ვეფხისტყაოსანი/ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა ვაზირის საუბარი ვეფხისტყაოსანი
ავტორი: შოთა რუსთაველი
ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე



774
შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი:
ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი,
შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი”.
მქებრად ამბვისა მათისა ხამს მკითხავი და მსმენელი.

775
იტყვის: როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა;
მან არ იცის, რა მჭირს, ანუ სულ-დგმული ვარ ვისგან ვინა;
უმისოდმცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე, ნუცა შინა!
რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!

776
თუცა მისი არ-გაწირვა ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს,
ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს;
გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უშობს,
ლხინსა არას არ იახლებს, კრთების, კუშტობს, ვახშობს, უშობს.

777
სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:
პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა,
მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა,
გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.

778
რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, ჟამია შემოკლებისა!
აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა.
რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა;
შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.

779
აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე,
სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე;
სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე,
სამსახური აქამდისი, კვლა გავლენა გააკვლადე.

780
მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნუმცა მოგაკლდების,
ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების!
შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების;
პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების”.

781
ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი;
მოახსენა: “მარტოებით ჭირსა რადმცა შევუშინდი!
მაგრა რა ვქმნა, უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი!
წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი.

782
ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი?
ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი?
დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქმნები აქა ფლიდი?”
ყმამან უთხრა: “ვერ წაგიტან, რაზომსაცა ცრემლსა ჰღვრიდი.

783
შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა,
მაგრა საქმე არ მოხდების, ჟამი ასრე დამემტერა!
ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდე ვინმც მეფერა?!
გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერა, ვერა!

784
თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად;
არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად?
გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად!
ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად!

785
რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს;
არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს.
ხამს, მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს.
მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს.

786
მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად,
ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად;
ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად?
მას თუ დავსთმობ, სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად?

787
აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა;
შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა.
მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა,
ამას ზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა”.