ბათურის ხმალი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ბათურის ხმალი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1913 წელი


I

ბათური ფშავში, თავის სამშობლოში, საკაცით მოიტანეს ბრძოლის ველიდან თანამოძმეებმა და დიდის ამბით მიაბარეს მშობელ მიწას. მოზარეთა ზარი დედამიწასა სძრავდა, მთებს ქედს ახრევინებდა და ცრემლს ადენდა. ბევრმა ლამაზმა ქალმა და რძალმა მოიჭრა ხშირი, ყორნის ბოლოსავით შავი თმა, თორმეტ ნაწნავად დაწნული, ნიშნად ღრმა მწუხარებისა. საკაცეს თან მოაყოლებდენ ბათურის ცხენს, - რახტში ჩამჯდარს; ცხენსაც-კი ჯავშანი ეცვა, ზედ არავინ არ იჯდა. უნაგირის ტახტებზე იყო დაკიდებული გმირის რკინის სამოსელი: პერანგი, ჩაჩქანი, საფუხრეები, სამკლავე-საჩერნეები, ხანჯარი, მშვილდი რქისა და საისრეები. თავად ბათურსაც მტრის ისარმა მოუღო ბოლო. გააფთრებულს ბრძოლაში, ხმლის ქნევის დროს, ისარი დაჰკრეს იღლიის ძირში, რადგან იმას არ უფარავდა ჯაჭვი.

თუმცა ემძიმებოდა ოროლ კაცს საზიდავად, მაგრამ მისი სახელოვანი ხმალი მოწიწებით გულზე დაასვენეს და ამგვარად მიიტანეს. ხმალი თუ გულზე ესვენა ვაჟკაცს, ცხენი თავით იყო დაყუდებული; პირუტყვიც თითქოს ჰგრძნობდა პატრონის უბედურებას და სწუხდა, ერთ ალაგას ვერ ისვენებდა.

მაგრამ ხალხი ხმალზე უფრო ბევრსა ლაპარაკობდა. ბათურის ხმალზე: ქარქაშიდან ამოდის და ქარქაშიანი სწუხს, მიცვალებულის მკერდიდან აქეთ-იქით გადად-გადმოდისო.

მოზარენი ხომ ამ ხმალზე დაბჯენილნი დასტიროდენ მიცვალებულს, ყველა ერთად აღიარებდა: ხმალი თითქოს კვნესის, სულს იქცევსო.

ამის შემდეგ ბათურის ხმალმა უფრო სახელი გაითქვა. ამ ხმალზე ხალხი მაღალი აზრისა იყო, რაღაც ღვთაებრივს ძალას აწერდენ: თუ ხატი, ღმერთი, რჯული და დროშა გაიყიდება, ბათურის ხმალიც მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიყიდოსო. ომშიაც დიდად სახელგანთქმული იყო ეს ხმალი: რამდენჯერ უნახავთ, რომ მის პატრონს თავის ძლიერის მკლავით შემოექნიოს მტრისათვის და ცხენი თავის მხედრიანად გაეწყვიტნოს, შუა გაეპოს და თანაც ხმლის წვერი მიწიდან ამოეწვადოს. რამდენჯერ ჰქონიათ შემთხვევა, გზა-კვალ, დაბნეულს მტერს დაჰრეოდენ და, როგორც ანწლი, ისე ეკაფოსთ. ყველას ხმალს ადამიანის სისხლის და ქონისაგან, როგორც ადამიანს თვალებზე, ფხაზე ლიბრი გადაჰკვრია. ხმლები ჯოხებად-ღა ქცეულა, მხოლოდ ერთი ბათურის ხმალი დარჩენილა ფხაზე სისხლ-მიუკარებელი.

დასაფლავების დროს დიდი კამათი გაიმართა ხალხში შესახებ იმისა, -ჩაეყოლებინათ თუ არა ბათურისათვის ხმალი საფლავში. უმრავლესობა თითქმის იმ აზრისა იყო, რომ ხმალსაც იქ უნდა ჰქონოდა ბინა, საცა ეს უცვალებელი ბინა დაიდვა მისმა პატრონმა, რადგან ეს მკვდარსაც ესიამოვნებოდა და მისი ხმალიც მოსვენებით იქნებოდა.

