ივერია (1895, N192)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
გაზეთი ივერია, N192; ”უცნაური შემთხვევის” კორესპონდენტის საცნობლად
ავტორი: ბლაღოჩინი მღვდელი მიხეილ სხირტლაძე
1895 წელი


პატივ-ცემულის გაზეთ ”ივერიის” #145 ამა 1895 წლის ივლისის 11ს კორესპონდენტი, ”ვინმე რაჭველი” სწერს ვითომც ძველის-ძველი მრავალძლის წმიდის გიორგის ეკკლესია, რომელიმე ვაჟბატონების დაუზოგაობით, ეხლა ხანს სულ ერთიანად დანგრეულიყოს და მის ნაცვლად ახალი შენდებოდეს მთვარობის ნების დაურთველოად.

ეს ამბავი მართალი არ არის. მრავალძლის ეკკლესია დიდდება, კეთდება ეპარქიის მთავრობის ნებართვით, არხიტექტორისაგან შედგენილისა და გუბერნიის სამმართველოს მიერ დამტკიცებულის გეგმისამებრ. დასამტკიცებლად ამისა, უკეთუ რედაქციისათვის საჭირო იქნება, მე ყოველივე მიწერ-მოწერის და საქმეების - ქაღალდების პირებს წარმოვადგენ.

შეკეთება და გადიდება აღნიშნული ეკკლესიისა არ არის დაწყებული სრულიად ძველის ეკკლესიის დანგრევით და განადგურებით, როგორც კორესპონდენტი სწერს: ტაძარს აქვს გამოშლილი, პლანისამებრ დასავლეთის კედელი და იქიდამ ჯვარის სახეთ ახალი შენობა მოეწყო სიგრძით და სამხრეებით. რაიცა შეეხება ამა ეკკლესიის აუცილებლად გადიდების საჭიროებას, ამის შესახებ მოგახსენებთ - ხალხის რწმენას და სიყვარულს იზიდავს ახლანდელი ეკკლესიის წმიდა და მაღალი ადგილი; იმ სოფელში სხვაგან კიდეც რომ აშენებულიყოს კარგი და დიდი ეკკლესია - რაიცა ადგილის შოვნით და სრულიად ახალის მთელის ეკკლესიის აშენებით მრევლისათვის შეუძლებელი საქმე იყო - მაინც ხალხის სიყვარულისა და სასოების მოშორება ძველის ეკკლესიის და მისის ადგილისაგან შეუძლებელი იყო. შეუძლებელი იყო ახალის ეკკლესიის აშენება და წირვა-ლოცვის მოსპობა და ძველი ნაშთების და ხატების გადატანა ახალ ეკკლესიაში! თუ გინდ ეს ასეც რომ არ იყოს და კორესპონდენტს რამეში ვერწმუნოთ, არასფერს შემთხვევაში არც მე და არც აღნიშნულის ეკკლესიის მრევლს არ გვქონია სახეში ძველის ეკკლესიის გადაკეთება ისე, როგორც დღეს მთავრობისაგან მოცემული პლანისამებრ კეთდება, არამედ ჩვენი სურვილი იყო მიგვედგას ჩრდილოეთის მხრით ძველი ეკკლესიისათვის ახალი სამ კედლიანი შენობა, რომელთანაც იქნებოდა შეერთებული ძველი ეკკლესია ორის პატარა კედელში გამოღებულის თაღით, სადაც შესძლებოდათ მლოცველთ დგომა, ვინაიდგან ძველის ეკკლესიაში მეოთხედი მრევლისა ვერ ეტევოდა, მისის სიპატარავისა გამო. რომ ასეთის ჩვენის სურვილსა გამო არის მრევლისაგან დადგენილი ოქმი, უნდა დავსძინოთ: სიპატარავე ეკკლესიისა მრავალ-ძლის სოფელში აუტანელი იყო, ვინაიდგან ეს სოფელი მდებარეობს მეტად მაღალს მთა-ადგილზედ, სადაც ეკკლესიის გარეთ მლოცველთ დგომა არ შეეძლოთ სიცივის გამო, გარდა ზაფხულის ორის თვისა.

მართალი არის ქვები დაიკარგა, რომელზედაც ”ვინმე რაჭველი” სწერს, მთავრობას აქვს ჩემ მიერ თავის დროზედ მოხსენებული, რომლის შესახებაც მთავრობა მიუდგომლად და დაუფარავად გამოარკვევს და გაათავებს საქმეს. მაშასადამე, კორესპონდენტს რაღა აწუხებს და აშფოთებს?! - უცნობი დაუფასებელი თვლები იმა ეკკლესიაზედ არც ერთი არ არის და არც ყოფილა. ყოველივე აღნიშნულის ეკკლესიის ქონება ძველ დროს კომისიისაგან ყოფილა შეომწმებული და 1879 წელს უწმიდესის სინოდის კანტორის მიერ დანაშაულის კომისიისგან ხელ-ახლად შემოწმდა და აღიწერა ამა ეკკლესიის ქონება, რომელს აწერილობაშიაც ცხადად და გაგებით არის ნაჩვენები ყველა ხატები, მათზედ თვლების რაოდენობა, ღირსება და სახელი. ცხადი არის, რომ ამ სიით ადვილი გასაგებია, თუ რომელი და რა ღირსების ქვა არის დაკარგული. დაკარგული არის ათი ცალი პატარა მარგალიტები, რომელთა მზგავსი კიდევ რამოდენიმე არის ხატზედ დარჩენილი, რომელთაგანაც დაკარგულების ფასის გაგება ადვილი არის. ეს არის და ეს მთელი ზარალი, რომელიც ეკკლესიას მოუვიდა.

ბლაღოჩინი მღვდელი მიხეილ სხირტლაძე 1895 წელი, აგვისტო 29