აღწერა ჰერეთისა, კახეთისა და კუხეთისა, კუალად თუშეთისა და დიდოეთისა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ცხორება და ქმნულება მეფეთა ქართლისათა ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
მთავართათჳს კახეთისათა


კახეთის რუკა

აღწერა ჰერეთისა, კახეთისა და კუხეთისა, კუალად თუშეთისა და დიდოეთისა[edit]

სახელთათჳს

ხოლო ქუეყნისა ამის სახელნი არიან სამნი: რამეთუ ჰერეთი ეწოდა თარგამოზის ძის ჰეროსის გამო, რომელსა ძმათა თჳსთა შორის წილად ხუდა ქუეყანა ესე და დაიპყრა საზღვარი თჳსი, ვითარცა აღვწერეთ. ხოლო კახეთი და კუხეთი არიან წილნი ქართლოსისა, რამეთუ, შემდგომად ქართლოსის სიკუდილისა, განუყო დედამან მათმან ძეთა თჳსთა ქართლოსის წილი ქუეყანა. და მისცა კახოსს საზღვარი: აღმოსავლით მთა კავკასი; სამჴრით საზღვარი ჰერეთისა, თურდო-შტორის ჴევი, ვიდრე კავკასამდე; დასავლით მთა კახეთისა, რომელსა განჰკუეთს, ერწო-თიანეთს, იორის მდინარე, და მერმე მზღვრის მდინარე არაგჳ, და ჩდილოთ მთა კავკასი. და ამათ-შორისი ქუეყანა არს კახეთი, წილი კახოსისა, და მისის სახელის გამო ეწოდა ამას სახელი ესე, არამედ აწ უწოდებენ ფშავ-ჴევსურსა (რომელთა პირველ ეწოდათ ფხოელნი), თიანეთს, ერწოს, ირტოს-ჴევს, პანკისის ჴეობას, საყდრიონს და ალონს.

ხოლო კუხოსს მისცა საზღვარი: აღმოსავლით მთა კახეთისა; სამჴრით საზღვარი ჰერეთისა, რომელ არს ხუნანის გამოსწურივ გულგულადმდე; დასავლით მტკუარი და არაგჳ; ჩდილოთ იგივე მთა კახეთისა. და ამათ-შორისს ქუეყანას ეწოდა კუხეთი, კუხოსის სახელის გამო, არამედ აწ უწოდებენ თიანეთს, საგურამოს ანუ თეძმის ჴევს (რომელსა ეწოდებოდა ხერკი ამის გამო, ოდეს ლტოლვილნი ნაბუქოდონოსორისაგან მოსრულნი ჰურიანი დასხნა აქა მცხეთელ მამასახლისმან და ყვნა მეხარკედ), კუალად გრდანი, მარტყოფი, ლილო, დიდუბე, სამგორი, ჩადივარი, ომანის ჴევი, ყარაღაჯი და ნაგები და ყარაია. ხოლო ხოსროვანთ გარდავლინებისა შემდგომად, განდგა რა გრიგოლი მთავარი, ამან მოსპო სახელი კუხეთისა და იწოდა კახთა მთავრად ანუ ქორიკოზად. და ამათ მთავრობასა შინა ჯუარს ქუეითს, სამჴრის კერძს, ეწოდა გარდაბანად, არამედ შემდგომად კჳრიკემ, დაიპყრა რა ჰერეთიცა, იწოდა კახთ მეფედ, გარნა ჰერეთს აქუნდა თჳსივე სახელი მოუსპელი.

ხოლო შემდგომად განდგომილებისა ქ{რისტე}სა ჩ̃უჲვ, ქარ{თულსა} რ̃ნდ, მოისპო სახელი ჰერეთისაცა, და იწოდნენ საკუთრად კახთ მეფედ; და ჰერეთს უწოდებენ შემდგომად აწამდე განყოფით ესრეთ: გაღმა მჴარს, ელისენსა, შიგნით-კახეთს, ქისიყს და გარეთს-კახეთს. და არს სრულიად აწინდელის კახეთის საზღვარი: სამჴრით დიდის ალაზნისა და პატარას ალაზნის შესართავი და მუნიდამ ხაზი კავკასამდენ გავლილი და კუალად ხაზი მტკურამდე მისული; აღმოსავლით მთა კავკასი, ლეკეთსა და კახეთს შორისი; დასავლით საზღვარი ქართლისა, რომელი აღვსწერეთ, და მწარე წყალს ქუეით, მტკუარი, და ჩდილოთ მთა კავკასივე.

და მდებარებს ქუეყანა ესე სიგრძით ჩდილო-დასავლეთს შუადამ აღმოსავლეთ-სამჴრეთს შუა, და არს ქართლისა, რანისა, მოვაკანისა და ლეკეთის შუა მდებარე. ხოლო ქუეყნისა ამის საშუალს არს მთა, რომელი გამოჴდების ფშავ-ღლიღვისსა-შორისის კავკასიდამ და გამოვლის მახჳლის ჴევსა და ფშავს შორის, კუალად ერწო-თიანეთსა და ირტო-საყდრიონს შორის, და ჟალეთის ბოლომდე მდებარებს ჩდილოდამ სამჴრით, მერმე წარმოვალს და მივალს მაღარო-ხორნაბუჯამდე, აღმოსავლეთ-სამჴრეთს შუა მდებარებს და უძეს აღმოსავლით შიგნით-კახეთი, სამჴრით ქისიყი, დასავლით გარეთკახეთი და ერწო-თიანეთი. და ეწოდების მთასა ამას კავკასის კერძოსაკენ მთა კახეთისა, მერმე გომბორი, შუამთა და ცივი. არამედ მთა კუხეთისა ანუ აწ ზედაძნისა უმეტეს საჩინოდ შემოერთდების მთასა ამას, და მთა ზედაძნისა მობმული არს მთისა სარკინეთისა, რომელსა კუერნაქადცა უწოდებენ თჳნიერ განკუეთისა არაგჳსაგან, ამისთჳს უწოდებენ გომბორის მთასაცა ქისიყამდე კუერნაქად.

არამედ მთასა ამას და კავკასს შორისი ქუეყანა არს ტყიანი შაქამდე და მცირე-ველოვანი, და ამისი დასავლით კერძი, საგარეჯოს ქუეით უტყეო, მცირეთაგან კიდე, ჩალიან-ბალახიანი, ლერწმოვანი, უმდინარო. თჳნიერ იორის მდინარისა, და მცირე-წყაროიანი. ხოლო ჰავითა არიან მშუენნი, ზამთარ თბილი, ზაფხულ ცხელი და არა ეგდენ, მცირე-თოვლიანი, უყინულო, უყივნო, ვინაჲთგან ვეროდეს განჰყინავს მდინარეთა, და არცა დაადგრების თოვლი დღე სამ, და უქარო. არამედ ალაზნისა და იორის კიდენი და მისნი ქუემოთნი ფრიად ხაშმიანნი, ცხელნი და გაუძლისნი.

ნაყოფთათჳს და კაცთა

ხოლო ქუეყანა ესე არს ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ვენახითა, ხილითა, პირუტყჳთა, ნადირითა, ფრინვლითა და თევზითა, არამედ უფროს ჰერეთი, და უმეტესად ალაზნისა და იორის კიდენი, რამეთუ თჳნიერ ნარინჯისა, თურინჯისა, ლიმონისა და ზეთისხილისა, ნაყოფიერებენ ყოველნი, რომელნიცა აღვსწერენით, აბრეშუმით, ბამბით, ბრინჯით, და ხურმა და წაბლი იმერეთისაგანცა აქ უმჯობესი არს. გარნა არა სთესვენ ღომს, და არცა არს კირჩხიბი აქა. ხოლო ხილნი ვიეთნი აქაურნი უმჯობეს არიან ქართლისასაცა, და თაფლი იმერეთისა უმჯობეს და უმრავლეს აქაურთა. ხოლო კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი და მგზავსნი ყოვლითავე ქართველთა ზნითა, ჩუეულებით და ქცევით, არამედ ლაღნი, ამაყნი, მეხოტბენი, დიდმთქმელნი, მეჩხუბარნი, შემმართებელნი, უფრო გლეხნი, ერთგულნი, მოსილნი ქართულად, ენითა და სარწმუნოებითა ქართლისათა, და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი.

ქუეყანა-წყლისათჳს

ხოლო არს ქუეყანასა ამას შინა უდიდესნი მდინარენი ალაზანი და მეორე მცირე ალაზანი ანუ იორი, რომელთა მოიგეს სახელნი ალონის გამო, არამედ იორი გაორებისათჳს, ვინაჲთგან აქუთ სახელი ერთი - "იორა ამ მდინარემ". ხოლო გამოსდის ალაზანი თუშ-ფშავსა და ძურძუკს შორის კავკასსა, და დის ჩდილო-დასავლეთიდამ აღმოსავლეთ-სამჴრეთ შუა. და მიერთვის მტკუარს განჯის ბოლოს. აქ მტკურისა და ალაზნის შესართავს შორის არს მოვაკანი რომელი აღაშენა მოვაკანოს, და ამის გამო ეწოდა წილსა მისსა მოვაკანი, ვითარცა აღაშენა ბარდა ბარდოს და უწოდა სახელითა თჳსითა წილსა თჳსსა. ხოლო მტკურისა და ალაზნის შესართავს ზეით, ჩდილოთკენ, მოერთვის ალაზანს მცირე-ალაზანი ანუ იორი, და ამათ შესართავს შორის არს ჰერეთი, რომელი აღაშენა ჰეროს, ქალაქი თჳსისა სახელისა, და ამის გამო ისახელა ქუეყანაცა ესე, და აწ უწოდებენ ამას ადგილსა ხორანთას. და იყო ქალაქი და ციხე ყრუდმდე და ბერქამდე, შემდგომად მოოჴრდა და აწცა ოჴერ არს.

