ევროპის უფერული დღე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ევროპის უფერული დღე
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



დღე ეუბნება ფერადი გემის
სილუეტს ზღვაზე:
განა მე მსურდა ცხოვრების ჩემის
მოწყობა ასე?
ოკეანეთა ხარ მძლავრი გემი,
ხარ ბედნიერი,
მძაფრი ქარიშხლის ტალღების ცემით
ხარ შენ ძლიერი.
თუ უნდობლობამ გაბზარა კაჟი -
შენი დიდება,
არა ჭაობში, არამედ ზღვაში
ჩაეკიდება.
მოწმე მრავალი ხრწნისა და ლპობის,
მაცდური ფიცის -
მე - უფერული დღე ვარ ევროპის,
შენ კი... ვინ იცის?!

1935 წ.