გასამართლებული ჩიბუხი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
გასამართლებული ჩიბუხი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1910 წელი


I

გაითქვა. ღვაწლით შემოსილი, დიდებული, სახელოვანი იყო ეს ჩიბუხი. პატრონს, ღვთისუნელს, კიდეც იმიტომ უყვარდა და ეტრფოდა, პირიდან არ იშორებდა, მძინარეს გამოღვიძება უხაროდა, ადგომა ეხალისებოდა - ჩიბუხს მოვწევო. ისე საგანგებო ტკბილეულობა, სურნელოვანი თაფლიანი ყვავილი - სასუტელა - როგორ დაატკბობდა, ასიამოვნებდა მწყემს ბალღს, როგორც ღვთისუნელს ჩიბუხი ანეტარებდა... ჰსუტავდა ჩიბუხს და თან თვალებსა ჰკულავდა. ყრილობაში, სახლში, გარეთ საქმეში, ყველგან და ყოველთვის, საცა ჩიბუხი იყო, ღვთისუნელიც იქ იყო თავის ტყავის, კინკრიხოზე დაკრულის ქუდით და სადაც ღვთისუნელი - იქვე ჩიბუხი თავის ავლადიდებით.

“ბიჭო, გამახარე, არიქა, მამა-შვილობას, ცეცხლი მომიტანე!” - შვილიც დაუზარებლად მოურბენინებდა მუგუზალს... “დედაკაცო, ცეცხლი!” რა ექნა ან დედაკაცს, მის ცოლს ხვარამზეს, ქმრის ბრძანება არ აესრულებინა? დიაღაც ასრულებდა, ხოლო, როცა ცეცხლს მოუტანდა, თან ამ სიტყვებსაც მიაყოლებდა, ზედ დაატანდა: “აჰა, ჩაიწვი და ჩაიბუგე უარესად, როგორც ჩამწვარი ხარ და ჩაბუგული!”

- ჰმ, ვერ უყურებ მაგ სულელს! - წაიბუტბუტებდა ღვთისუნელი თავისთვინ. ამის მეტს არც ავს ეტყოდა, არც კარგს. გააჩაღებდა ჩიბუხს... ადის ბოლი, იკლაკნება, იშლება, იფანტება, იძაბება. ნეტარობს ღვთისუნელი, ათასიც რომ ეთქვა ცოლს, ჩიბუხს ვერ უღალატებდა, თუმცა-კი, მართლაც, ჩამწვარ-ჩაბუგული იყო. ახალოხის წინა-კალთები, ჩოხა, შალვარი ცეცხლისაგან ჰქონდა დაცხაული ჩიბუხის წევის დროს. ბევრჯელ კინაღამ არ დაიწვა კაცი. მაინც თავისას არ იშლიდა: ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ნათქვამია. ერთხელ მგზავრად მიმავალს ტანისამოსზე გაუჩნდა ცეცხლი და - თქვენს მტერს დაემართოს, რაც იმას დაემართებოდა. არაგვი რომ არ დასწრებიყო, მაშინათვე წყალს ეცა.

ხალხში ბევრი თქმულება იყო გავრცელებული ღვთისუნელსა და იმის ჩიბუხზე. სხვათა შორის იმასაც კი ამბობდენ: მკის დროს ღვთისუნელს ხელეურში ყალივნის ცეცხლი ჩაჰვარდნია და ხელეური დასწვიაო, - ღვთისუნელი დამწვარაო და სხვა, მაგრამ თქმა თქმად დარჩა, ამბავი - ამბად, ღვთისუნელი ჩიბუხს შეჰრჩა, ჩიბუხი - ღვთისუნელს. დღესაც ისევ ცოცხალია და ცხოვლად ასრულებს თავის მოვალეობას ჩიბუხის წინაშე.

მეტისმეტად ესიამოვნება მგზავრად წასულს, შეჰხვდეს ვინმე, რომ ჩვეულებრივი გამარჯვება-გაგიმარჯოს, სალამ-ქალამის შემდეგ მიაგებოს ასეთი სიტყვა: “მოდი, ჩამოვსხდეთ, თითო ყალიონი მოვწიოთ!”