ბოლოს წამოდგა წინ მხცოვანი რაინდი ხეტე, დიდი დაჯღანული, დაკეჭნილის ცხვირით, სახეზე ორგან თუ სამგან სხვაგანაც ეტყობოდა ნაჭრევები. მის დიდს ულვაშებს სქელი წარბები დასჩერებოდა, ისე დიდი, თითქმის ერთი საბელი დაიწვნებოდა, და ციხე-გალავანივით ჰსაზღვრავდა გმირის დაბალს, ხმლისაგან გადასერილს შუბლსა. ხეტემ მოკლედ სთქვა: ეეე, კაცებო, ფშავლებო! ჩვენ ახალს ვერც არას მოვიგონებთ, ვერც არას ვიტყვით. რაც ძველებს უთქვამს, ჩვენც იმაზე დავდგეთო. და ამ დროს წარმოსთქვა ლექსი:


ნეტავ რად უნდა კარგს ყმასა
სამკლავე, საფუხარია?
მეც გამყვა სამარეშია,
მაგრამ ვერ მოვიხმარია:
არ დამანებეს ღთიშვილთა
ჩემი ხმალი და ფარია.
იქ არც მგზავრობა დამჭირდა,
არცვინ შაყარა ჯარია.
ტყუილად ცოცხლებს დავაკელ,
შვილები გავამწარია.


ამ ლექსმა ყველა ჩააფიქრა. განა თუ გაგონილი არა ჰქონდათ წინათაც ეს ლექსი, მაგრამ ამჟამად როდი აგონდებოდათ. ეხლა ხეტემ მოაგონა და არც უნაყოფოდ ჩაიარა იმისმა ცდამ. ხეტე დანჯღრეულის, მაგარის ხმით ლაპარაკობდა, ცოტა თავდახრით იდგა, მარჯვენა ხელი სრულიად ჩამოშვებული ჰქონდა, ხოლო მარცხენით ხმლის ვადასა ჰბღუჯავდა. თავს როდი სძრავდა საუბრის დროს, კისერიც მგელივით გაშეშებული ეჭირა, მხოლოდ თვალებს აგელებდა, აძვრენდა იქით-აქეთ. საშინელი, საზარელი იყო ხეტეს თვალები: ცეცხლივით ენთებოდა და ამ თვალების მნახველი ყველა სხვა თვალები უნდა დამწვარიყო, ჩამქრალიყო. ძალაუნებურად მის წინაშე უნდა თავი მოგეხარა. უსიტყვოდ დაგიმონებდა, გაგტეხდა, დაგალაჩრებდა ხეტეს მარტო ერთი შეხედვა. “ჩვენს ძმას ბათურს იქნება ან შვილი გამოადგეს, ან შვილიშვილი გამოუჩნდეს იმის ხმალს ღირსეული მხედარი, კარგი პატრონი, აიღოს ხელში და დადგეს საქართველოს დარაჯად, უპატრონოს რჯულ-საქრისტიანოს... საფლავში კი მიწამ უნდა შეჭამოს, ეს რას ეგვანება?!”

ამ სიტყვის შემდეგ ხალხმა უარჰყო თავის განზრახვა, აღარავინ ამბობდა, ხმალი ბათურს თან ჩავაყოლოთო. მას აქეთ დარჩა ეს ხმალი სამზეოზე და მას აქეთია კიდეც, როგორც ხალხი ამბობდა, ბათურის ხმალი დაღონებული იყო, მოუსვენრობდა, ჰგლოვობდა თავის ერთგულ პატრონს, ტიროდა.

