გზაზე (გალაქტიონ ტაბიძის ლექსი)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
გზაზე
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო,
ჩუმი, მყუდრო და სევდიანი იყო საღამო.
თოვლზე დაცემულ სისხლის წვეთის მსგავსად მზის რგოლი
ღრუბელთა შორის იშლებოდა სხივ-ანათრთოლი.
ლურჯი ბურუსით ინთქმებოდა ხშირი ტყე-ველი
და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
ამ დროს მომესმა სევდიანი სიმღერა გზაზე:
ეს ხომ მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე.

გადაიარა ჩემს თვალთაწინ და მიიმალა,
სამარადჟამოდ გაურკვევი აღმიძრა ძალა.
და მივდიოდი მარტოდ-მარტო სევდიან გზაზე
და ისევ-ისე ვოცნებობდი სხვა ქვეყანაზე.
ლურჯი ბურუსით ინთქმებოდა ხშირი ტყე-ველი
და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი!