ილიას საღამო

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ილიას საღამო
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1910 წელი


ფშავის ხევიდან ვესტუმრე

დღეს იმერეთის მხარესა.

ამ ტურფა არემარეში

ფიქრებს განვიცდი მწარესა.


ვდღესასწაულობთ კარგ დრესა,

დარამებულსა შავადა,

ბოლოს-რა ვიხრით მის წინ ქედს,

ვინც ჩევენ მოვკალით ძალადა.

ბოლოს-ღა ვტირით და ვნანობთ,

რად მოვეპყარით ავადა,

დიდს მოამაგეს მამასა,

ჩვენს საწყლობაზე მტირალსა:

"გაფხიზლდით", "გაიღვიძეთო",

დაიცხრომელად მყვირალსა,

ქართველ მუშაკთა წინამძღვარს

მოაზრეს გასაკვირალსა.

გზა შევუკარით, თოფები

ვესროლეთ, როგორც ფირალსა.


მას, ვონც ურჩევდა თავადსა,

ძმობა ჰქონოდა გლეხთანა,

სწამდა, რომ ამით ძალასა

შეიმატებდა ქვეყანა,

და უფრო საშიშრად ჰქმნიდა

ერთად ორივეს მტერტანა.


ვინაც თავისი სამშობლო

თვით ღმერთზე მეტად იწამა

და დიდად პატარა ერი

გულმა ითვისა მისამა, უდროოდ უნდა შეჭამოს

ოხერმა დედამიწამა?!


ახ, რა ცუდია, რა ცუდი

გზა-არეულად მსჯელობა,

ცეცხლ-მოდებულის ერისა

თავისვე თავის მტერობა!

დიდხანს იცოცხლებს ჩვენშია,

ნეტავ, ასეთი ხელობა?


შავმა დრომ შავი ნაყოფი

ცამოგვაბერტყა თავზედა:

ცრემლი, ცეცხლი და მუქარა

დარაკად გვიდგა კარზედა.

ნუთუ არ არის ეხლა დრო,

ვმღერდეთ შეწყობილ ხმაზედა?


გაფრინდი, ჩემო ოცნებავ,

გასჭერ სამარის დირენი,

იქ ნახავ მამულიშვილთა, -

არიან არა-მცირენი, -

და დაამშვიდე ამ ამბით

ის ჩემი ამატირენი.


ჩვენს ილიასაც იქ ნახავ,

გთხოვ, ანუგეშო სიტყვითა:

მტკიცდება ქართველთ კავშირი

ძმობა-ერთობის ფიცითა,

მტერსა და მოკეთეს ვარცევთ,

კარგი და ავი ვიცითა,

მის ანდერძს ვიჭდევთ გულში ღრმად,

ვატარებსთ გულის ფიცრითა.