დავით გურამიშვილის ხსოვნას

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
დავით გურამიშვილის ხსოვნას
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1913 წელი


შენ ჩემო წინამორბედო,
უძვირფასესო პაპაო!
შენს აჩრდილს ვეამბორები,
ლექსიც რამ დამიჩხაპაო.
ნეტავ, რას მემუდარები,
მე რა გიამბო აბაო,
ნამდვილო მამულიშვილო,
სამშობლოს ეკლის მკაფაო?!
პოეტად ვიხსენიები,
თუმცა ხარი ვარ ლაბაო;
ჩემისთანები ბაგებზე
ასი, ათასი აბაო.
ტანფეხშიშველი დავდივარ,
ცოლს არ მიცვია კაბაო;
შენის ცრემლებით მოვხარშე
ჩემის გრძნობების ფაფაო,
ამგვარი საჭმლის კეთებას
დიდი სდომნია ჯაფაო;
გავუღე სული და გული,
როდის ხანია ვყლაპაო,
გაუთავები გამოდგა,
არც დამკარგვია მადაო.
ვიცი, არ გამიჯავრდები
და არცა მკითხავ: რადაო?
მას აქეთ ჩონგურს ვაჟღერებ,
თანაც ლექსებსა ვჩმახაო.
ჩუმ-ჩუმად კიდეცა ვტირი,
რა დაგიმალო, - მნახაო!
იქნება მადლობელიც ხარ,
იქნება არა მძრახაო?!
მიშველეთ შენ და შოთამა,
მგოსნობა გამიძრახაო,
გული დადნა და დანავლდა,
მიხმება, მშრება ხახაო.
დაჩოქილი ვარ თქვენს წინა,
ვით ერთი ვინმე გლახაო;
მიშველეთ, მომავლებინეთ,
ლელო რაც დამისახაო.
მაშინ თქვენს ნათელს სახეებს
მეც პირნათლადა ვნახაო.