ომის თემა ქართულ მწერლობაში

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ომის თემა ქართულ მწერლობაში
ავტორი: ტიციან ტაბიძე



არავის ვმსახურებდეთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებელისა.

ასეთი იყო აღთქმა ქართველი ერის ისტორიული ცხოვრების გარიჟრაჟზე ქართლის ცხოვრების გადმოცემით. და ვინ იტყვის, რომ საქართველომ არ იცოდა სიცოცხლე, რომ მან არ იცოდა ბრძოლა და თავისუფლება, სილამაზისთვის არ მიეტანოს მსხვერპლი.

მოდიოდენ, მოდიოდენ, მოდიოდენ,

ვინც აიდგა ფეხი სასიარულოდ,

ვინც იცოდა სიარული,

ვისაც უნდოდა თავის გამოცდა, სიკვდილთან ახლოს დგომა.

გზა მათი იყო საქართველოზე... და საფლავი მათი საქართველო...

იდგა სისხლი მდინარედ და გზა აგავდა აფთრის ნაკვალევს ხეობაში, ძვლებით მოკენჭილს...

... და საქართველო მეწამულ პორფირს.

რა არის მთელი ისტორია ძველი საქართველოსი, თუ არა. საბედისწერო დუელი...

ღმერთის უზარმაზარ ქვეყანა - ცირკში იდგა საქართველო, როგორც უკვდავი გლადიატორი. ტანი მისი იყო დაჭრილი და ელავდა მეწამული იარებით, მაგრამ მაინც იდგა და იბრძოდა. რამდენად ძლიერი და მრავალი იყო მტერი, იმდენად ზვიადი და სასტიკი იყო ბრძოლა... მხოლოდ ჭრილობით აჭრელებული გლადიატორი იდგა და არ ტოვებდა ასპარეზს. ძალიან მოკლე იყვნენ ანტრაქტები. საუკუნეები მიჰქროდენ დაღლილი ფრთებით და ლოჟებშიც იცვლებოდენ მაყურებლები, შეღებილი გეტერები, აუღელვებელი მატრონები და მშვენიერი კეისრის ცოლები და ჩადრიანი ხანუმები...

შემოქმედი კი, უდიდესი და სასტიკი რეჟისორი, უყურებდა და ტკბებოდა ბრძოლის სილამაზით და იქნება ეს იყო მიზეზი გლადიატორის უკვდავების, მარადი ტანჯვის, ლხენით შეღებილი ტანჯვისა.

ქართველებს უნახავთ ალექსანდრე მაკედონელის ფალანგა, პომპეუსის კოლონები, ნაპოლეონის გრენადერები და რამდენი კიდევ აზიელი დამპყრობელი, რომელთა სახელიც და რომელთა ბრძოლაც იყო სიგიჟე. ქართველები განბანილან განგის წყალში და ნილოსის ლერწმებსაც სმენიათ ქედმაღალი სიმღერა-ყიჟინა.

და ასე ჟამით ჟამამდე, საუკუნით საუკუნემდე, ქალდეას ცისქვეშ და კავკასიის კალთებზე.

გული მოგდის ყველა ქვეყანათა მემატიანეებზე, ბიბლიის მოსედან ისკანდერ მუნჯამდი, რომ მათ ვერ ნახეს სასტიკი სიტყვები - ჯადო-სიტყვები, რომ ქვეყნისთვის ესმინათ, ქვეყნისთვის გაეგებინებიათ საქმენი სასწაულნი, საქმენი საგმირონი, ხალხზე - უფლისგან რჩეულზე, ერზე - გმირობის მცველზე და შემნახველზე.

ქართველმა გაიგო, რომ იგი რჩეული აქტიორია ზენაარის და ომი გაიხადა ღვთის მსახურებად და ხმლიანი არმაზის ქურუმი განაგრძობდა ქურუმობას ქრისტიანეთა სხვისთვის თვინიერ, ჩვენთვის მრისხანე ღმერთისას...

ომისთვის არც ერთ ხალხს ისეთი გრძელი და საგმირო პოემა არ დაუწერია, როგორც ქართველს და ამ პოემის ეპილოგი ჯერ კიდევ დაუწერელია, ჯერ კიდევ ელის ქვეყანა ახალ სასწაულებს...