დიდებული, საკვირველი სურათი იხატებოდა ადამიანის თვალწინ, როცა ხეტე დასტიროდა თავის ძმობილს ბათურს. გმირის ტირილი გამწარებული ვეფხვის რუხრუხსა ჰგვანდა, რომლისთვისაც ვიღაც თავხედ მონადირეს ლეკვები მოუპარავ. შვილების მაძებარი აწყდება აქეთ-იქით, ადუღებული სისხლი ყელში ებჯინება; რომ ნამდვილი მტერი ვერ უპოვნია, ხესა და ქვას-ღა ჰღრღნის, მიწას ღადრავს კლანჭითა. ეს ტირილი უფრო წყევლა-კრულვა იყო მტრისა, ბრაზში და ნაღველში ამოვლებული, ცრემლით გაბანალი. მაგრამ ეს ცოტაა ხეტეს გლოვის დასასურათებლად: ეს ვეფხვი უნდა იქცეს ცრემლის მფრქვეველ სალ კლდედ თავის სიმტკიცით და შეუდრეკელობით, მხოლოდ მას შეჰრჩეს მსგავსება ვეფხვისა. ეს ორი საგანი შეაზავეთ ერთად ოცნებაში, ადინეთ ცრემლი, ალაპარაკეთ; მხოლოდ ამ გლოვისა და ვაების დროს სრულიად, უკლებლად შეჰრჩეს სიმტკიცე, გაუტეხელობა, დიდებულება კლდისა. ეს იქნებოდა სრული სურათი ხეტეს გლოვისა, მისი მოზარეობისა. ხეტეს ქვითინის დროს დანარჩენი მხედარნიც ბანს ეუბნებოდენ.


II


დიდი გლოვა-ტირილის შემდეგ მიცვალებული მიწას მიაბარეს, დიდი აღაპი გადაუხადეს, მრავალი შესანდობარი დაილია ბათურისა. დედაკაცებს ნატაბლი ქვაბებით, ჯამებით შინაც კი მიჰქონდათ.

ერთის კვირის შემდეგ ბათურის ცოლმა მკითხავს რომ აკითხვინა, ამ უკანასკნელმა გამოუცხადა, ცხენი ბათურისა ხეტესათვის მიეცათ საჩუქრად. ხოლო ხმლის შესახებ არაფერი პასუხი არ ისმოდა მიცვალებულისაგან და ამიტომ ხმალი სახლში დარჩა.

სამი წლის განმავლობაში ხმალი თავის საყვარელი პატრონის ლოგინს ამკობდა. მუდამ შაბათს დღეს, ან კვირას, მოზარე დედაკაცები იყრიდნენ თავს ბათურის ოჯახში, სატირელი გამოჰქონდათ ეზოში და ყველა მოტირალი მის ხმალზე დაბჯენით ტიროდა ბათურს, იგონებდა მის ვაჟკაცობას, გმირობას...

სამი წლის შემდეგ გლოვა გათავდა, ბათურის ლოგინიც აიღეს, ხოლო ხმალი მოწიწებით ჩამოჰკიდეს სხვა იარაღთან ერთად დედაბოძზე მიკრულ ირმის რქაზე. შვილები ბათურისა თავიანთ მამის ხმალს სწმენდდენ, ჰფერავდნენ, დუმას უსვამდენ, ჟანგი არ მიჰკარებოდა. ოჯახი ამ ხმალზე ლოცულობდა, იგი სალოცავ ხატად მიაჩნდათ, მით უმეტეს, რომ მთელი ქვეყანაც ასე ფიქრობდა. შვილები, თუმცა მამის ხმალი ძალიან მოსწონდათ, უყვარდათ და დედაც ეტყოდათ: არა, უნდა მამის ხმალი შემოირტყათო, - მაინც ისინი ვერა ჰბედავდენ, თავისთავს ღირსად არა სთვლიდენ სახელოვანი მამის ხმალი ტანზე ეტარებინათ. ამიტომ ლაშქარში თუ მგზავრობაში თავ-თავიანთ ხმლებს ირტყამდენ წელზე. სხვა ვინ გაჰბედავდა ეთქვა, მათხოვეთო. ბათურის ხმალი მუდამ ერთ ალაგას ეკიდა და ყველა მომსვლელი ბათურის ოჯახში დიდ ბედნიერებადა სთვლიდა, თუ ვინმე ნებას მისცემდა, სახელოვანი გმირის ხმალი ამოეღო ქარქაშიდან და თვალით დაენახა. ნახვის ნება ყველასაც ჰქონდა, ხოლო შევაჭრებისა, რა თქმა უნდა, არავის. ეს დიდი შეურაცხყოფა იქნებოდა ოჯახისა, თითქმის კაცის კვლასთან შესადარებელი. უნდა გენახათ, ხალხი რა სახეგაბრწყინებული ჰსინჯავდა ამ ხმალს და რამდენ ომსა და ამბავს იგონებდენ ბათურის ხმალ-ქვეშ გამოვლილს. “რა ლამაზი, რა მშვენიერი ყოფილა, თქვენი ჭირიმეთ!” - იყო უკანასკნელი სიტყვები ყველა მნახველისა...

