ ოდესმე შეგიწირავს და ჩემთვის შენი ღვთაებრივი მოწყალება მოგიღია, გთხოვ, მხურვალედ გევედრები მეფე ენომაოსთან შეჯიბრებაში გამარჯვება მარგუნო და მეეტლე მირტილის საბედისწერო ისარი ამაშორო! ყოვლად მოწყალე დიდებულო პოსეოდონ, ქალღმერთს აფროდიტეს გაფიცებ, დამითმე შენი ღვთაებრივი სწრაფი ეტლი და შეჯიბრებაში გამარჯვება მარგუნე!“ პოსეიდონმა შეისმინა პელოპის მხურვალე ვედრება. თვალუწვდენელ ზღვის სივრცეზე აბობოქრდნენ ტალღები. ზღვის ნაპირას უკვე ისმოდა ცხენების ფეხთა ხმაური და ჭიხვინი. უეცრივ ზღვის ნაპირს მოადგა ოქროს ეტლი, რომელშიაც შებმული იყო ოთხი ფეხმალი, ფაფარაყრილი ცხენი. გახარებული პელოპი მარდად ჩაჯდა ეტლში და ელვის სისწრაფით გაქროლა შეჯიბრების ადგილისაკენ. მეფე ენომაოსი პოსეიდონის ოქროს ეტლის დანახვაზე ერთიანად შეშფოთდა და მეტის შიშისაგან თავზარი დაეცა. მართალია, ენომაოსმა პოსეიდონის ეტლის ძლევამოსილება იცოდა, მაგრამ სასიძოებთან დადებული პირობების ჩაშლა და უარყოფა მიუღებლად მიიჩნია. მოხუცმა მეფემ თანხმობა გამოუცხადა ძლევამოსილ გმირს პელოპს შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღებაზე. მცირედი დახანების შემდეგ პელოპი თავმომწონედ ჩაჯდა ოქროს ეტლში და შეჯიბრების ადგილისაკენ გაქროლა. დაიწყო საბედისწერო შეჯიბრება. პელოპის ეტლი ჩიტივით მიფრინავდა გაშლილ მოედანზე და ის იყო კიდევაც გამარჯვებით უნდა მიეღწია დანიშნულ ადგილას. მაგრამ პელოპს უეცრივ შემოესმა უკანიდან ეტლის ხმაური. შეშინებულმა პელპმა უკან მოიხედა და გარკვევით შეამჩნია, რომ მეეტლე მირტილი ხელში ბასრ ისარს იმარჯვებდა და ის იყო უნდა ეტყორცნა. მაგარამ პელოპის სასიხარულოდ მირტილმა პოსეიდონ ღმერთის განკარგულებით მეფე ენომაოსის ეტლი ქვას დააჯახა, და ეტლი სულ ერთიანად ნაკუწ–ნაკუწად იქცა. მეფე ენომაოსი ჩამოვარდა და საბრალომ მყისვე განუტევა სული. სწორედ ამ დროს მეხმა საშინლად იგრიალა და მეფე ენომაოსის სასახლეში ცეცხლის ალი დაატრიალა. შეჯიბრებაში გამარჯვებული პელოპი ელვის სისწრაფით გაექანა მეფის სასახლისაკენ და თავისი საყვარელი ჰიპოდამია უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა. ძლევამოსილმა პელოპმა სულ მოკლე ხანში შეირთო მშვენიერი ჰიპოდამია და ბრწყინვალე ქორწილი გააჩაღა, რომელზედაც მოწვეული ჰყავდა მთელი სახელმწიფოს მკვიდრნი. მეფე ენომაოსთან შეჯიბრებაში გამარჯვებამ პელოპს დიდი სახელი მოუხვეჭა. ელიდის მოსახლეობამ ძლევამოსილი გმირი მეფედ აირჩია და მის სახელს ყველგან და მარადის დიდის პატივისცემით და სიყვარულით იხსენიებდა. ხალხის ასეთი ნდობითა და სიყვარულით გამხნევებული მეფე დღედაღამ განუწყვეტლივ შრომობდა, რომ სახელმწიფოს მკვიდრთა კულტურული და ეკონომიური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა და სათანადო სიმაღლეზე დაეყენებინა. პელოპმა თავის სახელმწიფოს შემოუერთა ოლიმპია, საცა მოიწყო ეგრეთწოდებული „ოლომპიის გასართობები“, რომელთა გარშემო იკრიბებოდნენ ძველი ელადის სხვადასხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მკვიდრნი და ერთი–მეორეს მტკიცედ უკავშირდებოდნენ. მეეტლე მირტალს, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია პელოპს შეჯიბრების დროს, მეფემ თავისი სახელმწიფოს ნახევრის დათმობა აღუთქვა საჩუქრად. მაგრამ, სამწუხაროდ, მეფემ ეს დაპირება არ შეასრულა, რის გამო მირტალმა პელოპი და მთელი მისი შთამომავლობა სამუდამოდ დაწყევლა და შეაჩვენა. მირტალის ეს წყევლა–კრულვა მეფე პელოპს მუდამ სდევნიდა და მის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას წარუშლელ ლაქას სდებდა. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, სახელმწიფოს მკვიდრნი მაინც დიდ ნდობას უცხადებდნენ თავის საყვარელ გმირს და მის დაუვიწყარ სახელს შარავანდის სხივებით მოსავდნენ.

ჰ ე რ კ უ ლ ე ს ი[edit]

ტირინსის მეფის ალკეას შვილმა და საბერძნეთის გამოჩენილი გმირის პერსევის შვილიშვილმა ამფიტრიონმა შემთხვევით მოკლა თავისი საკუთარი ბიძა ელექტრიონი. სახელმწიფოს მკვიდრნი მეტად ააღელვა საყვარელი მეფის მოულოდნელმა მკვლელობამ და ამფიტრიონსა და მის სახლობას ამოჟლეტას ემუქრებოდნენ. ამფიტრიონი და მისი მეუღლე, მოკლული მეფის ელექტრიონის მშვენიერი ალკმენა, იძულებულნი შეიქნენ ქალაქ თებეს გადასახლებულიყვნენ და ამ უცხო ადგილას მოეწყოთ თავისი მომავალი ცხოვრება. ალკმენას სიმშვენიერეს თვით ყოვლად შემძლებელი ღმერთებიც კი აღტაცებაში მოჰყავდა. ოლიმპოს მბრძანებელი ზევსიც კი გულგრილად ვერ უცქეროდა ალკმენას კალმით აუწერელ სილამაზეს და ცდილობდა ამ მშვენიერ არსებას დაახლოვებოდა. ღმერთების მამამთავარმა თავის მიზანს მიაღწია. მშვენიერ ალკმენას ზევსისაგან შეეძინა ვაჟიშვილი ჰერკულესი, რომელმაც თავისი გმირობითა და ვაჟკაცობით ძველ საბერძნეთში უპირველესი ადგილი დაიჭირა. სწორედ იმ დღეს, როცა თებეს მეფის ამფიტრიონის ცოლი ალკმენა მოსალოგინებლად დაწვა, შვილის ნამდვილმა მამამ, ყოვლად შემძლებელმა ზევსმა, ღმერთების თათბირზე კვეხნით გამოცხადა: ადამიანთა შორის დაიბადება ღმერთების შთამომავალი ბავშვი, რომელიც ყველა თავისი მეზობელი სახელმწიფოს ბატონი შეიქნებაო. ზევსს, ამ განცხადების დროს, სახეში ჰყავდა პერსეოსის შვილიშვილი ჰერკულესი. მაგრამ ეჭვებით შეპყრობილმა ქალღმერთმა ჰერამ, რომელსაც წინასწარ სძულდა ალკმენის შვილი, თავისი მეუღლის, ზევსის გასანაწყენებლად, რადგანაც იგი შეუუღლდა მოკვდავ ალკმენას, ცბიერებას მიმართა – არ უნდოდა, რომ ალკმენას შვილს რგებოდა ბატონობა პერსეონის მთელ შთამომავლობაზე. ჰერამ თავისი განზრახვა გულში დამალა და ცბიერად მიმართა ზევსს: – ოლიმპოს დიდებულო მბრძანებელო! შენ ვერასოდეს ვერ შეასრულებ შენ სიტყვას. მომეცი მტკიცე ფიცი, რომ ვინც პირველი დაიბადება დღეს პერსეოსის შთამომავლობაში, ის იქნება ყველას ბატონი. ზევსი მოტყუვდა, ვერ მიხვდა ჰერას ცბიერებას, მისი გონება დროებით შეიპყრო სიცრუის ქალღმერთმა ატამ და ჰერას მტკიცე ფიცი მისცა. ჰერა მსწრაფლ მოშორდა ოლიმპოს მწვერვალს და ეტლით გაეშურა არგოსზე. იქ მან დააჩქარა პერსეოსის ვაჟიშვილის სთენელოსის მეუღლის მშობიარობა. სანამ ჰერკულესი დაიბადებოდა, სთენელოსს მიეცა ვაჟი, რომელსაც ევრისთენე დაარქვეს. ამგვარად, ზევსის წინასწარმეტყველება მისდაუნებურად უნდა ასრულებულიყო ევრისთენეზე, და არა ჰერკულესზე. დამწუხრდა დიდებული ზევსი, მხოლოდ ახლა მიხვდა ჰერას ცბიერებას, განრისხდა სიცრუის ქალღმერთ ატაზე, ოლიმპოს მწვერვალიდან ძირს გადმოაგდო და მასაქეთ სიცრუის ქალღმერთი ატა დედამიწაზე ცხოვრობს. ზევსმა, რომ შეემსუბუქებინა თავისი ვაჟის ჰერკულესის ბედი, თავის საყვარელ ქალს ათენა პალადას უბრძანა დახმარება გაეწია ალკმენის ვაჟისათვის. ქალღმერთი ჰერა ჰერკულესს დაბადების დღიდანვე სდევნიდა და საბედისწერო მომავალს უმზადებდა. ჰერკულესს ჯერ კიდევ აკვნიდან ფეხი არ გადმოედგა, როცა ჩვილი ყრმის დასაძინებელ ოთახში შურისძიებით აღვსილმა ქალღმერთმა ჰერამ ორი უზარმაზარი გველი შეგზავნა ახლადდაბადებული ჰერკულესის დასაღუპავად. სანამ ალკმენასა და ბავშვის გამდელებს ეძინათ, ზარდამცემი გველები ჩვილ ყმაწვილს ყელზე მაგრად შემოეხვივნენ და ის იყო უნდა დაეხჩოთ. ბავშმა ტირილით გამოიღიძა, პატარა ხელები გველებს მძლავრად ჩაჰკიდა და ორივე იქვე წაახრჩო. ბავშვის საოცარი ტირილით შეშინებული ალკმენა ელვის სისწრაფით გაჩნდა შვილის საწოლ ოთახში. ამფიტრიონიც ხმალამოღებული შეიჭრა ბავშვის ოთახში და შეშფოთებული, გონებადაკარგული განცვიფრებით დასცქეროდა ყმაწვილის აკვანს. ამფიტრიონმა დაუყონებლივ მოიწვია მთელ საბერძნეთში სახელგანთქმული, შესანიშნავი გულთამხილავი ტირესიასი, რომელსაც უამბო თავისი ჩვილი ყრმის წინაღამინდელი საგმირო საქმის ამბავი. ყოვლად გაბრძნობილმა გულთამხილავმა მოხუცმა ამფიტრიონს ასე უწინასწარმეტყველა: „შენი შვილი მთელ დედამიწას შემოივლის, მრავალ გაჭირვებას და განსაცდელს გამოივლის, ხალხის ყველა მტერსა და დამჩაგვრელს მედგრად შეებრძოლება, ყოველგვარ დაბრკოლებას სძლევს და ყველგან ძლევამოსილ გამარჯვებას მოიპოვებს. ყმაწვილი თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობით უკვდავების სახელს დაიმსახურებს. მადლიერი ერი თავის საყვარელ და სასიქადულო გმირს ყოვლად შემძლებელი ღმერთების დარად მოიხსენიებს და მის დაუვიწყარ სახელს შარავანდის სხივებით შემოსავს“. ამ წინასწარმეტყველებამ დიდად გაახარა ამფიტრიონი და მან გადაწყიტა შვილისათვის ღირსეული სწავლა–აღზრდა მიეცა. ახალგაზრდა ჰერკულესს გარს შემოერტყნენ სახელმწიფოს წარჩინებული მასწავლებელ–აღმზრდელები, რომლებიც თავის შრომასა და ენერგიას არა ზოგავდნენ, რომ ახალგაზრდა ყმაწვილს ზედმიწევნით შეეთვისებინა თანამედროვე სწავლა–განათლების მიღწევანი და შეძენილი ცოდნა მომავალი ცხოვრების სარბიელზე წარმატებით გამოეყენებინა. სპეციალურად მომზადებული და დახელოვნებული ხელმძღვანელები ბეჯით ახალგაზრდას უხსნიდნენ და ასწავლიდნენ ცხოვრებაში გამოსადეგ დისციპლინებს: თვითონ ამფიტრიონი –ეტლებისა და მიმოსვლის სხვა საშუალებათა ხელოვნებას, ევრიტი – მშვილდ–ისრის სროლას და გამოყენებას, ჰარპალაკი – ბრძოლის ხერხებს, კენტავრი ხირონი – სამკურნალო ბალახების კრეფასა და ვარსკვლავებზე დაკვირვებით ადამიანის მომავალი ბედის გამოცნობას, კასტორი – მძიმე იარაღის გამოყენებასა და ხმარებას, ლინი კი – მეცნიერების სხვადსხვა დარგს და ციტრაზე დაკვრას. შრომის დიდად მოყვარულმა ჰერკულესმა საუცხოო ნიჭი გამოიჩინა, რასაც კი ბეჯით ყმაწვილს მასწავლებლები ასწავლიდნენ, სწრაფად და შეგნებით ითვისებდა. ბუნებით წყნარი და კეთილი ხასიათის ჰერკულესი ყოველგვარ უსამართლობას, დაუმსახურებელ სისასტიკეს სდევნიდა და ყოველთვის აშკარად, მოურიდებლად წინააღმდეგობას უწევდა. ერთხელ, როცა მუდამ დაღვრემილი მოხუცი ლინი ყმაწვილს უმართებულოდ შეეხო ხელით, ჰერკულესი კოცონივით აენთო და ციტრა თავის მასწავლებელს ისეთის ძლიერებით სთხლიშა პირისახეში, რომ საბრალო მოხუცი სიცოცხლეს გამოასალმა. ჰერკულესი თავისი მასწავლებლის მკვლელობისათვის პასუხისგებაში მისცეს, მაგრამ მოსამართლეებმა მრავალი „საპატიო“ მიზეზი მიიღეს მხედველობაში, და ჭაბუკი, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრების სარბიელზე არ იყო გამოსული, სასჯელისაგან სრულიად გაათავისუფლეს. ჰერკულესს რომ კიდევ უფრო სამძიმო დანაშაული არ ჩაედინა, ამფიტრიონმა ჭაბუკი მთებში მწყემსებთან გაგზავნა თავისი უთვალავი ჯოგების ყურის საგდებლად. მთებში ჰერკულესი დავაჟკაცდა, გაიზარდა და ძალითა და ახოვანებით მეტოქეობას ვერცერთი მოკვდავი ვერ უწევდა. საშინელი ძალის გამომხატველი პირისახე, განიერი და მაგარი მკერდი, ხელებისა და თეძოების საშინელი სიდიდე, სქელი წვერულვაში, ცეცხლივით ანთებული დიდრონი თვალები ნათლად მოწმობდნენ ჰერკულესის ღვთაებრივ ჩამომავლობას და ბრწყინვალე შუქით მოსავდნენ მის გმირულ შეხედულებას, მისი სახის გამომეტყველებას. ერთხელ ჰერკულესი, როცა ნახირს აძოვებდა მთებში, მწყემსებს ჩამოშორდა და ფიქრებში გართული თავისი მომავალი ცხოვრების გზებს ითვალისწინებდა. ამ ფიქრებში გართულს უეცრივ თვალწინ წარმოუდგა გზაჯვარედინზე ორი ქალი. ერთი მათგანი, ხორციელობის გამომხატველი, მომჯადოებელი თვალებისა და გულისწარმტაცი ღიმილის პატრონი, მიუახლოვდა ჰერკულესს და სრულიად მოურიდებლად და გაბედულად მიმართა შემდეგი სიტყვებით: „დიდებულო გმირო. კეთილი იყოს ჩვენი პირველი შეხვედრა! ძლევამოსილო და ყოვლად გაბრძნობილო ჰერკულეს, მე როგორც ვამჩნევ, ჯერ კიდევ არ აგირჩევია შენი ნამდვილი გზა და მომავალი სამოღვაწეო ასპარეზი! თუ შენი სურვილიც იქნება, მე გთხოვ გამხადო შენი ცხოვრების თანაზიარი და მეგობრული კავშირით დაახლოვებული თანამავალი. იცოდე, დიდებულო გმირო, რომ ცხოვრებაში ყოველგვარ სიკეთესა და სიხარულს მოგანიჭებ! გახსოვდეს, რომ ცხოვრების ყოველდღიურ სიძნელეთა გადასლახავად ზრუნვა არასოდეს არ დაგჭირდება! ყველაფერი მზამზარეულად მოგეცემა! ნუ შეგეშინდება, არაფრით არ შეგაწუხებ! შენ შეგიძლია განცხრომით, სრულიად უდარდელად იცხოვრო სხვისი შრომის ნაყოფითა და ნაოფლარით“. ჰერკულესი ამ მომხიბვლელი სიტყვების მოსმენის შემდეგ თავაზიანად შეეკითხა უცნობ ქალს: „ქალო, ვინა ხარ, რა გქვია, ამდენ სახარბიელო დაპირებებს რომ მაძლევ?“ – ჩემი მეგობრები, – უპასუხა უცნობმა ქალმა, – მე ნეტარებას, ფუფუნებას, განცხრომას მეძახიან!“ მეორე უცნობი ქალის კეთილშობილური უმანკო პირისახე, მოხდენილი ტანადობა, თოვლივით თეთრი ტანსაცმელი, გონიერი თვალები, თავმდაბალი შეხედულება და კეთილშობილური მიხვრა–მოხვრა უნებლიედ ყურადღებას იქცევდა და დიდ შთაბეჭდილებას სტოვებდა. ეს მეორე უცნობი ქალიც მიუახლოვდა ჰერკულესს და დიდის მოკრძალებითა და თავაზიანობით მოახსენა: „აი, დიდებულო ჰერკულესს, მეც შენთან მოვედი! ჩემი მეგობრები ზნეობას, სათნოებას მეძახიან. დიდებულო გმირო, მე შენც კარგად გიცნობ და შენს მშობლებსაც. თუ ჩემ რჩევას დაიჯერებ და ცხოვრების სარბიელზე ჩემგან ნაჩვენებ გზას აირჩევ, იცოდე, კეთილ ცხოვრებას მიაღწევ და მუდამ ბედნიერი იქნები. ყოველივე იმის მოპოვება, რაც კი ამ ქვეყნად კარგი და სასარგებლოა, მხოლოდ შრომითა და ოფლით შეუძლია ადამიანს. თუ კეთილი და პატიოსანი ცხოვრება გსურს, ყოვლად შემძლებელ ღმერთებს პატივი უნდა სცე, და დარწმუნებული იყავი, რომ ისინი მოწყალებას არ მოგაკლებენ. ეცადე სარგებლობა მოუტანო შენს მეგობარს, ამხანაგს, თუ გსურს მათი მხრით სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურო. აუცილებლად საჭიროა ხალხში და ხალხისათვის თავდადებული შრომა, თუ გსურს ხალხის გულში სამარადისო ძეგლი დაიდგა. კარგად უნდა გახსოვდეს, რომ რასაც დასთეს, იმას მოიმკი. თუ გსურს მტერს შეებრძოლო, ბრძოლის წესები უნდა შეისწავლო და მოხერხებულ დროს სავსებით გამოიყენო. ჯანითა და ღონით თუ გსურს ძლიერება მოიპოვო, განუწყვეტლივ უნდა იშრომო და იშრომო. შრომა პატიოსანი, შრომა თავდადებული, – აი ის მძლავრი იარაღი, რომელიც მთელი ქვეყნიერების მამოძრავებელი ძალაა, რომლის შემწეობით მთელი კაცობრიობა, განურჩევლად წოდებისა, ლამაზსა და ბედნიერ ცხოვრებას მოიპოვებს“. ამ სიტყვების შემდეგ ორივე უცნობი ქალი სადღაც გაქრა. ჰერკულესმა თავისი მომავალი ცხოვრების სარბიელზე ის გზა აირჩია, რომელიც სათნოებამ საუკეთესო გზად დაუსახა, და სახელოვან გმირს მოღვაწეობის დროს ამ გზიდან ერთხელაც არ გადაუხვევია. სწორედ იმ ხანებში მთელი საბერძნეთი გაუვალი ტყეებითა და ჭაობებით იყო დაფარული. ლომები, ვეფხვები, გარეული ღორები და სხვა ცხოველები ირეოდნენ ამ ჭაობიან ადგილებში. უღრან ტყეებს თავს აფარებდნენ ავაზაკები, რომლებიც მშვიდობიან ხალხს არბევდნენ და ანადგურებდნენ. საბერძნეთის ხალხისათვის თავდადებული გმირები ცდილობდნენ დაეხსნათ სამშობლო მხარე ამ საშინელი უბედურებისაგან, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვერ ახერხებდნენ და ყოველივე მათი ცდა მუდამ უნაყოფოდ რჩებოდა. ჰერკულესს, როცა იგი მთებიდან შინ ბრუნდებოდა, გზაში შემოხვდნენ ორხომენის მეფის ერგინის მიერ გამოგზავნილი დესპანები, რომელთაც ქალაქ თებეს მკვიდრთა შორის უმართებულოდ დადებული ხარკი უნდა მოეკრიფათ. ჰერკულესი მამაცურად გამოესარჩლა უკანონოდ და უმართებულოდ დასჯილ ხალხს. ძლევამოსილმა ერთის შეტევით შეაჩერა გზაში დესპანები, ხელ–ფეხი მაგრად შეუთოკა და ორხომენშივე დააბრუნა. მეფე ერგინმა დიდ შეურაცხყოფად მიიჩნია დესპანების ორხომენში ასე სამარცხვინოდ დაბრუნება და დაუყოვნებლივ მოსთხოვა თებეს მეფე კრეონს ჰერკულესის ორხომენში გაგზავნა სასტიკი სასჯელის მოსახდელად. თუ მეფე კრეონი ამ მოთხოვნას დაუყოვნებლივ არ შეასრულებდა, განრისხებული ერგინი კორინთელებს ომის გამოცხადებას ემუქრებოდა. შეშინებული კრეონი იძულებული იყო თანხმობა გამოეცხადებინა მეფე ერგინის მოთხოვნაზე. მეფე ერგინის მუქარამ სრულიადაც არ შეაშინა ელინთა უკვე სახელგანთქმული გმირი. ძლევამოსილმა ჭაბუკმა გარს შემოიკრიბა საბერძნეთის საუკეთესო სარდლები და მეომრები და საერთო სამხედრო თათბირზე ერთხმად გადაწყვიტეს მეფე ერგინის წინააღმდეგ გალაშქრება. სამწუხაროდ, ელინთა ძლევამოსილმა მხედრობამ მთელ სახელმწიფოში ვერ მოაგროვა საკმაო რაოდენობის საბრძოლო იარაღი, რადგან ორხომენის ცბიერ მეომრებს სახელმწიფოს იარაღის საწყობებიდან ფარულად გაეტაცათ ყველა საბრძოლველი იარაღი. ამიტომ ძლევამოსილმა საბერძნეთის მეომრებმა, სახელოვანი წინამძღოლის ჰერკულესის ბრძანებით, ქალღმერთის ათენას ტაძრიდან გამოიტანეს ის იარაღი, რომელსაც ხალხი ღმერთებს სწირავდა მრავალი წლის განმავლობაში. ჰერკულესმა მძიმედ შეიარაღებული ელინთა მხედრობა მეფე ერგინის შესახვედრად ჩაასაფრა ვიწრო გზის ორსავე მხარეს იმ იმედით, რომ მტრის ურიცხვი ჯარი ვერ მოახერხებდა რაზმების ფართოდ გაშლას და საბერძნეთის მცირერიცხოვან მხედრობას სათანადო წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. მართლაც ასე მოხდა. ორი მოწინააღმდეგე მხედრობა სამკვდრო–სასიცოცხლოდ ეკვეთა ერთი–მეორეს. ელინთა ძლევამოსილი მეომრები ვეფხვის სისწრაფით თავს ესხმოდნენ ვიწრო გასასვლელში მომწყვდეულ მტრის უთვალავ ჯარს და დაუნდობლად, შეუბრალებლად ასალმებდნენ სიცოცხლეს თითოეულ მეომარს. დახოცილთა გვამები სისხლის მორევში ცურავდა. დაჭრილთა კვნესა და გმინვა ირგვლივ ყველაფერს აყრუებდა. ძლევამოსილი ჰერკულესის მხედრობას იერიში იერიშზე მიჰქონდა და გმირულად ეკვეთებოდა მტრის უკვე შეშფოთებულ და გამარჯვების იმედის დამკარგველ რაზმებს. ერგინი და მისი უთვალავი მხედრობა სამარცხვინოდ დამარცხდნენ, დაიღუპნენ ამ სასტიკი ბრძოლის დროს. ელინთა მხედრობის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. ძლევამოსილი ჰერკულესი ასეთი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ თავისი ძლევამოსილი მხედრობით დაუყოვნებლივ შეიჭრა ორხომენში, მეფე ერგინის სასახლე მთლიანად დაანგრია და თვით სატახტო ქალაქი ორხომენი მიწასთან გაასწორა. სახელმწიფოს მკვიდრნი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი დიდ აღტაცებას გამოთქვამდნენ და საბერძნეთის სახელოვან გმირს მეფე ერგინზე ბრწყინვალე გამარჯვებას დიდის სიხარულითა და ერთსულოვნებით ულოცავდნენ. ამ ბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად, მადლიერმა მეფე კრეონმა სახელოვან ძლევამოსილ გმირს ჰერკულესს მიათხოვა თავისი ერთადერთი ქალიშვილი მელაგრა, რომლისაგანაც მთელი საბერძნეთის ამ უდიდეს გმირს სამი შვილი მიეცა. მეფე კრეონის მიერ გამართულ ბრწყინვალე ქორწილზე დაესწრნენ ოლიმპოს მბრძანებლი ღმერთები, რომლებმაც უხვად დააჯილდოვეს საბერძნეთის უდიდესი გმირთა–გმირი. ჰერმესმა აჩუქა ახლადდაქორწინებულ ჰერკულესს თავისი შესანიშნავი ხმალი, აპოლონ ღმერთმა – მშვილ–ისარი, ჰეფესტმა – მის მიერ გაჭედილი საუცხოო ჯავშანი და ქალღმერთმა ათენამ – სამხედო იარაღი. ჰერკულესი, როგორც შემდგომ დაბადებული, უნდა დამორჩილებოდა ევრისთენეს. მეფე სთენელოსის გარდაცვალების შემდეგ, ევრისთენემ ხელში ჩაიგდო მიკენის სამეფო ტახტი და ამრიგად მთელი არგოლიდის მბრძანებლად გამოაცხადა თავისი თავი. საბერძნეთის უკვე სახელოვანი გმირი ჰერკულესი უხმოდ იკლავდა გულში მწუხარებას და უგულოდ, უხალისოდ ასრულებდა მიკენის მეფის დავალებებს. ჰერკულესის სახელი და დიდება მოსვენებას არ აძლევდა ევრისთენეს. მეფე იჭვიანობდა, რომ ჰერკულესი დღეს თუ ხვალ სამეფო ტახტის დაუფლებისათვის ბრძოლას გამოუცხადებდა და ამიტომ ჰერკულესს მრავალი სიმძიმო საქმის ასრულებას ავალებდა სრულის იმედით, რომ ელინთა გმირი ამ სამძიმო საქმეების შესრულებას ვერ შესძლებდა და აუცილებლად დაიღუპებაო. ჰერკულესი ევრისთენეს მიერ დავალებულ საქმეებს უგულოდ, უხალისოდ ასრულებდა, თავმომწონე გმირს თავისი თავი შეურაცხყოფილად, დამცირებულად მიაჩნდა. მაგრამ, ყოვლად შემძლებელი ზევსის ბრძანებით, ელინთა გმირი თავის მწუხარებასა და გულისტკივილს უხმოდ იკლავდა გულში და დიდის მოთმინებით იტანდა თავის დამცირებასა და ასეთ დამოკიდებულ მდგომარეობას. დელფის მისანმა უწინასწარმეტყველა ჰერკულესს: შენ მხოლოდ მაშინ დააღწევ თავს აწინდელ შეურაცხყოფასა და დამცირებას, როცა ევრისთენეს დავალებით თორმეტ საგმირო საქმეს შეასრულებო. ამ დავალებათა შესრულების შემდეგ უკვდავებას დაიმსახურებ, მთელი საბერძნეთის მკვიდრი და მისი მომავალი თაობა ღირსეულად დააფასებს თავისი საყვარელი გმირის უდიდეს ღვაწლს და შენს სახელსა და ხსოვნას მადლიერი ხალხი გულში სამარადისოდ აღიბეჭდავსო. ჰერკულესის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გულთმისნის ეს წინასწარმეტყველება მოისმინა. შურისმაძიებელმა ქალღმერთმა ჰერამ სასიქადულო გმირს მწუხარება გაუორკეცა, ძლევამოსილი ჰერკულესი ჭკუაზე შეცდა, საბრალომ გონება დაკარგა. გონებადაკარგულმა ჰერკულესმა უმაღლეს წერტილამდე განვითარებული შეშლილობის დროს თავისი მძლავრი ხელებით სიცოცხლეს გამოასალმა საყვარელი შვილები. დიდმა დრომ განვლო, სანამ მრავლად ტანჯული გმირი ამ საშინელი ავადმყოფობისაგან განიკურნებოდა. როცა ჰერკულესს მწუხარება შეუნელდა და საღი გონება დაუბრუნდა, მან გადაწყვიტა ევრისთენეს დამორჩილებოდა და მისი დავალებანი სავსებით შეესრულებინა. აი, ის თორმეტი საგმირო საქმე, რომელნიც ევრისთენეს დავალებით ჰერკულესმა სახელოვნად შეასრულა.

ნ ე მ ე ი ს ლ ო მ ი[edit]

(პირველი გმირობა) ტირის მთაგრეხილებზე გამოკვეთილ გამოქვაბულში ბუნაგი ჰქონდა გამართული უზარმაზარ ლომს, რომელიც კლეონისა და ნემეის ბარის მცხოვრებლებს შიშის ზარს ჰგვრიდა, ყველაფერს იკლებდა და ანადგურებდა. ამ საშინელი ნადირის თავიდან მოშორებას მცხოვრებლები ვერ ახერხებდნენ, ამ საშინელ მხეცს ადამიანის იარაღი ვერ სწვდებოდა. თავგასული ნადირი დაუსჯელად თარეშობდა ადგილობრივ მკვიდრთა შორის და ყველაფერს შეუბრალებლად აწიოკებდა და ანადგურებდა. ყველანი შიშით ძრწოდნენ და ფეხაკრეფით გაურბოდნენ იმ ადგილს, საცა ამ საშინელი ნადირის თარეში მოსალოდნელი იყო. საღამოს ჟამი იქნებოდა, როცა ძლევამოსილი ჰერკულესი მიუახლოვდა იმ ადგილს, საცა ლომს ბუნაგი ჰქონდა გამართული. ლომი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო ნადირობიდან. ძლევამოსილი გმირი გამოქვაბულის მახლობლად ხის ქვეშ ჩამოჯდა და ნადირს ლოდინი დაუწყო. ჰერკულესს ლოდინი დიდხანს არ მოუხდა. ლომი დაღამებისას გამოქვაბულში დაბრუნდა. ნადირის გასისხლიანებული ტუჩები და მთელი ტანი აშკარად მოწმობდა ამ საშინელი მხეცის კლანჭების ძლიერებას. ლომმა ცეცხლივით ანთებული თვალები ბუნაგს შეანათა და ის იყო გამოქვაბულში უნდა შესულიყო მოსასვენებლად. ჰერკულესმა ხელში მაგრად მოიმარჯვა ალმასივით მჭრელი ისარი და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, სტყორცნა სისხლით მოთხუპნულ ნადირს. მაგრად ნატყორცნი ისარი ნადირის ჯაგარივით სქელ ტყავსა და ბეწვში გაეხირა და ხორცამდე ვერ მიატანა. ძლევამოსილი გმირი არ შეუშინდა ამ მარცხს. ჰერკულესმა კიდევ უფრო მეტის ძლიერებით სტყორცნა ისარი. სამწუხაროდ, ვერც ამ ისრის ძლიერებამ მიაღწია სასურველ შედეგს. შეუდრეკელი ლომი ქედს არ იხრიდა, თითქო აქ არაფერი ამბავიაო. ჰერკულესი ის იყო მესამედ უმიზნებდა ისარს, როცა საშინელმა ნადირმა უეცრივ თვალი მოჰკრა მახლობლად მდგომ ძლევამოსილ ჰერკულესს. უშიშარი გმირის დანახვაზე ლომი ერთბაშად მოწყდა ადგილიდან და ელვის სისწრაფით მტერს თავს დაესხა. მაგრამ ძლევამოსილმა გმირმა სასწრაფოდ მოიშველია თავისი უზარმაზარი კომბალი და ისეთის ძლიერებით დაჰკრა, რომ ლომი ერთიანად დარეტიანდა და მოსხლეტილი დაეცა მიწაზე. სნამ ლომი წამოდგებოდა, ჰერკულესი სასწრაფოდ მოახტა ნადირს ზურგზე და ყელში ისე მაგრად ჩასჭიდა თავისი მძლავრი მკლავები, რომ ლომი დაახრჩო. ძლევამოსილმა გმირმა დაუყოვნებლივ გაატყავა ლომი, ტყავი მხრებზე მოისხა, ხოლო თავი კი ქუდის ნაცვლად თავზე წამოიდგა და ამრიგად გაემართა მიკენისაკენ. ლომის გასისხლიანებული ტყავისა და თავის დანახვაზე მეფე ევრისთენეს იმდენად შეეშინდა, რომ შიშით ზარდაცემული რკინის კასრში ჩაძვრა და ჰერკულესს უბრძანა შემდგომ თვალით არ დანახვებოდა. ევრისთენე ამიერიდან ყოველგვარ დავალებას ჰერკულესს თავისი კარისკაცების მეშვეობით აძლევდა.

ლ ე რ ნ ე ი ს ჰ ი დ რ ა[edit]

(მეორე გმირობა) არგოსის სამხრეთით, ლერნეის ჭაობიან ადგილებში მძვინვარებდა ცრხრათავიანი ჰიდრა, ანუ გველეშაპი, რომელიც მთელ მიდამოს იკლებდა და ადგილობრივ მოსახლეობას შიშის ზარს ჰგვრიდა. ჰერკულესს, მეფე ევრისთენეს დავალებით, ეს საშინელი ცხოველი უნდა მოეკლა და ამრიგად სახელმწიფოს მშრომელი მოსახლეობა გაეთავისუფლებინა იმ დიდი უბედურებისაგან, რომელიც ყოველდღიურად ემუქრებოდა. ძლევამოსულმა გმირმა შეაბმევინა ეტლი და თავისი ძმისწულის იოლაოსის თანხლებით ლერნეის ჭაობიანი ადგილებისაკენ გაემართა. ამიმონის წყაროების ნაპირებიდან უკვე გამოჩნდა ის გამოქვაბული, რომელშიაც ჰიდრას ბუნაგი იყო. ძლევამოსულმა გმირმა, დაინახა თუ არა შორიდან ბუნაგში მოკალათებული ჰიდრა, დაუშინა თავისი მოშხამული ისრები. მაგრამ ნატყორცნმა ისრებმა დაძრა საზარელი ცხოველი თავისი ბუნაგიდან. გველეშაპი საშინელი შხივილით მოხოხავდა გამოქვაბულიდან და, ქარიშხლისაგან დამსხვრეულ ხის ტოტებსავით, საზარელ თავებს ერთი–მეორეს ახეთქებდა. ძლგვამოსილი გმირი ელვის სტსწრაფით ეკვეთა ხალხის საზარელ მტერს და ზურგზე მაგრად დააჭირა ფეხი. საშინელი ცხოველი თავისი გრძელი კუდით ჰერკულესს რგოლივით შემოერტყა სხეულზე. ამ დროს საიდანღაც გაჩნდა ვეებერთელა კიბო, რომელიც თავისი ალმასივით მჭრელი მარწუხებით ჰერკულესს წურბელასავით ჩაეჭდო სხეულში. ჰერკულესმა თავისი მძლავრი კომბლის დაკვრით ჯერ საზიზღარი კიბო მოჰკლა და შემდეგ კი გველეშაპის საზარელი თავების მოკვეთას შეუდგა. მაგრამ როგორც კი გმირი ერთ თავს მოჰკვეთდა, გველეშაპს ორი თავი გამოებმოდა. ჰერკულესმა ამ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლის დროს თავის ძმისწულს მოუწოდა დასახმარებლად. იოლოსმა სასწრაფოდ წაუკიდა ცეცხლი მახლობლად მდებარე უღრან ტყეს და ჩირაღდნებივით ანთებული ხეების ღეროებით წვავდა მოკვეთილი თავების ადგილას დარჩენილ გველეშაპის კისრის ძარღვებს. მცირედი ხნის შემდეგ გველეშაპს შერჩა მხოლოდ ერთი უკვდავი თავი, რომელიც გმირმა დაუყონებლივ მოჰკვეთა, იქვე მახლობლად მიწაში დამარხა და კლდიდან მოხეთქილი უზარმაზარი ლოდი გადააფარა.ძლევამოსულმა ნაკუწ–ნაკუწად აჭრა გველეშაპი და მის შხამიან ნაღველში ამოავლო თავისი შორსსატყორცნი ისრები. ამ მოშხამული ისრებით მთელ საბერძნეთში სახელგანთქმულ ჰერკულესს ხალხის მრავალი მტერი დაუძლევია და სასიკვდილოდ გაუგმირავს. ჰიდრაზე ასე ბრწყინვალე გამარჯვებამ საბერძნეთის გმირს დიდი სახელი მოუხვეჭა, ხოლო მეფე ევრისთენე კი მეტად დააღონა და დიდ საგონებელში ჩააგდო.

კ ე რ ი ნ ე ა ს ფ უ რ ი რ ე მ ი[edit]

(მესამე გმირობა) არკადიას და ახაიას შორის მდებარე კერინეას მთის კალთებზე გაშლილ უღღან ტყეებში ლაღად ძოვდა სურნელოვან ბალახს ოქროსრქიანი და გვერდებაფერადებული სპილენძისჩლიქებიანი ფურირემი, რომელიც ხშირად ბარად ჩამოდიოდა და მიწის მუშაკთ ღვთის რისხვად ევლინებოდა. ქალღმერთს არტემიდეს იმ ხუთ ფურირემს შორის, რომელნიც მან ერთხელ ტყეში დაიჭირა, ეს ოქროსრქიანი მშვენიერი ფურირემი შეებრალა და თავისუფლება მიანიჭა. ძლევამოსილ ჰერკულესს, ევრისთენეს დავალებით, ეს ფურირემი უნდა დაეჭირა და მეფისათვის ცოცხლად მიეგვარა. ჰერკულესი რამდენიმე წლის განმავლობაში ფეხდაფეხ სდევდა ფურირემს დასაჭერად, მაგრამ ფრთხილი და ფეხმალი ცხოველი ყოველთვის უვნებლად აფარებდა თავს უღრან ტყეებს, და სახელოვანი გმირი მის დაჭერას ვერ ახერხებდა. დიდი ხნის დევნის შემდეგ ჰერკულესმა ქალღმერთის არტემიდეს საძოვარ მთებში მოიმწყვდია ფურირემი გაუვალ ადგილას და ქალღმერთის საყვარელი, თავისუფლად გაშვებული ცხოველი ფეხის გულში დაჭრა თავისი შორსსატყორცნი ისრით. ჰერკულესმა მხრებზე შეისვა ცოცხალი ფურირემი და თავმომწონედ გაემართა მიკენისაკენ. გზაში ჰერკულესს შემოხვდა ქალღმერთი არტემიდე, რომელმაც დიდი უკმაყოფილება და გულისწყრომა გამოუცხადა გმირს ფურირემის დაჭერისათვის. ჰერკულესმა თავაზიანად მოახსენა განრისხებულ ქალღმერთს: „დიდად პატივცემულო ქალღმერთო, განა მე იმდენად გავკადნიერდებოდი, რომ შენი ღვთაებრივი რისხვა დამემსახურა! განა მე არ ვიცოდი, რომ კირინეას ფურირემის დაჭრა შენში დიდ აღშფოთებას და სამართლიან გულისტკივილს გამოიწვევდა! დარწმუნებული იყავ, დიდად პატივცემულო ქალღმერთო, რომ მე ეს დანაშაული იძულებით ჩავიდინე! ამიტომ გულწრფელად გთხოვ მაპატიო ეს ჩემდა უნებურად ჩადენილი დანაშაული!“ ქალღმერთმა არტემიდემ შეიწყნარა ჰერკულესის გულწრფელი თხოვნა და თავისი გულისწყრომა მოწყალებად შეცვალა. გახარებული ჰერკულესი სასწრაფოდ გაემართა მიკენისაკენ და მცირე ხნის მოგზაურობის შემდეგ, დავალების თანახმად, მეფე ევრისთენეს მიჰგვარა კირინეას ცოცხალი ფურირემი.

ე რ ი მ ა ნ ტ ი ს ტ ა ხ ი[edit]

(მეოთხე გმირობა) ევრისთენეს დავალებით, ჰერკულესს უნდა დაეჭირა და ცოცხლად მიეყვანა მეფისათვის ერიმანტის მოთარეშე გარეული ტახი, რომელიც ულმობელად ანადგურებდა არკადიის მკვიდრთა მთელ ქონებას. სანამ ჰერკულესი ერიმანტის მთებს მიაღწევდა, სახელოვანი გმირი ღამის გასათევად მთებში მცხოვრებ კენტავრ ფოლს ესტუმრა. ჰერკულესის სტუმრობამ დიდად გაახარა კენტავრი ფოლი. სტუმართმოყვარე მასპინძელმა უხვი სუფრა გაუშალა ჰერკულესს და ნუგბარი საჭმელებითა და საუცხოო სასმელით უმასპინძლდებოდა საბერძნეთის სახელოვან გმირს. ფოლთან ერთად გამოქვაბულში ცხოვრობდა კიდევ ოთხი სხვა კენტავრი, რომლებიც ჰერკულესის სტუმრობის დროს შინ არ იმყოფებოდნენ. დიონისე ღმერთმა ერთხელ კენტავრებს ერთი კასრი საუცხოო სურნელოვანი ღვინო აჩუქა და ეს ღვინო ხელუხლებლად ინახებოდა ფოლთან გამოქვაბულში. ჰერკულესმა კარგად იცოდა ნაჩუქარი ღვინის მაღალხარისხოვნება და ამიტომ სტუმართმოყვარე ფოლს სთხოვა ეს შარბათივით ტკბილი ღვინოც მოეტანა სუფრაზე. „დიონისე ღმერთის მიერ ნაჩუქარი კასრი ღვინო კენტავრების საერთო კუთვნილებაა, – ლმობიერად უპასუხა ჰერკულესს ფოლმა. – ამიტომ, თუ დანარჩენი კენტავრებიც ნებას არ დამრთავენ, ვშიშობ დაბეჭდილი კასრის თავის მოხსნას. ჰერკულესმა დამამშვიდებელი კილოთი უპასუხა ფოლს: „ნუ გეშინია, სტუმართმოყვარე მასპინძელო! თუ რაიმე უსიამოვნებას მოგაყენებენ შენი თანამდგმურები, პასუხს მე ვაგებ, საჭირო დახმარებას გაგიწევ! ამიტომ განმეორებით გთხოვ გახსნა დიონისე ღმერთის ნაჩუქარი ღვინით სავსე კასრი და შარბათივით ტკბილი ნექტარი დამალევინო!“ სტუმართმოყვარე ფოლი წინ ვერ აღუდგა ჰერკულესის სურვილს და ღვინით სავსე კასრსს საცობი მოხადა. სურნელოვანი ღვინის სუნმა მოიცვა მთელი გამოქვაბული და მახლობლად მდებარე ადგილები. უზარმაზარი კომბლებით შეიარაღებული კენტავრები, როგორც კი ეცათ ღვინის დამათრობელი სუნი, დაუყოვნებლივ გამოქვაბულში შეიჭრნენ და სტუმარმასპინძელს თავს მედგრად დაესხნენ. ძლევამოსილი ჰერკულესი ელვის სისწრაფით წამოიჭრა სუფრიდან და თავისი მოშხამული ისრების მძლავრი ტყორცნით თავხედი კენტავრები სიცოცხლეს გამოასალმა. ფოლი გაკვირვებით შესცქეროდა ამ საბედისწერო შებრძოლებას და ვერ წარმოედგინა, როგორ მოახერხა ძლევამოსილმა ჰერკულესმა თავისი პატარა ისრებით უზარმაზარი კენტავრების ასე სასწრაფოდ ამოჟლეტა. ცნობისმოყვერეობით გატაცებულმა ფოლმა ერთი ისარი კენტავრის გაცივებული გვამიდან ამოიღო და დაკვირვებით ათვალიერებდა. უეცრივ ფოლს ისარი ხელიდან გაუსხლტა და ფეხში სადგისივით ჩაესო. მოშხამულმა ისარმა საბრალო ფოლი მყისვე სიცოცხლეს გამოასალმა. ჰერკულესი დიდად შეაწუხა ფოლის შემთხვევითმა სიკვდილმა. ძლევამოსილმა გმირმა დიდის გულისტკივილით დაასაფლავა თავისი სტუმართმოყვარე მასპინძელი და ისევ თავის გზას გაუდგა გარეული ტახის საძებნელად. ჰერკულესმა თოვლით ღრმად დაფარულ ერიმანტის ხრიოკ ფერდობებზე მოჰკრა თვალი გარეულ ტახს და მყისვე ელვის სისწრაფით დაედევნა. ძლევამოსილმა გმირმა გარეული ტახი მთის ერთერთ გაუვალ ნაპრალში მიიმწყვდია და დიდი თავგანწირული ბრძოლის შემდეგ ცოცხლად დაიჭირა. ამ ბრწყინვალე გამარჯვებით გამხნევებულმა ჰერკულესმა მხრებზე წამოიკიდა თოკებით მაგრად შებოჭილი გარეული ტახი და თავმომწონედ გაემართა მიკენისაკენ.

მ ე ფ ე ა ვ გ ე ა ს ი ს ბ ო ს ლ ე ბ ი[edit]

(მეხუთე გმირობა) ეპეონელების მეფე ავგეასი მთელს ელიდაში დიდად სახელგანთქმული იყო თავისი უთვალავი სიმდიდრით. მეფის უზარმაზარი ბოსლები და სანახირო ეზოები სავსე იყო საუკეთესო ჯიშის ძროხებითა და ხარებით. მთელი ათეული წლების განმავლობაში ბოსლებში დაგროვილი ნახირის პატივი საოცარ სანახაობას წარმოადგენდა. ამ ბოსლებისა და სანახირო ეზოს გასუფთავება ადამიანის ძალღონეს აღემატებოდა. მეფე ევრისთენეს დავალებით, ჰერკულესს უნდა გაესუფთავებინა ავგეასის ბოსლები მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი პატივისაგან. ძლევამოსულმა გმირმა მიმართა მეფე ავგეასს და აღუთქვა ერთი დღის განმავლობაში გავასუფთავებ ბოსლებს და ყველაფერს წესრიგში მოვიყვანო. როცა მეფე ავგეასმა ჰერკულესის ეს გაბედული წინადადება მოისმინა, სიცილით უპასუხა თავმომწონე გმირს: „თუ მართლაც შენ ერთი დღის განმავლობაში გაასუფთავებ ჩემ ბოსლებს, ჩემი სამიათასი საუცხოო ხარის მეათედ ნაწილს საჩუქრად მიიღებ“. მეფე ავგეასი დარწმუნებული იყო, რომ ჰერკულესი ამ სამძიმო საქმის შესრულებას ვერ შეძლებდა. საბერძნეთის ძლევამოსილი გმირი არ შეუშინდა საქმის სიძნელეს და თავისი დაპირების შესრულების თადარიგს შეუდგა. ჰერკულესმა დაუყონებლივ გაანგრია სანახირო ეზოს უზარმაზარი ქვის კედლები და შიგ მახლობელი მდინარეების, ალფეასა და პენეის, კალაპოტები გადმოიყვანა. მდინარეების აზვირთებული წყლები ფართოდ გაიშალნენ სანახირო ეზოში და მრისხანედ შეიჭრნენ ავგეასის ბოსლებში. მდინარეების მოვარდნილი ზვირთები მთელი დღის განმავლობაში დანავარდობდნენ ბოსლებში და ელვის სისწრაფით გამოქონდათ წლობით ბოსლებში დაგროვილი პატივი. საღამოს ჟამს, როცა ძლევამოსილმა გმირმა ბოსლები მთლიანად გაასუფთავა, ორივე მდინარე ძველ კალაპოტებში ჩააყენა. ასე მოხერხებულად შეასრულა ჰერკულესმა მეფე ევრისთენეს სამძიმო დავალება და ამით კიდევ უფრო დიდი სახელი მოიხვეჭა მთელ საბერძნეთში.

ს ტ ი მ ფ ა ლ ი ს ფ რ ი ნ ვ ე ლ ე ბ ი[edit]

( მეექვსე გმირობა) მეფე ევრისთენეს დავალებით, ჰერკულესს სახელმწიფოს საზღვრებიდან უნდა განედევნა ეგრეთწოდებული სტიმფალიდები. არკადიაში, სტიმფალიდის ტბის ნაპირების მახლობლად, ბუდობდნენ ვეებერთელა ფრინველები, რომელთაც სპილენძის ფრთები, კლანჭები და ნისკარტები ჰკონდათ. ეს მტაცებელი ფრინველები თავს ესხმოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, თავისი სპილენძის ფრთებითა და ნისკარტებით ყველაფერს ამსხვრევდნენ, ანადგურებდნენ და ამრიგად ხელიდან აცლიდნენ მშრომელებს ოფლით მოპოვებულ ქონებას. ჰერკულესმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯომოდა, ეს საშინელი ფრინველები სახელმწიფოს საზღვრებიდან განედევნა. როცა გმირი ტბის ნაპირებს მიუფხლოვდა, დაინახა მთელი გუნდი სტიმფალიდებისა, რომლებიც თავს დასტრიალებდნენ ტბის მახლობლად მდებარე ადგილებს და ჩვეულებრივი თავდასხმისათვის ემზადებოდნენ. ჰერკულესმა არ იცოდა, რა გზით მისდგომოდა ამ საზარელ ფრინველებს და ერთხანად ფიქრებში გართული ფრინველების მტაცებელ გუნდს დაკვირვებით უთვალთვალებდა. უეცრივ ძლევამოსილ გმირს გამოეცხადა ქალღმერთი ათინა, რომელმაც ჰერკულესს გადასცა ფრინველების საფრთხობელო ორი სპილენძის ჟღარუნა. ქალღმერთის რჩევით, ძლევამოსილმა გმირმა ჟღარუნების ერთი–მეორეზე მძლავრი ცემით საშინელი განგაში ატეხა. ჟღარუნების ძლიერმა ხმაურმა დააფრთხო საზიზღარი ფრინველები, რომლებმაც დაუყოვნებლივ დატოვეს სტიმფალის ტბების ნაპირები და გუნდ–გუნდად შორეული მთების მიმართულებით ბაწარივით გაეკრნენ. ძლევამოსული გმირი ელვის სისწრაფით გამოუდგა მთებისაკენ მიმფრინავ სტიმფალიდების გუნდებს და ისრების მძლავრი ტყორცნით შეუბრალებლად ანადგურებდა ჰაერში ბაწარივით გაბმულ საზიზღარი ფრინველების გუნდებს. მტაცებელ ფრინველთა იმ მცირე გუნდებმა, რომლებიც ცოცხალი გადურჩნენ ჰერკულესის საბედისწერო ისრების ტყორცნას სამუდამოდ დატოვეს საბერძნეთის საზღვრები და ამრიგად გაათავისუფლეს მშრომელი მოსახლეობა ყოველდღიური თავზარდამცემი უბედურებისაგან.

კ რ ე ტ ი ს ხ ა რ ი[edit]

(მეშვიდე გმირობა) პოსეიდონ ღმერთმა კუნძულ კრეტის მეფეს მინოსს თავისი საყვარელი ხარი აჩუქა და ამასთანავე სურვილი გამოთქვა, რომ მეფეს ეს საუცხოო ხარი მისთვისვე მსხვერპლად შეეწირა. მეფე მინოსმა არ შეასრულა პოსეიდონ ღმერთის სურვილი და ნაჩუქარი ხარი მსხვერპლად შეწირვის მაგივრად თავის სრულ საკუთრებად დაიტოვა. მეფე მინოსის ასეთმა კადნიერებამ დიდად გაანაწყენა პოსეიდონ ღმერთი, რომელმაც დაუყოვნებლივ წაართვა მეფეს ნაჩუქარი ხარი, ველად გააგდო და მთლიანად გააველურა. ველად გავარდნილი, მთლიანად გაცოფებული ხარი მთელ არემარეს ანადგურებდა, და მის წინააღმდეგ გალაშქრებას ხორცშესხმული ადამიანი ვერ ბედავდა. მეფე ევრისთენემ ჰერკულესს დაავალა ამ ველად გავარდნილი, სიგიჟით შეპყრობილი ხარის დაჭერა და მოთვინიერება. როცა ძლევამოსილმა გმირმა მინოსს თავისი განზრახვა განუცხადა, მეფე დიდად ნასიამოვნები დარჩა და თავის მხრით დახმარების აღმოჩენა აღუთქვა. ძლევამოსილი გმირი თავს დაესხა ველად გავარდნილ საშინელ ხარს, მაგრად დაუჭირა რქები, თავისი ძლიერი მკლავებით მოათვინიერა და ნავით საბერძნეთში წაასხა. მეფე ევრისთენემ, პოსეიდონ ღმერთის ბრძანებით, ჰერკულესის მიერ დაჭერილი და მოთვინიერებული ხარი კვლავ გაათავისუფლა. პოსეიდონ ღმერთის საყვარელი ხარი მყისვე ველად გავარდა და მთელი თავისი სიგიჟითა და თავაშვებულობით ირგვლივ ყველაფერს არბევდა და ანადგურებდა. ხალხის ყოველდღიურ შეწუხებასა, და უბედურებას ბოლო მხოლოდ მაშინ მოეღო, როცა საბერძნეთის მეორე სახელოვანმა გმირმა თეზევმა ქვეყნის ეს ზარდამცემი ცხოველი დაიჭირა და მოათვინიერა.