- ტალკვესი ხო გაქვის? - ეკითხება მგზავრს შინაურულად, ძმურად. რაკი ყალიონს გაჰმართავს, რამდენიც გნებავთ ელაპარაკე და ალაპარაკე, წასვლას ვეღარ გაიგებს. ხიდთან რომ მივიდეს. უეჭველად ხიდის ყურზე უნდა დაისვენოს, თუნდა დაღალული არ იყოს, და ჩიბუხი მოსწიოს. ეწევა ჩიბუხს და თან მდინარის ტალღებს ადევნებს თვალსა. რას ფიქრობს ამ დროს, ღმერთმა უწყის, მხოლოდ ეს ცხადია, ესიამოვნება.

მიდის დილით გარიჟრაჟზე ყანაში სამკალად. შესჩერებია თავთავებს, ჰხედავს ფხაზე ნამი პატარძლის ცრემლივით დაჰკიდებია, ესეც კაი საბუთია, შეისვენოს, ჩიბუხი გააკეთოს “მოდი, ბარემ ერთს ყალიონს გავაკეთებ, მანამდე ყანაც შეიბერტყება, შეშრება, მჭელეურს ნამი აღარ შეჰყვება და მეც კარგა, გულიანად შეუტევ”, - ფიქრობს ღვთისუნელი თავის გუნებაში. თავზე კი ამ დროს ტოროლა დასტრიალებს, დაჰკივის, თუმცა ღვთისუნელი იმას ყურს არ უგდებს, არც ესმის გაბრუებულს მისი ჭიკჭიკი: “ადე, ღვთისუნელო, ადე, ძმაო, რა დროს ჩიბუხია, ნამი არ უშლის ყანას, გალესე ნამგალი და მოუსვი გულიანად; მომკილს ყანას არაფერი უშავს, აგერ ცხრათვალი მზე მოდის, დაჰხედავს, შეაშრობს; მერე უფრო დაცხება, მუშაობა გაგიძნელდება; ჩიბუხი არსად გაგექცევა, ყანა კი, შეიძლება, გაიქცეს: ხომ იცი, ცა თავზე დაჰყურებს!”

ერთხელ ღვთისუნელს დიდი უბედურება დაატყდა თავსა. თქვენთვის იქნება არაფერია, იმისთვის-კი - დიდი უბედურებაა მიჰხვდით? ვერა... ღვთისუნელმა ტყეში, ფიჩხის ჭრაში, ჩიბუხი დაჰკარგა, სადღაც ჩაჰვარდნოდა ის ვერანა. ეძება ღვთისუნელმა ბევრი, მაგრამ ვერას გახდა.

- ბიჭო, დავითო, გოგო, მარიამო, - უთხრა ღვთისუნელმა ვაჟს ცამეტი წლისას, ქალს ცხრისას, თავის შვილებს: - აბა, ერთი, მამაშვილობას მიიარ-მოიარეთ, იქნება მომიხელოთ ის ოხერი ყალიონი, გამიჭირდა, ვკვდები უყალივნობით. თქვენ უფრო თვალს აჭრევინებთ, გაჰყევით ამ ბილიკს, რაზედაც ე ფიჩხი გამოვატარე, იქნება მანდ სადმე ჩამივარდა. მაშ რა იქნა? ცამ ჩანთქა თუ დედამიწამ?

ბალღები მაშინვე ჩიბუხის ძებნას შეუდგნენ.

- რა საქმე გიჭირს ნეტავ, ბეჩავო, რაში გარგია, კაცმა იცოდეს, რაც საქმეს არ გაცდენს და არა გშრეტს, რო მისტირი იმ ოხერს ყალიონს? - უთხრა ბუზღუნით ცოლმა ხვარამზემ.

- შენ მაგისას არა გკითხავ, ე პური არ დასწვა, ნაცარი გადაუგრილე. შენც ახლა მე უნდა დამარიგო შენს ჭკვაში, დედაკაცობაში წილი უნდა ჩაიდვა და ის კი დაგვიწყებია: “ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა კაცუნაო, ზოგს დედაკაცს - დედაკაცი, ზოგსა - დედაკაცუნაო?!” - მიუგო ქმარმა და თანაც თავზე ჩაჩი გვერდზე მოიგდო.