იორის მდინარისათჳს და მის ქუეყანათა

ხოლო იორი გამოსდის ფშავისა და თიანეთის შორისს მთას და დის ჩდილოდამ სამჴრით უჯარმამდე, მერმე ჩდილოთ-დასავლეთიდამ აღმოსავალ-სამჴრით შუა, გარნა უფროს აღმოსავლით. არამედ იორს და მტკუარს შუა ასტყდების მცირე მთა ხორანთიდამვე, რომელსა ეწოდების გძელტბა და გარეჯა. ეს მთა აწ ჰყოფს ქართლსა და კახეთს: ხორაუგიდამ მწარე-წყლამდე და მტკუარამდე კახეთისა, ხოლო მწარე-წყალს იქით ნახევარი, აღმოსავლეთის კერძო კახეთისა, და ნახევარი, დასავლეთის კერძი, ქართლისა. ეს გარესჯის მთა მიადგების სათის-ჭალას კუხეთის მთას და მერეთ, ჩადივრის გორაებით, მიადგების ლილოს, და ლილოს მთა მიადგების ეგრეთვე კუხეთის მთას. მდებარებს მთა ესე, ვითარცა მდინარე იორისა, და არს უტყეო, თჳნიერ ძეძუთა, და თუთუბოთა, და ეგეთთა სხუათა მრავალთა. არა სდის მდინარე და იშჳთ წყარო-ტბანი, არამედ თუ სადამე არს, მლაშენი და მწარენი. გარნა არს ბალახიანი ზამთარც, და გამოიზრდებიან სიმრავლე არვეთა, მროწლეთა, ჯოგთა, რემათა იმიერ და ამიერ. გარნა არს ზაფხულ ცხელი და გაუძლები.

ხოლო მდინარის იორის კიდე იმიერი და ამიერი არს ფრიად ნაყოფიერი, ვინაჲთგან აღმოვლენან რუნი, და ირწყვიან ველნი, და სცენდებიან ყოველნი მარცვალნი და დასდევს იორს მცირე ჭალაცა და ლერწმოვან-ჩალიანი, და არიან ნადირნი და ფრინველნი მრავალნი და უმეტეს ჴოჴობნი. გარნა იყო ალაზნის შესართავადმდე და ვიდრე სამგორამდე შენობანი დიდ ფრიად, არამედ მოოჴრდა გამოსლვასა ბერქასსა და შემდგომად ლანგ თემურისაგან, რომელნი ჩანან დღესაც. შემდგომად დასხნეს ელნი ამათ ადგილთა აწინდელთა მეპატრონეთა, ვითარცა ბატონმან თეიმურაზ და ხანებმან, და სთესდენ ესენი ყოველსავე; და ესენიცა წარიყვანა შანადირ და დასხნა ხორასანს. ხოლო იორს არარაჲ ვითარი მდინარე ერთვის ანუ ჴევი საგარეჯომდე, და არს მუნამდე ალაზნიდამ ველი. და არს ადგილი ესე ზამთარ თბილი, ბალახიანი, მცირე-თოვლიანი, ნადირ-ფრინვლიანი, ჰავითა მშუენი, ხოლო ზაფხულის ცხელი, ხაშმიანი, გაუძლისი. იორის პირს ყოფილა სასახლე, დამპალას, აწინდელთა კახთა მეპატრონეთა, საზამთროდ ნადირობისათჳს, არჩილ ა̃ მეფისამდე, კეთილს ადგილს, შუენიერს, წყაროიანსა.

გარეთ-კახეთისათჳს

ხოლო დამპალას აღმოსავლით-ჩრდილოთ არს, ჰერეთის მთის ძირს, მანავი, სადაც აღაშენა სასახლე იმამ-ყულიხან. მთის ძირად არს ძუელადი ციხე და აწ შემუსრვილი. არამედ ღჳნო მანავისა კეთილი. მანავს ქუეით ქისიყამდე, ცივგომბორის მთის კალთათა, არიან შენობა-დავნები ვენახ-ხილიანი. უძეს იორისკენ საჴვნელნი, ველნი და უკან მთა ტყიანი, უწყლო. მოსახლენი არიან მთავარნი, აზნაურნი, გლეხნი. ადგილი ნაყოფიერებით აღმკული, გარნა წყლისათჳს შემჭირნობს, თჳნიერ წყაროთა, დაბნებთა შინა უსაკმარობით, ვინაჲთგან არა აქუს მთას მდინარე, ვერარაჲთ რწყვენ ველთა. არამედ არს აქა პირუტყუთა სიმრავლე: ცხოვარნი, ცხენნი, ძროხა, კამბეჩი, ვირი. ხოლო მანავის დასავლით არს ჴევი გიორგი წმიდისა; გამოსდის შუამთას და დის ჩდილოდამ სამჴრით. ამან მოიგო სახელი, ოდეს შესწირეს გარეჯის უდაბნოს დაბნები ესე, უწოდეს საგარეჯო. ამის დასავლით ერთვის იორს ნინოწმიდის ჴევი, გამოდის მასვე მთას და მოდის ეგრეთვე. ამ ჴევზედ არს ნინოწმიდა, ეკლესია დიდშენი, გუმბათიანი, რომელი აღაშენა გორგასალ და დასუა ეპისკოპოზი, და ზის აწამდე, მწყემსი ამ ქუეყნისა ქისიყადმდე.

ამის სამჴრით და იორის მდინარისა არს გარეჯის მთასა შინა, ნათლისმცემელს და დავით გარეჯას შუა, მონასტერი დოდო, რომელი ქმნა მამამან წმიდამან დოდომ, რომელიცა იყო ნათესავით და ქუეყნით კახი, მოწაფე დავით გარეჯელისა, და დაფლულია იგი მუნვე. და მონასტერი ესე არს, ვითარცა სხუა გარეჯის მონასტერნი აღვსწერეთ. უზის წინამძღუარი.

ხოლო კუალად ნინოწმიდას ზეით ერთვის იორს სამების ჴევი, ეგრეთვე გამომდინარე და მომდინარე, ვითარცა წინათნი ჴევნი. და ამის შესართავზედ, ხაშმს, ყვეს მონასტერი და ციხე ნათლისმცემლის მონაზონთა. ამას ზეით, ამ ჴევზედ, არს ეკლესია დიდშენი, გუმბათიანი, სამებისა. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამას ზეითის ქუეყნისა ერწოდეთ (და იტყჳს გარეჯის უდაბნოს თჳსად). ესევე ჴევი არს საზღვარი ჰერეთისა და კახეთისა. ამ ჴევზედ არს ციხე ვერენისა, მაგარი, და გარდავალს გზა შიგნით-კახეთს შუამთაზედ. კუალად ამ ჴევს ზეით არს, იორსა ზედა, უჯარმა, ორთა მთათა შორის კახეთისა და კუხეთისასა, რომელი აღაშენა კ̃გ მეფემან საურმაგ, ციხე-ქალაქი, და კუალად განაახლა გორგასალ და ყო სიმაგრე და ქალაქი დიდი. არამედ აწ არს დაბა, რამეთუ შემდგომად განყოფისა სამეფოთასა მოოჴრდა.

ერწოსათჳს

უჯარმას ზეით, ჩდილოთ, და იორის აღმოსავლით არს ბოჭორმა ციხე. და ბოჭორმიდამ უჯარმამდე არს ჴეობა ფრიად მაგარი, მთოვანი, კლდოვანი, ძუელად შენობიან-ეკლესიანი. ხოლო ბოჭორმა აღაშენა ცოლმან ქართლოსისამან და უწოდა დედაციხე. ესე არს მაღალს კლდესა ზედა. გამოდის ციხესა შინა წყარო. არს შენობა დიდი და მაგარი (ესე არს, რომელი წილად ხუდა კახოსს და შენებასა ჩელეთისასა მისცა კუხოსს, და შეეწია კუხოს შენებასა ჩელეთისასა კახოსს). შემდგომად უწოდეს ვეჭორმა, ესე იგი არს: "ვეჭ ორმა ძმამ ცილება ყვეს ამ ციხესა ზედა". მერმე უწოდეს ბოჭორმა.