დ ი ო მ ე დ ე ს ბ ე დ ა უ რ ე ბ ი[edit]

(მერვე გმირობა) თრაკიაში მცხოვრებ ბისტონების მეფე დიომედეს ჰყავდა ველური ბედაურები, რომლებიც ადამიანებს არ ინდობდნენ და ქერსავით ჭამდნენ. დედამიწის ზურგზე ვერცერთი ადამიანი ვერ ეკარებოდა ამ ველურ ბედაურებს, ყველას მათი ეშინოდა და ყველანი ფეხაკრეფით გაურბოდნენ. მეფე დიომედეს განკარგულებით, შიშის ზარდამცემი ბედაურები უზარმაზარ კლდეზე იყვნენ მაგრად მიჯაჭვულნი და საჭმელად სულ საგანგებოდ დაჭერილი უცხოელების ხორცს აწვდიდნენ. მეფე ევრისთენეს დავალებით, ჰერკულესს უნდა გაეხედნა და მოეშინაურებინა დიომედეს ველური ბედაურები. ძლევამოსილი გმირი დაუყოვნებლივ გაემგზავრა თრაკიაში მეფისაგან დავალებული მეტად მძიმე საქმის შესასრულებლად. ჰერკულესმა თრაკიაში მისვლის უმალვე დაატყვევა მეფე დიომედე და მეჯინიბეები, რომლებიც ბედაურებს სდარაჯობდნენ, და კლდეზე მიჯაჭვულ ბედაურებს მიჰგვარა. გამხეცებულმა ბედაურებმა მეფე დიომედე და მისი მეჯინიბეები ნაკუწ–ნაკუწად აქციეს და ჩვეულებრივი სიხარბით შთანთქეს. ჰერკულესმა ამის შემდეგ ჩამოხსნა კლდიდან ველური ბედაურები, თავისი მძლავრი მკლავებით მაგრად დატუქსა და ყველანი ერთბაშად მოათვინიერა. ძლევამოსილმა გმირმა უკვე მოთვინიერებული ბედაურები ზღვის ნაპირას გაიყვანა საბერძნეთში წასასხმელად. ფინიკიელებმა, როგორც კი გაიგეს მეფისა და მეჯინიბეების დაღუპვა, საშინელი განგაში ატეხეს და გატაცებული ბედაურების უკან დაბრუნებას შეეცადნენ. ჰერკულესსა და ფინიკიელებს შორის ცხარე ბრძოლა გაიმართა. სანამ ძლევამოსილი გმირი ფინიკიელების წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას აწარმოებდა, ზღვის ნაპირას დარჩენილი ბედაურები ისევ ძველებურად დაგიჟდნენ და ელვის სისწრაფით ჩაყლაპეს ჰერკულესის გულითადი მეგობარი გაიდერი, რომელსაც ბედაურები მოსავლელად ჰყავდა ჩაბარებული. ჰერკულესმა მძლავრი ცემით ისევ მოათვინიერა დაგიჟებული ბედაურები და მეფე ევრისთენეს მიჰგვარა. მეფემ სრულიად მოთვინიერებული და მოშინაურებული ბედაურები შესწირა ღმერთების მამამთავრის ზევსის მეუღლეს, ყოვლად მოწყალე ქალღმერთ ჰერას. გულითადი მეგობრის გაიდერის დაკარგვით დამწუხრებული ჰერკულესი ძლევამოსილ გმირ იაზონთან ერთად კოლხიდაში გაემგზავრა არგონავტების ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად.

ი პ ო ლ ი ტ ე ს ს ა რ ტ ყ ე ლ ი[edit]

(მეცხრე გმირობა) მეფე ევრისთენეს დავალებით, ჰერკულესს უნდა მოეტანა მეფის ასულის ალმეტესათვის ამაზონელთა ქალების დედოფლის იპოლიტეს ოქროთ ნაქარგი სარტყელი, რომელიც დედოფალმა თავის საყვარელ მამის არესისაგან მიიღო საჩუქრად. ეს მეტად სამძიმო დავალება რომ პირნათლად შეესრულებინა, ჰერკულესმა შეკრიბა საბერძნეთის საუკეთესო მეომრები, ნავებით გადალახა შავი ზღვის აბობოქრებული ტალღები, მეოტიდის ზღვის ნაპირას მდებარე ამაზონელი ქალების სატახტო ქალაქს თემისცირას ალყა შემოარტყა და დაუყოვნებლივ გამართა მოლაპარაკება დედოფალ იპოლიტესთან. დედოფალს ძლიერ მოეწონა ჰერკულესის ვაჟკაცური შესახედაობა და დიდის თავაზიანობით შეხვდა საბერძნეთის სახელოვან გმირს. დედოფალმა ჰერკულესს აღუთქვა თავისი ოქროთი ნაქარგი სარტყელის ნებაყოფლობით დათმობა. როცა ამაზონელმა ქალებმა გაიგეს დედოფლის გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეიარაღდნენ და თავს დაესხნენ ჰერკულესსა და მის ძლევამოსილ მეომრებს. საშინელი ბრძოლა გაიმართა. ამოზონელი ქალები იშვიათი მამაცობით იბრძოდნენ ბრძოლის საბედისწერო ველზე. ჰერკულესი და საბერძნეთის ძლევამოსილი მეომრები სამკვდრო–სასიცოცხლოდ ეკვეთებოდნენ ამაზონელი ქალების ცხენოსან რაზმებს და საუკეთესო მხედრებს სიცოცხლეს ასალმებდნენ. დახოცილთა გვამები სისხლის მორევში ცურავდა. დაჭრილთა კვნესა და გმინვა ბრძოლის ველს კიდით–კიდემდის სწვდებოდა. ძლევამოსილმა ჰერკულესმა რამდენიმე იერიშის ზედიზედ მიტანის შემდეგ დაამარცხა ამაზონელი ქალები და მრავალი მათგანი სასიკვდილოდ დაიჭრა, ხოლო ვინც კი სიკვდილს გადურჩა, ყველა სამარცხვინოდ უკუაქცია. დედოფალმა იპოლიტემ თავისი დაპირება შეასრულა და ჰერკულესს ნებაყოფლობით დაუთმო თავისი ოქროთი ნაქარგი სარტყელი. ძლევამოსილმა გმირმა მადლობა შესწირა დედოფალს და თავისი მამაცი მეომრებით საბერძნეთში დაბრუნდა. ჰერკულესი ათავისუფლებს ლაომედონის ქალიშვილს ჰესიონას სანამ ჰერკულესი თავისი სამშობლოს საზრვრებს მიაღწევდა გზაში მეტად სამძიმო საქმის შესრულება მოუხდა. ტროადის ნაპირებზე ჰერკულესმა დაინახა უზარმაზარ კლდეზე მიჯაჭვული მეფე ლაომედონის ქალიშვილი ჰესიონა, რომელიც მშობლებს გაეწირათ პოსეიდონ ღმერთის მიერ მოვლენილი საზარელი გველეშაპის საძიძგნელად. საბრალო ჰესიონა ყოველ წამს მოელოდა საბედისწერო გველეშაპს და მის განუწყვეტელ ტანჯვას საზღვარი არა ჰქონდა. პოსეიდონ ღმერთმა ტროადის მეფეს ლაომედონს განსაზღვრული სასყიდელით აუგო ტროადის ირგვლივ მაღალი ქვის კედლები. მაგრამ ყველგან და ყოველთვის დაუნდობელმა მეფემ ყოვლად შემძლებელ ღმერთს არ გადაუხადა კედლების ასაგებად დაპირებული სასყიდელი. მეფის ასეთმა უმართებულო საქციელმა დიდად გაანაწყენა პოსეიდონ ღმერთი. ზღვის მბრძანებელმა პოსეიდონ ღმერთმა მთელ ტროადის მხარეს მოუვლინა საშინელი გველეშაპი, რომელიც მუდამდღე არბევდა ადგილობრივ მოსახლეობას და მთელ მის დოვლათს შეუბრალებლად ანადგურებდა. ხალხის რისხვად მოვლენილი საშინელი გველეშაპი არავის არ ინდობდა, ყველას სიცოცხლეს ასალმებდა და თავის გაუმაძღარ მუცელს განუწყვეტლივ იყორავდა. გულთმისნის წინასწარმეტყველებით, ტროადელები მხოლოდ მაშინ იქნებოდნენ უზრუნველყოფილი ამ საშინელი უბედურებისაგან, თუ მეფე ლაომედონი თავის საყვარელ ასულს ჰესიონას საშინელი გველეშაპის გაუმაძღარი მუცლის ამოსავსებად გაიმეტებდა. ხალხი დაჟინებით მოითხოვდა მეფეს ასეთი მსხვერპლი გაეღო. მეფე ლაომედონი იძულებული იყო თავისი საყვარელი ჰესიონა ხალხის საკეთილდღეოდ სასიკვდილოდ გაეწირა. სწორედ იმ დროს, როცა საბრალო ჰესიონა მაღალ კლდეზე მიჯაჭვული უსაზღვროდ იტანჯებოდა და სიკვდილის მოლოდინში ცხარე ცრემლებს აფრქვევდა, ტროადაში გზად ჩამოიარა ამაზონელი ქალების ბრძოლის ველიდან დაბრუნებულმა ჰერკულესმა. მეფე ლაომედონმა საბერძნეთის ძლევამოსილ გმირს სთხოვა, თუ ჩემ ასულს ჰესიონას სიკვდილს გადაარჩენ, სამაგიეროდ ღმერთების მამამთავრის ზევსისაგან ბოძებულ ბედაურებს საჩუქრად მოგიძღვნიო. ჰერკულესი სიამოვნებით დათანხმდა მეფე ლაომედონის ამ წინადადებაზე. ძლევამოსილი გმირი სამკვდრო–საციცოცხლოდ შეებრძოლა ტროადელების თავზარდამცემ საზიზღარ გველეშაპს. საბერძნეთის სახელოვანი გმირის მიერ მძლავრად ნატყორცნმა ისარმა გამოასალმა სიცოცხლეს ხალხის დაუძინებელი მტერი. მაგრამ მუდამ დაუნდობელმა მეფე ლაომედონმა არ შეასრულა თავისი დაპირება და ჰერკულესს უარი განუცხადა აღთქმული საჩუქრის მიცემაზე. მეფის უმართებულო საქციელმა დიდად შეურაცხყო ჰერკულესი, მაგრამ რადგან სახელოვან გმირს იმჟამად დრო არა ჰქონდა მეფე ლაომედონს საკადრისად გასწორებოდა, დაუნდობელი და მატყუარა მეფის სასტიკად დასჯა უფრო მოხერხებული დროისათვის გადადო. ჰერკულესი საბერძნეთში მშვიდობიანად დაბრუნდა და მეფე ევრისთენეს გადასცა ამაზონელი ქალების დედოფლის იპოლიტეს ოქროთი ნაქარგი სარტყელი.

გ ე რ ი ო ნ ე ს ხ ა რ ე ბ ი[edit]

(მეათე გმირობა) ქრისაორისა და კალიროეს შვილი გერიონე ცხოვრობდა ოკეანის დასავლეთით, კუნძულ ერითიაზე, ჰესპერიდების მეზობლად. გერიონეს სამი ერთმანეთთან შეზრდილი ტანი, სამი თავი, სამი ფეხი და სამი ხელი საოცარ სანახაობას წარმოადგენდა, იგი თავისი საშინელებით ადამიანს შიშის ზარს ჰგვრიდა. გერიონეს საუცხოო ხარები, რომელთაც ფხიზლად სდარაჯობდნენ ორთავიანი ველური ძაღლი ორთრომი და მწყემსი ევრიტიონი, მწვანედ აბიბინებულ ბალახს ძოვდნენ. კუნძულის მინდორ–ველზე გშლილი ხარების ღმუილი მთელ მიდამოს აყრუებდა. ადგილობრივი მოსახლეობა შურის თვალით შესცქეროდა კვერცხივით დალესილ ხარებს, მაგრამ ფხიზელი დარაჯების შიშით ახლოს მისვლასაც კი ვერ ბედავდა. გერიონე დროგამოშვებით გამოდიოდა საძოვარ ველზე და მთელი საათობით სიყვარულით შესცქეროდა თავის საუცხოო ხარებს, რომელთა ბადალი დედამიწის ზურგზე იშვიათად მოიპოვებოდა. მეფე ევრისთენემ ძლევამოსილ ჰერკულესს დაავალა გერიონეს საუცხოო ხარების მოტაცება და საბერძნეთში ჩამოყვანა. ამ დავალების შესრულება მეტად სამძიმო საქმე იყო. აბა რომელი ადამიანი გაკადნიერდებოდა ისე, რომ ერითიას კუნძულიდან მოეტაცა გერიონეს საუცხოო ხარები! მაგრამ ჰერკულესი არ შეუშინდა საქმის სიძნელეს. ძლევამოსოლი გმირი დიდძალი მხედრობით გაემგზავრა ლიბიაში, სადაც ცხარე შებრძოლება მოუხდა „მიწის შვილ“ ანთეოსთან. როგორც კი მიწას ფეხებს მიაკარებდა, ანთეოსს ძალა ემატებოდა და მტრისაგან ყოველთვის უძლეველი რჩებოდა. ჰერკულესმა ანთეოსს მაგარად ჩასჭიდა ხელები და თავისი მძლავრი მკლავებით დაახრჩო ჰაერში ჩამოკიდებული „უძლეველი“ გმირი. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ჰერკულესმა მიაღწია იმ სრუტემდის, რომელიც ლიბიას ევროპისაგან ყოფს. ძლევამოსილმა გმირმა თავის აქ ყოფნის აღსანიშნავად სრუტის ორივე ნაპირზე აღმართა უზარმაზარი ქვის სვეტები, რომლებსაც დღემდის „ჰერკულესის სვეტების“ სახელი შერჩენია. სწორედ ამ დროს ციდან დედამიწაზე ეშვებოდა თავისი ბრწყინვალე ეტლით მზის ღმერთი ჰელიოსი. მზის ნათელი შუქი ჰერკულესს თვალებს სჭრიდა და გზის განგრძობის საშუალებას უსპობდა. ძლევამოსილი გმირი უკვე მზად იყო ეტყორცნა ისარი ჰელიოსისათვის, მაგრამ ცისა და ქვეყნის მანათობელმა შეაჩერა ჰერკულესი და ნაცვლად მრისხანებისა მოწყალე თვალით გადმოხედა სახელოვან გმირს. ყოვლად შემძლებელმა ღმერთმა ჰერკულესს აჩუქა ის ოქროს ნავი, რომლითაც იგი მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდის, ზღვასა და ოკიანეზე მოგზაურობდა. ძლევამოსილი გმირი ჩაჯდა ოქროს ნავში და სასწრაფოდ მიცურა კუნძულ ერითიას ნაპირებთან, საცა გერიონეს ხარებს ფართოდ გაეშალათ წრე და ლაღად ძოვდნენ ბალახს. როგორც კი ხარების ფხიზელმა დარაჯმა, ორთავიანმა ძაღლმა, შორიდან უცხოელს მოჰკრა თვალი, საზარელი ყეფით ჰერკულესისაკენ შურდულივით მოსწყდა, მაგრამ ძლევამოსილმა გმირმა მძლავრად სტყორცნა ისარი და საშინელ ცხოველს მყისვე სიცოცხლე მოუსპო. ძაღლის ყეფაზე მწყემსი ევრიტიონიც ადგილიდან წამოიჭრა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა უცხოელისაკენ. მაგრამ ფხიზელ ევრიტიონსაც ორთავიანი ძაღლის ბედი ეწია. ჰერკულესმა უმცველებოდ დარჩენილი ხარები სასწრაფოდ გაიტაცა და ზღვის ნაპირისაკენ გარეკა. როგორც კი გაიგო ხარების მოტაცება, გერიონე დაუყოვნებლივ დაედევნა უცხოელს. გერიონესა და ჰერკულესს შორის სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართა. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ძლევამოსილმა გმირმა ერთი მაგრად სტყორცნა თავისი ალმასივით მჭრელი ისარი და საუცხოო ხარების გაუმაძღარი პატრონი სიცოცხლეს გამოასალმა. ჰერკულესმა მოტაცებული ხარები დაუყოვნებლივ შერეკა ოქროს ნავში და დაუბრკოლებლივ შეცურა ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში. ზღვაში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ჰერკულესმა მშვიდობიანად მიაღწია იბერიის ნაპირებს, საიდანაც, ესპანეთის მახლობლად ჩავლით, ლიგურიის ნაპირებს მიაყენა გერიონეს ხარებით დატვირთული ოქროს ნავი. მამაცი ლიგურიელები სრულიად მოულოდნელად თავს დაესხნენ ჰერკულესს იმ აზრით, რომ გერიონეს ხარები წაერთმიათ. ჰერკულესი და მისი თანამგზავრი მეომრები გმირულად შეებრძოლნენ მოულოდნელად მოსეულ მტერს. საშინელი ბრძოლა გაიმართა. მეტად ძნელი გამოსაცნობი იყო, თუ ვინ სძლევდა. მაგრამ ამ საბედისწერო დროს ღმერთების მამამთავარმა ზევსმა ლიგურიელებს ქვების წვიმა მოუვლინა და ყველანი ერთიანად გაანადგურა. ბრძოლის ასე საკეთილოდ დამთავრების შემდეგ ჰერკულესი მშვიდობიანად დაბრუნდა საბერძნეთში და მეფე ევრისთენეს ჩააბარა გერიონეს საუცხოო ხარები.

ო ქ რ ო ს ვ ა შ ლ ე ბ ი[edit]

(მეთერთმეტე გმირობა) ღმერთების მამამთავრის ზევსისა და ჰერას ქორწილში ქალღმერთმა გეამ ახლადდაქორწინებულებს, ნიშნად ღრმა პატივისცემისა, ოქროს ვაშლი აჩუქა. ქალრმერთმა გეამ გაჩუქებული ოქროს ვაშლი ზევსის სახელობაზე შეწირულ ჰესპერიდების ბაღში მიწაში ღრმად ჩამარხა. სულ მოკლე ხანში მიწაში ჩამარხული ვაშლიდან აღმოცენდა ლამაზი ტანის ვაშლისხე, რომელმაც ოქროს ვაშლები მოისხა. ჰესპერიდების საუცხოო ბაღს სდარაჯობდა ასთავიანი გველეშაპი, რომლის საზიზღარი თავები სშინელი შხივილით მთელ არემარეს აყრუებდნენ და ყველას გამოუთქმელ შიშის ზარს ჰგვრიდნენ. ბაღის ეს ფხიზელი დარაჯი, რომლის თვალებს არასოდეს ძილი არ ეკარებოდა, ყოველთვის პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას და არცერთ ადამიანს ბაღის მახლობლად გავლის უფლებას არ აძლევდა. მშვენიერი ნიმფები, რომლებიც ბაღს მეთვალყურეობდნენ, დიდის მზრუნველობით თავს დასტრიალებდნენ ბუნების ამ საუცხოო წალკოტს და თითოეულ მტკაველ ადგილს წმენდდნენ და ალამაზებდნენ. მეფე ევრისთენეს დავალებით, ჰერკულესს ამ ბაღში უნდა მოეწყვიტა ოქროს ვაშლები და მისთვის სასახლეში მიეტანა. ძლევამოსილი გმირი არ შეუშინდა ამ სამძიმო დავალების შესრულებას, თუმცა დანამდვილებით არ იცოდა, რომელ მხარეს და სახელდობრ რა ადგილას იმყოფებოდა ეს საკვირველი ბაღი. ჰერკულესი, მიუხედავად ასეთი დაბრკოლებისა, მაინც გაემგზავრა თავისი სამძიმო დავალების შესასრულებლად და თავდაპირველად თესალიაში მივიდა, საცა სახელოვან გმირს ცხარე შეტაკება მოუხდა უზარმაზარ გერმერთან, რომელსაც მძლავრი კომბლის დაკვრით თავი ოთხად გაუტეხა და სიცოცხლეს გამოასალმა. მდინარე ეხედორის ნაპირას ჰერკულესს შემოხვდა არესის ღვთაებრივი შვილი კიკნა, რომელმაც ძლევამოსილი გმირი ხელჩართულ ბრძოლაში გამოიწვია. ჰერკულესმა პირველი შეტაკებისთანავე მძლავრად მოიწყვდია მკლავებში კადნიერი ფალავანი და ისეთი ძალით დაახეთქა მიწაზე, რომ საბრალომ მყისვე სული დალია. შვილის დაკარგვით გამწარებული არესი გააფრთებული ლომივით თავს დაესხა ჰერკულესს, რომ სამაგიერო გადაეხადა. ცხარე ბრძოლა გაიმართა ომიანობის ღმერთსა და ძლევამოსილ ჰერკულესს შორის. ვინ იცის, რით დამთავრდებოდა ეს საბედისწერო ბრძოლა, რომ ღმერთების მამამთავარს ზევსს საშინელი ქუხილის მოვლენით ორივე თავდადებული მებრძოლი არ გაეშორიშორებინა. მდინარე ერიდანის ნაპირას ჰერკულესს გამოეცხადნენ წყლის ნიმფები, რომლებმაც შემდეგი სიტყვებით მიმართეს სახელოვან გმირს: „დიდებულო ჰერკულესს! თუ გსურს ჰესპერიდების ბაღისაკენ სწორი გზა გაიკვლიო, ახლავე ჩაუსაფრდი წყლის ღმერთს ნერეის და როგორც კი თვალი მოჰკრა წყლის ნაპირას, დაუყოვნებლივ სტაცე ხელი, დაიჭირე და თოკებით მაგრად შეკარი. სანამ თვალთმაქცი და ცბიერი ღმერთი სწორ გზას არ გიჩვენებს, ხელიდან არ გაუშვა და არ გაათავისუფლო“. ჰერკულესი, ნიმფების რჩევით, მართლაც ჩაუსაფრდა ნერეის მდინარის მოხერხებულ ნაპირას და, როგორც კი ნაპირზე ამოსული წყლის ღმერთი დაინახა, ელვის სისწრაფით სტაცა ხელები, თოკებით მაგრად შეკოჭა და ჰესპერიდების ბაღისაკენ მიმავალი სწორი გზის ჩვენება მოსთხოვა. ნერეი ყოველ წუთს სულ სხვადსხვა სახეს იღებდა და ამრიგად ჰსურდა გმირი შეეშინებინა და ხელიდან გასხლტომოდა. როცა ამ თვალთმაქცობამ ვერ გაჭრა, ნერეი იძულებული იყო ჰერკულესისათვის ჰესპერიდების ბაღისაკენ მიმავალი სწორი გზა ესწავლებინა. ნერეის რჩევით, ძლევამოსილმა გმირმა დიდის დაბრკოლებით გადალახა მთელი ლიბია და ეგვიპტე. ეგვიპტეში ჰერკულესმა მოჰკლა ამ ქვეყნის მეფე ბუზერიდი, რომელიც თავის სახელმწიფოში არცერთ უცხოელს არ ინდობდა და ყველას განუკითხველად ოლიმპოს მბრძანებელს ზევსს სწირავდა მსხვერპლად. მეფე ბუზერიდის ბრძანებით, ჰერკულესი, როცა მან ეგვიპტეში შეიარა, დაიჭირეს და შებორკილი მიიყვანეს ტაძარში, რომ მსხვერპლად შეეწირათ. მაგრამ ძლევამოსილმა გმირმა ერთიანად დალეწა ფეხებზე დადებული ბორკილები და მეფე ბუზერითი და ტაძრის მსახურები ყველანი გაჟლიტა. ჰერკულესმა განაგრძო გზა და სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს გმირულად გაათავისუფლა კავკასიის კლდოვან ქედზე მიჯაჭვული პრომეთე. ბოლოს მან მიაღწია იმ მხარეს, საცა უზარმაზარი ატლანტის ცის თაღს თავისი მძლავრი მხრებით იმაგრებდა. ატლანტმა ძლევამოსილ ჰერკულესს სთხოვა, თუ ჩემ მაგივრად ცის თაღს დროებით შეიმაგრებ, ჰესპერიდების ბაღში ოქროს ვაშლებს თვითონ მოვწყვეტ და მოგიტანო. ჰერკულესმა სიამოვნებით მიიღო ატლანტის წინადადება. ძლევამოსილმა გმირმა ატლანტის მაგივრად ცის უზარმაზარი თაღი თვითონვე წამოიდგა თავის მძლავრსა და ფართო ბეჭებზე. ატლანტი დაუყოვნებლივ გაემართა ჰესპერიდების ბაღისაკენ და, როგორც კი ბაღის ალაყაფის კარებთან მივიდა, მოჰკლა უზარმაზარი გველეშაპი, რომელიც ბაღს სდარაჯობდა, სრულიად დაუბრკოლებლად მოწყვიტა ჰესპერიდების ბაღში სამი ოქროს ვაშლი და, დაპირებისამებრ, ჰერკულესს წამოუღო. ატლანტს თავისუფლად ყოფნა ძლიერ გაუტკბა და ამიტომ იგი შეეცადა ცის თაღი სამუდამოდ ჰერკულესისათვის შეეტოვებინა. მაგრამ ჰერკულესმა შეუტყო ატლანტს ცბიერება და თვითონაც თავის მხრით ამავე ცბიერ ხერხს მიმართა. ძლევამოსილმა გმირმა ატლანტს თავაზიანად სთხოვა: დროებით შემენაცვლე, ბეჭები რომ არ ამტკივდეს, ლომის ტყავს მოვიშველიებ და შემდეგ ისევ შეგცვლი და კვლავ გაგათავისუფლებო. ატლანტმა გულუბრყვილოდ დაუჯერა ჰერკულესს და ცის თაღი ისევ წამოიდგა მხრებზე. ჰერკულესმა სასწრაფოდ დაავლო ხელი ოქროს ვაშლებს და გაეშურა საბერძნეთისაკენ. მეფე ევრისთენეს განცვიფრებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა ჰესპერიდების ბაღში მოწყვეტილი ოქროს ვაშლები დაინახა. მეფემ ჰერკულესის მიერ მოტანილი ოქროს ვაშლები ქალღმერთ ათინას შესწირა. ღმერთების მამამთავრის ზევსის სურვილის თანახმად, ქალღმერთმა ათინამ მეფე ევრისთენეს მიერ შეწირული ოქროს ვაშლები ისევ ჰესპერიდების ბაღში დააბრუნა.

კ ე რ ბ ე რ ი[edit]

(მეთორმეტე გმირობა) მეფე ევრისთენემ, ჰერკულესი რომ უეჭველად დაეღუპა, დაავალა ჯოჯოხეთიდან ამოეყვანა სამთავიანი ძაღლი კერბერი, რომელიც საიქიოს ალაყაფის კარებს სდარაჯობდა. კერბერის უმგვანო თავები, შხამითა და დორბლით სავსე ლაშები, გველეშაპივით ჩამოკიდებული კუდები და ბალნის მაგივრად ზურგზე დაყრილი გველები, რომლებიც მუდამჟამს საზარლად სისინებდნენ, საშინელ სანახაობას წარმოადგენდა. ყველანი, ვინც კი ამ საზარელ ცხოველს დაინახავდა, შიშით ძრწოდნენ და ახლოდ მიკარებას ვერ ბედავდნენ. ჰერკულესი არ შეუშინდა ამ საზარელ ცხოველს და გადაწყვიტა მეფე ევრისთენეს დავალების შესრულება. სანამ გმირი საიქიოს სამეფოში გაემგზავრებოდა, იგი თავდაპირველად მივიდა ქალაქ ელევსინში, საცა გმირს ქურუმმა გაანდო ეგრეთწოდებული „ელევსინის საიდუმლოებანი“, რომელთა საშუალებით ჰერკულესს სრული უშიშროება ენიჭებოდა. როცა ჰერკულესმა ყველა საჭირო ცნობა ადგილობრივ შეკრიბა, იგი დაუყოვნებლივ გაემგზავრა ქალაქ ტანარისში, საიდანაც პირდაპირი გზა ჩადიოდა საიქიოს სამეფოში. ჯოჯოხეთის ჩასასვლელ კარებთან ძლევამოსილ გმირს შემოხვდა ჰერმესი, რომლის შემწეობით ჰერკულესი მშვიდობიანად ჩავიდა ჰადესისა და პერსეფონეს საიქიოს საბრძანებელში. მიცვალებულთა აჩრდილები, რომლებიც გმირს გზაში ხვდებოდნენ, ჰერკულესს თვალს არიდებდნენ და შიშით შორს გაურბოდნენ, ადგილიდან არ იძროდნენ მხოლოდ მელეაგრისა და მორგონას აჩრდილები. ჰერკულესმა იძრო თავისი ბასრი ხმალი და ის იყო მორგონა უნდა გაეგმირა, მაგრამ იგი უეცრივ შეაჩერა ჰერმესმა და დაარწმუნა, შენს წინაშე დგას მხოლოდ მორგონას აჩრდილი, რომელიც ამიერიდან არავისთვის საშიში არააო. ჰერკულესმა ამის შემდეგ გადაწყვიტა ღმერთებისათვის მსხვერპლი შეეწირა და სამსხვერპლო ხარის სისხლი მიცვალებულთა აჩრდილებისათვის დაელევინებინა. მართლაც, ძლევამოსილმა გმირმა ჰადესის საბალახოებზე აირჩია მსხვერპლად შესაწირი საუკეთესო ხარი, მაგრამ ხარების მწყემსმა გელოტიოსმა ჰერკულესს გადაჭრით უარი გამოუცხადა ხარის დათმობაზე. ჰერკულესმა თავის მძლავარ მკლავებში მოიმწყვდია თავხედი მწყემსი, მაგრად ჩაულეწა გვერდები და, უეჭველია, სიცოცხლეს გამოასალმებდა, რომ დედოფალი პერსეფონე არ მიშველებოდა. ჰადესი წინააღმდეგი იყო ჰერკულესს ჯოჯოხეთის ფხიზელი დარაჯი კერბერი წაეყვანა. საბერძნეთის სახელოვანმა გმირმა იწყინა ჰადესის წინააღმდეგობა და ისეთი ძალით სტყორცნა ისარი, რომ ჯოჯოხეთის მბრძანებელი მხარში დაჭრა. ჰადესი ახლა კი იძულებული შეიქნა დათმობის გზას დასდგომოდა. ჯოჯოხეთის მბრძანებელი ბოლოს და ბოლოს დასთანხმდა ჰერკულესს კერბერის წაყვანაზე, მხოლოდ იმ პირობით, თუ უიარაღოდ დაიჭერდა. ჰერკულესმა მხრებზე წამოისხა თავისი ლომის ტყავი და კერბერის ძებნას შეუდგა. მდინარე ასერონის ნაპირას ჰერკულესმა თვალი მოჰკრა კერბერს, ელვის სისწრაფით თავს დაესხა და ისე მაგრად ჩასჭიდა ზურგში ხელები, რომ საზარელი ცხოველი თითქმის უგრძნობლად დაეშვა გმირის ფეხთით მთელი თავისი სიმძიმით. ძლევამოსილმა გმირმა თოკებით მაგრა შეკრა ჯოჯოხეთის ეს ფხიზელი დარაჯი, მძლავრ მხრებზე წამოიკიდა და ჯოჯოხეთის მეორე კარებიდან სააქაოს გამოიყვანა. კერბერი, როგორც კი სინათლის შუქი თვალებში მოხვდა, გზადაგზა პირიდან შხამიან დორბლებს ანთხევდა და ირგვლივ ყველაფერს წამლავდა. როცა მეფე ევრისთენემ დაინახა საიქიოს სამეფოს ფხიზელი დარაჯის საშინელი პირისახე, იგი იმდენად შეშფოთდა, რომ საბოლოოდ გადაწყვიტა ძლევამოსილი გმირი გაეთავისუფლებინა თავისი მორჩილებისა და შემდგომი დავალებებისაგან. ჰერკულესმა კერბერი ისევ საიქიოს სამეფოში დააბრუნა და თვითონ კი დაბრუნდა ქალაქ თებეში, სადაც მოსახლეობა დიდის აღტაცებით შეხვდა სახელოვან გმირს. როცა ჰერკულესმა მეფე ევრისთენესაგან დამოკიდულებას თავი დააღწია და უკვე სრულიად თავისუფლად იგრძნო თავი, გადაწყვიტა მეორედ ცოლის შერთვა. პირველი მეუღლე მელეაგრა, მისივე სურვილის თანახმად, ცოლად გაჰყვა ჰერკულესის ძმისწულ იოლაის. ჰერკულესს ძლიერ მოსწონდა თავისი ყოფილი მასწავლებლის ევრიტის ქალიშვილი, მშვენიერი ილა. ევრიტმა ჰერკულესს გამოუცხადა: ქალიშვილს მივათხოვებ მხოლოდ ისეთ სასიძოს, რომელიც მეცა და ჩემ შვილებსაც მშვილდ–ისრის სროლაში დაგვძლევსო. თუმცა ძლევამოსილმა გმირმა მშვილდ–ისრის შეჯიბრებაში დასძლია ევრეტი და მისი შვილები, მაგრამ ფრთხილმა მშობელმა საბოლოოდ ვერ გადაწყვიტა თავისი საყვარელი ქალიშვილის ჰერკულესისათვის მითხოვება. ევრიტი შიშობდა მის საყვარელ ქალიშვილსაც მელეაგრას ბედი არ სწეოდა, ჰერკულესს სთხოვა ცოტათი დაეხანებინა და ამ დიდი საკითხის საბოლოოდ გადასჭრელად დრო მიეცა. ჰერკულესმა ევრიტის ასეთი გაურკვეველი და ბუნდოვანი პასუხი დიდ შეურაცხყოფად მიიჩნია. შეურაცხყოფილმა გმირმა ამის შემდეგ დატოვა სამშობლო ქალაქი და თავის მეგობარ ადმესტთან თესალიაში გადასხლდა. ადმესტის მთელი სახლობა ჰერკულესს დიდ მწუხარებაში დახვდა. მეფე ადმესტი, სანამ ჰერკულესი თესალიაში გადასხლდებოდა, ისე დაავადმყოფდა, რომ მისი მორჩენის იმედი სახელმწიფოში არავის არ ჰქონდა. მეუღლის განუსაზღვრელად მოსიყვარულე დედოფალმა, ადმესტი რომ სიკვდილისაგან დაეხსნა, ღმერთებს მხურვალედ სთხოვა მეუღლის მაგივრად სიკვდილი მისთვის მოევლინათ. ყოვლად შემძლებელმა ღმერთებმა დედოფლის გულწრფელი ვედრება შეიწყნარეს. დედოფალი ალკესტა გარდაიცვალა და მისი სული საიქიოს სამეფოში გადასახლდა. საბრალო მეფე, როცა მან დედოფლის გარდაცვალების მიზეზი შეიტყო, დიდად წუხდა და ყოველგვარ ზომებს იღებდა, რომ მისთვის თავდადებული საყვარელი ალკესტა მკვდრეთით აღედგინა. როცა ჰერკულესმა შეიტყო ეს სამწუხარო ამბავი თავისი მეგობრისაგან, დაუყოვნებლივ გაემგზავრა საიქიოს სამეფოში და დიდის მოკრძალებით სთხოვა საიქიოს მბრძანებელს ალკესტას ამ ქვეყნად დაბრუნება. საიქიოს მბრძანებელმა შეიწყნარა ძლევამოსილი გმირის თავაზიანი თხოვნა და ალკესტას სული დაუბრუნა დედოფლის ამქვეყნიურ სხეულს, რომელიც დაუყოვნებლივ გათბა და სიცოცხლის ძალა მოიპოვა. მეფე ადმესტი და დედოფალი ალკესტა კიდევ დიდხანს ბედნიერად ცხოვრობდნენ და მუდამ განუსაზღვრელი მადლობით იხსენიებდნენ თავის კეთილისმყოფელ მეგობარს ჰერკულესს. სწორედ ამ ხანებში ევრიტის შვილმა იფიტმა სთხოვა ჰერკულესს დახმარება აღმოეჩინა მთელ საბერძნეთში ცნობილი ქურდის ავტოკლიტის მიერ მოპარული ევრიტის ხარების მოსაძებნად. ავტოკლიტი დიდად დახელოვნებული იყო ქურდობის საქმეში. ეს თვალთმაქცი ქურდი მოპარულს ისე შეუცვლიდა გარეგან სახეს, რომ პატრონი მის ცნობას ვერ ახერხებდა. ამრიგად ეს ვერაგი ქურდი განუწყვეტლივ ცარცვავდა და ანადგურებდა მშრომელ მოსახლეობას. ჰერკულესს კარგად ახსოვდა ის დიდი შეურაცხყოფა, რომელიც ევრიტმა მას მიაყენა და ამიტომ, სამაგიერო რომ გადაეხადა, ხარების ძებნის დროს შეურჩია დრო და იფიტი ისე მძლავრად დაახეთქა თავით უზარმაზარ კლდეს, რომ სიცოცხლეს გამოასალმა. ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა სასტიკად დასაჯა ჰერკულესი სრულიად უდანაშაულო იფიტის ასე შეუბრალებლად სიცოცხლის გამოსალმებისათვის. ღმერთების მამამთავარმა თავის ღვთაებრივ საყვარელ შვილს დროებითი სიგიჟე მოუვლინა. ამ საშინელმა სენმა ჰერკულესს გონება სრულიად დაუკარგა. საბრალო გმირი ქუჩა–ქუჩა დაძრწოდა და შველას კი ვერ პოულობდა. ბოლოს ჰერკულესმა გადაწყვიტა აპოლონ ღმერთს შეჰკითხებოდა, რომ გაეგო, რა იყო მისი ასე მოულოდნელად დაავადების მიზეზი. მაგრამ აპოლონ ღმერთის ქურუმმა გამოუცხადა სახელოვან გმირს: ადამიანის მკვლელი ღირსი არაა ღმერთების ყურადღებისა და ამიტომ შეკითხვაზე პასუხს ვერ მიიღებო. ქურუმის ასეთი პასუხით გაჯავრებულმა ჰერკულესმა ძალადობით მოიტაცა ტაძრიდან სამფეხი და ცის ქვეშ მინდორში გამართა საკუთარი სამისნო. აპოლონ ღმერთმა იწყინა ჰერკულესის ამგვარი კადნიერება და სახელოვანი გმირი ხელჩართულ ბრძოლაში გამოიწვია. ჰერკულესი და აპოლონ ღმერთი ერთი–მეორეს სამკვდრო–სასიცოცხლოდ ეკვეთნენ. მაგრამ ღმერთების მამამთავარმა ზევსმა მებრძოლთ მოუვლინა მძლავრი ქარიშხალი და თავგანწირული მებრძოლნი ერთი–მეორეს ჩამოაშორა. ბოლოს ღმერთებმა მაინც უწინასწარმეტყველეს სახელოვან გმირს, რომ დანაშაულის გამოსასყიდლად საჭიროა სამი წლის განმავლობაში მონის სახით მოსამსახურეობა გაუწიოს ვისმე და აღებული ხელფასით დააკმაყოფილოს უდანაშაულოდ მოკლული იფიტის მშობლები. მეგობრებმა ჰერკულესი მიჰყიდეს ლიდიის ქვრივ დედოფალს ომფალას და არებული ხელფასი გადსცეს მეფე ევრიტის დაობლებულ ოჯახს. ჰერკულესის ჯანმრთელობას, როგორც კი იგი თავის მოვალეობის ასრულებას შეუდგა სასახლეში, დიდი გაუმჯობესება დაეტყო, იგი თითქმის სრულიად განიკურნა. ძლევამოსილი გმირი ძველებურად ჩაება გონივრულ საქმიანობაში. ჰერკულესმა სულ მოკლე ხანში სასტიკად დასაჯა ავაზაკები, რომლებიც შეუბრალებლად ანადგურებდნენ ლიდიის მკვიდრთა ქონებას. ძლევამოსილმა გმირმა დაიჭირა კიკლოპები, რომლებიც ყოველდღე არბევდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, და მაგრად ხელფეხშეკრულნი დედოფალ ომფალას მოჰგვარა. ჰერკულესმა მოჰკლა მეფე სილეი, რომელიც აუტანელ პაპანაქებაში ადგილობრივ მოსახლეობას ზვრებში იძულებით ამუშავებდა და ამრიგად ყოვლად შეუძლებლად ხდიდა მუშახელის ნორმალურ პირობებში ყოველდღიურ საქმიანობას. ომფალას უკვირდა თავისი მსახურის ასეთი გმირობა. დედოფალი დღითიდღე რწმუნდებოდა, რომ მისი მსახური უბრალო მონა კი არა, ვინმე დიდი გმირია. ბოლოს, როცა დედოფალმა გაიგო, რომ მის მიერ შესყიდული მონა ჰერკულესია, იმდენად დაიახლოვა ძლევამოსილი გმირი, რომ ცოლადაც კი გაჰყვა. სამწუხაროდ, ჰერკულესმა სასახლეში ცხოვრების დროს დაივიწყა ის სწორი გზა, რომლითაც მას უნდა ევლო, და ფუქსავატი ცხოვრების ფერხულში ჩაება. გმირს უკვე არ აგონდებოდა ხალხის გაჭირვება და შევიწროება, იგი ისე გაიტაცა ცხოვრების აბობოქრებულმა ტალღებმა, რომ გონივრული ცხოვრების მაგივრად მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებასა და ფუფუნებში ატარებდა მთელ დროს. ძლევამოსილი გმირი ისე დაეცა, ისე დაწვრილმანდა, რომ თვით დედოფალი ომფალი და მთელი სასახლის კარისკაცები და ქალებიც კი სასაცილოდ იგდებდნენ და ტიკინასავით ათამაშებდნენ. ცხადია, ასეთი უაზრო ცხოვრების გამო გმირმა დაკარგა ის სიყვარული და პატივისცემა, რომელიც წინათ მან ხალხში სამართლიანად დაიმსახურა. სამმა წელმა, რომლის განმავლობაშიც ჰერკულესს დედოფალ ომფალასთან უნდა ემსახურა მონის სახით, უკვე განვლო. გმირმა მხოლოდ ახლა შეიგნო თავის დამღუპველი დროებითი გატაცება და ისევ ძველებურ სწორ გზას დაადგა. ჰერკულესმა სულ მოკლე ხანში აღიდგინა ის სახელი და დიდება, რომელიც მან წინათ სრულიად სამართლიანად დაიმსახურა ხალხისა და თავისი ღვთაებრივი მამის ზევსის მხრით. პირველ ყოვლისა, ძლევამოსილმა გმირმა გადაწყვიტა დაესაჯა ტროადის მეფე ლაომედონი, რომელმაც უარი უთხრა გმირს მშვენიერი ჰესიონას განთავისუფლებისათვის დაპირებული ცხენების მიცემაზე. ჰერკულესმა მოიწვია ელინთა საუკეთესო მეომრები და გაბედულად შეაცურა ნავები ტროადის ნაპირების მიმართულებით. ელინთა სახელოვანმა გმირმა ვერ შეძლო ილიონის მაგრად ნაშენი კედლების დანგრევა, ამიტომ ქალაქის კედლებზე მიადგა მაღალი კიბეები და ამრიგად ჩაეშვა თავისი მხედრობით ქალაქში. ელინთა თავდადებული მეომრები და ტროადის მამაცი ჯარისკაცები სამკვდრო–სასიცოცხლოდ ეკვეთნენ ერთი–მეორეს. ხელჩართულ ბრძოლაში ჰერკულესმა სასიკვდილოდ დაჭრა მეფე ლაომედონი, ხოლო მეფის მშვენიერი ასული ჰესიონა თავის მეგობარს ტელამონს მიათხოვა. ტროადა კი ჰერკულესმა ჰესიონას ძმას გადსცა, რომელიც შემდგომ პრიამოსის სახელწოდებით ღრმა მოხუცებულობამდის მეფობდა მთელ ტროადაში. ქალღმერთი ჰერა ყოველთვის შურის თვალით უცქეროდა ჰერკულესის ძლევამოსილებას და ამიტომ იგი ყოველმხრივ ცდილობდა გმირისათვის ხელი შეეშალა, რაიმე ფათერაკი მიეყენებინა, მაგრამ ღმერთების მამამთავარი ზევსი თავის მეუღლეს ამის უფლებას არ აძლევდა, და ამიტომ სახელოვანი გმირი მუდამ უვნებლად აღწევდა თავს ყოველგვარ საფრთხეს. ჰერკულესმა სიცოცხლეს გამოასალმა მეფე ავგეასი, რომელმაც უარი უთხრა გმირს უზარმაზარი ბოსლების გაწმენდისათვის დაპირებული სასყიდელის მიცემაზე. ეტოლიის მეფის ოინეას ქალიშვილის დეინარას სიმშვენიერეს მთელ საბერძნეთში კიდით–კიდემდის ყველანი შესტრფოდნენ. სახელმწიფოს მთელი მოსახლეობა, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი სიყვარულით იხსენიებდნენ მეფის მშვენიერ ასულს. ერთხელ დეინარა დაინახა მდინარის ღმერთმა აქელოიმ, რომელსაც ისე მოეწონა მეფის მშვენიერი ასული, რომ გადაწყვიტა მისი ცოლად შერთვა. ეს გადწყვეტილება რომ განეხორციელებინა, აქელოი სამჯერ ესტუმრა მეფე ოინეის და განუცხადა თავისი სურვილი დეინარას ცოლად შერთვის შესახებ. პირველ სტუმრობისას აქელოი მეფე ოინეის ხარის სახით მოევლინა, მეორედ გველეშაპისა და მესამედ კი ადამიანისა, რომელსაც ჩვეულებრივი თავის მაგივრად ხარის თავი ება და ცხვრის ნესტოებიდან მდინარის აბობოქრებული ტალღები უზარმაზარ მახინჯ ნიკაპზე ეხეთქებოდნენ. მეფე ოინეის, მდინარის ღმერთი რომ არ გაენაწყენებინა, შესაძლებელია კიდევაც მიეღო აქელოის წინადადება, მაგრამ სწორედ ამ დროს დეინარას მეორე საქმრო გამოუჩნდა. ეს საქმრო იყო საბერძნეთის გამოჩენილი გმირი ჰერკულესი, რომელსაც საიქიოს ყოფნის დროს მელეაგრმა სთხოვა მისი და დეინარა აეყვანა თავისი მზრუნველობის ქვეშ და, თუ მოეწონებოდა, ცოლადაც შეერთო. ჰერკულესი თავმომწონედ გამოცხადდა მეფე ოინეის სასახლეში და მეფეს მშვენიერი დეინარას ცოლად შერთვის სურვილი განუცხადა. ელინთა გმირის დიდებულ შესახედაობას ყველანი აღტაცებაში მოჰყავდა. ყვალანი გაკვირვებით შესცქეროდნენ სახელოვანი გმირის მძლავრ მხარ–ბეჭებს და მკლავებს, მის შორსსატყორცნელ მშვილდ–იასრს და ვეებერთელა კომბალს, რომელსაც გმირი ჰაერში მრისხანედ ატრიალებდა. მეფე ოინეიმ ორივე სასიძოს წინადადება მისცა ერთი–მეორეს შებრძოლებოდნენ, და ვინც ამ ბრძოლაში სძლევდა, მშვენიერი დეინარაც მას ცოლად გაჰყვებოდა. ორ სასიძოს შორის გაიმართა საშინელი ხელჩართული ბრძოლა. ჰერკულესი შეუბრალებლად სცემდა მოწინააღმდეგეს თავის უზარმაზარ კომბალს, მაგრამ წყლის ღმერთის კლდესავით მაგარ თავს ოდნავაც ზიანს ვერ აყენებდა. აქელოიც, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, თავდავიწყებით ეკვეთებოდა ჰერკულესს და იერიში იერიშზე მიჰქონდა. ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმული ჰერკულესი და აქელოი სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ ერთი–მეორე დაემარცხებინათ, მაგრამ ყოველი ცდა უნაყოფო იყო. აქელოი ამ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლის დროს სულ სხვადსხვა სახეს იღებდა და ამრიგად ცდილობდა თავისი მოწინააღმდეგე დაეძლია. მოთმინებიდან გამოსულმა ჰერკულესმა თავისი მძლავრი მკლავებით აქელოი წნელივით მოდრიკა წელში და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მიწას დაახეთქა. მაგრამ თვალთმაქცმა აქელოიმ უეცრივ საზარელი გველეშაპის სახე მიიღო. ძლევამოსილმა გმირმა ღიმილით შესძახა: გველეშაპის არასოდეს არ მშინებია და არც ახლა შემეშინდებაო, თავისი მძლავრი ხელები ჩასჭიდა საზარელ ცხოველს კისერში და ის იყო უნდა დაეხრჩო, მაგრამ აქელოიმ საშიშარი ხარის სახე მიიღო და უზარმაზარი რქებით თავდავიწყებით მიიტანა იერიში სახელოვან გმირზე. ჰერკულესმა გაბედულად სტაცა ხელები ამ საშინელ ცხოველს რქებში და ისე გადაისროლა, რომ ორივე უზარმაზარი რქა გმირს ხელებში შერჩა. წყლის ღმერთი ამის შემდეგ იძულებული იყო თავი დამარცხებულად გამოეცხადებინა და პირველობა ჰერკულესისათვის დაეთმო. საკითხი იმის შესახებ, თუ ვის უნდა გაჰყოლოდა ცოლად მშვენიერი დეინარა, აქელოისა და ჰერკულესის ამ შებრძოლებამ თავისთავად გადაწყვიტა. მეფე ოინეიმ ბრწყინვალე ქორწილი გადაიხადა. სახელმწიფოს წარჩინებული კარისკაცები, რომლებიც ამ ქორწილზე იყვნენ მოპატიჟებულნი, დიდის სიხარულით შეეგებნენ ჰერკულესისა და დეინარას ბრწყინვალე ქორწილს და ყველანი გულწრფელად ულოცავდნენ ახლადდაქორწინებულებს ამ ბედნიერ დღეს. დეინარასაგან ჰერკულესს შეეძინა ვაჟიშვილი, რომელსაც გილი უწოდეს. ერთხელ ჰერკულესი თავისი ცოლშვილით კალედონიაში მიემგზავრებოდა თავის კარგ მეგობარ კეკთან. ძლევამოსილი გმირი გზაში ევონზე უნდა გადასულილყო. ხიდის მაგივრობას ეწეოდა კენტავრი ნესესი, რომელსაც მხრებზე შემჯდარი გადაჰყავდა მგზავრები მდინარის მეორე ნაპირას. ჰერკულესს თვითონ შეეძლო ფეხით გასულიყო მდინარის მეორე ნაპირას, ხოლო დეინარა და პატარა გილი კი კენტავრ ნესეს უნდა გადაეყვანა. ნესესი ისე მოხიბლა დეინარას სილამაზემ, რომ კენტავრმა გადაწყვიტა სახელოვანი გმირის მშვენიერი მეუღლის გატაცება. მართლაც, ნესესმა მხრებზე წამოიკიდა მშვენიერი დეინარა და ფეხაკრეფით მოკურცხლა მახლობლად მდებარე უღრანი ტყისაკენ. ამ თავხედობით გაბრაზებულმა ჰერკულესმა მედგრად სტყორცნა კენტავრს თავისი მოშხამული ისარი და სასიკვდილოდ დაჭრა. სასიკვდილოდ განწირულმა ნესესმა ამ სიტყვებით მიმართა მშვენიერ დეინარას: „მეფე ოინეას დიდებულო ასულო, შენ ისე მშვენიერი და მომხიბლავი ხარ, რომ სიკვდილის ჟამს არ შემიძლია ცხოვრებაში გამოსადეგი ერთი რამ რჩევა არ მოგცე. გირჩევ დაუყოვნებლივ შუშაში შეაგროვო სისხლი, რომელიც ჩემი ჭრილობიდან გადმოსჩქეფს და საიდუმლოდ შეინახო. თუ ვინიცობაა შეამჩნიო, რომ შენმა მეუღლემ სხვა ქალის სიყვარული ჩაიგდო გულში, იცოდე, საიდუმლოდ შენახული სისხლით სავსე შუშა დიდ სამსახურს გაგიწევს. როცა შეამჩნიო, რომ შენმა ქმარმა გული სხვისაკენ იბრუნა, დაუყოვნებლივ დაასველე შენი მეუღლის პერანგი საიდუმლოდ შენახული სისხლით. დარწმუნებული იყავი, რომ შენი მეუღლე, რომელმაც შენზე გული შეიცვალა, როგორც კი შენ მიერ სისხლით დასველებულ პერანგს ჩაიცვამს, არასოდეს სხვა ქალს არ შეიყვარებს და ისევ შენი ერთგული და სათუთად მოსიყვარულე ქმარი დარჩება. აი ესაა ჩემი რჩევა და, თუ შენ მას მიიღებ, დარწმუნებული იყავ, რომ შენს მყუდრო ცხოვრებას ვერასოდეს ვერ დაარღვევს შენი ქმრის დროებითი გატაცება, შენ ნაზ გრძნობებს ნაზივე გრძნობებით პასუხს გასცემს შენი მეუღლის გული“. ამ სიტყვებთან ერთად კენტავრმა ერთი მწარედ ამოიოხრა და სამუდამოდ დახუჭა თვალები. დეინარამ შუშაში მოაგროვა კენტავრის სისხლი და საიდუმლოდ შეინახა. ჰერკულესმა და დეინარამ ისევ განაგრძეს გზა და ხანგრძლივად დარჩნენ მეგობარ კეიკთან. როცა ჰერკულესი ხანგრძლივი სტუმრობის შემდეგ შინ დაბრუნდა, სახელოვანმა გმირმა გაიხსენა მეფე ევრიტის მიერ მიყენებული შეურაცხყოფა და გადაწყვიტა მის წინააღმდეგ გალაშქრება. ჰერკულესმა მოაგროვა მთელს ელადაში სახელგანთქმული მეომრები და მოულოდნელად თავს დაეცა მეფე ევრიტის. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ სახელოვანმა გმირმა მეფე ევრიტი და მისი შვილები სიცოცხლეს გამოასალმა, სახელმწიფოს დედაქალაქი დაანგრია და ერთიანად მიწასთან გაასწორა. მეფის ასული მშვენიერი იოლა გმირმა ტყვედ წამოიყვანა. დეინარას ბრძოლის ველიდან ქმრის შესახებ ცნობები არ მოსდიოდა და მეტად წუხდა, ვაი თუ რაიმე უბედურება თავს დაატყდაო. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ დეინარას წინაშე წარდგა ჰერკულესის მიერ გამოგზავნილი შიკრიკი ლიხასი, რომელმაც რამდენიმე ტყვე მოიყვანა ბრძოლის ველიდან. „სალამი და კარგად ყოფნა, დიდად პატივცემულო დეინარავ!“ – მოკრძალებით მიესალმა ლიხასი მშვენიერ დეინარას: „ ყოვლად შემძლებელი ღმერთები არასოდეს არ წყალობენ ბოროტსა და გაიძვერა ადამიანებს! ყოვლად მოწყალე ღმერთების დახმარებით დავამარცხეთ ვერაგი მეფე ევრიტი, გავანადგურეთ მთელი მისი სახელმწიფო და მრავალი ტყვე ვიგდეთ ხელთ! ძლევამოსილი ჰერკულესი გთხოვს ამ საბრალო ტყვე ქალს განსაკუთრებული ყურადღებითა და მზრუნველობით მოიპყრათ! აბა, ერთი შეხედეთ, რა მშვენიერი და კეთილი სახე აქვს ამ საბრალოს! ყოვლად მოწყალე ღმერთებს ვფიცავ, ეს საცოდავი ტყვე ქალი ღირსია შენი განსაკუთრებული ყურადღებისა და მზრუნველობისა! აი, კიდევაც ამიტომ გთხოვს ძლევამოსილი გმირი ეს საცოდავი ტყვე ქალი შეიბრალო და ჯეროვანად მოეპყრა“. დეინარას მოეწონა იოლას მშვენიერი და კეთილი სახე და თანაგრძნობით შეეკითხა ახალგაზრდა ტყვე ქალს მისი ვინაობის შესახებ. მაგრამ საბრალო იოლა ცხარე ცრემლებს ღვრიდა და პასუხის მიცემას ვერ ახერხებდა. დეინარამ ახლადმოყვანილი ტყვე ქალი მსახურებს ჩააბარა და სასტკი ბრძანება გასცა განსაკუთრებული ყურადღებით მოპყრობოდნენ. ლიხასის შემდეგ სწრაფად მოირბინა მეორე შიკრიკმა, რომელმაც დეინარას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „დიდად პატივცემულო დეინარავ, იცოდე, რომ ის ქალი, რომელიც ტყვე ქალის სახით ლიხასმა მოგგვარათ, მეფე ევრიტის ასულია და სახელად იოლას ეძახიან. ძლევამოსილ ჰერკულესს, სანამ შენ გაგიცნობდა, ეს ქალი ძალიან მოსწონდა და, როგორც ყური მომიკრავს, ამბობდნენ კიდევაც უყვარდაო. იცოდე, რომ ეს მშვენიერი ტყვე ქალი შენს ოჯახში შენს მეტოქედ შემოდის! საჭიროა ახლავე მიიღო ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში სანანებლად დაგირჩება! აი, ჩემი გულწრფელი რჩევა, ახლა კი შენ იცი, რა გზას დაადგები!“ დეინარა მეტად ჩააფიქრა შიკრიკის ამ განცხადებამ. საბრალო ქალი დიდად დაეჭვიანდა. დეინარა მწუხარედ ითვალისწინებდა თავის მომავალ უბედურებას და უსაზღვროდ იტანჯებოდა. უეცრივ სასოწარკვეთილ დეინარას მოაგონდა კენტავრის სისხლით სავსე საიდუმლოდ შენახული შუშა, ელვის სისწრაფით მიიჭრა განჯინასთან, საცა ეს შუშა საიდუმლოდ ჰქონდა შენახული, და კენტავრის მოშხამული სისხლით დაასველა ახლადშეკერილი აბრეშუმით ნაქსოვი მშვენიერი პერანგი და ლიხასს გადასცა ჰერკულესისათვის მისაძღვნელად. ლიხასი ამ ძვირფასი საჩუქრით გაემართა ევბას, საცა იმ დროს მტერზე მრწყინვალედ გამარჯვებული ჰერკულესი ყოვლად შემძლებელ ღმერთებს სამადლობელ მსხვერპლს სწირავდა. დეინარა ყოველ წუთს მოელოდა თავისი საყვერელი მეუღლის დაბრუნებას, მაგრამ ჰერკულესი არსად ჩანდა. ამ მოლოდინით შეწუხებულმა დეინარამ ევბას გაგზავნა თავისი საყვარელი შვილი გილი, რომელსაც დაავალა საყვარელი ჰერკულესის შინ დაბრუნება დაეჩქარებინა. გილი ევბეიდან სასწრაფოდ დაბრუნდა და თავის საყვარელ დედას მწუხარედ მოახსენა: „ჩემო საყვარელო დედავ, მამაჩემი შენმა საბედისწერო საჩუქარმა დაღუპა. საბრალო მამაჩემმა, როცა შენი ძვირფასი საჩუქარი მიიღო, სულითა და გულით გაიხარა და დაუყოვნებლივ ჩაიცვა შენი გაგზავნილი აბრეშუმით ნაქსოვი პერანგი. ძლევამოსილი გმირი მსხვერპლის შეწირვის თადარიგს შეუდგა. უეცრივ, როცა ცეცხლი სამსხვერპლოზე გაჩაღდა, მამამ საშინელი ტკივილები იგრძნო, მთელ სხეულში რაღაც საშინელებამ ელვის სისწრაფით დაურბინა. აუტანელის ტკივილებისაგან გამწარებულმა გმირმა სასოწარკვეთილებით ერთი მძლავრად შეჰყვირა და გულსაკლავი გმინვით მიწაზე დაეშვა. – „შვილო!“ – მწუხარედ მითხრა სულთმობრძავმა მამაჩემმა: „დედაშენის გამოგზავნილმა პერანგმა დამღუპა. თუ არ გსურს, რომ უცხო ქვეყანაში დავლიო სული, დაუყოვნებლივ შინ წამიყვანე! დეე, ჩემმა საკუთარმა ოჯახმა დამიტიროს, ჩემ გაცივებულ გვამს ცხარე ცრემლები დააფრქვიოს! დეე, ჩემ სამშობლო მხარეში დავიმარხო და სამუდამოდ განვისვენო! ვფიქრობ, ხალხი, რომლის კეთილდღეობისათვის მე ასე თავდადებულად ვიბრძოდი მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ჩემს ღვაწლს არ დაივიწყებს და ჩემ მყუდრო საფლავს გულგრილად გვერდს არ ჩაუვლის!“ დედა, შენი საკუთარი ხელით დაღუპე მთელი ერის სასიქადულო გმირი, თავისი ოჯახის განუსაზღვრელად მოსიყვარულე მამა და შენი ასე თავდავიწყებით ერთგული მეუღლე! აი, საცაა საბრალოს კიდევაც მოიყვანენ და შენი საკუთარი თვალით დაინახავ შენს საყვარელ მეუღლეს, მაგრამ, დანამდვილებით ვერ გეტყვი, ცოცხალს ნახავ თუ მკვდარს!“ დეინარა შიშისაგან ერთიანად გაფითრდა, პირისახე შეეცვალა, ენა მუცელში ჩაუვარდა და ვერხვის ფოთოლივით ცახცახებდა. დედას რომ არაფერი მოსვლოდა, შეშინებული გილი მეორე ოთახში შეშლილივით გავარდა მოსამსახურე ქალების დასაძახებლად. მაგრამ სანამ გილი უკანვე დაბრუნდებოდა, შიშით ზარდაცემულმა დეინარამ ბასრი ხმლით მკერდი ორად გაიგმირა. საბრალომ მყისვე განუტევა სული. გილის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა თავისი საყვარელი დედის ირგვლივ სისხლის გუბეები დაინახა. საბრალო გილი ცრემლების ფრქვევით დაემხო ძვირფასი დედის უკვე გაცივებულ გვამს და თავისთავს სასტიკად ჰკიცხავდა, რომ მისმა წინდაუხედავმა სიტყვებმა საყვარელი დედა სიცოცხლეს გამოასალმა. სწორედ ამ დროს საკაცეთი სახლში შემოიყვანეს ცოცხალ–მკვდარი, სრულიად ფერმიხდილი ჰერკულესი. მომაკვდავი გმირის საშინელი გმინვა მთელ სახლს აყრუებდა. ყველანი ზარდაცემულნი შეჰყურებდნენ გმირის უსაზღვრო ტანჯვას და ცხარე ცრემლებს აფრქვევდნენ. – „განა უბედურება არაა,– საცოდავის ხმით შესჩიოდა სასიკვდილოდ განწირული გმირი თავის საყვარელ შვილს გილს, – განა დედამიწის ზურგზე ჩემზე უფრო ძლიერი გმირი კიდევ სადმე მოიპოვებოდა! ჩემს წინაღმდეგ გალაშქრებას განა ხორცშესხმული ადამიანი გაბედავდა! ყველაფერი ჩემს წინაშე ძრწოდა და ცახცახებდა. ამჟამად კი სარეცელზე ძლივს სულს ვიბრუნებ და ჩემი საკუთარი ცოლის წყალობით სამუდამოდ ვიღუპები! ჩემო საყვარელო შვილო, გეხვეწები, მხურვალედ გევედრები შენის ხელით მომისპო სიცოცხლე და ამნაირად გადამარჩინო ამ აუტანელ ტანჯვა–წამებას. ხოლო კარგად გახსოვდეს, რომ აუცილებლად საჭიროა სამაგიერო გადაუხადო დედაშენს, რომელმაც ასე დაუმსახურებლად მომისპო სიცოცხლე. განა ძლევამოსილი ჰერკულესი ღირსი იყო დედაშენის მხრით ასეთი სასჯელისა! დაბეჯითებით გთხოვ, შვილო, პატივი მეცი და ეს უკანასკნელი თხოვნა შემისრულე!“ მაგრამ როცა გილმა ცრემლების ფრქვევით მოუთხრო მამას, რომ საბრალო დეინარამ მეფის მწუხარებისაგან გულმკერდი ბასრი ხმლით სასიკვდილოდ განიგმირა, ჰერკულესი მცირედად დამშვიდდა და საშინელი გულისტკივილით მძიმედ ამოიოხრა. სულთმობრძავმა გმირმა ტყვედ წამოყვანილი მშვენიერი იოლას შესახებ ზრუნვა და მისი მოვლა–პატრონობა გილს დაავალა, რის შემდეგ მსახურებს უბრძანა აეყვანათ ეტის მთის მწვერვალზე, საცა, ღმერთების გადაწყვეტილებით, სახელოვან გმირს საუკუნოდ უნდა განესვენა. ჰერკულესის მეგობრებმა და საუკეთესო ამხანაგებმა ეტის მთის მწვერვალზე გამართეს კოცონი მუხისა და ნაძვის შეშისაგან და ზედ დააწვინეს მომაკვდავი გმირი. მაგრამ კოცონის ცეცხლის შეკეთებას ვერავინ ბედავდა. ბოლოს ეს სამწუხარო მოვალეობა ჰერკულესის თხოვნით შეასრულა სახელოვანი გმირის მეგობარმა ფილოქტეტესმა, რომელმაც საჩუქრად ამ სამსახურისათვის გმირის საუცხოო მშვილდ–ისარი მიიღო. კოცონს ცეცხლი წაეკიდა. ალმა და სქელმა კვამლმა დაფარა მთელი კოცონი. უეცრივ გაისმა საშინელი ჭექა–ქუხილი. კოცონზე ჩამოეშვა მსუბუქი ღრუბელი, რომელიც გარს შემოერტყა სახელოვანი გმირისათვის გამართულ ალითა და კვამლით შებურულ კოცონს. მცირედი ხნის შემდეგ ღრუბელი ისევ ცისაკენ აიმართა და ოლიმპოს მწვერვალზე აიტანა მიწიერი ცოდვებისაგან განწმენდილი ჰერკულესი. ოლიმპოზე ჰერკულესს შეხვდა ქალღმერთი ათინა, რომელმაც ძლევამოსილი გმირი დარბაზში მიიწვია, საცა იმ დროს ღმერთების თათბირი ჰქონდათ გამართული. ქალღმერთი ჰერა ახლა კი შეურიგდა ჰერკულესს და, ნიშნად თავისი კეთილ განწყობისა, ელინთა სახელოვან გმირს ცოლად მიათხოვა თავისი ასული, მუდმივი ჭაბუკობის ქალღმერთი მშვენიერი ჰება. ამრიგად დასრულდა მიწიერი ცხოვრება იმ დიდებული გმირისა, რომელიც მუდამ ხალხის კეთილდღეობისათვის იღვწოდა, მუდამ ჩაგრულთა და უბედურთ მფარველობდა და თავისი ხანგრძლივი ნაყოფიერი მოღვაწეობით უდიდესი სამსახური გაუწია თავის სამშობლო მხარეს. მთელი საბერძნეთის მოსახლეობა, განურჩევლად წოდებისა, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი დიდად აფასებდნენ ჰერკულესის ამ ფასდაუდებელ, უდიდეს ღვაწლს და კიდევაც ამიტომ თავისი სახელოვანი გმირის შარავანდით მოსილ სახელს ყოვლად შემძლებელი ღმერთების თანაბრად პატივს სცემდნენ და მუდამ სიყვარულით იგონებდნენ.