ხოლო რამდენადაც ბედნიერი იყო ეს ოჯახი ამ ხმლის წყალობით, იმდენადვე უბედურნი, რადგან ბოლო ხანებში ისეთ სურათებს აკეთებდა, ყველა ოჯახის წევრს დიდ საგონებელში აგდებდა, თავში გამოურკვეველ აზრებს ჰბადებდა, ამასთანავე შიშსა.

ბევრჯელ უნახავთ, მაგალითად, ღამით, როცა ყველას ღრმა ძილით ეძინა, ცეცხლიც ღველფზე შეხვეული, ნაცარმიყრილი, მთელ დარბაზში წყვდიადი გამეფებული, ხმალი თავისთავად ამოწვდილა ქარქაშიდან და დაუწყია ჰაერში ნავარდი, პრიალი ისე, როგორც მას ბრძოლის დროს ატრიალებდა ბათური. შემდეგ თავისთავადვე ჩაგებულა ქარქაშში. ამა ამბის მნახველი რამდენიმე წევრი იყო ოჯახისა ცალ-ცალკე, ხოლო მაგალითი არა ყოფილა ხმლის ნავარდი ორს ერთად ენახა.

ხმლის ნავარდი ერთ ღამეს ბათურის უფროსმა შვილმა ელიზბარმაც ნახა და მეორე დილას ხმლის პირდაპირ სკამზე მჯდომარე მოთქმით სტიროდა. - დავსილო ხმალაო, დავსილო! დასწუხდი განა მამაჩემისაკე, ბეჩავო, განა?! ტყუილია, იმისთანა პატრონს შენ ვეღარ იშოვნი, ჩვენ შენის მხედრობის თავი არა გვაქვს. ომში რომ წაგიღოთ, მტერს გადაგცემთ, ტყუილად თავს შევირცხვენთ. ლაშქარს ხმლიანად წასულნი შინ უხმლოდ დავბრუნდებითო. - ელიზბარმა, რაც იმ ღამეს მოიხილა, ყველაფერი ძმას, ქურსიკას, და დედას, სეთურს, უამბო. - ვინ იცის, შვილებო, იქნება არ იყოს კარგი, ხმალი რო ყველაის სახელად გვიკიდავ, ყველას ვასინჯვინებთ. ვინ იცის, ვინ რა გულითა და სულითა ჰსინჯავსო. ხმალი უნდა კიდობანში ჩავდვა, არ შეიძლებაო. - ძალიან კარგი იქნება, დედავ, არა სტყუი. მთელმა ქვეყანამ, სხვაც არა იყოს, ხმალი თვალითა და გულით შეჭამაო. - უპასუხეს შვილებმა: - აიღე და ეხლავ კიდობანში შეინახეო.

სეთურმა ხმალი კიდობანში მოათავსა და თანაც ჩუმად რამდენიმე ცრემლი ჩააყოლა, მაგრამ...


III


მაგარი ის არის, რომ კიდობნიდან იწყო ღამ-ღამობით საუცხოვო ამბებმა მოდენა. ხმალი არ ისვენებდა: კიდობნიდან ისმოდა აბჯრის ჩხერა-ჟღარუნი, დაჭრილთა კვნესა, ხმა ლოცვა-მუდარებისა, ცოდვათა მიტევება. ვინა ლოცულობდა ან ვინა კვნესოდა, არავინ იცოდა, ხოლო ყველაფერი ხმალსა ჰბრალდებოდა.