ხოლო ბოჭორმას ზეით ერთვის იორს დასავლეთიდამ ერწოს წყალი. გამოსდის ხერკისა და ერწო-თიანეთის შუას მთას და მოდის აღმოსავლეთ-სამჴრეთს შუა. ამ წყალზედ არს მონასტერი მცირე შუენიერი, შუენიერს ადგილს და აწ ხუცის ამარ. და არს ჴეობა ესე იმიერ და ამიერ შენობა-დაბნებიანი. კუალად ამავ წყლის შესართავს ზეით, იორის პირზედ, არს, აღმოსავლით კერძ, ჟალეთი, შენობა დიდი და შემუსრვილი. ვგონებთ ამას ჩელეთად, რომელი აღაშენა კახოს ქალაქი, რომელსა პირველ ბერ ერქუა. შემდგომად გორგასალ აღაშენა ეკლესია კეთილშუენიერი, გუმბათიანი და დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ-ჴევსურისა და ხერკისა. ხოლო ჟალეთს ზეით მოვიწროვდების იორი ხერკის მთიდამ წარმოსულის მცირეს მთით, და ამას ქუეით ბოჭორმამდე არს ერწო და მზღვრის: აღმოსავლით მთა კახეთისა, საყდრიონსა და მას შორისი; სამჴრით მთა კუხეთისა, იალონიდა(მ) წამოსული უჯარმამდე; ჩდილოთ მთა მცირე, თიანეთსა და მას შორისი. ხერკის მთიდამ წარმოსული; დასავლით მთა ხერკისა.

თიანეთისათჳს

ხოლო კუალად ჟალეთს ზეით იორს მოერთვის თიანეთის წყალი, რომელი გამოზდის თუალივს ქუეით ხერკის მთას და აწ თიანეთისას, და მოდის აღმოსავლეთს-სამჴრეთ შუა, და მოერთვის იორს დასავლეთიდამ. ხოლო ამ წყლის სათავისა და საშიშის თუალივის იქით, თეთრის არაგჳს მჭურეტად არს ხარჭაშოს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ-ჴევსურისა და თუშეთისა, რამეთუ შემუსრვასა ჩელეთისასა მოსცვალეს აქა (ანუ ესე არს ჩელეთი). კუალად ამ თიანეთის წყლის შესართავს ზეით, იორზედვე, არს მთაში ციხე ოჩანისა, მაგარი და შეუალი, და შენი არს ორთა მდინარეთა შორის. ხოლო ეწოდების თიანეთი ვიდრე ერწოს საზღვრადმდე, და არს შენობიანი და დაბნებიანი. და მზღვრის ამას: აღმოსავლით ამასა და კვეტერა-პანკისს შორისი მთა; სამჴრით ერწოს საზღვარი, და ნოკორნისა და ბოკოწნის შორისი გორა, ხერკის მთიდამ არაგუამდე მისული. არამედ ამას ზეითი ჟინვანამდე იყო ხერკისა ძუელად, ხოლო აწ თიანეთისა; ჩდილოთ ფშავსა და ამას შორისი მთა; დასავლით შავი და თეთრი არაგჳ. გარნა სახელი ეწოდა თიანეთს, ვინაჲთგან არს ძუელივე, ვგონებთ, ძეთაგან კახოსისათა.

არამედ არიან ორნივე მთანი უვენახონი, უხილონი, გარნა ნაყოფიერნი, პირუტყჳანი, ნადირიანი, ბალახოვან-ყუავილოვანი, წყაროიანი, ვითარცა თრიალეთი, თჳნიერ სიმცირისა. ხოლო ამ იორის მდინარესა შინა, უჯარმას ზეით, არს უმეტეს კალმახი და მრავალნი, და მას ქუეით სხუა თევზნიცა და არა ეგოდენ მრავალი, მდინარის სიმცირისათჳს, ხოლო კუალად ხარჭაშოს, საშიშს დასავლით, დის თეთრის არაგჳს მდინარე. ესე გამოსდის ძურძუკს-ფშავს შორისს კავკასსა და მოდის ჩდილოდამ სამჴრით, და მიერთვის ჟინვანს აღმოსავლიდამ შავს არაგუს.

ჴევსურეთისათჳს

ამ ჟინვანს ზეით და ხარჭაშოს ზეით მოერთვის თეთრს არაგუს ჴევსურეთის წყალი. გამოსდის ესე ძურძუკისა და ამას შორისს მთას კავკასს, მოდის ჩდილოდამ სამჴრით. ამას მოერთვის ჴევნი იმიერ და ამიერ. და განჰყოფს ჴევსურეთს: აღმოსავლით კავკასიდამ ჩამოსული მთა სამჴრეთად, ამასა და ფშავს შორისი; სამჴრით ფშავის საზღვარი; ჩდილოთ კავკასი, ამასა და ძურძუკს შორისი; დასავლით კავკასიიდამ ჩამოსული სამჴრეთად მთა, ამასა და გუდამაყარს შორისი.

ფშავისათჳს

ხოლო ხევსურეთის აღმოსავლის მთას იქით არს ფშავი, რომელსა შუაში უდის თეთრი არაგჳ, და მოერთვიან ჴევნი აღმოსავლით დასავლეთიდამ. აქ ფშავსა შინა არს ეკლესია მეფის ლაშასაგან აღშენებული, რომელსა შინა არიან მრავალნი ხატნი და ჯუარნი ოქრო-ვეცხლისანი, ჭურჭელნი და წიგნნი, და უწოდებენ ლაშას ჯუარს, და აქუთ სასოება მას ზედა ფრიად, რამეთუ ვერცა ფშავი, ვერცა ჴევსური, უკეთუ იშოვნოს ოქრო ანუ ვეცხლი, ვერარაიდ იჴმარებენ თავისად, არამედ მიუძღუნის ლაშას ჯუარსა. და არიან ესენი სარწმუნოებითა და ენითა ქართულითა, გარნა აქუსთ სასოება ქადაგსა ზედა, რომელი წარმოდგების კაცი უცები და ვითარცა ხელქმნილი, და ღაღადებს მრავალსა მაგიერად წმიდის გიორგისა, და რასა იგი იტყჳს, სთნავთ და ჯერ იჩენენ უმეტეს ჭეშმარიტებისასა. და არიან ყოვლითა, ვითარცა მთიულნი აღვსწერეთ. არამედ ესენი ვერად ქებულნი ბრძოლასა შინა, და უფროსად ჴევსურნი, და უმეტეს ბრიყუნი მთიულთაგან და უზნეონი, მებატონეთა თჳსთა ერდგულნი. და ვინაჲთგან ფრიად მაგარ არს ქუეყანა ესე და უბრძოლველი მთითა, და კლდითა, და ტყითა, ამისთჳს იმყოფიან მშჳდად და სიმწირისათჳს მონებენ ვისცა უპყრავსთ თიანეთი, რამეთუ იზრდებიან მუნიდამ.

ხოლო მზღვრის ფშავს: აღმოსავლით მთა კავკასიიდამ ჩამოსული; სამჴრით კავკასივე, ამასა და მახჳლოს-ჴევს შორისი; სამჴრით მთა, ამასა და თიანეთს შორისი; ჩდილოთ კავკასი, ამასა და ღლიღუს შორისი; დასავლით მთა კავკასიდამ ჩამოსული სამჴრით, ამასა და ჴევსურეთს შორისი. არამედ ძუელად ეწოდა ამ ორთა ჴეობათა ფხოელნი. და აწ უწოდებენ ესრეთ. გარნა სდებენ ამათ გამო კახნი ძურძუკთა, ღლიღუთა და ქისტთა თჳსად, გარნა მათ არა უწყიან ესე მიერ ჟამით, ოდეს განდგნენ. ხოლო ჟინვანი არს შავისა და თეთრის არაგვს შესაკრებელოს შორის ციხე შენი და მაგარი, და იყო ქალაქი და აწ უქმ არს.

დანარჩომი თიანეთისათჳს, არამედ პირველ იყო კუხეთი

და ამ ჟინვანს ქუეით ერთვის შავს არაგუს ჴევი ბოდავისა. გამოსდის წინჴსენებულს ხერკის მთას და აწ თიანეთისას, მიდის აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. ბოდავს არს მონასტერი გუმბათიანი, დიდშენი, შუენიერს ადგილს და აწ ცარიელი. ამას ქუეით ერთვის არაგუსვე წირდალის ჴევი, გამომდინარე მისვე მთისა და მომდინარე ეგრეთვე. ამას ქუეით ერთვის არაგუს ნოკორნის ჴევი, გამომდინარ-მომდინარი მისვე მთისა ეგრეთვე. ამის თავს არს ნოკორნა, მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, დიდი. ესე აღაშენა მ̃დ მეფემან არჩილ და ყო მონასტრად. შემდგომად წამებისა მისისა ცოლმან მისმან დაფლა წმიდა გუამი მისი მუნ. არამედ ბოკოწნის ჴევს და ამ ჴევს შორის ჩამოვალს მცირე მთა, წინთქმულის მთიდამ, დასავლეთად. ეს მთა არს თიანეთისა და ხერკის საზღვარი, და აქამდე აწ უწოდებენ თიანეთს, გარნა პირველ იყო ჟინვანამდე წილი კუხოსისა.