ხვარამზეს ბარემ უნდოდა პასუხზე პასუხის გაცემა, მაგრამ დასთმო, თანაც შაეცოდა ქმარი, ჩიბუხს მოკლებული, და თავადაც ღვთისუნელის დაკარგულ სიამოვნების ძებნას შეუდგა.

- ჰმ, ყალიონი და რა ყალიონი, ის ოხერი, ისა! - ბუტბუტებდა თავისთვის ღვთისუნელი და თან თვალი შვილების მოსასვლელ გზისაკენ ეჭირა. ბალღები მირბი-მორბოდენ ტყეში, გულმოდგინედ ეძებდენ მამის ჩიბუხს, მაგრამ ამაოდ, იმათ ისევ დედამ აჯობა. ხვარამზემ კარგად იცოდა ქმრის ხასიათი: როცა ღვთისუნელი ჩიბუხს მოსწევდა, უკან წელში ჩაიტანდა. მაშასადამე, მოისაზრა, თასმას, რომელიც ჩიბუხს ჰქონდა მობმული და კისერზე ჰქონდა გადაგდებული ღვთისუნელს, სხვა არაფერი გასწყვეტავდა, თუ არა ფიჩხი, ღვთისუნელის მოტანილი, ზიდილ-ჯაჯგურში. ამიტომ ხვარამზემ პირდაპირ ქმრის მოტანილს ფიჩხს მიჰმართა და იმას დაუწყო ჩხრეკა. იმედი არ გაუმტყუნდა: მართლაც, ფიჩხში აღმოჩნდა ღვთისუნელის ბედნიერება. მხოლოდ ხვარამზემ ჩიბუხი ქმარს მაშინვე არ გამოუჩინა.

- მაშ, ეს მითხარ, კაცო, - ეუბნებოდა ხვარამზე ღვთისუნელს, - ჩიბუხი რო მოგიხელო, რამდენს გზას მოიტან ფიჩხს კიდევ?

- იქნება მაჰხელე? - სთქვა ღვთისუნელმა და სახეგაბრწყინებული წამოიჭრა ზეზე. - მაიტა, სადა გაქვს, რა უყავ?

- შენ რა გინდა, რაც უყავ? სთქვი, რამდენს გზობას მაიტან კიდევ?.. - ჰკითხა ცოლმა.

ღვთისუნელმა თავი ჩაჰკიდა და ჩაფიქრდა.

- რამდენსა? - სთქვა ბოლო დროს, - ერთსა.

- მაიტან სამსა? - განუმეორა ცოლმა.

- მოვიტან, მოვიტან, ოღომც ნუ მკლავთ უყალივნობით, სთქვა ღვთისუნელმა.

- კარგი, მაშ, ეხლა ეს მითხარ, შენის მკვდრების ცხონებასა, ყალიონი უფრო გიყვარს, თუ ჩვენა, შენი ცოლ-შვილი? - ეკითხებოდა კვალად ცოლი.

ღვთისუნელს წვერებში ჩაეცინა, ტუჩებზე ღიმილი შეუთამაშდა.

- ყალიონი. - უპასუხა ცოტა სიჩუმის შემდეგ, - ეგ მასიამოვნებს და თქვენ-კი ჭირისა და ვაების მეტი არაფერი მაჩვენეთ; წინ მარტი მიჩან, უკან აპრილი, თავზე ქუდი აღარ შამრჩა და ფეხებზე - ქალმები. ბევრს ნუღარ მაყბედებ, მაიტა ჩქარა ი ოხერი ყალიონი, თორო, ხო იცი, მე ცოტა ნაფქვავი მაქვ, კიდეც გავჯავრდები.

- ოღომც შენ ნუ გაჯავრდები მაგაზე მეტად, აჰა! - უთხრა ხვარამზემ და თანაც ჩიბუხი გადასცა. - ჯვარი გეწეროსთ შენა და შენს ჩიბუხსა, ერთმანეთს შეგაბეროსთ, ტკბილად დაგაბეროსთ.