თ ე ზ ე ვ ი[edit]

პელოპის შთამომავალს ათენის მეფეს ეგოესს შვილები არ ჰყავდა; მას ძლიერ აწუხებდა უშვილობა და შიშით ითვალისწინებდა მოხუცებულობას, როდესაც მტრისაგან დამცველი და გულშემატკივარი არ ეყოლება. ეგეოსს დაუძინებელ მტრებად მიაჩნდა თავისი ძმის პოლინტის შვილები, რომელნიც ყოველ მოხერხებულ დროს იყენებდნენ, რომ უშვილო ბიძა ტახტიდან ჩამოეგდოთ და სახელმწიფოს მართვა–გამგეობა ხელში ჩაეგდოთ. დაუსრულებელი ბრძოლით გაბეზრებულმა ეგეოსმა გადაწყვიტა ფარულად შეერთო ვინმე, რომ მემკვიდრე გასჩენოდა და სამეფო ტახტს დაჰპატრონებოდა. სანამ ამ გადაწყვეტილებას განახორციელებდა, ეგეოსი თავის მეგობარ პიტფეისთან გაემგზავრა, რომ ამ საკითხის შესახებ მოლაპარაკებოდა და მეგობრული რჩევა მიეღო. სწორედ იმ ხანებში ღმერთებმა უწინასწარმეტყველეს პიტფეის: შენი მშვენიერი ასული ეფრა ფარულად გათხოვება და მიეცემა ვაჟიშვილი, რომელიც საგმირო საქმეების შესრულებით ძლევამოსილი გმირის სახელს დაიმსახურებს მთელ საბერძნეთშიო. პიტფეის ვერ აეხსნა ღმერთების წინასწარმეტყველება და დიდად წუხდა, მაგრამ როცა მეფე ეგეოსმა გაუმჟღავნა თავისი განზრახვა, ღმერთების წინასწარმეტყველება პიტფეისათვის უკვე აშკარა შეიქნა. მეფე პიტფეიმ მოიწონა ეგეოსის განზრახვა და ფარულად მიათხოვა მას თავისი მშვენიერი ასული ეფრა. ხანგძლივი სტუმრობის შემდეგ მეფე ეგეოსი თავის სახელმწიფოში დასაბრუნებლად მოემზადა. როცა თავის მშვენიერ მეუღლეს უნდა გამოსთხოვებოდა, ეგეოსმა იგი ზღვის პირას ცამდის აღმართულ დიდ კლდესთან მიიყვანა. მეფემ დიდის გაჭირვებით ასწია ეს უზარმაზარი კლდე და მის ქვეშ შეინახა თავისი ხმალი და ქალამნები. ეგეოსი შემდეგ მიუბრუნდა თავის საყვარელ მეუღლეს ეფრას და უთხრა: „ჩემო ძვირფასო ეფრა! ეს ხმალი და ქალამნები ამ კლდის ქვეშ უნდა ინახებოდეს. ამის შესახებ არავის არაფერი არ გაუმჟღავნო. თუ ყოვლად შემძლებელი ღმერთები მოწყალე თვალით შემოგვხედავენ და შვილს გვაჩუქებენ, გთხოვ ეს ჩვენი პირმშო შესაფერისად აღზარდო, ხოლო ამასთანავე დაბეჯითებით გთხოვ არც ჩემ მომავალ შვილს და არც სხვას ჩემი ვინაობის შესახებ დრომდის არაფერი არ გაუმჟღავნო. მაგრამ როცა ჩვენი შვილი იმდენად წამოიზრდება, რომ ამ კლდის აწევას შეიძლებს, მოიყვანე ამ ზღვის პირას და სთხოვე აქ შენახული ხმალი და ქალამნები ამოიღოს. თუ ამას შეძლებს, ჩააცვი ქალამნები, ხმალი მხარზე გადაჰკიდე და დაუყოვნებლივ ჩემთან გამოგზავნე“. ამ განკარგულების მიცემის შემდეგ იგი გამოეთხოვა თავის საყვარელ მეუღლეს, შეაცურა ხომალდი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში და ათენისაკენ გაეშურა. მართლაც, რამდენიმე ხნის შემდეგ ეფრას შეეძინა ვაჟი, რომელიც ისეთი ახოვანი და მძლავრი იყო, რომ ყველას აოცებდა. ყმაწვილს თეზევი დაარქვეს. მეფე პიტფეიმ ეფრას თხოვნით ხალხს გამოუცხადა, საკვირველი ყმაწვილი ჩემს ასულს პოსეიდონ ღმერთისაგან შეეძინაო. დედა დიდის გულმოდგინებით ზრდიდა თავის პირშოს. მოსიყვარულე დედა ამჩნევდა, რომ ყმაწვილი ბუმბერაზ ძალას და მეტად მახვილ ჭკუა–გონებას იჩენდა. თექვსმეტი წლის იქნებოდა თეზევი, როცა დედამ გადაწყვიტა ათენაში გაეგზავნა მამასთან. ეფრამ წაიყვანა თეზევი ზღვის ნაპირას, საცა მეფე ეგეოსმა ამ თექვსმეტი წლის წინად შეინახა კლდის ქვეშ თავისი ხმალი და ქალამნები. ყმაწვილმა სულ ადვილად ასწია უზარმაზარი კლდე და ამოიღო ეგეოსის შენახული ხმალი და ქალამნები. დედამ შვილს მხოლოდ ახლა უთხრა, რაც მეფე ეგეოსმა ათენაში გამგზავრებისას დაავალა. დედის ნაამბობმა თეზევი დიდად გაახარა. ჯანღონით სავსე ჭაბუკი დაუყონევბლივ შეუდგა ათენაში წასვლის თადარიგს. თეზევი მეორე დღესვე გაემართა ათენისაკენ მამის სანახავად. სანამ ათენაში მივიდოდა, ძალღონით სავსე თეზევმა გზაში მრავალი საგმირო საქმე ჩაიდინა. მაშინდელ საბერძნეთში, როგორც ყოველ გაუნათლებელ და მოუწყობელ ქვეყანაში, ძალიან ბევრი ყაჩაღი იყო, და მათ საშინელი დღე დააყენა თეზევმა. ეპიდავრის უღრან ტყეში თეზევი წააწყდა ყაჩაღ პერიფეტს, რომელიც თავისი უზარმაზარი კომბლით ყველა მგზავრს სიცოცხლეს ასალმებდა. გაბედული ყმაწვილი უშიშრად შეებრძოლა ყაჩაღს. ხელჩართული ბრძოლის შემდეგ თეზევმა ხელიდან გამოსტაცა ყაჩაღს უზარმაზარი კომბალი და ისეთი ძალით დაჰკრა თავში, რომ ქვეყნის ამკლებმა ყაჩაღმა მყისვე სული დალია. თეზევი თავს წააწყდა მეორე ყაჩაღს, რომელიც კორინთის ყელზე დათარეშობდა. ყაჩაღი მძლავრი ხელებით ხრიდა მახლობლად მდგომი ნაძვის ხეების კენწეროებს და გამვლელ–გამომვლელებს ცალი ფეხით მიაკრავდა ხოლმე ასე მოხრილი ხეების კენწეროებზე. როცა ხეები ტანში გაიმართებოდნენ, ყაჩაღის მსხვერპლი, ჰაერში ორად გახლეჩილი, დედამიწას უდანაშაულო სისხლით ანოყიერებდა. ახალგაზრდა ჭაბუკი მედგრად შეებრძოლა ქვეყნის ზარდამცემ ყაჩაღს და შეუბრალებლად გამოასალმა სიცოცხლეს. თეზევს სასტიკი ბრძოლა დასჭირდა, სანამ სასიკვდილოდ დაჭრიდა გარეულ ღორს, რომელიც კორინთის ხეობაში დათარეშობდა და ადგილობრივი მოსახლეობის დოვლათს ყოველდღე ანადგურებდა. მეგარასა და ატიკას შორის სარონიკის უბის ნაპირები ყაჩაღ სკირონს ეჭირა და ვისაც კი ხელში ჩაიგდებდა, უთუოდ ზღვაში უნდა ებანავებინა, მაგრამ ძვირად თუ ვინმე გადარჩენია ამ უნებურ ბანაობას. თეზევმა მთის მწვერვალზე დაიჭირა სკირონი და მთელი ძალღონით გადაისროლა ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში. ელევსინის მახლობლად თეზევი შეხვდა ყაჩაღ კერნიონს, რომელიც მგზავრებს ჭიდაობაში იწვევდა და ყველას სიცოცხლეს ასალმებდა, ვინც კი მასზე სუსტი აღმოჩნდებოდა. თეზევმა კერნიონი ჭიდაობაში გამოიწვია, მისივე კომბლით გაუტეხა თავი და სიცოცხლეს გამოასალმა. ატიკაში, კეპისის ნაპირებზე, დაბინავებული იყო ყაჩაღი პროკრუსტი, რომელიც მეტად თავისებურ სტუმართმოყვარეობას იჩენდა: თუ რომელიმე მგზავრი იძულებული იყო პროკრუსტის ბინაზე ღამე გაეთია, მასპინძელი სტუმარს საწოლს მიუჩენდა მოსასვენებლად, თუ სტუმარი მაღალი იყო და ფეხები გადასცილდებოდა საწოლს, პროკრუსტი ფეხების ზედმეტ ნაწილს მოსჭრიდა, ხოლო თუ მგზავრი საწოლზე მოკლე აღმოჩნდებოდა, სტუმართმოყვარე მასპინძელი მგზავრს ფეხებს უჭიმავდა, ვიდრე საწოლს არ გაუთანაბრებდა. თეზევმა დაიჭირა პროკრუსტი, მოკლე საწოლზე დააწვინა, ფეხების ზედმეტი ნაწილი ჩამოსჭრა და სიცოცხლეს გამოასალმა. მრავალი საგმირო საქმის ღირსეულად შესრულების შემდეგ თეზევი ათენაში მოვიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის მდგომარეობა არ დახვდა, რასაც იგი მოელოდა. ხალხს ყოველდღიური უთანხმოება ტანჯავდა. თითოეულ მოქალაქეს რაღაც აწუხებდა. არავინ იცოდა, ხვალინდელი დღე რას უქადდა. ხალხი წუხდა და სასოწარკვეთილებას ეძლეოდა. მეფე ეგეოსი მოხუცებულობაში შედიოდა და სახელმწიფო საქმეებს უკვე თავს ვერ ართმევდა. ეგეოსის ძმისწულები ყოველგვარად ცდილობდნენ სამეფო ტახტი მეფის სიცოცხლეშივე ხელში ჩარგდოთ. როგორც კი მივიდა ქალაქში, თეზევი დაუყოვნებლივ მამის სანახავად გაეშურა. დაინახა თუ არა ეგეოსმა უცნობი სტუმრის ტანზე თავისი ხმალი და ფეხზე ქალამნები, მიხვდა, რომ ახლადმოსული ჭაბუკი მისი შვილია. მეფე და თეზევი ერთი–მეორეს მოეხვივნენ და სიხარულისაგან ცრემლებს აფრქვევდნენ. მეფე ეგეოსმა წარუდგინა თეზევს სახელმწიფოს უმაღლესი მოხელენი, რომელთაც ტახტის ახლადმოვლენილმა მემკვიდრემ უამბო მის მიერ შესრულებული საგმირო საქმეები. სახელმწიფოს წარჩინებულები აღტაცებით ულოცავდნენ თეზევს ყაჩაღებზე ბრწყინვალე გამარჯვებას და სრულ იმედს გამოთქვამდნენ, რომ ამიერიდან სახელოვანი გმირი დახმარებას არ მოაკლებდა ათენის ყოველმხრივ შევიწროებულ მოქალაქეებს და მოსალოდნელი უბედურებისაგან იხსნიდა. თეზევმა უპირველეს ყოვლისა გადაწყვიტა პალანტის ვერაგი ვაჟიშვილების თავიდან მოცილება. პალანტის ვაჟიშვილები მოხერხებულ შემთხვევას ეძებდნენ, რომ ახლადმოვლენილი მემკვიდრე მოეკლათ და სამეფო ტახტს დაუფლებოდნენ. თეზევი სრულიად მოულოდნელად შეიჭრა ბოროტგამზრახველების სასახლეში და ყველანი შეუბრალებლად ამოჟლიტა. სახელოვანი ჭაბუკი შეაფიქრიანა ამ მკვლელობამ: ვაი თუ ხალხმა შემიძულოსო, და გადაწყვიტა ხალხისათვის მეტისმეტად სასარგებლო საქმის შესრულება, რომ ამით მოეგო მისი გული. მთელ ათენასა და მის მიდამოებს ანადგურებდა მარათონის ველზე გავარდნილი გარეული ხარი. ერთ დროს ეს საშინელი ხარი საბერძნეთის უძლიერესმა გმირმა ჰერკულესმა დაიჭირა, მაგრამ მეფე ევრისთენემ გაათავისუფლა, და მასაქეთ ანადგურებდა ეს საშინელი ცხოველი ატიკის თვალუწვდენელ მინდორ–ველებს. ვერავინ ვერ ბედავდა ამ ველური ხარის წინააღმდეგ გალაშქრებას, ყველანი შიშით ძრწოდნენ. თეზევმა გადაწყვიტა ამ საშინელი ცხოველის ცოცხლად დაჭერა. სახელოვანი გმირი თავდავიწყებით ეკვეთა მინდორზე მოთარეშე ველურ ხარს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ სძლია და ხალხის დოვლათის გამანადგურებელი ცხოველი მაგრად შეკრული მოიყვანა ათენაში. მაგრამ ყველაზე უფრო საგმირო საქმედ ბერძნები თეზევის მიერ მინოტავრის მოკვლას თვლიდნენ. ათენელებმა ოდესღაც მოჰკლეს კუნძულ კრეტას მეფის მინოსის ვაჟი. მეფე მინოსმა ათენელებს ომი გამოუცხადა. ათენელებმა წააგეს ეს ომი. გამარჯვებულმა მეფემ საზავო პირობების დადების დროს ათენელებს მეტად სამძიმო ხარკი დაადო: ყოველი ცხრა წლის განმავლობაში ათენელები მეფე მინოსს უგზავნიდნენ ცხრა–ცხრა ქალ–ვაჟს, რომელთაც გაუმაძღრად სანსლავდა მეფის ლაბირინტში დამწყვდეული ხარი მინოტავრი. როცა კრეტის მეფემ კვლავ მოსთხოვა ათენელებს ეს სამძიმო ხარკი, სხვა ათენელებთან ერთად თეზევიც გაემგზავრა კუნძულ კრეტაზე. როცა კრეტას მივიდნენ, სასიკვდილოდ განწირულნი შეიყვანეს უზარმაზარ ლაბირინტში, რომელშიაც მინოტავრი ცხოვრობდა. ამ შენობაში იმდენი ოთახი იყო, რომ შემსვლელს გზა ებნეოდა და უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდა. თეზევის სილამაზითა და ვაჟკაცობით მოხიბლულმა მეფე მინოსის ასულომა არიადნამ მისცა გმირს ძაფის გრეხილი. როდესაც თეზევი ლაბირინტში შევიდა, მან შესავალთან დაამაგრა გრეხილის ბოლო. სახელოვანი გმირი თანდათანობით არღვევდა გრეხილს, სანამ გაუმაძღარ მინოტავრს არ შეხვდა. თეზევი გააფრთებული ლომივით ეკვეთა მინოტავრს და ხმლით გაუგმირა გულმკერდი. ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ არიადნას ძაფის გრეხილმა საშუალება მისცა თეზევს ლაბირინტიდან გამოსასვლელი გზა მოენახა და მშვიდობით დაბრუნებულიყო თავისი მხლებლებით. თეზევს ლაბირინტის კარებთან დახვდა მშვენიერი არიადნა, რომელმაც კუნძულ ნაქსოსზე გადაიყვანა დაღუპვას გადარჩენილი ათენელები. თეზევი და მისი თანამხლებელი ათენელები რამდენიმე დღეს დარჩნენ კუნძულზე დასასვენებლად და უხვი მსხვერპლი შესწირეს ღმერთებს დაღუპვისაგან გადარჩენისათვის. თეზევს სიზმარში გამოეცხადა მხიარულების ღმერთი ბაქხი, რომელიც გმირს მოკვლას ემუქრებოდა, თუ იგი მშვენიერ არიადნას არ ჩამოშორდებოდა და კუნძულ ნაქსოსზე არ დატოვებდა. ღმერთების გადაწყვეტილებით, მეფე მინოსის მშვენიერი ასული არიადნა ბაქხს ცოლად უნდა გაჰყოლოდა. თეზევმა ვერ გაბედა ღმერთების გადაწყვეტილების ურჩობა. როცა მშვენიერ არიადნას სრულიად უდარდელად ეძინა, თეზევმა თავისი მხლებლებით დატოვა ნაქსოსის ნაპირები და ხომალდი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში შეაცურა ათენაში დასაბრუნებლად. სახელოვან გმირსა და მის მხლებლებს დიდად აწუხებდა მათი მხსნელი ქალის, მშვენიერი არიადნას კუნძულზე მარტოდმარტო დატოვება. მეფე ეგეოსი მოუთმენლად მოელოდა შვილის მშვიდობიანად დაბრუნებას. თეზევი კრეტას გამგზავრებისას მოხუც მამას დაჰპირდა: თუ დავძლევ საშინელ მინოტავრს, დაბრუნებისას, გამარჯვების ნიშნად, ხომალდზე შავი დროშის მაგივრად თეთრ დროშას გამოვკიდებო. მაგრამ ყოვლად შემძლებელმა ღმერთებმა არიადნას ასე უმართებულოდ შეურაცხყოფისათვის თეზევს სამაგიერო გადაუხადეს. დაბრუნებისას სახელოვან გმირს დაავიწყდა ხომალდზე თეთრი დროშის გამოკიდება. მეფე ეგეოსი მოუთმენლად მოელოდა თეზევის დაბრუნებას და მაღალ კლდეზე გადამდგარი ყოველდღე თვალყურს ადევნებდა ზღვაში მომავალ ხომალდებს. როცა ეგეოსმა კუნძულ კრეტიდან მომავალ ხომალდზე გამოკიდებული შავი დროშა დაინახა, ეს თეზევის დაღუპვის ნიშნად მიიჩნია და უსაზღვრო მწუხარებისაგან გონებაარეული ზღვის უფსკრულში გადაეშვა. თეზევის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. სახელოვანი გმირი განუსაზღვრელი გულისტკივილით კიცხავდა თავისთავს, რომ მისმა გულმავიწყობამ იმსხვერპლა მეფე ეგეოსი. თეზევმა საყვარელი მამა ბრწყინვალედ დაასაფლავა. ეგეოსის სახელის უკვდავსაყოფად, იმ ზღვას, რომელშიაც მეფემ შვილის განუსაზღვრელი სიყვარულით თავი დაიხრჩო, „ეგეოსის ზღვა“ დაარქვეს. ეგეოსის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ათენის სამეფო ტახტი თეზევმა დაიჭირა. სახელოვანმა გმირმა დიდი უნარი გამოიჩინა სახელმწიფო საქმეების მართვა–გამგეობაში. თეზევის მეფობის დასაწყისში მთელი ატიკა დანაწილებული იყო თემებად, რომელნიც სრულიად დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდნენ. სახელოვანმა მეფემ ეს დაქსაქსული თემები შეაერთა, ამრიგად გააერთიანა ელინთა მთელი ერი და საერთო სამოღვაწეო ასპარეზი გაუჩინა. სახელმწიფოს მკვიდრნი სამ კლასად დაანაწილა: კეთილშობილნი, მიწის მუშაკნი და ხელოსნები. შორსმჭვრეტელმა თეზევმა მეფის განსაკუთრებული უფლება საკმაოდ შეზღუდა. სახელმწიფოს სამძიმო საქმეების საბოლოოდ გადაჭრა და დადასტურება მეფემ კეთილშობოლთა საბჭოს და სახალხო ყრილობას მიანდო. ამ უმაღლესი ორგანოების საშუალებით ხალხი მონაწილეობას იღებდა სახელმწიფოს მართვა–გამგეობაში, და ამრიგად თითოეული სამძიმო საქმე უფრო მართებულად და საფუძვლიანად წყდებოდა სახელმწიფოში. სახელოვანი მეფე დიდის გულმოდგინებით ზრუნავდა იმაზე, რომ ხალხში განემტკიცებინა ღმერთებისადმი პატივისცემა. ქალაქ ათენის მფარველ ქალღმერთ ათინას სადიდებლად თეზევმა შესანიშნავი ტაძარი ააგო. პოსეიდონ ღმერთის პატივსაცემლად ძლევამოსილმა მეფემ ათენაში დაარსა ეგრეთწოდებული „ისთმის გასართობები“. თეზევს არ დასცალდა დიდხანს ეწარმოებინა სახელმწიფოს ეს მშვიდობიანი მშენებლობა. როცა ომს აწარმოებდა ამორძალების წინააღმდეგ, მან მოიტაცა მათი წინამძღოლი მშვენიერი იპოლიტე და ცოლად შეირთო. იპოლიტემ თავისი სათნო ხასიათით მოიგო სახელმწიფოს მკვიდრთა გული. ამორძალებმა დიდ შეურაცხყოფად მიიღეს თავისი საყვარელი წინამძღოლის მოტაცება და სრულიად მოულოდნელად თავს დაეცნენ ათენელებს. თეზევმა დაუყოვნებლივ შეკრიბა დიდი მხედრობა და სახელმწიფოში შემოსული მტრის წინააღმდეგ მედგრად გაილაშქრა. ბრძოლის ველზე მეფემ დიდი გმირობა გამოიჩინა. სამწუხაროდ, ამ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლის დროს სასიკვდილოდ დაჭრეს დედოფალი იპოლიტე, რომელიც ათენელბთან ერთად გმირულად იბრძოდა მტრის წინააღმდეგ. ელინთა ძლევამოსილმა მხედრობამ, თეზევის წინამძღოლობით, დაამარცხა ამორძალები, რომელნიც იძულებული იყვნენ სამარცხვინო ზავი შეეკრათ ათენელებთან. ამ ბრწყინვალე გამარჯვებამ თეზევს დიდად გაუთქვა სახელი მთელს საბერძნეთში. ყველანი დიდის პატივისცემით იხსენიებდნენ გმირ მეფეს, მის სახელს ძლევამოსილობის შარავანდით მოსავდნენ. სწორედ ამ ხანებში საბერძნეთის ერთმა თვალსაჩინო გმირმა პერითეიმ მოისურვა გამოეცადა თეზევის ვაჟკაცობა და ამის შესამოწმევლად გაიტაცა მარათონის ველიდან თეზევის ხარების ჯოგი. პერითეი დარწმუნებული იყო, რომ როგორც კი ხარების გატაცებას გაიგებდა, თეზევი უკან გამოუდგებოდა, ამიტომაც განზრახ ნელა მიერეკებოდა ხარების ჯოგს. მართლაც, გაბრაზებული მეფე კვალდაკვალ გამოუდგა პერითეის და მალე წამოეწია. თეზევი და პერითეი ის იყო უნდა სცემოდნენ ერთმანეთს, რომ ამ დროს სრულიად მოულოდნელი რაღაც მოხდა: გმირებს ისე მოეწონათ ერთი–მეორე, რომ თითქო ვინმეს ბრძანებით, ართსა და იმავე დროს დაყარეს იარაღი და მეგობრულად გაუწოდეს ერთმანეთს ხელი. პერითეიმ თეზევს ნებაყოფლობით დაუბრუნა გატაცებული ჯოგი და მეფეს სთხოვა თვითონვე დაენიშნა ჯილდო ზარალის ასანაზღაურებლად. – „ერთადერთი ჯილდო, რომელიც მსურს შენგან მივიღო, – მხიარული კილოთი წამოიძახა თეზევმა, მხოლოდ ის იქნება, თუ მე და შენ სამუდამოდ დავმეგობრდებით!“ თეზევი და პერითეი ერთი–მეორეს გადაეხვივნენ და მეგობრობის მტკიცე კავშირი შეკრეს. მცირე ხნის შემდეგ პერითეიმ ლაპიდების თავადის ასული მშვენიერი იპოდამია შეირთო და ქორწილზე მიიპატიჟა ახლადშეძენილი მეგობარი თეზევი. ლაპიდების ველური ტომები თესალიაში ცხოვრობდნენ. ლაპიდების მამაცობა ყველას აოცებდა. ყველა მოკვდავზე ადრე გარეული ცხენები ლაპიდებმა მოაშინაურეს. ქორწილზე მიპატიჟებულნი იყვნენ აგრეთვე პერითეის ნათესავი კენტავრები. ლაპიდებისა და კენტავრების ტომებს მუდამ მტრობა ჰქონდათ ერთმანეთთან. მიუხედავად ასეთი მტრული განწყობილებისა, კენტავრები მაინც მივიდნენ პერითეის ქორწილზე და ლაპიდებთან ერთად მხიარულობდნენ. ამ საერთო მხიარულების დროს ღვინით ძალზე შეზარხოშებულმა კენტავრმა ევრიტიონმა მხრებზე წამოიკიდა პატარძალი იპოდამია და უღრანი ტყისაკენ გაიტაცა. საქორწილო დარბაზში სტუმრებმა საშინელი განგაში ატეხეს. ღვინით გალეშილმა კენტავრებმა ისარგებლეს ამ სამწუხარო შემთხვევით, დაერივნენ თესალიელების ცოლებსა და ქალიშვილებს და ჯოჯოხეთის გენია დაატრიალეს საქორწილო დარბაზში. ქალების გულსაკლავი კივილი მთელ დარბაზს აყრუებდა. სასწრაფოდ წამოიჭრნენ პატარძლის ნათესავი ლაპიდები და აწიოკებული ქალების გამოსასარჩლებლად ეკვეთნენ ღვინით გალეშილ კენტავრებს. „რომელმა ღმერთმა დაგიბნელა გონება, რომ შენ გაბედე ჩემი და ჩემი მეგობრის პერითეის ასე შეურაცხყოფა?“ – მრისხანედ შეჰყვირა თეზევმა და ელვის სისწრაფით დაედევნა თავზეხელაღებულ კენტავრს. ძლევამოსილმა თეზევმა დაიჭირა ევრიტიონი და ისე მძლავრად ჩაჰკრა მუშტი გულმკერდში, რომ კენტავრმა ქარიშხლისაგან მოტეხილ ხესავით ზღართანი მოიღო მიწაზე. ევრიტიონის მკვლელობამ კენტავრებსა და ლაპიდებს შორის ცხარე შეტაკება გამოიწვია. ლაპიდები თეზევის წინამძღოლობით სამკვდრო–სასიცოცხლოდ ეკვეთნენ კენტავრებს. ცხარე ბრძოლა არ შეწყვეტილა მთელი დღის განმავლობაში. კენტავრებმა ამ შებრძოლების დროს მრავალი თავდადებული მეომარი დაკარგეს. მხოლოდ დაბინდებისას შეწყდა ბრძოლა. ლაპიდებმა სძლიეს კენტავრებს და ამრიგად გადაარჩინეს მშვენიერი იპოდამია დიდ განსაცდელს. თეზევის ამ ბრწყინვალე გამარჯვებამ კიდევ უფრო განამტკიცა პერითეისა და სახელოვანი გმირი მეფის მეგობრული კავშირი. სამწუხაროდ, იპოდამია სულ მოკლე ხანში მძიმედ გახდა ავად და გარდაიცვალა. გულითადმა მეგობრებმა, თეზევმა და პერითეიმ, იპოდამიას გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ გადაწყვიტეს ორივეს შეერთო ცოლი. სწორედ იმ დროს სპარტაში იმყოფებოდა მთელ საბერძნეთში სილამაზით სახელგანთქმული მშვენიერი ელენე, ღმერთების მამამ თავრის ზევსის და ლედას ასული. თეზევმა და პერითეიმ ერთხელ ქალღმერთის არტემიდეს ტაძარში მოჰკრეს თვალი მშვენიერ ელენეს და ისე მოეწონათ, რომ დაუყოვნებლივ მოიტაცეს და არკადიაში წამოიყვანეს. მეგობრებმა დაიწყეს ბჭობა, თუ რომელ მათგანს უნდა შეერთო ახლადმოტაცებული მშვენიერი ელენე. თეზევი და პერითეი შეთანხმდნენ წილი ეყარათ. ვისაც წილის ყრით შეხვდებოდა, მშვენიერი ელენე მას უნდა გაჰყოლოდა. თეზევმა და პერითეიმ ამასთანავე პირობა დადეს, რომ მშვენიერი ელენეს ბედნიერი მეუღლე უნდა დახმარებოდა თავის მეგობარს საცოლეს არჩევაში. მშვენიერი ელენე წილის ყრით თეზევს შეხვდა. ძლევამოსილმა მეფემ ბრწყინვალე ქორწილი გააჩაღა. ქორწილზე მოწვეულნი შესტრფოდნენ მეფე–დედოფალს და გულწრფელ სალამს მიუძღვნიდნენ ახლადდაქორწინებულებს. რამდენიმე ხნის შემდეგ თეზევმა თავისი მშვენიერი ელენე საყვარელ დედას ეფრას ჩააბარა და თვითონ კი პერითეის გაჰყვა მისთვის საპატარძლოს მოსაძებნად. მეგობრები საიქიოს სამყაროში გაემგზავრნენ იმ აზრით, რომ მეფე პლუტონის მეუღლე მშვენიერი პერსეფონე მოეტაცათ. საიქიოს მეფემ პლუტონმა ორივე მეგობარი ამ ბოროტი განზრახვისათვის სასტიკად დასაჯა. საიქიოს მბრძანებელმა თეზევს ხელ–ფეხი ჯაჭვებით მაგრად შეუკრა, ხოლო მის მეგობარს პერითეის ზურგზე უზარმაზარი კლდე დაადო. ამრიგად დასჯილი მეგობრები საცოდავად იტანჯებოდნენ, მაგრამ ამ უბედურებისაგან მათ დახსნას ვერავინ ბედავდა. საბერძნეთის უძლიერესმა გმირმა ჰერკულესმა, როცა იგი საიქიოს სამეფოში ჩავიდა კერბერის მოსატაცებლად, დაინახა მეგობრების აუტანელი ტანჯვა და გადაწყვიტა ორივეს გათავისუფლება. მართლაც, ძლევამოსილმა გმირმა თეზევს დაუყოვნებლივ შემოხსნა ხელ–ფეხზე დადებული ხუნდები, ხოლო პერითეის დახსნა კი ვერ მოახერხა, რადგან ყოვლად შემძლებელ ღმერთებს არ სურდათ თეზევის მეგობრის ამ ტანჯვისაგან გათავისუფლება. სწორედ იმ დროს, როცა სახელოვანი თეზევი საიქიოს სამეფოში შეუბრალებლად იტანჯებოდა, დის საძებნელად ათენაში მივიდნენ მშვენიერი ელენეს ძმები, კასტორი და პოლუქსი. კასტორმა და პოლუქსმა გადაჭრით მოსთხოვეს ათენელებს ეჩვენებინათ მშვენიერი ელენეს საცხოვრებელი ბინა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მთელ ათენას დავანგრევთ და მიწასთან გავასწორებთო. ამ მუქარით შეშინებულმა ერთმა ათენელმა უჩვენა კასტორსა და პოლუქსს ბინა, სადაც მშვენიერი ელენე თავის დედამთილ ეფრასთან ერთად ცხოვრობდა. გახარებული კასტორი და პოლუქსი დაუყოვნებლივ შეიჭრნენ ეფრას ბინაში. სასახლის მცველმა კარისკაცებმა ვერ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა. დის მოსიყვარულე ძმებმა სრულიად დაუბრკოლებლად გაათავისუფლეს მშვენიერი ელენე. როცა საიქიოს სამეფოდან დაბრუნდა, თეზევმა კარგად შეიგნო თავისი წინანდელი ყოფაქცევის შეუფერებლობა და ამიტომ გადაწყვიტა სახელმწიფო საქმეების მოწესრიგებას უფრო მეტი წინდახედულობით შესდგომოდა. სამწუხაროდ, თეზევმა ეს თავისი გულწრფელი და კეთილშობილური განზრახვა ვერ შეასრულა. თეზევის ბიძის პოლანტის მომხრეებმა შეადგინეს დიდი პარტია და მეფისა და მისი მომხრეების წინაარმდეგ აწარმოებდნენ ფარულს თუ აშკარა ბრძოლას. ამ შინაურმა განხეთქილებამ შეარყია სახელმწიფოს კეთილდღეობის საფუძვლები. მართალია თეზევი ცდილობდა ეს დამღუპველი შინაური ბრძოლა, ეს უაზრო განხეთქილება მცირედად მაინც შეენელებინა, მაგრამ ყოველგვარი მისი ცდა სრულიად უნაყოფოდ რჩებოდა. პარტიების უაზრო ბრძოლა დღითიდღე უფრო მწვავდებოდა და სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის თანდათან უფრო საშიშ სახეს იღებდა. ხალხის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, ხალხი დრტვინავდა და უზომო სასოწარკვეთილებას ეძლეოდა. ამ საერთო უბედურებას თეზევის პირადი უბედურებაც დაერთო. სწორედ იმ ხანებში თეზევმა დაკარგა საყვარელი შვილი იპოლიტე, რომელიც მოგზაურობის დროს ეტლით გაიტაცეს დამფრთხალმა ცხენებმა. თეზავმა ვერ აიტანა ყველა ეს უბედურება და საბოლოოდ გადაწყვიტა ნებაყოფლობით მოშორებოდა იმ ქალაქს, რომლის კეთილდღეობისათვისაც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ასე უანგაროდ და თავდადებულად იღვწოდა. თეზევს მეტისმეტად სტკიოდა გული, მეტისმეტად ეძნელებოდა სახელმწიფო საქმეებს მთლიანად ჩამოშორებოდა, მაგრამ სახელმწიფოში დარჩენა და მართვა–გამგეობის სათავეში დგომა ყოვლად შეუძლებლად მიაჩნდა. მართლაც, თეზევმა თავისი განზრახვა განახორციელა: ის გადასახლდა კუნძულ სკირზე. კუნძულ სკირის მეფეს ლიკომედს არ მოსწონდა თეზევის მეზობლად ჩამოსახლება და ამიტომ ყოველგვარი საშუალებით ცდილობდა არასასურველი მეზობელი თავიდან მოეშორებინა. უფრო მოხერხებულად რომ განეხორციელებინა თავისი ბოროტი განზრახვა, ლიკომედი მეგობრულად შეხვდა თეზევს და ხშირად სასახლეშიაც ეპატიჟებოდა. ლიკომედსა და თეზევს შორის გარეგნული დამოკიდებულება არავის საბუთს არ აძლევდა ეფიქრა, რომ ბოროტი ლიკომედი თეზევს განსაცდელს უმზადებდა. ერთხელ სკირის მბრძანებელმა თეზევი მაღალი მთის მწვერვალზე აიყვანა, ვითომდა კუნძულის მდებარეობის დასათვალიერებლად. როცა თეზევი და სკირის ბოროტი მბრძანებელი მთის მწვერვალიდან კუნძულის მიდამოებს ათვალიერებდნენ, ლიკომედი ვერაგულად მიეპარა ძლევამოსილ გმირს და მძლავრი ფეხისკვრით თვალუწვდენელ უფსკრულში გადაისროლა. ასე უაზროდ დაიღუპა ის გმირი მეფე, რომლის ნაყოფიერმა მოღვაწეობამ ათენის სახელმწიფოს მთელ საბერძნეთში უძლიერესი სახელმწიფოს სახელი მოუპოვა. ათენელებმა დროთა განმავლობაში დაივიწყეს ის მძულვარება, რომელსაც პარტიული დაჯგუფების დროს იჩენდნენ მეფის წინააღმდეგ. ათენელებს დაავიწყდათ მეფის დროებითი გატაცება და უნებლიე შეცდომები და ყველანი ერთსულოვნად აღნიშნავდნენ თეზევის უდიდეს ღვაწლს ათენის სახელმწიფოს კეთილად მოწყობის საქმეში. მადლიერმა ელინელებმა თავისი ღვაწლმოსილი გმირი მეფე ნახევარღმერთად აღიარეს და მის პატივსაცემლად ათენში ააგეს მრავალი ტაძარი და საკურთხეველი, სადაც ყველანი გულწრფელად აღავლენდნენ მხურვალე ლოცვას თავისი საყვარელი მეფის სადიდებლად. ათენელები ხშირად იგონებდნენ თავის საყვარელ მეფეს და სულითა და გულით იტანჯებოდნენ, რომ ამ გმირი მეფის საფლავი ათენელების გვირგვინოსანთა საუცხოო აკლდამებს არ ამშვენებდა, სადღაც შორეულ კუნძულზე უგზოუკვლოდ დაკარგულიყო და ვერავინ ვერ პოულობდა. თეზევის გარდაცვალების დღიდან რვაასი წლის შემდეგ მილტიადესის შვილმა კიმონმა დაიპყრო კუნძული სკირი. კიმონს გაგონილი ჰქონდა, რომ დიდებული თეზევი ამ კუნძულზე იყო დაკრძალული. ძლევამოსილი სარდალი კუნძულის დაპყრობისთანავე შეუდგა თეზევის საფლავის ძებნას. კუნძულის განაპირა ადგილას კიმონმა შენიშნა, რომ უზარმაზარი არწივი თავს დასტრიალებდა გორაკზე განმარტოებულ ერთ საფლავს. სარდლის განკარგულებით ეს საფლავი გათხარეს. საფლავში აღმოჩნდა კაცის უზარმაზარი ძველები, მშვილდ–ისარი და ათენური ხმალი. კიმონი დარწმუნებული იყო, რომ საფლავში აღმოჩენილი კაცის ძვლები დიდებული თეზევის ნეშტია. ძლევამოსილმა სარდალმა განკარგულება გასცა, რომ ეს ნეშტი ძვირფასი ადამიანისა ათენაში გადაესვენებინათ. ათენის მოსახლეობა ქუჩებში გამოეფინა და ისეთი აღტაცებით ეგებებოდა თავისი საყვარელი გმირის ნეშტს, კაცს ასე ეგონებოდა, თეზევი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ტრიუმფით ბრუნდება ათენაშიო. ათენელებმა თეზევის გარდაცვალების დღიდან რვაასი წლის შემდეგ ასე ღირსეულად სცეს პატივი იმ გმირს, რომლის მოღვაწეობას მისი თანამედროვე თაობა ზოგჯერ საკმარისად ვერ აფასებდა.

ს ა ლ მ ო ნ ე ვ ს ი[edit]

ელიდის მეფე სალმონევსი, ეოლოსისა და ენარეტას შვილი, მთელ სახელმწიფოში ცნობილი იყო თავისი უაღრესი უსამართლობითა და პატივმოყვარეობით. თესალიიდან ელიდაში გადმოსახლებისთანავე, სალმონესმა მდინარე ენიპეას ნაპირზე, ჰერაკლეას მახლობლად, გააშენა მშვენიერი ქალაქი, რომელსაც სალმონი უწოდა. საუცხოოდ აგებული სახლები, სახელმწიფოს დაწესებულებათა შესანიშნავი შენობები, მიუვალი ციხე–სიმაგრეები, კოშკები, მდინარეზე გადასასვლელი მკვიდრად აგებული მაღალთაღიანი ხიდები, მწყობრად დაგეგმილი ქუჩები, არხები და ანკარა წყლით სავსე შადრევნები ამშვენებდა სალმონს. ელიდის მკვიდრნი შესტრფოდნენ ქალაქის სიმშვენიერეს. მეფე სალმონევსი და ახალგაზრდა დედოფალი ალკიდე, სრულიად კმაყოფილი თავისი ბედნიერი ცხოვრებით, ფუფუნებაში ატარებდნენ დროს და სახელმწიფოს მკვიდრთა კეთილდღეობას გაუმჯობესობას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. ხალხი კარგად გრძნობდა მეფე სალმონევსის აღვირწახსნილ უსამართლობას, მის უხეშ პატივმოყვარეობას, მაგრამ თავგასული მეფის შიშით კრინტს ვერ ძრავდა და თავის გულისტკივილს გულში უხმოდ იკლავდა. ხალხის უმწეო მდგომარეობა თვითნება მეფეს ოდნავაც არ აწუხებდა. პატივმოყვარე სალმონევსი მხოლოდ და მხოლოდ თავისა და დედოფლის კეთილდღეობაზე ფიქრობდა და არავის ანგარიშს არ უწევდა. მეფე სალმონევსი ბოლოსა და ბოლოს იმდენად გაკადნიერდა, რომ ყოვლად შემძლებელი ღმერთების მამამთავრის ზევსის თანასწორობაც კი მოინდომა და ელიდის მკვიდრთ ღმერთების შესაფერისი პატივისცემაც კი მოსთხოვა. კადნიერი მეფე სახელმწიფოში ოლიმპოს მბრძანებლის ზევსის ეტლის მსგავსი ეტლით დასეირნობდა და ხალხს შიშის ზარს ჰგვრიდა. მოგზაურობის დროს მეფე ეტლიდან ყრიდა ანთებულ ჩირაღდნებს, რომელთაც ზევსის მიერ მოვლენილი ელვის მაგიერობა უნდა გაეწიათ, ეტლში შებმული ცხენების ფეხთა ხმაურს კი ქუხილის მაგიერობა. ამაყი მეფის ბრძანებით, სახელმწიფოში გზად გამვლელ უცხოელებს სიცოცხლეს ასალმებდნენ, თვითნება მეფე კი საქვეყნოდ აცხადებდა, უცხოელები ჩემ მიერ მოვლენილი ქუხილით დაიხოცნენო. ოლიმპოს მბრძანებელმა ყოვლად შემძლებელმა ზევსმა ვერ აიტანა მეფე სალმონევსის ზვიადობა და სწორედ იმ დროს გამოასალმა სიციცხლეს საშინელი ქუხილით, როცა სალმონევსი ქალაქის ქუჩებში ამაყად დასეირნობდა ეტლით. ზევსის მიერ მოვლენილმა საშინელმა ქუხილმა მთლიანად დაანგრია სალმონევსის სატახტო ქალაქი სალმონი და ერთიანად ცეცხლის ალში გახვია. უდანაშაულო მკვიდრნი მაღალი მთის მწვერვალებს აფარებდნენ თავს და შიშისაგან აცახცახებულნი წყევლა–კრულვით იხსენიებდნენ ზვიად მეფე სალმონევსს. ცეცხლის ალში ჩაიბუგა მეფე სალმონევსის სასახლეც. მეფის პატივმოყვარეობამ შეიწირა სახელმწიფოს წარჩინებული კარისკაცებიც, რომელნიც საშინელი ქუხილის დროს სასახლეში იმყოფებოდნენ. სიკვდილს გადარჩა მხოლოდ მეფე სალმონევსის სათნო ასული ტირი. იგი შემდგომ მისთხოვდა მეფე კრეტეას და შეეძინა ვაჟი ეზონი, მამა იმ დიდებილი გმირისა, რომელმაც თავი ისახელა არგონავტების კოლხიდაში ლაშქრობის დროს.