ხერკისა და საგურამოსათჳს

ხოლო ბოკოწნის ჴევი ერთვის ჯიღაურს არაგუს. გამოსდის ერწოსა და მის შორისს მთას, მოდის აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. ამას ქუეით ერთვის არაგუს ხერკის ჴევი ანუ თეზმის ჴევი. გამოსდის კუხეთის მთას ანუ იალონს, მოდის დასავლეთად. ხოლო ამის შესართავსა და ნარეკუავის შესართავს ქუეით არს, არაგჳს დასავლით, მთა სარკინეთისა და, აღმოსავლით, მთა მაღალი კუხეთისა, გაკუეთილი არაგჳთ. ორნი ესე მთანი პირისპირ მდებარენი და მერმე იალონად წოდებული ამისთჳს, რამეთუ, თუცა მას მთასა ზედა არს მცირეცა ღრუბელი ანუ ნისლი, არა იქმნების, თუმცა არა აღმოვიდეს ფიცხელი ქარი დიდი. ამ მთის თხემსა ზედა, მჭურეტელი არაგჳსა, მუხრანისა, ხერკისა, მცხეთისა და ტფილისისა, აღაშენა ციხე დ̃ მეფემან ფარნაჯომ და აღმართა მუნ კერპი ზადენი, და ამითი ეწოდა მთასა ამას ზედაზადენი. შემდგომად ი̃გ მამათაგანმან მამამან იოვანემ ჰყო აქა მონასტერი და ეკლესია სადგურად თჳსად, და დაფლულ არს მუნვე. ამ ეკლესიის კამარიდამ სწუეთს წყალი, და უდგს ქუემორ ავაზანი ქვისა, და შეიკრიბვის მას შინა, არა გარდმოედინების და არცა აღმოვსებით მოაკლდების, უკეთუ აღმოიღო რითმე, და ჰკურნებს სენთაცა.

ხოლო მთა ესე კუხეთისა ანუ ზედაძნისა წარვალს აღმოსავლეთად და შეერთბამდების ერწოს მთასა, რომელი არს ხერკისა. და არს ამათ შორის ხერკი, არამედ აწ საგურამო ანუ თეზმის ჴევი. აქუს ხერკს: აღმოსავლით მთა ერწოსა და ამას შორისი: სამჴრით მთა ზედაძნისა; ჩდილოთ ნოკორნა-ბოკოწანს შორისი გორანი, ჩამოსული თიანეთის მთიდამ არაგუამდე; დასავლით არაგჳ. ხოლო მთა ზედაძნისა წარვალს უჯარმამდე, და მივალს, და დამდაბლდების ხორაუგს. აღმოსავლით აქუს ამ მთას ერწო, დასავლით გრდანი. ხოლო ზედაძნის მთას უძეს სამჴრით გრდანი და ჩდილოთ ხერკი, და არს ტყიანი მთა ესე და ნადირიანი, მცირე-წყლიან-მდინარიანი. კუალად ზედაძნის სამჴრით არს, ამავ მთის განკიდულს გორასა ზედა, მცხეთის პირისპირ, აღმოსავლით, არაგჳს კიდესა, მაღალს კლდესა ზედა ჯუარის მონასტერი, კეთილი, დიდშენი. აქ დაასუენა წმიდამან ნინომ ჯუარი, სუეტისაგან გამოკუეთილი. შემდგომად გურამ კურადპალატმან, ლ̃თ მეფემან, იწყო ეკლესია, ვინაჲთგან აქამდე ჯუარი უეკლესიოდ ესუენა, და ძემან მისმან დიმიტრიმ შეასრულა. ზის არქიმანდრიტი. ამის დასავლით, მუნვე კლდესა შინა, დის წყარო წმიდის ნინოსაგან, სასმისად კეთილი და ჰკურნებს სენთა. და არს გარემონი მისნი მლაშე და მწარენი და იგი ფრიად ტკბილი.

ამას ქუეით, გრდანამდე, არს ველი მთასა და მტკუარს შორისი, და არს დაბნები მთასა შინა მცირე წყაროთი, უვენახო, უხილო. ხოლო ჴეობა გრდანისა და მდინარე მისი გამოსდის ზედაძნის შესართავს ერწოს მთას, დის გრდანამდე ჩდილოდამ სამჴრით, მერმე აღმოსავლიდამ დასავლეთად და მიერთვის ავჭალას აღმოსავლიდამ მტკუარსა. ავჭალა არს მტკურის კიდესა ზედა, სანადირო კეთილი. ამ ავჭალის ბოლოს არს ჴევძმარი, ჩამოვარდების მშრალი ჴევი ქვიტკირის-ლილოდამ მტკურამდე. და ეს არს საზღვარი აწინდელი ქართლ-კახეთისა. აქამდე უწოდებენ საგურამოს ხერკითურთ გურამიანთ გამო. გარნა არს ესე საგურამო ნაყოფიერი ხილით, ვენახით, მარცვლით, თჳნიერ ბრინჯ-ბამბისა, პირუტყჳთა, ნადირითა, ფრინვლითა, ტყითა, ველითა და მთით შემკობილი. არამედ არ აკეთებენ აბრეშუმს აქა. განჰყოფს გრდანს: აღმოსავლით ერწოს მთა; სამჴრით ჴევძმარი, ლილო, მარტყოფი; ჩდილოთ მთა იალონი; დასავლით მტკუარი და არაგჳ.

მარტყოფისათჳს

ხოლო ამას ქუეით, ლილოს მთისა და კუხეთის მთის შორის, არს მარტყოფი, გამოსდის წყალი მისი ამასვე მთას. საცხენისის ჴევამდე - მარტყოფისა, ხოლო მას ქუეით მტკურამდე უწოდებენ აწ ლოჭინსა, არამედ ძუელად ეწოდა ომანის ჴევი. ხოლო მოერთვის ამას ლილოს მთის წყარო დასავლეთიდამ, და ამას ქუეით ერთვის ამავ მარტყოფის წყალს ჴევი, გამომდინარე კუხეთის მთისა, მომდინარე აღმოსავლიდამ დასავლეთად. ამ ჴევსა ზედა არს სამჴრით ეკლესია ღუთაებისა, გუმბათიანი, დიდშენი, გარ ზღუდე-გოდლოსანი, მგზავსი ციხისა, კეთილს შუენიერს ადგილს. აქ დაადგრა ი̃გ მამათაგანი ანტონი და ჰყო მონასტრად ესე, ხოლო თჳთ მცირედ განშორებით ქუაბსა შინა მყოფობდა მარტოდ, და მით ეწოდა ადგილსა ამას მარტომყოფი და აწ მარტყოფი. ხოლო შემდგომად, რაჟამს მოოჴრდა რუსთავი, მუნებური ეპისკოპოზი მოსცვალეს აქა, და ზის აწამდე, და არა შეუცვალეს სახელი, არამედ იგივეს რუსთველს უწოდებენ. მწყემსი არს მარტყოფ-საგურამო-ხერკისა. არამედ აწ აქუსცა დროშა სასპასპეტო; და არიან ამის სასპასპეტოსანი გარეთ-კახეთი ქისიყამდე და მარტყოფე-საგურამო, და არს მემარცხნე ბრძოლასა. ამ ჴევს ქუეით ერთვის საცხენისის ჴევი, გამომდინარე უჯარმისა და ამას შორისის კუხეთის მთისა, და მომდინარე დასავლით. ამ ჴევს ქუეით ერთვის საცხენისის ჴევი, მისვე მთის გამომდინარე და ეგრეთ მომდინარე.

არამედ არს ესე მარტყოფი ვენახოვანი, ხილიანი და ყოვლითა შემკული, ვითარცა საგურამო. ჰავითა მშუენი. ხოლო საცხენისის და ლოჭინის სამჴრით არს სამგორის ველი და ჩადივარი. და სამგორს უწოდებენ სამის გორისათჳს, რომელი არს ველსა სწორეს ზედა, ბალახოვანი და უწყლო სათის-ჭალამდე და გარეჯის მთამდე. სათის-ჭალის ზეით, კუხეთის მთის კალთას, არს ხორაუგი. კუალად სამგორს აქუს დასავლით ჩადივარი და აღმოსავლით კუხეთის მთა; და ხორაუგიდამ დამდაბლდების კუხეთის მთა და მივალს გარეჯის მთამდე. ხოლო ხორაუგის აღმოსავლით დის იორის მდინარე, ვითარცა აღვსწერეთ.

კაკისა და ელისენისათჳს

ხოლო აწ კუალად ვიწყებთ ალაზნის შესართავიდამ. სად არს ხორანთა, მას ქუეით დიდს ალაზანს მოერთვის გიშის-წყალი, რომელი გამოსდის კავკასს, კულმუხსა და ჰერეთს შორისს, და მოდის გიშამდე ჩდილოდამ სამჴრით, მერმე აღმოსავლიდამ დასავლითი არამედ გიში არს მთის ძირს, რომელი იყო საერისთო წუქეთისა, და ეკლესია დიდი, გუმბათიანი, და იჯდაცა ეპისკოპოზი, მწყემსი ელისენის, წუქეთისა და შაკიხისა, არამედ მიუხუნა შააბაზ კახეთს და ჰყო სასულტნოდ, და ამას ეწოდა წუქეთი, და აწ უწოდებენ ალის-სულთნად. კუალად გიშის წყლის შესართავს ზეით, ამ გიშის-წყალს მოერთვის ჩდილოდამ ქურმუხის-წყალი; გამოსდის მასვე კავკასსა და მოდის ჩდილოდამ სამჴრით ამ წყალზედ არს ქურმუხი, სიმაგრე დიდშენი, და აწ სახლი ალისსულტნისა (იტყჳან, მივიდა ვახახისშვილი წინაშე შაბაზისა ქრისტესსა ჩ̃ფპზ, ქარ{თულსა} ს̃ოე, გამოჰმადიანდა და, მოსლვასა ერევანს, მიუღო ალექსანდრეს და დასუა სულტნად იგივე აქა).

