ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია
ავტორი: [[ავტორი:|]]
ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია - პოლიტიკური მანიფესტი მიღებულ იქნა ეროვნული წარმომადგენლობითი ასამბლეის შეკრებაზე 1789 წლის 26 აგვისტოს ვერსალში საფრანგეთის რევოლუციის დროს, ხოლო 1958 წლის 4 ოქტომბერს დამტკიცდა საფრანგეთის კონსტიტუციით.


ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია

პრეამბულა[edit]

ფრანგი ხალხის ეროვნულ ასამბლეაში გაერთიანებულ წარმომადგენლებს, რომელთაც ყოველგვარი საზოგადო სიდუხჭირისა და მთავრობათა დაკნინების ერთადერთ მიზეზად ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, მივიწყება და აბუჩად აგდება მიაჩნიათ, ამ დეკლარაციის სახით სურთ განსაზღვრონ ყოველი ადამიანის ბუნებრივი, წმიდათაწმიდა და ხელშეუხებელი უფლებები - რათა თავყრილობის უკლებლივ ყველა წევრისათვის დარიგებულმა, , მუდამ შეახსენოს მათ საკუთრი უფლებებიცა და ვალდებულებებიც; რათა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა გადაწყვეტილებანი არსებული პოლიტიკური წყობის სათავისო მიზნებტან ვერასოდეს გააიგივონ და, შესაბამისად, მეტი პატივიც მიაგონ მათ; ასევე, რათა ამ ნატელ და უდავო პრინციპების გათვალისწნებით წარდგენილი მოქალაქეთა ნებისმიერი მოთხოვნა მუდამ კონსტიტუციის მოთხოვნათა თანხმიერი იყოს და საერთო კეთილდღეობისათვის გამიზნული.

მუხლები[edit]

1

ყოველი ადამიანი თავისუფალი და თანასწორუფლებიანი იბადება ამქვეყნად. ნებისმიერი სოციალური პრივილეგია გაუმართლებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საყოველთაო სარგებლითაა ნაკარნახევი.


2

ყოველი პოლიტიკური გაერთიანების საბოლოო მიზანს ადამიანის იმ ბუნებრივ და ხელშეუვალ უფლებათა დაცვა უნდა წარმოადგენდეს, როგორც თავისუფლება, პირადი საკუტრება, უსაფრთხოება და ყოველგვარი სახის ჩაგვრისადმი წინააღმდეგობაა.


3

უზენაესობის პრინციპს თავად ერი განასახიერებს - არცერთმა ჯგუფმა ან პიროვნებამ არ შეიძლება დაიცემოს რაიმე უფლებები, თუკუ ეს ცხადად არ მომდინარეობს ერის ნებისაგან.


4

თავისუფლება გულისხმობს, რომ დასაშვებია ყოველგვარი ქმედება, რაც არ ავნებს სხვას; ანუ, თითოეული ადამიანის ბუნებრივ უფლებებს უდგება ის ზღვარი, რომლებიც საზოგადოების სხვა წევრებს უზრუნველყოფს ამავე უფლებებით. ამ ზღვარს მხოლოდ კანონი ადგენს.


5

კანონს მხოლოდ საზოგადოებისათვის მავნე ქმედების აკრძალვის უფლება აქვს. არ შეიძლება იმ ქმედებათა შეზღუდვა, რომლებიც კანონით არ არის აკრძალული, და არ შეიძლება არავის იძულება აკეთოს ის, რასაც არ მოითხოვს არსებული კანონი.


6

კანონი საყოველთაო ნების გამოხატულებაა. ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება, პირადად ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღოს მის შექმნასა და ჩამოყალიბებაში. კანონი ერთია ყველასათვის - ისიც რომელიც იცავს და ისიც რომელიც სჯის. კანინის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია და ასევე, ყველას თანაბარი უფლება აქვს, უნარისა და შესაძლებლობის შესაბამისად, დაიკავოს ნებისმიერი ადგილი თუ თანამდებობა.


