ხმელი წიფელი

From Wikisource
Jump to: navigation, search
ხმელი წიფელი
ამ ნაწარმოების შემქმნელია ვაჟა-ფშაველა
1889 წელი


ყველას და, მათ შორის, მეც მიყვარს მაღალი, მწვანით, ყვავილებით მორთული მთა; გაზაფხულის სუნი, ახლად ამომავალი ბალახი, ახლად დამდნარის ყინულისათვის რომ უჯობნია, უცოდველად, უვნებლად ამოუჩენია თავი და შეჰყურებს მზეს, ქვეყანას, იჩქმალება, ინაბება, მაგრამ ნაზს, მიბნედილს სახეზე გამოუთქმელი ტრფიალება გადაჰფენია: - გავცოცხლდი, მადლი ჩემს გამჩენსაო, - თითქოს დუდუნებს. საამურია, გაყინული ხეები გაზაფხულის სითბოთი ზოგნი რომ გაიფოთლებიან და სხვანი აყვავდებიან. მიბუნდებულს, უღრანს, ბნელს, დაბურულს ტყეს ხომ არა შეედრება!..

მაგრამ ამჟამად ყველაფერი მავიწყდება და თვალთ-წინ მიდგება მხოლოდ ერთი ხმელი წიფელი. ისიც უღრანს ტყეში დგას, ერთის კლდის თავზედ. ამ კლდესაც ხავერდივით მწვანე ხავსი გადაჰკვრია. ხმელს წიფელს სხვა ხეები შორს უდგანან, თითქოს განგებ გაჰშორებიან და ამაყად დასჩერებიან თავზე. ხმელის წიფლის ახლო რამდენიმე ჟოლის ფეხია მოსული, შველისა და ირმის ნაკვნეტის ფოთლებით. ისინი გადმოძაბულან და გადმოსცქერიან დაბლა მდინარეს, მის ფესვებში რამდენიმე ფეხი ძირტკბილა მოდის, ზამთარ-ზაფხულ მწვანე, დაკბილულ-ფოთლებიანი. ხმელს წიფელს წასვლია სიცოცხლის ნიშანწყალი: სამი ტოტი-ღა შერჩენია შუა წელს ქვევით, ზედა ტანი მოტეხილია და ხევში ჩაჩხატულა, გახიდულა. ამ სამს ტოტში წელიწადში მარტო ერთს გამოუვა ხოლმე სამი თუ ოთხი ფოთოლი, ისიც ფერწასული, დამჭკნარი, გაყვითლებული. სხვა ხეებს-კი რომ უყუროთ, დატვირთულნი დგანან ბუნების მინიჭებულის სარჩოთი. არაფრად აგდებენ ხმელს წიფელს, ყურადღებას არ აქცევენ, მხოლოდ ზამთრობით, როცა თითონაც შემოეძარცვებათ ხოლმე საპატარძლო ტანისამოსი და, ცოტად თუ ბევრად, დაუახლოვდებიან სიხმელეს და დაემსგავსებიან ხმელს წიფელს, მაშინ თუ შეაცქერდებიან, ისიც გაკვრით... ეს მოხდება სწორედ მაშინ, როდესაც პირბადრი, სახენათელი, თმაგაშლილი “ადგილის დედა” ბუნების სანუგეშოდ სიყვარულზე, სიწმინდეზე და სიცოცხლეზე ზღაპარს უამბობს. მაშინ შეუბუზღუნებენ ხმელს წიფელს: “რას გაშტერებულხარ, საწყალო? ყური დაუგდე, დედა რას ამბობსო!”.

ხმელი წიფელი ამოიკვნესებს ღრმა კვნესით და არც ავად, არც კარგად ყურს არ ათხოვებს ამ ამაყ მცენარეთ, მაგრამ “ადგილის დედის” ზღაპარს-კი ყურს უგდებს; თითოეული მისი სიტყვა ლახვარივით გულზე ესობა და უჩუმრად ცრემლსა ჰღვრის.

საბრალო წიფელი! ერთი დრო იყო, რომ ესეც ამაყად გაბარჯღული იდგა, სხვა ხეებს ბევრით მაღლა ასცილებოდა და თავის დიდრონ ტოტებითა და ფოთლებით ქოხივით ეხურებოდა თავს მთელს ტყეს. მთიდამ ბარად მომდინარი არწივი მის კენწეროზე ისვენებდა, მოჰყვებოდა ამაყად ყეფას. ეხლა კი სულთმაბრძოლს დაჰფერებია. წაქცევ-წაქცევაზეა მიმზადული. ტანზე რამდენსამე ადგილს საცოდავს გამხმარი ქერქი ასძრობია და ტიტველი გვერდები უჩანს. ერთს ალაგს უფრო გრძლად აჰყრია ქერქი და დედამიწისკენ გრძლად გადმოშვერილა; გეგონებათ, ხანჯალი დაუციათ და ნაწლევები გადმოუყრევინებიათო. ჭიაც ბევრი თუ აქვს ამ წიფელს, რომ რამდენჯერაც მის ახლო გავლა მომიხდება, ზედ მუდამ კოდალასა ვხედავ. ეს დასაქცევი ერთთავად ზედ აზის და, რაც ძალი და ღონე აქვს, ურახუნებს იმ გასახმობს, გასავერანებელს ნისკარტს; თან კიდეც დასჭყივის, დაჰკივის, თითქოს ნიშნს უგებსო. აგერ რამდენს ადგილას ამოუღრუტნია წიფელი გულამდის. საცაა გულსაც ფქვას დაუწყებს. წიფელი დგას, დგას შეუშფოთრად, წარბშეუხრელად; არც ავს ამბობს, არც კარგსა.

