შოთა რუსთაველი (ესე)

From Wikisource
Jump to: navigation, search
შოთა რუსთაველი (ესე)
ამ ნაწარმოების შემქმნელია ტიციან ტაბიძე


პოლონურ გაზეთ „ეხო პოლსკას“ 16 (29) იანვრის ნომერში დაბეჭდილია წერილი ცნობილი პოლონელი დრამატურგის გრაბსკისა, იმ ლექციისა გამო, რომელიც კ. ბალმონტმა მოსკოვში წაიკითხა რუსთაველზე. მოგვყავს ეს წერილი ქ. ვ. ჰარმაიზეს თარგმანით:

„რა კარგია, ოდეს მშვენიერი პოეტი ლაპარაკობს დიდებულ პოეტზე. გუშინ „სასინოდო სასწავლებლის დიდ დარბაზში“ კ. ბალმონტმა გამართა საღამო, რომ მოსკოვის საზოგადოებისთვის გაეცნო ერთი უმშვენიერესი ეპიკური პოემათაგანი, რომელიც კაცობრიობის სიმდიდრეს შეადგენს. დიდი პოემაა, რადგან იტევს ექვსი ათას სტრიქონს. „ვეფხისტყაოსანი“ გენიალური ქმნილებაა გენიალური ქართველის რუსთაველისა, რომელიც ცხოვრობდა XII საუკუნეში.

ვინ არ იცის დანტე, შექსპირი, კალდერონი! განა შეიძლება არცნობა ამ მარად ცოცხალი ოსტატებისა. გუშინდელი დღიდან იმათ, ვინც პირველად გაიგონეს ნაწყვეტები რუსთაველის პოემიდან კ. ბალმონტის მშვენიერი თარგმანის სარკით ანასახი, უნდა მისცენ თავიანთ თავს კითხვა: როგორ მოხდა, რომ ქართველი ჰომიროსის დიდებას ასე პატარა ფრთები გამოადგა, ვინემ იტალიელ, ინგლისელ და ესპანელ გენიოსებს. ეს კი ხომ ასეა. ჭეშმარიტად, სამყოფი არ ყოფილა უსათუოდ გენიოსად ყოფნა ადამიანისა, რომ შეიქნეს ცნობილი. რუსთაველის გენიოსობის ტოლნი ამაყობენ დიდის სახელით. არ კმარა გენიოსობა, გენიოსი უნდა იყოს კიდევ ბედნიერი, უნდა ეკუთვნოდეს ბედნიერ ერს. რუსთაველი რომ ყოფილიყო ფრანგი, იმას ქვეყანა გაიცნობდა, როგორც კორნელს. ქართველები თავიანთი ისტორიული ცხოვრების ათასი წლების განმავლობაში გვიჩვენებდნენ მაგალითებს გმირობისას, რაინდობისას და კეთილშობილებისას იმავე ზომით, როგორც ფრანგები; უბედურება კი გამოიარეს უფრო მეტი, ვინემ ფრანგებმა; მიუხედავათ იმისა, რომ ისინი იბრძოდნენ სპარსელების, არაბების, ბიზანტიელების, თათრების და თურქების წინააღმდეგ, როგორც ახალგაზრდა ლომები; მიუხედავათ იმისა, რომ არა ერთხელ ყოფილან დამწვარი და აოხრებული, საბოლოოდ, ისინი მაინც დგებოდნენ ფერფლიდან როგორც ფენიქსები, ყოველთვის მშვენიერები, კეთილშობილები და რაინდები; მიუხედავად იმისა, რომ იმათი სიმღერები იყვნენ უფრო ლამაზი და ძვირფასი, ვინემ სიმღერები Willon-ს და Ronsar-ისა, მათი ღვთაებრივი რუსთაველი არ არის გაღმერთებული ევროპაში და თითქმის არც ცნობილი. გენიოსად ყოფნა ცოტა ყოფილა დიდებისათვის, კიდევ საჭიროა თურმე ბედნიერება, ისევე, როგორც არ არის საკმაო კეთილშობილ ნაციად ყოფნა, რომ ღირსეულად იყო მიღებული სხვა ქვეყანათა ერებში.

„ვეფხისტყაოსანი” - უკვდავი ქებაა სიყვარულისა. ბალმონტი ამბობს, რომ სიყვარულის ყველა პოემებს მას ურჩევნია „ტრისტან და იზოლდა”, მაგრამ, - იქვე უმატებს, - პოემა რუსთაველისა არ არის ნაკლებ მშვენიერი; მე არ შემიძლია ნაკლები აღტაცება განვიცადო იმითიო. ზეშთაგონებით ამბობდა პოეტი ბალმონტი რუსთაველის სიყვარულზე, თუ როგორი ცეცხლის ქარბუქით გაიარა სხვა ევროპულ გენიოსების გულში; ამბობდა, რომ სიყვარული გრძნობაა, რომლითაც იზომება სიდიადე ნაციის. რაც უფრო დიდია ძალა სიყვარულისა, რომელიც ერმა ჩადო თავის მგოსნის სულში, მით უმეტეს კეთილშობილია, მით უფრო ამაღლებული ხალხი. რიცხვით ქართველები ცოტანი არიან, მაგრამ რუსთაველის მოცემით შეიქნენ დიდებულ ერად, მათი გულები არ არის ცარიელი და პატარები, რადგან მათ შეუძლიათ ავსება დიდებული სიყვარულის კივილით.

ბოლოს ბალმონტმა წაიკითხა ორი სონეტი, რუსთაველისადმი მიძღვნილი, როგორც მისალმება მაღალ ძმას, უკვდავ ქართველ პოეტს - სალამი ზეშთამგონს სტიქსის წყლების იქით. გამწევი და ცხარე აპლოდისმენტი...


1917