ბავშვები კაფეში

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ბავშვები კაფეში
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



მე არა ერთი მინახავს ბავშვი,
პატარა, როგორც ოქროს წიწილი,
ეტლში, სალონში, აკვანში, ბაღში,
გაისმის მათი ზარის სიცილი.
მაგრამ კონტრასტი არის ამ ბედის
გულცივი, მკაცრი და გამყიდველი.
მშიერი სახით კაფეში შედის,
ბავშვების გუნდი შიშველ-ტიტველი.
მათი თვალები აღარ იცინის,
ხედვაში ხანჯლის არის ციება,
არ ეპატიოს, - კვნესდნენ ისინი -
ქვეყანას ჩვენზე შურისძიება.
მათ ნატყვიარი აკრავთ წარბებზე,
გული სავსე აქვთ შხამის წვეთებით,
ამ დროს მოლხენით არის დარბაზი,
ორკესტრი გრგვინავს თავგამეტებით.

1917 წ.