ორი ზარი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ორი ზარი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


ღამით მივედი სასაფლაოზე
და ვინახულე ძველი ტაძარი,
ფრთხილად ავედი ძველ სამრეკლოზე,
ფრთხილად დავრეკე მთვლემარე ზარი…
მსურდა, რომ ყველას გაღვიძებოდა,
ვისაც სძინავდა ცივ სამარეში.
ვინაც მიყვარდა ან პატივს ვცემდი,
ჩემს განუსაზღვრელ სიმწუხარეში;
რომელთაც სწამდათ ქვეყნად სიცოცხლე
და დღეს საფლავის ჰფარავდათ ლოდი,
მათ მოვუხმობდი სასოწარკვეთით,
ზარის მწარე ხმით მათ ვეძახოდი…
და ქვესკნელიდან თითქო ამავ დროს
მიცვალებულთა რეკავდა ზარი.
და ეძახოდა მათ, ვინც აქ დარჩათ,
მათ, რომელთ სწამდათ ყოფნის ზღაპარი.
კუბოს ფიცრებზე ძვლების რახუნით,
მკვდართა გუგუნით თრთოდა ქვესკნელი.
შეერეოდა ცოცხალთ ძახილი
და მკვდართა მოთქმა უკანასკნელი.
და შუაში კი სიცალიერედ
ჩაბნელებული უფსკრული შავი
ბნელი თვალივით იცქირებოდა,
სამარადჟამოდ დაუნახავი…
და ორი ზარი საბედისწერო
ერთმანეთისთვის მიუწვდომელი,
დაცინვა იყო, ვით ორი სული,
ვით ის ქვეყანა და ეს სოფელი…
და დიდხანს, დიდხანს ვისმენდი გუგუნს,
და დიდხანს, დიდხანს ზარი ჰგოდებდა…
მაგრამ ამაოდ მოვუწოდებდი,
მათ, ვინც ამაოდ მიმიწოდებდა…