განა გასაკვირი არ არის ასეთი გამოხმაურება, შენახვა რაინდობის კულტის... ბუსბეკი ამტკიცებს, რომ ქართველები, რომელთაც დაივიწყეს იაზონი და მედეა, მეთექვსმეტე საუკუნეში უმღეროდენ კარლოსის დიდ რაინდს როლანდს, თავიანთი სამი სიმით გადაწნულ ფიცრიდან გაკეთებულ ფანდურზე.

არ შეიძლებოდა, რომ ამნაირი განწყობილება ერის მწერლობას არ დაჩნეოდა... აბა წაიკითხეთ „ქართლის ცხოვრება”! ბერი მემატიანე სარდალივით ლაპარაკობს, სენაკშიაც შედის სისხლის ალმური.

„მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მინა რხეული” მღერის რუსთაველი... მაგრამ განა არ შეიძლებოდა, რომ იმას კალმად ეხმარა ხმალი, ეს, რასაკვირველია, სულ არ დაუშლიდა მისი პოემის სინაზეს, რადგან ქართველი სასწაულით აბამდა ერთმანეთს სინაზეს და სიფიცხე-ფოლადობას. „ვეფხისტყაოსანი” ყველაზე დიდი ფსალმუნია უკვდავ გლადიატორზე და შემდეგ ყველა ჩვენი დიდი პოეტები: დ. გურამიშვილი, ნ. ბარათაშვილი, გრ. ორბელიანი, აკაკი, ილია, ვაჟა, ომზე მღერიან.

უკანასკნელი საუკუნის მიწურულში, როცა ომი განიცდიდა გადაფასებას და მწერლობაში იპარებოდა პაციფისტური მოტივები, ქართველი მწერლობა, ბევრში უკან მიმყოლი ევროპის მოწინავე იდეებისა, პაციფიზმზე ყრუ იყო თავისი უმრავლესობით და ერთხელაც არ უღალატია ძველი ტრადიციებისათვის. ყველაზე გულმავიწყი ჰუმანისტი ამ პოეტებიდან, აკაკი წერეთელი, მოხუცობაშიაც ნატრობდა თეთრი ჭაღარის მტრის სისხლით შეღებვას. ამნაირმა განწყობილებამ სულისამ ამოქსოვა აკაკის შედევრი „არაბი ფაშა”, რომელიც ჩვენში ჯერ სათანადოდ არ დაუფასებიათ... ვაჟა-ფშაველა მისი პოემებით და ლექსებით მე წარმომიდგება თავისი თეთრი თვალებით, რომელშიც არის რაღაც ბედითი კრთომა ტყის ალისა, ხანჯლის მლესავი საომრად შემზადებული.

მე მგონია ეს ერთი ნაციონალური თვისებაა ჩვენი ერის. ამისათვის ჯერ არავის მიუქცევია განსაკუთრებული ყურადღება. ამ საგანს ჩვენ ვუძღვნით მთელ მონოგრაფიას, მხოლოდ ამ წერილში გვინდა შევეხოთ, თუ როგორ გამოეხმაურა ქართული მწერლობა უკანასკნელ ევროპის ომს, რომლის მოწმე ჩვენ ვართ და რომლის ცეცხლიც თანდათან დიდდება.



ფრანგ მწერალს სენ-ვიქტორს თავის წიგნში, „ღმერთები და ადამიანები”, აქვს აწერილი რომის კულტურის მწუხრი, როცა იმპერატორების რომი დაეცა, გაიხრწნა და მასიური თვითმკვლელობის სული დაფართხალებდა თავს. როცა ამ სტრიქონებს შეადარებთ ანალოგიურ ადგილს შტირნერის „ერთად ერთსა და მის საკუთრებაში“, მაშინ იგრძნობთ ფრანგის დამწვარი სტილის ალს, გრძნობთ, რომ სენ-ვიქტორში ლაპარაკობს დეკადანსის საფრანგეთი „და ვით სნეული თანაუგრძნობს თავისივე მსგავს სნეულს”. აქ რამდენიმე ხაზის მოსმით, რამდენიმე ეპიზოდით, თქვენ წარმოგიდგებათ ბებერი რომი, ავხორცობა რომ შეაქვს სიკვდილში და თავისივე თავს უგალობს გამოსათხოვარ ლოცვას... აქ შეიძლება დაკვირვება, თუ როგორ ლაპარაკობს ერის სული ხელოვნებაში...