ბ ე ლ ე რ ო ფ ო ნ ტ ი[edit]

კორინთის მეფის გლავკის შვილი ბელეროფონტი თავისი სილამაზით, ახოვანებითა და მამაცობით მთელ სახელმწიფოში სახელგანთქმულ ვაჟკაცად ითვლებოდა. ყოვლად შემძლებელი ღმერთები მოწყალე თვალით უყურებდნენ ბელეროფონტს, თავის საყვარელ გმირად მიაჩნდათ და ყოველთვის, როდესაც საჭიროება მოითხოვდა, დიდ მფარველობას უწევდნენ. კორინთის მკვიდრნი დიდის აღტაცებით შეჰყურებდნენ იშვიათ კეთილშობილ ვაჟკაცს და ბედნიერად თვლიდნენ თავისთავს, რომ მეფე გლავკის გარდაცვალების შემდეგ კორინთის სამეფო ტახტს ღირსეული მემკვიდრე დაიჭერდა. სამწუხაროდ, ტახტის ახალგაზრდა მემკვიდრეს შემთხვევით შემოაკვდა კორინთელი მოქალაქე ბელეარი. ამ მკვლელობამ დიდი მითქმა–მოთქმა და აღშფოთება გამოიწვია მთელ სახელმწიფოში. ბელეროფონტი იძულებული შეიქნა დროებით მოერიდებინა თავი სამშობლო მხარისათვის. ახალგაზრდა გმირი არგოსში გადასახლდა, სადაც იმ დროს პროიტი მეფობდა. მეფე პროიტმა დიდის სტუმართშოყვარეობით მიიღო სამშობლო მხარიდან გადმოხვეწილი ჭაბუკი და სულ მოკლე ხანში მეტად საპატიო მდგომარეობა შეუქმნა. ბელეროფონტის მეფურმა შესახედაობამ, ვაჟკაცობამ და იშვიათმა სილამაზემ მთელი სხელმწიფოს მკვიდრთა ყურადღება მიიპყრო. ყველანი დიდის აღტაცებით შეჰყურებდნენ სტუმრად მოვლენილ ჭაბუკს და გულწრფელი პატივიცემით აჯილდოვებდნენ. ახალგაზრდა დედოფალმა ანტეამ, როგორც კი მოჰკრა თვალი ბელეროფონტს, მაშინვე დაკარგა სულის სიმშვიდე. დედოფალი ანტეა განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა თავის სანატრელ სტუმარს და მის ვარსკლავივით გაბრწყინვებულ პირისახეს გულით ატარებდა, ცხადად თუ სიზმრად გონებიდან არ იშორებდა. მოხუც მეფე პროიტს არ მოსწონდა ბელეროფონტის ირგვლივ შექმნილი გულთბილი განწყობილება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა დედოფლის გმირისადმი საეჭვო დამოკიდულება. ამიტომ მეფემ გადაწყვიტა ბელეროფონტი სახელმწიფოდან გაეძევებინა. მეფე პროიტმა ბელეროფონტი თავაზიანად გაისტუმრა ლიკიაში თავის სიმამრ იობატთან და თან გაატანა საიდუმლო წერილი, რომელშიაც მეფე ცუდად ახასიათებდა ჭაბუკს და სიმამრს სთხოვდა ბელეროფონტისათვის რაიმე სამძიმო საქმის შესრულება დაევალებინა და თავიდან მოეშორებინა. ბელეროფონტი სრულიად დამშვიდებული გაემგზავრა ლიკიაში და აბა რას მოიფიქრებდა, თუ ცბიერი მოხუცი მეფე პროიტი საიდუმლოდ მახეს უგებდა და დიდ განსაცდელს უმზადებდა. მაგრამ ყოვლად შემძლებელმა ღმერთება თავისი საყვარელი გმირი არ გაწირეს და ააცდინეს ყველა საფრთხე, რომელიც ლიკიაში მოელოდა მას. ბელეროფონტის მეფურმა შესახედაობამ, მისმა ტანადობამ და სიმშვენიერემ, მისმა ვაჟკაცურმა გამომეტყველებამ ისე მოხიბლა მთელი სამეფო ოჯახობა, რომ მეფე იობატმა გადაწყვიტა ჭაბუკი დაეახლოვებინა და მისდამი განსაკუთრებული ყურადღება გამოეჩინა. მთელი ათი დღის განმავლობაში იმართებოდა ბელეროფონტის პატივსაცემლად ნადიმი მეფე იობატის სასახლის ბრწყინვალე დარბაზებში და ყველანი ქება–დიდებით იხსენიებდნენ სახელოვან ახალგაზრდას. ბოლოს, როცა ეს ბრწყინვალე ნადიმები დამთავრდა, მეფე იობატმა კერძო საუბრის დროს გამოჰკითხა უცნობ სტუმარს მისი ვინაობა და ლიკიაში მოსვლის მიზანი. ბელეროფონტმა ყველაფერი დაწვრილებით მოახსენა მეფეს და ამასთანავე გადასცა პროიტისაგან გამოგზავნილი წერილი, რომლის არსებობა მხოლოდ ახლა მოაგონდა. მეფე იობატი საიდუმლო წერილის შინაარსმა მეტად დააღონა და ყოველგვარი საფრთხის თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა მეფე პროიტის თხოვნის შესრულება. შეშინებულმა მეფემ ბელეროფონტს დაავალა გველეშაპი ტიფონისა და ექიდნას ქალიშვილს ქიმერას მოკვლა. ამ საზარელ ცხოველს, რომელსაც თავი ლომისა ჰქონდა, სხეული თხისა და კუდი გველეშაპისა, მუდამ დაღებული პირიდან განუწყვეტლივ ამოსდიოდა ცეცხლის გაუნელებელი ალი და საზარელი ქშენით ირგვლივ მთელ მახლობლად მიდამოს შხამავდა და ყოველ ცოცხალ არსებას სიცოცხლეს უსპობდა. ყოვლად შემძლებელ ღმერთებს შეეცოდათ ძლევამოსილი ახალგაზრდა და სანამ ბელეროფონტი საზიზღარ ქიმერას შეებრძოლებოდა, იგი პირენის წყაროს მახლობლად მდებარე ველზე გაგზავნეს პოსეიდონ ღმერთისა და გორგონა მედუზას შვილის, გარეული ფრთოსანი ცხენის პეგასის, დასაჭერად და მოსაშინაურებლად. ამ გარეული ცხენის ზურგს უნაგირი არასოდეს არ მიჰკარებია, არცერთ მოკვდავს მის ზურგზე ჯდომით შორეული გზა არ შეუმოკლებია. პირენის წყაროს მახლობლად გადაშლილ ველზე გავარდნილი პეგასის დაჭერა და მოშინაურება ადამიანის ძალღონრს აღემატებოდა. ბელეროფონტმა დიდი ენერგია დახარჯა, რომ გარეული ცხენი თოკის ყულფში მოემწყვდია და დაემორჩილებინა, მაგრამ ყოველი ცდა უნაყოფო იყო. ერთხელ, როცა ბელეროფონტი პირენის წყაროს ნაპირას იწვა, მძინარე ჭაბუკს გამოეცხადა ქალღმერთი ათენა, რომელსაც ხელთ ეპყრა ოქროს აღვირი, და ასეთი სიტყვებით მიმართა: „აიოლოს შთამომავალო, რა დროს ძილია! დაუყონებლივ წამოდექი, პოსეიდონ ღმერთს მსხვერპლად შესწირე ძროხა და შემდეგ მიიღე ეს ოქროს აღვირი! „ ქალღმერთი ათენა ამ სიტყვებთან ერთად სადღაც მიიმალა. შეშინებული ბელეროფონტი დაუყონებლივ წამოიჭრა, ირგვლივ მიმოიხედა და ის ოქროს აღვირი, რომელიც სიზმრად ნახა, მართლაც იქვე მახლობლად ბუჩქზე ჩამოკიდებული დაინახა. ბელეროფონტის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. აღფრთოვანებულმა ჭაბუკმა მყისვე დაავლო ხელი ოქროს აღვირს და დაუყოვნებლივ გულთმისნისაკენ გაემართა, რომ დანამდვილებით გაეგო სიზმრის მნიშვნელობა. გულთმისანმა ურჩია ქალღმერთის ათენას ბრძანებას დამორჩილებოდა და დაუყოვნებლივ შეეწირა აპოლონ ღმერთისათვის მსხვერპლი, ხოლო თავისი მფარველის ქალღმერთ ათენას სახელობაზე ტაძარი აეშენებინა. როგორც კი შეასრულა გულთმისნის რჩევადარიგება, ბელეროფონტმა სრულიად თავისუფლად, დაუბრკოლებლად დაიჭირა გარეული ცხენი პეგასი, მაგრად ამოსდო ოქროს აღვირი, ფიცხლად შეახტა ზურგზე და ელვის სისწრაფით მიემართა იმ ადგილისაკენ, სადაც საზარელი ცხოველი ქიმერა ბუდობდა. ჭაბუკმა მოიმარჯვა ალმასივით მჭრელი ისარი და ისე მძლავრად სტყორცნა ქიმერას, რომ საზარელი ცხოველი, რომელიც მახლობელი სახელმწიფოების მკვიდრთ მრავალი წლების განმავლბაში შიშის ზარს სცემდა და ყველეფერს და ყველგან ანადგურებდა, მყისვე სიცოცხლეს გამოასალმა. თავმომწონე გმირმა საზიზღარ ცხოველს ხმლით მოჰკვეთა თავი და ლანგარზე დადებული მიართვა მეფე იობატს. მეფე იობატი მეტად გააკვირვა ამ სამძიმო საქმის ასე ღირსეულად შესრულებამ. მეფემ ახლა სხვა არა ნაკლებ სამძიმო საქმის შესრულება დაავალა თავმომწონე ჭაბუკს. ლიკიის საზღვრებს ხშირად თავს ესხმოდნენ მამაცი სოლიმები რომლებიც საზღვარს ხშირად გადმოლახავდნენ, ყველაფერს ანადგურებდნენ. მეფე იობატმა შეკრიბა მრავალრიცხოვანი ჯარი და ბელეროფონტის მთავარსარდლობით გაგზავნა სოლიმების წინააღმდეგ იმ იმედით, რომ ჭაბუკი სოლიმენის მამაც მეომრებს ვერ გაუმკლავდებოდა და სადმე დაიღუპებოდა ცხარე შეტაკების დროს. ბელეროფონტის წინამძღოლობით ბრძოლის ველზე გამოყვანილი მხედრობა და მამაცი სოლიმების მეომრები ერთმანეთს სამკვდრო–სასიცოცხლად ეკვეთნენ. საშინელი ხელჩართული ბრძოლა ატყდა. თავდადებულ რაზმებს იერიში იერიშზე მოჰქონდათ. მეომართა საბრძოლო ყიჟინა ცას სწვდებოდა და სადღაც შორს, შორს ცის სივრცეში იფანტებოდა. დახოცილთა გვამებით ჭერეხივით მოფენილი მიწა საშიშრად ზარზარებდა. ბრძოლის ველზე სისხლის ღვარები დედამიწას გულს უღარავდნენ და გაუვალ გუბეებს აყენებდნენ. ირგვლივ გაისმოდა დაჭრილ–დასახიჩრებულთა კვნესა, ბრძოლის საბედისწერო ველი ჯოჯოხეთს ჰგავდა. ბელეროფონტი არწივივით თავს დასტრიალებდა ჯარისკაცებს, მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად რაზმავდა და იერიში იერიშზე მოჰქონდა. ხანგრძლივი სასტიკი ბრძოლის შემდეგ ბელეროფონტმა დაამარცხა მამაცი სოლიმები და სამარცხვინოდ უკუაქცია. ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, მეფე იობატის დავალებით, ბელეროფონტმა გაილაშქრა ამაზონთ მამაცი ქალების წინააღმდეგ, რომლებიც სასტიკად დაამარცხა და მრავალი მედგარი ქალი ბრძოლის ველზე დაასამარა. ლიკიის მეფე იობატი ახლა კი დარწმუნდა, რომ მისი ძლევამოსილი სტუმარი სახელოვანი გმირია, რომელსაც ყოვლად შემძლებელი ღმერთები მფარველობენ და საჭირო დახმარებას უწევენ. მეფემ სტუმრისადმი მტრული განწყობილება მეგობრული დამოკიდულებით შეცვალა, ძლევამოსილი ჭაბუკი კიდევ უფრო დაიახლოვა და ნიშნად ასეთი კეთილგანწყობილებისა თავისი საყვარელი ასული, მშვენიერი ფილონე მიათხოვა. მეფე იობატმა ბრწყინვალე ქორწილი გადაიხადა. სახელმწიფოს წარჩინებული პირები, რომლებიც ამ ქორწილზე იყვნენ მოპატიჟებულნი, დიდ სიხარულს გამოთქვამდნენ ბედნიერ ახალგაზრდათა დაქორწინების გამო და მხურვალე სალამს მიუძღვნიდნენ ახალდაქორწინებულ ახალგაზრდებს. ლიკიის მკვიდრნი დიდის აღტაცებით შეხვდნენ თავისი საყვარელი მეფის საგვარეულო ოჯახის ბედნიერებას და დიდის ზეიმით გულწრფელად ულოცავდნენ მოხუც იობატს მისი მშვენიერი ასულის ბედნიერებას. საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნული ბელეროფონტი დიდის დაკვირვებით შეუდგა სახელმწიფო საქმეების გამგებლობას და თავისი კანონიერებითა და გულთბილი მოპყრობით სულ მოკლე ხანში დაიმსახურა ლიკიის მკვიდრთა სიყვარული. დიდი და პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, გაჭირვების თუ დალხინების დროს ყველანი მიმართავდნენ ძლევამოსილ ჭაბუკს და მის მშვენიერ მეუღლეს ფილონეას და ყოველთვის სათანადო რჩევა–დარიგებას იღებდნენ. ლიკიის მადლიერმა ერმა, ნიშნად თავისი ღრმა სიყვარულისა, ბელეროფონტს დაუთმო სახელმწიფოს საუკეთესო სახნავ–სათესი მიწები, ხოდაბუნები, ზვრები და ხილეულობის საუკეთესო ბაღები. სახელოვანი გმირის სიმდიდრე დღითიდღე მატულობდა. ბელეროფონტმა ყოველდღიური საქმიანობის დროს სავსებით გამოიყენა უკვე მოშინაურებული პეგასი და სახელმწიფო საქმეების გამო მოგზაურობისას თავის მძლავრფრთებიან მერანზე შემჯდარი სამეფოს შორეულ კუთხეებსაც სასწრაფოდ ევლინებოდა და ადგილობრივ ირკვევდა და აწესრიგებდა მკვიდრთა გადაუდებელ მოთხოვნილებებს. მძლავრფრთებიანი მერანი ყველგან მორჩილებით ასრულებდა ბელეროფონტის სურვილს, მოგზაურობის დროს დიდ სამსახურს უწევდა, შორეულ გზას უმოკლებდა და თავმომწონე ახალგაზრდა გმირის სხივმოსილს სახელს კიდევ უფრო ადიდებდა. ერთხელ ბელეროფონტი შეჯდა თავის ყოველთვის მორჩილ პეგასზე და ოლიმპოს მწვერვალზე ღმერთების სადგომებში ძალდატანებით შეჭრა მოისურვა, სადაც ამ დროს ღმერთებს თათბირი ჰქონდათ. მაგრამ მძლავრფრთებიანი მერანი არ დაემორჩილა გმირის ამ კადნიერებით აღსავსე სურვილს, თავმომწონე გმირი სასწრაფოდ მოიტაცა ცის თვალუწვდენელ სივრცეში და შეუბრალებლად ძირს გადმოისროლა. მართალია, ბელეროფონტი სიკვდილს გადარჩა, მაგრამ სამუდამოდ დაკარგა გონიერება და ასე უგონოდ უნდა ეძრწოლა ხალხით ავსილ ქუჩებში, სანამ არ მოფრინდებოდა სიკვდილის ღმერთი თანატოსი და სულს არ ამოხდიდა. ასე სასტიკად დასაჯეს ღმერთებმა ბელეროფონტი ამაყობისათვის.

ს ი ზ ი ფ ე[edit]

დევკალიონის შვილისშვილი, ეოლოსისა და ენარეტას ვაჟი ვიზიფე, რომელსაც ქალაქ კორინთის დამაარსებლად თვლიან, მოკვდავთა შორის სახელგანთქმული იყო თავისი ცბიერებით. ერთხელ სიზიფემ საიდუმლოდ შეატყობინა მდინარის ღმერთს ასონს, თუ სად ცხოვრობდა ღმერთების მამამთავარი ზევსი. ამ საიდუმლოს გამჟღავნებისათვის მდინარის ღმერთმა სიზიფეს აღუთქვა კორინთის მთების კალთებზე მდინარის გამოყვანა. მართლაც, ასონმა შეასრულა თავისი დაპირება, და კორინთის ხრიოკ მთაგრეხილებზე ამოჩუხჩუხდა პირენის შესანიშნავი წყარო, რომლის ანკარა ნაკადები კორინთის ადგილებს საამურად რწყავდა. ოლიმპოს მბრძანებელს, ყოვლად შემძლებელ ზევსს, არ მოსწონდა სიზიფეს ცბიერება და ამიტომ გადაწყვიტა მისი სასტიკად დასჯა. ზევსმა თავისი გადაწყვეტილების შესრულება არ დააყოვნა და კორინთის ცბიერ მეფე სიზიფეს მოუვლინა სიცოცხლის მომსპობი ღმერთი თანატოსი. მაგრამ ცბიერმა მეფემ ვერაგულად დაიჭირა ზევსის მიერ მოვლენილი თანატოსი, მძიმე ხუნდებით შებორკა, და ადამიანის გვარეულობას სიკვდილი უკვე აღარ მოელოდა. ოლიმპოს მბრძანებლის მრისხანებას საზღვარი არა ჰქონდა. ყოვლად შემძლებელი ღმერთების მამამთავრის ბრძანებით, დედამიწაზე ჩამოეშვა ომიანობის ღმერთი არესი, რომელმაც თანატოსი გაათავისუფლა, ხოლო ცბიერი მეფე სიზიფე საიქიოს სამეფოში გაგზავნა სასჯელის მოსახდელად. მაგრამ ცბიერმა მეფემ საიქიოს სამეფოშიაც მოახერხა ღმერთების შეცდომაში შეყვანა. სიზიფემ, სანამ საიქიოს სამეფოში გაგზავნიდნენ, ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე დაავალა თავის მეუღლეს მეროპეს მსხვერპლი არ შეეწირა და მიცვალებულთა შესახებ დაწესებული წესები არ შეესრულებინა. როცა საიქიოში შეიტყეს, რომ სიზიფეს გარდაცვალების შემდეგ მის მეუღლეს მერაპას მიცვალებულთა შესახებ დაწესებული წესები არ შეუსრულებია, მთელი საიქიოს სამფლობელო ამოძრავდა და განუსაზღვრულ აღშფოთებას გამოთქვამდა. საიქიოს სამეფოს დედოფალმა მშვენიერმა პერსეფონემ ნება დართო სიზიფეს სააქაოს დაბრუნებულიყო და თავისი მეუღლე მეროპე გაეფრთხილებინა ღმერთების მიერ დაწესებული წესების შეუსრულებლობისათვის. მართლაც, პერსეფონეს ბრძანებით, სიზიფე თავის სამეფოში დაბრუნდა, მაგრამ პერსეფონეს დავალება აინუნშიაც არ მოსდიოდა და მისი შესრულების შესახებ სრულიადაც არა ფიქრობდა. ცბიერი მეფე ძველებური უდარდელი ცხოვრების ფერხულში ჩაება და ფუფუნებით ცხოვრობდა. ერთხელ სიზიფე სასახლეში მდიდრულად გაშლილ სუფრას უჯდა და ნუგბარ სასმელ–საჭმელს შეექცეოდა. სწორედ ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, მეფეს გამოეცხადა სიკვდილის ღმერთი თანატოსი, რომელმაც ცბიერი სიზიფე მყისვე სიცოცხლეს გამოასალმა და მისი სული საიქიოს სამეფოში გადაგზავნა სასჯელის მოსახდელად. ყოვლად შემძლებელმა ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა მუდამ დაუცხრომელი, მუდამ ცბიერი სიზიფე სასტიკად დასაჯა. ღმერთების ბრძანებით, კორინთის მეფეს, ცბიერ სიზიფეს, უზარმაზარი ლოდი უნდა აეტანა მაღალი მთის ბწვერვალზე და იქვე კლდეზე მიემაგრებინა. სიზიფე შეუდგა დავალების ამჟამად მაინც პირნათლად შესრულებას, დღედაღამ განუწყვეტლივ აუტანელ შრომას ეწეოდა და მეტის გაჭირვებისაგან ოფლში იწურებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც კი სიზიფე მაღალი მთის მწვერვალს მიაღწევდა და კლდეზე ლოდის მიმაგრების თადარიგს შეუდგებოდა, ფეხი უსხლტდებოდა ციცაბო კლდეზე და დიდის გაჭირვებით ზემოთ ატანილი უზარმაზარი ლოდი მთის კალთებზე ტრიალ–ტრიალით ეშვებოდა და ნაპრალში თავის პირვანდელ ადგილს იჭერდა. საბრალო სიზიფე ხელმეორედ იწყებდა ლოდის მთაზე ატანას, მაგრამ ყოველთვის ერთსა და იმავე შედეგს აღწევდა. მთის მწვერვალზე ატანილი უზარმაზარი ლოდი უკანვე ეშვებოდა და თავდავიწყებით მიექანებოდა უფსკრულისაკენ. ასე იტანჯებოდა კორინთის მეფე სიზიფე მთელი საუკუნეების განმავლობაში და მის ყოველდღიურ ვაებას საზღვარი არ ედებოდა. ამჟამად, როცა ვინმე აუტანელსა და უნაყოფო შრომას ეწევა ხშირად ამბობენ ხოლმე: სიზიფეს შრომას ეწევაო.

ნ ი ო ბ ე[edit]

თებეს მეფის ამფიონის მეუღლე ნიობე მეტად შესანიშნავ ქალად იყო მიჩნეული მთელს სახელმწიფოში. დედოფლის სილამაზესა და ტანადობას მთელი სახელმწიფოს მკვიდრნი გაკვირვებაში მოჰყავდა. სახელმწიფოს მკვიდრნი, დიდი და პატარა, მაღალი და დაბალი წოდებისა, ყველანი ერთხმად თვლიდნენ დედოფალს უბედნიერეს ქალად. დედოფალი კარგად გრძნობდა თავის უპირატესობას და კიდევაც ამიტომ უსაზღვროდ ამაყობდა. ნიობეს თავი მოჰქონდა თავისი და თავისი მეუღლის წარჩინებული ჩამომავლობით, ამაყობდა თავისი მეუღლის ამფიონის ვიოლინოზე ხელოვნური დაკვრით. მართლაც, ამფიონის ხელოვნურ სიმთაჟღერას უძრავი ქვებიც–კი აღტაცებაში მოჰყავდა. ყველაზე უფრო დიდ სიამაყედ მიაჩნდა დედოფალს მთელ სახელმწიფოში სახელგანთქმული ქალ–ვაჟები. ნიობე განუსაზღვრელად ამაყობდა თავისი შვიდი ვაჟით და ამდენივე ქალიშვილით. ნიობე უბედნიერესი დედა იქნებოდა მთელ დედამიწის ზურგზე, რომ გადაჭარბებულ სიამაყეს ბოლო არ მოეღო მისი ბედნიერებისათვის. დედოფალი არ დასჯერდა მოკვდავთა სიყვარულსა და პატივისცემას. გადაჭარბებულმა სიამაყემ ის იმდენად გააკადნიერა, რომ თავისი თავი ღმერთების თანასწორადაც კი გამოაცხადა. თებეს მკვიდრნი აპოლონ ღმერთისა და დედამისის ლატონას დღეობას დღესასწაულობდნენ. ქალაქი სადღესასწაულოდ იყო მორთული. ყველანი სადღესასწაულოდ მორთულ–მოკაზმულნი გაშლილიყვნენ ქუჩებში და სალოცავად მიემგზავრებოდნენ. თებელ ქალებს თმები შეემკოთ დაფნის გვირგვინებით და გულმხურვალე ლოცვით საკმეველს აკმევდნენ საღვთო საკურთხეველზე. დედოფალი თავისი ამალით მიუახლოვდა მლოცველებს. ბრაზმორეულმა დედოფალმა მრისხანედ შეჰყვირა თებელ ქალებს: „განა ასატანია, რასაც თქვენ ჩადიხართ! თქვენ დღეს პატივისცემით იხსენიებთ ღმერთებს, რომელნიც თვალითაც არ გინახავთ, ხოლო სრულიად უყურადღებოდ, მსხვერპლის შეუწირავად, საკმეველის დაუკმეველად სტოვებთ მას, ვინც თქვენ შორისაა, ვისაც კარგად იცნობთ, ან კარგად მაინც უნდა იცნობდეთ. თქვენ მსხვერპლს სწირავთ ლატონას, და მე კი, თქვენს დედოფალს, თქვენ შორის აღზრდილს, ღმერთების თანასწორს, მსხვერპლს არა მწირავთ, თაყვანს არა მცემთ! განა რითა ვარ ლატონაზე ნაკლები! მამაჩემი ტანტალოსი მუდამ ღმერთებს შორის ტრიალებდა, ღმერთების გვერდით მუდამ საპატიო ადგილი ჰქონდა დათმობილი. პაპაჩემი, ძლევამოსილი ატლანტი, ცის უზარმაზარ სივრცეს თავის მძლავრ მხრებზე ატარებს. ღმერთების მამამთავარი ზევსი პაპაა ჩემი. მთელი ფრიგიის მკვიდრნი მე მემორჩილებიან. კადმის სიმაგრეები და თებეს მიუვალი ზღუდენი ჩემი სრული საკუთრებაა, ჩემი სიმდიდრე ფასდაუდებელი და უთვალავია. სილამაზით კი მე ლატონა ქალღმერთის თანასწორი ვარ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვაჟკაცობით სახელგანთქმული შვიდი ვაჟისა და სილამაზით მთელ სახელმწიფოში ყველგან და მარადის განთქმული შვიდი ქალიშვილის ბედნიერი დედა ვარ! განა ყველა ამის შემდეგ თქვენ უნდა გაბედოთ და ლატონა ქალღმერთს უპირატესობა უნდა მისცეთ! ლატონა ქალღმერთს მხოლოდ ქალ–ვაჟი ჰყავს, იგი, ჩემთან შედარებით, თითქმის უშვილოდაც უნდა ჩაითვალოს. მე კი ყველაფრით ბედნიერი ვარ და მუდამაც ასე ბედნიერი დავრჩები. შორს, შორს, თებელო ქალებო, საკურთხევლისაგან! დაუყოვნებლივ ჩამოიშორეთ დაფნის გვირგვინები და შინ დაბრუნდით!“ შიშით ზარდაცემული თებელი ქალები დაემორჩილნენ გაბოროტებულ ნიობეს და ფეხაკრეფით დატოვეს სადღესასწაულოდ გამზადებული აპოლონ ღმერთის საკურთხეველი. ლატონა მეტად განარისხა ამაყი ნიობეს ასეთმა საქციელმა. ქალღმერთმა განიზრახა გაბოროტებული ნიობეს სასტიკად დასჯა. ამიტომ ქალღმერთმა ასეთი სიტყვებით შესჩივლა თავის საყვარელ შვილებს: „ჩემო საყვარელო შვილებო, უბრალო მოკვდავმა ქალმა შეურაცხყო დედათქვენი! ტანტალოსის ამაყი ქალიშვილი იმდენად გაკადნიერდა, რომ ღმერთადაც კი არა მცნობს, მაშინ როდესაც ღმერთებს შორის ჰერა ქალღმერთის გარდა მე თანასწორი არავინა მყავს. ეს კიდევ არაფერი, დედათქვენი ისე დაამცირა ამ სიამაყით გაბოროტებულმა ქალმა, რომ „უშვილოც“ კი უწოდა! განა ყველაფერი ეს უბრალო მოკვდავი ქალისაგან მოსათმენია? განა თქვენ არ გმართებთ თავი გამოიდოთ და დედათქვენის უმართებულოდ შელახული სახელი აღადგინოთ?“ ლატონას შვილები, აპოლონი და არტემიდე, სანთელივით აენთნენ ამ სიტყვებზე და დაუყოვნებლივ ფეხაკრეფით გაეშურნენ თებესაკენ. თებეს ზღუდეთა გარეთ გადაჭიმულია ფართო მინდორი, სადაც თებეს ახალგაზრდობა საჯირითოდ იყრის თავს. დედოფლის ვაჟები ამ მინდვრის ხშირი სტუმრები იყვნენ და ჯირითობაში არავის პირველობას არ უთმობდნენ. ერთ დღეს ნიობეს უფროსი შვილი მშვენიერ ბედაურეზე იჯდა და თვალუწვდენელ მინდორში ელვის სისწრაფით დაქროდა. „ვაიმე!“ – უეცრივ ერთი გულსაკლავად ამოიკვნესა და გაჭენებული ცხენიდან მიწაზე უსულოდ დაეცა. საცოდავს ღმერთების ნასროლი ისარი სწორედ გულში მოჰხვედროდა. ნიობეს მეორე შვილმა სიპილმა ყური მოჰკრა ჰაერში ისრის შხუილს. საბრალომ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დეზები შემოჰკრა ცხენს, მაგრამ შეუბრალებელმა ისარმა სასიკვდილოდ გაგმირა საცოდავი სიპილიც. ამავე დროს ღმერთების ნასროლმა შეუბრალებელმა ისრებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ნიობეს დანარჩენი ვაჟებიც; ფაიდიმი, ტანტალი, დამასიხტონი და ილიონესი. ნიობეს ვაჟების დახოცვის ამბავი მთელ ქალაქს ელვის სისწრაფით მოედო. საზარელმა ამბავმა სასახლის კარამდისაც მიაღწია. უსაზღვრო ჯავრით ზარდაცემულმა საბრალო მამამ შვილების ასე შეუბრალებლად დაღუპვა ვერ აიტანა და თავი მოიკლა. სახელმწიფოს მკვიდრნი ცხარე ცრემლთა დენით თავს დასტიროდნენ საბრალო ხელმწიფეს და მის უდროოდ სიცოცხლეს გამოსალმებულ ვაჟებს. მწუხარებით ზარდაცემული ნიობე თავისი შვიდი ქალიშვილის თანხლებით დაუყოვნებლივ გაეშურა საზარელი მინდვრისაკენ. გონებადაკარგული დედოფალი შეშლილივით მიიჭრა სასიკვდილოდ განგმირულ თავის საყვარელ ვაჟებთან, ხან ერთს ჩაიკრავდა გულში მაგრად, ხან მეორეს, ხან ერთს ჰკოცნიდა, ხან მეორეს. საბრალო დები ცხარე ცრემლებით ასველებდნენ ძვირფასი ძმების გაცივებულ გვამებს და გულამოსკვნით ქვითინებდნენ. სახელმწიფოს მთელი მოსახლეობა საბრალო დედის მწუხარებას ბანს აძლევდა და ცხარე ცრემლებით რწყავდა არემარეს. უსაზღვრო მწუხარებით გონებადაკარგული ნიობე უშვერი სიტყვებით იხსენიებდა ქალღმერთ ლატონას. ამ დროს უეცრივ გაიელვა საზარელმა ისარმა, და ნიობეს უფროსი ქალიშვილი დაეცა ძმის გაცივებულ გვამს. მეორე და ისწრაფვის თავისი საყვარელი და ანუგეშოს, აუტანელი მწუხარება მცირედად მაინც შეუმსუბუქოს, მაგრამ შეუბრალებელი უხილავი ისარი მასაც სასიკვდილოდ უგმირავს გულს. დანარჩენ დებსაც ასეთივე სამწუხარო ბედი ეწია. დარჩა ობლად სულ უმცროსი და, რომელიც საყვარელ დედას გულმკერდში ეკვროდა და შველას ემუდარებოდა. საბრალო ნიობემ გულში მაგრად ჩაიკრა თავისი საყვარელი ქალიშვილი და ქალღმერთს ლატონას მხურვალედ შეევედრა: „გევედრები, ძლევამოსილო ლატონავ, ეს ერთადერთი უმცროსი ქალიშვილი მაინც გადამირჩინე! გევედრები, შეიბრალე საცოდავი ქალი, რომელიც ვერხვის ფოთოლივით თრთის ჩემს გულმკერდში!“ ლატონამ არ შეისმინა საბრალო ნიობეს ვედრება. აპოლონ ღმერთის შეუბრალებელმა ისარმა უმცროსი ქალიშვილიც სიცოცხლეს გამოასალმა. საბრალო ქალმა მშობელი დედის თვალწინ დახუჭა თვალები და თავისი დებისა და ძმების გაცივებული გვამების გვერდით განუტევა ტანჯული სული. დარჩა სრულიად დაობლებული საბრალო ნიობე თავისი საყვერელი ქალ–ვაჟებისა და მეუღლის გვამთა შორის. საცოდავმა ჯავრით გონება მთლად დაკარგა. საცოდავ დედას ნიავი უკვე თმას ოდნავაც არ ურხევს, მისმა ცხარე ცრემლებით აღვსილმა თვალებმა მოძრაობა სრულიად დაკარგა. საცოდავი ნიობე მარმარილოს ქვად გადაიქცა და მალმა ნიავმა იგი სამშობლო მხარეში გადაიტყორცნა. პიტალო კლდის მაღალ მწვერვალზე განმარტოვებით დგას ეს მარმარილოს ქვა და უძრავი თვალებიდან ცრემლთა ნაკადული გადმოსჩქეფს, თითქოს მის უკვე გაცივებულ გულში საყვარელი შვილებისა და მეუღლის დაკარგვის გამო აუტანელი მწუხარება ჯერაც არ ჩამქრალიყოს. დამწუხრებულია მთელი გარშემორტყმული მიდამოებიც ამ სანახაობით, და აბა რომელი გულქვა გამვლელ–გამომვლელი აუქცევს გვერდს ამ ადგილს, რომ საბრალო დედოფლის სამწუხარო ამბავი არ ამოიკითხოს ამ ცრემლთა ნაკადულში და თვალთაგან თვითონაც არ წასკდეს მდუღარე ცრემლები.

ო ი დ ი პ ო ს მ ე ფ ე[edit]

ოდესღაც თებეში მეფობდა კადმის შთამომავლის ლაბდაკის შვილი ლაიოსი, რომელსაც ცოლად ჰყავდა თებელი მენეკეას ასული იოკასტა. მეფე და დედოფალი დიდხანს ბედნიერად ცხოვრობდნენ და თავისი გონივრული მართვა–გამგეობით დიდი პატივისცემა ჰქონდათ დამსახურებული მთელ სახელმწიფოში. ყველანი დიდის ნდობით შეჰყურებდნენ მეფესა და დედოფალს და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მკვიდრთა კეთილდღეობა საიმედო მმართველთა ხელში იყო. სახელმწიფოს მკვიდრთ მხოლოდ ის აწუხებდათ, რომ მეფეს შვილი არ ჰყავდა და ამიტომ ადვილად მოსალოდნელი იყო სამეფო ტახტი ვინმე უღირსს ჩაეგდო ხელში. მეფე ლაიოსი და დედოფალი იოკასტა დიდ საგონებელში იყვნენ, რომ ყოვლად შემძლებელმა ღმერთებმა შვილები არ აჩუქეს. მეფე ლაიოსი დღე და ღამე სულ იმას ნატრობდა, რომ მემკვიდრე მისცემოდა და სამეფო ტახტი საგვარეულოს შორეულ შტოზე არ გადასულიყო. ამ საჭირბოროტო საკითხის საბოლოოდ გადასაჭრელად მეფემ მისანს მიმართა. მეფე ლაიოსმა მისნისაგან ამნაირი პასუხი მიიღო: „ლაიოს, შვილებისაგან ლოცვა–კურთხევას ვერ დაიმსახურებ. ღმერთები შვილს გაჩუქებენ, მაგრამ იგივე შვილი მოგკლავს, ულმობელი ბედისწერა მთელ შენს შთამომავლობას დაღუპავს“. ლაიოსმა იოკასტას უამბო მისნის საშინელი წინასწარმეტყველება. მეფე და დედოფალი მეტად შეაშფოთა ამ საბედისწერო წინასწარმეტყველებამ. გავიდა რამდენიმე ხანი, და იოკასტას მართლაც მიეცა ვაჟი, მაგრამ მისნის წინასწარმეტყველებით შეშინებულმა ლაიოსმა ბავშვს თვალიც კი არ გადაავლო. მეფემ, ბედისწერის ასაცილებლად, მსახურს დაავალა ყმაწვილი კითერონის მთების უღრან ტყეში გადაეგდო. ბავშვს რომ სიკვდილისაგან თავი არ დაეღწია, ლაიოსმა მას ორივე ფეხის ტერფი საკუთარი ხელით დაუხვრიტა. მსახურს შეეცოდა ბალღი და გადასაგდებად გადასცა მწყემსს, რომელიც კითერონის მთებზე კორინთის მეფის პოლიბოსის საქონლის ჯოგს აძოვებდა. როცა სასახლეში დაბრუნდა, მსახურმა მეფეს მოახსენა დავალება პირნათლად შევასრულეო. მეფე და დედოფალი მსახურის განცხადებით კმაყოფილნი დარჩნენ, გამხიარულდნენ, მისნის საბედისწერო წინასწარმეტყველება დაივიწყეს და ისევ ცხოვრების ფერხულში ჩაებნენ. პოლიბოსის მწყემსსაც შეეცოდა ბავშვი. მთებში გადაგდების ნაცვლად მან ფეხების ჭრილობები სათუთად შეუხვია მას და ოიდიპოსი დაარქვა, რაც ფეხებდასიებულს ნიშნავს. პირველ ხანებში მწყემსი თვითონ უვლიდა ბავშვს, შემდეგ კი იგი პოლიბოსმა იშვილა და ნამდვილ შვილსავით ზრდიდა. როცა წამოიზარდა, ოიდიპოსი დარწმუნებული იყო, რომ იგი პოლიბოსის ნამდვილი შვილია. ერთ ლხინში ძალზე დამთვრალმა ერთმა კორინთელმა მოქალაქემ თავმომწონე ყმაწვილს პირში მიახალა: შენ მეფე პოლიბოსის ღვიძლი შვილი არა ხარო. ოიდიპოსი მეტად შეურაცხყო ამ მისთვის სრულიად მოულოდნელმა ამბავმა. იგი დაუყოვნებლივ დაბრუნდა სასახლეში და გადაჭრით მოსთხოვა მეფე პოლიბოსს: დაუფარავად მითხარი სიმართლეო. მეფე ყოველგვარად შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ოიდიპოსი მისი ღვიძლი შვილია, რომ დამთვრალი კორინთელი მოქალაქის სიტყვები მტკნარი სიცრუეა, მაგრამ დაეჭვიანებული ყმაწვილი სავსებით მაინც ვერ დააჯერა. ოიდიპოსს მოსვენებას არ აძლევდნენ მწარე ფიქრები და ამიტომ მან გადაწყვიტა დელფის მისანს შეჰკითხებოდა თავისი ნამდვილი ვინაობის გამოსარკვევად. აპოლონ ღმერთის მისნის განმარტებით, ყმაწვილს მომავალში დიდი უბედურება უნდა დასტეხოდა თავს. მისანმა ყმაწვილს ასე უწინასწარმეტყველა: „დასტოვე მამაშენი. თუ სადმე კიდევ შეხვდები მას, უთუოდ შემოგაკვდება და შემდეგ საკუთარ დედას ცოლად შეირთავ“. ამ წინასწრმეტყველებამ მეტად შეაშფოთა ოიდიპოსი. თავზარდაცემულმა ყმაწვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა კორინთს გაშორებოდა და ბეოტიაში გადასახლებულიყო. დიდად დაღონებული ოიდიპოსი დელფასა და დაულიეს შუა მდებარე ბილიკით გაემგზავრა ბეოტიისაკენ. ოიდიპოსს ერთ გზაჯვარედინზე შემოხვდა ეტლით მომავალი მოხუცი. მეეტლემ და მოხუცმა მოინდომეს ოიდიპოსი ტლანქად ჩამოეყენებინათ გზიდან. ფიცხი ყმაწვილი ცეცხლივით აენთო და კომბლის მძლავრი დაკვრით ჩამოაგდო ერთიანად თავპირგასისხლიანებული მეეტლე. მოხუცმა ვერ მოითმინა ყმაწვილის ასეთი კადნიერება და ჯოხის დაკვრით ოიდიპოსს პირისახე დაუსისხლიანა. თავმომწონე ყმაწვილმა მოიმარჯვა სამგზავრო კომბალი და ისე დაჰკრა მოხუცს თავში, რომ საბრალომ სული განუტევა. ოიდიპოსი დარწმუნებული იყო, რომ მან მოკლა ვინმე თავზეხელაღებული ბეოტიელი, რადგანაც მოხუცის გარეგანი შესახედაობა სრულიადაც არ მოწმობდა წარჩინებული გვარეულობის წარმომადგენლობას. ნამდვილად კი ოიდიპოსმა მოკლა მეფე ლაიოსი, რომელიც ქალაქ დელფში მიემგზავრებოდა თავისი ბედის გამოსარკვევად. ამრიგად შესრულდა ღმერთების წინასწარმეტყველების პირველი ნაწილი. ოიდიპოსმა განაგრძო გზა და სულ მოკლე ხანში მივიდა თებეში, სადაც სწორედ იმ დროს გამოჩენილიყო რაღაც საშინელი ცხოველი სფინქსი. ხალხის ამ თავზარდამცემ ცხოველს სახე ქალისა ჰქონდა, ფრთები ფრინველისა, ტანი და კუდი კი ლომისა. სფინქსი დაბუდებული იყო ფოკიონის მთების მაღალ მწვერვალზე და იქიდან აძლევდა თებელებს ძნელად ასახსნელ გამოცანებს. ვინც ამ გამოცანას ვერ გამოიცნობდა, სფინქსი ნაკუწ–ნაკუწად გლეჯდა და ხარბად ყლაპავდა. ამრიგად დაიღუპა თებეს მრავალი წარჩინებული მოქალაქე, ამრიგადვე დაიღუპა დედოფალი იოკასტას ძმის კრეონის ვაჟიშვილი. ხალხის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა. მთელი სამეფო შიშით ძრწოდა. თავზარდაცემულმა თებეს წარჩინებულებმა ერთხმად დაადგინეს: ვინც სახელმწიფოს ამ უბედურებისაგან გამოიხსნის, ჯილდოდ თებეს სამეფო ტახტს მიიღებს და ქვრივი დედოფალი იოკასტაც მას მეუღლედ გაჰყვებაო. სწორედ იმ დღეს, როცა ეს დადგენილება საჯაროდ გამოიტანეს, თებეში მივიდა ხანგრძლივი მოგზაურობით დაქანცული ოიდიპოსი. ღმერთების საშინელი წინასწარმეტყველებით შეშინებული ოიდიპოსი სიცოცხლეს დიდად არ აფასებდა. მან სიამოვნებით მიიღო ტებელი წარჩინებულების მოწოდება და მთელი თავისი ახალგაზრდული აღტკინებით გადაწყვიტა ეხსნა სახელმწიფო იმ საშინელი უბედურებისაგან. თავმომწონე ყმაწვილი გაბედულად ავიდა იმ კლდეზე, საცა სფინქსი ბუდობდა, და უშიშრად მოსთხოვა ამ საშინელ ცხოველს მისთვისაც მიეცა გამოცანა ასახსნელად. სფინქსმა დაუყოვნებლივ შეუსრულა ყმაწვილს თხოვნა და ასეთი შინაარსის გამოცანა მისცა: „დამისახელე ცხოველი, რომელიც დილლით ოთხ ფეხზე დადის, შუადღისას – ორზე, საღამოს კი სამზე“. გონებამახვილმა ყმაწვილმა ასე განუმარტა ეს გამოცანა: „ეს ცხოველი ადამიანია. პატარაობისას იგი ოთხ ფეხზე დადის, როცა დავაჟკაცდება, ორ ფეხს ხმარობს, სიბერის დროს მესამე ფეხად ჯოხს იშველიებს“. გონებამახვილმა ოიდიპოსმა სწორედ ახსნა გამოცანა. თავზარდაცემულმა დამარცხებულმა სფინქსმა დაუყოვნებლივ დატოვა თებეს მიდამოები და სადღაც უგზოუკვლოდ გადაიკარგა. ხალხის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, ყველანი აღტაცებით ულოცავდნენ ახალგაზრდა გმირს ბრწყინვალე გამარჯვებას. თებელებმა ოიდიპოსი მისი გონებამახვილობისა და მამაცობისათვის ერთხმად აირჩიეს თავის მეფედ და ქვრივი დედოფალი იოკასტა მიათხოვეს. ოიდიპოსსა და იოკასტას ოთხი შვილი მიეცათ: ორი ვაჟი – ეთეოკლი და პოლინიკი, და ორიც ქალიშვილი – ანტიგონა და ისმენა. ამრიგად, ღმერთების საშინელი წინასწარმეტყველების მეორე ნაწილიც შესრულდა. მომხდარი ამბის მთელი საშინელება და საიდუმლოება ხალხისაგან დიდხანს იყო დაფარული. აბა ვის რა ეცოდინებოდა, როცა მეფეც და დედოფალიც ღრმად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სრულიად მართებულად, სრულიად კანონიერედ განაგებდნენ სამეფო ტახტს. მეფე ოიდიპოსი და დედოფალი იოკასტა რამდენიმე წლის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდნენ და თავისი გულკეთილი მართვა–გამგეობით ხალხში დიდი სიყვარული დაიმსახურეს. მეფე ოიდიპოსისა და დედოფალ იოკასტას ბედნიერად ცხოვრების დასასრულიც მოახლოვდა. ღმერთებმა შავი ჭირი მოუვლინეს სახელმწიფოს. ეს საშინელი სენი მუსრს ავლებდა სახელმწიფოს მკვიდრთ. ყოველ ოჯახში განუწყვეტლივ ტირილი და კვნესა გაისმოდა. საიქიოს სამეფო მიცვალებულთა სულებით აივსო, ქალაქი ერთიანად დაცარიელდა. შეშინებული თებელები ყველანი სასახლისაკენ მიისწრაფოდნენ და მეფეს მუხლმოდრეკილნი სთხოვდნენ დახმარებას. სიბრალულით აღვსილი მეფე ოიდიპოსი ამ საშინელი სენის აღსაკვეთად ათას სხვადასხვა ზომას იღებდა, მაგრამ ყოველგვარი ცდა ამაო იყო. და ბოლოს მეფემ დელფოში გაგზავნა თავისი ცოლისძმა კრეონი, რომელსაც ღმერთებისაგან უნდა მიეღო საჭირო რჩევა–დარიგება, თუ რა საშუალებით შეიძლებოდა საშინელი უბედურებისაგან ხალხის გადარჩენა. კრეონმა მეფე ოიდიპოსს სამწუხარო ამბავი მოუტანა. აპოლონ ღმერთის მისნის განმარტებით, სახელმწიფო მხოლოდ მაშინ განთავისუფლდებოდა ამ საშინელი სენისაგან, როცა თებელები მეფე ლაიოსის მკვლელს აღმოაჩენდნენ და ვერაგ დამნაშავეს სახელმწიფოს საზღვრებიდან გააძევებდნენ. სულითა და გულით აღშფოთებულმა ოიდიპოსმა დაუყოვნებლივ მოიწვია სახალხო კრება და დიდი საჩუქარი აღუთქვა, ვინც მეფე ლაიოსის მკვლელობის შესახებ რაიმე სწორ ცნობას მისცემდა მეფესა და სახალხო კრებას. ამ სახალხო კრებაზე ოიდიპოსმა მოიწვია აგრეთვე მოხუცი ბრმა ტირეზიასი, რომელსაც თავისი გულთამხილაობით ხალხში დიდი პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული. მეფემ მოხუც ტირეზიას საჯაროდ სთხოვა დახმარება გაეწია მეფე ლაიოსის მკვლელის აღმოსაჩენად. საბრალო მოხუცს გულის სიღრმიდან სასოწარკვეთილების საშინელი ძახილი აღმოხდა. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მოხუცმა გულთამხილავმა მწარედ ამოიკვნესა: „საშინელებაა, როცა ადამიანს შეუძლია დამნაშავე დაასახელოს, მაგრამ ამ შესაძლებლობას იგი მოკლებულია! მეფეო, ნება მიბოძე დუმილით შევხვდე შენს თხოვნას! ნუ მაიძულებ, მოწყალეო ხელმწიფეო, რომ ღმერთების საშინელი წინასწარმეტყველების გამოაშკარავება ჩემის პირიდან მოისმინო!“ მეფე მაინც დაჟინებით სთხოვდა მოხუც ტირეზიას თავისი საიდუმლოების გამომჟღავნებას, მაგრამ გულთამხილავი მოხუცი ურყევად დუმდა და კრინტს არ ძრავდა. მეფე ოიდიპოსი იმდენად აღაშფოთა მოხუცი ტირეზიასის ურჩობამ, რომ ლანძღვა–გინებასაც კი მიმართა და ყველასაგან პატივცემულ გულთამხილავს კრეონისაგან მოსყიდვაც კი დასწამა, საჯაროდ „მატყუარაც“ კი უწოდა. ოიდიპოსის მრისხანე სიტყვებმა დაარღვია მოხუცი გულთამხილავის დუმილი. მეფის სიტყვებით დიდად შეურაცხყოფილმა მოხუცმა აღელვებულის კილოთი შეჰყვირა: „მეფეო, თუ გსურს გაიგო, ვინაა დამნაშავე მეფე ლაიოსის მკვლელობაში, გთხოვ მოთმინებით მომისმინო! შენ თვითონ ხარ ის დამნაშავე, რომელმაც ხალხს ეს დიდი უბედურება თავს მოახვიე! მეფე ლაიოსის მკვლელი თვითონ შენა ხარ, მეფეო! დიახ, შენ მოკალი მამაშენი, წარბშეუხრელად შეირთე ცოლად დედაშენი და ამრიგად შეარცხვინე მთელი შენი გვარეულობა!“ მოხუცი გულთამხილავის სიტყვები ყუმბარასავით გასკდა სახალხო კრებაზე. ოიდიპოს მეფეს თავზარი დაეცა, საბრალომ აზრი და გონება დაკარგა. სიბრაზისაგან ცეცხლივით ანთებული მეფე, მამის მკვლელი, მოხუცს საჯაროდ ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, მიწასთან ასწორებდა მას. მოხუცი გულთამხილავიც თავის მხრით უფრო და უფრო მკვეთრი სიტყვებით უსერავდა გულს გააფთრებულ ოიდიპოს მეფეს და წყლულზე წყლულს უმატებდა. ტირეზიასმა ოიდიპოსს უწინასწარმეტყველა, – ყოვლად შემძლებელი ღმერთები სამუდამოდ დაგწყევლიან და შეგაჩვენებენ შენ და მთელ შენს შთამომავლობასაცაო. მოხუცი გულთამხილავი იმდენად შეურაცხყოფილად თვლიდა თავისთავს, რომ კრებაზე დარჩენაც შეუძლებლად სცნო და დაუყოვნებლივ დატოვა საჯარო სხდომა. სწორედ ამ დროს სახალხო კრებაზე გამოცხადდა მეფე ოიდიპოსის ცოლისძმა კრეონი. ოიდიპოსი და კრეონი ერთი–მეორეს შეედავნენ, ისინი უხეში სიტყვებით ლანძღავდნენ ერთმანეთს. მეფესა და ცოლისძმას შორის ატეხილი დავა უფრო და უფრო მწვავე ხასიათს იღებდა. დედოფალი იოკასტა ცდილობდა ამ შეუფერებელ ადგილას გამართული დავა მოესპო, მაგრამ დედოფლის ცდა უნაყოფი იყო. იოკასტა ჩაერია მეფისა და კრეონის შეუფერებელ სჯა–ბაასში და დაუნდობლად დაუწყო ლანძღვა–გინება კრებიდან წასულ მოხუც ტირეზიასს. „აი, რამდენად უმეცარი და მატყუარა გამოდგა მოხუცი გულთამხილავი, – უმტკიცებდა დედოფალი ოიდიპოს მეფეს: – ჩემ პირველ მეუღლეს ღმერთებმა უწინასწარმეტყველეს, რომ მას საკუთარი შვილი მოკლავდა, მაგრამ ეს წინასწარმეტყველება არ გამართლდა, ჩვენი ერთადერთი შვილი სამი დღისა იყო, როცა მთებში დაიღუპა. ჩემი მეუღლე მეფე ლაიოსი კი ვიღაც უცნობმა მოკლა გზაჯვარედინზე, როცა იგი დელფში ეტლით მიემგზავრებოდა!“ დედოფლის ამ განმარტებამ თავზარი დასცა ოიდიპოს მეფეს. „მაშ ეტლით მიმავალი მეფე ლაიოსი გზაჯვარედინზე მოკლეს?“ შეშფოთებული შეეკითხა ოიდიპოსი დედოფალ იოკასტას. ამიწერე მეფე ლაიოსის გარეგნობა და ტანადობა, რამდენი წლისა იქნებოდა მეფე იმ დროს, როცა მოკლეს?“ „მეფე მაღალი იყო, – გულუბრყვილოდ უპასუხა იოკასტამ, – თეთრი თმა ამშვენებდა. ტანადობითა და პირისახის გამომეტყველებით მთლიანად შენ წაგაგავდა“. –„მოხუცმა ტირეზიასმა მართალი თქვა!“ – სასოწარკვეთილებით წამოიძახა ოიდიპოსმა. მეფემ მხოლოდ ახლა შეიგრძნო მეფე ლაიოსის მკვლელობის მთელი საშინელება. შიშითა და მოკრძალებით შეუდგა მეფე ოიდიპოსი საქმის ნამდვილი ვითარების გამოკვლევას. იოკასტას მიერ აღწერილი მეფე ლაიოსის ტანადობა და პირისახის გამომეტყველება, თუმცა ჯერ კიდევ ბუნდოვანად, ნათელყოფდა, რომ მეფე ლაიოსის მკვლელი ოიდიპოს მეფე იყო. სწორედ ამ დროს კორინთიდან მოვიდა მოამბე, რომელმაც განაცხადა: მეფე პოლიბოსი გარდაიცვალა და სამეფო ტახტი, როგორც კანონიერმა მემკვიდრემ, ოიდიპოსმა უნდა დაიჭიროსო. ამ მოულოდნელი ამბის შეტყობამ ერთხელ კიდევ სიხარულის ფრთები შეასხა დედოფალ იოკასტას. –„აი, რამდენად სიმართლეს მოკლებულია ღმერთების წინასწარმეტყველება!“ – სიხარულით ეუბნებოდა დედოფალი ოიდიპოს მეფეს: „ღმერთებმა ხომ გიწინასწარმეტყველეს, მამას მოკლავო, მაგრამ, როგორც ხედავ, მამაშენი მოხუცებულობის გამო თავისი დღით მოკვდა!“ მეფე ოიდიპოსზე კი კორინთიდან მოსული მოამბის სიტყვებმა სულ სხვა შთაბეჭდილება მოახდინა. საბრალო მეფეს მოაგონდა ის შემთხვევა, როცა ერთხელ ლხინის დროს კორინთელმა მოქალაქემ აშკარად განუცხადა: შენ, ოიდიპოს, მეფე პოლიბოსის ნამდვილი შვილი არა ხარო. ოიდიპოსი მაინც თავისთავს არ უჯერებდა და თითქო კიდევ რაღაც ეჭვიანობდა. მაგრამ კორინთიდან მოსულმა მოამბემ ოიდიპოსის უკანასკნელი ეჭვებიც სრულებით გაფანტა. ოიდიპოსსთან გამოგზავნილი მოამბე აღმოჩნდა სწორედ ის მწყემსი, რომელმაც მეფე ლაიოსის მსახურისაგან ჩაბარებული ბავშვი მეფე პოლიბოსს მიუყვანა აღსაზრდელად. მოამბე მეფე ოიდიპოსსა და დედოფალ იოკასტას გულახდილად გამოუტყდა, ოიდიპოსი თუმცა პოლიბოსის მემკვიდრედაა გამოცხადებული, მაგრამ გარდაცვალებული მეფის ნამდვილი შვილი არ არისო. ამ გულახდილმა სიტყვებმა მეფე ოიდიპოსს თვალწინ ნათლად დაუყენა მთელი თავისი უმაგალითო დანაშაულის საშინელება. საბრალო ოიდიპოსის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, იგი სულიერად და ხორციელად იტანჯებოდა, სასოწარკვეთილებას ეძლეოდა. გონებადაკარგულმა ოიდიპოსმა დატოვა სახალხო კრება და შეშლილივით გაემართა ქალაქისაკენ. საბრალო მეფე ქალაქის ქუჩებს საცოდავად აფარებდა თავს და გამვლელ–გამომვლელს შველას სთხოვდა. მაგრამ მეფე ლაოსის მკვლელობით აღშფოთებული მოქალაქენი მეფეს ზიზღით შეჰყურებდნენ და მის შეხვედრას ერიდებოდნენ. სწორედ იმ დროს, როცა საბრალო ოიდიპოსი ასე მწარედ იტანჯებოდა, სასახლეში ახალი საშინელება დატრიალდა: იოკასტამ ვერ აიტანა ოიდიპოსის მიერ ჩადენილი უმაგალითო დანაშაულის სიმძიმე და თავი ჩამოიხრჩო. ოიდიპოსის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა მან, ისედაც გონებადაკარგულმა, ჭერზე თოკით ჩამოკიდებული იოკასტას გაცივებული გვამი დაინახა. საბრალო მეფე შეშლილივით მიიჭრა ჭერზე ჩამოკიდებულ დედოფალთან, ჩამოხსნა საბედისწერო თოკი და ცრემლების ღაპა–ღუპით იატაკზე დაასვენა. გონებადაკარგულმა ოიდიპოსმა შეშლილივით ჩამოგლიჯა იოკასტას მოსახურავს ოქროს შესაკრავი და ისე მძლავრად ჩაიკრა თვალებში, რომ თვალთაგან ამოხეთქილი სისხლის შადრევანი დარბაზის ჭერს სწვდებოდა. „ჩემი მოელვარე თვალები, – შეშლილივით ბუტბუტებდა ოიდიპოსი, – ამიერიდან ვერ დაინახავენ ვერც ჩემს უბედურებას და ვერც ჩემ მიერ ჩადენილ დანაშაულს! წყვდიადით მოცული ჩემი თვალები ამიერიდან ვერ დაინახავენ ვერც ჩემს მტერს და ვერც ჩემს მოკეთეს! ციური მანათობელი სხივები ამიერიდან ვერ ჩასწვდებიან ჩემს გულსა და სულს!“ ციურ სინათლეს მოკლებულმა მეფემ გადაწყვიტა ხალხის წინაშე თავისი დანაშაულის მონანიება და მსახურებს უბრძანა სახალხო მოედანზე წაეყვანათ. მსახურებმა დაუყოვნებლივ შეასრულეს საბრალო ოიდიპოსის სურვილი. მოედანზე თავმოყრილი ხალხი გულთბილად შეხვდა მეფეს. ყველანი იბრალებდნენ საცოდავ მეფეს და თავის გულისწყრომას გულში იმარხავდნენ. კრებაზე ოიდიპოსის ცოლისძმა კრეონიც გამოცხადდა. კრეონი დიდის სიყვარულითა და პატივისცემით მიესალმა მწუხარებისაგან გონებადაკარგულ მეფეს. ხალხისა და კრეონის გულთბილმა შეხვედრამ დიდად იმოქმედა ოიდიპოსის სულიერ განწყობილებაზე. ოიდიპოსმა, სანამ მისი შვილები სრულწლოვანი გახდებოდნენ, კრეონი დროებით მეფედ გამოაცხადა. საბრალო მეფემ კრეონს სთხოვა ობლად დარჩენილ ბავშვებს მზრუნველობით მოპყრობოდა და საცოდავი დედოფალი იოკასტა ღირსეულად დაესაფლავებინა. და ბოლოს, ყოფილმა მეფემ კრეონს მოსთხოვა მხლებლები, რომელთაც ის უნდა მიეცილებინათ კითერონის მთებამდის, სადაც უნდა გაეტარებინა, ღმერთების სურვილის თანახმად, საბრალო ოიდიპოსს სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. კრეონმა საჯაროდ აღუთქვა ოიდიპოს მეფეს ყველა თხოვნის შესრულება. ოიდიპოსი მეორე დღესვე გაუდგა თავის გზას. საბრალოს საბოლოოდ გადწყვეტილი ჰქონდა რაც შეიძლება დაჩქარებით გამოსალმებოდა სიცოცხლეს, რომელიც მისთვის ამჟამად მხოლოდ და მხოლოდ წამება იყო. ოიდიპოსის ასულებმა, ანტიგონემ და ისმენამ, ქალაქის საზღვრებამდის მიაცილეს საბრალო მეფე და ცრემლების ღაპაღუპით ემუდარებოდნენ საყვარელ მამას დაბრუნებულიყო და თვისი უკანასკნელი დღეები სასახლეში გაეტარებინა. ოიდიპოსმა გადაჭრით უარყო თავისი საყვარელი ანტიგონესა და ისმენას მხურვალე ვედრება. დადგა გამოსალმების ჟამი. ანტიგონემ ერთბაშად გადწყვიტა მამას გაჰყოლოდა და მოგზაურობის დროს მცირედად მაინც შეემსუბუქებინა საბრალო მამის გამოუთქმული მწუხარება. ანტიგონემ დაითანხმა ისმენა ძმებთან დარჩენილიყო და თავისი მოვლა–პატრონობით დედის მაგიერობა გაეწია ობლებისათვის. ანტიგონე მამასთან ერთად გაემგზავრა უცხო ქვეყანაში. საბრალო ქალი მხნედ იტანდა ყველა გაჭირვებას, რაც განუყრელი თანამგზავრია უცნობ უდაბნო ადგილებში. სათუთი, ნაზი აგებულების ანტიგონე აუტანელი სიცხეებისა და კოკისპირული წვიმების დროს საშინელი წამებით შოულობდა ლუკმაპურს, რომ საბრალო მამა შიმშილით ხელში არ შემოჰკვდომოდა. მოგზაურობის დროს ოიდიპოსმა შეცვალა თავისი პირვანდელი განზრახვა, ნაცვლად დანიშნული ადგილისა დელფოსაკენ გაემართა, ღმერთებს რომ თავისი მომავალი ბედის შესახებ შეჰკითხებოდა. დელფოს მისანმა ოიდიპოსს უწინასწარმეტყველა: შენ მხოლოდ მაშინ დამშვიდდები, როცა მიაღწევ ღმერთებისაგან დანიშნულ ქვეყანას, საცა ბოროტი ქალღმერთები, ევმენიდები, შეწყვეტენ შენს დევნას და სამუდამოდ ჩამოგშორდებიანო. სანამ ამ ბედნიერ ქვეყანას მიაღწევდა საბრალო ოიდიპოსი, ელინთა უცხო ქვეყნებში კარდაკარ დადიოდა და გზადაგზა იკვებებოდა მოწყალებით, რასაც კეთილი ადამიანები მამა–შვილს დროგამოშვებით აწვდიდნენ. ოიდიპოსი და ანტიგონე ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ მივიდნენ ქალაქ კოლონში, საცა, როგორც ადგილობრივი მკვიდრისაგან გაიგეს, ათენელები თაყვანსა სცემდნენ მუდამ შურიშმაძიებელ ერინიებს ევმენიდებისათვის შეწირულ საუცხოოდ მოწყობილ ტყეში. როცა ოიდიპოსი და ანტიგონე კოლონში მივიდნენ, ათენაში მეფობდა მთელს საბერძნეთში სახელგანთქმული გმირი თეზევი. როგორც კი ოიდიპოსის მოსვლა შეიტყო, თეზევი დაუყოვნებლივ კოლონში მივიდა და მეგობრულად შეეგება წამებულ მეფეს. „საბრალო ოიდიპოს, შენი სამწუხარო თავგადასავალი დიდი ხანია გაგონილი მაქვს! ჩემ გულს ღრმად სწვდება შენი დაუსრულებელი უბედურების ამბავი! ნუ მომერიდები, გულახდილად მითხარი რა გსურს და ყველაფერს სიამოვნებით შეგისრულებ!“ – სიყვარულის კილოთი შეეკითხა თეზევი ტანჯულ ოიდიპოსს. –„ მომეცი, მოწყალეო მეფეო, თავშესაფერი და საფლავი! – აი, ყველაფერი, რის თხოვნაც მსურს!“ მორიდებით უპასუხა ოიდიპოსმა. თეზევმა გულწრფელად მისცა წინადადება ოიდიპოსს საცხოვრებლად აერჩია, თუ მოიუსურვებდა, ან ათენა, ან კოლონი. ოიდიპოსმა კოლონში დარჩენა არჩია, რადგან, ღმერთების წინასწარმეტყველებით, ამ ქალაქში უნდა მოეპოვა საუკუნო განსვენება. თეზევმა სიამოვნებით შეუსრულა ტანჯულ მეფეს უკანასკნელი სურვილი და ნება მისცა მუდმივ საცხოვრებლად კოლონში დარჩენილიყო. ასე გულთბილად მოპყრობისთვის დიდად მადლიერმა ოიდიპოსმა ზეცას აღაპყრო ხელები და ყოვლად შემძლებელ ღმერთებს მხურვალედ შესთხოვა ათენის ძლევამოსილი სახელმწიფოსათვის თავისი ლოცვა–კურთხვა მოევლინათ. გულთბილი მოპყრობით გამხნევებულმა ოიდიპოსმა დაბოლოს გულკეთილ თეზევს სთხოვა მიეცილებინა იგი იმ ადგილამდის, სადაც, ღმერთების სურვილის თანახმად, საბრალო მეფეს საუკუნოდ უნდა განესვენა. კოლონის რჩეული მოქალაქეებისა, თავისი საყვარელი ქალიშვილის ანტიგონესა და ძლევამოსილი თეზევის თანხლებით გაემგზავრა ოიდიპოსი ევმენიდების ტყისაკენ. ოიდიპოსი წინ უძღოდა მხლებლებს და ყოვლად შემძლებელი ღმერთების ჩვენებით მოგზაურებს გზას უკვლევდა. ოიდიპოსმა და მისმა თანამხლებლებმა მიაღწიეს დანიშნულ ადგილას. ევმენიდების სახელობაზე შეწირული ტყის შუა ადგილას მოჩანდა მიწაში ჩასასვლელი, რომლის დახურულ თავთან თავს იყრიდა ყოვლის მხრიდან მომავალი ვიწრო ბილიკები. ხალხის გადმოცემით, ამ ჩასასვლელიდან მიდიოდა გზა საიქიოს სამეფოში. ოიდიპოსი საიქიოს ამ ჩასასვლელთან შეჩერდა. საბრალო მეფემ გაიხადა გამტვრიანებელი ტანსაცმელი, ჩამოიბანა მოგზაურობის დროს სხეულზე დადებული ჭუჭყი და ოფლი და ბრწყინვალედ გამოეწყო თეზევის მიერ ნაჩუქარ მშვენიერ ტანსაცმელში. სწორედ ამ დროს უეცრივ გაისმა საშინელი ქუხილი. ოიდიპოსს გარკვევით შემოესმა საბედისწერო ძახილი: „ოიდიპოს, ნუ აგვიანებ!“ როგორც კი ყური მოჰკრა ამ საბედისწერო ძახილს ოიდიპოსმა, დაუყოვნებლივ მიიხმო ძლევამოსილი თეზევი და თავისი საყვარელი ანტიგონე ჩააბარა. სასიკვდილიდ განწირულმა ოიდაპოსმა ათენის ძლევამოსილ მეფეს სთხოვა ობლად დარჩენილ ანტიგონესათვის დახმარება აღმოეჩინა და უპატრონოდ არ დაეტოვებინა. დაბოლოს ოიდიპოსი მოკრძალებითა და საშინელი გულისტკივილით გამოეთხოვა იქ მყოფთ, სთხოვა შინ დაბრუნებულიყვნენ, მხოლოდ იმ პირობით კი, რომ გზაში არცერთს უკან არ მოეხედა. საიქიოს ჩასასვლელ კართან, ოიდიპოსის თხოვნით, მარტოდ–მარტო თეზევი დარჩა. ანტიგონე და კოლონის წარჩინებული მოქალაქეები წყნარად ჩამოშორდნენ საბედისწერო ადგილს და მწუხარედ გაემართნენ შინისაკენ, ხოლო ვერცერთი ვერ ბედავდა უკან მოხედვას. მაგრამ დახეთ საკვირველებას! საიქიოს ჩასასვლელმა ხვრეტილმა უხმოდ შთანთქა ოიდიპოსი. საბრალო მეფე სწრაფად დაეშვა ბნელ სიღრმეში და ასე გეგონებოდათ ფრთები შეესხა და ისე მიფრინავსო. თეზევი უძრავად იდგა საიქიოს ჩასასვლელ კართან და მწუხარედ იფარებდა ხელებს თვალებზე. ათენის ძლევამოსილმა გმირმა მცირედი ლოცვის შეწირვის შემდეგ დატოვა საბედისწერო ადგილი და ანტიგონესთან ერთად ათენაში დაბრუნდა. ყველგან და მარადის გულკეთილი თეზევი იშვიათის მზრუნველობით მფარველობდა ობლად დარჩენილ ანტიგონეს და მამის დაკარგვით დასერილ მის გულს შეუწყვეტლივ განმკურნებელ მალამოს სცხებდა. თეზევმა რამდენიმე ხნის შემდეგ საბრალო ანტიგონე, მისივე თხოვნით, ძმებთან გაგზავნა თებეში. ასე სამწუხაროდ დაამთავრა თავისი მრავალტანჯული სიცოცხლე იმ ადამიანმა, რომელმაც შეცდომით თავისი საკუთარი მამა მოკლა და მშობელი დედა ცოლად შეირთო.