- ამინ და ეგრე იყოს! მაგას რა სჯობია! ღმერთმა შენც გიშველოს, დედაკაცო, და მუდამ ხალისიანად ცეცხლი მოგატანინოს, როცა შაგიკვეთო, - მიუგო ღვთისუნელმა და თან შეუდგა ჩიბუხის მართვას: სირაში რამდენჯერმე ჩაჰბერა და შეისუტა; მერე სათამბაქოდან ამოიღო წეკვის ნაგლეჯი და დაუწყო ხელისგულზე სრესა... ამ დროს ქშენით, პირზე ოფლგადამდინარი ბალღებიც მოვიდენ და გულმტკივნეულად განუცხადეს მამას: “ვერ მოვხელეთ, მამავ, ვერა! სუ დავიარეთ ეგ ტყე, ვეძებეთ გზა-გზის პირებზე და არსად იბადება!”

- გიშველოთ ღმერთმა, შვილებო, ნუ შასწუხდებით, დედათქვენმა მოიხელა, აქ არი! - და უჩვენა უკვე გამზადებული ჩიბუხი. - თქვენ ეხლა ერთი ნიგზური (მუგუზალი) მომიტანეთ, სხვა არაფერი მინდა. - უთხრა მამამ შვილებს და ისინიც ბრძანების ასასრულებლად გაექანენ სახლისაკენ, ხოლო ღვთისუნელს თვალი კარებისაკენ ეჭირა და პირით ყალივნის სირას აწვალებდა.

ცეცხლიც მალე მოუვიდა და გაიჩარხა იმის საქმე. დაადო ჩიბუხს ცეცხლი. გააჩაღა ჩიბუხი. გაეხვია თამბაქოს ბოლში. ისე ჰგრძნობდა ამ დროს თავსა, თითქოს ღვთისუნელზე სული წმინდა გადმოსულაო.


II


საყდრის გალავანში კომლის კაცს მოეყარა თავი. დიდი ყატყატი იდგა: ზოგნი ფეხზე იდგნენ, სხვანი მხარ-თეძოზე შემოწოლილიყვნენ. სათათბიროდ დიდმნიშვნელოვანი საქმე გამოსჩენოდა ხალხსა და ეს საქმე უნდა გაერჩია, მისთვის თავის მსჯავრი დაედო. თებერვლის შუა-რიცხვები იქნებოდა, გალავნის ძირზე მინაქრული თოვლის გროვა მოსჩანდა. ღვთისუნელს ზურგი შაექცია ხალხისთვის, გაბუტული იჯდა ხმაამოუღებლად და თვალებით თოვლს მისჩერებოდა, პირში ჩიბუხი ეჩარა და ნელ-ნელა ჰსუტავდა.

- ეხლა თქვენ იცით, როგორც გაასამართლებთ. მე ამის მეტს ვერას ვიტყვი: დავიღუპე, დავიქე. თქვენს მტერს დაადგეს ის დღე, რაც დღე მე მადგა: რამოდენა საქონლის საჭმელი - ჩალა და თივა - ჩამეწვა-ჩამებუგა. კიდევ კარგი, საქონელი მაინც გადავარჩინეთ... საბძელში გოდორი იდგა, ერთი ცხრა-ათი კოდი ქერი ეყარა შიგ, ისიც ჩაიწვა. უღლებს, გუთანს, ფიწლებს, ნიჩბებს ვინღა ჩივის! სუყველა გაადნო ცეცხლმა. რა უყვა ამ ცივ ზამთარში? ან საქონელი სად მოვათავსო და ან რა ვაჭმიო? მართალია, მამასახლისს ელით, მაგრამ ტყუილად, მე მამასახლისი არაფერს მომიტანს და ვერც გზას მამცემს უთქვენოდ. - ეუბნებოდა ფარაჯაში გახვეული, ბანლის გარსაკრით შემოსარტყული, თავზედ ხელსახოცწაკრული, ჯოხზე დაბჯენილი, ტირილის ხმაზე მოუბარი ბუთლია. - არ მინდა არავის შეწუხება, არც თქვენი, არც კიდევ მეზობლისა, მაგრამ რა ვქნა, ამ წყალწაღებულმა, რო არა ვთქვა და არ ვიჩივლო, მეც ერთი საწყალი კაცი ვარ, ცოლ-შვილის პატრონი!..