კუალად ხორანთას ზეით ალაზანს ერთვის წყალი ფიფინეთისა, გამოსდის იმასვე კავკასს, მოდის ფიფინეთამდე ჩდილოდამ სამჴრით, მერმე აღმოსავლიდამ დასავლით, მერმე ჩდილოდამ სამჴრით. ხოლო მთის ძირს არს ფიფინეთი, სად დასხნა ე̃ მეფემან ლევან ლეკნი, რათა უზიდონ ზაფხულს კავკასიიდამ ყინული, და იყო არჩილამდე ეგრეთ. შემდგომად იწოდა ჭარი, და ყვეს სიმაგრე, და იქმნენ სახელოვან ბრძოლათა შინა. აქ, ჭარს ზეით, არს მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, კარგს ადგილს, არამედ მათ გამო უქმი, ხოლო ამ წყლის შესართავს ზეით არს ალაზანი ყურედ და ყურედ, და მომდინარე მომგრგუალვით, და დაუტევებს შიგნით ადგილსა დიდსა, ვითარცა კარით შესავალსა, და მორტყმული არს წყლითა. ამ ადგილს უწოდებენ მოსაბრუნს. აქ ჭარის პირისპირ და ყარაღაჯის ბოლოს, აღაშენეს ხანთა სასახლენი დიდშენნი, არამედ აწ არს ოჴერ.

ამას ზეით, ბოეთანს, ერთვის ალაზანს ბელაქნის წყალი. ამ წყალსა და გიშის-წყალს შორის, ალაზნამდე და კავკასამდე, არს ელისენი, არამედ აწ ქურმუხს აქეთი.

და არს ადგილი ესე ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ვენახ-ხილითა, რამეთუ ტყენიცა სავსე არიან ხილითა. ნადირნი, პირუტყუნი, ფრინველნი მრავალნი. აბრეშუმი, ბრინჯი, ბამბა მრავლად. გარნა ჰავითა ცხელი, ხაშმიანი ზაფხულს. არამედ მთის კერძნი კეთილ-აგარაკოვანნი და მშუენნი. ხოლო ზამთარს კეთილ-ჰაოვანი, თბილი, უთოვლო, უყინულო. მზღვრის ელისენს აღმოსავლით მთა კავკასი, კულმუხსა და მის შორის; სამჴრით ალის-სულტნის საზღვარი; ჩდილოთ წყალი ბელაქნისა; დასავლით ალაზანი. ხოლო ბელაქნის წყალი გამოსდის ხუნზახსა და ამას შორისს კავკასს, მოდის აღმოსავლიდამ დასავლეთად. აქ, მთის კალთას, არს ციხე მაკაბელი და სასახლე მეფეთა, რომელსა ეწოდა პირველ ნოხპატო. აქ აღაშენა მ̃დ მეფემან არჩილ ციხე და ეკლესია შუენიერი, უგუმბათო, და არს აწცა. ამ წყალს ამ ციხესთან მოერთვის სხუა ჴევი, ეგრეთვე გამომდინარე და მომდინარე. და არს ადგილი ესე ფრიად კეთილი აგარაკი და მაგარი. აწინდელთა ჟამთა დაეშენნენ ჭარელნი, გარნა მოსრნა იგინიცა შანადირ, და აწ ოჴერ არს.

ყარაღაჯისა და ქისიყისათჳს

ხოლო ბოეთნის პირისპირ და ალაზნის დასავლით არს ყარაღაჯი, სასახლე რომელი ყვეს ხანთა, ვითარცა მცირე ქალაქი, და შემდგომად ოსმალთა ამ ჟამთა ჰყვეს ციხე, და აწ ჯერეთ ოჴერ არს. კუალად ყარაღაჯის სამჴრით, ალაზნის კიდურთა ზედა, ასტყდების კბოდე და მივალს ვიდრე ხორანთამდე, და არს ალაზნისკენ მცირეტყიანი და ბალახიანი, და აღვსილი ნადირითა დიდ-მცირეთი. და კბოდეს ზეით არს ველი ხორანთიდამ ქისიყამდე, წოდებული კბოდეს ქუეით, ალაზნისკენ, წინამინდორი, ხოლო ზეითს, ყარაღაჯითურთ, უფადარი. და არს ესე სანადირო კეთილი. გარნა ყოფილ არსცა ძუელად შენობა დაბნებთა, არამედ შემდგომად ბერქას გამოსლვისა ოჴერ არს. კუალად ყოფილ არს ალაზნის მოსაბრუნთა შინა ძუელად შენობა ქრისტეანეთა, და შემდგომად დასხნეს ელნი, და უმეტეს ხანთა -- ელი ფადარი, დიდი, მრავალი. გარნა იგიცა აჰყარა შანადირ იორის-პირის ელითურთ.

ხოლო ყარაღაჯის სამჴრით, სადაცა დასწყდების ჰერეთის მთა ანუ ცივის მთა, მუნ არს ხორნაბუჯი, და აწ უწოდებენ ჭოეთს. აქ კლდესა ზედა, შენ არს ციხე მაგარი, და იყოცა ქალაქი კარგი. ესეცა ბერქას გამოსლვასა მოოჴრდა. ხორნაბუჯის დასავლით არს ბოდბის ჴევი, პირველ წოდებული ბოდა, გამომდინარე ცივის მთისა; მოდის ჩდილოდამ სამჴრით და ვერ მდინარებს ველსა ზედა სიმცირით. ამ ჴევსა ზედა არს ბოდბეს ეკლესია გუმბათიანი, დიდშენი, შუენიერი. აქ მიიცვალა წმიდა ნინო და დაეფლა აქავე. აღაშენა და შეამკო საფლავი მისი და ეკლესია კ̃ე მეფემან ბაქარ. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ქისიყისა და ვიდრე კონდოლამდე, აქუს სასპასპეტო დროშაცა, და არიან სადროშონი მისნი ქისიყით კონდოლამდე და მანავადმდე, და არს ბრძოლასა მეწინავე. ბოდბელი არს პირველი ეპისკოპოზი კახეთისა, პატივისათჳს წმიდის ნინოსა, ბოდბეს ზეით, ამ ჴევზედ არს მაღაროს სასახლე მეფეთა საზაფხულოდ. ამავ ბოდბის დასავლით არს ლაკბის ჴევი, მისვე მთის გამომდინარე და ეგრეთვე მომდინარე, და ვერცაღა ეს მდინარებს ველსა ზედა. კუალად ხორნაბუჯის ჩდილოთ არს ხირსას მონასტერი, რომელი ჰყო ი̃გ მამათაგანმან წმიდამან სტეფანემ დიდ-კეთილშენი. დაფლულ არს მუნვე წმიდა სტეფანე ზის წინამძღუარი.

არამედ საქუაბე-ასანურამდე არს ადგილი ქისიყისა, რომელი მოხუევია მთასა, ცივის მთიდამ ჩამოსულსა. ამას ეწოდა პირველ კამბეჩოვანი, კამბეჩთა სიმრავლისათჳს, შემდგომად ქისიყი უსაქციელობისათჳს - "მქის იყო". არამედ არიან კაცნი მბრძოლნი, მჴნენი, ახოვანნი, შემმართებელნი, მაგარნი, მიმყოლნი ურთიერთთა. და უძეს ქისიყს აღმოსავლით ველი შირაქი ალაზნამდე; სამჴრით - უფადარი და წინამინდორი ხორანთა-იორამდე; ჩდილოთ მთა ჰერეთისა. ხოლო მზღვრის აღმოსავლით ალაზანი; დასავლით ლაკბის ჴევი და ხაზი მისი იორამდე გასული; სამჴრით იორი ანუ მტკუარი; ჩდილოთ მთა ცივისა, კარდანეხსა და ქისიყს შორისი, და ხაზი ასანურ-საქუაბეს შორის გასული ალაზნამდე.

