ელეგია (ილია ჭავჭავაძე)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ელეგია
ავტორი: ილია ჭავჭავაძე


მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.

არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!

ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება...
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!

4 ივნისი, 1859 წ./პეტერბურგი.