- განა მაგას კი უნდოდა! მოუხდა ფათერაკი საქმე, მოუხდა! ახლო ხო არ დავარჩობთ, ან არ ჩავაქვავებთ? საწყალს თავადაცა სცხვენიან, აგერ პირდაპირ ვეღარ გვიყურებს, როგორ გვერიდება. უფრო სასმლის ბრალი იქნება. - გაისმა რამდენიმე ხმა გროვიდან.

- იმდენი ბრალიც არ იყო სასმლისა, თქვენი ჭირიმე, არა! სასმლის ბრალი კი არა, იმის ბრალია, რომ ეგ ბეჩავი მეტისმეტად ებრძვის მაგ წყეულს ყალიონს: დღე არ გააჩნია და ღამე, თორო დალევით იმდენიც არ დაგვილევია, გონი დაგვეკარგა. აღების ღამე იყო, ბერიკეები მომივიდენ სტვირით, ფანდურით, ლხინით, ჰაიჰუით. ღვთისა წინაშე, ძალიან მიამა, ბებრები, ბალღები სუ ერთმანეთში არეულიყვნენ. დავპატიჟე შინ, ვასმიე არაყი, ვაჭმიე პური, რაც ჩემი საწყლობა იქნებოდა. ღვთისუნელი აღარ გავუშვი, ჩემი ბრალია, მიმაჩნია, მინდოდა ერთად დრო გაგვეტარა, ამაძრახებს, ან ავს მეტყვის, ან კარგსაო, ვიფიქრე. ღვთისუნელმაც ხათრი არ გამიტეხა, დარჩა ჩემთან. როგორც ვიცით, ხინკალი მოვხარშეთ, ვახშამი ვჭამეთ. კარგა ხანს ვისხედით. დასწყევლოს ღმერთმა ის დღე და ის საათი! მოვიდა ძილის დრო, ღვთისუნელს შინ დავუგე ლოგინი. არაო, დაინიჟა, საბძელში ჩალა (ბურდო) იქნებაო, იქ წავალ, იქ დავიძინებ, თბილად ვიქნებიო. მეც აღარ ავუხირდი. დავაწვინე საბძელში და ბოლოს ეს გამოვიდა. - დაამთავრა ბუთლიამ სიტყვა და თანაც ღრმად ამოიოხრა.

ხალხს გულში წინათვე გადაწყვეტილი ჰქონდა, დავა როგორც უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ მიღებულ ძველადგანვე წესს საქმის გარჩევისას არა ჰღალატობდა.

- აბა, ერთი, ღვთისუნელს დავუძახოთ, იმასაცა ვკითხოთ, ვნახოთ ის რაღას იტყვის, იქნება - ბრალს არა კისრულობს, კაცებო? - გაისმა კვალად ხმები ხალხის გროვიდან. - ”ღვთისუნელო, ღვთისუნელო! მოდი აქ ცოტა ხანს”. - ღვთისუნელი ადგილიდან არ იძვროდა, მინამ რამდენჯერმე არ დაუძახეს. როგორც იყო, ადგა წელში და მუხლებში მტვრევით ღვთისუნელი და წარსდგა ყრილობის წინაშე. დარბაისელთ ღიმილი მოსდიოდათ სახეზე ღვთისუნელის დანახვაზე და ჯეილები, რომელთაც ცალკე ჯგუფი შაედგინათ, სიცილით იხოცებოდნენ. ღვთისუნელი თავჩაქინდრული იდგა კრების წინაშე და დიდხანს ხმას არ იღებდა, ყალიონს ეხლა ხელში ატრიალებდა. ახალოხის, ჩოხის და ტყავის წინა-კალთები სულ შემოსწვოდა, წამწამებ-წარბ-ულვაში სულ ატრუსული ჰქონდა. ამის გამო ყველას სიცილსა ჰგვრიდა.