გაღმა მჴრისა და შიგნით-კახეთისათჳს

ხოლო კუალად ბელაქნის წყლის შესართავს ზეით მოერთვის ალაზანს მაწის წყალი, გამოსდის ხუნზახსა და ამას შორისს კავკასს, მოდის ჩდილო-აღმოსავლეთს შუადამ დასავლით სამჴრეთს შუა. ამ ჴევზედ არს, მთასა შინა, თოღა, სასახლე მეფეთა, ფრიად მშუენვარე ზაფხულს. ამას ეწოდა მაჭი. აქ ეყრების ჴევი სხუა, მოდის აღმოსავლიდამ დასავლეთად, გამომდინარე მისვე კავკასიდამ. ამ ჴეობათა ზედა ყოფილა შენობა კაცთა სიმრავლით, არამედ შემდგომად შააბაზისა ლეკთა მიერ ოჴერ არიან. ამ მაწის წყლის ჩდილოთ არს ველსა ზედა ციხე ტრაწაყალისა და აწ უქმი. ამას ზეით, ჩდილოთ კერძ, ველსა ზედა, ციხე ლაკუათისა, მ̃დ მეფის არჩილისაგან ქმნული, და აწ ლაგოეთად წოდებული; მაგარი, დიდშენი, გარნა აწ ოჴერი. ამან მეფემანვე აღაშენა საძმორის ციხე და ეკლესია. კუალად მაწის წყლისა და ამ ციხეთ ზეით მოერთვის ალაზანს ნეინის წყალი; გამოსდის ლეკეთსა და ამას შორისს კავკასსა, და მოდის აღმოსავლიდამ დასავლეთად, და ველსა ზედა ფრიად გრეხით. ამ წყალზედ არს ჭიაური და ქუაბლოვანი. ამას ზეით მოერთვის ალაზანს დასავლეთიდამ კარდანეხის წყალი, გამოსდის ჰერეთისას ანუ ცივის მთას, მოდის დასავლეთიდამ აღმოსავლად. ხოლო ნეინის წყლის ზეით, ჩდილოთ კერძ, ველსა ზედა, არს ციხე კართუბანისა და აწ ცალიერი. მას ზეით, ჩდილოთკენ, ველსა ზედა, გორის წყლის ციხე და აწ უქმი. ამათ ზეით ერთვის ალაზანს ბედიყრის წყალი, გამოსდის კავკასის კალთას, დის ჩდილოთ-აღმოსავლის შუადამ, მოდის დასავლეთს-სამჴრეთს შუა. ამაზედ არს სტეფანწმიდა მონასტერი, მამათაგან ანუ წმიდის ეფთვიმესაგან აღშენებული. ხოლო ამ წყლის შესართავის ალაზნის დასავლით, ცივის მთის ძირს, არს ვეჯინი. მას ზეით, მთის კალთას, კლდესა ზედა, არს ციხე შენი მაგარი და დიდ-გებული, შიგ გამომდინარე წყაროთი და ეკლესიით. კუალად ალაზანს ერთვის, ბედიყრის წყლის შესართავს ზეით, გავაზის წყალი, გამოსდის ამასა და დიდოეთს შორისს კავკასსა და მოდის აღმოსავლეთ-ჩდილოთ შუადამ სამჴრით-დასავლეთს შუა. ამას ზეით მოერთვის ალაზანს ყვარელის წყალი, გამომდინარე მისვე კავკასისა და მომდინარე ეგრეთვე.

ამ წყალზედ, ყვარელს ზეით მთასა შინა, არს ნეკრესი. დ̃ მეფის ფარნაჯომისაგან აღშენებული ქალაქი იყო. შემდგომად მეფემან თრდატ აღაშენა ეკლესია დიდშენი, გუმბათიანი. აქა დაადგრა წმიდა აბიბოს, ი̃გ მამათაგანი, და იქმნა იგი ეპისკოპოზ, მწყემსი გაღმა-მჴრის დიდოთურთ. ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი; ესევ ეწამა სპარსთაგან, ვითარცა მოგვითხრობს მეტაფრასი, და დაფლულ არს სამთავროს. და არს აწცა საეპისკოპოზო, და ზის ეპისკოპოზი, არამედ არღარა არს ქალაქი. ამასვე აქუს დროშა სასპასპეტო, და არიან სადროშონი მისნი გაღმა-მჴარნი ელისენით და მემარჯუნე. ხოლო კუალად ყვარელის წყლის შესართავს ზეით ალაზანსვე ერთვის ჩელთის წყალი, გამომდინარე მისვე კავკასისა და მომდინარე ეგრეთვე. ხოლო ამის შესართავის პირისპირ, მცირედ ზემორ, დასავლეთიდამ მოერთვის ჭერემის წყალი, გამომდინარე ცივის მთისა და მომდინარე ჭერემამდე ჩდილოთ დასავლეთს შუადამ აღმოსავლეთ-სამჴრეთს შუა, მერმე დასავლეთ-სამჴრეთ შუადამ აღმოსავლეთ-ჩდილოთ შორის. ამ წყალსა ზედა არს, ალაზნის დასავლით, ველსა ზედა, ველის ციხე, და აწ უქმი. ამავ წყალზედ არს, ცივისა ანუ ჰერეთის მთის საშორისსა, ჭერემი; იყო ქალაქი, სადაცა აღაშენა გორგასალ ეკლესია დიდშენი, გუმბათიანი და ქალაქი მაგარი, და დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი შიგნით-კახეთისა, და ზის დღესცა. ხოლო ამ ჭერემის სამჴრით, მთას იქით, არს მანავი; კუალად ჭერემს-ვეჯინს შუა და ვეჯინის ჩდილოთ, მთის კალთას, არს ახტალა, რომელსა იტყჳან ნასოფლარსა და რისხჳთ დანთქმულსა, აღმოდის კუპრი, ვითარცა მდუღარე, და აღმოაქუს ჟამად კოვზი, ჯამი და საჴმარნი გლეხთა. ხოლო კუალად ჩელთის წყალს ზეით ალაიზანს ერთვის საბუე-გრემის წყალი, გამომდინარე დიდოეთსა და ამას შორის კავკასს და მომდინარე, ვითარცა წინანი მდინარენი. ამ წყალზედ არს გრემი, რომელი ქმნეს ქალაქად ქრისტესსა ჩ̃უჲვ, და განდგომილებისა კახთ მეპატრონეთა, და მყოფობდენ მუნ. აწცა არს შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოჴრა შააბაზ, მიერით არს დაბა და არღარა ქალაქი. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, მთავარანგელოზთა, და არს ე̃ მეფე ლევან დაფლული მას შინა. ამ გრემის წყლის შესართავის პირისპირ მოერთვის ალაზანს დასავლეთიდამ აკურას ჴევი, გამოსდის გომბორისა და ცივის მთას.

ამ ჴევს ზეით მოერთვის კუალად ალაზანს კისის ჴევი, გამოსდის გომბორის მთასა, მოდის დასავლით-სამჴრეთს შუადამ ჩდილო-სამჴრეთ შუა. ამ ჴევზედ კლდეში არს ქუაბნი მრავალნი გამოკუეთილნი. აქავ ღჳნო კონდოლისა წარჩინებული. ამას ზეით ერთვის ალაზანს ლოპოტის ჴევის წყალი, გამოსდის თუშეთსა და მას შორის კავკასსა, მოდის აღმოსავლიდამ დასავლად. ამ ჴევზედ მთაში არს ლოპოტი, კლდე დიდი და კლდითავე მოზღუდვილი, მაგარი და შეუალი მტრისაგან, რომელი დადგა მოსლვასა ყრუსასა. აქ მოერთვის ჴევი, დიდოსა და ამას შორის კავკასიდამ გამომდინარე. ამ ჴევს ერთვის კავკასიდამ გამომდინარე ჴევი. ამ ორთა ჴევთ შორის არს ლოპოტი. კუალად ამ ლოპოტის წყლის შესართავს ზეით ალაზანს მოერთვის თურდოს ჴევი, გამომდინარე შუამთიდამ. ამ ჴევზედ არს გულგულა, რომელსა ეწოდა პირველ ტყეტბა. ეს ჴევი არს საზღვარი ჰერეთისა და კახეთისა. ამ ჴევის სათავეს ზეით, მთაში, არს შუამთას მონასტერი კეთილი, გუმბათიანი, რომელი აღაშენა ე̃ მეფის ლევანის ცოლმან, გურიელის ასულმან თინათინ, და დაეფლა მუნვე. ზის წინამძღუარი, და უწოდებენ მოძღუართ-მოძღუარს.

ხოლო მთა ესე ამის სამჴრით ხორნაბუჯამდე არს მთა ჰერეთისა, თხემთა შიშუელი და უტყეო, ბალახ-ყუავილოვანი, მცირეწყაროიანი, კალთათა ტყიანი და ნადირიანი. მთის ძირად კალთას, იმიერ და ამიერ, შენობა-დაბნებიანი, ვენახოვან-ხილოვან-მოსავლიანი. არამედ შუამთა ეწოდა საშუალობისათჳს გზისა გარდასულთა სამებიდამ თელავს. და არს ადგილი შუენიერი, ყუავილოვანი. ამას ქუეით მთა გომბორი იწოდა უმაღლესობისათჳს, და ამას ქუეით მთა ცივისა კარდანეხის ჴევამდე არს, ვინაჲთგან აქუს იქით და აქათ ცხელნი ადგილნი. და მთა ესე არს მაღალი. აგარაკოვანი, ბალახოვან-ყუავილოვანი, წყაროიანი და გრილი ფრიად. ხოლო გულგულას ქუეით, თურდოს ჴევის სამჴრით, არს თელავი, რომელი ჰყო კჳრიკემ, პირველ გამეფებულმან კახეთს და ჰერეთს, სასახლე დიდი, ვითარცა ქალაქი, ხოლო მისცვალა მცირედ თ̃ მეფემან არჩილ და განაახლა. აწცა არს სასახლე და ციხე, და მაგრობენ მას შინა. კუალად თურდოს ჴევის ჩდილოთ არს იყალთოს ჴევი, გამომდინარე კახეთის მთისა და მომდინარე აღმოსავლეთად, არამედ ვერ მიერთვის ალაზანს სიმცირით. ამ ჴევზედ, კახეთის მთის კალთას, არს იყალთოს მონასტერი, კეთილშენ-გუმბათიანი, ქმნული ი̃გ მამათაგანის წმიდის ზენონისა, და დაფლულ არს მუნვე; და წმიდა არსენცა, რომელი იყო ქუეყანით კახი. კუალად თურდოს ჴევის შესართავს ზეით ალაზანს მოერთვის შტორის ჴევი, გამოსდის თუშეთსა და ამას შორის კავკასსა და მოდის აღმოსავლიდამ დასავლით. თორღის ციხესთან ერთვის ამ ჴევს სხუა ჴევი, გამომდინარე მისვე კავკასისა. თორღის ციხე არს მაგარი და კლდესა ზედა ნაშენი, არამედ აწ უქმი. სად მიერთვის ეს ჴევი ალაზანს, მუნ არს ლალის-ყურის ციხე (ვგონებ ნახჭევნად). ამ შტორის-ჴევის და თურდოს-ჴევის ჩდილოთი ქუეყანა არს კახეთი, ამათ სამჴრითი - ჰერეთი.