მწერლობაში ყველაზე აშკარად ჩანს ერის ცხოვრების ცვალებადობა, ყოველი გადასავალი და ნაჩრდილი ერის ცხოვრებისა მწერლობაზე სტოვებს კვალს და ამ შემთხვევაში შეიძლება იმ დედოფლის ტბას მიემგვანოს, რომელშიაც ჩნდებოდა უკვე გასათეთრებლად დამზადებული ყოველი ღერი თმისა. და ვისაც უნდა დაამტკიცოს საქართველოს სიცოცხლის ნება, იგი უნდა ეძიოს მწერლობაში... აქ შეიძლება დანახვა, რომ ვაჟა-ფშაველაზე ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე არა თუ ახლა არ არის, არც წინათ ყოფილა სხვა მწერალი. მეთორმეტე საუკუნის საქართველოს, თამარ მეფის ეპოქის მომღერალი რუსთაველის მწველი, იმედიანი სიმღერა ჩვენში ჯერ არ ჩაფერფლილა და ჩვენი დღეების საქართველოს მესაიდუმლე ვაჟა-ფშაველა - „მონად აღზრდილი მოლექსე“, ისეთივე ცეცხლით იმღერის თავის „ლამაზ დედაზე“ და განა მარტო ვაჟა. გრ. ორბელიანი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე - ეს ჩვენი ერის მწუხრის კი არა, შუადღის მომღერლები არიან. მათი სიმღერა ჭაბუკურია და მათში მღერის „ორბივით დამწვარი” და ფერფლით ამდგარი საქართველო.

ერთ თავის წერილში კიტა აბაშიძე შენიშნავს, რომ ქართველი მწერლები გაურბიან სიკვდილის პრობლემას და არ ჩერდებიან მასზეო. როგორც მახსოვს, ეს შენიშვნა პატივცემული კრიტიკოსისა მხოლოდ კითხვის დასმით გათავდა და მიზეზები არ გამოურკვევია.

მე მგონია, ეს ფაქტი ფრიად მომასწავებელია და ამჟღავნებს ჩვენი მწერლობის ნაციონალურ ბუნებას; ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო თავის კუბოში ცოცხლად რომ ჩაიჭედოს, სიკვდილზე არ ფიქრობს, რომ ერის სული კიდევ ყვავილობს და არ ჭკნება, რომ სიკვდილის წინ თავის თავი გამოიტიროს.

თანამედროვე ომის ერთი დიდი მნიშვნელობა, სხვათაშორის, იმაშიც არის, რომ ყველა ერს ჩაახედებს თავის სულის სიღრმეში. ნათელზე გამოიყვანს იმ ფიქრს, რომელიც დიდი ხანია მტვერმიყრილი და ცოცხალ-მკვდარი იყო. ამნაირი კატაკლიზმი ისტორიის საუკუნეებით იხსნება და რამდენადაც დიდხანს გასტანს, იმდენად გრძელი იქნება ანტრაქტი და ვაი იმას, ვისი მახვილი არ იქნება მჭრელი, ვისაც სულმოკლეობა დაეტყობა, - იმის ბედზე ცუდად უფიქრია შემოქმედს. და ვის არ დააფიქრებს ეს ომი მომავალზე...

ამ ომში საქართველოც არის ჩარეული... და დამტკიცდა, რომ წინაპართა ანდერძი კიდევ ცოცხლობს ქართველებში. და აღმოსავლეთ პრუსიაში დაწყობილი ძვლები კიდევ ანიშნებს ქვეყანას, რომ რაინდული, უანგარიშო გატაცება ქართველი ერის წარღვნის ცისარტყელაა, და მეშჩანურ ჭაობს ჯერ კიდევ არ დაუძირავს კაცობრიობა.

როგორ გამოეხმაურა ამას მწერლობა?

მართალია, ჯერ ჩვენ კიდევ ომთან ახლოს ვართ, ჯერ კიდევ არ დაწმენდილა, არ დალაგებულა გრძნობა, რომ გახდეს ხელოვნების ობიექტი, მაგრამ განა ეს აუცილებელია?