- მიკვირს, ძმობილო, რო სუ არ ჩამწვარხარ? - ჰკითხა ვიღამაც ხუმრობის კილოთი.

- განა გიჟი იყო, ჩამწვარიყო, დღესაც კიდევ. ეტყობოდა თოვლზე მაგის ნაგორავალი. - გაიხუმრა მეორემ.

- დაილოცა ღმერთი, დაილოცა იმის სამართალი! - იძახოდა მესამე. - რაზე შავრცხვებოდით მთელი სოფელი და კაცი დაგვეწვებოდა?!

- ნეტავი ჩავმწვარიყავ, ისა სჯობდა, - წარმოსთქვა, როგორც იყო, ბოლო დროს ღვთისუნელმა: - მოვრჩებოდი ამოდენა დავიდარაბას და ვაი-ვაგლახს, აღარც თქვენ დაჰღონდებოდით, აღარც მე და აღარც ეს საწყალი ბუთლია. მე ერთს რასმე გთხოვთ, ჩემო ძმებო და მეზობლებო, კარგა იფიქროთ, აიღ-დაიღოთ. მართალია, მე მივაყენე ზარალი ბუთლიას, იმ ღამეს რომ მე იქ არ მივხისფეხე-ბულიყავ, ამ კაცს საბძელი და ბოსელი არ დაეწვებოდა. მაგრამ ბუთლიას ბრალიც-კია, რა უნდოდა, წავხირებულიყავ შინა; აღარ მამეშვა, არ შაიძლება, თუ ძმა ხარ, დარჩიო. ან მაგას რა აბრძოლებდა, მაგ დალოცვილსა? როგორც მოვხისფეხდი, ისევ ისრე წავხისფეხდებოდი - ეს საქმე არ მოხდებოდა. აღარ მამეშვა. და ბოლოს კი ასე გამოვიდა საქმე. ღმერთმაც იცის, თქვენც კარგად იცით, ბუთლიასაც ეჭვი არა აქვს, რომ მე ეგ ჯიბრით და შურისძიებით არ დავწვი. ათასჯერა ვწოლილვარ საბძელში, ჩალაში, ყალიონიც მამიწევია, მაგრამ იქ ცეცხლი არ გაჩენილა. რაღა მაგის საბძელში გაჩნდა ცეცხლი, თუ ერთი რამ მიზეზი არ იყო, თუ წერა არ იყო. - ღვთისუნელმა როცა სიტყვა “წერა” ახსენა, ხალხმა ყურები ჩამოყარა, ღვთისუნელმა ეს ცხოვლად შეამჩნია, გული მოეცა, უფრო გამხნევდა, იქამდის გამხნევდა, რომ ჩამოჯდა კიდეც, სათამბაქოვე ამოიძრო ქამრიდან და ჩიბუხს მართვა დაუწყო; თანაც განაგრძო: - ახლა ესეც იფიქრეთ, თქვენ გენაცვალოსთ ღვთისუნელი, მე რო მართლა ჩამვწვარიყავ, ვის უნდა ეზღო ჩემი თავსისხლი? ხო უნდა დაჰბრალებოდა ბუთლიას, რადგანაც მაგან დამაბრუნა ძალად შინა. მაშინ ხომ ყველას უნდა გეთქვათ: სუ ბუთლიას ბრალია! იმ აღების ღამეს ღვთისუნელი რო არ დაებრუნა, არ დაეთრო, კაცი არ დაიწვებოდაო. მაგრამ ესეც უსამართლობა იქნებოდა. მე, დაილოცა ღმერთი, არ დავიწვი და რის ბრალია? ესეც იმავე “წერისა”. აბა კარგა იფიქრეთ, თუ ასე არ არი?