ამ შტორის ჴევს ზეით, ალაზნის დასავლით, არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდს, და შემდგომად ყრუსა უწოდეს ალავერდი. აღაშენა ი̃გ მამათაგანმან წმიდამან იოსებ და ყო მონასტერი წმიდის გიორგისა, და დაფლულ არს მუნვე. და იყო მონასტერი განდგომილებისამდე, ქრისტესსა ჩ̃უჲვ, და ამათ ყვეს ეპისკოპოზი და მწყემსი თურდოს-ჴევს შტორს ზეით კახეთის მთად კავკასამდე, და უპირველეს კახთა ეპისკოპოზად. დაიქცა ძვრით. როსტომ იწყო შენებად, არჩილ შეასრულა. კუალად დაიქცა ქრისტესსა ჩ̃ღმა ძვრითვე.

ხოლო ალავერდს ზეით ერთვის ალაზანს ახმეტას-ჴევი, გამოსდის კახეთის მთას, ამასა და თიანეთს მორისს, მოდის დასავლეთიდამ აღმოსავლეთად. და ახმეტის ღჳნო კეთილი. კუალად ახმეტის ჴევს ზეით ერთვის ალაზანს უტოსჴევი, გამომდინარე კახეთის მთისა და მარილის-პანკისის შუათის მთისა, მომდინარე კუეტერის ციხემდე ჩდილოდამ სამჴრით, მერმე დასავლიდამ აღმოსავლეთად. ამ ჴევს კუეტერის ციხესთან მოერთვის სხუა ჴევი, გამომდინარე ჩდილოდამ სამჴრით. ამ ორს ჴევს შორის არს ციხე კუეტერისა, ფრიად მაგარი და დიდშენი. ხოლო უტოს-ჴევის შესართავის პირისპირ, ალაზნის აღმოსავლეთის კიდესა ზედა, არს ციხე ბახტრიონი ანუ მაღრანისა, რომელმან მოიგო სახელი დაბნებთაგან მის გარემოსთა მყოფთა (ვგონებთ ლორწობანსაცა ამას, ანუ ამას ზეით, მთასა შინა. ესე ყოფილ არს დიდშენი და მაგარი, გარნა აწ უქმი. ამ ციხესა და ლალის-ყურს შუა არს ველი ალონად წოდებული და სანადირო კეთილ ფრიად. კუალად უტოსჴევს ზეით ერთვის ალაზანს ჴევი, გამომდინარე პანკის-კუეტერას შორის მცირეს მთისა. ამ ჴევის სამჴრით არს მარილისი. ხოლო მარილისის დასავლით მთაში არს, ქაჩალაურს, მონასტერი კეთილი და აწ ცარიელი. ამის სამჴრით არს მონასტერი წმიდის მარინესი, ფრიად შუენიერ-კეთილ-ნაგები. ამის დასავლით არს კუალად მონასტერი გუმბათიანი, დიდშენი, ყოვლადწმიდისა, ცხრაკარად წოდებული, შუენიერს ადგილს და აწ ხუცის ამარ.

პანკისისათჳს

ხოლო მარილისის ჩდილოთ ჴევი რომელი აღვსწერეთ, მის ჴევის ჩდილოთ კერძი არს პანკისის ჴეობა, რომლისა შორის დის ალაზანი. და აღმოსალით აქუს პანკისს კავკასი, ამასა და თუშეთს შორისი; დასავლით მთა კახეთისა, ფშავს, თიანეთსა და ამას შორისი; ჩდილოთ კავკასივე, ღლიღუსა და ამას შორისი; სამჴრით ჴევი წინთქმული და მთა მცირე, კახეთის მთიდამ ჩამოსული, აღმოსავლეთად ალაზნამდე, და მერმე იქიდამ ხაზი, გასული კავკასამდე. ხოლო კახეთის მთიდამ ჩამოსულის მთის ზეით ერთვის ალაზანს ჴევი და გამოსდის კახეთის მთას, მოერთვის დასავლეთიდამ ალაზანს, ამ ჴევს ზეით ერთვის სხუა ჴევი. გამოსდის თუშეთსა და ამას შორისს კავკასსა, მოდის დასავლეთად. ამ ჴევიდამ გარდავალს გზა თუშეთს, ამ ჴევს ზეით განიყოფის ალაზანი ორად, და ამ ორთა წყალთა შუა არს ციხე ხორჯისა ანუ მახჳლი, მაგარი და შეუალი, არამედ აწ უქმი.

ხოლო ჴეობა პანკისისა არს ვენახოვანი, ხილიანი და ბაღიანი, და მთის კერძნი, ვითარცა მთათა ადგილნი. თევზნი - კალმახნი, ტყე ნადირიანი, მარცვალთა ნაყოფიერნი, თჳნიერ ბრინჯ-ბანბისა. პირუტყუნი მრავალ, გარნა ღორი უმრავლეს. ხოლო პანკისის ჴეობის სამჴრით, ვიდრე ქისიყის საზღვრამდე, უწოდებენ შიგნით-კახეთს, რომელი იმზღვრების: აღმოსავლით ალაზნის მდინარით; სამჴრით ქისიყის ხაზის საზღვრით; დასავლით ჰერეთისა და კახეთის მთით; ჩდილოთ პანკისის საზღვრით. და არს ადგილი ესე ტყიანი, მცირედ ველიანი, გარნა ტყე უმეტეს ხილიანი. მცირე წყლიან-მდინარიანი, ვენახოვანი, ხილიანი, ღჳნო კეთილი და კარგი. ფრინველნი, თჳნიერ დურაჯისა და კაკაბისა, რომელნი ტყეთა გუარობენ, მრავალნი, პირუტყუნი, - ცხოვარი მცირედ, - სხუანი მრავლად, არამედ ღორი უმრავლეს, რამეთუ ერთ გლეხს ჰყავს ს̃, უ̃, ჩ̃ და ც̃. ნადირნი მრავალნი. მოსახლენი არიან თავადნი და აზნაურნი, და არს შენობიანი მთის ძირად. კაცნი ზნით აღწერილისაებრ გულისჴმა ჰყავ. ხოლო ამის აღმოსავლით არს გაღმა-მჴარი, რომელსა მზღვრის: აღმოსავლით კავკასი ლეკეთისა, დიდოეთისა და თუშეთისა და ამას შორისი, სადაცა გარდავლენანცა გზანი მათ შინა გაღმა მჴრიდამ; სამჴრით ელისენის საზღვარი; დასავლით ალაზნის მდინარე; ჩდილოთ მთა კავკასი, ამასა და თუშეთს შორისი, სადაცა გარდავალს გზა თუშეთს, და საზღვარი პანკისისა. და არს ქუეყანა ესე შემკული ყოვლითა და უმეტეს კახეთის ადგილთა, წყლითა, წყაროთი, მდინარითა, ტყითა, ველითა, სიმაგრითა, მოსავლის ნაყოფიერებითა, ვენახითა, ხილითა, რამეთუ ტყენიცა ხილნარითა სავსე არიან; ნადირნი, ფრინველნი, თევზნი მრავალნი, და უმეტეს კალმახი მთის კერძოდ. სახლობენ მთავარნი და აზნაურნი და არიან მჴნედ მბრძოლნი. და ჰერეთის ქუეყანას აკეთებენ ყოველგან აბრეშუმს, არამედ უფროს გაღმა-მჴარსა შინა და უმეტეს ელისენში; ეგრეთვე ბამბასა და ბრინჯსა სთესენ, გარნა იორის პირსაცა ზედა მრავალსა სთესვენ ბრინჯ-ბამბასა.