განა არ ყოფილა მაგალითები, რომ მოვლენათა ტალღების ტორტმანით შექმნილიყვენ ხელოვნური ნაწარმოებნი დიდი საფასურისა?

ამაზე იტყვის „მარსელიოზა“, ამაზე იტყვიან რომის საუკეთესო პოეტები, იმპერატორების სამხედრო კარავებში რომ სწერდენ ღვთაებრივ ოდებს...

რუსეთის მწერლობაში ამ ომმა ვერაფერი აღშფოთება ვერ გამოიწვია, თუ არ მივიღებთ მხედველობაში რამდენიმე ლექსს მაქსიმილიან ვალოშინისას და ჯერ დაუბეჭდავ რამდენიმე ლექსს კ. ბალმონტისას. ახალგაზრდებს, როგორც ვ. ხოდასევიჩი, მარია მორავსკაია და იგორ სევერიანინია, თავში უდგას ფელდფებელური სიდინჯით ვალერი ბრიუსოვი, რომელმაც „ცუსიმაზეც“ ნახა სიტყვები, მაგრამ ახლა კი ხმა ჩაუწყდა.

ქართულ მწერლობაშიც გაიპარნენ ლექსები ომზე, ბელგიაზე. დიდი უმრავლესობა იმათგანი, ახლა ალბათ მარტო ავტორებს თუ ახსოვთ, ანდა ზოგიერთ რედაქტორებს, რომელნიც ამდიდრებენ ჩვენ მწერლობას ახალ ნიჭთა აღმოჩენით... ზოგი იმ ლექსებისა ძველ პოეტებსაც ეკუთვნოდათ. უმრავლესობა ჩვენი მწერლობის ნაწარმოებთა იმ ფიქრზე გაყენებთ, თითქო აქ ავ ჭინკას მათი აზროვნების მექანიზმი გადაუყენებია და ერთ ადგილზე გაუჩერებია. მიდიან ლექსები უკვე მოწონებული პოეტების, არც ერთი ახალი გრძნობა, ახალი განცდა, ფიქრი, ლექსის წყობაში არ შეპარვიათ.

წინდაწინ გრძნობ ვის შეუძლია ახალი სიტყვების მონახვა, ვის გაუელვებს ახალი ფიქრი.

ახალგაზრდა მწერლებიდან ჩვენ მოველოდით, რომ სანდრო შანშიაშვილი, გ. ტაბიძე, ა. აბაშელი მონახავდნენ ამ სიტყვებს. ეს იმიტომ, რომ ჩვენში ჯერ კიდევ ღვივის სანდრო შანშიაშვილის შექმნილი სახეები, ის განიცდის საქართველოს და შეუძლია მასზე სიმღერა. ჯერ მე არ მინახავს მათი ლექსები, იქნებ ჯერ კიდევ ადრეა, იქნებ ჯერ კიდევ არ ამოქსელილა მათ სულში ძაფები.

ჩვენი მწერლობის ვალი მხოლოდ ვაჟა-ფშაველამ და კ. მაყაშვილმა გამოისყიდეს. ვაჟა-ფშაველას შეეძლო ეთქვა ერთი რუსი პოეტივით: „რეჟისორის შეცდომით ხუთი საუკუნე დავიგვიანეო“, ვაჟას საქართველო ის საქართველოა, „როცა ის თავის თავს ეყუდნოდა“. მხოლოდ რამდენიმე ლირიკული ლექსი არღვევს მთლიან ილუზიას, მისთვის ბაგრატიონები არ არის ისტორიული ანაქრონიზმი, - ვაჟა თითქოს ერეკლეს ბანაკში სწერს თავის ლექსებს. ვაჟას ამგვარი ბუნება ჯერ მარტო გერონტი ქიქოძემ იგრძნო.

