აპეურები

From Wikisource
Jump to: navigation, search
აპეურები
ამ ნაწარმოების შემქმნელია გოდერძი ჩოხელი


დღისა და ღამის გასაყართან მაბრუნებს ბედი
და ქედზე მძიმე უღელი მადგას.
წაჭერილი მაქვს აპეურები:
თეთრი და შავი _
ორი ფერის გამძლე ბაწარი.
უნდა ვიბრუნო, ვიტრიალო და როგორც ხარმა,
ქვამარილივით გაცრეცილი დღეები ვლოკო.
არ გამომხსნიან ამ უღლიდან, სანამ ჩემს ქედზე
არ გაილევა, არ გაწყდება დღის აპეური.
შემხსნიან მერე შავ ბაწარსაც და
მოწყურებულს შორს წამიყვანენ,
დავიწყების მდინარეზე წყლის დასალევად...
დღისა და ღამის გასაყარში
ღამის მეხრეს გამაყოლებენ.
თვალს გამაყოლებს შემოქმედი და
ჩვეული სიდინჯით იტყვის:
ღვინია ხარმა თავის წილი
კალო გალეწა.