ა რ გ ო ნ ა ვ ტ ე ბ ი ს ლ ა შ ქ რ ო ბ ა[edit]

ელინთა ტომების მამამთავრის ეოლოსის შვილმა კრეტეასმა თესალიაში დაარსა სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი იოლკი მთელ საბერძნეთში სახელგანთქმულ ქალაქად ითვლებოდა. მეფემ სამეფო ტახტი მოხუცებულობის დროს უანდერძა თავის უფროს შვილს ეზონს. მაგრამ, კრეტეასის განკარგულების წინააღმდეგ, სამეფო ტახტს კრეტეასის შვილი პელეასი დაეუფლა. კრეტეასის გარდაცვალების შემდეგ ეზონის შვილი, სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე იაზონი, კენტავრ ხირონს მიაბარეს აღსაზრდელად. ხირონი დიდის გულმოდგინებით წვრთნიდა ყმაწვილს, გულში უნერგავდა გმირულ ჩვევებს და ამრიგად ცდილობდა ნიჭიერი მოწაფე ნამდვილ გმირად აღეზარდა. მართლაც, დახელოვნებულმა კენტავრმა თავის წინასწარ დასახულ მიზანს სავსებით მიაღწია. იაზონმა დავაჟკაცებისას მართლაც თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა ელინთა გმირებს შორის, მისი საგმირო საქმეები ყველგან აღტაცებას იწვევდა. მეფე პელეასს ძლიერ ეშინოდა უკანონოდ დაჭერილი ტახტი არ დავკარგოო, მით უფრო, რომ მეფეს ღმერთებმა უწინასწარმეტყველეს: ცალქალამნიან კაცს მოერიდე, თორემ სამეფო ტახტი დიდ განსაცდელში ჩავარდებაო. იაზონი ოცი წლის შესრულდა, როცა თავისი აღმზრდელის სახლი ფარულად დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა იმ აზრით, რომ პელეასის მიერ უკანონოდ დაჭერილი ტახტი დაებრუნებინა. გზაში იაზონი მდინარეზე უნდა გადსულიყო. წყლის პირას ყმაწვილმა დაინახა მოხუცი ქალი, რომელიც მეორე ნაპირას გადასვლას ეპირებოდა, მაგრამ შიშით წყალში შესვლას ვერ ბედავდა. იაზონმა თავაზიანად გადაიყვანა მოხუცი ქალი მდინარის მეორე ნაპირას, მაგრამ წყალში გასვლის დროს ცალ ფეხზე ქალამანი გასძვრა და წყალმა წაიღო. ცალქალამნიანი იაზონი იოლკისაკენ გაემგზავრა. მეფე პელეასი სწორედ იმ დროს, როცა იაზონი იოლკში მივიდა, პოსეიდონ ღმერთს მსხვერპლს სწირავდა. როგორც კი დაინახა პელეასმა ცალქალამნიანი ყმაწვილკაცი, მაშინვე მოაგონდა ღმერთების წინასწარმეტყველება, რამაც დიდად შეაშფოთა. როგორც კი მორჩა მსხვერპლის შეწირვას, მეფემ მიიწვია ახლადმოსული ყმაწვილი და იოლკში მისვლის მიზანი გამოჰკითხა. თავმომწონე იაზონმა მეფეს შეკითხვაზე მოახსენა: „მოწყალეო ხელმწიფეო, მე ვარ მეფე ეზონის კანონიერი მემკვიდრე! ბავშვობიდანვე კენტავრ ხირონის ხელმძღვანელობით ვიზრდებოდი. ამჟამად კი, როცა უკვე დავვაჟკაცდი, იოლკში იმ აზრით მოვედი, რომ განსვენებული მამაჩემის კარმიდამო მოვინახულო!“. ცბიერმა პელეასმა იაზონს თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ყმაწვილის მოსვლა კიდევაც ესიამოვნა. იაზონის პატივსაცემლად სასახლეში ხუთი დღის განმავლობაში დიდი ზეიმი იმართებოდა. ყველანი მხიარულობდნენ და დიდ სიხარულს გამოთქვამდნენ მეფის ნათესავის მოსვლის გამო. ცბიერი პელეასი ამ ზეიმების დროს განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა იაზონს. მეექვსე დღეს მეფე პელეასმა დაწვრილებით გამოჰკითხა თავის ბიძაშვილს იოლკში მოსვლის ნამდვილი მიზანი. იაზონმა თავაზიანად მოახსენა მეფეს: „დიდებულო მეფეო, შენ უთუოდ კარგად მოგეხსენება, რომ მე აწ გარდაცვალებულის მეფე ეზონის პირდაპირი კანონიერი მემკვიდრე ვარ! სახელმწიფოს მთელი ქონება, როგორც ერთადერთ კანონიერ მემკვიდრეს, მე მეკუთვნის, მაგრამ, მერწმუნე, დიდებულო მეფეო, მე ხელს არ ვახლებ შენს ძვირფას ავლადიდებას, ხელს არ ვახლებ საქონლის უთვალავ ჯოგებს, ბალახით აბიბინებულ საძოვრებს და უხვმოსავლიან ხოდაბუნებას! მთელი ეს ფასდაუდებელი სიმდიდრე შენთვის დამითმია! მე შენგან მხოლოდ ერთ რასმე მოვითხოვ: დიდებულო ხელმწიფეო, დამიბრუნე მამაჩემის ტახტი და სკიპტრა!“ ცბიერმა პელეასმა ტახტის კანონიერ მემკვიდრეს ლმობიერად უპასუხა: „ყველა შენს მოთხოვნას დიდის სიამოვნებით დავაკმაყოფილებ, თუ შენ ღირსეულად მომიგვარებ ერთ დიდ საქმეს, რომლის პირადად შესრულება მოხუცებულობის გამო არ შემიძლია. აგერ რამდენი ხანია, რაც კოლხიდაში დასაფლავებული ჩვენი ბიძაშვილის ფრიქსის აჩრდილი დაჟინებით მთხოვს ფრიქსის ნეშტი სამშობლოში გადმოვასვენო და ოქროს საწმისი, რომელიც კოლხიდის მეფემ დაისაკუთრა, სამშობლო მხარეს უკანვე დავუბრუნო. თუ ამ საქმეს ღირსეულად შემისრულებ, სამეფო ტახტსა და სკიპტრას დაუყოვნებლივ სიამტკბილობით გადმოგცემ!“ იაზონი ვერც კი წარმოიდგენდა, თუ რა სამძიმო საქმის შესრულებას ავალებდა ცბიერი პელეასი და ამიტომ სიამოვნებით განაცხადა თანხმობა მეფის წინადადებაზე. ფრიქსი და ჰელა, მეფე კრეტეასის ძმის ადამასის შვილები, დიდ შეურაცხყოფასა და გაჭირვებას ითმენდნენ თავისი ბოროტი დედინაცვლის ინოსაგან. საბრალო ფრიქსის დედამ, ღრუბლების ქალღმერთმა ნეფელამ, თავისი საყვარელი ქალ–ვაჟი სასახლიდან მოიტაცა. ნეფელამ ფრიქსი და ჰელა ღმერთ ჰერმესის ნაჩუქარ ფრთებიან ოქროსმატყლოვან ვერძზე შესვა და შორეული ქვეყნებისაკენ გაისტუმრა. საბრალო შვილები ცრემლების ღაპაღუპით გამოეთხოვნენ საყვარელ დედას. ოქროსმატყლოვანი ვერძი ელვის სისწრაფით მიფრინავდა ცის თვალუწვდენელ სივრცეში. პატარა მოგზაურები ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ მათ თვალწინ გადაშლილ უცხო ქვეყნებს, დედამიწის გულში მოჩუხჩუხე მდინარეების ნაკადებს და აბობოქრებული ტალღებით შეშფოთებულ ზღვის საუცხოო ნაპირებს. საუბედუროდ, ჰელა ოქროსმატყლოვანი ვერძის ზურგიდან გადმოვარდა და სწორედ იმ დროს დაიღუპა, როცა პატარა მოგზაურები ეგეოსის ზღვასა და პროპონტიდის სრუტეს გადადიოდნენ. იმ სრუტეს, საცა საბრალო ჰელა დაიღუპა, ამ იშვიათი მოგზაური ქალის სახსოვრად ჰელესპონტი (ჰელას ზღვა) დაერქვა. ეს სრუტე დღესაც ამ სახელს ატარებს. ფრიქსი მშვიდობიანად მივიდა კოლხიდაში. ამ შორეულ საუცხოო ქვეყანაში იმ დროს მეფობდა მრისხანე მეფე აეტესი. მეფემ მეგობრულად მიიღო ახლადმოსული უცხოელი. აეტესს ისე მოეწონა ფრიქსი, რომ, ნიშნად თავისი კეთილგანწყობილებისა, თავისი ასული სალკიონა მიათხოვა. ფრიქსმა ოქროსმატყლოვანი ვერძი ყოვლად შემძლებელ ღმერთებს შესწირა, მხოლოდ ვერძის ოქროს საწმისი კი თავის სიმამრს, მეფე აეტესს მიუძღვნა. მეფე აეტესმა სიძის ნაჩუქარი ოქროს საწმისი ღმერთ არესის სამღვთო ჭალაში ხეზე ჩამოკიდა და ფხიზელ დარაჯად მეტად საშინელი გველეშაპი მიუჩინა. ხალხის გადმოცემით, სანამ ეს ოქროს საწმისი არესის სამღვთო ჭალაში ეკიდებოდა და არავინ მოიტაცებდა, მეფე აეტესის სიცოცხლეს ფათერაკი არ მოელოდა, მის სახელმწიფოს მტერი ხელს ვერ შეახებდა. ოქროს საწმისი, როგორც ფასდაუდებელი ძვირფასი განძი, ყველა ქვეყნის ყურადღებას იპყრობდა. ყველა ქვეყნის საუკეთესო გმირები ერთი–მეორეს ეჯიბრებოდნენ, რომ მეფე აეტესისათვის ეს ოქროს საწმისი მოეტაცათ, მაგრამ მათი ცდა ყოველთვის უნაყოფოდ რჩებოდა. საშინელი გველეშაპი დღედაღამ ფხიზლად სდარაჯობდა ოქროს საწმისს და მის მახლობლად ფხიზელი დარაჯის შიშით ჩიტსაც კი არ შეეძლო გაფრენა. მეფე პელეასმა ყოველივე ეს კარგად იცოდა და კიდევაც ამიტომ დაავალა თავის ბიძაშვილს იაზონს ასეთი სამძიმო საქმის შესრულება. ცბიერი პელეასი ღრმად დარწმუნებული იყო, რომ სამეფო ტახტის მაძიებელი იაზონი ამ სამძიმო საქმეს ვერ შეასრულებდა და უეჭველად დაიღუპებოდა. ძლევამოსილი იაზონი კოლხიდაში გამგზავრების სამზადისს შეუდგა. მთელი საბერძნეთის რჩეულმა გმირებმა მიიღეს უახლოესი მონაწილეობა იაზონის მიერ განზრახულ მეტად სახიფათო ლაშქრობაში. ათენა ქალღმერთის ხელმძღვანელობით, გემების დახელოვნებულმა მშენებელმა არგომ მდინარე ჰელიონის ნაპირებზე ააგო ორმოცდაათხოფიანი საუცხოო გემი, რომელსაც მშენებლის სახელი „არგო“ დაარქვეს. მოგზაურებმა, რომელთაც გემის სახელწოდების მიხედვით „არგონავტები“ ეწოდათ, დაუყოვნებლივ აირჩიეს გემის პასუხისმგებელი პირები. ძლევამოსილ იაზონს წილად ხვდა ლაშქრობის წინამძღოლობა, ხოლო გმირ ტიფიასს კი გემის მესაჭეობა. წინდახედული და შორსმჭვრეტელი ლიკიასი გემის წინამძღოლად, ლოცმანად აირჩიეს. ძლევამოსილ იაზონთან ერთად შორეულ კოლხიდაში გაემგზავრნენ მთელ საბერძნეთში სახელგანთქმული გმირები: ჰერკულესი, პელასი, აიანტის მამა ტელამონი, ღმერთების მამამთავრის ზევსის შვილები პოლუქსი და კასტორი, ტკბილად მოუბარი ნესტორის მამა ნელეასი, მეფე ადმეტი, სახელგანთქმული მომღერალი ორფევი, პატროკლის მამა მენოტი, პოსეიდონ ღმერთის შვილი ეფემი, თეზევი, რომელიც შემდგომ ათენაში მეფედ აირჩიეს, მისი მეგობარი პერითეი, ჰერკულესის მეგობარი გილასი და სხვა მრავალი წარჩინებული გმირი. მოგზაურებმა, სანამ გემს ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში შეაცურებდნენ, ღმერთებს გამოსამშვიდობებელი მსხვერპლი შესწირეს და მხიარულად შეაცურეს გემი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში. საამური ნიავი ზღვის ზედაპირს ნაზად დაჰქროლავდა და მოგზაურებს კეთილად მგზავრობის იმედს უნერგავდა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ უეცრივ ზღვაზე ძლიერმა ქარმა დაბერა, და არგონავტები იძულებულნი იყვნენ გემი ლემნოსის ნავსადგურში შეეცურებინათ. სწორედ იმ ხანებში, როცა არგონავტები კუნძულ ლემნოსის ნაპირებზე გადმოვიდნენ, ლემნოსელ ქალებს ღალატისათვის ქმრები დაეხოცათ და სახელმწიფოს მართვა–გამგეობის საქმე ხელში ჩაეგდოთ. კუნძულ ლემნოსის ქვრივი ქალები დიდი სიხარულით მიეგებნენ უცხო ქვეყნიდან მოსულ სტუმრებს და მათ პატივსაცემლად არა ერთი ბრწყინვალე ზეიმი გადაიხადეს. ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს დარჩებოდნენ კუნძულზე ლხინსა და ზეიმებში გართული მოგზაურები, რომ ნავსადგურში გემის მცველად დარჩენილ ჰერკულესს არ გაეფრთხილებინა ამხანაგები და არ მოეგონებინა ის დიდი მოვალეობა, რომელიც მათ ჰქონდა დაკისრებული. იაზონმა, რასაკვირველია, ანგარიში გაუწია ჰერკულესის სამართლიან გაფრთხილებას, დაუყოვნებლივ გამოეთხოვა სტუმართმოყვარულ ლემნოსელ ქალთა დედოფალს მშვენიერ ჰიპსიპელას და თავისი მხლებლებით დატოვა კუნძულ ლემნოსის საუცხოო ნაპირები. არგონავტები მხიარულად მიცურავდნენ ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში. უეცრივ ზღვაზე დაბერა ძლიერმა ქარმა. მოგზაურები იძულებული იყვნენ სწრაფმავალი გემი კუნძულ კიციკოსის ნავსადგურში შეეცურებინათ. ამ კუნძულზე ცხოვრობდა მამაცი ტობების შთამომავალი ხალხი, დოლიონები, რომლებიც დიდის სიხარულით შეხვდნენ უცხოელ სტუმრებს. დოლიონების მეზობლად ცხოვრობდნენ გოლიათის ტანის ველური ტომები, რომლებიც ხშირად დიდ უსიამოვნებას აყენებდნენ მუდამ შვიდობიანობის მოყვარულ დოლიონებს. კუნძულ კიციკოსის ღმერთების მოშიშარი და მოყვარული მეფე კიზიკი მთელი თავისი ქვეშევრდომებით სიხარულით მიეგება უცხოელ სტუმრებს და ყველანი დიდის პატივისცემით მიიწვია სასახლეში. არგონავტებმა დიდის სიამოვნებით მიიღეს მეფე კიზიკის გულწრფელი მიპატიჟება. უცხოელი სტუმრები რამდენიმე დღე დარჩნენ კუნძულ კიციკოსზე და დიდის ცნობისმოყვერეობით ათვალიერებდნენ კუნძულის შესანიშნავ ადგილებს. სტუმრების პატივსაცემლად გამართული ერთერთი ზეიმის დროს ძლევემოსილმა იაზონმა დაწვრილებით მოუთხრო მეფე კიზიკს არგონავტების ლაშქრობის თავიდათავი მიზანი. მეფე კიზიკმა თავის მხრით დაწვრილებით უამბო იაზონს ყველაფერი, რაც კი იცოდა შორეული კოლხიდის შესახებ. ერთ დილით, როცა მეფე კიზიკი და უცხოელი მოგზაურები მაღალი მთის მწვერვალიდან ათვალიერებდნენ კუნძულის მიდამოებს, უეცრივ ტყიდან გამოცვივდნენ მეზობლად მცხოვრები გოლიათი ველური მეომრები, რომლებმაც ნავსადგურს ვეებერთელა კლდეების ნახეთქები დაუშინეს. ველურები ამ საშუალებით ცდილობდნენ მოგზაურებისათვის ნავსადგურიდან გასასვლელი გზა მოეჭრათ. ჰერკულესმა, რომელიც ამ დროს ნავსადგურში გემს სდარაჯობდა, თავისი შორსსატყორცნი ისრები დაუშინა რკალივით შემორტყმულ ველურ მეომრებს და მრავალი მათგანი გამოასალმა სიცოცხლეს. ძლევამოსილ ჰერკულესს მიეშველნენ ელინთა დანარჩენი გმირებიც და მძლავრად ნატყორცნი ისრებით დახოცეს სავავებივით მოსეული საშინელი მხედრობა. დახოცილთა უზარმაზარი გვამები უთავბოლოდ ეყარნენ ნავსადგურის ნაპირას და ყვავ–ყორნები გაუმაძღარი თვალით ხარბად თავს დასჩხაოდნენ მათ. ამ ბრწყინვალე გამარჯვებით გამხნევებულმა არგონავტებმა მხიარულად ააფრიალეს იალქნები და სულ მოკლე ხანში გემი ქალაქ კიოსკის ნაპირების ყურეში მოხდენილად შეაცურეს. ადგილობრივი მკვიდრნი დიდის აღტაცებით მიეგებნენ მოგზაურებს, ყველანი ქალაქში მიიპატიჟეს და ბრწყინვალე ზეიმის გამართვის თადარიგს შეუდგნენ. არგონავტებმა სიამოვნებით მიიღეს ეს გულწრფელი მიპატიჟება და ყველანი, ჰერკულესისა და მისი მეგობრის გილასის გარდა, ქალაქში საზეიმოდ გაემართნენ. ზღვის პირად ნავსადგურში დარჩენილი ჰერკულესი მახლობელ ტყეში წავიდა ხოფის გამოსათლელი ხის მოსაჭრელად. სანამ ჰერკულესი სახოფე ხეს აირჩევდა, დიდებული გმირის მეგობარი გილასი მახლობელი წყაროდან წყლის მოსატანად წავიდა. წყლის მშვენიერი ნიმფები, როგორც კი თვალი მოჰკრეს ჭაბუკს, ერთიანად მოიხიბლნენ მისი შარავანდით მოსილი პირისახის სილამაზით, დაუყოვნებლივ სტაცეს ხელი ჰერკულესის გულითად მეგობარს და წყლის უფსკრულისაკენ გაიტაცეს. გილის უკანასკნელი ამოძახილის ხმას ყური მოჰკრა გმირმა პოლითემ, რომელიც დაუყოვნებლივ გაეშურა გატაცებული ყმაწვილის მისაშველებლად. სამწუხაროდ, უკვე გვიანღა იყო. ნიმფებით გარშემორტყმული გილი სასწრაფოდ ეშვებოდა წყლის უფსკრულიში და თანდათან შორდებოდა ქვეყნის მანათობელი მზის ცხოველმყოფელ სხივებს. ამ სამწუხარო ამბით შეშფოთებული ჰერკულესი შეშლილივით დარბოდა წყაროს მახლობლად მდებარე ადგილებში და გამოუთქმელი გულისტკივილით დაეძებდა ნიმფებისაგან ასე ანაზდეულად გატაცებულ გულითად მეგობარს. მეორე დღეს, განთიადისას როცა ზღვაზე კეთილისმყოფელმა ქარმა საამურად დაქროლა, მესაჭე ტიფიასმა წინადადება მისცა ამხანაგებს გასამგზავრებლად, დაუყოვნებლივ თადარიგს შესდგომოდნენ. ელინთა გმირებმა სიამოვნებით მიიღეს მესაჭე ტიფიასის წინადადება და დილაადრიან, სანამ მზე ცაზე ამოიწვერებოდა და თავის ცხოველმყოფელ სხივებს დედამიწას უხვად მოჰფენდა, ხოფები მოიმარჯვეს, იალქნები მოხდენილად ააფრიალეს და სწრაფმავალი გემი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში შეაცურეს. როცა გაშლილ ზღვაში გავიდნენ, მოგზაურებს მხოლოდ მაშინ მოაგონდათ, რომ ჰერკულესი და მისი ორი ამხანაგი ზღვის ნაპირას, ნავსადგურში დარჩათ. მოგზაურებმა ცხარე კამათი ატეხეს, განეგრძოთ ზღვით მოგზაურობა, თუ ისევ ნავსადგურში დაბრუნებულიყვნენ დარჩენილი ამხანაგების წამოსაყვანად. ძლევამოსილი იაზონი უხმოდ იჯდა და კამათში მონაწილეობას არ იღებდა. ტელამონი მეტად შეაშფოთა იაზონის დუმილმა და მოთმინებიდან გამოსულმა მრისხანედ შეჰყვირა ძლევამოსილ გმირს: „ჩვენო დიდებულო წინამძღოლო, განა შესაწყნარებელია ასე გულდამშვიდებული იჯდე სწორედ იმ დროს, როცა ჩვენი სასიქადულო გმირი ძლევამოსილი ჰერკულესი და ორი მისი თანამგზავრი ასე მოულოდნელად გამოაკლდნენ ჩვენს რიგებს! განა მოსათმენია, რომ ჩვენი სასიქადულო გმირი ზღის ნაპირას ასე განუკითხველად, ასე უპატრონოდ დატოვეთ? შეიძლება შენ იმისი გეშინია, რომ ძლევამოსილი გმირი თავისი ვაჟკაცობით შენს სახელსა და დიდებას დაჩრდილავს! ძლევამოსილო იაზონ! კიდევაც რომ ძალიან გეწყინოს და ჩემი სრული უკმაყოფილო დარჩე, მე მაინც დავბრუნდები და პატრონობას გავუწევ ზღვაზე დარჩენილ ჩვენს საუკეთესო ამხანაგებს!“ ამ სიტყვებთან ერთად ტელამონი მედგრად მიიჭრა მესაჭე ტიფიასთან, რომ გემი ნავსადგურისაკენ მიებრუნებინა. მაგრამ ბორეას ვაჟიშვილებმა, კაპაისმა და ცეტესმა, შეაჩერეს აღშფოთებული ტელამონი. ამ დროს ზღვის ზედაპირზე ამოცურდა ზრვის ღმერთი გლავკი, რომელმაც თავისი მძლავრი ხელებით შეაჩერა სწრაფმავალი გემი და ამ სიტყვებით დაამშვიდა აღელვებული მოგზაურები: „ელინთა დიდებულო გმირებო! სრულიად უსაფუძვლოდ შეშფოთებულხართ და ერთი–მეორეს შეურაცხყოფას აყენებთ! რატომ გინდათ, რომ ღმერთების მამა–მთავრის სურვილის წინააღმდეგ წაიყვანოთ ძლევამოსილი ჰერკულესი კოლხიდაში! ოლიმპოს მბრძანებელი ღმერთების დადგენილებით, სახელგანთქმული ჰერკულესი სხვა საგმირო საქმეების შესასრულებლადაა მოწოდებული! გარდა ამისა, ელინთა ეს ღვაწლმოსილი გმირი თავის სურვილით კიდევ იმიტომ დარჩა ზღვის ნაპირას, რომ საშუალება მიეცეს თავისი გულითადი მეგობარი გილი მოძებნოს!“ გლავკი ამ სიტყვებთან ერთად სადღაც გაქრა. ტელამონმა მხრებზე მოხვია იაზონს ხელი და ცოტათი დარცხვენილი კილოთი მიმართა ძლევამოსილ გმირს: „დიდებულო გმირო, ნუ შემრისხავ! მეტის აღელვებისაგან გონება დავკარგე და დაუფიქრებელი სიტყვები გაკადრე! მაპატიე, ჩემო კეთილო მეგობარო! ნუ გავწყვეტთ ჩვენს ძველებურ მეგობრულ კავშირს!“ იაზონმა ნიშნად თანხმობისა მეგობრულად გაუწოდა ხელი ტელამონს. ამ სასიხარულო ამბით დამშვიდებულმა არგონავტებმა მძლავრად აამუშავეს ხოფები და ელვის სისწრაფით შეაცურეს გემი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში, შორეული კოლხიდის მიმართულებით. ზღვის ნაპირას დარჩენილი ძლევამოსილი ჰერკულესი კი გაემართა ღმერთების მიერ მისთვის დანიშნული საგმირო საქმეების შესასრულებლად. მეორე დილით, როცა მზეს სხივები დედამიწის ზურგზე ჯერ კიდევ არ მოეფინა, არგონავტებმა თავისი სწრაფმავალი გემი ბობრიკების სახელმწიფოს ნავსადგურში შეაცურეს. ბობრიკების ვერაგი მეფე ამიაკი, ვინც კი მის სახელმწიფოში ფეხს შეადგამდა, ყველას ხელჩართულ ბრძოლაში იწვევდა, რომ შეემოწმებინა მოწინააღმდეგე ფალავნის მკლავების ძლიერება. ვინ მოთვლის, რამდენი მეზობელი, რამდენი უცხოელი მოუკლავს მეფე ამიაკს ასეთ ხელჩართულ ბრძოლაში. როგორც კი თვალი მოჰკრა ნავსადგურში შემოსულ არგონავტების გემს, ამიაკი დაუყოვნებლივ მიიჭრა თავისი ამალით ზღვის ნაპირას და მრისხანედ შეჰყვირა უცხოელ სტუმრებს: „ავაზაკებო, ნუთუ არ გაგიგონიათ, რომ ჩემ სახელმწიფოში უცხოელი ფეხს ისე ვერ შემოდგამს, თუ ჩემთან ხელჩართულ ბრძოლაში არ გამოცადა ჩემი მკლავების ძლიერება! დაუყოვნებლივ მოემზადეთ და აირჩიეთ თქვენს შორის საუკეთესო ფალავანი! თუ ჩემს ბრძანებას დაუყოვნებლივ არ შეასრულებთ, ყველას ამოგჟლეტთ, არცერთს ცოცხალს არ გაგიშვებთ ჩემს სახელმწიფოში!“ ოლიმპოს მბრძანებლის ზევსისა და ლედას შვილი პოლუქსი მთელ საბერძნეთში სახელგანთქმულ ფალავნად ითვლებოდა, უძლეველი ფალავნის სახელი ჰქონდა დამსახურებული. პოლუქსმა ღიმილით უპასუხა თავხედ მეფეს: „მეფეო, რატომ გვაყენებ ასეთ შეურაცხყოფას! რატომ ფიქრობ, რომ ჩვენს რიგებშიაც არ მოიძებნება ღირსეული ფალავანი! ელინთა ძლევამოსილი გმირების მხარ–მკლავები ისე არ დაუძლურებულან, რომ ერთი ღირსეული ფალავნის გამოძებნა ასე გაგვიჭირდეს!“ მეფე ამიაკი გააფთრებული ლომივით შესცქეროდა გაბედულად მოუბარ გმირს და მეტის სიბრაზით გაბოროტებული მზად იყო იქვე ყელში სწვდომოდა ესოდენ გაკადნიერებულ უცხოელს. ძლევამოსილმა პოლუქსმა, ამხანაგების თანხმობით, გადაწყვიტა მეფე ამიაკს ხელჩართულ ბრძოლაში გაჰყოლოდა. ელინთა თავმომწონე გმირი ამხანაგების თანხლებით, ზღვის ნაპირისაკენ გაემართა მეფე ამიაკთან შესაბრძოლებლად. მეფის მსახურებმა ბრძოლის ველზე მოიტანეს ხარის მაგარი ტყავის ზოლ–ზოლად დაჭრილი თასმები და მოწინააღმდეგეთა შორის დაყარეს. მეფე ამიაკმა და პოლუქსმა თასმები მაგრად შემოიკრეს გულმკერდსა და მხარ–ბეჭებზე. ფალავნებმა ერთი–მეორე თვალით გაზომეს და გააფთრებული ლომებივით ერთი–მეორეს თავდავიწყებით ეკვეთნენ. მეფე ამიაკი თავს ესხმოდა ელინთა ფალავანს და მძლავრი მკლავების დაკვრით გულმკერდსა და თავპირს ულეწავდა. პოლუქსიც მედგრად უმკლავდებოდა ბობრიკების თავგასულ მეფეს და მძლავრი მუშტების დაკვრით უხვად უმასპინძლდებოდა თავის უხეშ მოწინაარმდეგეს. ლომებივით გააფთრებული ფალავნები ერთი–მეორეს თავდავიწყებით ეკვეთებოდნენ და შეუბრალებლად სცემდნენ მუშტებს. მოქანცული მოწინააღმდეგეები დროებით წყვეტდნენ გააფთრებულ ბრძოლას და მერე კვლავ ძველებური თავდავიწყებით ეკვეთებოდნენ ერთი–მეორეს. ფალავნების სისხლისმღვრელმა ბრძოლამ დიდხანს გასტანა. მოწინააღმდეგეთა მომხრეები მოუთმენლად შეჰყურებდნენ ბრძოლის ველს და გულისძგერით ოფლში იწურებოდნენ. დაბოლოს, ელინთა ძლევამოსილმა გმირმა იხელთა მოხერხებული დრო და ისეთი ძალით ჩაატარა მოწინააღმდეგე ფალავანის მუშტი თავპირში, რომ მეფე ამიაკმა მოხეთქილ კლდესავით მოიღო მიწაზე გრიალი. ელინთა ფალავნის მომხრეებმა დაუსრულებელი განგაში ატეხეს. როგორც კი მეფე ამიაკის დამარცხება დაინახეს, ბობრიკელები დაუყოვნებლივ უზარმაზარი კომბლებით შეიარაღდნენ და არგონავტების ძლევამოსილ გმირებს თავს დაესხნენ. გაჩაღდა დაუნდობელი, სისხლის მღვრელი ბრძოლა. ელინთა თავდადებულმა გმირებმა სძლიეს და უკუაქციეს ბობრიკელთა უთვალავი რაზმები. გამარჯვებულმა არგონავტებმა მეფე ამიაკის უთვალავი ჯოგები ზღვის ნაპირას გარეკეს, სადაც მათ კოლხიდაში გასამგზავრებლად გამზადებული გემი ელოდებოდათ. ელინთა გმირები დიდხანს ზეიმობდნენ თავის გამარჯვებას, დაფნის გვირგვინებით უმკობდნენ ერთი–მეორეს შუბლს და მხურვალედ ადიდებდნენ ოლიმპოს მბრძანებლის ზევსის სახელოვან ვაჟიშვილს, რომელმაც ბობრიკების თავხედი მეფე ამიაკი ასე ბრწყინვალედ დაამარცხა. მეორე დილით არგონავტებმა მხიარულად შეაცურეს გემი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში და ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ მიადგნენ თრაკიის ნაპირებს. სწორედ იმ დროს ფრიგიაში ცხოვრობდა მეფე ფინევი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე აუტანელ მწუხარებაში გაატარა. აპოლონ ღმერთმა მეფე ფინევი დააბრმავა, რადგანაც ღმერთების ნაბოძები წინასწარმეტყველების ნიჭი ფინევმა ბოროტად გამოიყენა. ყოვლად შემძლებელმა ღმერთებმა უსინათლოდ დარჩენილ მეფეს ეს უბედურებაც არ აკმარეს. მეფის სასახლის მახლობლად ბუდობდნენ საშინელი ფრინველები, ჰარპიები, რომლებიც სადილობისას მუდამ თავს ესხმოდნენ საბრალო მეფეს და პირიდან სტაცებდნენ სასმელ–საჭმელს. როცა სამეფო სუფრას მთლიანად გაანადგურებდნენ, ფრინველები საშინელი ხმაურობით მიფრინავდნენ თავისი ბუდეებისაკენ, ხოლო სასადილო დარბაზში ისეთ ცუდ სუნს აყენებდნენ, რომ ამ დარბაზის მახლობლად გაჩერებაც კი ყოვლად შეუძლებელი ხდებოდა. მეფე ფინევი მუდამდღე ასე იტანჯებოდა, შიმშილით სული ჰხდებოდა და მის ამგვარ წამებას დასასრული არ ჰქონდა. ღმერთებმა ფინევს უწინასწარმეტყველეს: შენს უბედურებას მხოლოდ მაშინ მოეღება ბოლო, როცა ბორეას სახელოვანი შვილები ელინთა სხვა გმირებთან ერთად გემით თრაკიის ნაპირებს მოადგებიანო. როგორც კი შეიტყო არგონავტების მოსვლა, მეფე დაუყონებლივ ზღვის ნაპირისაკენ გაემართა ახლადმოსულ ელინთა გმირების შესახვედრად და ბორეას შვილების ამბის გასაგებად. გამხდარი, ღონემიხდილი მეფე ფინევი თითქმის უგრძნობლად დაეშვა ზღვის ნაპირას და თავისი უსინათლო თვალებით საცოდავად შეჰყურებდა უცხოელ სტუმრებს. როგორც–კი ცოტათი გონს მოვიდა, მან მწუხარედ მიმართა უცხოელებს: „ თუ თქვენ მართლაც ის უცხოელები ხართ, რომელთა შესახებ ღმერთებმა მიწინასწარმეტყველეს ფრიგიაში გემით მოვლენო, გთხოვთ დახმარება აღმომიჩინოთ! ღმერთებმა ჩემზე შური იძიეს და დამაბრმავეს, თვალთახედვა მომისპეს! მაგრამ მარტო ეს სასჯელი როდი მაკმარეს! ყოველდღიურად საზრდოობის საშუალებაც კი მომისპეს! ყოველ სადილიბისას ჩემს სუფრაზე მოფრინავენ საზარელი ფრინველები, ჰარპიები, რომლებიც პირიდან მტაცებენ ლუკმას! არ იფიქროთ, რომ ვინმე უღირსი გთხოვდეთ შეწყალებას! მე აგენორ მეფის შვილი ვარ, თქვენი თანამემამულე! სანამ ის დიდი უბედურება დამატყდებოდა, ფრიგიის ძლევამოსილ მეფეს მეძახდნენ! ბორეასის ვაჟიშვილები, რომლებიც, თურმე, თქვენთან მოგზაურობენ, ჩემი მეუღლის კლეოპატრას უმცროსი ძმებია!“ ბორეასის ვაჟიშვილები, ცეიტისი და კალაისი, მოხუც ფინევს სიხარულით გადაეხვივნენ და მტკიცე ფიცი დასდეს მეფის წინაშე, რომ ისინი ერთიანად ამოწყვეტდნენ საზიზღარ ფრინველებს და წამებულ მეფეს ამ დიდი უბედურებისაგან გამოიხსნიდნენ. მოხუცი ფინევის პატივსაცემად არგონავტები სადილის მომზადების თადარიგს შეუდგნენ. ელინთა გმირები ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი,რომ საზიზღარი ჰარპიები უკანასკნელად ესტუმრებოდნენ ტანჯული მეფის სუფრას. დიდებული სუფრა გაშალეს. მაგრამ როგორც კი აიღო მეფემ ლუკმა, უეცრივ ჟივილ–ხივილით მოფრინდნენ საზიზღარი ჰარპიები და მოურიდებლად, უშიშრად მიესივნენ გაშლილ სუფრაზე უხვად დალაგებულ ნუგბარ საჭმელებს. ელინთა სახელოვანმა გმირებმა საშინელი განგაში ატეხეს, მაგრამ ჰარპიებს აინუნშიაც არ მოსდიოდათ და ბრწყინვალე სუფრას მოურიდებლად ანადგურებდნენ. როცა თავისი მორიგი საზიზღარი დავალება პირნათლად შეასრულეს, ამ საშინელმა ფრინველებმა ირგვლივ აუტანელი სუნი დააყენეს და საშინელი ჟივილ–ხივილით თავისი ბუდეებისაკენ გაემართნენ ბაწარივით გაბმულნი. ბორეასის ფრთებშესხმული ვაჟიშვილები, ცეიტისი და კალაისი, დაედევნენ საშინელ ფრინველებს. ყოვლად შემძლებელმა ზევსმა ულევი ძალღონე და გაბედულება შთაუნერგა ახალგაზრდა მდევრებს. ცეიტისი და კალაისი ისე მიუახლოვდნენ საშინელ ჰარპიებს, რომ სრულიად ადვილად შეეძლოთ ყველანი ერთიანად ამოეწყვიტათ. მაგრამ ამ დროს ბორეასის ვაჟიშვილებს გამოეცხადა ზევსის მიერ გამოგზავნილი ქალღმერთი ირისი, რომელმაც შეაჩერა გაბედული ვაჟკაცები და ამ სიტყვებით მიმართა: „ბორეასის ძლევამოსილო ვაჟიშვილებო, შეჩერდით! ნუ დახოცავთ ჰარპიებს! ვფიცავ მდინარე სტიქსს, რომ ამიერიდან ზევსის ეს დაგეშილი ძაღლები აგენორის მრავალტანჯულ შვილს ახლოსაც არ წაეკარებიან, პირიდან ლუკმას არ გამოაცლიან! მრავალტანჯული ფინევის წამებას ბოლო მოეღება!“ ცეიტისი და კალაისი დაემორჩილდნენ ქალღმერთის ბრძანებას და დაუყონებლივ დაბრუნდნენ ნავსადგურში. ელინთა გმირების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გაიგეს საბრალო ფინევის წამებიდან განთავისუფლების ამბავი. სულითა და გულით გახარებულმა არგონავტებმა შიმშილისაგან დასუსტებულ მეფე ფინევს ბრწყინვალე სუფრა გაუშალეს. საბრალო მოხუცი ხარბად შეექცეოდა ნუგბარ საჭმელებს და საგანგებოდ მოტანილ ტკბილ სასმელებს, მაგრამ ჯერ კიდევ კარგად ვერ გარკვეულიყო, ცხადლივ თუ სიზმრად ხედავდა ამ დიდ ბედნიერებას. როგორც კი საკმარისად დატკბა საჭმელითა და ტკბილი სასმელებით და ძალღონე მოიკრიბა, ფინევმა ელინთა გმირებს უწინასწარმეტყელა: მეფე პელეასის დავალებას ღირსეულად შეასრულებთო. „ზღვაში მოგზაურობის დროს,– ასე უწინასწარმეტყველა არგონავტებს ფინევმა, – ერთ–ერთ ვიწრო სრუტეში შეხვდებით ორ უზარმაზარ კლდეს, ეგრეთწოდებულ სიმპლეგადებს, რომლებიც ისეთის სისწრაფით ეჯახებიან და შორდებიან ერთმანეთს, რომ ჩიტსაც კი გაუჭირდება უხიფათოდ მათ შორის გაფრენა. თუ გსურთ ამ საშინელ კლდეებს თავი უვნებლად დააღწიოთ, სწრაფად უნდა გადალახოთ ეს სახიფათო სრუტე. ამ საშინელ კლდეებს რომ გასცდებით, დაინახავთ იმ ქვეყანას, საიდანაც საიქიოს სამეფოში ჩასასვლელი გზა მიდის. შემდგომ ჩაუვლით წყლით დაფარულ კლდეებს, უდაბნო ქვეყნებს და ბოლოს მიაღწევთ კოლხიდის მშვენიერ ნაპირებს, საცა მუდამ შფოთიანი ფაზისი თავის აქაფებულ ტალღებს ზღვის მოდუდუნე ზვირთებს უერთებს. კოლხიდაში თქვენ დაინახავთ მეფე აეტესის საუცხოო სასახლეს და სამღვთო ჭალაში მაღალი მუხის კენწეროზე ჩამოკიდებულ ოქროს საწმისს, რომელსაც დღისითა და ღამით განუწყვეტლივ სდარაჯობს საზარელი გველეშაპი. მართალია, თქვენი ლაშქრობა შორეულ კოლხიდაში მეტად სამძიმო საქმეა, მაგრამ ყოვლად მოწყალე ქალღმერთი აფროდიტე თავის მფარველობას არ მოგაკლებთ. ამრიგად, სავსებით მიაღწევთ თქვენს საბოლოო მიზანს და მშვიდობიანადაც დაბრუნდებით საყვარელ სამშობლოში“. ფინევი ამ სიტყვებთან ერთად თავაზიანად გამოეთხოვა ელინთა გმირებს და დიდი ტანჯვისაგან განთავისუფლებისათვის გულითადი მადლობა შესწირა. არგონავტები თორმეტი დღის განმავლობაში დაუბრკოლებლივ მოგზაურობდნენ ზღვის თავალუწვდენელ სივრცეში. უეცრივ მგზავრებს შემოესმათ რაღაც საშინელი ხმაური. შეშინებულმა არგონავტებმა შორიდან დაინახეს ის კლდეები, სიმპლეგადები, რომლებიც ერთი–მეორესთან დაჯახების დროს ასე საშინლად ხმაურობდნენ. მესაჭე ტიფიასმა ხელები მაგრად ჩასჭიდა საჭეს. გმირი ევფემი, რომელსაც გასაფრენად ხელში მტრედი ეჭირა, გემის წინა ნაწილზე დადგა და საშინელ კლდეებს თვალმოუშორებლივ შეჰყურებდა. ფინევის წინასწარმეტყველებით, თუ მტრედი უვნებლად გაფრინდებაო ზღვის სრუტეში, სანამ საშინელი კლდეები ერთი–მეორეს დაეჯახებოდნენ და პირს შეიკრავდნენ, ეს იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ მგზავრები ამ სახიფათო სრუტეს უვნებლად დააღწევდნენ თავს. ევფემმა, როცა კლდეები ერთი–მეორეს დაშორდნენ, მტრედი სასწრაფოდ გააფრინა კლდეებს შორის სრუტეში. ყველანი სულგანაბულნი შეჰყურებდნენ საბედისწეროდ აფრენილ მტრედს და დაძაბული ყურადღებით თვალს არ აშორებდნენ. მტრედი ელვის სისწრაფით მიფრინავდა ზღვის ზედაპირზე, რომ სახიფათო სრუტე უვნებლად გადაელახა. კლდეები საზარელი გუგუნით უახლოვდებოდნენ ერთი–მეორეს. აი, ერთი წუთიც და საშინელი კლდეები საცაა პირს შეიკრავდნენ და მთელი თავისი ძალით ერთი–მეორეს დაეჯახებოდნენ. მაგრამ, საბედნიეროდ, მტრედმა უვნებლად დააღწია თავი სახიფათო კლდეებს და გადარჩა დაღუპვას. არგონავტების სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, როცა დაინახეს, რომ მტრედი სახიფათო სრუტეს უვნებლად გასცდა. ყველანი მოემზადნენ ამ სახიფათო კლდეებში გასასვლელეად. საზღვაო საქმის ზედმიწევნით მცოდნე ტიფიასი მამაც მეხოფეებს ამხნევებდა. სანამ მრისხანე კლდეები პირს შეიკრავდნენ, არგონავტებს გემი სრუტეში უვნებლად უნდა გაეტარებინათ და კლდეებს შორის არ მომწყვდეოდნენ. ზღვის აბობოქრებული ტალღები ნაფოტივით აფრიალებდნენ არგონავტების მძიმედ დატვირთულ სწრაფამავალ გემს და ყოველ წუთს დაღუპვას ემუქრებოდნენ. ცამდის აზიდული ტალღები ბურთივით ათამაშებდნენ გემს და საკმაოდ წინწაწეულს ისევ უკან აბრუნებდნენ. მესაჭე ტიფიასი მძლავრად იმარჯვებდა ხელში საჭეს და დიდის დახელოვნებით ებრძოდა აზვირთებულ სტიქიონს, რომელიც გემს ყოველ წუთს დაღუპვას ემუქრებოდა. მამაცი მეხოფეები ელვის სისწრაფით მიაქროლებდნენ გემს პირშესაკრავად უკვე მოახლოვებულ კლდეებს შორის. ერთი წუთიც – და მრისხანე კლდეები ერთმანეთს დაეჯახებოდნენ, გემს ნაფოტებად აქცევდნენ და ელინთა მამაც გმირებს სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. მაგრამ ამ საშინელი განსაცდელის წუთს არგონავტების მუდამ მფარველმა ქალღმერთმა ათენამ მოულოდნელად ხელი წაჰკრა გემს და სრულიად უვნებლად გაიყვანა ამ სახიფათო ადგილიდან. მოგზაურების სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. ყველანი აღტაცებით შეჰყურებდნენ ზღვის თვალუწვდენელ სივრცეს და ახლა კი სრულიად არ ჰკარგავდნენ იმედს, რომ უვნებლად მიაღწევდნენ შორეულ კოლხიდას. მამაცი მეხოფეები მედგრად ამოძრავებდნენ ხოფებს ზღვის აბობოქრებულ ტალღებში და იმედიანად მიაცურებდნენ სწრაფმავალ გემს ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში. სამწუხაროდ, მოგზაურებს ახალი უბედურება დაატყდა თავს. უეცრივ, სრულიად მოულოდნელად, გარდაიცვალა დიდად დახელოვნებული და მამაცი მესაჭე ტიფიასი. არგონავტებმა თავისი მოამაგე ამხანაგი განსაკუთრებული პატივისცემითა და გამოუთქმელი გულისტკივილით დაასაფლავეს უცხო ქვეყანაში. ელინთა გმირებმა მესაჭედ აირჩიეს ზღვაოსნობის საქმეში დიდად დახელოვნებული ამხანაგი ანკენსი. მართალია, ანკენსი დიდხანს არ სთანხმდებოდა მიეღო თავისთავზე ეს სამძიმო მოვალეობა, მაგრამ ჰერას შთაგონებით ახლად ქალღმერთის არჩეული მესაჭე დათანხმადა. ანკენსი გულმოდგინედ შეუდგა მძიმე მოვალეობის ასრულებას და თავისი მოფიქრებული გამგებლობით სულ მოკლე ხანში სამართლიანად დაიმსახურა ამხანაგების პატივისცემა. არგონავტები მრავალი დღისა და ღამის განმავლობაში უვნებლად მიაცურებდნენ გემს სხვადასხვა უცხო ქვეყნის მახლობლად და ითვალისწინებდნენ იმ სანატრელ წუთს, როცა შორეული კოლხიდის საუცხოო მხარეს უვნებლად მიაღწევდნენ. დაბოლოს, მოგზაურებმა შორი მანძილიდან შეამჩნიეს ზღვის ნაპირას მდებარე არტედიადას კუნძული. როცა არგონავტებმა სწრაფმავალი გემი ამ კუნძულის ნავსადგურში შეაცურეს, კუნძულიდან უეცრივ ამოფრინდა უზარმაზარი ფრინველი, რომელმაც შურდულივით გადაიფრინა გემის თავზე და ფრთების მძლავრი რხევის დროს გემზე ჩამოყარა ბასრი ფრთები, რომლებმაც მძიმედ დაჭრეს ელინთა რამდენიმე გმირი. უეცრივ მეორე ფრინველიც გადმოფრინდა. კლიტიასმა დაუმიზნა შორსსატყორცნი ისარი და სასიკვდილოდ დაჭრა საშინელი ფრინველი. გამოცდილმა ფრთხილმა ამფიდამანტმა ამხანაგები გააფრთხილა: „ამხანაგებო, რაც შეიძლება, მოვერიდოთ ამ საშინელ ფრინველებს! ამ კუნძულზე, როგორც ჩანს, ისე ბლომად მოიპოვებიან ეს საშინელი ფრინველები, რომ ჩვენ ისრებიც არ გაგვწვდება მათ დასახოცად! ვფიქრობ, უმჯობესი იქნება დაუყოვნებლივ შევიარაღდეთ და ერთბაშად ავტეხოთ ხმაურობა! როცა ეს სასიზღარი ფრინველები ჩვენს ჩაჩქნებს, ჩვენს ფარებსა და ისრებს დაინახავენ, უეჭველად შეეშინდებათ და თავს დაგვანებებენ!“ არგონავტებმა სიამოვნებით მიიღეს ამფიდამანტის საგულისხმიერო რჩევა, დაუყოვნებლივ შეიარაღდნენ და საშინელი ხმაურობით შეაცურეს გემი კუნძულის მახლობელ ყურეში. კუნძულიდან ამოფრინდა ჰარპიების მთელი გუნდი და სასწრაფოდ თავს დაესხა ზღვის ნაპირას გემით მომდგარ არგონავტებს. საშინელი ბრძოლა გაიმართა. ჰარპიები მძლავრად სტყორცნიდნენ ელინთა მამაც გმირებს თავის ბასრ ფრთებს, მაგრამ მძიმედ შეიარაღებული არგონავტები უვნებლად იგერიებდნენ საზიზღარი ფრინველების იერიშს. მცირე ხნის ბრძოლის შემდეგ შიშით დამფრთხალი ჰარპიები ჟივილ–ხივილით ჩამოშორდნენ ელინთა გმირებს. როცა კუნძულის მიდამოებს ათვალიერებდნენ, არგონავტებს შემოხვდათ ორი ყმაწვილი, რომლებსაც კონკები ეცვათ. ერთერთი ყმაწვილი მიუახლოვდა უცხოელებს და შემდეგი თხოვნით მიმართა: „დიდად პატივცემულო უცხოელებო! მიხედეთ ყოვლად შემძლებელ ღმერთებს და გაგვიკითხეთ! ტანთა და ფეხთ ჩვენ არ გვაცვია, შიმშილით ლამისაა სული დავლიოთ! უგზოუკვლოდ დავეხეტებით ამ უცხო ქვეყანაში და არავინ ჩვენი გამკითხავი არაა! გევედრებით, შეგვიბრალეთ და უნუგეშოდ ნუ დაგვტოვებთ! მცირედი დახმარებაც კი ჩვენთვის დიდი წყალობა იქნება! გთხოვთ ნუ დაიზარებთ ჩვენთვის ტანსაცმელსა და ერთ ლუკმა პურს! თუ სადმე თავშესაფარსაც გაგვიჩენთ, მაშინ ხომ მთლად გაგვაბედნიერებთ!“ ძლევამოსილმა იაზონმა ყმაწვილებს ვინაობა გამოჰკითხა და საჭირო დახმარებაც აღუთქვა. „თქვენ უთუოდ გაგეგონებათ, რომ მეფე ატამასის შვილმა ფრიქსმა კოლხიდაში ოქროს საწმისი მოიტანა! – მწუხარედ მოუთხრობდა კუნძილზე შეხვედრილი ყმაწვილი იაზონს: უთუოდ ისიც გეცოდინებათ, რომ კოლხიდის მეფემ აეტესმა ფრიქსი თავაზიანად მიიღო და ისე დაიახლოვა, რომ სიძედაც კი გაიხადა. აი, ჩვენ ორივენი ფრიქსისა და მისი მეუღლის სალკინას შვილები ვართ! ჩემი სახელი არგოსია, ჩემი ძმისა კი ფრანტისი! მამა უეცრივ გარდაიცვალა. ჩვენ მივემგზავრებოდით საბერძნეთში, საიდანაც უნდა წამოგვეღო ჩვენი საგვარეულოს კუთვნილი ქონება!“ იაზონი სიხარულით მიესალმა თავის ახლადაღმოჩენილ ნათესავებს: იაზონის მამა ეზონი და ყმაწვილების პაპა ატამასი ღვიძლი ძმები იყვნენ. ყმაწვილებმა დაწვრილებით უამბეს იაზონს და ელინთა დანარჩენ გმირებს, როგორ დაეღუპათ გემი აზვირთებულ ტალღებში და რა ტანჯვით მოაღწიეს ამ უდაბნო კუნძულის ნაპირებს. იაზონმა ახლადაღმოჩენილ ნათესავებს გააცნო თავისი მოგზაურობის მიზანი და ორივეს სთხოვა მონაწილეობა მიეღოთ ამ ლაშქრობაში. იაზონის ამ თხოვნამ მეტად შეაშინა არგოსი და ფრანტისი. შეშინებულმა ყმაწვილებმა გულისტკივილით მოახსენეს ელინთა გმირებს: „ძვირფასო თანამემამულეებო! ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეფე აეტესი ღმერთის ჰელიოსის შვილია! მეფის სისასტიკე მთელ სახელმწიფოში ცნობილია! მის თავშეუკავებელ მრისხანებას საზღვარი არა აქვს! სახელმწიფოს მკვიდრნი მისი შიშით ძრწიან, ყველანი მიცვალებულთა აჩრდილებს დამსგავსებიან და არ იციან, როგორ დააღწიონ თავი მეფის უსამართლო მრისხანებას! ოქროს საწმისი, რომლის მოტაცებაც თქვენ გაგიზრახავთ, მეფეს სამღვთო ჭალაში მაღალი მუხის კენწეროზე უკიდია და დარაჯად მიჩენილი ჰყავს საშინელი გველეშაპი, რომელიც ოქროს საწმისს მოუშორებლივ სდარაჯობს და ახლოს არავის აკარებს!“ ამ სიტყვებმა არგონავტები მეტად შეაშფოთა. ეაკის ძლევამოსილი შვილი პელეასი ადგილიდან წამოიჭრა და თავმომწონედ უპასუხა ყმაწვილებს: „წინასწარ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ კოლხიდის მეფეს არასოდეს არ დავემორჩილებით! ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენც ღმერთების შთამომავალნი ვართ! თუ კოლხიდის სასტიკი მეფე აეტესი ოქროს საწმისს ნებაყოფლობით არ დაგვითმობს, ძალას ვიხმართ და ოქროს საწმისს მოვიტაცებთ!