7

არავინ შეიძლება იქნეს მსჯავრდებული, დაკავებული თუ დატუსაღებული, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამასთან აუცილებლად კანონითვე განსაზღვრული წესის დაცვით. ის პირები, ვისაც გამოითხოვენ, გასცემენ, აღასრულებენ ან სხვას აიძულებენ აღასრულონ თვითნებური განკარგულებანი, უნდა დაისაჯონ; მაგრამ თუ მოქალაქეს სასამართლოში იბარებენ ან აპატიმრებენ კანონის შესაბამისად, იგი მოვალეა დაუყოვნებლივ დამორჩილდეს, ხოლო წინააღმდეგობის გამწევი თანამდებია სასჯელისა.


8

კანონი უნდა აწესებდეს მხოლოდ აშკარად უცილობელ სასჯელთა შემოღებას და ასევე, არავინ შეიძლება დასჯილ იქნას მოქმედი კანონის ზუსტად მისადაგების გარეშე; ამასთან, შესაბამისი კანონი ძალაში შესული უნდა იყოსთავად დანაშაულის ჩადენამდე.

9

ყოველი პირი უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ დანაშაული არ იქნება დადასტურებული და გაცხადებული კანონით გათვალისწინებული წესით. თუკი მიზანშეწონილად ჩაითვლება ვინმეს დაკავება და დატუსარება, ამისთვის გამოყენებულ უნდა იქნას ძალისმიერ საშუალებათა მხოლოდ აუცილებელი მინიმუმი.


10

არავინ არ უნდა დაზარალდეს საკუთარი შეხედულებების, თუნდაც რელიგიური მრწამსის გამო, თუკი მისი განცხადება საზოგადოებრივ სწესრიგს არ უქმნის საფრთხეს.

11

ნააზრევისა და შეხედულების შეუზღუდავი ურთიერთგაცვლის უფლება ერთი ყველაზე ძვირფასთაგანია ადამიანის უფლებათა შორის; ყველა მოქალაქეს ნება აქვს ილაპარაკოს, წეროს თუ გამოაქვეყნოს საკუთარი მოსაზრებანი, ოღონდაც კანონით განსაზღვრულ იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რასაც ამგვარი თავისუფლება ანიჭებს მას.


12

ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა უზრუნველლსაყოფად აუცილებელია გარკვეული სამხედრო ან პოლიციური ძალები; შესაბამისად, ეს ძალები უნდა ემსახურებოდნენ საზოგადოებას და არა მათ, ვისაც ისინი უშუალოდ ექვემდებარებიან.


13

პოლიციის შესანახად და ადმინისტრაციული ხარჯების გასაღებად აუცილებელია ფულადი ანარიცხები. ხარჯები უნდა გაინაწილოს ყველა მოქალაქემ ინდივიდუალურ შესაძლებლობათა შესაბამისად.

14

მოქალაქეებს, როგორ პირადად, ასევე მათი წარმომადგენლის მეშვეობით უფლება აქვთ განსაჯონ ამა თუ იმ სახელმწიფო გადასახადის აუცილებლობა. ამის შესაძლებლობა მათთვის უზრუნველყოფილი უნდა იქნას. მოქალაქეებს შეუძლიათ განსაზღვრონ ამ ანარიცხების დანიშნულება, სიდიდე, აკრეფისწესი და ხანგრძლივობა.


15

საზოგადოებას უფლება აქვს ნებისმიერი თანამდებობის პირს მოსთხოვოს ანგარიში მისდამი რწმუნებული უწყებისა თუ დაწესებულების მუშაობის შესახებ.


16

სამოქალაქო საზოგადოება, რომლის უფლებები არაა გარანტირებული და სადაც ძალაუფლება არ განიყოფა, ჩამოყალიბებულად ვერ ჩაითვლება.


17

კერძო საკუთრების უფლება წმინდაა და ხელშეუხებელი; ვერავის ჩამოერთმევა ეს უფლება, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, როცა მსგავსი ქმედება საზოგადოების უსაფრთხოებისათვის მიიჩნევა აუცილებლად; ასეთ დროს სამართლიანი და წინასწარი ანაზღაურების პირობა იმთავითვე უნდა იქნეს დაცული.