როცა ქარი უბერავს, სხვა ხეები ერწევიან, მხოლოდ ხმელი წიფელი არ ინძრევა; წინათ-კი, როცა იგი ჯანსაღად იყო, სიცოცხლით სავსე, ქარის ბერვაზე დაიწყებდა ზღვასავით ღელვას; მისი ტოტები და ფოთლები ჭექა-ქუხილივით ხმაურობას ასტეხდენ. ხმელის წიფლის ტოტები ამაყად დედამიწას სცემდენ, ასკდებოდენ, დიაღ, ეხლა ქარს ვეღარ მიჰყვება ხმელი წიფელი სხვა ხეებივით, ძველებურად, შეუპოვრად გულ-მკერდს ვეღარ უპყრობს ქარიშხალს. არ მოიდრიკება-კი ხმელი წიფელი და, თუ მოსტყდება, იმისი რა ვსთქვათ... მოსტყდება, წაიქცევა, გვერდზე წაწვება, ფესვები გამოჩნდებიან, აღმა თავაჭერილები, თითქოს ლოცულობდენ, ღმერთს ევედრებოდენ, შველასა სთხოვდენო. ზაფხულობით უფრო შესაბრალისია ხმელი წიფელი: სხვა ხეები მორთულან მწვანის ფოთლით, უვნებელნი, უდარდელნი; მათზედ ათასი ფრინველი სხდება საგალობლად, ქედნები ღუღუნებენ იმათ ტოტებზე, ქერონა ჩიტი დაჰკრავს დაუსრულებელს გალობას, წიპრია იკლებს სტვენით იმათ არე-მარეს და მოუსვენრად გადახტ-გადმოხტის; ყელმოღერებული შველი და ირემი იმათ იჩრდილავს. ეს გაფოთლილი ხეები ამაყად დასცქერიან ბეჩავს ხმელს წიფელს, იმისი ეჩოთირებათ და ამბობენ: “ნეტავი შენ არ გვაუშნოებდეო!” - არ იციან, რომ ხმელი წიფელი იმათზე მეტად იხსენიება, და არიან, იპოვებიან ისეთნი კაცნი, რომელთაც მოსწონთ და უყვართ უბედურებაში ჩავარდნილი ხმელი წიფელი... სოფელში დღეში სამჯერ მაინც მოიგონებენ ხმელს წიფელს, - სადა გყვანდათ დღეს საქონელიო? - მამამ რომ ჰკითხოს თავის შვილებს, ისინი უჩვენებენ ხმელის წიფლის მიდამოს, გაღმითს ან გამოღმითს, თავს ან ბოლოს.

- ხმელ წიფლის ძირს, კლდეში, ვეფხი დაბუდებულაო, - ხმა არის სოფელში: - ლეკვები დაუყრიაო. მონადირეებს ენახათ ხმელ წიფლის გარეშემო დედა-ვეფხის და იმის ლეკვების კვალიო.

- ეს სააბედე სოკო ხმელს წიფელს ავაჭერო, - ამბობს მეორე.

დიაღ, არ იციან უგუნურმა ხეებმა, რომ ხალხს ჯერ არ დაუვიწყნია ხმელის წიფლის სახელი, კიდევ ახსოვს იმისი სიდიადე.

განა ყველა, რაც ხმელია,
კაცისგან საწუნარია!?
ათასს ცოცხალსა ბევრჯელა
ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია.
შენის დანახვით, ტიალო,
გულს დარდი მაწევს ცხარია,
რაკი გხედავ, რო ბეჩავად
და უპატრონოდ ხარია, -
თითქოს დაჰკრესო განგაში,
სამგლოვიარო ზარია.
მინდა, რომ დიდხანს ნახარში
და გულში ნადუღარია
გაგიზიარო ვარამი,
მდიოდეს ცრემლის ღვარია.
რისთვის მოსულხარ, ბეჩავო,
არ იგლოვები მკვდარია?!
შენთვის არც წაწყმედა არი,
არსად ცხონება არია!
ვინ რა შაგიკრავს კუბოსა,
ვინ რა აგინთოს სანთელი?..
ვაჰ, რა ძნელია, კვდებოდეს,
იკარგებოდეს სახელი!


ღამ-ღამობით ათასში ერთხელ ხმელს წიფელზე ბუ შეჯდება და დაკოდილის ხმით მოჰყვება გულმოკლული ძახილს: “ვერ იპოვეო?” და, როცა ძახილით დაქანცულს შემოესმის: “ვერა, ვერაო”, მოსაწყლებული თავს დაჰკიდებს და “ღრუ, ღრუო”, ხმადაბლა გულს ჩასძახებს.

ზამთრობით მგელი ესტუმრება ხოლმე ხმელს წიფელს, აიტუზება იმის გვერდით და ღმუის, შიმშილისაგან შეწუხებული. ხმელი წიფელი შეუშფოთრადა დგას, არც ავს იტყვის, არც კარგს, დგას გაშტერებული; იმან არც სიბრალული იცის, არც სიმძულვარე; არც სამტროდ აუდუღდება გული, არც სამოკეთოდ; ფიქრობს ხმელი წიფელი თავის თავზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე; გულში თითქო ღრმად ჩასჭდევია მწუხარება. ხანდახან გადმოაცქერდება მის ერთს ფესვის ბოლოზე ამოსულს პატარა დასახულს ყლორტს, რომელიც მზეს და წვიმას უცდის, რომ გაიზარდოს. ესღაა იმისი ნუგეში...