“ პელეასის სიტყვებმა დიდად გაამხნევა ელინთა გმირები. მოგზაურებმა ერთხმად გადაწყვიტეს დაუყოვნებლივ განეგრძოთ მოგზაურობა. პელეასის სიტყვებმა არგოსი და ფრანტისიც გაამხნევა. ყმაწვილები უყოყმანოდ შეუერთდნენ ძლევამოსილ არგონავტებს და ყველანი იმედიანად გაემართნენ შორეული კოლხიდისაკენ. ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში მოგზაურებს შემოესმათ საშინელი ხმაური, თითქოს ზღვაზე მძლავრი ქარიშხალი ამოვარდაო. სწრაფმავალმა გემმა უთავბოლოდ იწყო ქანაობა. იალქნები ანძებზე გაშმაგებით ფრიალებდა. აბობოქრებული ტალღები გემს მედგრად ეხეთქებოდნენ და ყოველ წუთს დაღუპვას ემუქრებოდნენ. შეშფოთებული მოგზაურები ერთმანეთს აწყდებოდნენ და ვერ გამოერკვიათ სტიქიონის ასე ანაზდეულად განრისხება. არგონავტებმა ცის სივრცეში უეცრივ მოჰკრეს თვალი უზარმაზარ არწივს, რომელიც თავისი მძლავრი ფრთებით ჰაერს აპობდა და კავკასიონის მთებისაკენ შურდულივით მიქროლავდა. უზარმაზარი ფრთოსანი, რომელმაც ზღვა ერთიანად შეაშფოთა, სულ მალე მიეფარა ცის ტატნობს. ჰაერის მძლავრი მოძრაობა შეწყდა, და ზღვაც დაწყნარდა. არგონავრებმა მოიმარჯვეს ხოფები და სწრაფმავალი გემი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში შეაცურეს. უეცრივ მოგზაურებს შემოესმათ გულის გამგმირავი გმინვა. უზარმაზარი არწივი, რომელიც არგონავტებმა გემის ბაქნიდან დაინახეს, შეუბრალებლად უწიწკნიდა გულღვიძლს კავკასიონის მთებზე მიჯაჭვულ, კაცობრიობის კეთილდღეობისათვის თავდადებულ ელინთა დიდებულ გმირს პრომეთეს. აი, ამ ტანჯული გმირის გულსაკლავი გმინვა სწვდებოდა არგონავტების ყურთასმენას ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში. როცა ტიტანის გულსაკლავი გმინვა შეწყდა, მოგზაურებმა ცის ტატნობზე კვლავ დაინახეს საზიზღარი არწივი, რომელიც უკან ბრუნდებოდა, რაკი თავისი სისხლიანი დავალება პირნათლად შეასრულა. საღამოს ჟამს არგონავტებმა მხიარულად შეაცურეს თავისი სწრაფმავალი გემი ნავსადგურში სწორედ იმ ადგილას, საცა შფოთიანი ფაზისი თავის მღელვარე ტალღებს პონტევქსინის მდორედ მოდუდუნე ტალღებს განუსაზღვრელი მღელვარებით უერთებდა. არგონავტებს თვალწინ წარმოუდგათ საუცხოო სანახაობა. მარჯვნივ ლამაზად გამოიყურებოდნენ კავკასიონის თვალწარმტაცი მიდამოები და კოლხიდის მეფის აეტესის სატახტო ქალაქი. მარცხნივ ფართოდ გადაშლილიყო აბიბინებული მინდორ–ველები და ღმერთ არესის სახელობაზე შეწირული სამღვთო ჭალა, საცა საზარელი გველეშაპი დღედაღამ განუწყვეტლად სდარაჯობდა მაღალი მუხის კენწეროზე ჩამოკიდებულ საწმისს. ხანგრძლივი მოგზაურობით დაღლილმა არგონავტებმა გემზე გაშალეს საწოლები და ტკბილად დაიძინეს. მეორე დილით, სანამ ჯერ კიდევ კოლხიდის ცხოველმყოფელი მზის სხივები დედამიწას უხვად მოეფინებოდა, ელინთა გმირები მხიარულად წამოიშალნენ, ბრწყინვალედ გამოეწყვნენ და გემზე თათბირი გამართეს. ძლევამოსილმა იაზონმა შემდეგი სიტყვებით მიმართა თავის სახელოვან თანამგზავრებს: „ძვირფასო მეგობრებო! ყური დამიგდეთ! მე მინდა გაგითვალისწინოთ ამ უცხო ქვეყანაში ჩვენი მოქმედების გეგმა! თქვენ ყველანი გემზე დარჩით, მე კი მეფე აეტესის სასახლეში წავალ ტელამონის, ავგეასისა და ფრიქსის შვილების არგოსისა და ფრანტისის თანხლებით. ვეცდები მეფემ ნებაყოფლობით დაგვითმოს ოქროს საწმისი. თუ შევატყვე, რომ მეფე აეტესი უარზეა, დაუყოვნებლივ უკანვე დავბრუნდები და ერთად შევიმუშაოთ ჩვენი მომავალი მოქმედების გეგმა. თუკი მრისხანე მეფემ უცხო ქვეყნიდან მოსული ფრიქსი შეიგუა და კიდევაც შეისიძა, ვინ იცის, ეგების ჩვენაც ბედმა გაგვიღიმოს! შესაძლებელია ჩვენმა თხოვნამ გაჭრას და მრისხანე აეტესმა ოქროს საწმისი ნებაყოფლობით დაგვიბრუნოს!“ ელინთა გმირებმა მოიწონეს იაზონის გონიერი წინადადება. იაზონი, ტელემანი, ავგეასი, არგოსი და ფრანტისი მეფე აეტესის სასახლისაკენ გაემართნენ. ქალღმერთმა ჰერამ, ქალაქში რომ უცხო სტუმრები არავის დაენახა, იაზონი და მისი მხლებლები სქელი ნისლით შებურა. როცა კირენეას ველს მიაღწიეს, უცხოელებმა ხეებზე მიცვალებულთა ჩამოკიდებული გვამები დაინახეს. ამ სანახაობამ მეტად შეაშინა იაზონი და მისი მხლებლები. კოლხიდელები მიცვალებული მამაკაცების გვამებს იმ დროს, თურმე, ხეებზე ჰკიდებდნენ მზის გულზე გასაშრობად, დედაკაცებს კი მიწაში ასაფლავებდნენ. მეფე აეტესის სასახლეში მისვლისთანავე ჩამოაშორა ქალღმერთმა ჰერამ უცხოელებს ნისლი. იაზონისა და მისი მხლებლების გაკვირვებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა მეფე აეტესის ბრწყინვალე სასახლე დაინახეს. ჩუქურთმებით და საუცხოო გრეხილებით მორთული სასახლე თვალწარმტაც სანახაობას წარმოადგენდა. მაღალი კლდეებით გარშემორტყმულ ეზოში ლამაზად ჩუხჩუხებდა ოთხი შადრევანი. ცამდის აზიდული ხეები უხვად ჰფენდნენ ჩრდილებს ლამაზად მოჩუხჩუხე შადრევნებს. ერთი შადრევნიდან მოჩუხჩუხებდა თოვლივით თეთრი სქელი რძე, მეორედან – სურნელოვანი ზეთი, მესამედან – შარბათივით ტკბილი ღვინო, მეოთხე შადრევნიდან კი – ანკარა ცივი წყალი. სასახლის ფართოდ გაშლილ ეზოში თვალსაჩინო ადგილი დაეჭირა რკინის გუთანს და მის ნაკვალევს ამაყად თავს წამოსდგომოდნენ რკინის ხარები, რომელთაც ნესტოებიდან ცეცხლის ალი ამოსდიოდათ. ეს ხელოვნურად შეჭედილი რკინის ხარები და რკინის გუთანი ჰეფესტოსმა მიუძღვნა მეფე აეტესის მამას ღმერთ ჰელიოსს. გიგანტებთან ბრძილის დროს ჰელიოსმა მჭედლობაში დიდად დახელოვნებული ჰეფესტოსი ეტლით მოიტაცა ბრძოლის ველიდან და ამრიგად გადაარჩინა სიკვდილს. უცხოელები პირდაპირ სასახლის სასტუმრო დარბაზში შევიდნენ. ამ დარბაზის გვერდით გამართულ ორ დიდ ოთახში ცხოვრობდნენ ერთში მეფე და დედოფალი, მეორეში კი მეფე აეტესის შვილი, ტახტის მემკვიდრე ახალგაზრდა აბსირტი. ამ ოთახების გვერდით გამართული იყო ორი ოთახი, რომელთაგან ერთი ფრიქსის ქვრივს ხალკიონას ეჭირა, მეორე კი მეფის ასულს, ახალგაზრდა ქალწულს, მშვენიერ მედეას. მთელ კოლხიდაში თავისი სილამაზით სახელგანთქმული მშვენიერი მედეა ყოველდღე დაიარებოდა ქალღმერთის ჰეკატას ტაძარში და ყოვლად შემძლებელი ქალღმერთის მოსამსახურეობას ეწეოდა. სწორედ იმ დღეს, როცა მეფე აეტესს უცხოელები ესტუმრნენ, გრძნეული მედეა, ქალღმერთის ჰერას შთაგონებით, სასახლეში დარჩა და ქალღმერთის ჰეკატას მოსამსახურებლად არ წასულა. დილაადრიან, როცა მედეა ხალკიონას ოთახში მიდიოდა, უეცრივ გზაში უცხოელებს შეეფეთა. შეშინებულმა მედეამ ერთი საზარლად შეჰკივლა. როგორც კი ყური მოჰკრა ხალკიონამ მედეას საშინელ კივილს, დაუყოვნებლივ შეშლილივით შემოიჭრა სასტუმრო დარბაზში და შიშით გონებამიხდილი მედეა გულში ჩაიკრა. მაგრამ როცა უცხოელ გმირთა შორის ხალკიონამ თავისი შვილებიც დაინახა, დაუყოვნებლივ ჩამოშორდა ჯერ კიდევ გონებამიხდილ მედეას და ელვის სისწრაფით შემოეხვია საყვარელ შვილებს. საბრალო დედა დიდხანს, დიდხანს ჰკოცნიდა საყვარელ შვილებს და თვალთაგან სიხარულის ცრემლები ნაკადულებრ სდიოდა. სასახლეში ასე დილაადრიან ჩოჩქოლზე სასტუმრო დარბაზში დაუყოვნებლივ გამოვიდნენ მეფე აეტესი და დედოფალი იდია. მთელი სასტუმრო დარბაზი სასახლის კარისკაცებით აივსო. ყველანი დიდის ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდნენ შორეული ქვეყნიდან მოსულ სტუმრებს. დარბაზში შეუმჩნევლად შემოიპარა სიყვარულის ღმერთის შვილი ეროსი, რომელიც იაზონს ზურგს უკან ამოეფარა და სიყვარულის ამგზნებს ისრებს მშვენიერ მედეას გულში მაგრად სტყორცნიდა. მედეა უძრავად იდგა და რაღაც სიამოვნებას განიცდიდა. საბრალო ქალწულს ლოყებზე ალმური ასდიოდა და გული მეტის მღელვარებისაგან მძლავრად უცემდა. გამოურკვეველი გრძნობებით მოჯადოებული მეფის ასული მოწყვეტილ ვარსკლავივით შეანათებდა ხოლმე იაზონს სახეში და გამოუთქმელი ნეტარებით იხიბლებოდა. მედეა სანთელივით იწვოდა და იაზონის პირველივე დანახვით გამოწვეულ ტკბილ გრძნობებს გულში იმარხავდა. მეფემ და დედოფალმა უცხოელი სტუმრები სადილად მიიპატიჟეს. სასახლის მსახურებმა ბრწყინვალე სუფრა გაშალეს. სადილობის დროს არგოსი სტუმრებსა და მასპინძლებს მოუთხრობდა თავისი მოგზაურობის სამწუხარო ამბავს. საბრალო ხალკიონა სიხარულის ცრემლებს აფრქვევდა და სიყვარულით შესცქეროდა თავის პირმშო შვილებს, რომელმაც ყოვლად შემძლებელი ღმერთების წყალობით სიკვდილს დააღწიეს თავი და დედის გულში შეუნელებელი ცეცხლი არ დაანთეს. დაბოლოს არგოსმა მეფე აეტესს მოახსენა უცხოელი სტუმრების კოლხიდაში მოსვლის მიზანი. „დიდებულო მეფეო! – მოუთხრობდა არგოსი მეფე აეტსს: „ჩვენი სახელოვანი სტუმრის იაზონის ბიძამ პელეასმა, რომელმაც თავისი ძმის სამეფო ტახტი უკანონოდ ჩაიგდო ხელში, გადაწყვიტა ტახტის კანონიერი მემკვიდრის, ძლევამოსილი იაზონის დაღუპვა, და სხვა წარჩინებულ ელინთა გმირებთან ერთად იგი გამოგზავნა კოლხიდაში იმ მიზნით, რომ შენ, მეფეო, ნებაყოფლობით დაუთმო ოქროს საწმისი. ცბიერი მეფე პელეასი, როცა იაზონს ამ მძიმე საქმეს ავალებდა, ღრმად დარწმუნებული იყო, რომ იაზონი თავისი მხლებელებით გზაში უთუოდ დაიღუპებოდა და უკანონოდ ხელში ჩაგდებული სამეფო ტახტი პელეასს შერჩებოდა. საბედნიეროდ, ვერაგ მეფეს მოლოდინი არ გაუმართლდა. ქალღმერთი ათენას დახმარებით ელინთა ძლევამოსილმა გმირებმა გადალახეს ყველა დაბრკოლება და ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, როგორც ხედავ, დიდებულო მეფეო, შენს სამფლობელოში მოაღწიეს. ელინთა სახელოვანი გმირები, ათენა და ჰერა ქალღმერთების დახმარებით, ფიქრობენ, დიდებულო მეფეო, რომ შენ ნებაყოფლობით დაუთმობ ოქროს საწმისს შორეულ ელადაში წასაღებად აი, დიდებული მეფეო, უცხოელების კოლხიდაში მოსვლის თავიდათავი მიზანი!“ მეფე აეტესის მრისხანებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა თავისი შვილიშვილისაგან შეიტყო უცხოელების კოლხიდაში მოსვლის მიზანი. მეფე აეტესი დიდად დაეჭვიანდა, ჩემმა შვილიშვილებმა ხომ არ შეაგულიანეს ელინთა გმირები ოქროს საწმისის მოსატაცებლადო. უსაზღვროდ აღშფოთებულმა მეფე აეტესმა მრისხანედ შეჰყვირა უცხოელ სტუმრებს: „ თქვენ მზაკვრული განზრახვებით მოსულხართ ჩემს სამფლობელოში! თქვენ უდაოდ ნამდვილი ავაზაკები ხართ! აბა, რა დასაჯერებელია, რომ ასე შორეული ქვეყნიდან მარტოდმარტო ოქროს საწმისის მოსატაცებლად მოხვედით ჩემს სახელმწიფოში! ეს ყოვლად შეუძლებელი საქმეა! ცხადია, თქვენ უთუოდ გსურთ ტახტიდან ჩამომაგდოთ და ჩემს სახელმწიფოს დაეპატრონოთ! თქვენ რომ ამჟამად ჩემი სტუმრები არ იყოთ, დაუყოვნებლივ ენებს ამოგართმევდით, ხელებსა და ფეხებს შეუბრალებლად დაგაჭრიდით!“ მეფის სიტყვებით უზომოდ აღშფოთებული ტელამონი, ცეცხლივით ანთებული, ადგილიდან წამოიჭრა და მეფისათვის სამაგიერო პასუხი უნდა გაეცა, მაგრამ ფრთხილმა და ყოველთვის წინდახედულმა იაზონმა შეაჩერა და ლაპარაკის უფლება არ მისცა. სამაგიეროდ ელინთა გმირების სახელოვანმა წინამძღოლმა, ძლევამოსილმა იაზონმა, მეფე აეტესს თავაზიანად მოახსენა: „ დიდებულო მეფეო, გთხოვთ მაპატიოთ! გავკადნიერდები და გულახდილად მოგახსენებთ, რომ ჩვენი კოლხიდაში მოსვლის მიზანი სრულებით მარტივია, და არა ის, რაც თქვენა გგონიათ! ბიძაჩემმა მეფე პელეასმა კოლხიდაში მხოლოდ იმიტომ გამოგვგზავნა, რომ ოქროს საწმისი ნებაყოფლობით დაგვითმოთ! დიდებულო მეფეო, თუ კეთილ ინებებთ და ოქროს საწმისს მართლაც ნებაყოფლობით დაგვითმობთ, რასაც კი მოგვთხოვთ ყველაფერს უკლებლივ შეგისრულებთ! თუ თქვენ მოისურვებთ რომელიმე მეზობელი ხალხის დაპყრობა–დამორჩილებას, გვიბრძანე, ძლევამოსილო მეფეო, და ჩვენც კოლხიდის სახელოვან მხედრობასთან ერთად გავალთ ბრძოლის ველზე და თქვენს გამარჯვებას უეჭველად უზრუნველვყოფთ!“ მეფე აეტესი დიდად ჩააფიქრა იაზონის მიერ გულწრფელად წარმოთქმულმა სიტყვებმა. მეფეს ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო, დაეხოცა უცხოელი სტუმრები, თუ მათი ძალღონე და ძლიერება საქმით შეემოწმებინა. მეფემ მეორე საშუალება აირჩია და ამ სიტყვებით მიმართა არგონავტების სახელოვან წინამძღოლს იაზონს: „ზედმეტ ლაპარაკს სჯობს თავი დავანებოთ! თუ თქვენ მართლაც ღმერთების შთამომავალნი ხართ და ღმერთები გმფარველობენ, ოქროს საწმისს ნებაყოფლობით დაგიბრუნებთ! ყოვლად შემძლებელი ღმერთების ძლიერებას ყოველთვის დიდად ვაფასებდი და ამჟამადაც ვაფასებ. გულწრფელი ადამიანების საფუძვლიან მოთხოვნას სიამოვნებით შევასრულებ! მაგრამ მე მსურს გამოგცადოთ, შეგიძლიათ თუ არა შემისრულოთ ერთი დავალება! იცოდე, რომ ის საქმე, რომელიც მსურს შემისრულო, იმდენად საძნელოა, რომ მის შესრულებას ჩემს გარდა ხორცშესხმული ადამიანი ვერ ახერხებს! ღმერთის არესის მინდვრებზე საბალახოდ გაშვებულია ორი სპილენძისფეხებიანი ხარი, რომლებიც ნესტოებიდან განუწყვეტლივ ცეცხლს აფრქვევენ. მე უშიშრად ვაბამ გუთანში ამ საშინელ ხარებს, თვალუწვდენელ მინდვრებს ვხნავ და ხნულებში გველეშაპის კბილებს ვთესავ. გველეშაპის კბილებით ნათესი ხნულებიდან მცირე ხნის შემდეგ ამოდიან მძიმედ შეირაღებული დევგმირები, რომლებიც დაუნდობელ ბრძოლას მიცხადებენ, მაგრამ ჩემი შორსსატყოცნი ისრები შეუბრალებლად ანადგურებს იერიშით ჩემზე მოსულ დევგმირებს. განთიადისას ხარებს გუთანში ვაბამ, და როცა დევგმირებთან ბრძოლას მოვრჩები, თავისუფლად ვისვენებ. თუ ამ სახიფათო, საძნელო საქმეს შენ პირნათლად შეასრულებ, ოქროს საწმისს ნებაყოფლობით დაგითმობ და შეგიძლია შორეულ სამშობლო ქვეყანაში თავისუფლად წაიღო.“ ძლევამოსილმა იაზონმა მეფეს თავაზიანად მოახსენა: „დიდებულო მეფეო, ვიღებ თქვენს წინადადებას! მართალია, ის საქმე, რომლის შესრულებასაც მავალებთ, მეტად სამძიმო და საშიშია, მაგრამ მაინც ვკისრულობ, რადგან სხვა გზა არა მაქვს! დიახ, დიდებულო მეფეო, მე მზადა ვარ ვიკისრო თქვენი დავალების შესრულება! მართალია,ორ ცეცხლშუა ვიმყოფები, მაგრამ ჩემი სიმართლის აღსადგენად უკიდურესი მსხვერპლის გაღებასაც არ მოვერიდები!“ – „კეთილი! – უპასუხა იაზონს მეფე აეტესმა: მხოლოდ კარგად მოიფიქრე, აწონ–დაწონე! თუ ჩემი დავალების შესრულება შენს ძალღონეს აღემატება, სჯობს ახლავე უარი განაცხადო და შენის მხლებლებით ჩემი სახელმწიფოს საზღვრები დაუყოვნებლივ დატოვო!“ იაზონი და მისი მხლებლები სუფრიდან წამოიშალნენ და მეფესა და მთელ სახლობას თავაზიანად გამოემშვიდობნენ. დიდებული შესახედაობა ჰქონდა იაზონს, როცა თავისი მხლებლებით დარბაზიდან გამოდიოდა. ძლევამოსილი გმირის გაბრწყინვებული პირისახე მთვარესავით კაშკაშებდა და მხილველებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა. სიცოცხლით სავსე მშვენიერი მედეა ფარულად შესცქეროდა იაზონის მომხიბვლელ პირისახეს და განუსაზღვრელი ნეტარებით ტკბებოდა. საბრალო ქალწული ფანჯარასთან იდგა და მთელი ახალგაზრდული გატაცებით არ აშორებდა თვალს სახელოვან გმირს. მედეა მწუხარედ შემობრუნდა თავის ოთახში, საწოლზე დაემხო და დიდხანს მწარედ ქვითინებდა. „ღმერთო ჩემო! ეს რა მემართება! რატომ ვწუხვარ ასე! რატომ ასე მეთანაღრება ეს საბრალო გული! რატომ ვგრძნობ ასე მწვავე ტკივილებს! ასე უზომოდ რატომ შემაშფოთა ამ უცხო ადამიანის დანახვამ! ღმერთებს ვფიცავ, ვერ გამომინახავს ის სათუთი ძაფები, რომლებიც ჩვენ ასე მჭიდროდ გვაკავშირებენ! მაგარამ მე საბრალომ ხომ კარგად ვიცი, რომ ეს ვარსკვლავივით მოწყვეტილი ვაჟკაცი საცაა უნდა დაიღუპოს! დიახ, საბრალო ვაჟკაცი მამაჩემის სამძიმო დავალების შესრულებას ვერ შეძლებს და, უეჭველია დაიღუპება! ნეტავი შემეძლოს ეს სასიკვდილოდ განწირული ადამიანი როგორმე დავიხსნა! ყოვლად შემძლებელო ქალღმერთო ჰეკატა! მუხლმოდრეკილი გევედრები დახმარება აღმოუჩინო ამ უცხოელ ვაჟკაცს, რომ უვნებლად დაბრუნდეს შორეულ სამშობლოში! მაგრამ თუ ეს უცხოელი გმირი ღმერთებისაგან საბოლოოდ განწირულია და აუცილებლად სიკვდილი მოელის, დე ამ საბრალო ვაჟკაცმა სიკვდილის ჟამს მაინც შეიტყოს, რომ მისთვის თავდადებული საბრალო მედეა სულიერად და ხორციელად იტანჯება, უცეცხლოდ იწვის“. სანამ უცხოელები ნავსადგურში დაბრუნდებოდნენ, არგოსი ძლევამოსილ იაზონს ასე ესაუბრებოდა: „დიდებულო იაზონ! თუ არ შემრისხავ, ერთი რამ მსურს გირჩიო! მე ვიცნობ ღმერთების მსახურს ერთ ქალწულს, რომელიც თავისი გულთმისნობით პირდაპირ სასწაულებს ახდენს. თუ მოვახერხებთ ამ გულთამხილავი ქალწულის გადმობირებას, დარწმუნებული იყავი, ჩვენ უეჭველად გავიმარჯვებთ მტერზე“. – თუ შენ ამ გრძნეული ქალწულის სასწაულმოქმედება მართლაც გწამს და დარწმუნებული ხარ, რომ დახმარებას აღმოგვიჩენს, თანახმა ვარ მოელაპარაკო და საჭირო რჩვეა–დარიგება სთხოვო!“ იაზონი და არგოსი ასე ბაასობდნენ და კიდევაც მიაღწიეს ზღვის ნაპირს, სადაც მათ მოუთმენლად მოელოდნენ ელინთა დანარჩენი გმირები. იაზონმა დაწვრილებით უამბო ამხანაგებს მეფე აეტესის დავალება. ელინთა გმირები დიდად ჩააფიქრა იაზონის ნაამბობმა. ყველანი მდუმარედ შეჰყურებდნენ და მწარე საგონებელს ეძლეოდნენ. – იაზონ, აი რა უნდა გითხრა, – პირველმა პელეასმა დაარღვია საერთო მდუმარება: თუ შენ ეჭვობ და იმედი არა გაქვს მეფე აეტესის მიერ დავალებული საქმე პირნათლად შეასრულო, უმჯობესია მეფეს ახლავე უარი განუცხადო. წინასწარ გაფრთხილებ, ჩვენი იმედი ნუ გექნება! ჩანს, ჩვენ ყველანი ბედისაგან განწირულნი ვართ! ვწუხვარ, რომ მეგობრებისა და მახლობლებისაგან დაუტირებელნი უნდა ჩავიდეთ საფლავში ამ უცხო ქვეყანაში!“ ტელამონსა და დანარჩენ გმირებს არ მოსწონდათ პელეასის მხდალი სიტყვა, მაგრამ გულში მაინც შიში ეპარებოდათ და თავისი სახელოვანი წინამძღოლის მომავალი დიდად აღონებდათ. აღელვებული გმირები არგოსის გამამხნევებელმა სიტყვებმა დაამშვიდა: „ძლევამოსილო გმირებო, ნება მიბოძეთ დედაჩემს ვთხოვო მეფის ასული გრძნეული მედეა შეაგულიანოს, რომ ამ გაჭირვების დროს მოგვეშველოს და თავისი ჯადოსნობით დახმარება აღმოგვიჩინოს! ჩემის აზრით, მხოლოდ და მხოლოდ გრძნეული მედეას დახმარებით შეგვიძლია მრისხანე მეფის სამძიმო დავალების შესრულება. თუ დედაჩემმა მოახერხა გრძნეული მედეას ჩვენს მხარეზე გადმოყვანა, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი კოლხიდაში ლაშქრობა ბრწყინვალედ დაგვირგვინდება“. არგოსს ეს სიტყვა ჯერ კიდევ არ დაემთავრებინა, რომ გემზე ფართხალით შემოფრინდა მტრედი, რომელსაც უზარმაზარი ქორი მოსდევდა. მტრედი მხარზე დააჯდა ძლევამოსილ იაზონს, ქორი კი გემზე ამართულ ანძას მიაწყდა. მტრედის ასე ანაზდეულად შემოფრენაზე ელინთა გმირებს მოაგონდათ მოხუცი გულთამხილავის ფინევის წინასწარმეტყველება: ქალღმერთი აფროდიტეს დახმარებით არგონავტები სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნდებიანო. ელინთა გმირებმა გადაწყვიტეს, ქალღმერთის აფროდიტეს საყვარელი ფრინველის გემზე ანაზდეულად შემოფრენა არგონავტების საერთო საქმის კეთილად დამთავრების მომასწავებელიაო. ამ რწმენით გამხნევებული არგოსი სასწრაფოდ გაემგზავრა სასახლეში, ხოლო გემზე დარჩენილი გმირები ნაპირზე გადმოვიდნენ და არგოსის დაბრუნებას მოუთმენლად მოელოდნენ. სწორედ იმ დროს, როცა არგოსი დედისკენ მიისწრაფოდა, მეფე აეტესს სასახლეში თათბირი მოეწყო და სახელმწიფოს წარჩინებულ მოხელეებს არგონავტების კოლხიდაში მოსვლის ნამდვილ ზრახვებს მოუთხრობდა. მეფე აეტესი ღრმად დარწმუნებული იყო, ელინთა გმირების წინამძღოლი იაზონი საშიშარ ხარებთან შებრძოლების დროს აუცილებლად დაიღუპებაო. მრისხანე მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა იაზონის დამარცხების შემდეგ არგონავტების გემისათვის ცეცხლი წაეკიდებინა და ელინთა სახელოვანი გმირები ყველანი ცეცხლის ალში გაეხვია, ხოლო თავისი შვილიშვილები, არგოსი და ფრანტისი, რომელთა რჩევით არგონავტები თითქო მზაკვრული განზრახვით მოვიდნენ კოლხიდაში, სასტიკად დაესაჯა. როგორც კი მივიდა არგოსი სასახლეში, მან თავის საყვარელ დედას განუმარტა ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიაც ელინთა გმირების წინამძღოლი იაზონი იმყოფებოდა, და შეევედრა, რომ გრძნეულ მედეას ელინთა გმირების სახელოვანი წინამძღოლი იაზონი ამ დიდი განსაცდელისაგან გამოეხსნა. ხალკიონას შეეცოდა ძლევამოსილი იაზონი და მყისვე ზომები მიიღო, რომ გრძნეული მედეა დახმარებოდა ელინთა გმირების წინამძღოლს და ეს წარჩინებული ვაჟკაცი სიკვდილისაგან ეხსნა. ხალკიონა ფეხაკრეფით შევიდა თავისი საყვარელი დის მედეას ოთახში. მედეა ამ დროს ლოგინზე იწვა და ეძინა. საბრალო ქალწული, ეტყობოდა, რაღაც უსიამოვნო სიზმარს ხედავდა: ვითომ ძლევამოსილი იაზონის მაგივრად თვითონ ის გავიდა ბრძოლის ველზე და სპილენძისფეხებიანი საშიშარი ხარები ბრწყინვალედ დაამარცხა. მედეას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მაგრამ მრისხანე მეფემ გადაჭრით უარი გამოაცხადა ძლევამოსილი იაზონისათვის ოქროს საწმისი ნებაყოფლობით დაებრუნებინა. კოლხიდის მრისხანე მეფე თავის უარს იმით ასაბუთებდა, რომ სპილენძისფეხებიან ხარებს იაზონი უნდა შებრძოლებოდა, და არა მედეა. ხანგრძლივი დავის შემდეგ საკამათო საკითხის გადაჭრა თვით მშვენიერ მედეას მიანდვეს. სიყვარულით გატაცებულმა მედეამ საკითხი იაზონის სასარგებლოდ გადაჭრა. მედეას განაჩენმა მეტად ააღელვა აეტესი, განრისხებულმა მეფემ ისე საზარლად შეჰყვირა, რომ საბრალო მედეას გამოეღვიძა. საბრალო ქალწული შეშფოთებული წამოიჭრა საწოლიდან და კარებისაკენ ფეხაკრეფით გაემართა. მაგრამ შიშით ოთახიდან გასვლა ვერ გაბედა, უკანვე დაბრუნდა და მწარე ქვითინით საწოლზე დაეშვა. როგორც კი მედეას გულსაკლავ ქვითინს ყური მოჰკრა ხალკიონამ, დაუყოვნებლივ თავისი ძვირფასი დის ოთახში შეიჭრა შეშლილივით. საბრალო ქალწულს თვალთაგან ცხარე ცრემლები ჩამოსჩქეფდა, საწოლზე დამხობილი საზარლად ქვითინებდა. თავზარდაცემული ხალკიონა შეშფოთებული ეკითხებოდა შიშით გონებამიხდილ მედეას: „ჩემო ძვირფასო მედეა! ეს რა მოგსვლია? ავად ხომ არა ხარ? ხომ რაიმე უსიამოვნება არ შეგხვედრია? ნუ დამიმალავ შენს გულისტკივილს!“ საბრალო ქალწულს ლოყები თანდათან უფრო უწითლდებოდა და მეტის აღელვებით ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. დაბოლოს, მწუხარებაშიაც მშვენიერმა მედეამ მოიკრიბა უკანასკნელი ძალღონე და ცრემლების ღაპაღუპით ასე შესჩივლა თავის საყვარელ ხალკიონას: „ჩემო ძვირფასო ხალკიონა! აი ესაა საშინელი სიზმარი ვნახე! შენი შვილები და უცხოეთიდან ჩამოსული ელინთა გმირები მამაჩემმა თითქოს ვერაგულად გამოასალმა სიცოცხლეს. ვფიცავ, რაიცა წმინდათა წმინდად მიმაჩნია, რომ თავს არ დავზოგავდი, სიცოცხლეს დიდი სიამოვნებით შევწირავდი, ოღონდ კი ყოვლად შემძლებელი ღმერთები არ ინებებდნენ ამ საშინელი სიზმრის ასრულებას!“ შეშინებული ხალკიონა მედეას ყელზე ჩამოეკიდა და ცრემლების ფრქვევით თავის საყვარელ დას მხურვალედ ემუდარებოდა ძლევამოსილი იაზონისათვის დახმარება აღმოეჩინა და ამრიგად მისი საბრალო შვილებიც სიკვდილისაგან ეხსნა. საბრალო დები ერთმანეთს ეხვეოდნენ და დიდხანს უნუგეშოდ ქვითინებდნენ. ბოლოს, როცა უსაზღვრო მწუხარებით გონებადაკარგული დები ცოტათი გონს მოვიდნენ, საბრალო ხალკიონამ შემდეგი თხოვნით მიმართა თავის საყვარელ მედეას: „ჩემო ძვირფასო და გონებიდან განუყრელო დაო! გთხოვ, თვალცრემლიანი გევედრები ელინთა ძლევამოსილ წინამძღოლს იაზონს დაუთმო შენი სასწაულმოქმედი ჯადო, რომლის საშუალებით სახელოვანი გმირი სულ ადვილად სძლევს არესის სახელობის მინდვრებზე საბალახოდ გაშვებულ სპილენძისფეხებიან ველურ ხარებს! აი, ესაა სასახლეში მოვიდა ჩემი პირმშო ვაჟი არგოსი, რომელმაც მაცნობა, რომ ელინთა გმირების წინამძღოლი ძლევამოსილი იაზონი პირადად შენ გთხოვს დახმარებას! ჩემო მშვენიერო მედეა, ამ ყოვლად წარჩინებული ვაჟკაცის თხოვნას ჩემს გულწრფელ თხოვნასაც ვუერთებ და თვალცრემლიანი გევედრები საყვარელი შვილები სიკვდილს გადამირჩინო!“ მედეას სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, როცა გაიგო, რომ მისი სათყვანო გმირი, მისი ძვირფასი იაზონი დახმარებას სთხოვდა. სიხარულით აღფრთოვანებულმა მედეამ სრულიად გულახდილად უპასუხა შვილების დარდით უზომოდ შეწუხებულ ხალკიონას: „ჩემო საყვარელო დაო! ვფიცავ ყოვლად შემძლებელ ღმერთებს, რომ შენს პირმშო შვილებს აუცილებლად გადავარჩენ! ხვალ დილით, გათენებისას, სანამ მზე თავის ცხოველმყოფელ სხივებს დედამიწას მოჰფენდეს, ქალღმერთის ჰეკატას სამლოცველოში წავალ. შეუთვალე ელინთა გმირების წინამძღოლს, ძლევამოსილ იაზონს, რომ სამლოცველოში მოვიდეს და პირადად ჩემგან მიიღოს სასწაულმოქმედი ჯადო, რომელიც სახელოვან გმირს ძალღონეს ერთიორად შეჰმატებს და ბრწყინვალე გამარჯვებასაც მიანიჭებს!“ გახარებულმა ხალკიონამ მხურვალედ ჩაიკრა გულში მშვენიერი მედეა და ეს სასიხარულო ამბავი თავის პირმშო შვილს არგოსს შეატყობინა. ათასგვარ ფიქრში გართული მედეა მთელი ღამის განმავლობაში მოუსვენრად იწვა ლოგინში და საყვარელი გმირის ვარსკვლავისებური პირისახე სულ თვალწინ უდგა. საბრალო ქალწულს რაღაც უხილავი ხმა თითქო გარკვევით ჩასჩურჩულებდა: „მედეა, როგორ ფიქრობ, განა არ გადააჭარბე? უცხოელ გმირს განა ზედმეტი დაპირება არ მიეცი?“ ამ უხილავი ხმით შეშფოთებული მედეა თავს ასე ინუგეშებდა: „განა დანაშაულად უნდა ჩამეთვალოს, რო მე ასე კეთილშობილურად მოვიქეცი? განა დასაძრახია, რომ უბედურებაში მყოფ ადამიანს თანაგრძნობით მოვეპყრო და დასახმარებლად ხელი გავუწოდო! ვფიქრობ, რომ მე სავსებით მართებულად, სავსებით კეთილშობილურად მოვიქეცი, როცა ელინთა სახელოვან გმირს დახმარება აღვუთქვი! ხოლო როგორც–კი ძლევამოსილი გმირი მტერზე გაიმარჯვებს, იმავე წუთს სიცოცხლეს მოვისპობ ჩემის ხელით! მაგრამ განა ეს თვითმკვლელობა რასმე მიშველის! ვინ იცის, ვინ არ ჩამწიხლავს, მიწასთან ვინ არ გამასწორებს! ვფიქრობ და კიდევაც დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი გამკიცხავენ, ყველანი დამგმობენ! მთელ კოლხიდაში დამივარდება ცუდი ხმა! მაგრამ, დე, ვისაც როგორ ჰსურდეს, ისე იმსჯელოს! მე ხომ სიცოცხლე ვაჩუქე ჩემს სათაყვანო გმირს! დე, ჩემი სახელი და სიცოცხლეც მასვე შეეწიროს! ეს ჩემი შეურყეველი რწმენა საიქიოს სიმშვიდესა და მყუდროებასაც დამიმკვიდრებს! მე ანგარიშს ვუწევ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს გულისთქმას, ჩემს რწმენას, ჩემს შეხედულებას! მაგრამ ადვილად შესაძლებელია კიდევაც ვცდებოდე! შეიძლება გადაჭარბებულმა გრძნობამ გამიტაცა და ღირსიც ვიყო საქვეყნოდ გამკიცხონ, მიწასთან გამასწორონ! ყველაფერს ავიტან, ყველაფერს მოვითმენ, ოღონთ კი ჩემმა სათაყვანებელმა, გონებიდან განუყრელმა ძვირფასმა იაზონმა სიკვდილს თავი დააღწიოს!“ ამ მწარე ფიქრებში გართული მშვენიერი მედეა უცეცხლოდ იწვოდა, იტანჯებოდა და მის აუტანელ მწუხარებას საზრვარი არ ედებოდა. მაგრამ ყოვლად შემძლებელმა ღმერთებმა მშვენიერ მედეას ტკბილი ძილი მოუვლინეს. არგოსმა ელინთა გმირებს ნავსადგურში სასიხარულო ამბავი მიუტანა. არგონავტების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მშვენიერი მედეას გადაწყვეტილება გაიგეს. ელინთა გმირებს ახლა კი იმედი მიეცათ, რომ გრძნეული მედეას მიერ დაპირებული სასწაულმოქმედი ჯადო სახელოვან იაზონს ბრწყინვალე გამარჯვებას მოუპოვბდა და ძლევამოსილი არგონავტები სამშობლოში დასახულ მიზანს ღირსეულად შეასრულებდნენ. მეორე დილით, განთიადისას, მედეა საწოლიდან წამოდგა, სურნელოვანი ზეთით დაიზილა მთელი სხეული და ბრწყინვალე ტანსაცმელში გამოეწყო. მთვარესავით გაბრწყინვებულმა ქალწულმა სკივრიდან სასწრაფოდ ამოიღო ეგრეთწოდებული „პრომეთეს მალამო“ და მოსამსახურე ქალების თანხლებით ეტლით გაემართა ქალღმერთის ჰეკატას სამლოცველოსაკენ. „პრომეთეს მალამოს“ მეტად სასწაულებრივი თვისება ჰქონდა: ვინც ამ მალამოს წაიცხებდა, მთელი სხეული ფოლადივით უმაგრდებოდა, ძალღონე და გაბედულება ემატებოდა და უძლეველი მტრის წინააღმდეგ გალაშქრებას სულ ადვილად ახერხებდა. ამ სასწაულმოქმედ მალამოს ამზადებდნენ იმ სამკურნალო ბალახებიდან, რომლებზედაც კავკასიონის მთებზე მიჯაჭვულმა ელინთა სახელგანთქმულმა გმირმა პრომეთემ მოწამლული სისხლი დააქცია. მედეამ, როგორც კი ქალღმერთი ჰეკატას სამლოცველოში შევიდა, მხლებელ ქალებს უბრძანა დაუყოვნებლივ სასახლეში დაბრუნებულიყვნენ. მეფის გრძნეულმა ასულმა მხლებლებს საიდუმლოდ გაანდო, ამ დილით სამლოცველოში უნდა მოვიდეს ელინთა გმირების წინამძღოლი იაზონი, რომელსაც უნდა გადავცე სასიკვდილო მალამოო. მოსამსახურე ქალებმა მოიწონეს მედეას საიდუმლო განზრახვა და სასახლეში კმაყოფილნი დაბრუნდნენ. სამლოცველოში დარჩენილი მშვენიერი მედეა მოუთმენლად მოელოდა თავის სათაყვანებელ გმირს. მართლაც, ქალღმერთის ჰეკატას გრძნეულ მსახურს დიდხანს არ მოუხდა ლოდინი. ძლიერ მალე სამლოცველოში მოკრძალებით შემოვიდნენ ძლევამოსილი იაზონი და მასთან ერთად არგოსი და მისანი მოპსი. ქალღმერთმა ჰერამ ისეთი სილამაზითა და ძლევამოსილებით გააბრწყინა იაზონის პირისახე, რომ თვით ამხანაგებიც კი იხიბლებოდნენ გმირის ასეთი სიდიადით და გული სიხარულით ევსებოდათ. ელინთა გმირების სახელოვანი წინამძღოლი გაბრწყინვებული პირისახით წარსდგა მშვენიერი მედეას წინაშე და მოკრძალებით მიესალმა. როგორც კი მოჰკრა თვალი იაზონის მთვარესავით მოკაშკაშე პირისახეს, მედეა ცეცხლივით აენთო და მეტის მღელვარებისაგან გულმა მძლავრად დაუწყო ცემა. მედეა და იაზონი ერთმანეთს დიდხანს მდუმარედ შეჰყურებდნენ და უსაზრვრო ნეტარებით აღგზნებულნი ხმის ამოღებას ვერ ახერხებდნენ. ორივენი ხმაამოუღებლივ ცახცახებდნენ ვერხვის ფოთოლივით და უდიდეს სიტკბოებას განიცდიდნენ. ბოლოს იაზონმა დაარღვია ეს სანეტარო დუმილი და სიყვარულის კილოთი შეეხმატკბილა ვარდის კოკორივით გაფურჩქვნილ მშვენიერ მედეას: „მშვენიერო ქალწულო, ესოდენ რად შეშფოთებულხარ! გაფიცებ ყოვლად შემძლებელ ღმერთებს და მათ შორის ყოვლად მოწყალე ქალღმერთის ჰეკატას სახელს, მამცნე შენი შეშფოთების მიზეზი, ნუ დამიმალავ, გულახდილად მითხარი შენი გულის ნადები! გახსოვდეს, მშვენიერო ქალწულო, რომ ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ყოვლად შემძლებელი ღმერთების წმინდა ადგილას და თვითოეული არასწორად, არამართებულად ნათქვამი სიტყვა დანაშაულად ჩაგეთვლება! ამიტომ ჩვენ შორის უპირველეს ყოვლისა გულწრფელობა და გულახდილობაა საჭირო! პირადად მე გავკადნიერდები და ამ წმინდა ადგილას შენგან დახმარებას მოვითხოვ! ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ შენ დღესვე გადმომცემ აღთქმულ სასწაულმოქმედ მალამოს“. მედეამ ალერსიანი ღიმილით ჯიბიდან ამოიღო სასწაულმოქმედი მალამო და თავის სათაყვანო გმირს გადასცა. იაზონმა მოკრძალებით ჩამოართვა სასწაულმოქმედი მალამო და უდიდესი მადლობა შესწირა მშვენიერ არსებას, რომელიც თავის სიცოცხლესაც კი არ დაიშურებდა, თუ ამას საჭიროება მოითხოვდა. შორეული ელადის სახელოვანი გმირი იაზონი და კეკლუცი კოლხიდის მშვენიერი ასული გრძნეული მედეა დიდხანს შეჰყურებდნენ ერთმანეთს მდუმარედ და უსაზრვრო ნეტარებით ტკბებოდნენ. გამოსალმებისას მშვენიერმა მედეამ ასეთი რჩევა მისცა კმაყოფილებით აღსავსე ელინთა სახელოვან გმირს: დიდად პატივცემულო ძლევამოსილო გმირო! გამოსალმებისას მინდა მეგობრული რჩევა მოგცე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენო სასწაულმოქმედი მალამო. როგორც კი მიიღებ მამაჩემისაგან დასათესად გველეშაპის კბილებს, დაუყოვნებლივ შავ ტანსაცმელში გამოეწყვე და ტანის დასაბანად მდინარეზე წადი. როცა ბანაობას მორჩე, მდინარის ნაპირას ამოთხარე დიდი ორმო, დაკალი ბატკანი, სისხლი ორმოში ჩაასხი, ხოლო ხორცი კი ყოვლად შემძლებელ ღმერთებს შესწირე. თუ გინდა, რომ ღმერთებმა თქვენ მიერ დაკლული ბატკანი მსხვერპლად შეიწირონ, ქალღმერთის ჰეკატას მოკრძალებით ზედაშე დაუქციე და ნავსადგურში დაბრუნებისას, თუ ვინიცობაა გზაში ძაღლებმა შემოგიყეფონ, უკან არ მოიხედო. დილით, როცა ბრძოლის ველზე წასვლას დააპირებ, მთელი სხეული ამ სასწაულმოქმედი მალამოთი დაიზილე და შენს სხეულს ისეთი ძლიერება მიენიჭება, რომ თუნდაც ყოვლად შემძლებელ ღმერთებს გაუმკლავდები. როცა ხნულებში ჩათესილი გველეშაპის კბილებიდან ამოვლენ შეიარაღებული დევგმირები და შენს წინააღმდეგ გამოილაშქრებენ, დაუყოვნებლივ აიღე უზარმაზარი ქვა და საბრძოლველად გამზადებულ დევგმირთა რიგებში გადაისროლე. დევგმირები იმ ქვას შემოერტყმიან და მათ შორის საშინელი ბრძოლა გაიმართება. გახსოვდეს, ერთი წუთიც არ დაახანო, ისარგებლე ამ მოხერხებული შემთხვევით და ჩემ მიერ გადმოცემული მალამოთი მოწამლული ისრები დაუშინე დევგმირების რიგებს. შეუბრალებლად ამოწყვიტე ყველანი, ვინც კი ერთმანეთთან ხელჩართული ბრძოლის დროს სიკვდილს თავი დააღწია. ამრიგად პირნათლად შეასრულებ მამაჩემისაგან დავალებულ სამძიმო საქმეს და მიიღებ ოქროს საწმისს, რომელიც შეგიძლია თავისუფლად წაიღო შორეულ ელადაში“. საბრალო მედეას ამ სიტყვებზე ცხარე ცრემლები წასკდა. სათუთი ბუნების ქალწული ვერ შეჰრიგებოდა იმ აზრს, რომ მისი სათაყვანო გმირი, მისი ასე ანაზდეულად მომხიბვლელი იაზონი შორეულ ელადაში გაემგზავრებოდა და მედეა ამიერიდან მის ვარსკვლავივით მოელვარე პირისახეს ერთხელაც ვეღარ იხილავდა. გამოსალმებისას მედეამ ოდნავ გასაგონის ხმით მწუხარედ წასჩურჩულა ძლევამოსილ გმირს: „დიდებულო გმირო, როცა სამშობლოში დაბრუნდები, საბრალო მედეას ნუ დაივიწყებ! შენ მიერ მოხიბლული მედეა სულ შენს ფიქრში იქნება, შენს ხსოვნას მედეა გულში მაგრად ჩაიმარხავს და შარავანდის სხივებით შემოსავს!“ საბრალო მედეას ამ გულგამგმირავმა სიტყვებმა დიდებულ გმირს ელექტრობის ნაკადივით დაურბინა მთელ სხეულში. მხურვალე სიყვერულით აღგზნებულმა გმირმა ასე უპასუხა მეფის მშვენიერ ასულს: „მშვენიერო მედეა! დაარწმუნე შენი მგრძნობიარე გული, სანამ პირში სული მიდგია და ცოცხალი ვარ, შენი შარავანდით მოსილი სახელის ხსოვნას მარადის გულში ვატარებ! დედამიწაზე უმშვენიერეს შენს ბრწყინვალე სახეს გულში აღვიბეჭდავ! რა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შენ ჩემ სამშობლო იოლკში გიხილავდე! დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი დიდის აღტაცებით შეეგებებოდნენ იმ მშვენიერსა და კეთილშობილ ქალწულს, რომლის დახმარებით ჩვენ სიკვდილს თავი დავაღწიეთ და მშვიდობიანად დავბრუნდით სამშობლოში! დაარწმუნე შენი გული, მეფის მშვენიერო ასულო, შენ რომ ოდესმე ჩემ სამშობლოში გიხილავდე, უბედნიერეს კაცად ჩავთვლიდი ჩემ თავს! ჩვენ შორის დაიდებოდა ის მეგობრული კავშირი, რომელიც მიუვალ ციხე–სიმაგრეებზე უფრო მტკიცე და მძლავრია!