ბათურის ოჯახი კვალად დაღონებული და დაძმარებული იყო. ჩარა არ იყო, უნდა მკითხავისათვის მიემართა სეთურს. მკითხავმა შემდეგი გამოუცხადა: - ხმალს ლაშარის-ჯვარი თხოულობსო. ხმალი ძალიან დაღონებულია, რომ უქმად არი და ომში წამღები არავინ უჩნდებაო; ლაშარის-ჯვარი ბრძანებს, თავად მე ვუპატრონებო. უნდა ლაშარის-ჯვარის დროშასთან ესვენოს შენის პატრონის ხმალიო და ლაშქრობის დროს ვისაც ქადაგი დაასახელებს, ხმალი იმას უნდა ერტყას ლაშქრობის დროსაო.

რაღა ეთქმოდა ან ცოლს ბათურისას, ან შვილებს? - როგორ შაეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ ხატისათვის?! მაშინვე კმაყოფილება გამოაცხადეს: - რა გვეთქმის, მიირთვას, დაილოცოს იმის მადლი და სახელიო, - წარმოსთქვეს ერთხმად დედაშვილებმა. აცნობეს ლაშარის-ჯვარის ხევისბერს და ისიც მალე გაჩნდა დროშით ხმლის წასასვენებლად.

ეს ამბავი მთელმა ქვეყანამ შეიტყო. კვალად შეიკრიბა ხალხი ბათურის ოჯახში, ქალი და კაცი, დიდი და პატარა. გაიმართა ხელახლად გლოვა და ზარი, თითქოს ბათური დღეს იმარხებოდა.

მთელი ხალხი ხმალს გოდებით ისე მისდევდა, როგორც ბათურის კუბოს, და ასე მიაცილა ლაშარის-ჯვარის სალოცავამდე. ხოლო იქ ხევისბერმა ხმალი დროშასთან ერთად მოათავსა და ხალხს გამოუცხადა: - ხალხო, ნუ სტირით და ნუ სჩივით, სატირელი, ღვთისა ძალით, აღარაფერი გვაქვს. სატირელი აქამდისა გვქონდა, რო გამოჩენილს ხმალს ღირსეული პატრონი არ უჩნდებოდა. დღეს-კი გამოუჩნდა და იცით ვინა? - ჩვენი დიდებული ლაშარის-ჯვარი. მაშ გაუმარჯოს იმის ძალს, იმის სამართალს და მის ახლად შეძენილს ხმალსა! - გაუმარჯოს, გაუმარჯოსო! - დაიღრიალა ხალხმა.

იმ დღესვე ხატში დაიკლა რამდენიმე საკლავი, როგორც ბათურის სულის მოსახსენებლად, ისე მის ხმლის სადიდებლად და გულის დასაამებლად. ხალხი ჰსვამდა როგორც ბათურის, ისე სხვა გარდასულ გმირთა შესანდობარს და უმადლიდა ღმერთს, რომ ბათურის ხმალი ხატმა მიიღო თავის მფარველობის ქვეშ. დიაღ, მიიღო და ამიერიდან ხმლის მწუხარება არავის გაუგონია, რადგან მას ომში ყოფნა ხშირად უხდებოდა და მუდამ ღირსეული გმირის ტანს ამშვენებდა.

ხოლო ხალხში ხმა იყო: ბევრჯელ უნახიათ ლაშარის-ჯვარის მიდამოებში ჯაჭვ-ჩაჩქნიანი ბათური გადამდგარიყოს სერზე, წელდამშვენებული თავის სახელოვანის ხმლითა, ეძახოდეს, ხელს უქნევდეს სალაშქროდ ბიჭებს.

უნახიათ აგრეთვე, შუაღამის დროს ათასწლოვან მუხა-იფნების ქვეშ შემოეკრიბოს თავისი ლაშქარი, ჰქონდეს თათბირი გალაშქრებაზე, ხელში ეპყრას თავისი ხმალი და მაზე რაღაცას ფიცულოდეს, - ხოლო იფნების, მუხის, არყის ტოტები, კენწეროები ციდან ჩამოსული კელაპტრებით ყოფილიყოს განათებული.