ახალი გვერდი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ახალი გვერდი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



საქართველოში წინათ მრავალი,
ისტორიულად არწარმავალი,
ვიდოდა მტრობა - გესლით მავალი,
და სისინებდა ქვეწარმავალი.

მისგან სიბნელე არეს ჰფენია,
შეხედეთ: გესლი რაოდენია,
ის ანადგურებს “ვეფხისტყაოსანს”,
რომ რუსთაველის ჩაჰკლას გენია.

ის შხამავს ასე უბრალოდ მზიანს
ვაჟა-ფშაველას დეკას და ღვიას,
ის წიწამურთან ილიას ხვდება
და მზიურ შუბლში უმიზნებს ტყვიას.

ყოველი კარგის წინააღმდეგი,
პირმშვენიერ დღის როს არს დამდეგი,
მშობლიურ მიწას სწყვეტს ბარათაშვილს
და სიგიჟემდე მიჰყავს ყაზბეგი.

და პოეზიის, ვით ბედისწერა,
ბნელ მწუხარებად იცვალა ჟღერა, -
ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან
დასტრიალებდა ბედითი ძერა.

ჭაობებიდან იყო ეს ასე...
მაგრამ ცივ კლდიდან ახლა ძვირფასად
ამოსკდა წყარო ანკარა ასად,
და აღტაცება ჯერარნახული
მოჰფინა შორად მიწას და ცასა.

სიცოცხლე დილის გულლმობიერი
სხივთა კრთომაში იყოს ძლიერი.
უფრო და უფრო, სულ მაღლა-მაღლა
იწევდეს მნათი პირმშვენიერი.


ჩვენს ხანას ვერვინ ეტყვის: შეჩერდი!
ძგერს ყველას სიმი დღეს, როგორც ერთი.
უმძაფრესია ახალი ხანა
და ისტორიის ახალი გვერდი!