დიდოეთისათჳს

ხოლო თუშნი და დიდონი, უკეთუ არიან წილნი ლეკოსისა, არამედ შემდგომად მეფეთა ქართველთა დაპყრობილი, ვითარცა ვიხილავთ, და მოხარკენი მათნი, და უკანასკნელის განდგომილებისა, ვინაჲთგან დავითსა ზედა დაშთნენ ნამსახურად დიდონი, და მიერითგან მორჩილებენ კახთ მებატონეთა. არამედ შემდგომად თუშეთი დაიპყრა ე̃ მეფემან ლევან, ამისთჳს აწცა ჯერ არს აღწერა კახეთსა ზედა. ხოლო დიდოეთი არს ლოპოტისა, გრემისა, შილდა-ყვარელისა და ჭიაურის აღმოსავლით, კავკასის მთის ჩდილოთ კერძოსა შინა. და არს დიდოეთი ორ ჴეობად, და დის მის შორის მისივე მდინარე, რომელსა ლეკეთს ეწოდების ყოზლუხი, და უმეტეს ვაკესა შინა. ამ ჴევის აღმოსავლეთით არს მეორე ჴევი, და განჰყოფს ამ ორს ჴევს კავკასი მათვე შორისი, და ამის მდინარეცა მიერთვის მის მეორეს ჴევის მდინარესა. ხოლო მზღვრის ამ ორ ჴეობას დიდოეთისასა: აღმოსავლეთით კავკასი ჰავარისა, ლეკეთისა და ამას შორისი; სამჴრით მდინარე ამისივე და კავკასიდამ ჩამოსული კავკასივე, ჩდილოთ მდებარე; დასავლით მთა კავკასი, ამასა და გაღმა-მჴარის კახეთს შორისი; ჩდილოთ კავკასი, ამასა და თუშეთს შორისი.

და არს ქუეყანა ესე ფრიად მაგარი და შეუალი მტერთაგან, მწირი, ვითარცა აღვწერეთ ოსეთი, და უმეტესადცა მისსა. გარნა ესენი უბილწესნი ზნითა, ქცევითა, ჰაეროვნებითა და სახითა. ენა აქუსთ თჳსი საკუთარი, სარწმუნოებით არიან კერპნი და უმეტეს ეშმაკის მორჩილნი, რამეთუ იტყჳან, ოდეს დიდმან ალექსანდრემ შემუსრა სარკინეთი, განჴურიტეს მთა იგი ამათ, მოვიდნენ და დაეშენნენ აქა; და მიერითგან არიან მასვე რჯულსა და წესსა ზედა, ვითარცა ჩანს ქცევა-ზნითა მათითა, რამეთუ არა უწყიან სრულიად ღმერთი, არცა ნათესავი და ნათესაობა, ყოველსა სულიერსა სჭამენ. მოგურის მამა თჳსი მცირესა ძესა თჳსსა ცოლსა და, ვიდრე აღიზრდების ძე მისი იგი მცირე, თვთ მამა თანაეყოფის აღრევითა დედაკაცსა მას; ხოლო ოდეს აღიზრდების ძე მისი, მაშინ მისცემს მას ძესა დედაკაცსა მას ცოლად და განუყოფს შვილთაცა, რომელნი უვის მის დედაკაცისა თანა შობილი მამასა, ნახევარს მისცემს ძესა, და არს ძე ძისა მისისა, და ნახევარსა დაიპყრობს თჳთ, და ძმა არს ძისა მისისა, მის ქალის ქრმისა.

და სხუანიცა მრავალნი უკეთურებანი არიან; უვისთ მოხუცებულნი; იგინი ბჭობენ, განარჩევენ და განაგებენ და დააწყნარებენ შფოთსა და ბრძოლასა შინა შეუმართებელნი და ურგებ-უძლურნი არიან, ავად მოსილნი, ავმოიარაღენი, ყოველნი სრულიად შავით მოსილნი, ეშმაკის კერძობისათჳს, შალითა და ნაბდითა. არამედ სიმაგრის გამო არიან მშჳდობით და მტერთაგან უვნოდ. ჴელოვნება უწყიან ოსთავე მგზავსად, და ამათი ჩოხა-ნაბადი სხუაგვარი: ჩოხა უხაო და ნაბადი ბოჭკო-მაღალი, ვითარცა ქუნთისა, გარნა შავი და არა სხუა ფერი. ხოლო ლეკის მჴარე დაიპყრნეს რომელნიმე ლეკთა და მოჰმადიან ყვეს, და სხუანი ჰგიეს, და არიან ეგრეთვე. და კახეთის მჴრისანი ჰყმობენ კახთა მეპატრონეთა და აძლევენ ხარკთა და არა ლაშკართა, რათა ვიდოდნენ სავაჭროდ კახეთს, ვინაჲთგან ზიდვენ კახეთიდამ საზრდელსა, საშიშლოსა და საჴმარსა თჳსსა.

თუშეთისათჳს

ხოლო თუშეთი არს ლოპოტისა, თორღისა და პანკისის აღმოსავლეთით, კავკასის მთის ჩდილოთ კერძოთა შინა, და არს ორს ჴევად და მდებარებს ჩდილო-დასავლეთის შუადამ აღმოსავლეთს-სამჴრეთს შორის, და უდის შორის მდინარე თჳსი, და მიერთვის სონა მდინარეს, რომელი განვლის ჩაჩანს და მიერთვის ბორაღანს თერგის მდინარეს. ხოლო პანკისის გარდასწორ, კავკასს იქით, არს წოვა; წოვას ქუეით გომეწარი და მის ქვეით ჩაღმა. და ჩაღმიდამ გარდავალს გზა თორღასა და ლოპოტის ჴევზედ. და არიან დაბნები ესენი უმჯობესნი, და სხუანი დაბნები არიან ლ̃ზ. ამის ჩდილოთ არს ფარსმანის თუშეთის ჴევი, რომელთა უძეს შორის კავკასივე. და არს ფარსმანის თუშეთს დაბანი ლ̃ვ, და განჰყოფს ფარსმანსა და წოვა-გომეწარ-ჩახმართის ჴევთა ქისტ-ღლიღვიდამ წამოსული კავკასი, აღმოსავლეთ-ჩდილოთ შუა მდებარე. და მზღვრის ორსავ თუშეთს: აღმოსავლით კავკასი ჰავარსა, ჩაჩანსა და ამას შორისი; სამჴრით კავკასი, ამასა და დიდოეთს შორისი; დასავლით მთა კავკასი, ამასა და კახეთს შორისი; ჩდილოთ კავკასი, ამას და ღლირუ-ქისტს შორის. არამედ არს ქუეყანა ესე ყოვლითავე, ვითარცა აღვსწერეთ ოსეთი, სიმაგრით, მოსავლით, პირუტყჳთ, ნაყოფიერებით და ჴელოვნებით. არამედ კახეთის თუშნი ინახვენ ცხოვართა სიმრავლესა, ვინაჲთგან აქუთ ზაფხულს თჳსთა მთათა შინა საძოვარი, და ზამთარს ჩამოვლენ გაღმა-მჴარსა შინა, და ამით უმეტეს მორჩილებენ კახთა.

ხოლო ფარსმანი უფროს მწირ არს, გარნა ამათ მიერ იგინიცა გამოიზრდებიან კახეთით, რამეთუ მათ მოჰყავთ და ვაჭრობენ. არამედ იგინი არა ჰყმობენ კახთა მეპატრონეთა, ხოლო ესენი მორჩილნი, მოლაშკრენი და მეხარკენი არიან; და არიან ბრძოლასა შემმართებელნი, მჴნენი, ძლიერნი, მჴედარნი წარმატებულნი და უსაქციელონი, ბრიყუნი. რამეთუ, ოდეს შობს დედაკაცი, არავინ მიეახლების, არამედ განუტევებენ შორს მარტოდ, და შობისა შემდგომად მ̃ დღეთა მოიყვანებენ შობილითურთ. ხოლო უკეთუ ვინ მდედრი იყოს გულითა კაცთაგანი და ივლტოდეს ბრძოლასა შინა, ამას აჭმევენ ძაღლთა თანა გობასა შინა ძაღლთასა და არღარა კაცთა თანა.

ხოლო სარწმუნოებითა და ენითა არიან ქართულითა. აწ მწყსის ალავერდელი, მიმტაცე ხარჭაშნისა. არს ეკლესია მცირე, აღშენებული ძუელითვე, და უვისთ ხუცესნი, არამედ უმეტეს უცნობელნი ჭეშმარიტებისანი, რამეთუ აქუსთ კლდე დიდი და მაღალი, და დღესა ილია წინასწარმეტყუელისასა მივლენ და შესწირვენ მას კლდესა ცხოვარსა და ძროხასა, და თაყუანისცემენ კლდესა მას, და რა იგი ესმის კლდისა მისგან, რწამთ უმეტეს ყოვლისა იგი. ხოლო რომელნი არიან მჴარეთა ქისტთა და ღლიღუთა, უწყიან ენანი უფროს მათნი. გარნა ფარსმანის ჴევისანი სარწმუნოებით და ენით შერეულნი არიან, ვითარცა ქისტნი. არა იქნების მათ შინა სიძუა ანუ მრუშება და, უკეთუ მძლავრის ვინმე და შეეყოს მის თანა, მოიკლავს თავს დედაკაცი იგი, და კაცსა მას მოჰკულენ თემნი, და მცნობი არა ილტვის სხუათა ქუეყანასა.


ცხორება და ქმნულება მეფეთა ქართლისათა ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
მთავართათჳს კახეთისათა