ხალხი უფრო ღრმად ჩაფიქრდა და ღვთისუნელიც სრულიად გამარჯვებულად გრძნობდა თავსა, მაგრამ უცებ აღმოჩნდა ხელის შემშლელი “გარემოება”, ეს “გარემოება” ადამიანი გახლდათ, გლეხკაცი სამოცის წლისა, ზურაბი, კაცი პირდაპირი, მოურიდებელი, პატიოსნებით გათქმული. ვისთანაც უნდა ჰქონოდა საქმე, დიდთან თუ პატარასთან, თავის გრძნობას, თავის აზრს მოურიდებლად, მოუფერებლად წარმოსთქვამდა მუდამ. თავის ჯეილობაში ბევრი უწვნევია ზურაბს თუ მოხელეებისაგან, თუ მეზობლებისაგან, მაგრამ თავისი ზნე ვერარამ და ვერავინ მოაშლევინა. მისი დანჯღრეული ხმა, სწორედ ვეფხვის რუხრუხის მსგავსი, მეხივით გაჰკვეთდა გასაკვეთს და გასაწყვეტ საქმეს.

ვიდრე ხალხი ფიქრში იყო და გუნებაში სწონავდა, ნასმენ-ნახულს, ღვთისუნელმა დრო იხელთა, ყალიონში თამბაქო ჩაყარა, ტალკვესი, აბედი ამოიღო, დააკვესა, ყალიონს აბედი დაადო და დინჯად ბოლება დაუწყო. გამარჯვებული ვარო, თან გულში ამას ფიქრობდა. აი სწორედ ამ დროს გაისმა მოხუცის ვეფხვის რუხ-რუხი.

- ჩვენ გავიგოთ, ბიჭო, ვისი და რის ბრალია? - წარმოსთქვა ზურაბმა და თან ეკლის კონების მსგავსი ულვაშები და ჩამობარდნილი წარბები შეათამაშა: - რა უნდა გავიგოთ? გაგებული მაქვ და ძალიან კარგა ვხედავ, ჯერ არ დავბრმალვარ. ვისი ბრალია? ე მაგის ბრალია, პირში რომ გჩრავ და, როგორც ძაღლი ვერ ეშვება ძვალს, რაც უნდა გამოხრული იყოს, ისე შენ ვერ მაჰშვებიხარ, შე გადაყრუებულო! - უთხრა ეს ზურაბმა და თან ჯოხი დაუკრა ჩიბუხს ისე მარჯვედ, რომ ჩიბუხი ხალხში გადავარდა, ხოლო ღვთისუნელი პირს კატა-ნაცემი დარჩა და დიდხანს ვერ გამორკვეულიყო, თუ ეს რა საქმე დაემართა. - წერა. წერა! წერა-მწერელი, თუ არ დაგიშლია, შენ ნუ მამიკვდები, წერა-მწერელს შენ და შენის ჩიბუხის თვალყურის საგდებლად მოუცლია?!. აი ეგ არი ჩემი სამართალი. გესმის თუ არა? ყალივნისთვი კი არა, შენთვი უნდა დამეკრა ეს ჯოხი თავში, შე ძაღლო! - ამბობდა ზურაბი და თან ცეცხლის მგზნებარე თვალებით შასჩერებოდა ღვთისუნელს.

ხალხი აჩოჩქოლდა, ეცნენ საბრალო ღვთისუნელის ჩიბუხს და დაუწყეს წეწა, ზოგი მუშტსა სცემდა, სხვა ფეხქვეშ იგდებდა, სირა (ჩიბუხის ტარი) დააქუცმაცეს და აქეთ-იქით გადაყარეს. ისმოდა ჟრიამული, სიცილ-ხარხარი.

გამტკნარებულმა, განაცრებულმა ღვთისუნელმა როდის-როდის წარმოსთქვა: - ვაჰმე, ჩემო ყალიონო, აბა, უყუროს კაცმა, რასა სჩადიან, ე!? ღმერთი იწამეთ, ყალიონი არ გამიტეხოთ! - მიჰმართა ბოლო დროს ხალხს ღვთისუნელმა, მთელი გული და გონება მისი მიმართულ იქმნა ჩიბუხისაკენ და ზურაბის საპასუხოდ მხოლოდ ორის სიტყვის თქმა მოასწრო: - “გაგიხმეს ხელი და დაგიდგეს ენა, აჰა!” მიეშველა თავის საყვარელ ჩიბუხს. უნდოდა დაეხსნა წამებისაგან, მაგრამ ამაოდ, ვერაფერს გახდა, ვერაფერი უშველა პატრონმა, აღმზრდელმა აღზრდილს: ხალხმა ჩააქვავა ღვთისუნელის ჩიბუხი, მოუსპო სიცოცხლე, მოუსპო...


