გადია

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
გადია
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



გადია ჩემი სიზმრის სიალით
ასე არასდროს არ დაისრულა.
ის ირონიამ ფრთით უშუალოდ
წარსულ დღეებში გადაისროლა.
ის, დაყრდნობილი უღონო ხელებს,
სიყმაწვილისას დაჰყურებს სურათს
და ჩარჩოებში ძვირფას სახელებს
ითვლის ბავშვივით და უსუსურად.
ბზა, სახარება, სარკე, საათი...
სარკეში თეთრი თმები თოვდება
და საათიდან სამოცდაათი
წელი, გადია, გიახლოვდება.
რბილ ბალიშებზე ისვენებს კატა,
ნებიერების ბნელი ასული,
ცეცხლმა კანკალით შემოახატა
კედელს მოხუცი წრიდან გასული.
მე კი, მოღრუბლულ დღით მოწყენილი,
ავიღებ მანონს, სადაც ზონარად
მჭკნარი ალოე არის შთენილი
უკეთეს დროთა მოსაგონარად