“ როცა მა სიტყვებს ისმენდა მედეა, თავისთავს უბედნიერეს ქალად თვლიდა დედამიწის ზურგზე და, სიხარულით აღსავსე, ნეტარების ცრემლებს აფრქვევდა. მშობლების მოშორება მედეას თუმცა ემძიმებოდა და შეუძლებლადაც მიაჩნდა, იაზონისაგან დატყვევებული გული მაინც შორეული ელადისაკენ ეწეოდა. ქალღმერთი ჰერა ძლიერ მოწადინებული იყო მშვენიერი მედეა ძლევამოსილ იაზონს გაჰყოლოდა შორეულ ელადაში. ყოვლად შემძლებელი ქალღმერთი ჰერა ღრმად დარწმუნებული იყო, რომ მედეა, როგორც კი იაზონის ოჯახში კანონიერი მეუღლის სახით შევიდოდა, იაზონის ცბიერ ბიძას პელეასს სასტიკად დასჯიდა. მზე უკვე დასავლეთისაკენ გადაიხარა, როცა მედეა და იაზონი ქალღმერთის ჰეკატას სამლოცველოში ერთმანეთს გამოემშვიდობნენ. იაზონი ნავსადგურში დაბრუნდა ამხანაგებთან. მედეა ჩაჯდა სწრაფმავალ ეტლში და მხიარულად გაემართა სასახლისაკენ. იაზონმა ამხანაგებს აჩვენა სასწაულმოქმედი მალამო და დაწვრილებით უამბო ამ მალამოს გამოყენების ხერხები, მშვენიერი მედეას რჩევა–დარიგების მიხედვით. ამ სასიხარულო ამბით გამხნევებული არგონავტები დაუყოვნებლივ შეუდგნენ ძლევამოსილი იაზონის ბრძოლის ველზე წასასვლელად მომზადების თადარიგს. მეფე აეტესი ღრმად დარწმუნებული იყო, რომ ელინთა გმირების წინამძღოლი ვერ შეასრულებდა იმ სამძიმო საქმეს, რომელიც მან დაავალა, და ამიტომ დაუბრკოლებლივ გადასცა გამოგზავნილებს გველეშაპის კბილები არესის ველზე დასათესად. ძლევამოსილმა იაზონმა იმავე ღამეს უკლებლივ შეასრულა მშვენიერი მედეას რჩევა–დარიგებანი. ქალღმერთმა ჰეკატამ სიამოვნებით მიიღო იაზონისაგან შეწირული მსხვერპლი. მთელი თავისი საშინელი ამალით დაიძრა ქალღმერთი კლდეში ღრმად გამოქვაბული საცხოვრებელი ბინიდან. ქალღმერთს ირგვლივ მოუძღოდნენ საზარელი გველეშაპები და უზარმაზარი ძაღლები, რომელთა საშინელი ყეფა მთელ არემარეს აყრუებდა. დედამიწა ზანზარებდა ამ საშინელი ცხოველების ფეხთა მოძრაობით. მდინარეების ფერიები ძრწოდნენ და საცოდავად გმინავდნენ. იაზონი შიშით თრთოდა, მაგრამ ძაღლების საშინელ ყეფაზე უკან მოხედვას ვერ ბედავდა და სწრაფი ნაბიჯით მიისწრაფოდა ნავსადგურისაკენ, სადაც ძლევამოსილი ელინთა გმირები მას მოუთმენლად მოელოდნენ. მეორე დილით, როცა კოლხიდის ცხოველმყოფელი მზის სხივები კავკასიონის მთების მაღალ მწვერვალებს უხვად მოეფინა, მეფე აეტესი მეფურ ტანსაცმელში ბრწყინვალედ გამოეწყო და თავისი ამალის თანხლებით ეტლით გაემართა არესის ველისაკენ, რომ პირადად დასწრებოდა ელინთა გმირების წინამძღოლის შებრძოლებას სპილენძისფეხებიან ველურ ხარებთან. ძლევამოსილმა იაზონმა დილაადრიან მთელი სხეული სასწაულმოქმედი მალამოთი მაგრად დაიზილა და თავისი საუცხოო ფარი, ბასრი ხმალი და შორსსატყორცნელი ისარი იმავე სასწაულმოქმედი მალამოთი მზის სხივებზე საკვირველად ააპრიალა. სასწაულმოქმედმა მალამომ ელინთა გმირების სახელოვან წინამძღოლს ერთბაშად მიანიჭა არაჩვეულებრივი ძალღონე და ძლირება. როგორც ბრძოლის ველზე წასასვლელად გამზადებული მხედრის მერანი ჭიხვინით ტორებს მიწას სცემდა და მოუთმენლად მოელის თავისი ერთგული მხედრის მათრახის ჰაერში შეტრიალებას, ასეთივე მოუთმენლობითა და გაბედულობით მიისწარაფოდა ელინთა სახელოვან გმირთა წინამძღოლი იაზონი ბრძოლის ველისაკენ საშინელ მტერთან სამკვდრო–სასიცოცხლოდ შესაბრძოლებლად. არგონავტებმა გემით მიაცილეს თავისი სახელოვანი წინამძღოლი არესის ველამდის, სადაც მეფე აეტესი კარგახანია თავისი ამალით მისულიყო. ელინთა გმირების სახელოვანი წინამძღოლი თავმომწონედ გადმოვიდა გემიდან. დიდებული გმირის შეხედულება და ძლევამოსილება ღმერთის არესის ძლიერებასა და ქალღმერთის აფროდიტეს სიმშვენიერეს მოგაგონებდათ. მძიმედ შეიარაღებული იაზონი თავმომწონედ გამოვიდა ბრძოლის მოედანზე, სადაც წინასწარ დაეწყოთ უზარმაზარი რკინის გუთანი, სახნის–საკვეთი და გუთნის საწევი უღელი. იაზონმა ფარი გაიკეთა და საბრძოლველ მოედანზე მტრის გამოჩენას მოუთმენლად მოელოდა. უეცრივ მიწის გულში გამართულ ბოსლებიდან მოედანზე შემოიჭრნენ სპილენძისფეხებიანი ველური ხარები, რომლებიც ნესტოებიდან ნაკვერცხლებს ისროდნენ და ტანზე ცეცხლის ბუღი ასდიოდათ. იაზონის მხლებელი ელინთა გმირები შიშის ზარმა აიტანა, როცა ეს საშინელი ცხოველები დაინახეს. იაზონი კლდესავით უძრავად იდგა და ფარჩამოფარებული მოუთმენლად მოელოდა საშინელი ცხოველების თავდასხმას. ხარები საზარელი ღმუილით ეკვეთნენ ძლევამოსილ იაზონს, მაგრამ გმირის მკვიდრად შეჭედილ ფარს ოდნავაც ვერა დააკლეს. სიბრაზით გააფთრებული ხარები კვლავ თავდავიწყებით ეკვეთნენ გმირ მეომარს და ცდილობდნენ ცეცხლის ალში გაეხვიათ სახელოვანი მებრძოლი. ამ დროს ძლევამოსილმა იაზონმა სიბრაზით გაცოფებულ ერთ ხარს რქებში მაგრად ჩასჭიდა ხელი და ფერდებში ფეხის მძლავრად ჩაკვრით მთლიანად გაბოროტებული ცხოველი ოთხივე ფეხზე წამოაჩოქა. მეორე ხარიც გმირმა ამრიგად დაიმორჩილა და დაუყოვნებლივ ორივენი გუთანში შეაბა. ფარჩამოფარებული იაზონი კვალდაკვალ მისდევდა გუთანს, რომელშიც სპილენძისფეხებიანი ხარები შეაბა, და ღრმად აბრუნებდა ვეებერთელა ბელტებს. მზე ჯერ კიდევ დასავლეთისაკენ არ გადახრილიყო, როცა ძლევამოსილმა გმირმა ღრმად მოხნულ კვლებში ჩათესა გველეშაპის უკანასკნელი კბილები. სანამ ძლევამოსილი იაზონი ამხანაგებით გარშემორტყმული ისვენებდა, ღრმად მოხნულ კვლებში დათესილი გველეშაპის კბილებიდან წარმოიშვნენ მძიმედ შეიარაღებული დევგმირები, რომლებმაც მთლად აავსეს თვალუწვდენელი მინდორი. ელინთა გმირების წინამძღოლმა სასწრაფოდ წამოავლო ხელი უზარმაზარ ქვას და, როგორც გრძნეულმა მედეამ დაარიგა, შეიარაღებულ დევგმირთა შემჭიდროებულ რიგებში გადაისროლა. დევგმირები დაესივნენ იაზონის მიერ გადასროლილ საბედისწერო ქვას. საშინელი ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. დევგმირები თავდავიწყებით ეკვეთებოდნენ ერთმანეთს და შეუბრალებლად სიცოცხლეს ასალმებდნენ. დაჭრილ–დახოცილთა გვამები ქარიშხლისაგან მოტეხილი ხეებივით ეფინებოდა მიწაზე. ელინთა გმირების სახელოვანი წინამძღოლიც ჩაერია ამ საბედისწერო ბრძოლაში და თავისი ბასრი ხმლით უსპობდა სიცოცხლეს ერთმანეთთან ბრძოლაში გადარჩენილებს. საბედისწერო ბრძოლის ველი სულ მოკლე ხანში მოიფინა დახოცილთა გვამებით. ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ სახელოვანმა იაზონმა ბრძოლის ველი დატოვა და თავმომწონედ გაემართა თავისი ამხანაგებისაკენ. იაზონის მხლებლების სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. სიბრაზისაგან შეშფოთებული მეფე აეტესი თავისი ამალით ბრუნდებოდა სასახლეში სწორედ იმ დროს, როცა არგონავტები გარს ერტყნენ თავის სახელოვან წინამძღოლს და სიხარულით აღტაცებულნი გულში მხურვალედ იკრავდნენ. მფე აეტესი მთელი ღამის განმავლობში გეგმებს აწყობდა, თუ როგორ უნდა დაეღუპა არგონავტები და მათი წინამძღოლი იაზონი. მეფე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ელინთა გმირების წინამძღოლმა ბრძოლის ველზე ბრწყინვალე გამარჯვება ხალკიონასა და მედეას დახმარებით მოიპოვა. მრისხანე მეფემ გადაწყვიტა მოღალატენი სასტიკად დაესაჯა და ამრიგად სამაგიერო გადაეხადა. მედეა სულითა და გულით იტანჯებოდა, იგი კარგად გრძნობდა, რომ აეტესმა უკვე ყველაფერი იცოდა, და ამიტომ გადაწყვიტა თავი მოეწამლა. მეფის გრძნეულმა ასულმა საწამლავი მოამზადა და ის იყო უნდა დაელია, რომ უეცრივ ქალღმერთმა ჰერამ ახალგაზრდა ქალწულს გულში კეთილისმყოფელი აზრები ჩაუნერგა და საწამლავზე გადაჭრით ხელი ააღებინა. მშვენიერმა მედეამ გადაწყვიტა თავის სათაყვანებელ, გონებიდან განუყრელ გმირს შორეულ ელადაში გაჰყოლოდა. მეფე აეტესის მშვენიერმა ასულმა ეს გადაწყვეტილება მართლაც შეასრულა. მედეა ფრთხილად გამოვიდა საწოლი ოთახიდან. სასახლის კარები სასწაულმოქმედი ჯადოს წყალობით თავისთავად გაიღო. ქალწულმა ფრთხილად ჩაუარა გვერდი სასახლის ღამის მცველებს, რომელთაც მეფის ასული ვერ იცვნეს. მედეა ვიწრო ბილიკებით მიისწრაფოდა ნავსადგურისაკენ, სადაც ამ დროს უცხოელ გმირებს ზღვის ნაპირას ცეცხლი აეგიზგიზებინათ და თავის საყვარელ წინამძღოლს, სახელოვან იაზონს ბრწყინვალე ზეიმს უხდიდნენ. მშვენიერი ქალწული ფეხაკრეფით მიუახლოვდა იმ ადგილს, სადაც უცხოელების გემი იდგა, და თავის დისწულს ფრანტისს, რომელიც ამ დროს ძლევამოსილ იაზონთან იჯდა ზღვის ნაპირას, ფრთხილად გამოეხმაურა. იაზონმა და ფრანტისმა ხმაზე იცვნეს მშვენიერი მედეა და არგოსის თანხლებით დაუყოვნებლივ გაემართნენ იმ ადგილისაკენ, საიდანაც ქალწულის ხმა შემოესმათ. საბრალო მედეა თავის საყვარელ დისწულებს შემოეხვია და ცრემლების ფრქვევით მხურვალედ შეევედრა: „ჩემო ძვირფასო მეგობრებო! თვალცრემლიანი გემუდარებით, იწამეთ ყოვლად შემძლებელი მაღალი ღმერთები და დამიხსენით მოსალოდნელი უბედურებისაგან! გაფიცებთ ყველაფერს, რაც კი თქვენთვის წმინდათა წმინდაა, გადამარჩინეთ მამაჩემის აღვირახსნილ მრისხანებას! დაბეჯითებით გთხოვთ დაუყოვნებლივ დატოვოთ ეს საბედისწერო მხარე, სანამ მრისხანე მეფეს თავისი საშინელი განზრახვა განუხორციელებია! პირობას გაძლევთ, რომ სამღვთო ჭალაში მოდარაჯე გველეშაპს მოვაჯადოებ და ოქროს საწმისს დაუბრკოლებლივ ჩაგაბარებთ შორეულ ელადაში წასაღებად. პირადად შენ, ჩემო ძვირფასო იაზონ, გთხოვ შემომფიცო, რომ უპატრონოდ დარჩენილ მედეას დაიხსნი საქვეყნო სირცხვილისა და გაბიაბრუებისაგან! გთხოვ, ჩემო გონებიდან განუყრელო სასიქადულო გმირო, ქვეყნის ყბად ნუ გამხდი! გთხოვ მეც წამიყვანო შენს შორეულ საყვარელ ელადაში! დაარწმუნე შენი გული, რომ მე ყველგან და მარადის გულითად მეგობრობას გაგიწევ, ჭირსა და ლხინში მუდამ შენთან ვიქნები, ჩემს ცხოვრებას შენის ძლევამოსილების სადიდებლად მოვაწყობ! წინასწარ უნდა იცოდე, ჩემის გონებიდან განუყრელო იაზონ, რომ კოლხიდის ყოვლად შეუბრალებელი მეფე აეტესი შენს უსაზრვროდ მათაყვანებელ საბრალო მედეას ოდნავაც არ დაინდობს და სიცოცხლეს მოუსპობს!“ იაზონმა ფეხზე წამოაყენა მუხლმოყრილი მედეა და სრულიად გულწრფელად უპასუხა: „ჩემო საყვარელო მედეა! ვფიცავ ყოვლად შემძლებელ ოლიმპოს მბრძანებელს ზევსს და მის მეუღლეს ქალღმერთს ჰერას, რომ ჩემს შორეულ სამშობლოში წაგიყვან! ჩემ სახლკარში შეგიყვან როგორც კანონიერ მეუღლეს და გულწრფელ სიყვარულსა და პატივისცემას არ მოგაკლებ! დაარწმუნე, ჩემო მშვენიერო, შენი მგრძნობიარე და ყოვლად კეთილშობილი გული, რომ ყველგან და მარადის შენი ფხიზელი მცველი ვიქნები! განა ჩემ თავს ნებას მივცემ საწამებლად შენ კოლხიდაში დაგტოვო! ეს ყოვლად შეუძლებელია! ჩვენს მჭიდრო კავშირს ამიერიდან ვერავინ გაწყვეტს! გარწმუნებ, ჩვენ ერთმანეთს ვერავინ დაგვაშორებს! პატიოსან სიტყვას გაძლევ, მარადის ჩემო სათაყვანებელო მედეა, რომ ძლევამოსილი იაზონი თავის აღთქმას პირნათლად შეასრულებს და შენ განსაცდელში არ ჩაგაგდებს!“ მედეამ სიხარულით მოისმინა იაზონის რწმუნება და საბოლოოდ გადაწყვიტა თავის სათაყვანო გმირთან ერთად შორეულ ელადაში გამგზავრებულიყო და მშობლიურ კერას სამუდამოდ მოსცილებოდა. მეფე აეტესის მშვენიერმა ასულმა ელინთა გმირებს უბრძანა გემი სამღვთო ნაპირებისაკენ სასწრაფოდ შეეცურებინათ, რომ საღამოზე მისი დახმარებით ოქროს საწმისი მოეტაცათ და კოლხიდის სახიფათო საზღვრებს დაუყოვნებლივ გაშორებოდნენ. არგონავტებმა მოიმარჯვეს ხოფები და გემი სამღვთო ჭალის ნაპირებთან მიაცურეს. მედეა და იაზონი ფრთხილად გაემართნენ იმ ადგილისაკენ, სადაც მაღალ ხეზე ჩამოკიდებულ ოქროს საწმისს საშინელი გველეშაპი ფხიზლად სდარაჯობდა. როცა იაზონსა და მედეას მოჰკრა თვალი გველეშაპმა, ისეთი საშინელი შხივილი მორთო, რომ მთელი ცოცხალი და მკვდარი ბუნება შიშის ზარმა აიტანა. გრძნეულმა მედეამ ჯიბიდან ამოიღო სასწაულმოქმედი მალამო და საზარელი გველეშაპი ერთბაშად მოაჯადოვა. ოქროს საწმისის ფხიზელი დარაჯი ქარიშხლისაგან მოტეხილ ხესავით მოსწყდა თავის სადარაჯოს და იქვე მუხის ძირას ღრმად ჩაეძინა. იაზონმა სრულიად თავისუფლად ჩამოხსნა მაღალი მუხის კენწეროდან ოქროს საწმისი და მედეასთან ერთად ფეხაკრეფით დატოვა სამღვთო ჭალა. მზესავით ბრწყინავი ოქროს საწმისის შუქი იაზონის პირისახესა და ლამაზად დახუჭუჭებულ თმას უხვად ეფინებოდა და გემისაკენ მიმავალ იაზონსა და მედეას ღამის წყვდიადში ჩირაღდანივით გზას უნათებდა. ელინთა გმირების სიხარულს საზრვარი არ ჰქონდათ, როცა ოქროს საწმისი დაინახეს. ყველანი გამოუთქმელი აღტაცებით შეჰყურებდნენ ამ დიდი ხნის სანატრელ საუნჯეს და ძლევამოსილ იაზონს და მშვენიერ მედეას მხურვალე მადლობას სწირავდნენ. მცირე დახანების შემდეგ იაზონმა ძლევამოსილ ელინთა გმირებს მოუწოდა გემზე, თადარიგი დაეჭირათ შორეულ ელადაში სასწრაფოდ გასამგზავრებლად. გემი ის იყო ნავსადგურიდან გასვლას ეპირებოდა, რომ ძლევამოსილმა იაზონმა მშვენიერ მედეას ხელი ხელში ჩასჭიდა და ამხანაგებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ძვირფასო ამხანეგებო! ახლა კი თავისუფლად შეგვიძლია დავბრუნდეთ ჩვენს საყვარელ სამშობლოში! აი, ამ მშვენიერი ქალწულის დახმარებით ჩვენ პირნათლად შევასრულეთ მეფე პელეასის სამძიმო დავალება ამ უცხო ქვეყანაში! საბოლოოდ გადწყვეტილი მაქვს პირნათლად შევასრულო ის, რაც აღვუთქვი ამ ჩვენს დიდად მოამაგე ქალწულს! მე მსურს ეს მშვენიერი ახალგაზრდა ქალი კანონიერ მეუღლედ შევიყვანო ჩემს ოჯახში და მასთან სამარადისო კავშირი შევკრა! ჩემო ერთგულო ამხანაგებო, გთხოვთ ყვალგან და მარადის მფარველობა გაუწიოთ ამ ჩვენს დიდად მოამაგე ქალს! ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ მეფე აეტესი ასე არ გვაპატიებს ოქროს საწმისის მოტაცებას! მრისხანე მეფე, უეჭველია, დაუყოვნებლივ გამოგვადევნებს თავის ძლევამოსილ მხედრობას, რომელიც თვალუწვდენელ ზღვის სივრცეში სადმე წამოგვეწევა და მთლიანად გაგვანადგურებს, ყველას შეუბრალებლად მოგვისპობს სიცოცხლეს! ჩვენ მუდამჟამს უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნების საქმე სავსებით ჩვენს ხელთაა! ერთ წუთსაც არ უნად დავივიწყოთ, რომ მთელი საბერძნეთის ყურადღება ჩვენკენაა მოპყრობილი! ვიმედოვნებ, ამ დიდ ყურადღებას ჩვენ სავსებით გავამართლებთ! კეთილი იყოს ჩვენი სამშობლოში გამგზავრება!“ ელინთა ძლევამოსილმა გმირებმა მძლავრად აამოძრავეს ხოფები, სასწრაფოდ მოსწყდნენ კოლხიდის თვალწარმტაც ნაპირებს და მხიარულად შეაცურეს სწრაფმავალი გემი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში. მეფე აეტესის ფხიზელ თვალებს არ გამოეპარა არგონავტების კოლხიდიდან შორეულ ელედაში გაპარვა, იაზონთან მედეას ფარულად წასვლა და ოქროს საწმისის ასე ვერაგულად გატაცება. მეფე აეტესმა დაუყოვნებლივ შეკრიბა კოლხიდის მთელი მოსახლეობა და სასტიკი ბრძანება გასცა საუკეთესო მეზღვაურები უცხოელებს დასდევნებოდნენ და მოღალატე მედეა, იაზონი და მათი მხლებლები დაებრუნებინათ, რომ ყველანი სასტიკად დაესაჯა ოქროს საწმისის ასე ვერაგულად გატაცებისათვის. მეფე აეტესის ახალგაზრდა ვაჟიშვილი აბსირტი და კოლხიდის საუკეთესო მეზღვაურები დაუყოვნებლივ ჩასხდნენ სწრაფმავალ გემებში და ელვის სისწრაფით დაედევნენ არგონავტებს ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში. ქალღმერთის ჰერას დახმარებით არგონავტები მცირე ხნის მოგზაურობის შემდეგ მდინარე ჰაპისის შესართავთან გადმოვიდნენ ზღვის ნაპირას, რომ ქალღმერთ ჰეკატასათვის სამადლობელი მსხვერპლი შეეწირათ. როცა მსხვერპლის შეწირვას მორჩნენ, არგონავტებმა არგოსის რჩევით, ააფრიალეს იალქნები და მდინარე ისტრის მიმართულებით მხიარულად შეაცურეს გემი. მაგრამ კოლხიდელების სწრაფმავალმა მსუბუქმა გემებმა წინიდან შემოუარეს არგონავტების გემს, და როცა ელინთა გმირები ზღვის ყურეში შევიდნენ, კოლხიდელებმა სრულიად მოულოდნელად ზღვაში გასასვლელი გზა მოუჭრეს. არგონავტები იძულებულნი შეიქნენ ზღვის ნაპირას გადმოსულიყვნენ და კოლხიდელებთან საზავო მოლაპარაკება გაემართათ. ელინთა გმირები და კოლხიდელები ამ საზავო მოლაპარაკების დროს შემდეგნაირად შეთანხმდნენ. ოქროს საწმისი ელინთა გმირებს უნდა დარჩენოდათ სრულ საკუთრებად. მეფე აეტესის ასული მშვენიერი მედეა ღმერთის არტემისის სამლოცველოში უნდა დაეპატიმრებინათ და მახლობელი სახელმწიფოს მეფეს უნდა გადაეწყვიტა გრძნეული მედეა კოლხიდაში დაბრუნებულიყი, თუ ძლევამოსილ იაზონს გაჰყოლოდა შორეულ ელადაში. საზავო ხელშეკრულების პირობებმა მეტად შეაშფოთა მეფე აეტესის მშვენიერი ასული. საბრალო ქალმა აღელვებულის კილოთი მიმართა ელინთა გმირების სახელოვან წინამძღოლს: „მარადის ჩემის გონებიდან განუყრელო იაზონ! განა დავიჯერო, შენ ასე მალე დაგავიწყდა ჩემს წინაშე დადებული ფიცი? ნუთუ ასე მალე დაივიწყე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემის დახმარებით შესძელი ოქროს საწმისის კოლხიდიდან მოტაცება! განა მე პირველმა არა გთხოვე შენს შორეულ სამშობლოში წაგეყვანე და შენც სიხარულით არ მიეგებე ამ ჩემ თხოვნას?! ნუთუ დაგავიწყდა, ჩემო ძვირფასო იაზონ, რომ უსაზღვრო და გულწრფელ სიყვარულს მეფიცებოდი! განა ასეთი ბოლო მოელოდა იმ ჩვენს ახლადგაფურჩქვნილ გულწრფელ სიყვარულს! გევედრები, ჩემო მარადის დაუვიწყარო მეგობარო, ნუ დამტოვებ ობლად, ყოვლად უმწეოდ ამ უცხო ქვეყანაში და ნუ ჩაუგდებ ჩემს საბრალო თავს უცხო ქვეყნის მეფეს! ვინ იცის, ეგების უცხო მეფემ სრულიადაც არ გამიკითხოს და ისევ კოლხიდაში დამაბრუნოს! ჩემო საყვარელო მეგობარო, იცოდე, რომ მრისხანე და ყოვლად შეუბრალებელი მეფე აეტესი არ დამინდობს, სამაგიეროს გადამიხდის, სიცოცხლეს მომისპობს!“ ელინთა გმირების სახელოვანი წინამძღოლი მეტად შეაწუხა მედეას მწუხარებით აღსავსე სიტყვებმა. „ჩემო ძვირფასო მედეა, – სიყვარულის კილოთი მიუალერსა იაზონმა უსაზღვრო მწუხარებაში მყოფ მედეას, – საზავო ხელშეკრულება განზრახ ასე შევკარით! ადგილობრივი მეფე აეტესის მხარეზეა და, უეჭველია, კოლხიდელების მხედრობასა და მის წინამძღოლ აბსტრიტს დახმარებას გაუწევს. იცოდე, რომ ჩვენ ყველანი ამ საბედისწერო ქვეყანაში დავტოვებთ ჩვენს ძვლებს, თუ რაიმე საშუალებით შენი ძმა აბსტრიტი არ ჩამოვიშორეთ და, თუ საჭიროება მოითხოვს, სიცოცხლეც კი არ მოვუსპეთ! ცხადია, როცა კოლხიდელ მხედრობას მთავარსარდლის ხელმძღვანელობა მოაკლდება, კოლხიდელთა მხედრობის რიგებში, უეჭველია, უთანხმოება ჩამოვარდება და უხელმძღვანელოდ დარჩენილნი ჩვენ წინააღმდეგ გამოლაშქრებას ვერ გაბედავენ! ამრიგად თავს დავაღწევთ დიდ უბედურებას და დაუბრკოლებლივ შეგვეძლება შევუდგეთ ჩვენს გზას. აი, ჩემო საყვარელო მედეა, რატომ დაგვჭირდა საზავო ხელშეკრულებაში შეგვეტანა ის მუხლები, რომელნიც შენ ასე გაშინებენ! იცოდე, ჩემო ძვირფასო მედეა, რომ საზავო ხელშეკრულებაში ასეთი პირობა მხოლოდ საჩვენებლად, მტრის თვალის ასახვევად შევიტანეთ! მერწმუნე, შენი მარადის ერთგული და კეთილისმყოფელი იაზონი ცუდს არასდროს არ შეგამთხვევს! პირიქით, შენი მოსიყვარულე და მგრძნობიარე გულის მესაიდუმლე იაზონი მუდამჟამს შენზე ზრუნავს და მომავალშიაც იზრუნებს! მხოლოდ, ჩვენო ძვირფასო მოამაგევ, ამ მძიმე მდგომარეობაში შენის მხრითაც კიდევ დახმარებას არ მოგვაკლებ, ღრმად დარწმუნებული ვარ, მიზანს სავსებით მივაღწევთ და ყველანი ერთად მშვიდობიანად დავბრუნდებით შორეულ ელადაში“. მცირედი ყოყმანის შემდეგ მედეამ ელინთა ძლევამოსილ გმირს უპასუხა: „ჩემო ძვირფასო და გონებიდან მარადის განუყრელო იაზონ! ამიერიდან ჩემი კოლხიდაში დაბრუნება ყოვლად შეუძლებელია! იცი, რა უნდა გითხრა? კოლხიდელებთან შებრძოლებას დრომდის მოერიდე! ვფიქრობ ჩემი ძმა აბსტრიტი მოვიწვიო საიდუმლოდ ჩემთან მოსალაპარაკებლად. თუ ეს მოვახერხე და ამ მხრით შენც დამეხმარები, ყველაფერი კეთილად მოეწყობა. შენ შეგიძლია სადმე ახლოს ჩასაფრდე, ამ მოხერხებული შემთხვევით ისარგებლო და აბსტრიტს ისე გაუსწორდე, როგორც საჭიროდ დაინახავ!“ ელინთა გმირებმა იაზონის რჩევით აბსტრიტს ძვირფასი საჩუქრები გაუგზავნეს და თავისი ღრმა პატივისცემა დაუდასტურეს. მედეამ სწორედ ამ დროს ძმასთან საიდუმლოდ გაგზავნა შიკრიკი და აბსტრიტს სთხოვა არტემიდეს კუნძულზე ფარულად მოსულიყო, რომ საიდუმლოდ მოელაპარაკათ და ოქროს საწმისის კოლხიდაში დასაბრუნებლად საჭირო ღონისძიებანი დაესახათ. საღამოს ჟამს, როცა ზღვა ღამის წყვდიადმა მოიცვა, აბსტრიტი რამდენიმე მამაცი მეომრის თანხლებით არტემიდეს კუნძულის ნაპირებს გემით მიადგა და დასთან საიდუმლოდ მოსალაპარაკებლად ქალღმერთის არტემიდეს სამლოცველოსაკენ მარტოდმარტო გაემგზავრა. სწორედ იმ დროს, როცა აბსტრიტი და გრძნეული მედეა საიდუმლოდ თათბირობდნენ, სამლოცველოში ხმალამოღებული შიჭრა ძლევამოსილი იაზონი და აბსტრიტს გულმკერდი სასიკვდილოდ გაუგმირა. არგონავტები დაუყოვნებლივ შემოერტყნენ კოლხიდელებს, რომლებმაც აბსტრიტი კუნძულის ნაპირებამდის მიაცილეს, და ყველანი ერთიანად ამოწყვიტეს. აბსტრიტის ვერეგულმა მკვლელობამ დიდად განარისხა შურისმაძიებელი ქალღმერთები. პელეასის რჩევით არგონავტებმა დაუყოვნებლივ ჩამოხსნეს თოკები გემის ანძებს, ხელში მძლავრად მოიმარჯვეს ხოფები და სასწრაფოდ გაშორდნენ ქალღმერთის არტემიდეს საბედისწერო კუნძულის ნაპირებს. როგორც კი გაიგეს კუნძულზე დატრიალებული უბედურების ამბავი, კოლხიდელები დაუყოვნებლივ დაედევნენ არგონავტების სწრაფმავალ გემს და, უეჭველია, კიდევაც გზას მოუჭრიდნენ, რომ ქალღმერთს ჰერას გამანადგურებელი ქუხილი არ მოევლინა და კოლხიდელების სწრაფმავალი გემები გზაში არ შეეჩერებინა. ამრიგად, ყოვლად შემძლებელი ოლიმპოს მბრძანებლის ზევსის მეუღლის ქალღმერთის ჰერას დახმარებით, უშიშრად განაგრძეს გზა შორეული ელადის ნაპირებისაკენ. კოხიდელებმა მრისხანე მეფე აეტესის შიშით სამშობლოში დაბრუნება ვერ გაბედეს და არტემიდეს კუნძულზე დარჩნენ სამუდამოდ. არგონავტების სწრაფმავალი გემი სხვადასხვა ქვეყნებსა და კუნძულებს ელვის სისწრაფით უქცევდა გვერდს და დღითიდღე უახლოვდებოდა ელადის საუცხოო ნაპირებს. გემის ბაქანიდან უკვე გარკვევით გამოჩნდა მშვენიერი ელადის საუცხოოდ ამწვანებული მთის კალთები. არგონავტების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სიხარულით ყველანი ერთმანეთს ეხვეოდნენ და სამშობლოში ასე ბედნიერად დაბრუნებას მხურვალედ ულოცავდნენ. სამწუხაროდ, არგონავტების ამ სასიხარულო ზეიმმა დიდხანს არ გასტანა. ქალრმერთმა ჰერამ, ყოვლად შემძლებელი თავისი მეუღლე ზევსი რომ არ გაენაწყენებინა, მოგზაურებს ერთბაშად მოუვლინა საშინელი ქარიშხალი და სამშობლოს დანახვით გამოწვეული გულწრფელი სიხარული განუსაზღვრელი მწუხარებით შეუცვალა. ზღვა აბობოქრდა. ტალღები ტალღებს მრისხანედ ეხეთქებოდნენ. აბობოქრებული ზვირთები გემს ყოველ წუთს დაღუპვას ემუქრებოდნენ. ზღვა შფოთავდა და ღელავდა. გააფთრებულმა ტალღებმა არგონავტების სწრაფმავალი გემი ელეხირის უდაბნო კუნძულის ნაპირზე გარიყა. დაღლილ–დაქანცულ მგზავრებს გემზე მეტად საგულისხმიერო ძახილი შემოესმათ: „ყოვლად შემძლებელი ოლიმპოს მბრძანებელი ზევსი იმ დრომდის არ შესწყვეტს თავის მრისხანებას, სანამ მეფე აეტესი და გრძნეული ქალღმერთი კირკე აბსრიტის მუხანათურ მკვლელობას არ გაპატიებენ და ამ მძიმე დანაშაულისაგან სავსებით არ გაგწმენდენ. ამ წინასწარმეტყველებამ არგონავტები დიდად შეაშინა. ყველანი დუმილით შესცქეროდნენ ართმანეთს და განუსაზღვრელ სასოწარკვეთილებას ეძლეოდნენ. როცა მოგზაურები ცოტათი დამშვიდნენ და გულიდან კაეშანი გადაეყარათ, პოლუქსმა და კასტორმა მოკრძალებით აღაპყრეს ზეცას ხელები და ყოვლად შემძლებელ ღმერთებს დახმარება შესთხოვეს. ნიშნად ოლიმპოს მბრძანებლის წყალობისა, ზღვის თვალუწვდენელ სივრცეზე კეთილისმყოფელმა ნიავმა საამურად დაბერა. არგონავტებმა მოიმარჯვეს ხოფები, სწრაფმავალი გემი მხიარულად შეაცურეს ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში და ელვის სისწრაფით გაეშურნენ შორეული ელადის თვალწარმტაცი ნაპირებისაკენ. არგონავტების სწრაფმავალი გემი დიდხანს გამალებით უქცევდა გვერდს უცხო ტომებით დასახლებულ ქვეყნებს და დაბოლოს ერთბაშად შეჩერდა გრძნეული ქალღმერთის კირკეს საუცხოო კუნძულის ნავსადგურში. იაზონმა ამხანაგები ზღვის ნაპირას დატოვა და თვითონ კი მშვენიერი მედეას თანხლებით გრძნეული ქალღმერთის კირკეს სასახლისაკენ გაემართა. იაზონი და მედეა მოკრძალებით შევიდნენ სასახლეში და დარბაზის შუა ადგილას გამართული კერის მახლობლად გაჩერდნენ. ელინთა გმირების წინამძღოლმა თავისი ბასრი ხმალი წვერით მიწაში ჩააგო და მუხლმოყრილი მიწას თვალმოუშორევბლივ მწუხარედ ჩასცქეროდა. მედეამ გულზე ხელები ჯვარედინად ჩამოიწყო და შეწუხებული გამომეტყველებით თავდახრილი იცრემლებოდა. გრძნეული კირკე, როგორც კი იაზონსა და მედეას თვალი მოჰკრა, მაშინვე მიხვდა, უცხოელებმა, უეჭველია, რაიმე დიდი დანაშაული ჩაიდინეს და პატიების სათხოვრად მოსულანო. ღმერთების მამამთავარი ყოვლად შემძლებელი ზევსი ყოველთვის დიდ მფარველობას უწევდა მძიმე დანაშაულის ჩამდენთ, თუ თავის დანაშაულს აღიარებდნენ და გულწრფელად შეინანიებდნენ. კირკემ ყველაფერი ეს კარგად იცოდა და რომ ყოვლად მოწყალე ოლიმპოს მბრძანებელი არ გაენაწყენებინა, გადაწყვიტა შეესრულებინა ასეთი შემთხვევისათვის ღმერთებისაგან დადგენილი სამღვთო წესები. გრძნეულმა ქალღმერთმა დაუყოვნებლივ დაკლა ცოდვებისაგან გამწმენდელ ზევსისათვის შესაწირავად შავი ძაღლი და კერაში დანთებულ ცეცხლში დაწვა სამღვთო ხმიადი, რომ ამით დაემშვიდებინა განრისხებული ქალღმერთები ერინიები და ყოვლად მოწყალე ზევსს უცხოელებისათვის დანაშაული ეპატიებინა. ამ სამღვთო წესების შესრულების შემდეგ გრძნეულმა კირკემ დაწვრილებით გამოჰკითხა უცხოელებს, როდის და რა პირობებში ჩაიდინეს ის მძიმე დანაშაული, რომლის პატიებას ამჟამად ითხოვდნენ. იაზონმა და მედეამ ყველაფერი გულახდილად უამბეს გრძნეულ კირკეს. ამ გულწრფელი განცხადებით კმაყოფილმა ქალღმერთმა მედეას მიმართა შემდეგი გამაფრთხილებელი სიტყვებით: „ჩემო მახლობელო ნათესავო მედეა! რადგან შენ პატიების სათხოვრად მოსულხარ, იცოდე, ამიერიდან ცუდს არას შეგამთხვევ! მაგრამ ისიც კარგად უნდა იცოდე, რომ დახმარებასაც არ გაგიწევ! ჩემო ნათესავო მედეა, გირჩევ დაუყოვნებლივ გაჰყვე ამ უცხოელს, როგორი ადამიანიც არ უნდა იყოს ეს, და შენი მომავალი ბედი ამ ადამიანის ბედს მჭიდროდ დაუკავშირო“. გრძნეულ კირკეს ამ სიტყვებზე მედეამ პირისახეზე თეთრი მანდილი ჩამოიფარა და მეტის სიხარულისაგან მწარე ქვითინი მორთო. იაზონი და მედეა დიდის მოკრძალებით გამოესალმნენ გრძნეულ ქალღმერთს კირკეს და სასახლიდან მორიდებით გამოვიდნენ. ოლიმპოს მბრძანებლის მეუღლეს, ყოვლად მოწყალე ქალღმერთს ჰერას, შეებრალა უცხო მხარეს გადმოხვეწილი მედეა და იაზონი და თავისი მოამბის პირით სთხოვა ქალღმერთ ფეტიდას უცხოელებისათვის ხელი მოემართა შორეულ ელადაში დაბრუნების დროს. ქალღმერთის ჰერას თხოვნამ თავისი ნაყოფი გამოიღო. მართლაც, სულ მოკლე ხანში ზღვაზე საამურმა ნიავმა დაბერა. ელინთა ძლევამოსილმა გმირებმა მოიმარჯვეს ხოფები, იალქნები მოხდენილად ააფრიალეს და შორეულ ნაპირას მდებარე სირინოზების კუნძულის მიმართულებით მხიარულად შეაცურეს სწრაფმავალი გემი თვალუწვდენელ სივრცეში. სირინოზების საუცხოო სიმღერა მოგზაურებს ყურში ტკბილად ეწვეთებოდა და გულში ღრმად სწვდებოდა. ამ საუცხოო სიმღერით დატყვევებული ელინთა გმირები ის იყო კუნძულის ნაპირზე უნდა გადმოსულიყვნენ, რომ დიდად დახელოვნებულ მომღერალს ორფევის თავისი ღვთაებრივი ჩანგი ტკბილად არ აეჟღერებინა და თავისი მომხიბლავი ხმით სირინოზების საუცხოო სიმღერა მთლად არ დაეხშო. ამრიგად არგონავტებმა დიდის გაჭირვებით დააღწიეს თავი ამ საბედისწერო კუნძულს, მაგრამ ჯერ კიდევ მრავალი საფრთხე მოელოდათ გზაში. ელინთა სახელოვანმა მოგზაურებმა მცირე ხნის განმავლობაში მიაღწიეს იმ სრუტეს, სადაც საშინელი სცილა და ქარიბდა ზღვაში მოგზაურებს გულში იხვევდნენ და სიცოცხლეს ასალმებდნენ. ელინთა გმირები აუცილებლად დაიღუპებოდნენ, რომ ყოვლად მოწყალე ქალღმერთის ჰერას ბრძანებით ზღვის ნიმფებს არგონავტების სწრაფმავალი გემი ამ საბედისწერო სრუტეში უვნებლად არ გაეტარებინათ. სიხარულით აღვსილმა არგონავტებმა ყოვლად მოწყალე ქალღმერთს ჰერას მხურვალე მადლობა შესწირეს და თავისი სწრაფმავალი გემი სულ მოკლე ხანში ფეაკელების სახელმწიფოს ნაპირებს უშიშრად მიაყენეს. ფეაკელების მეფე ალკინოესა და მის მეუღლეს დედოფალ არეტას თავისი გულკეთილობითა და კანონიერებით დიდი სახელი ჰქონდათ მოხვეჭილი მთელ სახელმწიფოში. სახელმწიფოს მკვიდრნი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი დიდის პატივისცემით ეპყრობოდნენ თავის გულკეთილ და სამართლიან მეფესა და დედოფალს. სწორედ იმ დროს, როცა არგონავტები ნავსადგურიდან ზღვის ნაპირას ამოდიოდნენ, კოლხიდელებმა სრულიად მოულოდნელად შემოაცურეს იმავე ნავსადგურში თავისი სწრაფმავალი გემები. კოლხიდელთა ძლევამოსილი მხედრობა დაჟინებით მოითხოვდა არგონავტებს ოქროს საწმისი ნებაყოფლობით დაეთმოთ და მშვენიერი მედეა დაუყოვნებლივ კოლხიდაში დაებრუნებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად ომს გამოუცხადებდნენ. მედეას მწუხარება საზღვარი არა ჰქონდა, როცა ეს თავზარდამცემი ამბავი გაიგო. საბრალო დაუყოვნებლივ მეფე ალკიონეს სასახლეში მიიჭრა და გულკეთილ დედოფალს არეტას დახმარება სთხოვა ამ მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად. გულკეთილმა არეტამ მხურვალე მონაწილეობა მიიღო შექმნილი მდგომარეობიდან არგონავტების გამოსახსნელად და თავის მხრით მეფე ალკიონეს სთხოვა სტუმრად მოსული ელინთა გმირები და მეფე აეტესის ასული, მშვენიერი მედეა, მოსალოდნელი უბედურებისაგან გამოეხსნა. მეფე ალკინოემ დედოფალს მოახსენა: „ჩემო ძვირფასო და მარადის გულკეთილო არეტა! დიდის სიამოვნებით შევასრულებდი შენს თხოვნას და კოლხიდელებს ჩემი სახელმწიფოდან განვდევნიდი, რომ ღმერთებისაგან დადგენილი სტუმართმოყვარეობის წესების დარღვევა არ მაფიქრებდეს. ვშიშობ, ღმერთების მამამთავარი ზევსი არ გავანაწყენო, რომ უცხოელებს უმართებულოდ მოვექცე და ამრიგად დავარღვიო ოლიმპოს მბრძანებლის მიერ დადგენილი სტუმართმოყვარეობის კანონები. მეფე აეტესის ასული, მშვენიერი მედეა, და ელინთა სახელოვანი გმირი, რამდენადაც გამიგია, ჯერ კიდევ კანონიერად შეუღლებულნი არ არიან. ამიტომ, ჩემის შეხედულებით, მედეა თავის მშობელ მამას, მეფე აეტესს უნდა დაუბრუნდეს კოლხიდაში. მაგრამ თუ მედეა იაზონს კანონიერად შეუუღლდება, იგი სამუდამოდ იაზონთან უნდა დარჩეს და მისი კოლხიდაში დაბრუნება ყოვლად შეუძლებელია!“ გულკეთილმა არეტამ დაუყოვნებლივ აფრინა კარისკაცი და ელინთა წინამძღოლს იაზონს შეუთვალა მედეას კანონიერად შეუღლებოდა და ამრიგად როგორც მედეა, ისე ელინთა მთელი მხედრობა მოსალოდნელი უბედურებისაგან გადაერჩინა. იაზონმა ეს ამბავი თავის ამხანაგებს შეატყობინა. ელინთა საუკეთესო გმირებმა მოიწონეს დედოფალი არეტას ბრძნული რჩევა და იმავე დღეს გააჩაღეს ბრწყინვალე ქორწილი, რომელზედაც ორფევის ჩანგის სიმთა ჟღერა და მომღერლის საუცხოო ხმა მსმენელების ყურთასმენას ატკბობდა და ერთიანად ხიბლავდა. არგონავტების მხიარულებას საზღვარი არა ჰქონდა. ყველანი აღტაცებით შეჰყურებდნენ ძლევამოსილი იაზონისა და მშვენიერი მედეას ბედნიერებას და გულმხურვალედ ულოცავდნენ ამ ღირშესანიშნავ ბრწყინვალე დღეს. მეფე ალკინოემ, როცა გაიგო იაზინისა და მედეას შეუღლება, გადაწყვიტა მედეა იაზონისათვის არ დაეშორებინა. კოლხიდელებს არ მოეწინათ მეფე ალკინოეს გადაწყვეტილება და ისევ დაჟინებით მოითხოვდნენ მეფის მშვენიერი მედეა კოლხიდაში დაებრუნებინა და არგონავტები სასტიკად დაესაჯა. მეფე ალკინოე დიდად შეაშფოთა კოლხიდელების უმართებულო მოთხოვნამ. უსაზრვროდ განრისხებულმა მეფემ გადაჭრით უარყო კოლხიდელების კადნიერი მოთხოვნა. კოხიდელების ასალაგმავად მეფე ალკინოემ სასტიკი ბრძანება გამოსცა: „უცხო სახელმწიფოში მოსულმა სტუმრებმა სრული მშვიდობიანობა და წესრიგი უნდა დაიცვან. თუ კოლხიდელებს არ ჰსურთ დაემორჩილონ საუკუნოებით განმტკიცებულ ამ საერთაშორისო ჩვეულებებს, ფეაკელების სახელმწიფოს საზღვრები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალდატანებით იქნებიან განდევნილი“. მეფის ასეთმა სასტიკმა ბრძანებამ მეტად შეაშინა კოლხიდელები, მაგრამ რადგან მეფე აეტესის შიშით კოლხიდაში დაბრუნებას ვერ ჰბედავდნენ, ისევ ფეაკელების მიწაწყალზე დარჩენა ამჯობინეს და ამ მიზნით მეფე ალკინოესთან მოლაპარაკებაც კი გამართეს. არგონავტებმა მეფე ალკინოესა და დედოფალ არეტას დახმარებისათვის დიდი მადლობა შესწირეს, გულთბილად გამოეთხოვნენ ფეაკელების ადგილობრივ მოსახლეობას და მხიარულად შეაცურეს სწრაფმავალი გემი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში. ელინთა ძლევამოსილი გმირები ცხრა თვის განმავლობაში თავდადებულად ებრძოდნენ ზღვის აბობოქრებულ ტალღებს, ბოლოს დიდის გაჭირვებით მიაღწიეს აფრიკის სანაპიროებს და გემი გააჩერეს ერთერთ მივარდნილ ნავსადგურში. არგონავტები დილაადრიან, სანამ მზის სხივები დედამიწას მოეფინებოდა, ზღვის ნაპირას გადმოვიდნენ. მოგზაურების განცვიფრებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა თვალუწვდენელ სივრცეზე გაშლილი უზარმაზარი უდაბნო დაინახეს. სამწუხარო სანახაობას წარმოადგენდა ქვეყნიერების ეს მივარდნილი ადგილი. მთელ უდაბნოს ალმური ასდიოდა. არსად სიცოცხლის ნიშნები არ ჩანდა. დედამიწის გული აუტანელ გოლვას დაეღარა, და გზის გაკვლევას ადამიანი ძლივსღა ახერხებდა. საბრალო უცხოელები უგზოუკვლოდ დაძრწოდნენ ამ გადაბუგულ ადგილებში და ყოველ წუთს დაღუპვის მოლოდინში უზომოდ იტანჯებოდნენ. ერთ დღეს იაზონი და მისი ამხანაგები ზღვის ნაპირას იწვნენ და მწუხარედ გასცქეროდნენ ზღვის თვალუწვდენელ სივრცეს. უეცრივ ძლევამოსილ იაზონს მიუახლოვდნენ ამ ქვეყნის მფლობელი ქალღმერთები, ჩამოიხადეს პირბადე და ასეთი სიტყვებით მიმართეს ელინთა გმირების წინამძღოლს: „დიდებულო იაზონ! მართალია, მრავალი უსიამოვნება და გაჭირვება გამოიარე ამ საბედისწერო მოგზაურობის დროს, მაგრამ გულს ნუ გაიტეხ, ნუ შეგეშინდება! როცა ზღვის ქალრმერთი პოსეიდონ ღმერთის ეტლიდან ცხენებს გამოხსნის, შენ და შენმა ამხანაგებმა მადლობა შესწირეთ დედას, რომელმაც ასე დიდხანს მუცლით გატარათ; თუ დედას ისე მოეპყრობით, როგორც ის თქვენ გეპყრობოდათ, სამშობლოში ყველანი უკლებლივ დაბრუნდებით“. ამ სიტყვებთან ერთად ქალღმერთები სადღაც გაქრნენ. არგონავტებს ვერ გამოერკვიათ ქალღმერთების წინასწარმეტყველება და განცვიფრებულნი ერთმანეთს შესცქეროდნენ. ამ დროს ზღვის აბობოქრებულ ტალღებიდან ამოცურდა ოქროსფაფრიანი ბედაური, რომელიც ჭიხვინითა და ტორების ცემით შემოიჭრა ზღვის ნაპირას და ჭენებით გაეკრა უდაბნოს ერთიანად გადაბუგულ ფართობზე. პელეასმა, როგორც კი თვალი მოჰკრა ზღვის ნაპირას შემოჭრილ ოქროსფაფრიან ბედაურს, სიხარულით შეჰყვირა: „აი, ქალღმერთების წინასწარმეტყველება კიდევაც შესრულდა! შემიძლია დანამდვილებით გახაროთ, ეს ის ბედაურია, რომელიც ზღვის ქალრმერთმა პოსეიდონ ღმერთის ეტლიდან გამოხსნა! დედა, რომელმაც ჩვენ მუცლით გვატარა, ეს ჩვენი სწრაფმავალი გემია! ჩვენც იმრიგად უნდა მოვეპყრათ ამ გემს, როგორც თვით ეს გემი ჩვენ გვეპყრობოდა: ჩვენ უნდა გავყვეთ ბედაურის ნაკვალევს და ჩვენი საკუთარი ზურგით უნდა გადავზიდოთ დედის მსგავსად ნაამაგდარი გემის ნაწილები ზღვის უფრო დასამხარ ადგილას! ქალღმერთების წინასწარმეტყველების სხვანაირად გაგება შეუძლებელია!“ არგონავტებმა მოიწონეს პელეასის ახსნა–განმარტება და ყველანი დაუყოვნებლივ შეუდგნენ გემის ნაწილ–ნაწილად დაშლის თადარიგს. თორმეტი დღის განმავლობაში ელინთა გმირები შეუსვენებლივ ეზიდებოდნენ უზარმაზარი გემის დაშლილ ნაწილებს თვალუწვდენელი უდაბნოს სიცხისაგან პირდაღადრულ ადგილებში და ყოვლად მოწყალე ქალღმერთი ჰერა რომ არ დაჰხმარებოდათ, თავის ძვლებს ყველანი აუცილებლად ამ საშინელ უდაბნოში დატოვებდნენ. დაღლილ–დაქანცულმა გმირებმა დიდის გაჭირვებით გადალახეს სიცხით გადაბუგული უდაბნო ადგილები და ტრიტონიის ზღვის ყურეში ნაპირზე გამართული გემი წყალში ჩაუშვეს. ელინთა თავდადებული გმირები, სანამ შორეული სამშობლოსაკენ იალქნებს ააფრიალებდნენ, აუტანელი სიცხისაგან დაოსებულთ რომ გული წყლით გაეგრილებინათ, ზღვის ნაპირა ადგილებში წყაროს საძებნელად გამოვიდნენ. უდაბნოს დიდი ნაწილი საშინელი გაჭირვებით შემოიარეს, მაგრამ წყლის ნაკვალევიც ვერსად იპოვეს. უეცრივ ელინთა გმირებს მიუახლოვდა ჰესპერიდების ბაღში მცხოვრები ქალი, სახელად ჰელე, რომელმაც მოგზაურებს ამ სიტყვებით მიმართა: „უცხოელო მოგზაურებო! კარგად ვხედავ, რომ თქვენ წყურვილის მოსაკლავად ამ სიცხით გადაბუგულ უდაბნოში წყაროს დაეძებთ! ყური დამიგდეთ, აი რა უნდა გითხრათ: ამ უდაბნო მხარეში ჩამოიარა ერთმა მამაცმა გმირმა, რომელმაც მოჰკლა ჩვენი ბაღის ფხიზელი მცველი ლადანი და ჩვენი ბაღიდან გაიტაცა ოქროს ვაშლები. გმირის ცეცხლივით ანთებული თვალები, ფართოდ გაშლილ მხრებზე წამოფარებული ლომის საუცხოო ტყავი, ხელებში მძლავრად მომაგრებული უზარმაზარი ხის კომბალი და შორსსატყორცნი მშვილდ–ისარი ყველას შიშის ზარს ჰგვრიდა. ეს დიდებული გმირიც ამ სიცხით გადამწვარ ქვეყანაში წყალს დაეძებდა, წყურვილი რომ მოეკლა, მაგრამ აბა სად იპოვნიდა! დიდებულმა გმირმა დაჰკრა თავისი უზარმაზარი კომბალი კლდეს და გამოკვეთა საუცხოო წყარო, საიდანაც მარგალიტებრ გადმოჩუხჩუხებდა ანკარა ცივი წყალი. თუ გამომყვებით, ახლავე გაჩვენებთ ამ საუცხოო წყაროს“. ელინთა გმირები დიდის აღფრთოვანებით გაჰყვნენ ჰელეს იმ კლდისაკენ, რომელშიაც უცნობმა გმირმა ასე საუცხოო წყარო აღმოკვეთა. უცხოელი მოგზაურები ხარბად დაეწფნენ ანკარა ცივ წყალს და დიდი ხნის მწვავე წყურვილი მოიკლეს. „უეჭველია, ის სახელოვანი გმირი, რომელმაც ეს საუცხოო წყარო კლდეში გამოკვეთა, – შენიშნა ერთერთმა ელინთა გმირმა, – ძლევამოსილი ჰერკულესი იყო! ჭეშმარიტად, თუმცა დიდი ხანია, რაც ჰერკულესი ჩამოგვშორდა, მაინც არ გვივიწყებს და ჩვენგან შორს მყოფი ისევ ჩვენზე ზრუნავს და გაჭირვების დროს გვპატრონობს!“ არგონავტები მხიარულად დაბრუნდნენ ზღვის ნაპირას და გემი გაამზადეს, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინათ ეს საბედისწერო ადგილი. ელინთა დახელოვნებულმა მეხოფეებმა მძლავრად აამოძრავეს ხოფები, მაგრამ ტალღები ზღვის ვიწრო ყურეში ისე ბობოქრობდნენ, რომ სწრაფმავალი გემი ერთსა და იმავე ადგილას ჯარასავით ტრიალებდა და ზღვაში გასასვლელ გზას ვერ პოულობდა. ორფევის რჩევით არგონავტები ისევ საბედისწერო უდაბნოს ნაპირზე გადმოვიდნენ და ამ ქვეყნის ღმერთებს შესაწყნარებელ მსხვერპლად რკინის საუცხოო სამფეხი შესწირეს. ძლევამოსილმა გმირებმა მსხვერპლის შეწირვა ძლივს მოასწრეს, რომ ზღვის ნაპირას უეცრივ ამოვარდა ზღვის ღმერთი ტრიტონი და არგონავტებს შემდეგი გამამხნევებელი სიტყვებით მიმართა: „პოსეიდონ ღმერთმა მე ამ ქვეყნის მბრძანებლად დამნიშნა. გულწრფელ მადლობას გიძღვნით მსხვერპლის შეწირვისათვის. სამაგიეროდ დახმარებას აღმოგიჩენთ. დაუყოვნებლივ შეაცურეთ გემი იმ ადგილისაკენ, სადაც ზღვის ტალღები ერთმანეთს შავად ეხლებიან. აი, სწორედ ამ ადგილას დაინახავთ ზღვის ყურედან უშიშარ გასავალ გზას, გაბედულად შეაცურეთ ზღვის გაშლილ სივრცეში თქვენი სწრაფმავალი გემი და დარწმუნებული იყავით, რომ მგზავრობის დროს არ მოგაკლებთ კეთილისმყოფელ ქარს!“ ამ სიტყვებთან ერთად ტრიტონი გულთბილად გამოესალმა ელინთა გმირებს და მშვიდობის მგზავრობა უსურვა. არგონავტებმა მოიმარჯვეს ხოფები და, ზღვის ღმერთის ტრიტონის დარიგების თანახმად, გაბედულად შეაცურეს გემი იმ ადგილისაკენ, სადაც ტალღები შავად ბობოქრობდნენ. სწრაფმავალი გემი უვნებლად გასცდა საბედისწერო გასავალს და გაშლილი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში ელვის სისწრაფით მიაქროლებდა ელინთა თავდადებულ გმირებს შორეული ელადისაკენ. