გლეხის სიმღერა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
გლეხის სიმღერა
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1888 წელი


აბა, შავხედნოთ ქვეყანას:
ძირს ვაკე, მაღლა მთებია;
ზოგან ხევები, სხვაგან ტყე,
კლდედ მიიუვალი გზებია.
რამდენჯერ დავფიქრებულვარ,
გულშიაც ცეცხლი მთებია;
სხვაზედ ვერაზედა დავმდგარვარ,
მარტო ეს მიფიქრებია:
ღმერთი რო კაცსა გააჩენს,
თანვე დაუწერს ბედსაო,
ზოგს მისცემს ბატონობასა,
სხვას-კი დაუხრის ქედსაო.
ვენაცვლე უფლის სახელსა,
ჩვენს დამბადებელს ღმერთსაო:
ღმერთმა დამბადა მუშადა,
იმან მიკურთხა მარჯვენა,
უნდა ვხნა, ვთესო, ვიშრომო
და გამოვკვებო ქვეყანა.

ალალის ოფლით ნაშონსა
ლუკმას ვსჭამ გემრიელადა:
ვიცი, რომ ჩემი შრომაა,
ჯაფით მოსული ხელადა;
დარალულს ქვა რომ მაჭამიო,
მომეჩვენება ქადადა.
ბედნიერი ვარ, ოღომც-კი
ქვეყანამ მიცნოს კაცადა.
კაცი ვარ, მენაც კაცი ვარ,
ვაჟკაცი ნამუსიანი;
ცხვარი და ძროხა ბევრი მყავ,
სახნავი სასუქიანი;
ზღვადა დგა ჩემი ყანები,
ყანები თავთუხიანი;
საქერეს ქერი მითესავ,
ქერია ჩარათიანი,
სავსე კოდები მიდგია
ყველიან-კარაქიანი.
ბევრს აძღებს ჩემი მარჯვენა,
მარჯვენა ბარაქიანი!


უფალს აუნთებ სანთელსა,
გლეხურად შევეხვეწები;
იცის, გლეხი ვარ, შემინდობს,
თუნდაც დავაკლო წესები.
ვერთგულობ მამა-პაპასა,
იმათში მიდგა ფესვები.
სუყველა თავისი მაქვის,
სხვებისას არას ვეხები.