ევროპის ომზე ვაჟამ სიკვდილის წინ დასტოვა შედევრი: „ფშაველი ჯარისკაცის წერილი“. ამ ლექსის კომენტარი არ შეიძლება, ამ ლექსში მთელი ვაჟაა. აქ ყოველი სტრიქონი სუნთქავს სიმარტივით, რომელიც მარტო ვაჟას შეუძლია გახადოს ღვთაებრივად. აქ მთელი რწმენა, ცრუმორწმუნოება, გულის სიჩვილე, ვაჟკაცობა, ომის ცეცხლი და საჩეჩელი ისეა გადაწნული, შექსოვილი, რომ გაგრძნობინებს პოეტის ჯადოქრობას. ვაჟას პოეზიაში ფიქრიც არაა ომის ბოროტებაზე, ასეთი საკითხის დასმას სულაც არ გაუვლია მის შემოქმედებაში. მას მხოლოდ ის აწუხებს, რომ „სამშობლოს უშველოს თავის ხარჯითა“. თუმცა უკვე ეჭვი იპყრობს „ნეტავ თუ არ გვატირებენ ბოლოს ვაჟკაცურ შრომაზე” და ეს სტრიქონები თითქო თქვენ თავში სამუდამოდ ამოიწვა:


ფიქრით შინა ვარ... საჩეჩლის

კბილების მესმის წკრიალი.

გიცქერ, მატყლს სჩეჩავ, ფარტენას

ცრემლი გისველებს ტიალი.

ეგ ხომ ჩემ საჩოხედ გინდა

ნაკურთხი დედის ცრემლითა,

არ გაიჭრება მახვილით,

არ დაიწყება ცეცხლითა...


ცრემლი გისველებს თვალებს, როცა კითხულობ ამ სტრიქონებს და იცი, რომ შრაპნელის წვიმა დაცხრილავს ამ ჩოხას, მაგრამ სიკვდილმა ყველაზე დიდ ფშაველსაც მიაგნო და არ იცი, რომელზე იტირო.

მხოლოდ კ. მაყაშვილის ლექსი „რაინდ სამშობლოს“ გამოირჩევა ბევრი ლექსიდან. მართალია, ბევრია აქ სიტყვები და რიტორიკა, ეს ლექსი ისე არ გასველებს გრძნობით, როგორც ვაჟასი, მაგრამ ამ ლექსში მთელი ეროვნული ფილოსოფიაა გამოთქმული, შეიძლება ამ ლექსის საფუძვლად დადება, რომ შეიქნას თეორია „სილამაზისათვის ჯვარცმული ერის”.

ამგვარი იდეები არის გატარებული გერონტი ქიქოძის წერილებში, რომლის ნაფიქრი, ნააზრი და ტანჯვით ნაყიდი სტრიქონები გაგონებენ „დამწვარ აჩრდილს” და რომელთაც ექნებათ ისტორიული მნიშვნელობა.

ამ ლექსში კ. მაყაშვილი საქართველოს ადარებს პატიოსან ლამანჩელ რაინდს დონ-კიხოტს, რომელიც სასაცილო გახდა მარტო იმისათვის, რომ დაიგვიანა თავისი რაინდობით... კ. მაყაშვილის გაგება დონ-კიხოტისა ძალიან ღრმაა: ის როგორც მხატვარი-სატირიკოსი მიხვდა სერვანტესის მხატვრულ საიდუმლოს და გაიგო მთელი ტრაგედია დონ-კიხოტისა, რომელთანაც შედარებით უკვე ცნობილი ტრაგედიები ძალიან დაკარგავდნენ ფერს. დონ-კიხოტის ერის სიმბოლოდ გამოხატვა არ არის პირველი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ არის უშუალოდ დაწერილი.


წინ სამშობლოვ, შეასრულე რაინდული შენი ვალი,

ვაჰ მსოფლიოს დამჩაგვრელთა, ვაჰ ცხვრის ფარათ, წისქვილთ

ბრალი,

შეჯექ მხცოვან როსინანტზე გადალახე გზა - სავალი,

იქნებ სულის სილამაზემ მოგიპოვოს მომავალი...


ის, ვინც შექმნა სამყარო ძალით ძლიერით და უთვალავი ფერითა, ვინც არის უფალი ყოველ სულთა, დააფასებს მისგან შთაბერილ სულის სილამაზეს; კაცობრიობა იწამებს სილამაზისთვის ჯვარცმულ ერს, გაუვლელ ჭაობში სიწმიდის და რაინდობის წალკოტს...

ამის შეგნებით უნდა ვცხოვრობდეთ ჩვენ, ამაზე ჩვენ უნდა ვთქვათ მძლე სიმღერა.

მოსკოვი

1915 წ