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ არგონავტებმა თავისი სწრაფმავალი გემი კუნძულ კრეტას ნავსადგურში შეაცურეს. კუნძულ კრეტას იმ ხანად განაგებდა ყოვლად შემძლებელი ზევსის მიერ დანიშნული გიგანტი ტალი, რომლის უზარმაზარი ტანი და სპილენძის ფეხები ყველას შიშის ზარს ჰგვრიდა. გიგანტის ძლევამოსილება მთელს კუნძულზე განთქმული იყო. უბრალო მოკვდავი გიგანტის წინაშე თრთოდა და მის წინააღმდეგ წასვლას გულშიაც ვერ გაივლებდა. გიგანტის დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ვინმე მისწვდებოდა იმ ერთადერთ ცოცხალ უჯრედს, რომლითაც გიგანტს დაფარული ჰქონდა სხეულში სისხლის გამტანი ძარღვები. ტალმა, როგორც კი დაინახა ზღვაში მომავალი არგონავტები, საშინელის ძლიერებით დაუშინა გემს კლდის უზარმაზარი ლოდები და ჯოჯოხეთის გენია დაატრიალა ელინთა გმირებს შორის. შეშინებული არგონავტები ის იყო ზღვის ნაპირას უკანვე უნდა დაბრუნებულიყვნენ, რომ მედეას მეხოფეები არ შეეჩერებინა. „ძლევამოსილო გმირებო! – მხნედ შეჰყვირა მედეამ: გემი ზღვის სივრცეში იმ სიშორეზე დაიჭირეთ, რომ მძლავრად ნატყორცნი ლოდები არ სწვდებოდეს! მე ახლავე მოვუღებ ბოლოს კუნძულის მბრძანებლის თავხედობას!“ მედეამ გრძნეული ქალღმერთების პარკების დახმარებით დაუყოვნებლივ აამუშავა თავისი გრძნეული ხელოვნება და კუნძულის ზარისდამცემი გიგანტი ერთბაშად მოაჯადოვა. ტალი მთელი თავისი სიმძიმით მოსწყდა მაღალი მთის მწვერვალიდან და სხეულის ცოცხალი უჯრედი სადგისივით წვეტიან კლდის ქიმს მძლავრად დაჰკრა. დაჭრილი უჯრედის ქსოვილებიდან სისხლის შადრევანმა ამოხეთქა. საშინელი ტკივილებისაგან გონებადაკარგულმა ტალმა თვალები გაახილა და ფეხზე წამოდგომა დააპირა, მაგრამ ბედმა უმტყუნა, გიგანტს ძველებური ძალა არ შესწევდა. სიმწარისიგან გააფთრებული ტალი ერთი მძლავრად შეტორტმანდა და ზღვის უფსკრულისაკენ გრიალით მოსწყდა მთის მაღალ მწვერვალზე მოხეთქილ კლდესავით. არგონავტებმა ახლა–კი უშიშრად შეაცურეს გემი ნავსადგურში და რამდენიმე დღე კუნძულზე დარჩნენ დასასვენებლად. როცა ელინთა გმირებმა საკმარისად დაისვენეს და საჭირო ძალღონე მოიკრიბეს, გემი დაუყოვნებლივ ზღვის სივრცეში შეაცურეს მხიარულად და ელადის მიმართულებით ტალღებს ტალღებზე მიაგორებდნენ. უეცრივ ზღვაზე კუნაპეტივით შავი ღამე ჩამოწვა. მთვარესა და ვარსკვლავებს შავი სუდარი ჩამოეფარა. ყველაფერი საშინელმა წყვდიადმა მოიცვა. ზარდაცემული მოგზაურები ერთმანეთს აწყდებოდნენ და შიშისაგან ვერხვის ფოთოლივით ცახცახებდნენ. ელინთა გმირების სახელოვანმა წინამძღოლმა ცისაკენ აღაპყრო ხელები და აპოლონ ღმერთს მხურვალედ შეევედრა არგონავტებისათვის დახმარება აღმოეჩინა. აპოლონ ღმერთმა შეისმინა ელინთა გმირების წინამძღოლის მხურვალე ვედრება და დაუყოვნებლივ ჩამოეშვა ოლიმპოს მწვერვალიდან ელინთა გმირების მისაშველებლად. ყოვლად მოწყალე აპოლონ ღმერთმა თავისი ოქროს ისრით გააშუქა ზღვის თვალუწვდენელი სივრცე და ამრიგად გაუკვლია არგონავტებს საიმედო გზა შორეული ელადისაკენ. დილაადრიან, სანამ მზის სხივები დედამიწას მოეფინებოდა, სიხარულით აღტაცებულმა არგონავტებმა, კუნძულ ეგინის ნაპირებზე მცირედი დახანების შემდეგ, თავისი სწრაფმავალი გემი მხიარულად შეაცურეს იოლიის ნავსადგურში. ელინთა გმირების აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა თავისი საყვარელი სამშობლოს საუცხოო მიწაწყალი დაინახეს. ყველანი ერთმანეთს ეხვეოდნენ და სიხარულის ცრემლებს აფრქვევდნენ. ძლევამოსილმა იაზონმა თავისი სწრაფმავალი გემი „არგო“, რომელმაც უცხო ქვეყნებში მოგზაურობის დროს ესოდენ სამსახური გაუწია, აპოლონ ღმერთს შესწირა, ხოლო ოქროს საწმისი კი თავის ბიძას მეფე პელეასს გადასცა. უკვე ღრმად მოხუცებული ეზონი დიდის აღტაცებით შეხვდა თავის რძალს – მედეას. ახლო ნათესავები და მეგობრები ულოცავდნენ ეზონს ძლევამოსილი იაზონის მშვიდობიანად დაბრუნებას და მედეაზე დაქორწინებას. მშვენიერი მედეა დატრიალდა ოჯახში და მთელი თავისი ცოდნითა და გამოცდილებით გულწრფელად ცდილობდა ქმრისა და მამამთილისათვის ლამაზი ცხოვრება შეექმნა. მედეამ მთელი გულისყური მოხუც ეზონს მიაპყრო და მის გასაჯანმრთელებლად თავისი სასწაულმოქმედი ხელოვნება სავსებით გამოიყენა. გრძნეულმა პატარძალმა სამკურნალო ბალახები მოხარშა სპილენძის დიდ ქვაბში და მოხუცი მამათილი ცხელი აბაზანების მისაღებად ქვაბში ჩააწვინა. ქვაბში ჩაწოლილი ეზონი ერთიანად გამოიცვალა. მის დანაოჭებულ პირისახეს ახალგაზრდობის ელფერი დაედვა. პირის ღრუ თეთრი და მაგარი კბილებით მოეჭედა, ჭაღარა თმა და წვერულვაში წაბლისფრად შეეღება. ეზონი სიცოცხლითა და ჯანმრთელობით აღსავსე ამოვიდა აბაზანიდან და მთელი სიცოცხლის განმავლობაში საჯაროდ აქებდა და ადიდებდა სასწაულმოქმედ მშვენიერ მედეას. მეფე პელეასმაც მოისურვა ახალგაზრდობის დაბრუნება და ამ მიზნით მედეას დახმარება სთხოვა. გრძნეულმა მედეამ, ვერაგი მეფე რომ ღირსეულად დაესაჯა, თვალთმაქცურად გაცხელებულ წყლით სავსე ქვაბში უბრალო ბალახები ჩაყარა და ვერაგ მეფეს სთხოვა ქვაბში საბანებლად ჩამჯდარიყო. შურისძიებით გატაცებული მედეა გულმოდგინედ უკეთებდა ქვაბს ცეცხლს. ვერაგი მეფის დასუსტებულმა გულმა ვერ აიტანა ადუღებული წყლის სიცხოველე და პელეასმა ზედმეტად გაცხელებულ აბაზანაში განუტევა ბოროტი სული. მეფე პელეასის სიკვდილის შემდეგ სამეფო ტახტს კანონით ეზონი დაეუფლა. ამრიგად, უშედეგოდ ჩაიარა ძლევამოსილი იაზონის ცდამ მეფე პელეასის სიკვდილის შემდეგ სამეფო ტახტს დაუფლებოდა. ეზონის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი პელეასის ვაჟიშვილმა აკისტიმ ძალმომრეობით ჩაიგდო ხელში. ძლევამოსილი იაზონი და მშვენიერი მედეა იძულებული იყვნენ სატახტო ქალაქი იოლკი დაეტოვებინათ და კორინთში გადასახლებულიყვნენ საცხოვრებლად. კორინთში იაზონი და მედეა შედარებით კარგად მოეწყვნენ და ბედნიერადაც ცხოვრობდნენ. სამ შვილს, რომელნიც მათ კორინთში შეეძინათ, სიხარული შეჰქონდა მშობლების ოჯახში. მაგრამ ამ ქვეყნად ყველაფერს დასასრული აქვს, და აი იაზონისა და მშვენიერი მედეას ბედნიერ ცხოვრებასაც დასასრული მიეცა. დრო გადიოდა, და მედეას თანდათანობით აკლდებოდა სილამაზე. იგი დღითიდღე კარგავდა იაზონის მხრით იმ თბილ თანაგრძნობას, რომელიც ასე საჭიროა გულითადი მეგობრებისათვის. ბოლოს იაზონმა სამუდამოდ აიცრუა გული ოდესღაც მშვენიერ მედეაზე და თავისი გულის საიდუმლო კუნჭულები მეფე კრეონის ასულს მშვენიერ გლავკას გადაუშალა. ძლევამოსილმა იაზონმა გადაწყვიტა მედეას განშორებოდა და სიცოცხლით სავსე გლავკას შეუღლებოდა. მედეას მრისხანებასა და მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა იაზონის გადაწყვეტილება შეიტყო. მან მოაგონა თავის ჯერ კიდევ სათაყვანო მეუღლეს ის სამსახური, რაც მან გაუწია არგონავტებს კოლხიდაში ლაშქრობის დროს, მოაგონა ისიც, რაც სიყვარულით აღგზნებულმა იაზონმა აღუთქვა. საბრალო მედეა თვალცრემლიანი ევედრებოდა თავის მეუღლეს საბედისწერო ნაბიჯი არ გადაედგა და უმწეოდ არ დაეტოვებინა ცოლშვილი. მაგრამ მშვენიერი გლავკას სიყვარულით მოხიბლული იაზონი თავის ვერაგულ ზრახვებს გულში იმარხავდა, სბრალო მედეას კი არწმუნებდა: მართალია, მეფის ასულს კანონიერად უნად შევუუღლდე, მაგრამ ამ საშუალებით მსურს ჩემი საყვერელი შვილების მდგომარეობა გავაუმჯობესო და მომავალში, შესაძლებელია, სამეფო ტახტიც კი დავუმკვიდრო. მედეას თვალცრემლიანმა ვედრებამ არ გაჭრა. ცბიერი, მოღალატე იაზონი კანონიერად შეუუღლდა მეფე კრეონის ასულს, ახალგაზრდა გლავკას. მედეას მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა თავზარდამცემი ამბავი შეიტყო. სამი შვილის დედა, ქმრისაგან ვერაგულად მოტყუებული საბრალი მედეა ქუჩა–ქუჩა დაძრწოდა და ცხარე ცრემლებით მოთქვამდა: „ყოვლად შემძლებელო ღმერთებო, რატომ მომასწარით ამ სამარცხვინო დღეს! გთხოვთ შემიბრალოთ და ჩემს წამებას ბოლო მოუღოთ! საბრალო მამაჩემო, რარიგ უსირცხვილოდ, ვერაგულად ჩაგწიხლე და საქვეყნოდ მოგჭერი თავი! ჩემო ძვირფასო ძმაო აბსტრიტ, განა შემიძლია ოდესმე ჩემ თავს ვაპატიო, რომ ასე ვერაგულად მოგისპე სიცოცხლე! უეჭველია, ყოვლად შემძლებელი ღმერთები სამაგიეროს მიხდიან! დე, არსრულდეს ღმერთების ბრძანება! უსიტყვოდ, უხმოდ დავემორჩილები ყოვლად შემძლებელი ღმერთების უსასტიკეს განაჩენს! ყოველგვარ დამცირებას, ყოველგვარ შეურაცხყოფას მოთმინებით ავიტან, მაგრამ იმ შეურაცხყოფას, რომელიც იაზონმა მომაყენა, ვერასგზით ვერ შევურიგდები! მატყუარა, სინდისზე ხელაღებული იაზონი სასტიკად უნდა დაისაჯოს! დიახ, ვერაგი იაზონი, რომელმაც თავისი ოჯახი შეუბრალებლად დაანგრია და შვილები ასე გაიმეტა, თავის ახლადდაქორწინებულ მეუღლესთან ერთად უნდა დაიღუპოს! გრძნეულ მედეას თავისი ფარხმალი ჯერ კიდევ არ დაუყრია! ჩემი სათუთი გრძნობების ასე უსირცხვილოდ შელახვისათვის ყოველგვარად შევეცდები ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება განვახორციელო და მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დავმშვიდდები!“ ასე მოთქვამდა საბრალო მედეა და ერთ წუთსაც არ ივიწყებდა იმას, რასაც იგი მოღალატე იაზონს უმზადებდა. მეფე კრეონმა, ახლადდაქორწინებულ სიძესა და ქალიშვილს რომ რაიმე ხიფათი არ შემთხვეოდათ, მედეა სასახლეში მიიწვია და გადაჭრით უბრძანა: „გრძნეულო ქალო! შენ და შენმა შვილებმა ჩემი სახელმწიფო დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ! ამას მოითხოვს სახელმწიფოებრივი მოსაზრება! შენი და შენი შვილების ჩემს სახელმწიფოში დარჩენა ყოვლად შეუძლებელია! იცოდე, ესაა ჩემი შეურყეველი გადაწყვეტილება და გიბრძანებ კიდევაც შეასრულო!“ მედეამ გულში უხმოდ ჩაიკლა უცეცხლოდ ანთებული მწუხარება და კრეონის თვალების ასახვევად მეფესა დამშვიდებულის კილოთი მოახსენა: „დიდებულო მეფეო! ვფიცავ ყოვლად შემძლებელ ღმერთებს, რომ მე უკვე შევურიგდი ჩემს შავ ბედს! რაც მოხდა, მისი შეცვლა ყოვლად შეუძლებელია! დე, ბედნიერად და სრულის თანხმობით იცხოვრონ ახლადდაქორწინებულებმა! მერწმუნეთ, დიდებულო მეფეო, რომ ჩემს მწუხარებას გულში ჩავიკლავ, ჩემ ბედს უსიტყვოდ დავემორჩილები და შენის სიძისა და ქალიშვილის წინააღმდეგ გულში ცუდს არასოდეს არ გავივლებ! ამიტომ, ყოვლად მოწყალეო მეფეო, გთხოვ ისევ კორინთში დამტოვო, რომ შვილებს ყური ვუგდო და ღირსეულად აღვზარდო! მაგრამ, დიდებულო მეფეო, თუ ამას შესაძლებლად ვერ დაინახავ რაიმე მოსაზრებით, გთხოვ ერთი დღით ქალაქში დარჩენის უფლება მომცე, რომ წასასვლელად თადარიგი დავიჭირო და საბრალო ჩემს შვილებს სადმე ბინა გავუჩინო!“ მეფე კრეონმა მცირედი ყოყმანის შემდეგ ნება დართო მედეას ერთი დღით კორინთში დარჩენილიყო და ქალაქიდან წასასვლელად დაუყოვნებლივ თადარიგს შესდგომოდა. მედეამ გადაწყვიტა სასტიკად დაესაჯა მოღალატე იაზონი. შურისძიებით გაბოროტებულმა მედეამ იმდენი მოახერხა, რომ იაზონი მოტყუებით სახლში მიიწვია. მედეამ მიუალერსა მოღალატე ქმარს და თავი ისე მოაჩვენა, თითქო კიდევაც შეურიგდა თავის ბედს. გრძნეულმა მედეამ დამშვიდებული კილოთი მიმართა იაზონს: „ჩემო მაინც კიდევ საყვარელო იაზონ! ყველაფერი, რაც შენ ჩაიდინე, დარწმუნებული ვარ, ჩვენი შვილების საკეთილდღეოდაა მოწყობილი! შენ ხომ კარგად იცი, ჩემო ძვირფასო იაზონ, რომ ამ ათი წლის წინათ სრულიად უმწეოებმა, ყოველგვარ ნივთიერ საშუალებას მოკლებულმა შემოვაფარეთ თავი ამ უცხო ქვეყანას! ვინ მოთვლის, რამდენი მწარე დღე გამოგვივლია, რამდენი უკიდურესი გაჭირვება გამოგვიცდია ამ ხნის განმავლობაში! მაგრამ შვილების გულისთვის ყველაფერს დიდის მოთმინებით ვიტანდით! შენ თავს დასტრიალებდი ოჯახს და განსაკუთრებით ჩვენს საყვარელ შვილებს! მწამს, რომ მომავალშიაც არ მოაკლებ მზრუნველობას ჩვენს შვილებს! ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ მეფე კრეონთან შენი დამოყვრება ერთგვარი საშუალებაა ჩვენი შვილების მომავალში უზრუნველსაყოფად. ის რწმენა, რომ ჩვენი საყვარელი შვილები შენთან ბედნიერი იქნებიან, დიდად მამხნევებს და ყველაფერს მავიწყებს, ამიტომ მეგობრულად გიწვდი ხელს და, ვფიქრობ, ჩვენი შვილებიც ჩემს მაგალითს მიბაძავენ. აბა, ჩემო ძვირფასო შვილებო, მოეხვიეთ მამს ყელზე და მხურვალედ დაუკოცნეთ ტუჩები! გახსოვდეთ, რომ მამა ერთ წამსაც არ დაგტოვებთ უმწეოდ!“ ამ სიტყვებით აღფრთოვანებული იაზონი ნეტარების ცრემლებს ღვრიდა და შვილებს გულში მხურვალედ იკრავდა. „ჩემო ძვირფასო იაზონ! – ალერსიანი კილოთი მიმართა მედეამ თავის ყოფილ მეუღლეს: იცი, რა უნდა გითხრა? შენ რომ ბავშვებს სასახლეში გადაიყვანდე, ვფიქრობ, შენის ახალი მეუღლის დახმარებით უფრო მეტად ყურადღებას დაიჭერ, უფრო მეტ მზრუნველობას გაუწევ შვილებს. მე კი სადმე შორს გადავიხვეწები იმ იმედით, რომ ჩემი საყვარელი შვილები სასახლეში ღირსეულად იზრდებიან. შენს მეუღლეს გლავკას, ნიშნად ჩემი კეთილგანწყობილებისა, მივუძღვნი ამ ოქრომკერდით ნაქსოვ ძვირფას კაბას, რომელსაც შენთან ერთად ჩემი მსახურის ხელით ვაახლებ!“ სანამ ამ ძვირფას საჩუქარს მსახურს გადასცემდა, შურისძიებით გაბოროტებულმა მედეამ კაბის ქსოვილები საწამლავით ისე გაჟღენთა, რომ ვინც ამ კაბას ჩაიცვამდა, მყისვე მოიწამლებოდა და სიცოცხლეს გამოესალმებოდა. იაზონი თავაზიანად გამოემშვიდობა მედეას და მსახურის თანხლებით სასახლისაკენ გაემართა, რომ მედეას სახელით თავისი საყვარელი მეუღლისათვის ეს ძვირფასი საჩუქარი მიეძღვნა. მედეა თავისი შვილებით შინ დარჩა. საბრალო ქალი ვერხვის ფოთოლივით თრთოდა და მოუთმენლად მოელოდა მსახურის დაბრუნებას, რომ დანამდვილებით გაეგო, როგორ შეხვდა მეფე კრეონის ახლადდაქორწინებული ასული მის მიერ მიძღვნილ ძვირფას საჩუქარს. შიშისაგან გაფითრებული მსახური მალე დაბრუნდა სასახლიდან და აღელვებული კილოთი მოახსენა მედეას: „პატივცემულო მედეა, გირჩევ დაუყოვნებლივ თავს უშველო! მეფე კრეონი და შენი ოჯახის დამნგრევი გლავკა აი ეს არის დაიღუპნენ! მეფის ასულს შენ მიერ მიძღვნილი კაბა ისე მოეწონა, რომ მის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. უსაზღვროდ აღფრთოვანებულმა გლავკამ, როგორც კი იაზონი ოთახიდან გავიდა, დაუყოვნებლივ ჩაიცვა საბედისწერო კაბა და კოპწიად გამოწყობილი სარკის წინ ტრიალებდა და თავის მოხდენილ ტანადობას შესტრფოდა. ძვირფას კაბაში ლამაზად გამოწყობილი მეფის ასული უეცრად შეტორტმანდა და მძლავრი ქარიშხალისაგან მოტეხილ ალვის ხესავით იატაკზე უგონოდ გაიშხლართა. ერთი წუთის წინათ ჯანსაღი, სიცოცხლით აღსავსე მეფის ასული პირისახეზე ერთიანად შეიცვალა და სხეულის კრუნჩხვით საზარლად გმინავდა. მეფე კრეონი, როგორც ეს საშინელი გმინვა შემოესმა, დაუყოვნებლივ შეშლილივით შეიჭრა თავისი საყვარელი ასულის ოთახში. შეშფოთებული საბრალო მამის თვალწინ საშინელი სურათი გადაიშალა. მეფის ასული ოდნავ გმინავდა და სიცოცხლის ნიშნები არც კი ემჩნეოდა. მეფე კრეონმა მხურვალედ ჩაიკრა გულში უკვე ნახევრადგაცივებული თავისი საყვარელი ასული და საზარელი ქვითინი მორთო. საბედისწერო შხამი მეფეს ელექტრობის დენივით გაუჯდა მთელ სხეულში და საბრალო მამაც თავის საყვარელი ასულის გვერდით საშინელი ტანჯვით გამოესალმა სიცოცხლეს“. მედეას სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, როცა თავისი დამღუპველი გლავკისა და ვერაგი მეფე კრეონის სიკვდილი შეიტყო. შურისძიებით გატაცებული მედეა ახლა უფრო სხვა საშინელი გეგმის შესრულების თადარიგს შეუდგა. გონებადაკარგული და მთლიანად გაბოროტებული მედეა შეშლილივით შეიჭრა შვილების ოთახში. საბრალო ბავშვებს ტკბილად ეძინათ და აბა ვინ მოიფიქრებდა, რომ ასე ტკბილსა და უდარდელ ძილს ასე სამწუხარო შედეგი მოჰყვებოდა. „საბრალო მედეა, ერთი წუთით დაივიწყე, რომ შენ ამ უმანკო ჩვილი ყმაწვილების ღვიძლი დედა ხარ! – საზარლად შეჰყვირა გონებადაკარგულმა მედეამ: მე რომ ჩემის საკუთარი ხელით არ მოვუსპო სიცოცხლე ჩემს პირმშო შვილებს, სულ ერთია, მეფის შეუბრალებელი ჯალათები და თვით იაზონიც კი ჩემ შვილებს არ დაინდობენ, შეუბრალებლად ყელებს დასჭრიან, სიცოცხლეს გამოასალმებენ! განა არა სჯობია თვით მშობელმა დედამ მოუსპოს სიცოცხლე თავის პირმშო შვილებს და უდიერი ჯალათების ხელში არ ჩააგდოს?! დიაღ, მე ვერ შევურიგდები იმ აზრს, რომ ჩემი ღვიძლი შვილები მეფის ჯალათებმა ან სინდისგარეცხილმა იაზონმა ტანჯონ და აწამონ!“ შურისძიებით გაბოროტებულმა მედეამ სამართებლით სასწრაფოდ დასჭრა ყელები თავის პირმშო შვილებს და შეშლილივით გარეთ გამოიჭრა. საყვარელი მეუღლის მკვლელობით აღშფოთებული იაზონი მხეცივით შეიჭრა მედეას ოთახში, რომ სასტიკად დაესაჯა მეფისა და მეფის მშვენიერი ასულის გლავკის მკვლელი. საზარელი სურათი გადაიშალა იაზონის თვალწინ: ყელებდაჭრილი უმანკო ბავშვები სისხლის მორევში ცურავდნენ. იაზონმა ერთი საზარლად შეჰყვირა და შეშლილივით გაემართა ქუჩისაკენ. სრულიად ფერმიხდილი, გონებადაკარგული იაზონი ამიერიდან ყოველდღე უმიზნოდ, უაზროდ დაძრწოდა ქალაქის ქუჩებში და ქუჩის ხან ერთ მხარეს, ხან მეორეს საცოდავად თავს აფარებდა. ერთხელ, დაღლილსა და დაქანცულს, ნახევრად გონებამიხდილ იაზონს, როცა ქალაქის განაპირა ქუჩაში მწუხარედ იჯდა, ზეციდან რაღაც საშინელი ხმაური შემოესმა. იაზონმა უნებლიედ თვალები ზეცას მიაპყრო და ცის მაღალ სივრცეში დაინახა გველეშაპშებმული ფრთებიანი ეტლი, რომელშიაც იჯდა საბრალო მედეა და სამუდამოდ ეთხოვებოდა საბედისწერო კორინთს და მის მთაგორიან მიდამოებს. საბრალო იაზონი თვალმოუშორებლივ დიდხანს, დიდხანს მწუხარედ გასცქეროდა ცის სივრცეში სწრაფად მიმფრინავ ეტლს და უნებლიედ იგონებდა იმ ბედნიერ დროს, როცა იგი და მშვენიერი მედეა სიყვარულით აღგზნებულნი ერთმანეთს თავდავიწყებით შესტრფოდნენ და შეჰხაროდნენ. ამ საინტერესო ხანის მოგონებაზე იაზონს თვალთაგან ცხარე ცრემლები წასკდა და საბრალო დიდხანს, დიდხანს გულამოსკვნით ქვითინებდა. ოდესღაც ძლევამოსილი გმირის ცხოვრება ამიერიდან კიდევ უფრო უარესი და აუტანელი შეიქნა. საბრალო სრულიად განმარტოვებით, უმიზნოდ და უაზროდ დაეხეტებოდა ხალხით ავსილ კორინთის ქუჩებში და გულში იკლავდა თავის დიდსა და აუტანელ მწუხარებას. ასე მწუხარედ იტანჯებოდა ეს ოდესღაც სახელოვანი გმირი, და არავის ფიქრადაც არ მოსდიოდა ერთხელაც მაინც ჩაეხედა მდუღარებით აღვსილ მის გულში და ოდნავ მაინც შეენელებინა ის დიდი ტკივილები, რომლებიც საბარალოს მძიმე ლოდივით აწვა. დაღლილი, დავრდომილი გმირი ზოგჯერ პოსეიდონ ღმერთის სამლოცველოში შევიდოდა და მთელი საათობით თვალმოუშორებლივ შეჰყურებდა მის მიერ შეწირულ გემს. საბრალო გმირი ამ დროს სიამოვნებით იგონებდა იმ ბედნიერ წუთებს, როცა იგი, ძლევამოსილი ელინთა გმირებით გარშემორტყმული, შორეული კოლხიდიდან ბრუნდებოდა და მშვენიერი მედეას სიყვარულით აღგზნებული ნეტარების ფიალას ეწაფებოდა. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ცხოველმყოფელი მზე კორინთის ქუჩებში გამვლელ–გამომვლელს საამურად ჰკბენდა, იაზონი პოსეიდონ ღმერთის სამლოცველოში ჩვეულებრივ შევიდა და მის მიერ შეწირულ გემისაგან იატაკზე გაწოლილ ჩრდილში მოიკალათა და თვალს არ აშორებდა ამ ნაამაგდარ გემს. უკვე მოძველებულმა გემმა უეცრივ საშინლად იგრიალა და სამუდამოდ დაასამარა ელადის ოდესღაც სახელოვანი გმირი. ბ ო ლ ო ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა უძველეს დროში, როცა ხალხის გონებრივი განვითარება მეტად დაბალ საფეხურზე იდგა, ხალხს მთელი ხილული ბუნება, ყველაფერი რასაც იგი ხედავდა, წარმოდგენილი ჰქონდა ღვთაების სახით. მზე, დედამიწა, მთები, ვულკანები, მდინარეები, ღელეები და ხეები ადამიანის ჯერ კიდევ განუვითარებელ გონებას წარმოდგენილი ჰქონდა ღმერთებად, რომელთაც ხალხი მოკრძალებით პატივსა სცემდა და ადიდებდა. განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი ადამიანის გონებას მზე წარმოდგენილი ჰქონდა ბრწყინვალე ღვთაებად, ვულკანები – ბუმბერაზ ადამიანებად, რომლებიც ყოვლად შემძლებელი ღმერთების მეტოქეობასაც კი ბედავდნენ, ქარიშხალი – პოსეიდონ ღმერთის მრისხანების განსახიერებად და სხვა. მეორეს მხრით, პირველყოფილ ადამიანს დიდი ენერგია უნდა დაეხარჯა, რომ თავისი პრიმიტიული ცხოვრების პირობები გაეუმჯობესებინა და გაეადვილებინა. სახნავ–სათესი მიწები ხშირად სრულიად დაუმუშავებელი რჩებოდა, თვალუწვდენელი ტყეები და ველები წყლით იფარებოდა, ქვემძრომებით სავსე ჭაობებს აუტანელი სუნი დაეყენებიათ. ამ აუტანელი ცხოვრების შესამსუბუქებლად იღვწოდნენ უცნობი მებრძოლნი, რომელნიც, დროთა განმავლობაში, თანდათანობით ცალკეული ზეკაცების, ცალკეული გმირების სახეს იღეადნენ. ხალხი ამ გმირებს შესტრფოდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ უბრალო მოკვდავს, უბრალო ადამიანს არ შეეძლო იმ საქმეების შესრულება, რომელთაც გმირები ხალხის საკეთილდღეოდ ეწეოდნენ. უძველეს დროში ხალხმა, როცა იგი ჯერ კიდევ პრიმიტიული ცხოვრების ფერხულში იყო ჩაბმული, მხატვრული, პოეტური ენის საშუალებით გამოთქვა თავისი შეხედულება ღმერთებსა და გმირებზე. იმ მხატვრულ თქმულებებს, რომელშიაც ხალხი გამოთქვამს თავის შეხედულებას ღმერთებსა და გმირებზე, მითები ჰქვია. მეცხრამეტე საუკუნის გერმანიის სწავლულები ფრ.შლებელი,შელინგი და კრეიცერი, რომლებიც მეცნიერულად იკვლევდნენ ძველი დროის ადამიანების ყოფაცხოვრებას, ფიქრობდნენ, რომ მითებს საფუძველი ჩაეყარა ინდოეთში, ეგვიპტესა და ზემო აზიაში, საიდანაც ეს მითები, ქურუმების საშუალებით, ევროპის კონტინენტზე გავრცელდა, განსაკუთრებით კი ძველ საბერძნეთში, სადაც ხალხის ამ პოეტურს შემოქმედებას ნოყიერი ნიადაგი აღმოაჩნდა. ძველი საბერძნეთის მკვიდრთა გონებამ და ფართო გაქანების ფანტაზიამ თავისებურად გადააკეთა და გაალამაზა უცხო ქვეყნიდან გამოტანილი მითები. მითების გარეგანი მოცულობა და შინაარსი, დროთა განმავლობაში, იცვლებოდა და უფროდაუფრო დამთავრებულ, საკითხავად მიმზიდველ სახეს იღებდა. გერმანიის გამოჩენილი მკვლევარის კ.ო. მილერის მოწმობით, ძველი საბერძნეთის მითები ღმერთებსა და გმირებზე მხატვრული ენით მოცემული თხრობაა, რომელსაც ძალიან შორეული კავშირი აქვს საბერძნეთის ნამდვილი ისტორიის ფაქტებთან. მიუხედავად ამისა, მითებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, რადგან უძველესი დროის ადამიანმა მითებში ჩააქსოვა მთელი თავისი მსოფლმხედველობა, მთელი თავისი ცოდნა და აზროვნება. ცხადია, მითები თავისი შინაარსით ბევრ რასმე ზღაპრულს შეიცავს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ეს მხატვრულად მოთხრობილი ხალხის გონების ნაწარმოებნი მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფად წარმოვიდგინოთ. პრეისტორიული ხალხის ყოფაცხოვრების, მისი გონებრივი განვითარებისა და შემოქმედების სურათის მთლიანად აღსადგენად მითები იძლევა მდიდარ მასალას, რომლითაც ყველა დროისა და ქვეყნის კულტურის მაძიებელნი ფართოდ სარგებლობდნენ და ნაყოფიერადაც იყენებდნენ თავის ნაწარმოებებში. ყველა დროისა და ქვეყნის გამოჩენილი მწერლები, მგოსნები, მხატვრები, ხუროთმოძღვრები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები დაუშრეტელ წყაროს პოულობდნენ მხატვრულად მოთხრობილ მითებში და უხვად სარგებლობდნენ ამ მითებში მრავლად გაბნეული ძვირფასი მარგალიტებით. ჰომიროსმა, ძველი დროის ამ დიდბუნებოვანმა მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესმა მგოსანმა, მითებში შთაბერა თავისი ეპოქის სულისკვეთება და არსებული მითების ფონზე შექმნა ის დიდი ეპოპეა, რომელიც, „ილიადასა“ და „ოდისეას“ სახით, ხით, ძველი საბერძნეთის უტყუარი სარკეა, ძველი საბერძნეთის მხატვრული ენციკლოპედიაა, რომელშიაც სრული სინამდვილით ასახულია ისტორიის წინახანების ძველ ელინთა სულისკვეთება, მათი მსოფლმხედველობა და სარწმუნოებრივი კულტი, მათი მთელი კულტურა. ჰომიროსმა თავის მხატვრულ თხზულებაში გააცოცხლა მითოლოგიურ ფონზე აღმოცენებული ძველ ელინთა შეხედულება ღმერთებზე და ძველი ელადის სარწმუნოებრივ კულტს მკვიდრი საძირკველი ჩაუყარა. ასეთია ჰომიროსის „ილიადასა“ და „ოდისეას“ უდიდესი მნიშვნელობა და ამიტომ ეს პოემები თითქმის ყველა ერის ენაზეა მთლიანად გადათარგმნილი. სამწუხაროდ, ქართველ ერს ჯერჯერობით არ მოეპოვება ამ პოემების თარგმანი. სანამ ასეთი თარგმანი ჩვენს სინამდვილეში გაჩნდებოდეს, ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ ქართველი მოზარდი თაობისათვის და აგრეთვე მშრომელთა ფართო ფენებისათვის მიგვეწოდებინა „ილიადასა“ და „ოდისეას“ პროზად მოთხრობილი შინაარსი. ამ მიზნის პირნათლად შესასრულებლად ჩვენ გამოვიყენეთ მასალად პოემების ტექსტი და აგრეთვე ამ პოემების საკმაოდ მცოდნე მწიგნობრების ფ. შმიდტის, ვ. შტოლის, გ. შვაბის და სხვათა საუცხოოდ მოთხრობილი ნაწარმოები და შევადგინეთ, რაც შეიძლებოდა, გასაგები ქართულის ენით, ორი მოზრდილი ტანის წიგნი – „ტროადის ომი“ და „ოდისეა“. ეს წიგნები, რომლებიც წარსული წლის გასულს სახელგამმა გამოსცა, შეიცავს ჰომიროსის „ილიადასა“ და „ოდისეას“ შინაარსს, იმრიგად და თითქმის იმ მოცულობით დალაგებულს როგორადაც ეს თვით ჰომიროსს აქვს მოცემული თავის უკვდავ პოემებში. ვფიქრობ, ეს ჩვენს მიერ შედგენილი წიგნები მცირეოდენ სამსახურს მაინც გაუწევს მოზარდ თაობას და მშრომელთა ფართო მასებს, რომლებიც დღევანდელ პირობებში ესოდენ სიყვარულსა და ინტერესს იჩენენ კლასიკური მწერლობის გაცნობისა და შესწავლის საქმეში. ჰომიროსის თანამედროვე ეპიკურმა პოეტმა ჰეზიოდემ, რომელიც ძველ კლასიკურ ლიტერატურაში კოსმოგონიური და თეოგონიური მითოლოგიის ბუმბერაზ წარმომადგენლადაა მიჩნეული, მოგვცა მთლიანი კონცეფცია, მთლიანი სურათი იმისა, თუ როგორ წარმოიშვნენ ბუნების წიაღიდან ტიტანები, თუ როგორ წარმოიშვა ღმერთების გვარეულობა, რა ცვლილებები განიცადა ღმერთების ოჯახმა კაცობრიობის განვითარების სარბიელზე. ჰეზიოდეს თხზულებები „საქმენი და დღენი“, „თეოგონია“ და „ჰერკულესის ფარი“ მთლიანად აღმოცენებულია ძველი ელადის მითოლოგიურ ფონზე; ავტორი ცდილობს შეაგროვოს ერთი–მეორის საწინააღმდეგო მითები და მკითხველს მისცეს მთლიანი წარმოდგენა ქვეყნიერებისა და ღმერთების წარმოშობაზე, ღმერთების დანაწილებაზე მნიშვნელობის მხრით და მათ ნათესაურ კავშირზე. ლირიკული პოეზიის წარმომადგენელი პოეტები თავისებურად იყენებდნენ მითოლოგიურ მასალას, ამრავლებდნენ, ასხვაფერებდნენ და თავისი ეპოქის მსოფლმხედველობას, თავისი ეპოქის სულისკვეთებას ჩააქსოვდნენ ხოლმე ხალხის მიერ მხატვრულად შემუშავებულ მითებში. ჩვენს წელთაღრიცხვამდის მეექვსე საუკუნის დიდბუნებოვანი პოეტი პინდაროსი, მართალია, მითების ფაქტიურ მხარეს არ უარყოფს, მაგრამ, საჭიროების მიხედვით, როცა მითის შინაარსი არ შეესაბამება პოეტის ზნეობრივ შეხედულებას, როცა მითების შინაარსი ამათუიმ სახით ღმერთების ღირსებას ამცირებს, მითების შინაარსსა ცვლის, თავის შეხედულების მიხედვით ამოკლებს და ამრიგად იყენებს არსებულ მითოლოგიურ მასალას თავისი შემოქმედებისათვის. ასეთია, მაგალითად, პინდაროსის ეგრეთწოდებული „ეპინიკივბი“, ანუ სადღესასწაულო ლექსები, რომლებშიაც მხატვრულად მოცემულია ელინთა დღესასწაულების დროს საზოგადო თამაშობებში მონაწილეთა გამარჯვების ან დამარცხების ამბავი. იმპერატორ აუგუსტოს თანამედროვე პოეტმა ოვიდიუს ნაზონმა ქრონოლოგიურად დაალაგა და დაამუშავა ის მითები, რომლებშიაც მოცემულია ხალხის დამოკიდებულება ბუნებასა და მის მოვლენებთან. ამ მითების მიხედვით, ბერძნებისა და რომაელების წარმოდგენით, უსულო საგნები, ადამიანები და თვით ყოვლად შემძლებელი ღმერთებიც კი სასწაულებრივ იცვლიან თავის გარეგან სახეს, თავის გარეგან შეხედულებას. პოეტმა სავსებით გამოიყენა ეს მითოლოგიური მასალა და საფუძვლად დაუდვა თავის ეგრეთწოდებულ „მეტამორფოზებს“, რომელიც ნიჭიერი პოეტის მიერ იშვიათი მხატვრობითა და საუცხოო ლექსთაწყობითაა აკინძული. გამოჩენილმა რომაელმა პოეტმა ვირგილიუსმა თავის შესანიშნავ პოემას „ენეიდას“ საფუძვლად დაუდვა ბერძენთა თქმულებანი ტროადის ომის შესახებ, და პოემის ექვსი წიგნი თითქმის მთლიანად ამ ძვირფას მასალაზეა აგებული. ძველი საბერძნეთის გამოჩენილი ტრაგიკოსები ესხილე, სოფოკლე და ევრიპიდე თავის თხზულებათა სუჟეტებს უმთავრესად უძველესი დროის მითოლოგიიდან იღებდნენ. ესხილეს ტრაგედიები: 1) პრომეთე, 2) ტრილოგია, ორესტეა, 3) ევმინიდები, 4) შვიდნი თების წინააღმდეგ და სხვა მისი ტრაგედიები უმთავრესად ემყარებიან ჰომიროსის თხზულებაში მოცემულ მითოლოგიურ თქმულებებს და მხატვრული თხრობით, შინაარსის ფართოდ გაშლითა და განვითარებით მსოფლიოს კლასიკურ დრამატულ ლიტერატურაში უდიდესი მნიშვნელობის ადგილი უჭირავთ. ესხილეს ტრაგედიებში, ისე როგორც ძველი ელადის მითოლოგიურ თქმულებებში, ბედისწერა შეუბრალებლად ეუფლება თითოეულ მოქმედ პირს და ჩადენილი დანაშაულისათვის სასტიკად სჯის. მეორე უდიდესი ტრაგიკოსი, სოფოკლეც, გვერდს ვერ უხვევს ელინთა მხატვრულ მითებს და თავისი შემოქმედებისათვის ფართოდ სარგებლობს მითოლოგიური მასალით. ამ დიდბუნებოვანი ხელოვანის ტრაგედიები: „ანტიგონა“, „ოიდიპოს მეფე“, „ოიდიპოსი კოლონში“, „აიაქსი და ფილოქტეტესი“ აღებულია უმთავრესად არგოსის მითების ციკლიდან, ხოლო თუ პატრიოტული მოსაზრება მოითხოვდა, ატიკის მითოლოგიური თქმულებებითაც სარგებლობდა ხოლმე. ძველი საბერძნეთის მესამე გამოჩენილი ტრაგიკოსი ევრიპიდე, ადამიანის სულისა და გულის შეუდარებელი მესაიდუმლე, თუმცა ფართოდ სარგებლობდა უძველესი დროის მითოლოგიურ თქმულებათა მასალით, თავის მხატვრულ ნაწარმოებებში ანგარიშს უწევდა თანამედროვე ეპოქას და ცხოვრებას გადმოგვცემდა იმ სახით, როგორც მისი დროის სინამდვილეში მიმდინარეობდა იგი. სწორედ ამ თვისებით ხასიათდება ევრიპიდეს ტრაგედიები: „ჰეკაბა“, „ფინიკიელი ქალები“, „ორესტე“, „იჰოლიტი“, „მედეა“, „ანდრომახე“, „იფიგენია ავლისში“, „იფიგენია ტავრიდაში“, „ელექტრა“ და „ციკლოპი და პოლითენე“, რომლებიც ავტორის მიერ შეკეთებულია და პოეტის ეპოქის მსოფლმხედველობასთანაა შეფარდებული. ძველისა და ახალი დროის ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენელებმა ფართოდ გამოიყენეს ხალხის მიერ შექმნილი და შემდგომი პოეტებისაგან თავისებურად დამუშავებული მითები და კაცობრიობას მიუძღვნეს უდიდესი მნიშვნელობის ხელოვნების ძეგლები, რომლებიც დღესაც შარავანდის სხივებითაა მოსილი. ტაძრების შინაგანი და გარეგანი მხატვრობა, ჭურჭლებისა და საოჯახო სამკაულების დეკორატიული სურათები და წარწერები მითოლოგიურ მასალებზე აღმოცენებულ ხალხის შემოქმედების მხატვრულ შედევრებად უნდა ჩაითვალოს. უუდიდესმა სკულპტორმა ფიდიასმა, რომლის მსგავსი სკულპტორი დედამიწას ჯერ არ მოვლენია, მოგვცა ორი შესანიშნავი ნაწარმოები – ათინა პართენოსი (ქალწული ქალი) და ოლიმპიელი ზევსი. პირველი ქანდაკება გაკეთებული, სპილოს ძვლისა და ოქროსაგან. ქალღმერთი ფეხზე დგას და მარჯვენა ხელში „გამარჯვება“ უჭირავს, ხოლო მარცხენაში – შუბი. ქალღმერთის თვალები ძვირფასი ქვებისაგანაა გაკეთებული, ტანის შიშველი ნაწილები კი – სპილოს ძვლისა და ოქროსაგან. ოლიმპიელი ზევსი უფრო მშვენიერი და უფრო განთქმული ძეგლია. თითოეული ბერძენი თავის მოვალეობად თვლიდა თავის სიცოცხლეში ერთხელ მაინც ენახა ეს შესანიშნავი ნაწარმოები. ღმერთების მამამთავარი ზევსი ზის ტახტზე, რომელიც გაკეთებულია ოქროს, სპილოს ძვლისა, მარმარილოსა და შავი ხისაგან. ყოვლად შემძლებელ ოლიმპიელს ერთ ხელში სკიპტრა უჭირავს, მეორეში – „გამარჯვების“ ქალღმერთის სურათი. ზევსის მრისხანე პირისახე ცოცხლად გამოხატავდა ერთსა და იმავე დროს ოლიმპიელის მრისხანებას, დიდებულობასა და ყოვლადშემძლებლობას. უძველესი დროის გამოჩენილმა მხატვარმა ტიმანთმა მოგვცა მედეას საუცხოო სურათი. დიდებულ ხელოვანს აღებული აქვს არგონავტების მითიდან ის მომენტი, როცა იაზონის მოღალატეობით გაბოროტებული მედეა შეუბრალებლად ასალმებს სიცოცხლეს თავის პირმშო შვილებს. პარჰაზიმ და ევფრანორმა მოგვცეს ატენის გამოჩენილი გმირის თეზევის საუცხოო სურათები. ევფრენონი ამ დიდებულ ნაწარმოებთა შესახებ ამბობდა: პარჰაზის თეზევი ვარდებით იკვებება, ჩემი თეზევი კი – ხორცითაო. აღორძინების ეპოქის საუკეთესო მხატვრები თავისი შემოქმედებისათვის ხშირად იყენებდნენ ძველი საბერძნეთის მითოლოგიიდან აღებულ სუჟეტებს და შეუდარებელი ყალმით გვისურათებდნენ ძველი ელადის ფართო გაქანების სულისკვეთებას. ასეთია, მაგალითად, რაფაელის საუცხოოდ შესრულებული სურათები: სამი გრაცია, მედეა და ვატიკანის დარბაზების ერთი ნაწილის მხატვრობა; რუბენსისა – ამაზონელი ქალების ლაშქრობა, აფროდიტეს დღესასწაული და პარისის მსჯავრი; ტიციანესი – აფროდიტეს დღესასწაული, აფროდიტეს და ამური, მადრიდელი აფროდიტე და ხელოვნების მრავალი სხვა წარჩინებული ნაწარმოები. მეცხრამეტე საუკუნის მხატვრული ხელოვნების დიდმა ოსტატმა ეჟენ დელეკრუამ არგონავტების შესახებ მითოლოგიური თქმულებიდან მოგვცა საუცხოო ტილო, რომელზედაც იშვიათის ხელოვნებით მოცემულია მრავალტანჯული მედეას სურათი. საბრალო ქალის პირისახე საშინელ ტანჯვას განიცდის. შვილების უსაზღვრო სიყვარული და ამავე დროს შურისძიების სურვილი საბრალოს მთელ არსებას იპყრობს და აუტანელ ტანჯვასა ჰგვრის. გამოჩენილი ისტორიკოსები ჰეროდოტე, პოლიბი, თუციდიდე, დიოდორე სიცილიელი, პლუტარხი, სტრაბონი და პავზანი ძველი ელადის მთლიანი სურათის აღსადგენად თავის ისტორიულ გამოკვლევებში დიდად აფასებდნენ საბერძნეთის მითებში მოცემულ მასალას და ამ ძვირფასი მასალიდან იღებდნენ ისტორიული მნიშვნელობის ფაქტებს. ახალი დროის ისტორიკოსები – გროტი, კურციუსი, დროიზენი, დიურუი, ფუსტელ დე–კულანჟი, ჟირარი, ბუშე. ლეკლერკი და სხვანი – დაუშრეტელ მასალას პოულობენ უძველესი დროის მითებში და დიდი ერუდიციით გვითვალისწინებენ ძველი ელადის მთლიან სურათს. ფილოსოფიური აზროვნების წარმომადგენლებმაც ვერ აუხვიეს გვერდი იმ ძვირფას მასალას, რომელიც ასე მრავლად მოიპოვება ძველი ელადის შესახებ არსებულ მითებში. ძველი და ახალი ფილოსოფიური სკოლების კორიფეები – პლატონი, არისტოტელე, პირონი, ეპიკური და ზენონი – ამათუიმ ფილოსოფიური სისტემის დადგენის დროს სხვადასხვა სახით იყენებდნენ მითებში მოცემულ მასალას. მეტად საგულისხმიერო და დამახასიათებელია ზენონის ფილოსოფიური სისტემის კონცეპცია, რომლითაც იგი საკუთარი სამშობლოს მაგიერ კაცობრიობის საერთო სამშობლოს პრინციპის განხორციელებას აღიარებს. ეს დიდი ფილოსოფოსი, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდის მეოთხე საუკუნეში, გმობდა მონობას და გაბედულად, მოურიდებლად ქადაგებდა ხალხთა თანასწორობასა და სოლიდარობას. ამ მხატვრულ ნაწარმოებთა ფონზე აღმოცენდა და ფართოდ გაიშალა მწერლობა, ხელოვნება, ისტორიული კვლევაძიება და ფილოსოფიური აზროვნების სისტემები. კიდევაც ამიტომაა, რომ მითების ღირებულება მეტად საგულისხმიერო და მნიშვნელოვანია. მითები გარკვეულად და ხაზგასმით გვითვალისწინებენ ძველი საბერძნეთის მსოფლმხედველობას, მის სარწმუნოებრივ კულტს, მხატვრულად მოგვითხრობენ ძველი საბერძნეთის შეხედულებას გმირებისა და საზოგადოდ ადამიანის დანიშნულებაზე. მითების საშუალებით ჩვენ ვეცნობით ძველი ელინის იმ დაუშრეტელ ფანტაზიას, რომელმაც შექმნა უდიდესი კულტურა. მითების საშუალებით ჩვენ ვეცნობით ძველი საბერძნეთის მიერ წამოყენებულ უდიდეს პრინციპებს – პრინციპს ადამიანის თავისუფლებისა და პრინციპს კანონის წინაშე ყველას თანასწორობისას. ძველი საბერძნეთის შეუდარებელმა გენიამ იმდენი კეთილშობილური და დიდმნიშვნელოვანი აზრი შეიტანა კაცობრიობის სალაროში, რომ ეს აზრები დღესაც გზას გვინათებს და ადამიანის პიროვნების საბოლოოდ განთავისუფლებისაკენ მოგვიწოდებს. წინამდებარე წიგნი, რომელშიაც შეკრებილია საბერძნეთის საგმირო ეპოქის მითები, უმთავრესად განკუთვნილია მოზარდი თაობისათვის და აგრეთვე მშრომელთა ფართო მასებისათვის. ძველი ისტორიის სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით, ჩვენი მოსწავლე ახალგაზრდობა, უეჭველია, წარმატებით გამოიყენებს ამ მითებში მოცემულ მასალას და ძველი საბერძნეთის ისტორიის შესწავლას უფრო მკვიდრ ნიადაგზე დაამყარებს. ჩვენ ამ წიგნში შევიტანეთ საბერძნეთის საგმირო ეპოქის ის მითები, რომელთა ვარიანტები ამჟამად მაინცდამაინც სადაოდ არაა მიჩნეული. კლასიკურ ლიტერატურაში მითების ამგვარ ვარიანტებად მიღებულია: ოვიდიუსის, გ. შვაბის, გ. შტოლის და ლუბკერის მიერ მოთხრობილი მითები, და ჩვენც ამ წიგნის შედგენის დროს ზემოხსენებული ავტორების ვარიანტებით ვისარგებლეთ. ვფიქრობთ, მოსწავლე ახალგაზრდობა ამ მითებში მოცემული მასალის გამოყენებით საკმარისად გაიცნობს ძველი საბერძნეთის საერთო კულტურას, მის სარწმუნოებრივ კულტსა და იმ რჩეულ გმირებს, რომლებმაც მრავალი სიკეთე, მრავალი კარგი საქმე დათესეს ცხოვრების სარბიელზე კაცობრიობის მძიმე ტვირთის შესამსუბუქებლად. პრომეთეს ხალხისათვის თავდადებისა და მეგობრობას, ყოველგვარი ძალმომრეობის წინააღმდეგ პროტესტით აღსავსე მებრძოლ ბუნებას, ჰერკულესის შრომასა და ენერგიას, მის ცივილიზატორობას, მაშვრალთა და დაჩაგრულთა მოსარჩლეობას, თეზევის კეთილსობილებასა და სამართლიანობას, გაჭირვებულთა და უმწეოთა შებრალებას, ორფევის მტკიცე და შეურყეველ ნებისყოფას, ვფიქრობთ, მკითხველი ღრმად ჩაიწერს გულში და ყოველდღიურ საქმიანობაში სახელმძღვანელოდ გამოიყენებს. ალ. მიქაბერიძე