ქართვლის დედას

From Wikisource
Jump to: navigation, search
ქართვლის დედას
ამ ნაწარმოების შემქმნელია ილია ჭავჭავაძე


აწმყო, შობილი წარსულისაგან,
არის მშობელი მომავალისა.
ლეიბნიცი.


ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა...
გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა,
სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.
მითხარ, — სადღაა მამა-პაპური
მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური,
სახელისათვის ამაყი თრთოლა,
მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?
მას ნუღარ ვსტირით; რაც დამარხულა,
რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;
მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი...
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...
აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთო ვალი!
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას, —
შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -
რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...
მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,
და მოგცემს ნაყოფს, ვით კაცი, კაცურს.
დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.

15 დეკემბერი, 1858 წ.

პეტერბურგი.