III


როცა იყო და არ იყო, ხალხი დაშოშმანდა, დაჯარდა, ცოტად გული მოიოხა. ხოლო სადავო საქმისა არ იყო ეს სრული გადაწყვეტა, - ამით ვერ დაკმაყოფილდებოდა დაზარალებული ადამიანი და ვერც ხალხის სინდისი. ჩიბუხის დასჯა ვერ გააძღობდა უსაჭმელოდ დარჩენილს ბუთლიას ძროხებს, ვერც გომურსა და საბძელს აუშენებდა დაზარალებულს, ნივთიერი დახმარება იყო საჭირო, ამას ყველა ჰგრძნობდა, ყველას გული ძალადაუტანებლად დუდუნებდა: - “უნდა უშველო დაზარალებულს მეზობელსაო!” მხოლოდ ერთი ენის დაძვრა იყო საჭირო, ერთი მოწოდება, რომ ხალხს “ჰოს” თქმით მოეშორებინა ის მოთხოვნილება, რასაც გული და ჩვეულება ავალებდა. ეს ხმაც გაისმა.

- კაცებო, - წარმოსთქვა ზურაბმა, - რო შაძლება და ღონე ჰქონდეს, თუ მთელი ზარალი არა, იმის ნახევარი მაინც უნდა ღვთისუნელისათვის გვეზღვევინა, რადგან იმის გაუფრთხილებლობის ბრალია ამ კაცის ზარალი. მაგრამ რადგან ღვთისუნელიც საწყალი კაცია, ჩვენი ვალია ყველასი დავეხმარნეთ ჩვენს ძმას, ჩვენს მეზობელს. ნუ ვუმტყუნებთ მამა-პაპის წესსა და ჩვეულებას, რითაც ვის შეგვიძლიან, იმით შევეწივნეთ. გავიყვანოთ ეს კაცი იოლად. ამისთანა საქმე დღეს ამის თავს არი, ხვალ ჩვენს თავზე იქნება. მე ამის მეტი არ შემიძლიან: მიჩუქებია ერთი თივა და ერთი ტვირთი ჩალა; როცა გინდა, მოდი, ძმაო, და წამაიღე; როცა საბძელ-გომურის მასალას მოიტან და კეთებას დაუწყებ, ერთს შაბათს დღეს ბალღსაც გაშველიებ.

- გიშველა ღმერთმა! - გაისმა ხალხში ხმა: - მეც მიჩუქებია ერთი თივა. მეც, მეც... მეც... მეც ერთი ტვირთი ჩალა... “მეც მიჩუქებიაო”, ამ სიტყვებმა, როგორც მილით გაყვანილმა წყალმა, მორწყო მთელი გუნდი ხალხისა. ხოლო ღვთისუნელს, იმის გარდა, რაც თავის პირით აჩუქა, ხალხმა დაავალა ორიოდე დღე ხარით და კაცით მიჰშველებოდა ბუთლიას ხე-ტყის ზიდვაში. ბუთლია ხალხს მადლობას უხდიდა, ხოლო ღვთისუნელი არ იყო ხალხის მადლობელი მის საყვარელ ჩიბუხის დასჯის გამო.

მოჩივარი და მოპასუხე იქვე ყრილობაზე შერიგდენ, ერთმანეთს პირზედ აკოცეს და სახლში, როცა ხალხი დაიშალა, ერთად წავიდენ. ბოროტ ენათა ის ხმაც კი გაავრცელეს ბოლოს, რომ აღებისღამინდელი ჩარექაში დარჩენილი არაყი ღვთისუნელს და ბუთლიას ერთად ესვათ, გამოეცალათ, ერთმანეთი ედღეგრძელებინათ, მკვდრებისთვის შენდობა ეთქვათ თურმე და ერთმანეთისათვის შაეფიცნათ ისევ ძმობა და სიყვარული