თვალით ვეღარას ვხედავ

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
თვალით ვეღარას ვხედავ
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


თვალით ვეღარას ვხედავ,
გული მოელის დანას,
რისთვის გამზარდა დედამ,
რისთვის მეტყოდა ნანას?

გადაქცეული ახოდ -
გრძნობაც ისეა, განა?
ჭალის ყანები ვნახოთ:
შენ რაღას იტყვი, ყანა?

თვალი წაიღო სევდამ,
როგორ აჟრჟოლებს ყანას...
რისთვის გამზარდა დედამ,
რისთვის მეტყოდა ნანას?